თავი 10
ჭეშმარიტების შესახებ ცოდნის მატება
იეჰოვას მოწმეებს არასდროს ჰქონიათ მიზნად ახალი სწავლებების, თაყვანისმცემლობის ახალი ფორმის ან ახალი რელიგიის ჩამოყალიბება. პირიქით, მათი თანამედროვე ისტორია ცხადყოფს, რომ ისინი კეთილსინდისიერად ცდილობენ, მხოლოდ ის ასწავლონ, რაც ღვთის შთაგონებით დაწერილ სიტყვაში, ბიბლიაში წერია. ბიბლია მათი ცხოვრების წესისა და რწმენის საფუძველია. ნაცვლად იმისა, რომ ჩამოაყალიბონ ისეთი სწავლებები, რომლებიც აირეკლავდა თანამედროვე მსოფლიოს შემწყნარებლურ დამოკიდებულებას, ისინი თავიდანვე ცდილობენ, რაც შეიძლება ზუსტად მიჰყვნენ ბიბლიურ სწავლებებს და პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითს.
1870-იანი წლების დასაწყისში ჩარლზ ტეიზ რასელი და მისი თანამოაზრეები გულმოდგინედ შეუდგნენ ბიბლიის გამოკვლევას. მათთვის ცხადი გახდა, რომ ქრისტიანულმა სამყარომ საკმაოდ გადაუხვია პირველი საუკუნის ქრისტიანების მიერ დატოვებული სწავლებებიდან და აღარ მიჰყვებოდა მათ მაგალითს. ძმა რასელი არ აცხადებდა, რომ ეს პირველმა შეამჩნია. ის გულწრფელად მადლიერი იყო მათი, ვინც თავიდან წმინდა წერილების გამოკვლევაში დაეხმარა. ის ძალიან აფასებდა რეფორმაციის პერიოდში სხვადასხვა მიმდინარეობის მიღწევებს, რომელთა დახმარებითაც ჭეშმარიტების სინათლე უფრო მკაფიო გახდა. ძმა რასელმა მოიხსენია ჯონას უენდელი, ჯორჯ სტეტსონი, ჯორჯ სტორზი და ნელსონ ბარბორი, რომლებიც ასაკით მასზე უფროსები იყვნენ და ამა თუ იმ სახით დაეხმარნენ ღვთის სიტყვის უკეთ გაგებაში.a
რასელმა აგრეთვე თქვა: „სხვადასხვა სწავლება, რომლებსაც ჩვენ ვაღიარებთ და რომლებიც ახალი ჩანს, ამა თუ იმ სახით ჩვენამდე უკვე არსებობდა, მაგალითად: არჩევა, წყალობა, აღდგენა, გამართლება, განწმენდა, განდიდება და აღდგომა“. თუმცა ხშირად ხდებოდა, რომ ერთ რელიგიურ ჯგუფს უფრო ნათელი წარმოდგენა ჰქონდა ერთ ბიბლიურ საკითხზე, ხოლო მეორეს — მეორეზე. მაგრამ მათი სწავლებების განვითარებას აფერხებდა ის მოძღვრებები და შეხედულებები, რომლებიც ძველი ბაბილონისა და ეგვიპტის რელიგიებიდან ან ბერძნული ფილოსოფიიდან იღებდა სათავეს.
მაგრამ ღვთის სულის დახმარებით, რომელი ჯგუფი მიჰყვებოდა თანდათანობით „ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს“, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო პირველი ქრისტიანებისთვის? (2 ტიმ. 1:13). ვისზე შეიძლებოდა იმის თქმა, რომ მათი გზა იქნებოდა დილის ნათელივით, „რომელიც უფრო და უფრო კაშკაშა ხდება შუადღის დადგომამდე“? (იგავ. 4:18). ვისზე შესრულდებოდა იესოს სიტყვები: „იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“? ვინ იქნებოდნენ ისინი, ვინც არა მხოლოდ მოწაფეებს მოამზადებდნენ, არამედ ასწავლიდნენ მათ ყველაფრის დაცვას, რაც იესომ ბრძანა? (საქ. 1:8; მათ. 28:19, 20). მოსული იყო ის დრო, როცა უფალი ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომლებიც მან ხორბალს შეადარა, განასხვავებდა ეგრეთ წოდებული ქრისტიანებისგან, რომლებიც სარეველად (ჩვეულებრივ, სარეველა ზრდის პროცესში ძალიან ჰგავს ხორბალს) მოიხსენია? (მათ. 13:24—30, 36—43).b ვინ იქნებოდა „ერთგული და გონიერი მონა“, რომელსაც ბატონი, იესო ქრისტე იმ დროს, როცა სამეფო ძალაუფლებით იქნებოდა მოსული, უფრო მეტ პასუხისმგებლობას მიანდობდა იმ საქმის გასაკეთებლად, რომელიც წინასწარმეტყველების მიხედვით ქვეყნიერების აღსასრულამდე უნდა შესრულებულიყო? (მათ. 24:3, 45—47).
დაე, ანათოს სინათლემ!
იესომ დაავალა თავის მოწაფეებს, რომ მისგან მიღებული ჭეშმარიტების სინათლე სხვებისთვისაც გაეზიარებინათ. „თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე“, — თქვა მან და შემდეგ დასძინა: „თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე“ (მათ. 5:14—16; საქ. 13:47). ჩარლზ რასელი და მისი თანამოაზრეები თავს ვალდებულად თვლიდნენ, რომ იესოს მითითების თანახმად მოქცეულიყვნენ.
ფიქრობდნენ ისინი, რომ ყველა კითხვაზე ჰქონდათ პასუხი და ჭეშმარიტების სინათლეს სრულად ფლობდნენ? ამ კითხვას ძმა რასელმა შემდეგნაირად უპასუხა: «რა თქმა უნდა, არა! და არც გვექნება „შუადღის დადგომამდე“» (იგავ. 4:18). ხშირად, ისინი თავიანთ ბიბლიურ სწავლებებს „არსებულ ჭეშმარიტებად“ იხსენიებდნენ არა იმიტომ, რომ ჭეშმარიტება შეიძლება შეიცვალოს, არამედ იმიტომ, რომ ამ ჭეშმარიტების შესახებ მათი გაგება ღრმავდებოდა.
ბიბლიის ეს გულწრფელი მკვლევარები არასდროს ხუჭავდნენ თვალს იმაზე, რომ რელიგიაში არსებობს ჭეშმარიტების ცნება. ისინი აღიარებდნენ, რომ იეჰოვა „ჭეშმარიტების ღმერთია“, ბიბლია კი — მისი ჭეშმარიტი სიტყვა (ფსალმ. 31:5; იეს. 21:45; იოან. 17:17). მათ ესმოდათ, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, მაგრამ ეს არ უშლიდათ ხელს, რომ ბიბლიიდან ნასწავლის შესახებ დამაჯერებლად ელაპარაკათ. როცა ხედავდნენ, რომ ტრადიციული რელიგიების სწავლებები და წეს-ჩვეულებები ეწინააღმდეგებოდა ღვთის შთაგონებით დაწერილ სიტყვაში ნათლად გადმოცემულ სწავლებებს, ისინი ჰბაძავდნენ იესო ქრისტეს და ამხელდნენ მათ სიცრუეს, მიუხედავად იმისა, რომ სამღვდელოება დასცინოდა და მათდამი სიძულვილს ავლენდა (მათ. 15:3—9).
სხვებისთვის საქადაგებლად და სულიერად გასაძლიერებლად 1879 წლის ივლისიდან ჩარლზ რასელმა დაიწყო ჟურნალ „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მოსვლის მაცნის“ გამოცემა.
ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვაა
ბიბლიისადმი ჩარლზ ტეიზ რასელის ნდობას არ განაპირობებდა გავრცელებული ტრადიციული შეხედულება. პირიქით, იმ დროს ბევრი აკრიტიკებდა ბიბლიას და ეჭვქვეშ აყენებდა ბიბლიის ჩანაწერების სინამდვილეს.
ახალგაზრდა რასელი შეუერთდა კონგრეგაციონალისტებს და აქტიურად ჩაება მათ საქმიანობაში, მაგრამ უსაფუძვლო ტრადიციული დოგმების გამო სკეპტიკოსი გახდა. მან დაინახა, რომ მათ სწავლებებს ბიბლიაც ვერ ხსნიდა დამაკმაყოფილებლად, ამიტომ უარყო ეკლესიის სწავლებებიც და ბიბლიაც. შემდეგ მან დაიწყო აღმოსავლური რელიგიების შესწავლა, თუმცა ამ რელიგიებმაც ვერ გასცეს კითხვებზე პასუხი. ის დაეჭვდა: ხომ არ ამახინჯებდა ბიბლიის სწავლებებს ქრისტიანული სამყარო? ერთ საღამოს ადვენტისტების შეხვედრაზე მოსმენილმა რასელი აღძრა, რეგულარულად შეესწავლა წმინდა წერილები. ის ხედავდა, რომ რასაც სწავლობდა, ღვთის შთაგონებით იყო დაწერილი.
რასელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიბლიის ჰარმონიულობამ და იმან, რომ ბიბლიაში ჩაწერილი შეესაბამებოდა მისი ზეციერი ავტორის პიროვნებას. ეს რომ სხვებსაც გაეგოთ, მან მოგვიანებით დაწერა წიგნი „ღვთის გეგმის განხორციელება საუკუნეების მანძილზე“, რომელიც 1886 წელს გამოსცა. ამ წიგნში მან საფუძვლიანად განიხილა საკითხი: „ბიბლია — ნათელი გონებით დანახული ღვთიური გამოცხადება“. ამ თავის დასასრულს მან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია: „ბიბლიური ცნობის სიღრმე, ძალა, სიბრძნე და მასშტაბი გვარწმუნებს, რომ ბიბლიაში ჩაწერილი გეგმებისა და გამოცხადებების ავტორი ყოვლისშემძლე ღმერთია და არა ადამიანი“.
მთლიანი ბიბლიისადმი, როგორც ღვთის სიტყვისადმი ნდობა კვლავაც რჩება იეჰოვას მოწმეების სწავლებების ქვაკუთხედად. მათ მრავალ ენაზე გამოსცეს ბიბლიის შესწავლაში დამხმარე საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც თითოეულს შეუძლია გამოიკვლიოს, რომ ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული. ეს საკითხი ხშირად განიხილება მათ ჟურნალებში. 1969 წელს მათ გამოსცეს წიგნი „ნამდვილად ღვთის სიტყვაა ბიბლია?“. ოცი წლის შემდეგ გამოცემულ წიგნში „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ ბიბლიის უტყუარობაზე დამატებითი მტკიცებულებები იყო მოყვანილი და იგივე დასკვნა იყო გაკეთებული, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვაა. ამ საკითხთან დაკავშირებით 1963 წელს გამოქვეყნდა კიდევ ერთი წიგნი „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“, რომლის გადამუშავებული ვარიანტიც 1990 წელს გამოვიდა. ბიბლიის უტყუარობაზე დეტალური ინფორმაცია მოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ 1988 წელს გამოცემულ ენციკლოპედიაში სათაურით „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“.
იეჰოვას მოწმეები ამ მასალის პირადად და შეხვედრებზე ერთად შესწავლის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თუმცა ბიბლიის 66 წიგნს დაახლოებით 40 მამაკაცი წერდა 16 საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე, ღმერთი თავისი სულით ხელმძღვანელობდა მის დაწერას. მოციქული პავლე წერდა: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმ. 3:16; 2 პეტ. 1:20, 21). ის, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა, უდიდეს როლს ასრულებს მოწმეების ცხოვრებაში. ამის შესახებ ერთ ბრიტანულ გაზეთში აღნიშნული იყო: „იმ ყველაფერს, რასაც მოწმე აკეთებს, ბიბლიური საფუძველი აქვს. მოწმეების ძირითადი პრინციპი ისაა, რომ ბიბლია . . . ჭეშმარიტებაა“.
ჭეშმარიტი ღვთის გაცნობა
წმინდა წერილების შესწავლისას რასელსა და მის თანამოაზრეებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ იმის გასაგებად, რომ ბიბლიაში აღწერილი ღმერთი ის ღმერთი არ არის, ვისაც ქრისტიანული სამყარო ეთაყვანება. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან იესოს სიტყვების თანახმად, ადამიანებმა მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გაიცნონ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მის მიერ გამოგზავნილი ხსნის მეთაური (იოან. 17:3; ებრ. 2:10). რასელი და მისი თანამოაზრეები, რომლებიც ერთად იკვლევდნენ ბიბლიას, მიხვდნენ, რომ ღვთის სამართლიანობა სრულ ჰარმონიაშია მის სიბრძნესთან, სიყვარულსა და ძალასთან, და ეს თვისებები მის ყველა საქმეში ვლინდება. ღვთის განზრახვების შესახებ ცოდნის საფუძველზე მათ მოამზადეს მასალა, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას. ეს მასალა გამოყენებული იყო იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთ ძველ და ფართოდ გავრცელებულ 162-გვერდიან წიგნში „სულიერი საზრდო მოაზროვნე ქრისტიანებისთვის“, რომელიც პირველად 1881 წლის სექტემბერში „სიონის საგუშაგო კოშკის“ სპეციალურ ნომრად გამოიცა.
ღვთის სიტყვის შესწავლით მათ გაიგეს, რომ შემოქმედს აქვს სახელი და ის შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, გაიცნონ და გაიხარონ მასთან ახლო ურთიერთობით (1 მატ. 28:9; ეს. 55:6; იაკ. 4:8). 1881 წლის ოქტომბერ-ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“ იუწყებოდა: „სახელი იეჰოვა ეკუთვნის მხოლოდ უზენაესს — ჩვენს მამას, რომელსაც იესომ მამა და ღმერთი უწოდა“ (ფსალმ. 83:18; იოან. 20:17).
მომდევნო წელს კითხვაზე „ამტკიცებთ, რომ ბიბლია არ ასწავლის სამპიროვანი ღმერთის შესახებ?“, შემდეგი პასუხი იყო გაცემული: „დიახ. ბიბლია ამბობს, რომ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ერთი ღმერთი და მამა ჰყავს, რომლისგანაც არის ყოველივე (ანუ რომელმაც ყველაფერი შექმნა). ამგვარად, ჩვენ გვწამს ერთი ღვთისა და მამისა, და ერთი უფლისა, იესო ქრისტესი . . . მაგრამ ისინი ერთნი კი არ არიან, არამედ ორნი. ისინი მხოლოდ იმ გაგებით არიან ერთნი, რომ მათ შორის ერთობა სუფევს. ჩვენ აგრეთვე ღვთის წმინდა სულის გვწამს . . . მაგრამ ის არ არის პიროვნება ისევე, როგორც პიროვნება არ არის ბოროტების სული, ქვეყნიერების სული და ანტიქრისტეს სული“ (1882 წლის ივნისის „სიონის საგუშაგო კოშკი“; იოან. 17:20—22).
ღვთის სახელის მეტად დაფასება
თანდათანობით ბიბლიის მკვლევარებმა დაინახეს, რომ წმინდა წერილები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ღვთის სახელს. ეს სახელი თითქმის გაქრა „დუეის ბიბლიის“ კათოლიკური და „მეფე ჯეიმზის ბიბლიის“ პროტესტანტული თარგმანებიდან, რომლებიც ინგლისურად იყო შესრულებული, ისევე როგორც XX საუკუნეში სხვადასხვა ენაზე გაკეთებული ბევრი თარგმანიდან. თუმცა არაერთი თარგმანი და ბიბლიის ნაშრომი იმაზე მიუთითებდა, რომ სახელი „იეჰოვა“ ბიბლიის ორიგინალში რამდენიმე ათასჯერ გამოიყენებოდა — უფრო ხშირად, ვიდრე ნებისმიერი სახელი და ისეთი ტიტულების საერთო რაოდენობა, როგორიცაა „ღმერთი“ და „უფალი“. ბიბლიის მკვლევარებმა, როგორც მისი სახელისთვის გამოყოფილმა ხალხმა, უფრო მეტად დააფასეს ამ სახელის მნიშვნელობა (საქ. 15:14). 1926 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ მათ დაწერეს იმ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რომლის წინაშეც თითოეული ადამიანი დადგებოდა: „ვინ განადიდებს იეჰოვას?“.
ღვთის სახელზე აქცენტის გაკეთება მხოლოდ რელიგიური საკითხი არ იყო. 1929 წელს გამოცემულ წიგნ „წინასწარმეტყველებაში“ ახსნილი იყო, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ყველა გონიერ ქმნილებას ეხებოდა, დაკავშირებული იყო იეჰოვა ღმერთის სახელთან და სიტყვასთან. იეჰოვას მოწმეები ბიბლიის საფუძველზე აცხადებენ, რომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ღვთის სახელი და წმინდად მიიჩნევდეს მას (მათ. 6:9; ეზეკ. 39:7). მისი სახელი უნდა განიწმინდოს იმ შეურაცხყოფისგან, რომელიც მიაყენეს არა მხოლოდ მათ, ვინც აშკარად დაუპირისპირდა იეჰოვას, არამედ მათაც, ვინც არასწორ შუქში წარმოადგინა ის თავიანთი სწავლებებითა და საქციელით (ეზეკ. 38:23; რომ. 2:24). წმინდა წერილებზე დაყრდნობით იეჰოვას მოწმეები აცნობიერებენ, რომ დედამიწისა და მასზე მცხოვრები ხალხის კეთილდღეობა იეჰოვას სახელის განწმენდაზეა დამოკიდებული.
მათ ესმით, რომ სანამ იეჰოვა ბოროტ ადამიანებს გაანადგურებს, მის მოწმეებს აკისრიათ საპატიო ვალდებულება, სხვებს მის შესახებ ჭეშმარიტება გააგებინონ. იეჰოვას მოწმეები სწორედ ასე იქცევიან მთელ მსოფლიოში. ისინი იმდენად გულმოდგინედ ასრულებენ ამ საქმეს, რომ თუ ვინმე სადმე იეჰოვას სახელს ახსენებს, ხალხი მაშინვე ფიქრობს, რომ ის იეჰოვას მოწმეა.
სამების სწავლების მხილება
ჩარლზ რასელსა და მის თანამოაზრეებს, როგორც იეჰოვას მოწმეებს, ნათლად ესმოდათ თავიანთი პასუხისმგებლობა, ემხილებინათ ღვთის შეურაცხმყოფელი სწავლებები და დახმარებოდნენ ჭეშმარიტების მოყვარულთ იმის გაცნობიერებაში, რომ ეს სწავლებები ბიბლიაზე არ იყო დაფუძნებული. ისინი არ იყვნენ პირველები, ვინც აცხადებდა, რომ სამების სწავლება არაბიბლიური იყო,c თუმცა მათ ესმოდათ, რომ ღვთისადმი ერთგულად მსახურება ამ საკითხის შესახებ ჭეშმარიტების სხვებისთვის გაზიარებას მოითხოვდა. ამიტომ ჭეშმარიტების მოყვარულთა საკეთილდღეოდ ბიბლიის მკვლევარებმა დაიწყეს ქრისტიანული სამყაროს სწავლებების მხილება, რომლებიც სათავეს წარმართული რელიგიებიდან იღებდა.
1882 წლის ივნისის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „მრავალი წარმართი ფილოსოფოსი მიხვდა, რომ გონივრული იქნებოდა, თუ შეუერთდებოდა აღმავლობის გზაზე მდგარ რელიგიას [განდგომილ ქრისტიანობას, რომელსაც ახ. წ. მეოთხე საუკუნეში რომის იმპერატორები იწონებდნენ]. მათ დაიწყეს მისკენ გზის გაკაფვა და ცდილობდნენ ქრისტიანულ და წარმართულ რელიგიებს შორის საერთო ეპოვათ და, ამგვარად, გაეერთიანებინათ ეს ორი რელიგია. მათ საწადელს მიაღწიეს . . . რამდენადაც ძველი სწავლებების თანახმად, არსებობდა რამდენიმე მთავარი ღვთაება და ორივე სქესის ნახევარღვთაებები, წარმართქრისტიანებმა (თუ შესაძლებელია ამ ორი სიტყვის გაერთიანება) გადაწყვიტეს, განეახლებინათ ძველი ღვთაებების სია, რათა თავიანთი ახალი სწავლებისთვის მოერგოთ. სწორედ იმ დროს შეიქმნა დოგმატი სამი ღმერთის — მამა ღმერთის, ძე ღმერთისა და სულიწმინდა ღმერთის შესახებ“.
ზოგიერთი მღვდელი ცდილობდა, სამების სწავლებისთვის ბიბლიური საფუძველი მოეძებნა, რისთვისაც 1 იოანეს 5:7-ს ციტირებდა (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ძმა რასელს მოჰყავდა თავად სწავლულებისთვისაც კარგად ცნობილი არგუმენტები, რომ ამ მუხლის ნაწილი ჩამატებული იყო იმ გადამწერის მიერ, ვინც ემხრობოდა სწავლებას, რომელსაც ბიბლიური საფუძველი არ გააჩნდა. სხვა აპოლოგეტებს სამების დოგმატის დასამტკიცებლად მოჰყავდათ იოანეს 1:1, მაგრამ „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო, რომ ამ მუხლის არც შინაარსი და არც კონტექსტი არანაირად არ უჭერდა მხარს სამების დოგმატს. ამასთან დაკავშირებით 1883 წლის ივლისის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „თუ ხალხი ეკლესიის საგალობლებზე მეტად ბიბლიას შეისწავლის, ეს საკითხი ყველასთვის ნათელი გახდება. სამების დოგმატი სავსებით ეწინააღმდეგება ბიბლიას“.
ძმა რასელი ღიად საუბრობდა იმაზე, თუ რამხელა უგუნურებაა, ადამიანი აცხადებდეს, რომ სწამს ბიბლიის და, ამავე დროს, ასწავლიდეს სამების დოგმატს, რომელიც ეწინააღმდეგება ბიბლიას. რასელი წერდა: „როგორ გაურკვევლობასა და დაბნეულობაში არიან ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ იესო და მამა ერთი ღმერთია! თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი უფალი იესო თვალთმაქცობდა, როცა დედამიწაზე ყოფნისას ლოცვით მიმართავდა ღმერთს, რომელიც თვითონ იყო . . . და კიდევ, მამა უკვდავია, ამიტომ ის ვერ მოკვდებოდა. მაშ, როგორ მოკვდა იესო?! და თუ იესო არ მომკვდარა, მაშინ ყველა მოციქული ცრუმოწმე გამოდის, რადგან ისინი იესოს სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომაზე აუწყებდნენ. მაგრამ წმინდა წერილები გვეუბნება, რომ იესო მოკვდა“.d
ამგვარად, იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი თანამედროვე ისტორიის ადრეულ ეტაპზევე აღიარეს ბიბლიაში ჩაწერილი გონივრული სწავლება და გადაჭრით უარყვეს სამების ეკლესიური დოგმატი.e მათმა საქმიანობამ დიდ მასშტაბებს მიაღწია, რათა ამ საკითხების შესახებ ხალხს ჭეშმარიტება ყველგან გაეგო. მსგავსი რამ არც ერთ ადამიანსა და არც ერთ ჯგუფს არ გაუკეთებია.
რა მდგომარეობაში არიან მკვდრები?
ჩარლზ რასელს ახალგაზრდობიდანვე აწუხებდა იმ ადამიანების მომავალი, ვინც უგულებელყოფდა ღვთისგან ბოძებულ ხსნის შესაძლებლობას. ბავშვობაში მას სწამდა ჯოჯოხეთის არსებობის, რასაც მღვდლები ქადაგებდნენ. რასელი ფიქრობდა, რომ ისინი ღვთის სიტყვას ასწავლიდნენ. ღამღამობით ის ადვილად გამოსაჩენ ადგილებში ცარცით წერდა ბიბლიურ მუხლებს, რათა გამვლელებს წაეკითხათ და ზომები მიეღოთ მარადიული ტანჯვისგან თავის დასაღწევად.
მოგვიანებით რასელის ერთმა თანამოაზრემ გაიხსენა რასელის სიტყვები, როცა მან გაიგო, რას ასწავლიდა ბიბლია სინამდვილეში: „თუ ბიბლია ასწავლის, რომ წმინდების გარდა ყველა ადამიანის ხვედრი მარადიული ტანჯვაა, მაშინ ამის შესახებ ყველას უნდა ექადაგოს ყოველკვირა, ყოველდღე, ყოველ საათს. ხოლო თუ ბიბლია ამას არ ასწავლის, ესეც ყველამ უნდა გაიგოს და ღვთის სახელი უნდა განიწმინდოს იმ შეურაცხყოფისგან, რომელიც ამ სწავლებამ მიაყენა“.
ბიბლიის გამოკვლევის დაწყებიდან მალევე რასელმა ნათლად დაინახა, რომ ჯოჯოხეთი არ იყო ის ადგილი, სადაც სხეულის სიკვდილის შემდეგ სულები იტანჯებოდნენ. ამის გაგებაში მას, როგორც ჩანს, ძალიან დაეხმარა ჟურნალ „ბიბლიის მკვლევარის“ რედაქტორი ჯორჯ სტორზი. ძმა რასელი თავის ნაწერებში ყოველთვის დიდი მადლიერებით იხსენიებდა ჯორჯ სტორზს, რომელიც ბევრს წერდა იმის შესახებ, რაც ბიბლიიდან გაიგო მკვდრების მდგომარეობაზე.
მაშ, რის თქმა შეგვიძლია სულზე? უჭერდნენ მხარს ბიბლიის მკვლევარები იმ შეხედულებას, რომ სული არის ადამიანის ნაწილი, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ განაგრძობს ცხოვრებას? ცხადია, არა! 1903 წლის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: «მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ადამიანს არა აქვს სული, არამედ თავად არის სული, ანუ ცოცხალი არსება. მოვიყვანოთ მაგალითი: ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, შედგება ჟანგბადისა და აზოტისგან, რომელთაგანაც არც ერთი არ არის ატმოსფერო, ანუ ჰაერი. მაგრამ მათი გარკვეული პროპორციების ქიმიური ნაერთი წარმოშობს ჰაერს. იმავეს თქმა შეიძლება სულზე. ღმერთი თითოეულს ისე მოგვმართავს, როგორც ერთ მთლიან არსებას, სულს. ის არ მიმართავს არც ჩვენს სხეულს და არც სუნთქვას, არამედ მოგვმართავს ჩვენ, როგორც გონიერ არსებებს, ანუ სულებს. როდესაც ადამს კანონის დარღვევის შემთხვევაში სასჯელის შესახებ აფრთხილებდა, ღმერთს არ მიუმართავს მისი სხეულისთვის, არამედ მან მიმართა ადამიანს, სულს, გონიერ ქმნილებას: „რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“. აგრეთვე მან თქვა: „სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“ (დაბ. 2:17; ეზეკ. 18:20)». ეს შეესაბამებოდა იმას, რასაც ბიბლიის მკვლევარები ჯერ კიდევ 1881 წლის აპრილის „საგუშაგო კოშკში“ ამბობდნენ.f
მაშ, როგორ განვითარდა სწავლება სულის უკვდავების შესახებ? ვინ ჩაუყარა საფუძველი ამ სწავლებას? ბიბლიისა და რელიგიის ისტორიის გულდასმით შესწავლის შემდეგ ძმა რასელმა 1894 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ დაწერა: „აშკარაა, რომ ეს სწავლება ბიბლიიდან არ მოდის . . . ბიბლია გარკვევით ამბობს, რომ ადამიანის სიკვდილი შესაძლებელია, რადგან ის მოკვდავია . . . თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ თუმცა ღვთის მოწმეები არ ასწავლიდნენ სულის უკვდავებას, ეს სწავლება ყველა რელიგიის არსი იყო . . . ამიტომ არასწორია აზრი, რომ ამას პირველად სოკრატე და პლატონი ასწავლიდნენ. სულის უკვდავებას უფრო ადრე სხვა ასწავლიდა, რომელსაც მათზე მეტი ძალა და უნარი ჰქონდა . . . ამ ცრუ სწავლების შესახებ პირველი ჩანაწერი კაცობრიობის ისტორიის უძველეს წიგნში, ბიბლიაშია გაკეთებული. ეს ცრუ მასწავლებელი სატანა იყო“.g
ჯოჯოხეთის ცეცხლის „ჩაქრობა“
ძმა რასელს მთელი გულით უნდოდა, რომ ღვთის სახელი განწმენდილიყო იმ შეურაცხყოფისგან, რომელიც მას ჯოჯოხეთის ცეცხლისა და მარადიული სატანჯველის შესახებ სწავლებამ მიაყენა. ამიტომ მან გამოსცა ტრაქტატი სათაურით „ასწავლის წმინდა წერილები, რომ მარადიული სატანჯველი ცოდვის საზღაურია?“ (The Old Theology, 1889).
ტრაქტატში რასელი წერდა: „მარადიული ტანჯვის სწავლება დასაბამს წარმართული რელიგიებიდან იღებს, თუმცა თავიდან ეს სწავლება ისეთი სასტიკი არ იყო, როგორიც მოგვიანებით, ახ. წ. მეორე საუკუნეში გახდა. ამ დროს წარმართული ფილოსოფიით გაჯერებული ეს სწავლება თანდათანობით შეიჭრა ეგრეთ წოდებულ ქრისტიანობაში. დიდი განდგომილების დროს წარმართულ ფილოსოფიას შემზარავი დეტალები დაემატა და დღეს ის ბევრს სწამს, ამიტომ ისინი გვხვდება ევროპის ეკლესიების კედლებზე, რელიგიურ სიმბოლოებსა და ჰიმნებში. ამგვარად, ამ სწავლების მხარდამჭერებმა ღვთის სიტყვა დაამახინჯეს, რათა შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს ამ ღვთის შეურაცხმყოფელ სწავლებებს ღმერთი იწონებდა. შედეგად, ეს მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენს გულუბრყვილო თანამედროვეებს გადმოეცათ, არის არა უფლისგან, მოციქულებისგან ან წინასწარმეტყველებისგან, არამედ იმ სულისგან, რომელმაც დათმო ჭეშმარიტება და საღი აზრი და უსირცხვილოდ დაამახინჯა ქრისტიანული სწავლებები თავისი ამბიციებით, ძალაუფლებისა და სიმდიდრისადმი სწრაფვით და მიმდევრების მოზიდვის მიზნით. ძველ დროში მცხოვრები პატრიარქებისთვის, იუდეველი წინასწარმეტყველებისთვის, უფლისა და მოციქულებისთვის მარადიული ტანჯვის ცნება, როგორც ცოდვის სასჯელი, უცნობი იყო. მაგრამ დიდი განდგომილების შემდეგ ეგრეთ წოდებული ქრისტიანებისთვის ეს მთავარ სწავლებად იქცა. მისი მეშვეობით თავიანთ ტირანიას ადვილად უმორჩილებდნენ ამ ქვეყნიერების გულუბრყვილო, უმეცარ და ცრუმორწმუნე საზოგადოებას. მარადიული სატანჯველი ემუქრებოდა ყველას, ვინც შეეწინააღმდეგებოდა რომის ეკლესიას ან მის ძალაუფლებას არ აღიარებდა. ასეთი ადამიანის ტანჯვა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში იწყებოდა, რადგან რომის ეკლესიას დიდი გავლენა ჰქონდა“.
ძმა რასელმა კარგად იცოდა, რომ მოაზროვნე ადამიანების უმეტესობას ჯოჯოხეთის არსებობის არ სწამდა. მაგრამ 1896 წელს გამოცემულ ბროშურაში სათაურით „რას ამბობს წმინდა წერილები ჯოჯოხეთზე?“ ასეთი ადამიანების შესახებ მან დაწერა: „რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ამას ბიბლია ასწავლის, წინ გადადგმული მათი ყოველი ნაბიჯი, რომ მეტი ცოდნა შეიძინონ და ძმურ სიყვარულში გაიზარდონ . . . უმეტესწილად, უფრო აშორებთ ღვთის სიტყვას, რომელსაც შეცდომით ასეთ სწავლებაში ადანაშაულებენ“.
ხალხის ყურადღება კვლავაც ღვთის სიტყვაზე რომ გადაეტანა, რასელმა ზემოხსენებულ ბროშურაში ბიბლიის „მეფე ჯეიმზის თარგმანიდან“ მოიყვანა ყველა მუხლი, რომელშიც ნახსენები იყო სიტყვა ჯოჯოხეთი, რათა მკითხველს თავად დაენახა, თუ რას ამბობდა ბიბლია ამის შესახებ. ის წერდა: «მადლობა ღმერთს, რომ ბიბლიაში არსად არის საუბარი მარადიული სატანჯველის ადგილზე, რომელსაც ვხვდებით სხვადასხვა რელიგიაში თუ ეკლესიურ საგალობლებში და რასაც არასწორად ასწავლის მრავალი მქადაგებელი. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ „ჯოჯოხეთი“ — „შეოლი“ და „ჰადესი“ — არის ადგილი, სადაც ადამის ცოდვის გამო ყველა ადამიანი ხვდება და საიდანაც უფლის სიკვდილი გვათავისუფლებს. „ჯოჯოხეთი“ არის სამარხი, სიკვდილის მდგომარეობა. ბიბლიაში ვხვდებით სხვა „ჯოჯოხეთსაც“ (გეენა — მეორე სიკვდილი, სრული განადგურება), რომელიც საბოლოო სასჯელია მათთვის, ვინც გამოსყიდვისა და ჭეშმარიტების შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ ხელიდან უშვებს მორჩილების შესაძლებლობას და ღვთის კანონებისა და სამართლიანობის უგულებელყოფით ირჩევს სიკვდილს. ჩვენ მთელი გულით ვეთანხმებით ამ აზრს და ვამბობთ: ამინ! მართალი და ჭეშმარიტია შენი გზები, ხალხთა მეფეო. ვის არ შეეშინდება შენი, უფალო, და ვინ არ ადიდებს შენს სახელს? მხოლოდ შენა ხარ ყოვლად წმინდა. ყველა ხალხი თაყვანსაცემად მოვა შენ წინაშე, რადგან ცხადი გახდა შენი სამართალი» (გამოცხ. 15:3, 4).
რასელის სწავლებამ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების სამღვდელოების გაღიზიანება გამოიწვია და ისინი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 1903 წელს რასელი სახალხო დებატებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ერთ-ერთი საკითხი სწორედ მკვდრების მდგომარეობას ეხებოდა. დებატები გაიმართა რასელსა და დოქტორ იტონს შორის, რომელიც პროტესტანტული ეკლესიის მსახურთა არაოფიციალური კავშირის წარმომადგენელი იყო პენსილვანიის შტატის დასავლეთ ნაწილში.
დებატების დროს ძმა რასელი მტკიცედ იდგა აზრზე, რომ „სიკვდილი არის სიკვდილი და როცა ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები გვტოვებენ, ისინი კვდებიან — არ განაგრძობენ ცხოვრებას არც ანგელოზებთან და არც დემონებთან მარადიულ სატანჯველში“. ამის მხარდასაჭერად მან მოიყვანა ბიბლიური მუხლები: ეკლესიასტეს 9:5, 10, რომაელების 5:12; 6:23 და დაბადების 2:17. რასელმა აგრეთვე თქვა: „ეს მუხლები სრულად შეესაბამება იმას, რასაც თქვენ, მე და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა ვფიქრობდეთ ღვთის პიროვნებისა და მისი თვისებების შესახებ. რა ვიცით ზეციერ მამაზე? ის არის სამართლიანი, ბრძენი, მოსიყვარულე და ძლევამოსილი. ყველა ქრისტიანი დაეთანხმება ამ აზრს. და თუ ეს ასეა, განა შეიძლება იმის თქმა, რომ სამართლიანი ღმერთი თავის ქმნილებას მარადიულად ტანჯავს მიუხედავად მისი ცოდვების სიმძიმისა? მე არ ვამართლებ ცოდვას; არ ვცხოვრობ ცოდვაში და არც ცოდვას ვქადაგებ . . . მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აქ შეკრებილთაგან ყველას — რომელთა შესახებაც ძმა იტონი ამბობს, რომ შეურაცხყოფენ ღვთისა და იესო ქრისტეს წმინდა სახელს — მარადიული სატანჯველის შესახებ სწავლება შთააგონეს, ისევე როგორც ყველა მკვლელს, ქურდსა თუ ბოროტმოქმედს, რომლებიც გამოსასწორებელ დაწესებულებებში არიან . . . ეს სწავლებები ბოროტებაა, რომლებიც დიდი ხანია ტკივილს აყენებს ქვეყნიერებას. ჩვენს უფალს მსგავსი არაფერი უსწავლებია. ჩვენი ძვირფასი ძმის, იტონის სულიერ ხედვას ჯერ კიდევ არ მოსცილებია შუა საუკუნეების სიბნელე“.
როგორც ცნობილია, დებატების შემდეგ ერთი მღვდელი მივიდა რასელთან და უთხრა: „მიხარია, რომ ჯოჯოხეთს შლანგი მიუშვირეთ და ცეცხლი ჩააქრეთ!“.
მკვდრების მდგომარეობის შესახებ სიმართლე უფრო მეტ ადამიანს რომ გაეგო, ძმა რასელმა 1905—1907 წლებში დაგეგმა ერთდღიანი კონგრესები, რომლებზეც წარმოთქვა მოხსენება „ჯოჯოხეთისკენ და უკან ჯოჯოხეთიდან! ვინ არიან იქ? დაბრუნების იმედი მრავალთათვის“. სათაური იმდენად დიდ ინტერესს იწვევდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის დიდ თუ პატარა ქალაქებში მოხსენების მოსასმენად დარბაზები ხალხით ივსებოდა.
ერთ-ერთი მათგანი, ვისზეც ძალიან იმოქმედა მკვდრების მდგომარეობის შესახებ ბიბლიიდან სიმართლის გაგებამ, იყო ცინცინატის (ოჰაიოს შტატი) უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც პრესვიტერიანული ეკლესიის მსახური უნდა გამხდარიყო. 1913 წელს მან თავისი ძმისგან მიიღო ბროშურა „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“, რომელიც დაწერა შოტლანდიელმა ექიმმა და ბიბლიის მკვლევარმა, ჯონ ედგარმა. სტუდენტი, რომელმაც ეს ბროშურა მიიღო, იყო ფრედერიკ ფრენცი. მან ყურადღებით წაიკითხა ის და თქვა: „ეს ჭეშმარიტებაა“. ფრენცმა უყოყმანოდ შეცვალა თავისი მიზნები და სრული დროით მქადაგებლად, წიგნების დამტარებლად დაიწყო მსახურება. 1920 წელს ის საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მთავარ სამმართველოში მიიწვიეს. მრავალი წლის შემდეგ ის იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა, მოგვიანებით კი — ორგანიზაციის პრეზიდენტი.
იესო ქრისტეს გამოსასყიდი
1872 წელს წმინდა წერილების კვლევისას რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა ხელახლა გადახედეს ყველაფრის აღდგენის საკითხს იესო ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე (საქ. 3:21). რასელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ებრაელების 2:9-დან იმის გაგებამ, რომ ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით იესომ სიკვდილი იგემა ყველას გულისთვის. მას ამ სიტყვებიდან არ დაუსკვნია, რომ შესაძლებელია საყოველთაო ხსნა, რადგან ბიბლიიდან იცოდა, რომ გადასარჩენად ადამიანმა იესო ქრისტესადმი რწმენა უნდა გამოავლინოს (საქ. 4:12; 16:31). მაგრამ თანდათანობით მან გაიგო, თუ რა შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევდა კაცობრიობას იესოს გამოსასყიდი. იესოს მსხვერპლის საფუძველზე შესაძლებელია ადამიანებისთვის მარადიული სიცოცხლისა და სრულყოფილების დაბრუნება, რაც ადამმა დაკარგა. ძმა რასელი არ დასჯერდა ცოდნას. როცა დაინახა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა გამოსასყიდს, აქტიურად დაიწყო მისი დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მეგობრებმა უფლება მისცეს ფილოსოფიურ შეხედულებებს, მათთვის აზროვნება დაემახინჯებინა.
1876 წლიდან დაახლოებით წელიწად-ნახევრის მანძილზე ძმა რასელი ჟურნალ „დილის მაცნის“ მთავარი რედაქტორის, ნელსონ ბარბორის მოადგილე იყო. მაგრამ, როდესაც 1878 წლის აგვისტოს ნომერში ბარბორმა ფასი დაუკარგა ბიბლიის სწავლებას გამოსასყიდზე, რასელმა მტკიცედ დაიცვა ეს ბიბლიური ჭეშმარიტება.
სტატიაში, სათაურით „გამოსყიდვა“, ბარბორმა მოიყვანა შედარება, თუ რას ფიქრობდა ამ სწავლებაზე: „ჩემს შვილს ან მსახურს ვეუბნები: თუ ჯეიმზი რაიმეს ატკენს თავის დას, დაიჭირე ბუზი, ქინძისთავით მიამაგრე კედელზე და მეც ვაპატიებ ჯეიმზს. ასე შეიძლება აღვწეროთ ჩანაცვლების შესახებ სწავლება“. მართალია, ბარბორი აცხადებდა, რომ სწამდა გამოსყიდვის, მაგრამ ის „არაბიბლიურად და სამართლიანობაზე ადამიანების შეხედულების შეურაცხყოფად“ მიიჩნევდა აზრს, რომ ქრისტემ თავისი სიკვდილით ადამის ცოდვილი შთამომავლების სასჯელი იტვირთა.h
„დილის მაცნის“ მომდევნო ნომერში (1878 წლის სექტემბერი) ძმა რასელმა მტკიცედ გამოხატა თავისი პოზიცია, რომ არ ეთანხმებოდა ბარბორის აზრს. მან ახსნა, რომ რასაც ბიბლია ამბობდა გამოსასყიდის შესახებ, სრულიად შეესაბამებოდა ღვთის „სრულყოფილ სამართლიანობას და ეს მისი დიდი გულმოწყალებისა და სიყვარულის გამოხატულება იყო“ (1 კორ. 15:3; 2 კორ. 5:18, 19; 1 პეტ. 2:24; 3:18; 1 იოან. 2:2). ბარბორისთვის ამ საკითხებში ბიბლიური თვალსაზრისის დანახვების არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ რასელმა მომდევნო წლის გაზაფხულზე ჟურნალ „დილის მაცნეს“ ფინანსური მხარდაჭერა შეუწყვიტა. 1879 წლის ივნისის ნომრიდან დაწყებული რასელი მეტად აღარ მოიხსენიებოდა „მაცნის“ რედაქტორის მოადგილედ. ბიბლიის ამ მთავარ სწავლებასთან დაკავშირებით რასელის შეუვალმა და უკომპრომისო პოზიციამ მომავალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
იეჰოვას მოწმეები თავიანთი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში მტკიცედ იცავენ გამოსასყიდის შესახებ ბიბლიურ სწავლებას. „სიონის საგუშაგო კოშკის“ პირველივე ნომერში (1879 წლის ივლისი) გამოკვეთილი იყო აზრი, რომ „ჩვენ ვალში ვართ ღვთის წინაშე . . . ქრისტეს სრულყოფილი გამოსასყიდისთვის“. 1919 წელს სიდარ-პოინტში (ოჰაიოს შტატი) ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული კონგრესის პროგრამებზე დიდი ასოებით ეწერა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ვისაც გწამთ დიდებული გამოსასყიდის!“. „საგუშაგო კოშკი“ დღესაც ამახვილებს ყურადღებას გამოსასყიდის მნიშვნელობაზე. მეორე გვერდზე, სადაც ჟურნალის გამოცემის მიზანია ახსნილი, ნათქვამია: „ჟურნალი რწმენას გვიღვივებს იესო ქრისტეს მიმართ, რომელმაც საკუთარი თავის შეწირვით მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცა, და რომელიც ახლა ღვთის სამეფოს მეფეა“.
დოგმატების უარყოფა და ცოდნაში ზრდა
ღვთის სიტყვის ზუსტად გაგება უეცრად არ მომხდარა. უმეტეს შემთხვევაში ბიბლიის მკვლევარები ჭეშმარიტების ნიმუშის ამა თუ იმ მხარეს წვდებოდნენ, მაგრამ სრულ სურათს ჯერ ვერ ხედავდნენ. ისინი მზად იყვნენ, მეტი ესწავლათ, თუმცა დოგმატებს არ ეჭიდებოდნენ და საფუძვლიან ცოდნაში იზრდებოდნენ. ბიბლიის მკვლევარები ნასწავლს სხვებს უზიარებდნენ და არ აცხადებდნენ, რომ ეს მათი სწავლებები იყო, არამედ ცდილობდნენ, იეჰოვას მიერ ყოფილიყვნენ განსწავლულები (იოან. 6:45). მათ დაინახეს, რომ იეჰოვა თანდათანობით ამჟღავნებს თავის განზრახვებს მისთვის სასურველ დროს და მისთვის სასურველი სახით (დან. 12:9; შეადარეთ იოანეს 16:12, 13).
ახლის სწავლა თვალსაზრისის შეცვლას მოითხოვს. შეცდომების აღიარებისა და გამოსწორებისთვის თავმდაბლობაა საჭირო. ეს თვისება და ნაყოფი, რაც თავმდაბლობის გამოვლენას მოჰყვება, იეჰოვას მოსწონს და, ამავე დროს, ჭეშმარიტების მოყვარულებს იზიდავს (სოფ. 3:12). თუმცა ეს სასაცილოდ არ ჰყოფნით მათ, ვინც არასრულყოფილი ადამიანების მიერ დადგენილ, საუკუნეების მანძილზე უცვლელ დოგმატებს იცავენ.
როგორ დაბრუნდება უფალი?
1870-იანი წლების შუა პერიოდში ძმა რასელი და მისი თანამოაზრეები წმინდა წერილების გულმოდგინედ შესწავლის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უფალი ადამიანისთვის უხილავად დაბრუნდებოდა (იოან. 14:3, 19).
მოგვიანებით ძმა რასელი წერდა: «ძალიან გვტკენდა გულს ადვენტისტების მცდარი შეხედულება, რომ ქრისტე ხორციელად დაბრუნდებოდა და ადვენტისტების გარდა ყველასა და ყველაფერს 1873 ან 1874 წელს ცეცხლით გაანადგურებდა. მათ მიერ დადგენილმა დროებმა, იმედგაცრუებამ და გაუაზრებელმა იდეებმა, ძირითადად, იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის და როგორ მოვიდოდა უფალი, მეტ-ნაკლებად შეურაცხყოფილად გვაგრძნობინა თავი ყველას, ვინც ვაუწყებთ სამეფოს შესახებ და მის დამყარებას მთელი გულით ველით. მათმა არასწორმა შეხედულებებმა, თუ რა მიზნით და როგორ დაბრუნდებოდა უფალი, აღმძრა, დამეწერა ბროშურა „უფლის მეორედ მოსვლა — რისთვის და როგორ?“». ეს ბროშურა 1877 წელს გამოიცა და დაახლოებით 50 000 ეგზემპლარი გავრცელდა.
ბროშურაში რასელი წერდა: „ჩვენ გვჯერა ის, რასაც ბიბლიური მუხლები ასწავლის, რომ უფალი უხილავად დაბრუნდება და გარკვეული პერიოდი უხილავი იქნება; შემდეგ ყველა გაიგებს, რომ ის მოსული იქნება, რასაც უფალი გასამართლებითა თუ სხვა ფორმით აშკარას გახდის. ამ გაგებით მას ყველა თვალი დაინახავს“. ამ აზრის მხარდასაჭერად რასელმა მოიყვანა ისეთი ბიბლიური მუხლები, როგორიცაა საქმეების 1:11 („ის ისევე მოვა, როგორც ცაში ამავალი იხილეთ“, ანუ ქვეყნიერებისთვის უხილავად) და იოანეს 14:19 („ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს“). რასელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ინგლისურ ენაზე გაკეთებულ სტრიქონობრივ თარგმანში, „ემფატიკ დიაგლოტში“, რომლის სრული გამოცემაც 1864 წელს გამოქვეყნდა, ბერძნული სიტყვა პარუსია ნიშნავს „იმ დროს, როცა მოსული იქნება“. იმის გამოკვლევის შემდეგ, თუ როგორ გამოიყენება ეს ტერმინი ბიბლიაში, რასელმა თავის ბროშურაში დაწერა: „ბერძნული სიტყვა პარუსია, რომელიც მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით გამოიყენება და ხშირად მოსვლად ითარგმნება, ყოველთვის მიუთითებს მასზე, ვინც პირადად იქნებოდა მოსული, ანუ მასზე, ვინც უკვე მოვიდა. ეს სიტყვა არასოდეს მიუთითებს მოსვლის პროცესზე, რომ ვინც მოდის, ის ჯერ კიდევ გზაშია, სიტყვა მოსვლა კი სწორედ ამაზე მიუთითებს“.
როცა რასელი ხსნიდა იესოს დაბრუნების მიზანს, მან გარკვევით თქვა, რომ ის მომენტალურად არ გაანადგურებდა ქვეყნიერებას. „მეორედ მოსვლა, ისევე როგორც პირველი, — წერდა რასელი, — მოიცავს დროის გარკვეულ პერიოდს და არა წამიერ მოვლენას“. რასელმა დაწერა, რომ იმ პერიოდში „მცირე სამწყსო“ მიიღებდა თავის ჯილდოს, როგორც უფლის სამეფოს მემკვიდრეები; სხვებს კი, შესაძლოა მილიარდებს, სამოთხედქცეულ დედამიწაზე სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემოდა (ლუკ. 12:32).
გულმოდგინე კვლევის შედეგად, რამდენიმე წელიწადში რასელი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ქრისტე არა მხოლოდ უხილავად დაბრუნდებოდა, არამედ უხილავი დარჩებოდა მაშინაც კი, როცა ბოროტი ქვეყნიერების გასამართლებით აშკარას გახდიდა, რომ მოსული იყო.
1876 წელს, როცა რასელმა პირველად წაიკითხა ჟურნალი „დილის მაცნე“, მან იმ ჯგუფის არსებობის შესახებ შეიტყო, რომელსაც სწამდა, რომ ქრისტე უხილავად დაბრუნდებოდა და დედამიწაზე მცხოვრებ ოჯახებს კურთხევებს მოუტანდა. ამ ჟურნალის რედაქტორისგან, მისტერ ბარბორისგან რასელმა გაიგო, რომ ის დრო, როცა ქრისტე უხილავად მოსული იქნებოდა, 1874 წელს დაიწყო.i მოგვიანებით ამ აზრის ხაზგასასმელად „სიონის საგუშაგო კოშკის“ გარეკანზე ასეთი სათაურიც კი გამოჩნდა: „ქრისტეს მოსვლის მაცნე“.
მას შემდეგ, რაც ბიბლიის მკვლევარები მიხვდნენ, რომ ქრისტე უხილავად დაბრუნდებოდა, ეს ბიბლიის სხვა მრავალი წინასწარმეტყველების ახსნას დაედო საფუძვლად. მათ ესმოდათ, რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის უმთავრესი საფიქრალი უფლის დაბრუნება უნდა ყოფილიყო (მარ. 13:33—37). ისინი უფლის დაბრუნებით ძალიან იყვნენ დაინტერესებულნი და თავს მოვალედ თვლიდნენ, ამის შესახებ სახალხოდ გაეცხადებინათ, თუმცა ყველა წვრილმანი ბოლომდე არ ესმოდათ. მიუხედავად ამისა, ის, რაც ღვთის სულმა მათ იმ დროისთვის გაუმჟღავნა, მართლაც რომ აღსანიშნავი იყო. ერთ-ერთი ასეთი საკითხი ეხებოდა მნიშვნელოვან თარიღს, რომლის შესახებაც ბიბლია წინასწარმეტყველებდა.
უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასრულება
ბიბლიის მკვლევარებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიდ ინტერესს იწვევდა ბიბლიური ქრონოლოგია. ბიბლეისტებს სხვადასხვა შეხედულება ჰქონდათ იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველებ „უცხოტომელთათვის დანიშნულ დროებზე“ და წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში ჩაწერილ მეფე ნაბუქოდონოსორის ხილვაზე, რომლის თანახმადაც მოჭრილი ხე „შვიდი დროის“ მანძილზე ბორკილდადებული იქნებოდა (ლუკ. 21:24; დან. 4:10—17).
1823 წელს ჯონ ბრაუნმა, რომელმაც თავისი ნაშრომი ლონდონში (ინგლისი) გამოსცა, გამოთვალა, რომ დანიელის მეოთხე თავში მოხსენიებული „შვიდი დრო“ 2 520-წლიან პერიოდს მოიცავდა. მაგრამ მას თავადაც არ ესმოდა ზუსტად ამ პერიოდის არც დაწყების და არც დასრულების დრო. თუმცა მან ეს „შვიდი დრო“ ლუკას 21:24-ში ჩაწერილ უცხოტომელთათვის დანიშნულ დროებს დაუკავშირა. 1844 წელს ბრიტანელმა მღვდელმა ელიოტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ შესაძლოა 1914 წელი ყოფილიყო დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „შვიდი დროის“ დასრულების თარიღი, თუმცა მან კიდევ ერთ სავარაუდო თარიღად საფრანგეთის რევოლუციის დრო დაასახელა. მსგავს დასკვნამდე მივიდა 1849 წელს ლონდონელი რობერტ სილიც. 1870 წლისთვის ჯოზეფ საისისა და მისი თანამოაზრეების მიერ ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი) გამოცემულ პუბლიკაციაში გამოთვლილი იყო, რომ 1914 წელი განსაკუთრებული თარიღი იყო. თუმცა ამ გამოთვლას საფუძვლად ედო ქრონოლოგია, რომელიც ჩარლზ რასელმა მოგვიანებით უარყო.
1875 წლის „დილის მაცნის“ აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის ნომრებში ბარბორი შეეცადა, ერთმანეთთან დაეკავშირებინა ის დეტალები, რომლებზეც სხვებმა გაამახვილეს ყურადღება. ინგლისელი მღვდლის, ქრისტოფერ ბოუენის მიერ შედგენილი ქრონოლოგიის გამოყენებით, რომელიც ელიოტმა გამოსცა, ბარბორმა ახსნა, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დროები დაიწყო ციდკიასთვის მეფობის ჩამორთმევის შემდეგ, როგორც ეს ეზეკიელის 21:25, 26-ში იყო ნაწინასწარმეტყველები, და დაასკვნა, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დროები 1914 წელს დასრულდებოდა.
1876 წლის დასაწყისში ჩარლზ რასელმა მიიღო ჟურნალი „დილის მაცნე“. მან მალევე მისწერა ბარბორს. ზაფხულში ისინი ფილადელფიაში შეხვდნენ და გარკვეული დრო დაუთმეს სხვადასხვა საკითხზე მსჯელობას, მათ შორის დროების შესახებ ბიბლიური წინასწარმეტყველებების განხილვას. ამის შემდეგ მალევე სტატიაში „როდის დასრულდება უცხოტომელთათვის დანიშნული დროები?“ რასელმა ეს საკითხი ბიბლიის საფუძველზე განიხილა და დაასკვნა, რომ მტკიცებულებების თანახმად, „შვიდი დრო ახ. წ. 1914 წელს დასრულდებოდა“. ეს სტატია დაიბეჭდა 1876 წლის ჟურნალ „ბიბლიის მკვლევარის“j ოქტომბრის ნომერში. 1877 წელს ბარბორმა რასელთან ერთად გამოსცა წიგნი „სამი ქვეყნიერება და ამ ქვეყნიერების მკა“, რომელშიც იგივე დასკვნა იყო გაკეთებული. ამის შემდეგ „საგუშაგო კოშკის“ პირველივე ნომრებში, მაგალითად 1879 წლის დეკემბრისა და 1880 წლის ივლისის გამოცემებში, ყურადღება გამახვილდა 1914 წელზე, რომელიც ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღი იყო. 1889 წელს გამოიცა „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ (მოგვიანებით ეწოდა „საღვთო წერილის გამოკვლევა“) მეორე ტომი, რომელშიც მეოთხე თავი მთლიანად „უცხოტომელთათვის დანიშნული დროების“ განხილვას ეძღვნებოდა. მაგრამ, რას ნიშნავდა უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასრულება?
ბიბლიის მკვლევარებმა ზუსტად არ იცოდნენ, რა მოხდებოდა ამ დროს. მაგრამ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დედამიწა არ დაიწვებოდა და კაცობრიობა არ განადგურდებოდა. უფრო მეტიც, მათ იცოდნენ, რომ ეს განსაკუთრებული თარიღი ღვთის მმართველობასთან იქნებოდა დაკავშირებული. თავიდან ისინი ფიქრობდნენ, რომ იმ დროისთვის ღვთის სამეფო სრულად დაიწყებდა მმართველობას. მაგრამ როცა ეს არ მოხდა, ამ თარიღთან დაკავშირებული ბიბლიური წინასწარმეტყველებებისადმი მათი ნდობა არ შერყეულა. პირიქით, მათ დაასკვნეს, რომ ეს თარიღი ღვთის სამეფოს მმართველობის მხოლოდ დასაწყისი იყო.
თავიდან ბიბლიის მკვლევარები იმასაც ფიქრობდნენ, რომ ამ თარიღის დადგომამდე მსოფლიოს გასაჭირი დაატყდებოდა თავს, რაც ანარქიას გამოიწვევდა (მათი აზრით, ეს დაკავშირებული იქნებოდა „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ მომხდარ ომთან) (გამოცხ. 16:14). მაგრამ მოგვიანებით, 1914 წლამდე ათი წლით ადრე, „საგუშაგო კოშკში“ აზრი იყო გამოთქმული, რომ მსოფლიო არეულობა, რომელიც ადამიანთა ყველა ორგანიზაციის განადგურებას გამოიწვევდა, უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასრულებისთანავე მოხდებოდა. ისინი ელოდნენ, რომ 1914 წელი გარდამტეხი წელი იქნებოდა იერუსალიმისთვის, რადგან წინასწარმეტყველების მიხედვით, იერუსალიმი გათელილი იქნებოდა, ვიდრე უცხოტომელთათვის დანიშნული დროები დასრულდებოდა. 1914 წელი ახლოვდებოდა, მაგრამ ისინი ხედავდნენ, რომ მათი მოლოდინი არ მართლდებოდა და არ კვდებოდნენ, რათა ღრუბლებში ყოფილიყვნენ ატაცებულნი უფლის შესაგებებლად. მიუხედავად ამისა, კვლავაც დიდი იმედი ჰქონდათ, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასრულებისას შეიცვლებოდნენ (1 თეს. 4:17).
გადიოდა წლები და ბიბლიის მკვლევარები კვლავაც განაგრძობდნენ წმინდა წერილების კვლევას. წინასწარმეტყველებებისადმი მათი რწმენა არ შესუსტებულა. ისინი არ ერიდებოდნენ იმის გაცხადებას, რისი მოლოდინიც ჰქონდათ. ისინი ცდილობდნენ, დოგმატურები არ ყოფილიყვნენ ისეთ საკითხებში, რომლებზეც ბიბლიაში კონკრეტულად არაფერი ეწერა. თუმცა შეიძლება ეს ყოველთვის არ გამოსდიოდათ.
ძალიან ადრე ხომ არ დარეკა „მაღვიძარამ“?
დიდმა არეულობამ მართლაც მოიცვა მსოფლიო 1914 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ამ ომს წლების განმავლობაში „დიდ ომს“ უწოდებდნენ, მაგრამ მას არ მოჰყოლია ადამიანთა მმართველობების დაუყოვნებლივ განადგურება. იმ მოვლენებმა, რომლებიც 1914 წლის შემდეგ პალესტინაში განვითარდა, ბიბლიის მკვლევარებს აფიქრებინა, რომ ისრაელში რადიკალური ცვლილებები მოხდებოდა. გავიდა თვეები და წლები, მაგრამ ბიბლიის მკვლევარებს არ მიუღიათ ის ზეციური ჯილდო, რომელსაც ელოდნენ. როგორ იმოქმედა ამან მათზე?
1916 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ ყურადღება მახვილდებოდა 1914 წლის 1 ოქტომბერზე. მასში ეწერა: „ეს არის უკანასკნელი თარიღი, რომელზეც მიგვითითებს დროების შესახებ ბიბლიური წინასწარმეტყველებები, თუ რას უნდა ელოდნენ ცხებული ქრისტიანები. გვითხრა უფალმა, რომ ამ დროისთვის [ზეცაში] წავიდოდით? არა! მაშ, რა გვითხრა? მისი სიტყვა და წინასწარმეტყველებების შესრულება, როგორც ჩანს, უდავოდ მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული თარიღი უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასასრული იყო. აქედან გამომდინარე, დავასკვენით, რომ სულითცხებულთა ზეცაში წასვლა 1 ოქტომბრამდე ან 1 ოქტომბერს მოხდებოდა. მაგრამ ეს ღმერთს ჩვენთვის არ უთქვამს. მან უფლება მოგვცა, ასეთი დასკვნა გაგვეკეთებინა და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს იყო ღვთის ყველა წმინდანის აუცილებელი გამოცდა“. მაგრამ ნიშნავდა მოვლენების ასე განვითარება იმას, რომ მათი დიდებული იმედი ამაო იყო? ცხადია, არა! ეს უბრალოდ იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერი ისე მალე არ მოხდა, როგორც იმედოვნებდნენ.
1914 წლამდე რამდენიმე წლით ადრე რასელმა დაწერა: «როგორც ჩანს, ქრონოლოგია (დროების შესახებ ბიბლიური წინასწარმეტყველებები მთლიანობაში) არ იყო განკუთვნილი იმისთვის, რომ ღვთის ხალხს ზუსტი ქრონოლოგიური ინფორმაცია მიეღო საუკუნეების განმავლობაში. სავარაუდოდ, ის უფრო მეტად სათანადო დროს უფლის ხალხის გამოღვიძებასა და გამოცოცხლებას ემსახურება . . . მაგრამ დავუშვათ, 1914 წლის ოქტომბერი ჩაივლის და უცხოტომელთა ძალაუფლება არ დაეცემა. რა დამტკიცდება ამით ან რა არ დამტკიცდება? ეს არ იქნება იმის დამამტკიცებელი, რომ საუკუნეების მანძილზე ღვთის გეგმის რომელიმე ნაწილი არ შესრულებულა. გამოსასყიდის ფასი, რომელიც გოლგოთას მთაზე იქნა გადახდილი, კვლავაც იმის გარანტია იქნება, რომ ადამიანების გასრულყოფილებასთან დაკავშირებით ღვთის დიდებული განზრახვა აუცილებლად შესრულდება. ცხებულების ზეციური მოწოდება, რომ იტანჯონ გამომსყიდველთან ერთად და განდიდდნენ, როგორც მისი წევრები ან როგორც პატარძალი, უცვლელი რჩება . . . ერთადერთი, რაზეც გავლენას ახდენს ქრონოლოგია, არის ცხებულებისა და ქვეყნიერების დიდებული იმედების შესრულების დრო . . . და თუ ეს თარიღი ჩაივლის, ამით უბრალოდ ის დამტკიცდება, რომ ჩვენმა „მაღვიძარამ“, ქრონოლოგიამ, დროზე ცოტა ადრე დარეკა. დიდ უბედურებად ჩავთვლიდით, თუ ჩვენთვის სასიხარულო და ბედნიერ დღეს მაღვიძარა დილით ცოტათი ადრე დარეკავდა? ცხადია, არა!».
მაგრამ ამ „მაღვიძარას“ დროზე ადრე არ დაურეკავს. სინამდვილეში დრო კი არ იყო მცდარი, არამედ მათი მოლოდინი, თუ რა უნდა მომხდარიყო იმ დროს.
რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ჭეშმარიტების სინათლემ იმატა, ბიბლიის მკვლევარებმა აღიარეს: «ბევრი წმინდა ფიქრობდა, რომ ყველა საქმე შესრულებული იყო . . . ისინი ხარობდნენ იმის აშკარა მტკიცებით, რომ დადგა ქვეყნიერების აღსასრული, ზეციერი სამეფო მალე დამყარდებოდა და მათი ხსნის დღე ახლოს იყო. მაგრამ მათ მხედველობიდან გამორჩათ, რომ კიდევ იყო საქმე გასაკეთებელი — სასიხარულო ცნობა, რომელიც მათ მიიღეს, სხვებსაც უნდა მოესმინა, რადგან იესომ თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათ. 24:14)» (1925 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“).
1914 წლიდან განვითარებული მოვლენები ბიბლიის მკვლევარებმა იესოს წინასწარმეტყველებებს შეადარეს და მიხვდნენ, რომ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულის ბოლო დღეებში ცხოვრობდნენ, რომელიც 1914 წელს დაიწყო. მათ ისიც გაიგეს, რომ პერიოდი, როცა იესო უხილავად მოსული იქნებოდა, სწორედ ამ წელს დაიწყო. ისინი მიხვდნენ, რომ ამ დროს იესო პირდაპირი გაგებით დედამიწაზე კი არ დაბრუნდა (თუნდაც უხილავად), არამედ მან, როგორც მმართველმა მეფემ, ყურადღება მიაპყრო დედამიწას. მათ დაინახეს თავიანთი პასუხისმგებლობა, რომ კაცობრიობის ისტორიის ამ მძიმე დროში სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგათ ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და შეუდგნენ ამ პასუხისმგებლობის შესრულებას (მათ. 24:3—14).
რა იყო სამეფოს შესახებ ცნობა, რომელიც მათ უნდა ექადაგათ? განსხვავდებოდა ის იმ ცნობისგან, რომელსაც პირველი საუკუნის ქრისტიანები ქადაგებდნენ?
ღვთის სამეფო — კაცობრიობის ერთადერთი იმედი
ღვთის სიტყვის გულმოდგინე შესწავლით ძმა რასელი და სხვა ბიბლიის მკვლევარები მიხვდნენ, რომ ღვთის სამეფო არის ხელისუფლება, რომელიც იეჰოვას დაპირებისამებრ იესოს მეშვეობით დამყარდებოდა და კაცობრიობას კურთხევებს მოუტანდა. ღვთის მიერ ადამიანებიდან არჩეულ „მცირე სამწყსოსთან“ ერთად იესო ქრისტე ზეცაში იმმართველებდა. მათ გაიგეს, რომ ეს სამეფო დედამიწაზე წარმოდგენილი იქნებოდა ძველ დროს მცხოვრები ერთგული მამაკაცებით, რომლებიც მთავრებად იმსახურებდნენ. ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც „ძველი დროის ღირსეული ადამიანები“ (ლუკ. 12:32; დან. 7:27; გამოცხ. 20:6; ფსალმ. 45:16).
დიდი ხნის განმავლობაში ქრისტიანული სამყარო ასწავლიდა, რომ „მეფეები ღვთისგან იყვნენ უფლებამოსილნი“, რის საფუძველზეც ისინი ხალხს იმორჩილებდნენ. მაგრამ ბიბლიის მკვლევარებმა წმინდა წერილებიდან დაინახეს, რომ ადამიანთა მმართველობების მომავალი არანაირად არ იყო დაცული ღვთის ძალით. ამასთან დაკავშირებით 1881 წლის დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: «ცხადია, ღვთის სამეფოს დამყარება მოიცავს დედამიწაზე არსებული ყველა სამეფოს განადგურებას, რადგან ყველა სამეფო — მათ შორის საუკეთესო — დაფუძნებულია უსამართლობაზე, უთანასწორობაზე, უმრავლესობის ჩაგვრასა და უმცირესობის კეთილდღეობაზე. ამიტომ, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ღვთის სამეფო „დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“» (დან. 2:44).
ბიბლიის მკვლევარებს ჯერ კიდევ ბევრი უნდა გაეგოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განადგურდებოდა ეს უსამართლო მმართველობები. მათ ბოლომდე არ ესმოდათ, როგორ მოუტანდა ღვთის სამეფო კურთხევებს მთელ კაცობრიობას. მაგრამ მათ კარგად იცოდნენ, რომ ღვთის სამეფო არ იყო რაღაც გაურკვეველი გრძნობა ადამიანის გულში და არც ეკლესიის იერარქიული მმართველობა, რომელიც სახელმწიფოს იყენებდა.
1914 წლისთვის ქრისტიანობამდე მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები არ აღმდგარან მთავრებად, რომ დედამიწაზე ღვთის მესიანური სამეფოს წარმომადგენლები ყოფილიყვნენ და არც „მცირე სამწყსოს“ დარჩენილი ნაწილი შეუერთდა ქრისტეს ზეციერ სამეფოში, როგორც ამას ბიბლიის მკვლევარები ელოდნენ. მიუხედავად ამისა, 1915 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა, რომ 1914 წელი ნამდვილად იყო ის დრო, როცა „ჩვენმა უფალმა ხელში აიღო ძალაუფლება, გამეფდა“ და, ამგვარად, დასრულდა უცხოტომელთა მრავალსაუკუნოვანი მმართველობა. 1920 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“ განამტკიცებდა ამ აზრს და აკავშირებდა მას სასიხარულო ცნობასთან, რომელიც იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, მთელ მსოფლიოში უნდა ყოფილიყო ნაქადაგები ქვეყნიერების აღსასრულამდე (მათ. 24:14). 1922 წელს სიდარ პოინტში (ოჰაიოს შტატი) ბიბლიის მკვლევარების კონგრესზე მიღებულ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ამ აზრს და ძმა რუტერფორდმა დამსწრეებს მოუწოდა: „აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ“.
მაგრამ იმ დროს ბიბლიის მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ ზეცაში ღვთის სამეფო მხოლოდ მაშინ დამყარდებოდა სრულად, როცა ქრისტეს პატარძლის ყველა წევრი განდიდდებოდა. 1925 წელს ამ საკითხს საბოლოოდ მოეფინა ნათელი, როცა 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა სტატია „ერის დაბადება“. ის ნათელს ჰფენდა წიგნ „გამოცხადების“ მე-12 თავს. სტატიაში მოყვანილი იყო მტკიცებები, რომ 1914 წელს მესიანური სამეფო დაიბადა ანუ დამყარდა და ქრისტემ თავისი ზეციერი ტახტიდან მმართველობა დაიწყო, რის შემდეგაც სატანა ზეციდან დედამიწაზე იქნა გადმოგდებული. ღვთის სამეფომ მმართველობა დაიწყო — ეს სასიხარულო ცნობა ყველგან უნდა გაცხადებულიყო. ამის გაგებამ აღძრა სამეფოს მაუწყებლები, რომ დედამიწის კიდით კიდემდე ექადაგათ!
იეჰოვას ხალხმა ყველა შესაძლებლობა გამოიყენა იმის საქადაგებლად, რომ მხოლოდ ღვთის სამეფოს შეეძლო კაცობრიობის ყველა პრობლემის გადაჭრა და მარადიული შვების მოტანა. 1931 წელს ძმა რუტერფორდმა ამ ცნობის საქადაგებლად იმ დროისთვის ყველაზე ფართომასშტაბიანი რადიოქსელი გამოიყენა. ეს ქადაგება აგრეთვე დაიბეჭდა ბროშურაში სათაურით „სამეფო — კაცობრიობის იმედი“, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა. სულ რაღაც რამდენიმე თვეში ამ ბროშურის მილიონობით ეგზემპლარი გავრცელდა. განსაკუთრებული ძალისხმევა მოხმარდა იმას, რომ ეს ბროშურა პოლიტიკოსების, ცნობილი ბიზნესმენებისა და მღვდლების ხელში მოხვედრილიყო.
სხვა საკითხებთან ერთად ბროშურაში ეწერა: „დღეს მსოფლიოში არსებულ უსამართლო მთავრობებს არანაირი იმედის მიცემა არ შეუძლიათ ხალხისთვის. ღვთის განაჩენის თანახმად, ეს მთავრობები უნდა განადგურდნენ. ამიტომ ქვეყნიერების ერთადერთი იმედი სამართლიანი სამეფოა, ანუ ღვთის ხელისუფლება, რომელსაც უხილავად მართავს ქრისტე იესო“. ბიბლიის მკვლევარებს ესმოდათ, რომ ეს სამეფო კაცობრიობას ნამდვილ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოუტანდა. მისი მმართველობისას დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა და აღარ იქნებოდა ავადმყოფობა და სიკვდილი (გამოცხ. 21:4, 5).
სასიხარულო ცნობის ქადაგებას კვლავაც უმთავრესი ადგილი უკავია იეჰოვას მოწმეების თაყვანისმცემლობაში. მათ ძირითად ჟურნალს, რომელიც 110-ზე მეტ ენაზე გამოიცემა, 1939 წლის 1 მარტის ნომრიდან მოყოლებული ეწოდება „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“.
მაგრამ, სანამ ღვთის სამეფო დედამიწას სამოთხედ გადააქცევს, დღეს არსებულ ბოროტ ქვეყნიერებას ბოლო უნდა მოეღოს. როგორ მოხდება ეს?
ყოვლისშემძლე ღვთის დიდი დღის ომი
1914 წელს დაწყებულმა მსოფლიო ომმა იმ დროს არსებული სისტემა ძირფესვიანად შეარყია. გარკვეული დროის განმავლობაში მოვლენები ერთი შეხედვით ისე ვითარდებოდა, როგორც ბიბლიის მკვლევარები ელოდნენ.
1880 წლის აგვისტოში ძმა რასელი წერდა: „ჩვენ გვესმის, რომ სანამ ადამიანთა ოჯახი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება ან კურთხევებს მიიღებს, ახლანდელი მთავრობები, რომლებიც ავიწროებენ და ჩაგრავენ კაცობრიობას, დაემხობა და ღვთის სამეფო დაიწყებს მმართველობას. ეს ახალი სამეფო კურთხევებს მოიტანს და ყველაფერს აღადგენს“. როგორ დაემხობა „ახლანდელი მთავრობები“? მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების საფუძველზე რასელს სჯეროდა, რომ არმაგედონის ომის დროს ღმერთი არსებული წყობის დასაშლელად ადამიანთა ჯგუფების აზრთა სხვადასხვაობას გამოიყენებდა. მან თქვა: „ადამიანთა იმპერიის განადგურების ძვრები უკვე შეინიშნება. ძალა, რომელიც მათ გაანადგურებს, უკვე მოქმედებს. ხალხი ერთიანდება კომუნისტების, სოციალისტების, ნიჰილისტებისა თუ სხვების სახელით“.
1897 წელს გამოცემულმა წიგნმა „შურისძიების დღე“ (მოგვიანებით ეწოდა „არმაგედონის ბრძოლა“) უფრო მეტად დაგვანახვა, როგორ ესმოდათ ბიბლიის მკვლევარებს იმ დროს ეს საკითხი. მასში ნათქვამი იყო: „უფალი თავისი აღმატებული ძალით სათავეში ჩაუდგება ამ უკმაყოფილო ხალხის დიდ ჯარს — პატრიოტებს, რეფორმატორებს, სოციალისტებს, მორალისტებს, ანარქისტებს, უცოდინრებსა და უიმედოებს — და თავისი ღვთიური სიბრძნით გამოიყენებს მათ იმედებს, შიშს, უგუნურებასა და ეგოიზმს, რათა შეასრულოს თავისი დიდებული განზრახვები — ბოლო მოუღოს არსებულ წყობას და ხალხი მოამზადოს სამართლიანი სამეფოსთვის“. ამგვარად, ბიბლიის მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ არმაგედონის ომი სასტიკ სოციალურ რევოლუციასთან იყო დაკავშირებული.
მაგრამ, მართლა იქნებოდა არმაგედონი ადამიანთა ჯგუფების დაპირისპირება, სოციალური რევოლუცია, რომელსაც ღმერთი არსებული სისტემის გასანადგურებლად გამოიყენებდა? 1925 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ განხილული იყო ზაქარიას 14:1—3 მუხლები, რომლებიც ამ საკითხს ეხებოდა. ჟურნალში ნათქვამი იყო: „აქედან გამომდინარე, გვესმის, რომ სატანის მმართველობაში მყოფი დედამიწის ყველა ხალხი შეიკრიბება იერუსალიმის კლასთან საბრძოლველად ანუ მათ წინააღმდეგ, ვისაც უფლის მხარე უკავია (გამოცხადება 16:14, 16)“.
მომდევნო წელს წიგნში „ხსნა“ ყურადღება გამახვილდა ამ ომის ნამდვილ მიზანზე: «ახლა იეჰოვა, თავისი სიტყვის თანახმად, აშკარად წარმოაჩენს თავის ძალას. შედეგად, ხალხი დაინახავს, რომ უღვთო გზით დადიან და მიხვდებიან, რომ იეჰოვაა ყოვლისშემძლე ღმერთი. სწორედ ამ მიზეზის გამო მოახდინა ღმერთმა წარღვნა, შეაჩერა ბაბილონის კოშკის მშენებლობა, გაანადგურა ასურეთის მეფის, სინახერიბის ჯარი და ზღვაში დაახრჩო ეგვიპტელები. ამავე მიზეზის გამო ღმერთი კიდევ ერთ უბედურებას დაატეხს ქვეყნიერებას. წარსულში მომხდარი ეს მოვლენები მხოლოდ ჩრდილია იმისა, რაც უნდა მოხდეს. ხალხი იკრიბება ყოვლისშემძლე ღვთის დიდებული დღისთვის. ეს არის უფლის „დიდი და შიშის მომგვრელი დღე“ (იოელ. 2:31), როდესაც ღმერთი ცნობილს გახდის თავის სახელს. ამ დიდ და საბოლოო ბრძოლაში ხალხი ყველა ერიდან, ტომიდან და ერიდან გაიგებს, რომ იეჰოვაა ყოვლისშემძლე, ყოვლადბრძენი და სამართლიანი ღმერთი». მაგრამ დედამიწაზე მცხოვრები იეჰოვას მსახურები გაფრთხილებულნი იყვნენ: „ამ დიდებულ ბრძოლაში არც ერთი ქრისტიანი არ იომებს. იეჰოვა მიზეზს თავად ხსნის: ბრძოლა თქვენი კი არა, ღვთისაა“. ეს სიტყვები არ ეხებოდა ომს, რომელიც 1914 წელს დაიწყო და რომელშიც ერები იბრძოდნენ. ღვთის ომი ჯერ კიდევ წინ იყო.
კვლავაც არსებობდა კითხვები, რომლებსაც წმინდა წერილების საფუძველზე უნდა გასცემოდა პასუხი. ერთ-ერთი მათგანი ეხებოდა იმას, თუ რომელ იერუსალიმზე იყო საუბარი ლუკას 21:24-ში, სადაც ნათქვამია, რომ იერუსალიმი გათელილი იქნებოდა უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასრულებამდე. აგრეთვე გასარკვევი იყო, თუ რომელ ისრაელზე იყო საუბარი ყველაფრის აღდგენასთან დაკავშირებულ მრავალ წინასწარმეტყველებაში.
დააბრუნებს ღმერთი ებრაელებს პალესტინაში?
ბიბლიის მკვლევარებმა ბევრი წინასწარმეტყველება იცოდნენ ყველაფრის აღდგენასთან დაკავშირებით, რომლებიც ძველ ისრაელს ღვთის წინასწარმეტყველების მეშვეობით გადაეცა (იერ. 30:18; 31:8—10; ამოს. 9:14, 15; რომ. 11:25, 26). 1932 წლამდე მათ ესმოდათ, რომ ეს წინასწარმეტყველებები უშუალოდ ებრაელ ხალხზე შესრულდებოდა. ბიბლიის მკვლევარებს სჯეროდათ, რომ ღმერთი კვლავ გამოავლენდა კეთილგანწყობას ისრაელისადმი — თანდათანობით დააბრუნებდა პალესტინაში, თვალს აუხელდა იმ ჭეშმარიტებაზე, რომ იესო გამომსყიდველი და მესიანური მეფეა, და მათი მეშვეობით აკურთხებდა სხვა ერებს. ეს აზრი გამოკვეთილი იყო ძმა რასელის მოხსენებაში სათაურით „სიონიზმი წინასწარმეტყველებებში“, რომელიც მან ნიუ-იორკში და ევროპაში ებრაელი ხალხის წინაშე წარმოთქვა, აგრეთვე ძმა რუტერფორდის წიგნში „ნუგეში ებრაელებისთვის“, რომელიც 1925 წელს გამოსცა.
მაგრამ თანდათანობით ცხადი გახდა, რომ პალესტინაში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც ებრაელებს ეხებოდა, არ იყო იეჰოვას მიერ აღდგენასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებების შესრულება. პირველ საუკუნეში იერუსალიმი იმიტომ განადგურდა, რომ ებრაელებმა უარყვეს ღვთის ძე, მესია, რომელიც იეჰოვას სახელით იყო გამოგზავნილი (დან. 9:25—27; მათ. 23:38, 39). სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ მათ, როგორც ერს, არ შეუცვლიათ ქრისტესადმი დამოკიდებულება. ისინი არ ინანიებდნენ თავიანთი წინაპრების მიერ ჩადენილ შეცდომას. ზოგიერთი მათგანის პალესტინაში დაბრუნებას საფუძვლად არ ედო არც ღვთის სიყვარული და არც იმის სურვილი, რომ ღვთის სიტყვის შესრულებით მისი სახელი განედიდებინათ. ეს ნათლად იყო ახსნილი 1932 წელს «ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“» მიერ გამოცემულ წიგნ „გამართლების“ მეორე ტომში.k ეს აზრი დადასტურდა 1949 წელს, როცა ებრაელების ახლადჩამოყალიბებული სამშობლო, ისრაელის სახელმწიფო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა, რითაც ცხადყო, რომ იეჰოვას ნაცვლად მსოფლიო პოლიტიკურ ძალებზე ამყარებდა იმედს.
ის, თუ როგორ შესრულდა აღდგენასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები, იმაზე მიუთითებდა, რომ ბიბლიის მკვლევარებს ამ საკითხისთვის სხვა კუთხით უნდა შეეხედათ. იეჰოვას მსახურები თანდათანობით მიხვდნენ, რომ საუბარი იყო სულიერ ისრაელზე, სულითცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ „ღვთის ისრაელზე“, რომელიც ღვთის განზრახვის შესრულების დროს იესო ქრისტეს მეშვეობით ღმერთთან მშვიდობით გაიხარებს (გალ. 6:16). ახლა მათ თვალი აეხილათ და ჭეშმარიტი ქრისტიანებისადმი ღვთის დამოკიდებულებაში დაინახეს, რომ აღდგენის შესახებ წინასწარმეტყველებები საოცრად სრულდებოდა სულიერი გაგებით. ისინი იმასაც მიხვდნენ, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასრულებისას განდიდებული იერუსალიმი არ იყო პირდაპირი გაგებით ქალაქი ან დედამიწაზე მცხოვრები ხალხი, რომლებიც ამ ქალაქს წარმოადგენდნენ, არამედ ის იყო „ზეციერი იერუსალიმი“, რომელშიც მმართველად 1914 წელს ღმერთმა თავისი ძე, იესო ქრისტე დააყენა (ებრ. 12:22).
როცა ამ საკითხს ნათელი მოეფინა, იეჰოვას მოწმეებმა უკეთესად შეძლეს თავიანთი დავალების შესრულება, მიუკერძოებლად ექადაგათ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:14).
ვის ეკუთვნის პატივი და დიდება იმ ბიბლიური საკითხების ახსნისთვის, რომლებიც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებში იბეჭდებოდა?
რა საშუალებებით ასწავლის იეჰოვა თავის მსახურებს
იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ ზეცაში დაბრუნების შემდეგ თავის მოწაფეებს წმინდა სულს გაუგზავნიდა. ეს სული დაეხმარებოდა მათ და წაუძღვებოდა „ყოველი ჭეშმარიტებისკენ“ (იოან. 14:26; 16:7, 13). იესომ აგრეთვე თქვა, რომ მას, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანების ბატონსა და უფალს, ეყოლებოდა „ერთგული და გონიერი მონა“, „გონიერი მმართველი“, რომელიც დროულად მისცემდა საზრდოს შინაურებს, ანუ რწმენით თავისიანებს (მათ. 24:45—47; ლუკ. 12:42). ვინ არის ეს ერთგული და გონიერი მონა?
„საგუშაგო კოშკის“ პირველივე ნომერში მითითებული იყო მათეს 24:45—47 და იქვე იხსნებოდა, რომ ამ ჟურნალის გამომცემლების მიზანი იყო, „დროულად მიეცათ“ სულიერი საზრდო შინაურებისთვის და ყურადღება მიექციათ მოვლენებისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყო დროსთან, როცა ქრისტე მოსული იქნებოდა. მაგრამ ჟურნალის რედაქტორი არ აცხადებდა, რომ „ერთგული და გონიერი მონა“ იყო.
ამასთან დაკავშირებით 1881 წლის ოქტომბერ-ნოემბრის ჟურნალში რასელი წერდა: «ჩვენ გვჯერა, რომ ქრისტეს სხეულის თითოეული წევრი გარკვეულწილად ჩაბმულია შინაურებისთვის დროული სულიერი საზრდოს მიცემის კურთხეულ საქმეში. მაშ, „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც უფალმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის?“ განა ეს მიძღვნილი მსახურებისგან შემდგარი „მცირე სამწყსო“, ქრისტეს სხეული არ არის, რომელიც ერთგულად ასრულებს თავის პირობას და ცალ-ცალკე თუ ერთობლივად დროულ საზრდოს აძლევს შინაურებს — მორწმუნეთა დიდ ჯგუფს?! ბედნიერია ის მონა (ქრისტეს მთელი სხეული), რომელსაც უფალი თავისი მოსვლისას (ბერძნულად ელთონ) ასე მოქმედს პოვებს. „ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს“».
თუმცა ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ ძმა რასელის ცოლმა სახალხოდ განაცხადა, რომ რასელი თავად იყო ერთგული და გონიერი მონა.l მის მიერ გამოთქმულ აზრს ბიბლიის მკვლევარები დაახლოებით 30 წლის მანძილზე იზიარებდნენ. ძმა რასელი არ უარყოფდა მათ აზრს, მაგრამ პირადად საკუთარ თავზე ამის თქმას ერიდებოდა, რითაც აჩვენებდა, რომ ეწინააღმდეგებოდა სასულიერო და საერო კლასებად დაყოფას, თითქოს ერთს ჰქონდა უფლება ესწავლებინა ღვთის სიტყვა, მეორეს კი არა. 1927 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ კიდევ ერთხელ იყო დადასტურებული ძმა რასელის მიერ 1881 წელს გამოთქმული აზრი, რომ სინამდვილეში ერთგული და გონიერი მონა არის ქრისტეს სხეულის სულითცხებული წევრების ჯგუფი დედამიწაზე (შეადარეთ ესაიას 43:10).
როგორ უყურებდა ძმა რასელი თავის როლს? ამბობდა, რომ ღვთისგან განსაკუთრებული გამოცხადება ჰქონდა მიღებული? 1906 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ (გვერდი 229) ის თავმდაბლად ამბობდა: «არა, ძვირფასო მეგობრებო, მე არ ვაცხადებ, რომ ზებუნებრივი ძალა მაქვს ან ვინმეზე ღირსეული, უპირატესი ან უფლებამოსილი ვარ; არც იმისკენ ვისწრაფვი, რომ მორწმუნე ძმებს შორის განვდიდდე. მხოლოდ ვცდილობ, მივყვე უფლის ნათქვამს: „ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს“ (მათ. 20:27). . . . ჭეშმარიტება, რომელიც ხალხთან მიმაქვს, როგორც ღვთის მაცნეს, არ გამმჟღავნებია ხილვასა თუ სიზმარში და არც ღვთის ხმა მომისმენია; ეს ყველაფერი გავიგე არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით . . . ჭეშმარიტების ზუსტი გაგება არ ხდება რომელიმე ადამიანის დამსახურებით ან ვინმეს გამჭრიახობით, არამედ იმით, რომ ღვთის მიერ დანიშნული დრო მოვიდა. თუ მე არ ვილაპარაკებდი და არც სხვა ამოიღებდა ხმას, მაშინ ქვები დაიწყებდნენ ღაღადს».
„საგუშაგო კოშკი“ მოუწოდებდა მკითხველებს, რომ მზერა იეჰოვასკენ, დიდებული მოძღვრისკენ მიემართათ და ის დღესაც ამისკენ მოუწოდებს იეჰოვას მოწმეებს (ეს. 30:20). ამას განსაკუთრებით ესმებოდა ხაზი 1931 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში სათაურით „ღვთისგან განსწავლულნი“. მასში ნათქვამი იყო: «„საგუშაგო კოშკი“ აცხადებს, რომ ჭეშმარიტება ეკუთვნის იეჰოვას და არა რომელიმე ქმნილებას. „საგუშაგო კოშკი“ არ არის რომელიმე ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ხელში არსებული იარაღი და ის არც ვინმეს დაჟინებული მოთხოვნით გამოიცემა . . . იეჰოვა ღმერთი თავისი შვილების დიდებული მასწავლებელია. ფაქტია, ამ ჭეშმარიტების გამოქვეყნება არასრულყოფილი ადამიანების მეშვეობით ხდება, ამიტომ ის სრულყოფილად ვერ გადმოიცემა. მიუხედავად ამისა, ის ისეა გადმოცემული, რომ აირეკლოს ღვთის ჭეშმარიტება, რომელსაც ღმერთი თავის შვილებს ასწავლის».
პირველ საუკუნეში სწავლებასთან დაკავშირებით წამოჭრილ კითხვებს პასუხს სცემდა სულიერად მოწიფული მამაკაცებისგან შემდგარი ხელმძღვანელი საბჭო. გადაწყვეტილებების მიღების დროს ისინი ითვალისწინებდნენ როგორც წმინდა წერილებს, ისე ამ მუხლების შესაბამისი საქმიანობის შედეგებს, რომლებიც წმინდა სულის დახმარებით სრულდებოდა. მიღებული გადაწყვეტილებები კრებებს წერილობით ეგზავნებოდა (საქ. 15:1—16:5). დღეს იეჰოვას მოწმეებს შორისაც ანალოგიურად ხდება.
სულიერ საკითხებთან დაკავშირებით მითითებები ღვთის ხალხს მიეწოდება ჟურნალების, წიგნების, საკონგრესო პროგრამებისა და კრების მოხსენებათა გეგმების მეშვეობით. ეს ყველაფერი მზადდება ერთგული და გონიერი მონის ხელმძღვანელი საბჭოს ზედამხედველობით. მათი შინაარსი იმაზე მეტყველებს, რომ იესოს წინასწარმეტყველება დღეს სრულდება — მას ნამდვილად ჰყავს ერთგული და გონიერი მონის კლასი, რომელიც ერთგულად ასწავლის ყველაფერს, რაც ქრისტემ მცნებად დაუდო; ისინი ფხიზლობენ — ყურადღებით აკვირდებიან ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებას, განსაკუთრებით ქრისტეს დაბრუნებასთან დაკავშირებით; გონიერი მონა ეხმარება ღვთისმოშიშ ხალხს, გაიგონ, რას ნიშნავს ყველაფრის დაცვა, რაც იესომ ბრძანა, და როგორ შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ნამდვილად იესოს მოწაფეები არიან (მათ. 24:42; 28:20; იოან. 8:31, 32).
წლების განმავლობაში თანდათანობით აღარ მოიხსენიებდნენ იმ ადამიანების სახელებს, რომლებიც სულიერი საზრდოს მომზადებაში მონაწილეობდნენ, რათა ზედმეტი ყურადღება არ მიეპყროთ. რასელის სიკვდილამდე მისი, როგორც რედაქტორის სახელი და გვარი მითითებული იყო „საგუშაგო კოშკის“ თითქმის ყველა ნომერში. სტატიის ბოლოში ხშირად ეწერა მათი სახელები ან ინიციალები, ვისაც მის მომზადებაში წვლილი შეჰქონდა. 1916 წლის 1 დეკემბრის ნომრიდან დაწყებული „საგუშაგო კოშკში“ რედაქტორის სახელის ნაცვლად სარედაქციო კომიტეტის წევრების სახელები იწერებოდა. 1931 წლის 15 ოქტომბრის ნომრიდან მოყოლებული ამ სახელების ნაცვლად ესაიას 54:13-ში ჩაწერილი სიტყვები ეწერა: „შენი ვაჟები იეჰოვას მიერ განისწავლებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების მშვიდობა“. 1942 წლიდან დაწყებული საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ლიტერატურაში, როგორც წესი, სტატიის ბოლოში აღარ იწერება სტატიის ავტორის ვინაობა.a ხელმძღვანელი საბჭოს ზედამხედველობით სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაში, აზიაში და სხვადასხვა კუნძულზე მცხოვრები მიძღვნილი ქრისტიანები მონაწილეობენ მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა კრებებზე განსახილველი მასალის მომზადებაში. მაგრამ ყველაფრისთვის პატივი იეჰოვა ღმერთს ეკუთვნის.
სინათლე უფრო და უფრო ანათებს
იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორია იმაზე მეტყველებს, რომ მათზე სრულდება იგავების 4:18-ში ჩაწერილი სიტყვები: „მართალთა ბილიკი დილის ნათელს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო კაშკაშა ხდება შუადღის დადგომამდე“. სინათლე თანდათანობით მატულობდა ზუსტად ისე, როგორც გარიჟრაჟს მოჰყვება მზის ამოსვლა და დღის დადგომა. იმ სინათლის ფონზე, რომელიც დროის გარკვეულ მომენტში ჰქონდათ, მათ არ შეეძლოთ სხვადასხვა საკითხის ზუსტად დანახვა და ზოგჯერ არასწორ დასკვნასაც აკეთებდნენ. რაც არ უნდა ეცადათ, მათ უბრალოდ არ შეეძლოთ ამა თუ იმ წინასწარმეტყველების გაგება მანამდე, სანამ მათი შესრულება არ დაიწყებოდა. როდესაც იეჰოვა თავისი სულით მეტ ნათელს ჰფენდა თავის სიტყვას, მისი მსახურები მზად იყვნენ, თავმდაბლად მოეხდინათ საჭირო ცვლილებები.
სხვადასხვა საკითხის თანდათანობით გაგება მოწმეების თანამედროვე ისტორიის მხოლოდ ადრეულ ეტაპზე არ ხდებოდა. ეს დღესაც გრძელდება. მაგალითად, 1962 წელს ცვლილება მოხდა რომაელების 13:1—7-ში მოხსენიებული „უმაღლესი ხელისუფლების“ საკითხის ახსნასთან დაკავშირებით.
მრავალი წლის მანძილზე ბიბლიის მკვლევარები ასწავლიდნენ, რომ „უმაღლეს ხელისუფლებაში“ იეჰოვა და იესო ქრისტე იგულისხმებოდნენ. რატომ ფიქრობდნენ ასე? 1929 წლის 1 ივნისისა და 15 ივნისის „საგუშაგო კოშკის“ ნომრებში სხვადასხვა ქვეყნის კანონები იყო მოყვანილი და ეწერა, რომ ის, რაც ერთ ქვეყანაში ნებადართული იყო, მეორეში იკრძალებოდა. ყურადღება იმაზეც მახვილდებოდა, რომ ზოგი კანონი ხალხისგან მოითხოვდა ისეთი რამის გაკეთებას, რასაც ღმერთი კრძალავდა, ან პირიქით, კრძალავდა ისეთ რამეს, რის გაკეთებასაც ღმერთი თავისი მსახურებისგან მოელოდა. რამდენადაც ბიბლიის მკვლევარებს ძალიან სურდათ, ღვთის „უმაღლესი ხელისუფლებისადმი“ პატივისცემა გამოევლინათ, ფიქრობდნენ, რომ მასში იეჰოვა და იესო ქრისტე იგულისხმებოდნენ. ბიბლიის მკვლევარები კვლავაც ემორჩილებოდნენ ქვეყნიურ კანონებს, მაგრამ მათთვის უმთავრესი ღვთისადმი მორჩილება იყო. ასეთი პოზიცია დაეხმარა მათ, რომ მომდევნო წლებში მსოფლიო ქაოსის დროს სიმტკიცე შეენარჩუნებინათ. მაგრამ მათ ბოლომდე არ ესმოდათ რომაელების 13:1—7-ში ჩაწერილი სიტყვები.
წლების შემდეგ ბიბლიის მკვლევარებმა კიდევ ერთხელ საფუძვლიანად გამოიკვლიეს ეს მუხლები როგორც კონტექსტის, ისე მთელი ბიბლიის ფონზე. შედეგად, 1962 წელს იმ აზრამდე მივიდნენ, რომ „უმაღლეს ხელისუფლებაში“ იგულისხმებოდნენ მიწიერი მმართველები, თუმცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ დახმარებით ნათლად გაიგეს, რომ მათდამი მორჩილება ფარდობითი იყო.b ამგვარად, ბიბლიის ამ მნიშვნელოვან მონაკვეთზე იეჰოვას მოწმეების შეხედულება შეიცვალა, მაგრამ მათ მსოფლიო მთავრობების მიმართ ძირეული ცვლილებების მოხდენა არ დასჭირვებიათ. ამან აგრეთვე შესაძლებლობა მისცა თითოეულ მოწმეს, დაფიქრებულიყო, რამდენად კარგად ასრულებდა თავის პასუხისმგებლობას ღვთისა და ქვეყნიური მთავრობების წინაშე. „უმაღლეს ხელისუფლებასთან“ დაკავშირებული საკითხის ნათლად გაგება იეჰოვას მოწმეებისთვის დამცავი აღმოჩნდა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ნაციონალიზმსა და თავისუფლებისთვის ბრძოლას ძალადობა და ხელისუფლების შეცვლა სდევდა თან.
1963 წელს იეჰოვას მოწმეებმა უკეთ გაიგეს, რა იგულისხმებოდა „დიდ ბაბილონში“ (გამოცხ. 17:5).c ისტორიის გამოკვლევამ, მათ შორის რელიგიის ისტორიაზე დაკვირვებამ, ცხადი გახადა, რომ ძველი ბაბილონის გავლენა აშკარა იყო არა მხოლოდ ქრისტიანულ ქვეყნებში, არამედ მსოფლიოს ყველა ნაწილში. ამგვარად, ნათელი გახდა, რომ დიდი ბაბილონი არის ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი. ამის ცოდნამ იეჰოვას მოწმეებს შესაძლებლობა მისცა, დახმარებოდნენ სხვადასხვა წარმომავლობის ხალხს, ყურად ეღოთ ბიბლიური მოწოდება: „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო“ (გამოცხ. 18:4).
წიგნ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებების შესრულებამ მეტად მოჰფინა ნათელი სულიერ საკითხებს. 1917 წელს გამოიცა წიგნი „დასრულებული საიდუმლო“, რომელშიც განიხილებოდა წიგნი „გამოცხადება“. მაგრამ „უფლის დღე“, რომელიც გამოცხადების 1:10-შია მოხსენიებული, იმ დროს მხოლოდ იწყებოდა. მრავალი წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ არ იყო შესრულებული და არც სწორად ესმოდათ. მაგრამ მომდევნო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ბიბლიის ამ ნაწილის მნიშვნელობას მეტად მოჰფინა ნათელი. ამ მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინა წიგნ „გამოცხადების“ ძირეულ გაგებაზე, რის შესახებაც 1930 წელს გამოიცა ორტომეული სათაურით „სინათლე“. „გამოცხადებიდან“ ზოგიერთი საკითხი უფრო ნათლად აიხსნა 1960-იან წლებში გამოცემულ წიგნებში «„დაეცა დიდი ბაბილონი!“ ღვთის სამეფო მმართველობს!» და „ღვთის დასრულებული საიდუმლო“. ოცი წლის შემდეგ ბიბლიის ეს მონაკვეთები კიდევ ერთხელ ღრმად შეისწავლეს. „გამოცხადების“ სიმბოლური ენა ყურადღებით შეადარეს ბიბლიის იმ მონაკვეთებს, სადაც მსგავსი ენაა გამოყენებული (1 კორ. 2:10—13). იეჰოვას მოწმეებმა გადახედეს მეოცე საუკუნეში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც წინასწარმეტყველებების შესრულებას ადასტურებდა. შედეგად, 1988 წელს მათ გამოსცეს შესანიშნავი წიგნი „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“
უხვი სულიერი საზრდოს გამოცემას იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორიის დასაწყისშივე ჩაეყარა საფუძველი. ბოლო წლებში მათ გამოსცეს ბიბლიის შესწავლაში დამხმარე მრავალი საშუალება, რომელიც დააკმაყოფილებდა როგორც მოწიფული ქრისტიანების, ისე სხვადასხვა წარმოშობისა თუ წარსულის მქონე ახალი შემსწავლელების სულიერ მოთხოვნილებებს. წმინდა წერილების გამუდმებულმა კვლევამ და წინასწარმეტყველებების შესრულებამ შესაძლებელი გახადა, რომ ბიბლიური სწავლებები გარკვევით ყოფილიყო ახსნილი. ბიბლიის გამოკვლევის წყალობით, იეჰოვას მოწმეებს უხვი სულიერი საზრდო აქვთ, როგორც ეს ღვთის ჭეშმარიტი მსახურების შესახებ იყო ნაწინასწარმეტყველები (ეს. 65:13, 14). მოწმეები არასოდეს იცვლიან ამა თუ იმ საკითხის მიმართ თვალსაზრისს იმ მიზნით, რომ ქვეყნიერებისთვის მისაღები გახდნენ; ამისთვის ისინი არც ზნეობრივ ნორმებს აუბრალოებენ. პირიქით, როგორც იეჰოვას მოწმეების ისტორია ცხადყოფს, მათი თვალსაზრისის შეცვლის ერთადერთი მიზანი ის არის, რომ უფრო ერთგულად მიჰყვნენ ბიბლიაში ჩაწერილს და უფრო უკეთ მიჰბაძონ პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითს, რათა უფრო მისაღებნი იყვნენ ღვთისთვის.
ამგვარად, იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორია ზუსტად შეესაბამება პავლე მოციქულის ლოცვას, რომელმაც თანაქრისტიანებს მისწერა: „არ შეგვიწყვეტია თქვენთვის ლოცვა და იმის თხოვნა, რომ აღივსოთ მისი ნების საფუძვლიანი ცოდნით, ყოველი სიბრძნითა და სულიერი გაგებით, რათა იეჰოვას ღირსად იაროთ იმ მიზნით, რომ ყველაფერში ასიამოვნოთ მას — ყოველ კარგ საქმეში ნაყოფი გამოიღოთ და ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა გაიღრმაოთ“ (კოლ. 1:9, 10).
სახელი „იეჰოვას მოწმეები“ მათ დღეს ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღების შედეგად ეწოდებათ.
[სქოლიოები]
a 1906 წლის 15 ივლისის „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მოსვლის მაცნე“, გვერდები 229—231.
b იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 2, გვერდი 1176. გამოცემულია «ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“» მიერ.
c მაგალითად: 1) XVI საუკუნეში ევროპაში ანტიტრინიტარული მოძრაობა სამების დოგმატის წინააღმდეგ გამოდიოდა. უნგრელი ფერენც დეივიდი (1510—1579) ასწავლიდა, რომ სამება არაბიბლიური სწავლება იყო. ამის გამო მან ციხეში დაასრულა სიცოცხლე; 2) მცირე რეფორმატორული ეკლესია, რომელიც XVI—XVII საუკუნეში პოლონეთში დაახლოებით ას წელს მოქმედებდა, აგრეთვე უარყოფდა სამებას და მისი მიმდევრები მთელ ევროპაში სამების სწავლების საწინააღმდეგო ლიტერატურას ავრცელებდნენ, სანამ იეზუიტებმა ისინი პოლონეთიდან არ განდევნეს; 3) ინგლისელი მეცნიერი ისააკ ნიუტონი (1642—1727) უარყოფდა სამების დოგმატს. მან ისტორიულად და ბიბლიურად დაასაბუთა თავისი შეხედულება. თუმცა მისი ნაშრომი მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. როგორც ჩანს, ნიუტონს შედეგებისა ეშინოდა; 4) ჰენრი გრუ ერთ-ერთი მათგანი იყო ამერიკაში, ვინც სამების სწავლებას არაბიბლიურად მიიჩნევდა. 1824 წელს მან დაწვრილებით გააშუქა ეს საკითხი თავის ნაშრომში (An Examination of the Divine Testimony Concerning the Character of the Son of God).
d იხილეთ აგრეთვე „საღვთო წერილის გამოკვლევა“, სერია V, გვერდები 41—82.
e ამ საკითხის შესახებ ისტორიული და ბიბლიური ფაქტები დაწვრილებით განიხილება «ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“» მიერ გამოცემულ პუბლიკაციებში. იხილეთ: «„სიტყვა“ — ვინ არის ის? იოანეს თანახმად» (1962), „საკითხები, რომლებშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ (1965), „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“ (1985) (ქართულად გამოიცა 2007 წელს) და „უნდა გწამდეს სამება?“ (1989) (ქართულად გამოიცა 1997 წელს).
f რასაც ბიბლია ამბობს სულის შესახებ, კარგად იციან როგორც იუდეველმა, ისე ქრისტიანმა ღვთისმეტყველებმა, მაგრამ ამას თითქმის არ ასწავლიან თავიანთი თაყვანისცემის ადგილებში. იხილეთ: New Catholic Encyclopedia (1967), ტომი XIII, გვერდები 449, 450; The Eerdmans Bible Dictionary (1987), გვერდები 964, 965; The Interpreter’s Dictionary of the Bible, edited by G. Buttrick (1962), ტომი 1, გვერდი 802; The Jewish Encyclopedia (1910), ტომი VI, გვერდი 564.
g ამ საკითხის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას შეიცავს 1955 წელს გამოცემული ბროშურა „რას ამბობს ბიბლია სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე?“. მასში ახსნილია, რომ ბიბლიის თანახმად, სატანამ დაარწმუნა ევა, რომ „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ ღვთის მიერ აკრძალული ხილის ჭამით არ მოკვდებოდა ფიზიკურად (დაბ. 2:16, 17; 3:4). დროთა განმავლობაში სატანის სიცრუე გამოაშკარავდა, თუმცა ის გავრცელდა და სხვადასხვა სწავლებას დაედო საფუძვლად. ხალხში დამკვიდრდა აზრი, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის უხილავი ნაწილი განაგრძობს ცხოვრებას. ნოეს წარღვნის შემდეგ ამ მოსაზრებას მხარს უჭერდა სპირიტიზმი, ანუ დემონური წეს-ჩვეულებები, რომლებმაც სათავე ბაბილონიდან აიღეს (ეს. 47:1, 12; კან. 18:10, 11).
h როგორც ბარბორი ამბობდა, მას სწამდა, რომ ქრისტე ჩვენთვის მოკვდა. მაგრამ ის უარყოფდა ჩანაცვლების შესახებ იდეას, რომ იესო ჩვენ მაგივრად მოკვდა, რითაც მან ადამის შთამომავლების ცოდვის საფასური გადაიხადა.
i ასეთი დასკვნის გაკეთებაზე გავლენა იქონია იმ შეხედულებამ, რომ ადამიანთა მმართველობის მეშვიდე ათასწლეული 1873 წელს დაიწყო და ხორციელი ისრაელისადმი ღვთის არაკეთილგანწყობის პერიოდი (დროის ზუსტად ის ხანგრძლივობა, რამდენსაც ფიქრობდნენ, რომ ღმერთი კეთილგანწყობილი იყო მათდამი) 1878 წელს დასრულდებოდა. ასეთ გამოთვლაში შეცდომა განაპირობა იმან, რომ „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ საქმეების 13:20 არასწორად იყო ნათარგმნი. აგრეთვე ფიქრობდნენ, რომ გადამწერებმა შეცდომა დაუშვეს 1 მეფეების 6:1-ში; გარდა ამისა, გათვალისწინებული არ იყო იუდასა და ისრაელის მეფეების მმართველობის წლების ბიბლიური პარალელიზმები. ბიბლიური ქრონოლოგიის უფრო ზუსტი ახსნა დაიბეჭდა 1943 წელს გამოცემულ წიგნში „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“. ერთი წლის შემდეგ წიგნში „ღვთის სამეფო ახლოსაა“ და აგრეთვე მომდევნო წლებში გამოცემულ პუბლიკაციებში ბიბლიური ქრონოლოგიის ახსნა უფრო დაზუსტდა.
j ეს ჟურნალი გამოსცა ჯორჯ სტორზმა ბრუკლინში (ნიუ-იორკის შტატი).
k 1978 წელს, როდესაც პრესის წარმომადგენლებმა ხელმძღვანელ საბჭოს ჰკითხეს, რა პოზიცია ეკავათ იეჰოვას მოწმეებს სიონიზმთან დაკავშირებით, მათ უპასუხეს: „იეჰოვას მოწმეები ბიბლიის საფუძველზე კვლავაც ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს ყველა პოლიტიკურ მოძრაობასა თუ სახელმწიფოებრივ საქმეებში. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ვერც ერთი ადამიანური მმართველობა ვერ მიაღწევს იმას, რასაც ღვთის ზეციერი სამეფო გააკეთებს“.
l სამწუხაროდ, ცოტა ხნის შემდეგ რასელის ცოლი, რომელსაც უნდოდა გამოჩენილი მდგომარეობა დაეკავებინა, გაშორდა მეუღლეს.
a მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც კანონმდებლობა ითხოვს, პუბლიკაციაში მითითებულია გამოცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი.
b იხილეთ 1962 წლის 1 ნოემბრის, 15 ნოემბრისა და 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკის“ ნომრები.
c იხილეთ 1963 წლის 15 ნოემბრისა და 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკის“ ნომრები.
[ჩანართი 120 გვერდზე]
ჩარლზ რასელი გულწრფელად ამბობდა, რომ მადლიერი იყო მათი, ვინც თავიდან ბიბლიის გამოკვლევაში დაეხმარა
[ჩანართი 122 გვერდზე]
მათ პირადად გამოიკვლიეს იმის მტკიცებები, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვაა
[ჩანართი 123 გვერდზე]
ბიბლიის მკვლევარები მიხვდნენ, რომ ღვთის სამართლიანობა სრულ ჰარმონიაშია მის სიბრძნესთან, სიყვარულსა და ძალასთან
[ჩანართი 127 გვერდზე]
რასელმა ნათლად დაინახა, რომ ჯოჯოხეთი არ იყო ის ადგილი, სადაც ადამიანები სიკვდილის შემდეგ იტანჯებოდნენ
[ჩანართი 129 გვერდზე]
მოაზროვნე ადამიანების უმეტესობას ჯოჯოხეთის არსებობის არ სწამდა
[ჩანართი 132 გვერდზე]
გამოსასყიდთან დაკავშირებით რასელის მტკიცე პოზიციამ მომავალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
[ჩანართი 134 გვერდზე]
მათ დაინახეს, რომ 1914 წელი ბიბლიური წინასწარმეტყველებების მიხედვით მნიშვნელოვანი თარიღი იყო
[ჩანართი 136 გვერდზე]
ყველაფერი ისე მალე არ მოხდა, როგორც იმედოვნებდნენ
[ჩანართი 139 გვერდზე]
ღვთის სამეფომ მმართველობა დაიწყო — ეს სასიხარულო ცნობა ყველგან უნდა გაცხადებულიყო
[ჩანართი 140 გვერდზე]
იქნებოდა არმაგედონი უბრალოდ სოციალური რევოლუცია?
[ჩანართი 141 გვერდზე]
1932 წელს საბოლოოდ გაირკვა, ვინ იყო „ღვთის ისრაელი“
[ჩანართი 143 გვერდზე]
„ერთგული და გონიერი მონა“ — ერთი ადამიანია თუ კლასი?
[ჩანართი 146 გვერდზე]
ზედმეტი ყურადღება რომ არ მიეპყროთ, თანდათანობით აღარ წერდნენ სტატიების ავტორების სახელებს
[ჩანართი 148 გვერდზე]
ცვლილებებს იმიტომ ახდენდნენ, რომ უფრო ერთგულად მიჰყოლოდნენ ღვთის სიტყვას
[ჩარჩო 124 გვერდზე]
ღვთის სახელის გაცხადება
◆ 1931 წლიდან სახელი „იეჰოვას მოწმეები“ ეწოდება მათ, ვინც თაყვანს სცემს და ემსახურება ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთ იეჰოვას.
◆ 1931 წლის 15 ოქტომბრის ნომრიდან მოყოლებული ღვთის სახელი „იეჰოვა“ ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ყველა ნომრის გარეკანზე გვხვდება.
◆ მაშინ როცა ბიბლიის თანამედროვე თარგმანების უმრავლესობაში გამოტოვეს ღვთის სახელი, იეჰოვას მოწმეებმა 1950 წელს დაიწყეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა, რომელშიც ღვთის სახელი ყველა სათანადო ადგილას აღადგინეს.
◆ «ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“» ბიბლიის გარდა გამოსცა სხვა მრავალი პუბლიკაცია, რომლებშიც ყურადღება ღვთის სახელზეა გამახვილებული. ასეთი წიგნებია: „იეჰოვა“ (1934), „განიწმინდოს შენი სახელი“ (1961), „ერები გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა — როგორ?“ და ბროშურა „ღვთის მარადიული სახელი“ (1984).
[ჩარჩო 126 გვერდზე]
უნდა შევეწინააღმდეგოთ ქრისტეს?
რასელმა სააშკარაოზე გამოიტანა ის, რომ სამების სწავლება არაბიბლიური და ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული იყო, შემდეგ კი სამართლიანად აღშფოთებულმა იკითხა: „ნუთუ უნდა შევეწინააღმდეგოთ მოციქულებს, წინასწარმეტყველებსა და თავად იესოს და უნდა უარვყოთ საღი აზრი იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ სამების დოგმატს, რომელსაც ბნელი, საეჭვო წარსულის მქონე, გახრწნილი და განდგომილი ეკლესია გვთავაზობს? ცხადია, არა! მიმართეთ კანონსა და მოწმობას! თუ ეკლესია არ ლაპარაკობს იმას, რაც ბიბლიაში წერია, ეს იმიტომ, რომ ის სიბნელეშია“ (1915 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“).
[ჩარჩო 133 გვერდზე]
ჭეშმარიტებას თანდათან ეფინება ნათელი
1882 წელს რასელმა დაწერა: „ჩვენი ეტალონია ბიბლია, მისი სწავლებები კი — ჩვენი რწმენის ერთადერთი საფუძველი. ჩვენ გვესმის, რომ ბიბლიურ სწავლებებს თანდათან ეფინება ნათელი და მზად ვართ, ბიბლიური ჭეშმარიტების სინათლის მატებასთან ერთად შევცვალოთ სწავლებები (შეხედულებები, მრწამსი)“ (1882 წლის აპრილის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 7).
[ჩარჩო 144, 145 გვერდებზე]
რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს
◆ ბიბლია ღვთის შთაგონებული სიტყვაა (2 ტიმ. 3:16, 17).
მასში უბრალოდ ადამიანის აზრები ან ისტორია კი არ არის ჩაწერილი, არამედ ღვთის სიტყვა, რომელიც ჩვენთვის სასარგებლოა (2 პეტ. 1:21; რომ. 15:4; 1 კორ. 10:11).
◆ იეჰოვა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია (ფსალმ. 83:18; კან. 4:39).
იეჰოვა ყველაფრის შემოქმედია, ამიტომ თაყვანისცემას მხოლოდ ის იმსახურებს (გამოცხ. 4:11; ლუკ. 4:8).
იეჰოვა სამყაროს უზენაესი მმართველია, ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, სრულად დავემორჩილოთ მას (საქ. 4:24; დან. 4:17; საქ. 5:29).
◆ იესო ქრისტე ღვთის მხოლოდშობილი ძეა, რომელიც უშუალოდ ღმერთმა შექმნა (1 იოან. 4:9; კოლ. 1:13—16).
იესო ღვთის პირველი ქმნილება იყო. ასე რომ, ვიდრე ჩაისახებოდა და ადამიანად დაიბადებოდა, ის ზეცაში ცხოვრობდა (გამოცხ. 3:14; იოან. 8:23, 58).
იესო თაყვანს სცემს თავის მამას, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს. ის არასოდეს აცხადებდა, რომ ღვთის თანასწორი იყო (იოან. 17:3; 20:17; 14:28).
იესომ თავისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე კაცობრიობის გამოსასყიდად გაიღო. ყველას, ვინც იესოს მსხვერპლისადმი ნამდვილ რწმენას ავლენს, მარადიული სიცოცხლის მიღება შეუძლია (მარ. 10:45; იოან. 3:16, 36).
იესო მკვდრეთით აღდგა, როგორც უკვდავი სულიერი პიროვნება (1 პეტ. 3:18; რომ. 6:9).
იესო დაბრუნდა (დედამიწას მიაპყრო ყურადღება, როგორც მეფემ) და ახლა ის განდიდებული სულიერი პიროვნებაა (მათ. 24:3, 23—27; იოან. 14:19).
◆ სატანა ამ ქვეყნიერების უხილავი მმართველია (იოან. 12:31; 1 იოან. 5:19).
თავდაპირველად, ის ღვთის სრულყოფილი ძე იყო. მაგრამ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შეექმნა. მან მოინდომა თაყვანისცემა, რაც მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნოდა. სატანამ უბიძგა ადამსა და ევას, რომ ღვთის ნაცვლად მას დამორჩილებოდნენ. ამგვარად, მან თვითონვე იქცია თავი „სატანად“, რაც ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“ (იოან. 8:44; დაბ. 3:1—5; შეადარეთ კანონის 32:4, 5; იაკობის 1:14, 15; ლუკას 4:5—7).
სატანას „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“. ის და მისი დემონები პასუხისმგებლები არიან უბედურებებზე, რომლებიც ამ ბოლო დღეებში უფრო და უფრო მატულობს (გამოცხ. 12:7—9, 12).
ღვთის მიერ დანიშნულ დროს სატანა და მისი დემონები სამუდამოდ განადგურდებიან (გამოცხ. 20:10; 21:8).
◆ ღვთის სამეფო ქრისტეს ხელმძღვანელობით ყველა ადამიანურ მმართველობას შეცვლის და მხოლოდ ის იმმართველებს მთელ დედამიწაზე (დან. 7:13, 14).
დღევანდელი ბოროტი ქვეყნიერება სამუდამოდ განადგურდება (დან. 2:44; გამოცხ. 16:14, 16; ეს. 34:2).
ღვთის სამეფო სამართლიანად იმმართველებს და მშვიდობას მოუტანს თავის ქვეშევრდომებს (ეს. 9:6, 7; 11:1—5; 32:17; ფსალმ. 85:10—12).
ბოროტები სამუდამოდ მოისპობიან დედამიწიდან, იეჰოვას თაყვანისმცემლები კი მარადიული კეთილდღეობით გაიხარებენ (იგავ. 2:21, 22; ფსალმ. 37:9—11; მათ. 25:41—46; 2 თეს. 1:6—9; მიქ. 4:3—5).
◆ 1914 d წლიდან მოყოლებული ამ ბოროტი ქვეყნიერების უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ (მათ. 24:3—14; 2 ტიმ. 3:1—5; დან. 12:4).
დროის ამ მონაკვეთში სასიხარულო ცნობა ექადაგება ყველა ხალხს. შემდეგ დადგება აღსასრული — არა მთლიანად კაცობრიობის, არამედ ბოროტი ქვეყნიერებისა და უღვთო ადამიანების (მათ. 24:3, 14; 2 პეტ. 3:7; ეკლ. 1:4).
◆ მხოლოდ ერთ გზას მივყავართ სიცოცხლემდე. ღმერთი არ იწონებს ყველა რელიგიას ან თაყვანისცემის ყველა ფორმას (მათ. 7:13, 14; იოან. 4:23, 24; ეფეს. 4:4, 5).
ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მთავარი რიტუალების შესრულება და მოჩვენებითი ღვთისმსახურება კი არ არის, არამედ ღვთისადმი ნამდვილი სიყვარული, რაც ღვთის მცნებების დაცვითა და მოყვასისადმი სიყვარულით ვლინდება (მათ. 15:8, 9; 1 იოან. 5:3; 3:10—18; 4:21; იოან. 13:34, 35).
ყველა ერის, რასისა და ენის ადამიანს შეუძლია იეჰოვას კეთილგანწყობის მოპოვება და მისდამი მსახურება (საქ. 10:34, 35; გამოცხ. 7:9—17).
ლოცვები მხოლოდ იეჰოვასადმი უნდა იყოს აღვლენილი იესოს სახელით. არასწორია გამოსახულებების თაყვანისცემა ან ღვთისადმი თაყვანისცემისას მათი გამოყენება (მათ. 6:9; იოან. 14:6, 13, 14; 1 იოან. 5:21; 2 კორ. 5:7; 6:16; ეს. 42:8).
ადამიანი უნდა მოერიდოს ყველაფერს, რაც სპირიტიზმს უკავშირდება (გალ. 5:19—21; კან. 18:10—12; გამოცხ. 21:8).
ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის არ არსებობს სასულიერო და საერო კლასები (მათ. 20:25—27; 23:8—12).
ხსნის მოსაპოვებლად ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან არ მოითხოვება შაბათის დაცვა ან მოსეს კანონის სხვა მოთხოვნების შესრულება, რადგან ეს იქნებოდა ქრისტეს უარყოფა, რომელმაც კანონი შეასრულა (გალ. 5:4; რომ. 10:4; კოლ. 2:13—17).
ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი სხვა რელიგიების მსახურებაში არ იღებს მონაწილეობას (2 კორ. 6:14—17; გამოცხ. 18:4).
ქრისტეს ნამდვილი მოწაფეები წყალში სრული ჩაძირვით ინათლებიან (მათ. 28:19, 20; მარ. 1:9, 10; საქ. 8:36—38).
ვინც ქრისტეს მაგალითს მიჰყვება და მის მცნებებს იცავს, სხვებთან ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებს (ლუკ. 4:43; 8:1; მათ. 10:7; 24:14).
◆ სიკვდილი ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის შედეგია (რომ. 5:12; 6:23).
სიკვდილის დროს თავად სული კვდება (ეზეკ. 18:4).
მკვდრებმა არაფერი იციან (ფსალმ. 146:4; ეკლ. 9:5, 10).
ჯოჯოხეთი (შეოლი, ჰადესი) კაცობრიობის საერთო სამარეა (იობ. 14:13, სქოლიო; გამოცხ. 20:13, 14, სქოლიო).
ბიბლიის თანახმად, „ცეცხლის ტბა“, რომელშიც გამოუსწორებელი ბოროტმოქმედები ხვდებიან, „მეორე სიკვდილს“ ანუ სამუდამო სიკვდილს ნიშნავს (გამოცხ. 21:8).
გარდაცვლილებისა და მათთვის, ვისაც საყვარელი ადამიანი მოუკვდა, მკვდრეთით აღდგომის იმედი არსებობს (1 კორ. 15:20—22; იოან. 5:28, 29; შეადარეთ იოანეს 11:25, 26, 38—44; მარკოზის 5:35—42).
სიკვდილი, რომელიც ადამის ცოდვის შედეგად გადმოგვეცა, აღარ იარსებებს (1 კორ. 15:26; ეს. 25:8; გამოცხ. 21:4).
◆ ზეცაში მხოლოდ „მცირე სამწყსო“ — 144 000 წავა (ლუკ. 12:32; გამოცხ. 14:1, 3).
ისინი „ხელახლა დაიბადნენ“, როგორც ღვთის სულიერი ძეები (იოან. 3:3; 1 პეტ. 1:3, 4).
ღმერთმა ისინი ყველა ერიდან და ხალხიდან აირჩია, რომ ქრისტესთან ერთად ზეციერ სამეფოში იმეფონ (გამოცხ. 5:9, 10; 20:6).
◆ სხვა ადამიანები, რომლებიც ღვთის მოწონებას დაიმსახურებენ, მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე (ფსალმ. 37:29; მათ. 5:5; 2 პეტ. 3:13).
დედამიწა არასდროს განადგურდება; მასზე ყოველთვის იცხოვრებენ ადამიანები (ფსალმ. 104:5; ეს. 45:18).
ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა (დაბ. 1:27, 28; 2:8, 9; ლუკ. 23:42, 43).
საკვები ყველას უხვად ექნება და ყველა თავის სახლში იცხოვრებს (ეს. 65:21—23; ფსალმ. 72:16).
ავადმყოფობა, უძლურება და სიკვდილი წარსულს ჩაჰბარდება (გამოცხ. 21:3, 4; ეს. 35:5, 6).
◆ ქრისტიანმა ქვეყნიური ხელისუფლებისადმი სათანადო პატივისცემა უნდა გამოავლინოს (რომ. 13:1—7; ტიტ. 3:1, 2).
ჭეშმარიტი ქრისტიანები სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლებში არ მონაწილეობენ (იგავ. 24:21, 22; რომ. 13:1).
ისინი იცავენ სახელმწიფოს ყველა კანონს, თუ ღვთის კანონი არ ირღვევა, თუმცა უპირველესად ღმერთს ემორჩილებიან (საქ. 5:29).
ისინი ჰბაძავენ იესოს და პოლიტიკურ საქმეებში ნეიტრალური პოზიცია უკავიათ (მათ. 22:15—21; იოან. 6:15).
◆ ქრისტიანები უნდა დაემორჩილონ ბიბლიის მითითებებს სისხლთან და ზნეობასთან დაკავშირებით (საქ. 15:28, 29).
სისხლის მიღება, იქნება ეს ჭამა თუ ვენაში შეყვანა, ღვთის კანონს ეწინააღმდეგება (დაბ. 9:3—6; საქ. 15:19, 20).
ქრისტიანები ზნეობრივად წმინდები უნდა იყვნენ. ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლებისთვის ყოვლად მიუღებელია სიძვა, მრუშობა, ჰომოსექსუალიზმი, ლოთობა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება (1 კორ. 6:9—11; 2 კორ. 7:1).
◆ ქრისტიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყვნენ პატიოსნები და ერთგულად შეასრულონ ცოლქმრული და ოჯახური პასუხისმგებლობები (1 ტიმ. 5:8; კოლ. 3:18—21; ებრ. 13:4).
ქრისტიანისთვის მიუღებელია თვალთმაქცობა და უპატიოსნობა საუბარსა თუ საქმიან ურთიერთობებში (იგავ. 6:16—19; ეფეს. 4:25; მათ. 6:5; ფსალმ. 26:4).
◆ თაყვანისცემა რომ ღვთისმოსაწონი იყოს, ქრისტიანს ყველაზე მეტად იეჰოვა უნდა უყვარდეს (ლუკ. 10:27; კან. 5:9).
იეჰოვას ნების შესრულება და მისი სახელის განდიდება ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს უნდა იკავებდეს (იოან. 4:34; კოლ. 3:23; 1 პეტ. 2:12).
თუმცა იეჰოვას მოწმეები შეძლებისდაგვარად ყველას სიკეთეს უკეთებენ, მათ ესმით, რომ ღვთის მსახურების მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ. ამიტომ ავადმყოფობისა და სტიქიური უბედურებების დროს ისინი თანამორწმუნეებს უფრო მეტად უდგანან მხარში (გალ. 6:10; 1 იოან. 3:16—18).
ღვთის სიყვარული ქრისტიანებისგან არა მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ მოყვასი უყვარდეთ, არამედ იმასაც, რომ არ უყვარდეთ უზნეობა და მატერიალიზმი. ჭეშმარიტი ქრისტიანები არ არიან ქვეყნიერების ნაწილი და ერიდებიან ყველაფერს, რითაც ქვეყნიერების სულს აირეკლავდნენ (რომ. 13:8, 9; 1 იოან. 2:15—17; იოან. 15:19; იაკ. 4:4).
[სქოლიო]
d დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „მოვიდეს შენი სამეფო“.
[სურათი 121 გვერდზე]
27 წლის რასელმა 1879 წელს „სიონის საგუშაგო კოშკის“ გამოცემა დაიწყო
[სურათები 125 გვერდზე]
ისააკ ნიუტონი და ჰენრი გრუ მათ შორის იყვნენ, ვინც ადრიდანვე უარყოფდა სამების არაბიბლიურ სწავლებას
[სურათები 128 გვერდზე]
საჯარო დებატების დროს რასელი ამტკიცებდა, რომ სიკვდილი არის სიკვდილი და გარდაცვლილი ადამიანი არ განაგრძობს ცხოვრებას არც ანგელოზებთან და არც დემონებთან მარადიულ სატანჯველში
კარნეგი-ჰოლი (ალეგანი, პენსილვანიის შტატი), ადგილი, სადაც დებატები გაიმართა
[სურათი 130 გვერდზე]
რასელი დიდ თუ პატარა ქალაქებში მოგზაურობდა და ჯოჯოხეთის შესახებ ჭეშმარიტებას ქადაგებდა
[სურათი 131 გვერდზე]
როდესაც უნივერსიტეტის სტუდენტმა, ფრედერიკ ფრენცმა სიმართლე გაიგო მკვდრების მდგომარეობის შესახებ, მან სრულიად შეცვალა თავისი მიზნები
[სურათი 135 გვერდზე]
ბიბლიის მკვლევარები ყველგან აცხადებდნენ, რომ 1914 წელს უცხოტომელთათვის დანიშნული დროები დასრულდა და იმ წელს ამ ტრაქტატს ავრცელებდნენ
[სურათი 137 გვერდზე]
1931 წელს ჯოზეფ რუტერფორდმა ფართომასშტაბიანი რადიოქსელის მეშვეობით იქადაგა, რომ მხოლოდ ღვთის სამეფოს შეეძლო მარადიული შვების მოტანა
მოხსენება „სამეფო — კაცობრიობის იმედი“ 163-მა რადიოსადგურმა გადასცა, მოგვიანებით კი — დამატებით 340-მა რადიოსადგურმა
[სურათები 142 გვერდზე]
1925 წელს ალექსანდრე მაკმილანი გემით გაემგზავრა პალესტინაში, რათა ბიბლიის მკვლევარებს გაერკვიათ, რა როლს ასრულებდნენ ებრაელები ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულებაში