ᲤᲔᲠᲔᲑᲘ
ფერების აღმნიშვნელი ბიბლიური სიტყვები თუ ფრაზები არ გამოირჩევა ისეთივე სიზუსტითა და მრავალფეროვნებით, როგორითაც თანამედროვე ტერმინები. ბიბლიის დამწერები ფერებს მეტი კონკრეტიკისთვის იყენებდნენ ან უცნობი რამის ნაცნობთან შედარების დროს (გმ. 16:31; გმც. 1:14). შედარებისთვის იყენებდნენ სისხლს, თოვლს, ზოგიერთ ფრინველს, ცეცხლს, ძვირფას ქვებსა და ა.შ. (2მფ. 3:22; ფს. 51:7; ქბ. 5:11; მთ. 16:2, 3; გმც. 9:17). ფერები ზოგჯერ გადატანითი მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა ან რომელიმე ცნებასთან ასოცირდებოდა.
ალისფერი გამოიყენება ძაფის, თოკის, ქსოვილის და ტანსაცმლის აღსაწერად, აგრეთვე ცოდვასთან მიმართებით (დბ. 38:28, 30; რც. 4:8; იეს. 2:18; იერ. 4:30; მთ. 27:28; ეს. 1:18). გამოცხადების მე-17 თავში აღწერილი მხეციც ალისფერია (მე-3 მუხლი), რაც განასხვავებს მე-13 თავში მოხსენიებული მხეცისგან. მეძავი, რომელიც ალისფერ მხეცზე ზის, შემოსილია იისფერი და ალისფერი სამოსით (გმც. 17:3—5). ეს ხილვა იმაზე მიუთითებს, რომ მხეცს სამეფო ძალაუფლებაზე აქვს პრეტენზია, მეძავი კი ფუფუნებაში ცხოვრობს და მეფური დიდებით სარგებლობს. გამოცხადების 12:3-ში მოხსენიებული დიდი დრაკონის (ასიმბოლოებს სატანა ეშმაკს) და გამოცხადების 6:4-ში მოხსენიებული ცხენის (ასიმბოლოებს ომს) აღსაწერადაც გამოიყენება ალისფერი. თუმცა ამ შემთხვევებში დედანში სხვა ბერძნული სიტყვაა გამოყენებული.
თეთრი ფერი ბიბლიაში ყველაზე ხშირადაა მოხსენიებული. გარდა იმისა, რომ ამ ფერით სხვადასხვა რამ აღიწერება, ის სიმართლისა და სულიერი სისპეტაკის სიმბოლოცაა (გმც. 3:4; 7:9, 13, 14). გამოცხადების 6:2-სა და 19:11-ში მოხსენიებული „თეთრი ცხენი“ ასიმბოლოებს იესო ქრისტეს სამართლიან ომს.
თეთრი სამოსით იმოსებოდნენ როგორც დაბალი, ისე მაღალი ფენის წარმომადგენლები. ბიბლიაში ანგელოზების სამოსიც ყოველთვის თეთრი ფერისაა (მრ. 16:5; ინ. 20:12; გმც. 19:14). თეთრი ფერითაა აღწერილი თმა (ლვ. 13:3; მთ. 5:36), კანი (ლვ. 13:16), მოსამკელი ყანა (ინ. 4:35) და სასამართლო ტახტი, რომელზე მჯდომი ღმერთიც სამართლიანად ასამართლებს (გმც. 20:11). იესომ მწიგნობრები და ფარისევლები შეთეთრებულ სამარხებს შეადარა (მთ. 23:27). მან ეს შედარება დააფუძნა ისრაელში არსებულ ჩვეულებას, რომლის თანახმადაც, პასექამდე იერუსალიმის სიახლოვეს სამარხებს ათეთრებდნენ, რათა დღესასწაულის აღსანიშნავად ჩასული ხალხი უნებურად მათ არ შეხებოდა და არ გაუწმინდურებულიყო. ბიბლიაში თეთრი ფერი მოიხსენიება შემდეგ კომბინაციაშიც „მოწითალო-მოთეთრო“ (ლვ. 13:19, 24).
იისფერი ხშირად მოიხსენიება ბიბლიაში, თუმცა კონკრეტულად არ არის მოხსენიებული მისი სხვადასხვა ტონალობა, რომელსაც საღებავის სახეობა ან შეღებვის მეთოდი განსაზღვრავს (გმ. 25:4; რც. 4:13; ეზკ. 27:7, 16; დნ. 5:7, 29; მრ. 15:17, 20; ლკ. 16:19; გმც. 17:4). იისფერი საღებავის სიძვირის გამო ეს ფერი ასოცირდებოდა სიმდიდრესთან, პატივთან ან სამეფო დიდებულებასთან.
ლურჯი ფერის საღებავით ღებავდნენ ძაფებს, ზონრებს, ქსოვილებსა თუ სხვადასხვა სამოსელს (გმ. 26:4, 31, 36; 39:22; რც. 4:7). ყველა ებრაელს ტანსაცმლის კალთაზე ფოჩებს ზემოთ ლურჯი ზონარი უნდა ჰქონოდა შემოვლებული (რც. 15:38, 39). მუქი ლურჯი გვხვდება გამოცხადების 9:17-ში მოხსენიებული ჯავშნების აღწერილობაში.
მწვანე ხშირად გვხვდება ბიბლიაში, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, არა ფერის აღსაწერად. ეს ფერი მცენარეულობასთან მიმართებით გამოიყენება და სიქორფისა და სიცოცხლის აზრს ატარებს. ის სიჯანსაღისა და კეთილდღეობის აზრის გადმოსაცემადაც გამოიყენება (დბ. 1:30; 9:3; გმ. 10:15; 2მფ. 19:26; გმც. 8:7). მოყვითალო-მომწვანო გამოიყენება ტანსაცმლის ლაქის ან სახლის კედელზე გაჩენილი ღრმულის ფერის, აგრეთვე ხალასი ოქროს აღსაწერად (ლვ. 13:49; 14:37; ფს. 68:13, სქ., აქ, 2006 წლის გამოცემა).
ნაცრისფერი გვხვდება კომბინაციაში „მოწითალო-მონაცისფრო“, რომლითაც ძვირფასი შალის ფერია აღწერილი (ეზკ. 27:18).
ყავისფერი მხოლოდ ცხვართან მიმართებით გამოიყენება (დბ. 30:32, 33, 35, 40).
ბიბლიაში ყვითელი და გოგირდისფერიც გვხვდება (ლვ. 13:30, 32, 36; გმც. 9:17).
შავი ფერი გამოიყენება თმასთან (ლვ. 13:31; მთ. 5:36), ცხენთან (ზქ. 6:2, 6), კანთან (იობ. 30:30) და მზესთან მიმართებით (გმც. 6:12). გამოცხადების 6:5, 6-ში შავი ცხენი შიმშილობას ასიმბოლოებს. ბიბლიაში აგრეთვე მოხსენიებულია „შავი მარმარილო“ და „შავი საღებავი“ (ესთ. 1:6; იერ. 4:30).
შინდისფერი იყო ერთ-ერთი ძვირადღირებული საღებავი, რომლითაც ძაფებსა თუ ქსოვილებს ღებავდნენ (2მტ. 2:7, 14; 3:14; ნამ. 2:3). შინდისფერი ცოდვის აღსაწერადაც გამოიყენება (ეს. 1:18).
წითელი და მოწითალო-მოყავისფრო გამოიყენება თმასთან (დბ. 25:25), შეღებილი ვერძის ტყავთან (გმ. 25:5), ცხოველებთან (რც. 19:2; ზქ. 1:8), ტანსაცმელთან (ეს. 63:2) და საღამოს ცასთან მიმართებით (მთ. 16:2, 3). წითელი ფერის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა ʼადომ ნაწარმოებია სისხლის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვიდან დამ (დბ. 25:30; 9:6). იერემიას 22:14-ში „წითლად“ გადმოტანილი დედნისეული სიტყვა მიანიშნებს ფერზე, რომელიც მიიღებოდა ტყვიის ან რკინის ჟანგისგან. როგორც ჩანს, პირველად ამ ფერის დამზადება ფინიკიელებმა დაიწყეს, რომლებმაც ეს სასარგებლო წიაღისეული ჩრდილოეთ აფრიკიდან შემოიტანეს. მოგვიანებით ახლო აღმოსავლეთშიც მიაკვლიეს მსგავს საბადოებს.
სხვა. ბიბლიაში აგრეთვე გამოყენებულია სხვადასხვა სიტყვა ამა თუ იმ შეფერილობის ან შერეული ფერების აღსაწერად. მაგალითად, ჭრელი (დბ. 30:32, 33; იერ. 12:9; ზქ. 6:3, 7), ხასხასა (ეს. 63:1), წითური (1სმ. 16:12; ქბ. 5:10), ხალებიანი (ზქ. 6:3, 6), ლაქებიანი (დბ. 31:10, 12), ფერად-ფერადი (ეზკ. 27:24) და ნაირფერი (ეზკ. 16:16; 27:24; იხ. ᲡᲐᲦᲔᲑᲐᲕᲔᲑᲘ, ᲦᲔᲑᲕᲐ).
იესოს მოსასხამი. იმ მოსასხამზე, რომლითაც იესო ქრისტე სიკვდილის დღეს რომაელმა ჯარისკაცებმა მის დასაცინად შემოსეს, მათეს 27:28-ში ნათქვამია, რომ ეს იყო „ალისფერი მოსასხამი“, ხოლო მარკოზის 15:17-სა და იოანეს 19:2-ში წერია, რომ ეს მოსასხამი იისფერი იყო. ამის გამო ზოგი ფიქრობს, რომ ბიბლიაში ამ მოსასხამთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი აზრებია ჩაწერილი. თუმცა ეს სხვაობა იმით აიხსნება, რომ სახარებების დამწერებს ფერების ინდივიდუალური აღქმა ჰქონდათ და წინასწარ შეთანხმებულები არ იყვნენ. მათემ ისე აღწერა ეს მოსასხამი, როგორც თავად აღიქვა და მის წითელ ტონალობაზე გაამახვილა ყურადღება. იოანემ და მარკოზმა კი მოსასხამის ფერზე საუბრისას წითელ ტონალობაზე არ გააკეთეს აქცენტი და თქვეს, რომ ეს მოსასხამი იისფერი იყო. იისფერი შეგვიძლია ვუწოდოთ ნებისმიერ ფერს, რომელშიც წითელი და ლურჯი დომინირებს. ასე რომ, მარკოზისა და იოანეს აღწერილობაც არ გამორიცხავს იმ აზრს, რომ მოსასხამი გარკვეულწილად წითელიც იყო. ფერის აღქმაზე გავლენას ფონი და სინათლეც ახდენს. მაგალითად, წყლის ფერი იმის მიხედვით იცვლება, თუ კონკრეტულ მომენტში რა ფერია ცა და როგორ აირეკლება სინათლე. ამ ყოველივეს ფონზე ვხედავთ, რომ იესოს მოსასხამის ფერის აღწერისას სახარებების დამწერებს ურთიერთგამომრიცხავი აზრები არ დაუწერიათ.