განგების ველზე განაჩენის სისრულეში მოყვანა
„ხალხებმა. . . მიაშურონ იოშაფატის ველს, რადგან იქ დავჯდები, რომ განვსაჯო ყველა ხალხი, ვინც კი გარშემოა“ (იოველი 4:12).
1. რატომ ხედავს იოველი ‘განგების ველზე’ შეკრებილ ურდოებს?
„ურდოები აწყდებიან განგების ველს“! — ამ ამაღელვებელ სიტყვებს იოველის 4:14-ში ვკითხულობთ. რატომ იკრიბებიან ეს ურდოები? იოველი იძლევა პასუხს: «ახლოვდება უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე». ეს არის იეჰოვას გამართლების დიადი დღე — იმ მრავალთათვის განაჩენის გამოტანის დღე, რომლებიც უარყოფენ ღვთის მიერ დამყარებულ სამეფოს, სადაც იესო მმართველობს. ბოლოს, გამოცხადების მე-7 თავის თანახმად, ‘ოთხმა ანგელოზმა’ უნდა გაათავისუფლოს „დედამიწის ოთხი ქარი“, რასაც მოჰყვება „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება“ (გამოცხადება 7:1; მათე 24:21).
2. ა) რატომ ეწოდება იეჰოვას სასამართლო განაჩენის სისრულეში მოყვანის ადგილს ‘იოშაფატის ველი’? ბ) როგორ მოქმედებდა იოშაფატი შემოტევის დროს?
2 განაჩენის სისრულეში მოყვანის ადგილს იოველის 4:12-ში ‘იოშაფატის ველი’ ეწოდება. ეს სახელი ირეკლავს იმ ფაქტს, რომ იუდეის ისტორიის მშფოთვარე პერიოდის განმავლობაში იეჰოვამ სასამართლო განაჩენი კარგი მეფის, იოშაფატის, სასარგებლოდ აღასრულა, რომლის სახელიც ნიშნავს: „იეჰოვა მოსამართლეა“. იმ დროს მომხდარი ფაქტების განხილვა ჩვენი დროის უახლოეს მომავალში მოსახდენი მოვლენების უკეთესად გაგებაში დაგვეხმარება. ამ ისტორიის პოვნა შეგვიძლია მეორე ნეშტთა მე-20 თავში. ამ თავის პირველ მუხლში ვკითხულობთ: „მოვიდნენ მოაბიანები და ყამონიანები (ყამონელნიც მათთან იყვნენ) იოშაფატის წინააღმდეგ საბრძოლველად“. როგორი იყო იოშაფატის რეაქცია? მან გააკეთა ის, რასაც კრიზისის დროს ყოველთვის აკეთებენ იეჰოვას ერთგული მსახურები. ხელმძღვანელობისთვის მხურვალე ლოცვით მიმართა იეჰოვას: „ჩვენო ღმერთო, განა შენ არ დასდებ მათ მსჯავრს? რადგან უძლურნი ვართ ამ მრავალრიცხოვანი ურდოს წინაშე, ჩვენს წინააღმდეგ რომ არის მოსული. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რადგან შენკენაა ჩვენი თვალი მოპყრობილი“ (მეორე ნეშტთა 20:12).
ლოცვაზე იეჰოვას პასუხი
3. რა დარიგება მისცა იეჰოვამ იუდეას მეზობელი ერებისგან სასტიკი იერიშის წინ?
3 მაშინ როცა „მთელი იუდა უფლის წინაშე იდგა, თავიანთი ჩვილებით, ცოლებითა და ვაჟებით“, იეჰოვა გამოეხმაურა მათ (მეორე ნეშტთა 20:13). ლოცვების დიდებულმა მომსმენმა სწორედ ისე გამოიყენა იმ დროს ლევიანი წინასწარმეტყველი იეხაზიელი შეკრებილი ხალხისთვის პასუხის გამოსაცხადებლად, როგორც დღეს იყენებს ‘ერთგულ და გონიერ მონას’ (მათე 24:45). ბიბლიაში ვკითხულობთ: „ასე გეუბნებათ უფალი: ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით ამ უზარმაზარი ურდოს წინაშე, რადგან თქვენ კი არ გმართებთ ომი, არამედ ღმერთს. . . ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ. გადით, დადექით და უცქირეთ უფლის მიერ თქვენს ხსნას. . . ნუ გეშინიათ და ნუ ძრწიხართ. ხვალ გახვალთ მის წინააღმდეგ და უფალი იქნება თქვენთან“ (მეორე ნეშტთა 20:15–17).
4. როგორ მოქმედება მოითხოვდა იეჰოვა თავისი ხალხისგან, რომელიც მტრის გამოწვევის პირისპირ იდგა?
4 მეფე იოშაფატისა და მისი ხალხისგან იეჰოვა სასწაულებრივი გათავისუფლების მხოლოდ უმოქმედოდ მოლოდინს როდი მოითხოვდა. მათ საკუთარ თავზე უნდა აეღოთ ინიციატივა, თავი გაერთვათ მტრის გამოწვევისთვის. მეფემ და ‘მთელმა იუდამ, თავიანთი ჩვილებით, ცოლებითა და ვაჟებით’ დიდი რწმენა გამოავლინეს, რადგან დილაადრიან მორჩილად ადგნენ და შემოსეულ ურდოებთან შესახვედრად გაემართნენ. გზაზე მეფე განაგრძობდა თეოკრატიული მითითებების მიცემასა და გამხნევებას და მოუწოდებდა: „დაენდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, მტკიცედ იდექით, გწამდეთ მისი წინასწარმეტყველებისა და მოგემართებათ ხელი“ (2 ნეშტთა 20:20). იეჰოვასადმი მინდობა! მისი წინასწარმეტყველების მიმართ რწმენა! — ეს იყო წარმატების გასაღები. ასევეა დღესაც; სანამ იეჰოვას ვემსახურებით, ნურასოდეს შეგვეპარება ეჭვი, რომ მისი დახმარებით ჩვენი რწმენა გაიმარჯვებს!
5. რამდენად აქტიურად განადიდებენ ღმერთს დღეს იეჰოვას მოწმეები?
5 იოშაფატის დღეებში მცხოვრები ებრაელების მსგავსად, ჩვენც უნდა ‘ვადიდოთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი’. როგორ განვადიდოთ იეჰოვა? სამეფოს შესახებ გულმოდგინე ქადაგებით! როგორც იუდეველებმა „დაიწყეს ყიჟინა და სიმღერა“, ასევე ჩვენც რწმენა საქმეებით უნდა შევავსოთ (2 ნეშტთა 20:21, 22). მოდი ჩვენც გამოვავლინოთ მსგავსი ნამდვილი რწმენა, რადგან იეჰოვა თავისი მტრების წინააღმდეგ სამოქმედოდ ემზადება! თუმცა ეს გზა შეიძლება გრძელი მოგვეჩვენოს, ვიყოთ გადაწყვეტილებით აღსავსე — მოვითმინოთ და რწმენით ისე ვიმოქმედოთ, როგორც ამას დღეს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში არახელსაყრელ პირობებში მცხოვრები ჩვენი გამარჯვებული ძმები აკეთებენ. როგორც „იეჰოვას მოწმეთა 1998 წლის წელიწდეული“ (რუს.) იუწყება, ზოგ ქვეყანაში, სადაც სასტიკი დევნები, ძალადობა, შიმშილობა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ღვთის ერთგული მსახურები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ.
იეჰოვა შველის თავის ხალხს
6. როგორ გვეხმარება დღეს მტკიცე რწმენა ერთგულების შენარჩუნებაში?
6 იუდეველების გარშემო მცხოვრები ურწმუნოები ღვთის ხალხის შთანთქმას ცდილობდნენ, მაგრამ იუდეველები სამაგალითო რწმენას ავლენდნენ და იეჰოვას სიმღერით ხოტბას ასხამდნენ. ჩვენც შეგვიძლია დღეს მსგავსი რწმენის გამოვლენა. იეჰოვას სადიდებელი საქმეებით ცხოვრების შევსებით განვამტკიცებთ ჩვენს სულიერ საჭურველს და ადგილს არ მივცემთ სატანას, რომ მზაკვრობით შემოიპაროს ჩვენში (ეფესელთა 6:11). მტკიცე რწმენა ხელს შეგვიწყობს, გავუძლოთ უხამსი გართობების, მატერიალიზმისა და ჩვენ ირგვლივ არსებული მომაკვდავი წუთისოფლისთვის დამახასიათებელი აპათიის ცდუნებას. ეს უდრეკი რწმენა შეგვაძლებინებს, ყოველთვის ურყევი ერთგულებით ვიმსახუროთ ‘ერთგულ და გონიერ მონასთან’, რომელიც რეგულარულად გვკვებავს „დროულად“ მოწოდებული სულიერი საზრდოთი (მათე 24:45).
7. როგორ რეაგირებენ იეჰოვას მოწმეები მათ წინააღმდეგ სხვადასხვაგვარ გამოსვლებზე?
7 ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა დაგვიცავს მათეს 24:48–51-ში აღწერილი ‘ბოროტი მონის’ სულის მქონე პიროვნებების სიძულვილით აღსავსე შემოტევისგან. ეს წინასწარმეტყველება საოცარი სახით სრულდება — დღეს მრავალ ქვეყანაში განდგომილები აქტიურად თესავენ სიცრუეს, ეწევიან პროპაგანდას და ზოგი პოლიტიკური ხელმძღვანელის დაჯერებასაც კი ახერხებენ. სადაც საჭიროა, იეჰოვას მოწმეები ეპასუხებიან მათ გამოსვლას და როგორც ფილიპელთა 1:7-შია აღწერილი, ‘იცავენ და [„კანონიერად“, აქ] განამტკიცებენ სახარებას’. მაგალითად, საბერძნეთის შემთხვევაში, 1996 წლის 26 სექტემბერს ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპის სასამართლოს ცხრა მოსამართლემ სტრასბურში ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ «„იეჰოვას მოწმეთა“ რელიგია შედის იმ „ცნობილ რელიგიათა“ ჯგუფში», რომლებსაც აქვთ აზრის, სინდისისა და რწმენის თავისუფლება, ასევე თავიანთი რწმენის ქადაგების უფლება. რაც შეეხება განდგომილებს, ღვთის მიერ მათთვის გამოტანილი განაჩენი შემდეგია: „იმ მართალი იგავისა არ იყოს, იმათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ხოლო ნაბანი ღორი ტალახში საგორაოდ მიდის“ (2 პეტრე 2:22).
8. როგორ მოიყვანა სისრულეში იოშაფატის დღეებში იეჰოვამ თავისი ხალხის მოწინააღმდეგეებზე გამოტანილი განაჩენი?
8 იოშაფატის დღეებში იეჰოვამ სისრულეში მოიყვანა თავისი ხალხისთვის ზიანის მიყენების მსურველებზე გამოტანილი განაჩენი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „უფალმა ალყაში მოაქცია იუდას წინააღმდეგ მოსული ყამონიანები, მოაბიანები და სეყირის მთიელები და გაანადგურა. აღდგნენ ყამონიანებზე, მოაბიანებზე და სეყირის მთის მცხოვრებლებზე მათ დასახოცად და ამოსაწყვეტად. როცა სეყირის მცხოვრებთ მოუღეს ბოლო, ერთმანეთს დაერივნენ დასახოცად“ (მეორე ნეშტთა 20:22, 23). იუდეველებმა ამ ადგილს „კურთხევის ველი“ უწოდეს. დღესაც იეჰოვას მტრებისთვის მის მიერ გამოტანილი სასამართლო განაჩენის შედეგი მისი ხალხისთვის კურთხევა იქნება.
9, 10. ვინ იმისახურებს იეჰოვასგან მსჯავრს?
9 ჩვენ შეიძლება ვიკითხოთ, დღეს ვის დაატყდება თავს იეჰოვას მსჯავრი? პასუხის მისაღებად ისევ იოველის წინასწარმეტყველებას დავუბრუნდეთ. იოველის 4:3 ღვთის ხალხის მტრებზე ლაპარაკობს, რომლებმაც „ყმაწვილი მეძავზე გაცვალეს, ყმაწვილქალი ღვინოზე გაყიდეს და სვამდნენ“. დიახ, ისინი ღვთის მსახურებს ზემოდან დაჰყურებენ და მიაჩნიათ, რომ მათი შვილების ფასი მეძავისთვის გადასახადი ფულის ან ერთი დოქი ღვინის ფასს არ აღემატება. ისინი პასუხს აგებენ ამის გამო.
10 იეჰოვასგან ასეთივე განაჩენის ღირსები არიან სულიერი მეძავებიც (გამოცხადება 17:3–6). განსაკუთრებით კი დასაგმობი არიან ისინი, რომლებიც პოლიტიკურ ძალებს იეჰოვას მოწმეების დევნისკენ უბიძგებენ და ამით მათ მოღვაწეობას დაბრკოლებას უქმნიან, როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ შფოთის შემომტანმა რელიგიურმა წინამძღოლებმა გააკეთეს. იეჰოვა არ მალავს, თავის განზრახვას ასეთი ბოროტების მიმართ (იოველი 4:4–8).
„განემზადეთ ომისთვის“
11. როგორ მოუწოდებს იეჰოვა თავის მტრებს ომისკენ?
11 შემდეგ იეჰოვა თავის ხალხს ამ გამოწვევის ერებისთვის გასაცხადებლად მოუწოდებს: „განემზადეთ ომისთვის, აღძარით გმირები, რომ ფეხზე დადგეს ყველა მეომარი“ (იოველი 4:9). ეს არის განაცხადი უჩვეულო ომის — სამართლიანი ომის შესახებ. იეჰოვას ერთგული მოწმეები, როდესაც რეაგირებენ ცრუ პროპაგანდაზე და ჭეშმარიტებას მოცხებულ სიცრუის ჩირქს სწმენდენ, სულიერ იარაღებზე არიან მინდობილი (2 კორინთელთა 10:4; ეფესელთა 6:17). მალე ღმერთი საომრად გაემზადება „ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისათვის“ (გამოცხადება 16:14). ის დედამიწიდან ღვთის უზენაესი ხელისუფლების ყველა მოწინააღმდეგეს მოსპობს. დედამიწაზე მყოფი მისი ხალხი ფიზიკურად არ მიიღებს მასში მონაწილეობას, რადგანაც, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, ისინი ‘მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს (ესაია 2:4). ამის საპირისპიროდ, მოწინააღმდეგე ერებს იეჰოვა ეუბნება, პირიქით მოიქცნენ: „სახნისებისგან მახვილები გამოჭედეთ, თოხებისაგან — შუბები!“ (იოველი 4:10). ამგვარად, ის მათ მოუწოდებს, მთელი თავიანთი საბრძოლო იარაღი მოქმედებაში მოიყვანონ. მაგრამ ერებს წარმატება არ ექნებათ, რადგან ომიც და გამარჯვებაც იეჰოვასია!
12, 13. ა) ცივი ომის დამთავრების მიუხედავად, რით ცხადყოფენ ერები, რომ ახლაც მზად არიან ომისთვის? ბ) რისთვის არ არიან მზად ერები?
12 მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ერებმა გამოაცხადეს, რომ ცივი ომი დამთავრდა. მაგრამ იყო მიღწეული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი მიზანი მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით? სულაც არა! რას გვეუბნება სომალისა და ერაყში, ავღანეთსა და ყოფილ იუგოსლავიაში, ლიბერიასა და რუანდაში, ბურუნდისა და ზაირში მომხდარი მოვლენები? იერემიას 6:14-ის თანახმად, ისინი ამბობენ: „მშვიდობააო, მშვიდობა! თუმცა არ არის მშვიდობა“.
13 თუმცა ზოგან შეწყდა ომები, გაეროს წევრი ერები დღემდე ერთმანეთს ეჯიბრებიან უფრო და უფრო დახვეწილი საბრძოლო იარაღების წარმოების ზრდაში. ზოგი არ ანადგურებს ატომური იარაღის მარაგს. სხვები მასობრივი განადურების ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური იარაღების დამზადებას ავითარებენ. არმაგედონად წოდებულ სიმბოლურ ადგილზე ამ ერების თავმოყრისას იეჰოვა მათ შემდეგი სიტყვებით იწვევს: „უძლურმა თქვას: ძლიერი ვარო! იჩქარეთ, დაიძარით, ხალხებო, ყოველი მხრიდან და შეგროვდით!“ იოველი შემდეგ საკუთარ თხოვნას რთავს: „იქ მიავლინე უფალო, შენი გმირები!“ (იოველი 4:10, 11).
იეჰოვა იცავს საკუთარ ხალხს
14. ვინ არიან იეჰოვას გმირები?
14 ვინ არიან იეჰოვას გმირები? ბიბლია „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ დაახლოებით 280-ჯერ ჭეშმარიტ ღმერთს ლაშქართა იეჰოვას, „ცაბაოთ უფალს“, უწოდებს (მეოთხე მეფეთა 3:14). ეს ლაშქარი ანგელოზების ზეციერი ლაშქარია, რომელიც მზად არის იეჰოვას ბრძანების შესასრულებლად. როდესაც ასურელები ცდილობდნენ ელისეს შეპყრობას, იეჰოვამ ბოლოს ელისეს მსახურს აუხილა თვალები, რათა მას დაენახა, თუ რატომ ვერ გაიმარჯვებდნენ მტრები: „აჰა სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით“ (მეოთხე მეფეთა 6:17). იესომ თქვა, რომ მას შეეძლო თავისი მამისთვის „ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც“ ეთხოვა (მათე 26:53). როდესაც აღწერს არმაგედონში განაჩენის შემსრულებელ იესოს, ცხენზე ამხედრებულს, გამოცხადების წიგნი ამბობს: „ციური ლაშქარი მისდევდა მას თეთრ ცხენებზე, თეთრი და წმიდა ბისონით შემოსილი. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს, და იგი დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით. იგი წურავს ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს“ (გამოცხადება 19:14, 15). ეს სიმბოლური ღვინის საწნახელი ხატოვნად არის აღწერილი როგორც ‘ღვთის მძვინვარების დიდი საწნახელი’ (გამოცხადება 14:17–20).
15. როგორ აღწერს იოველი ერების წინააღმდეგ იეჰოვას ომს?
15 მაშ, როგორ უპასუხა იეჰოვამ იოველის ვედრებას ღვთის გმირების მივლენის შესახებ? ეს თვალსაჩინოდ არის აღწერილი შემდეგი სიტყვებით: «გაიღვიძონ ხალხებმა და მიაშურონ იოშაფატის ველს, რადგან იქ დავჯდები, რომ განვსაჯო ყველა ხალხი, ვინც კი გარშემოა. გაამზადეთ ნამგლები, რადგან მოწეულია სამკალი. წადით, ჩადით, რადგან აივსო საწნახელი, გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა მათი ბოროტება. ურდოები აწყდებიან განგების ველს, რადგან ახლოვდება უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე განგების ველზე. მზე და მთვარე დაბნელდება, ვარსკვლავებს წაერთმევათ შუქი. იგრგვინებს უფალი სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; შეირყევა ცა და მიწა» (იოველი 4:12–16).
16. ვინ იქნება მათ შორის, ვის მიმართაც იეჰოვა სისრულეში მოიყვანს გამოტანილ განაჩენს?
16 როგორც სარწმუნოა, რომ იოშაფატის სახელი ნიშნავს: „იეჰოვა მოსამართლეა“, ასევე სარწმუნოა, რომ ღმერთი, იეჰოვა, სასამართლო განაჩენის სისრულეში მოყვანისას ბოლომდე დაამტკიცებს თავის უზენაესობას. წინასწარმეტყველებაში ისინი, რომლებიც არაკეთილსასურველ განაჩენს მიიღებენ, აღწერილია როგორც ‘განგების ველზე თავმოყრილი ურდოები’. ნებისმიერი, ვინც ცრუ რელიგიის ქომაგად რჩება, ამ ურდოების შემადგენლობაში იქნება. მათ რიცხვში იქნებიან მეორე ფსალმუნში აღწერილი ხალხები და ერები, ამქვეყნიური მეფეები და წარჩინებულნი, რომლებმაც ‘უფლისადმი შიშით მსახურებას’ ამ წუთისოფლის გარყვნილი სისტემა ამჯობინეს. ისინი არ ‘ეამბორებიან ძეს’ (ფსალმუნი 2:1, 2, 11, 12). ისინი იესოს არ სცნობენ იეჰოვას თანამზრახველ მეფედ. გარდა ამისა, გასანადგურებლად აღნიშნულთა შორის იქნება ყველა, ვისაც დიდებული მეფე ‘თხად’ ჩათვლის (მათე 25:33, 41). როდესაც იეჰოვა დანიშნულ დროს ზეციერი იერუსალიმიდან გასცემს ბრძანებას, მის მიერ ცხებული ცხენზე ამხედრებული მეფეთმეფე სისრულეში მოიყვანს ამ განაჩენს. ცა და მიწა ნამდვილად შეირყევა! მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა „დაიცავს თავის ერს და დაიფარავს ისრაელიანებს“ (იოველი 4:16).
17, 18. ვინ გადაიტანს დიდ გასაჭირს და რა პირობებში იცხოვრებენ ისინი?
17 გამოცხადების 7:9–17 დიდი გასაჭირიდან მოსულებს ‘უამრავ ხალხს’ უწოდებს, რომელიც იესოს სისხლის გამომსყიდველური ძალისადმი რწმენის გამომვლენებისგან შედგება. ისინი დაცული იქნებიან იეჰოვას დღეს, მაშინ როცა, ამის საპირისპიროდ, იოველის წინასწარმეტყველებაში აღწერილი, განგების ველზე თავმოყრილი ურდოები არაკეთილსასურველ განაჩენს მიიღებენ. ღმერთი იოველის მეშვეობით გადარჩენილებს ეუბნება: „მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე [იეჰოვას ზეციერ სამყოფელში] დავანებული“ (იოველი 4:17ა).
18 შემდეგ წინასწარმეტყველება გვამცნობს, რომ ღვთის ზეციერი სამეფოს სამფლობელო „გახდება. . . საწმიდარი და ვეღარასოდეს შევა იქ უცხოთესლი“ (იოველი 4:17ბ). ზეცაში და ზეციერი სამეფოს მიწიერ სამფლობელოში აღარ იქნებიან უცხოები, ვინაიდან ყველა წმინდა თაყვანისცემაში იქნება გაერთიანებული.
19. როგორ არის აღწერილი იოველის მიერ ღვთის ხალხის დღევანდელი ბედნიერება, რომელიც სამოთხეში გამეფებული ბედნიერების მსგავსია?
19 თუმცა აქ, დედამიწაზე, იეჰოვას ხალხს შორის დღესაც უდიდესი მშვიდობა სუფევს. ისინი 230-ზე მეტ ქვეყანაში და დაახლოებით 300 სხვადასხვა ენაზე გაერთიანებულად აცხადებენ ღვთის სამსჯავროს. მათი კეთილდღეობა შესანიშნავად იწინასწარმეტყველა იოველმა: „იმ დღეს გადმოჩქეფს მთებიდან შანარი და რძე გადმოიღვრება; წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში“ (იოველი 4:18). დიახ, იეჰოვა განაგრძობს დედამიწაზე მისადმი ხოტბის შემსხმელებზე ბედნიერების მომტანი კურთხევებისა და კეთილდღეობის, ასევე ძვირფასი ჭეშმარიტებების მზარდი ნაკადის გადმოფრქვევას. განგების ველზე იეჰოვას უზენაესობა ბოლომდე გამართლდება და გამოსასყიდიც ხალხს შორის დიდი სიხარული დაისადგურებს, რადგან ღმერთი მარადიულად მათ შორის იქნება (გამოცხადება 21:3, 4).
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
◻ როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი იოშაფატის დღეებში?
◻ ვის თვლის იეჰოვა ‘განგების ველზე’ განადგურების ღირსად?
◻ ვინ არიან ღვთის გმირები და რა როლს შეასრულებენ ისინი საბოლოო შეტაკებაში?
◻ როგორ აღწერდით ერთგული თაყვანისმცემლების ბედნიერებას.
[სურათი 21 გვერდზე]
იუდას უთხრეს: ‘ნუ გეშინია, რადგან შენ კი არ გმართებს ომი, არამედ ღმერთს’.
[სურათი 23 გვერდზე]
იეჰოვა თავის მტრებს ‘სახნისებისგან მახვილების გამოჭედვისკენ’ მოუწოდებს.
[სურათი 24 გვერდზე]
ბიბლია დიდი გასაჭირიდან მოსულებს უამრავ ხალხს უწოდებს.