გეშინოდეს იეჰოვასი და დაიცავი მისი მცნებები
„მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი [„ვალდებულება“, აქ]“ (ეკლესიასტე 12:13).
1, 2. ა )როგორ შეუძლია შიშს, სახიფათო მდგომარეობისგან დაგვიცვას? ბ) რატომ ცდილობენ გონიერი მშობლები, რომ თავიანთ ბავშვებს ჯანსაღი შიში ჩაუნერგონ?
„სიმამაცე სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, ხოლო შიში იცავს მას“, — შენიშნა ლეონარდო და ვინჩიმ. წინდაუხედავად ან თავდაჯერებულად გამოვლენილი სიმამაცე მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში თვალებს უბრმავებს ადამიანს, მაშინ, როცა შიში ფრთხილად ყოფნის აუცილებლობას შეახსენებს. მაგალითად, როდესაც კლდის პირას ვდგავართ და ვხედავთ, თუ რაოდენ დიდი საშიშროებაა ღრმა უფსკრულში გადაშვებისა, ინსტინქტურად უკან ვიხევთ. მსგავსად ამისა, ჯანსაღი შიში, როგორც წინა სტატიიდან შევიტყვეთ, არა მხოლოდ ღმერთთან კარგი ურთიერთობის დამყარებაში გვიწყობს ხელს, არამედ ზიანისგანაც გვიცავს.
2 თუმცა, ისიც უნდა გავარკვიოთ, თუ დღესდღეობით სხვადასხვა სახიფათო მდგომარეობისგან თავის ასარიდებლად რა როლს თამაშობს შიში. თუკი პატარა ბავშვებმა არაფერი იციან დენთან ან ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ, შეიძლება ადვილად გახდნენ უბედური შემთხვევის მსხვერპლიa. გონიერი მშობლები ცდილობენ, ჯანსაღი შიში ჩაუნერგონ თავიანთ შვილებს, როდესაც კვლავ და კვლავ აფრთხილებენ ირგვლივ არსებული საშიშროების შესახებ. მშობლებმა იციან, რომ ამ შიშს მათი შვილების სიცოცხლის დაცვა შეუძლია.
3. რატომ და როგორ გვაფრთხილებს იეჰოვა სულიერი საფრთხის შესახებ?
3 მსგავსად ამისა, იეჰოვაც დაინტერესებულია ჩვენი კეთილდღეობით. ის ჩვენი მოსიყვარულე მამაა და ამიტომაც გვასწავლის თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით ჩვენდა სასარგებლოდ (ესაია 48:17). ღვთისგან მომდინარე სასწავლო პროგრამის ნაწილი ჩვენი გამუდმებული გაფრთხილებაცაა, რათა სულიერი მახეების მსხვერპლი არ გავხდეთ და ასეთი საფრთხის მიმართ ჯანსაღი შიში განვივითაროთ (მეორე ნეშტთა 36:15; 2 პეტრე 3:1). კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ბევრი სულიერი კატასტროფისა და დიდი ტანჯვის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი, ʽთუკი ადამიანებს ისეთი გული ექნებოდათ, რომ შეეშინდებოდათ ღვთისა და დაიცავდნენ მის მცნებებსʼ (მეორე რჯული 5:26). ამ „საზარელ ჟამში“ როგორ შეგვიძლია ღვთისადმი შიშის განვითარება და სულიერი საფრთხის არიდება? (2 ტიმოთე 3:1).
განერიდე ბოროტებას
4. ა) რა სახის სიძულვილი უნდა განავითარონ ქრისტიანებმა? ბ) რას გრძნობს იეჰოვა ცოდვილ საქციელთან დაკავშირებით? (იხილეთ სქოლიო).
4 ბიბლია გვიხსნის, რომ „უფლის მოშიშებას სძულს ბოროტება“ (იგავნი 8:13). ბიბლიურ ლექსიკონში ეს სიძულვილი განიმარტება, როგორც „ემოციური განწყობა ისეთი ადამიანების ან მრავალი ისეთი რამის მიმართ, რაც საწინააღმდეგო, შესაზიზღი და საძულველია, და ვისთანაც ან რასთანაც არანაირი კავშირის ან ურთიერთობის დამყარების სურვილი არ გიჩნდება“. ასე რომ, ღვთისმოშიშებაში ისიც იგულისხმება, რომ შინაგანად გძულდეს ყოველივე ის, რაც იეჰოვას თვალში ბოროტებააb (ფსალმუნი 96:10). ეს შიში აღგვძრავს, ზურგი ვაქციოთ ბოროტებას ისევე, როგორც ინსტინქტური შიშის გამო კლდის პირას მდგარნი უკან დავიხევდით. „უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავნი 16:6).
5. ა) როგორ შეგვიძლია ღვთისადმი შიშისა და ყოველგვარი ბოროტების მიმართ სიძულვილის გაძლიერება? ბ) რას გვასწავლის ამასთან დაკავშირებით ისრაელი ერის ისტორია?
5 ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ეს ჯანსაღი შიში და სიძულვილი ყოველგვარი ბოროტების მიმართ, თუკი დავფიქრდებით იმ საზიანო შედეგებზე, რომლებიც ცოდვის ჩადენას უსათუოდ მოსდევს. ბიბლია გვარწმუნებს, რომ რასაც დავთესავთ, იმასვე მოვიმკით: თუ ხორციელს — ხორციელს, თუ სულიერს — სულიერს (გალატელთა 6:7, 8). ამიტომ იეჰოვამ ნათლად აღგვიწერა, თუ რა უცილობელი შედეგები მოჰყვება მისი მცნებების უგულებელყოფასა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მიტოვებას. ღვთის მფარველობის გარეშე ისრაელის პატარა, სუსტი ერი ძლიერი და სასტიკი მეზობელი ერების ხელში ჩავარდებოდა (მეორე რჯული 28:15, 45—48). ის, თუ რა ტრაგიკული შედეგი მოჰყვა ისრაელი ერის დაუმორჩილებლობას, ბიბლიაში დეტალურად არის აღწერილი „ჩვენს გასაფრთხილებლად“, რათა გაკვეთილი ვისწავლოთ და ღვთისადმი შიში განვავითაროთ (1 კორინთელთა 10:11, აქ).
6. რა ბიბლიურ მაგალითებზე შეგვიძლია დავფიქრდეთ, თუკი ღვთისადმი შიშის განვითარება გვსურს? (იხილეთ სქოლიო).
6 ბიბლია არა მხოლოდ იმას მოგვითხრობს, რაც ისრაელ ერს დაემართა, არამედ შურითა და სიხარბით შეპყრობილი, უზნეობაში ჩაფლული ან გაამაყებული ადამიანების ცხოვრებისეულ ისტორიასაც აღგვიწერსc. მათგან ზოგი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა იეჰოვას, მაგრამ მათი ცხოვრების ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტში ღვთისადმი არც ისე ძლიერი შიში აღმოაჩნდათ, რის გამოც მწვავე შედეგები მოიმკეს. ასეთ ბიბლიურ მაგალითებზე დაფიქრებას შეუძლია გაგვიძლიეროს გადაწყვეტილება, რომ მსგავსი შეცდომები არ დავუშვათ. დასანანი იქნებოდა, თუკი ღვთის რჩევას მანამ არ მივიტანდით გულთან ახლოს, სანამ რამე სერიოზული არ შეგვემთხვეოდა! გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, გამოცდილება — განსაკუთრებით ისეთი, რომელიც საკუთარი თავის განებივრების მიდგომიდან გამომდინარეობს — საუკეთესო მრჩეველს არ წარმოადგენს (ფსალმუნი 18:8).
7. ვის იწვევს იეჰოვა თავის სიმბოლურ კარავში?
7 სხვა საფუძვლიანი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა განვავითაროთ ღვთისადმი შიში, ღმერთთან ჩვენი ურთიერთობის მოფრთხილების სურვილია. ჩვენთვის ძვირფასია იეჰოვასთან მეგობრობა და ამიტომაც მისი გულისტკენის გვეშინია. ვის თვლის იეჰოვა თავის მეგობრად და ვის იწვევს თავის სიმბოლურ კარავში? მხოლოდ მას, „ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია“ (ფსალმუნი 14:1, 2). თუკი ვაფასებთ ჩვენს შემოქმედთან ასეთ საპატიო ურთიერთობას, ყველანაირად შევეცდებით, მის თვალში უმწიკვლოდ ვიაროთ.
8. როგორ გამოაშკარავდა, რომ მალაქიას დღეებში მცხოვრებ ისრაელებს ღმერთთან მეგობრობა არაფრად მიაჩნდათ?
8 სამწუხაროდ, მალაქიას დღეებში მცხოვრებმა ზოგმა ისრაელმა ღმერთთან მეგობრობა არაფრად ჩააგდო. ნაცვლად იმისა, რომ შინებოდათ იეჰოვასი და პატივი მიეგოთ მისთვის, მის სამსხვერპლოზე ავადმყოფსა და კოჭლ პირუტყვს სწირავდნენ. ღვთისადმი შიშის უქონლობა, ქორწინების მიმართ მათ დამოკიდებულებაშიც ჩანდა. უფრო ახალგაზრდა ქალებზე რომ დაქორწინებულიყვნენ, თავიანთ ცოლებს უმნიშვნელო მიზეზების გამო ეყრებოდნენ. მალაქიამ უთხრა მათ, რომ იეჰოვას სძულდა „გაყრა“ და, რომ თავიანთი მუხანათური საქციელის გამო ისინი ღმერთს შორდებოდნენ. როგორ მოიწონებდა ღმერთი მათ მსხვერპლს, როდესაც სამსხვერპლო, ასე ვთქვათ, მიტოვებული ცოლების მიერ დაღვრილი მდუღარე ცრემლებით იყო მორწყული? ღვთის მიერ დადგენილი სტანდარტების ასეთმა აღმაშფოთებელმა უგულებელყოფამ იეჰოვას ათქმევინა: „სად არის ჩემდამი შიში?“ (მალაქია 1:6—8; 2:13—16).
9, 10. როგორ გამოვამჟღავნებდით იმას, რომ იეჰოვასთან მეგობრობას ვაფასებთ?
9 იეჰოვა დღესაც ხედავს, თუ რამდენად დიდ ტკივილს აყენებენ თავიანთ მეუღლეებსა და შვილებს ეგოისტი და უზნეო ქმრები თუ მამები, უფრო მეტიც, ცოლები თუ დედები. ეს ნამდვილად გულს სტკენს მას. ღვთის მეგობარი ეცდება, ყველაფერს ისე შეხედოს, როგორც ღმერთი უყურებს და ყოველ ღონეს იხმარს ქორწინების კავშირის გასაძლიერებლად. ის თავიდან მოიშორებს წუთისოფლისეულ აზროვნებას, რომელიც ქორწინების სიმტკიცის მნიშვნელობას აბათილებს. იგი ʽგანერიდება სიძვასʼ (1 კორინთელთა 6:18).
10 თუკი როგორც ქორწინებაში, ასევე ცხოვრების სხვა მხარეებში ვავლენთ სიძულვილს ყოველივე იმის მიმართ, რაც იეჰოვას სძულს, და მასთან მეგობრობის გამო მადლიერებით აღსავსენი ვართ, იეჰოვას მოწონებას დავიმსახურებთ. პეტრე მოციქულმა პირდაპირ განაცხადა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). ჩვენ გვაქვს ბევრი ბიბლიური მაგალითი, რომლებიდანაც ჩანს, რომ სხვადასხვა მძიმე სიტუაციაში ღვთისმოშიში ადამიანები აკეთებდნენ იმას, რაც სწორი იყო.
სამი ღვთისმოშიში მამაკაცი
11. რა სირთულის წინაშე იდგა აბრაამი, როდესაც „ღვთისმოშიში“ ეწოდა?
11 ბიბლიაში მოხსენიებულია მამაკაცი, რომელსაც პირადად იეჰოვამ უწოდა თავისი მეგობარი — ეს იყო პატრიარქი აბრაამი (ესაია 41:8, აქ). აბრაამის ღვთისმოშიშება გამოიცადა მაშინ, როდესაც ღმერთმა მისი ერთადერთი ვაჟის, ისაკის, მსხვერპლად შეწირვა სთხოვა, რომლის მეშვეობითაც აბრაამის შთამომავლების დიდ ერად ქცევასთან დაკავშირებული დანაპირები უნდა შეესრულებინა (დაბადება 12:2, 3; 17:19). როგორ გადაიტანდა „ღვთის მეგობარი“ ამ მტკივნეულ განსაცდელს (იაკობი 2:23)? ზუსტად იმ დროს, როდესაც აბრაამმა ისაკის შესაწირავად დანა მოიმარჯვა, იეჰოვას ანგელოზმა მიმართა: „ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ —მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის“ (დაბადება 22:10—12).
12. საიდან გამომდინარეობდა აბრაამის ღვთისმოშიშება და როგორ შეგვიძლია მსგავსი სულის გამომჟღავნება?
12 თუმცა აბრაამმა მანამდეც დაამტკიცა, რომ იეჰოვასადმი შიში ჰქონდა, ამჯერად მან განსაკუთრებული სახით გამოავლინა ღვთისმოშიშება. ისაკის შეწირვის მზადყოფნა გაცილებით აღემატებოდა პატივისცემით მორჩილებას. აბრაამის მზადყოფნა გამომდინარეობდა თავისი ზეციერი მამისადმი სრული ნდობიდან, რომ იგი თავის დანაპირებს შეასრულებდა და, თუ აუცილებელი გახდებოდა, ისაკს მკვდრეთითაც აღადგენდა. როგორც პავლე წერდა, აბრაამი „გულდაჯერებული იყო, რომ ის [ღმერთი], ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა“ (რომაელთა 4:16—21). ვართ თუ არა მზად, შევასრულოთ ღვთის ნება მაშინაც კი, როდესაც ეს ჩვენგან უდიდეს მსხვერპლს მოითხოვს? და ვინაიდან ვიცით, რომ იეჰოვა „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“, ვართ თუ არა დარწმუნებული იმაში, რომ ასეთი მორჩილება ხანგრძლივ კურთხევებს მოგვიტანს? (ებრაელთა 11:6). ზუსტად ეს არის ღვთისადმი ნამდვილი შიში (ფსალმუნი 113:19).
13. რატომ შეეძლო იოსებს უყოყმანოდ ეთქვა, რომ „ღვთისმოშიში“ კაცი იყო?
13 მოდით, განვიხილოთ ღვთისადმი შიშის გამოვლენის მეორე მაგალითი — იოსებისა. იოსები მონად მსახურობდა პოტიფარის სახლში და ამიტომაც ყოველდღიურად ისეთ სიტუაციაში მოხვედრა უწევდა, სადაც მრუშობის ჩადენის საფრთხე ემუქრებოდა. როგორც ჩანს, მას არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ თავისი ბატონის ცოლისგან შორს დაეჭირა თავი, ქალისგან, რომელიც იოსებს სქესობრივი კავშირის დამყარებას დაჟინებით სთხოვდა. საბოლოო ჯამში, როდესაც ქალი „ჩაებღაუჭა“, ის „გარეთ გავარდა“. რამ აიძულა, რომ ბოროტებისგან დაუყოვნებლივ ებრუნებინა პირი? ეჭვგარეშეა, ამის გადამწყვეტი ფაქტორი იყო ღვთისადმი შიში, სურვილი იმისა, რომ არ ჩაედინა ʽეს დიდი ბოროტება და შეეცოდა ღვთისთვისʼ (დაბადება 39:7—12). იოსებს ნადვილად შეეძლო უყოყმანოდ ეთქვა, რომ „ღვთისმოშიში“ კაცი იყო (დაბადება 42:18).
14. როგორ გამოავლინა იოსებმა თავისი გულმოწყალებით ღვთისადმი შიში?
14 წლების შემდეგ იოსები პირისპირ შეხვდა თავის ძმებს, რომლებიც უმოწყალოდ მოექცნენ და მონად გაყიდეს. მას ადვილად შეეძლო შიმშილობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ძმებისთვის სამაგიეროს გადახდა იმ ბოროტებისთვის, რაც მას გაუკეთეს. მაგრამ ადამიანებთან ტირანული მოქცევა ღვთისადმი შიშს არ ირეკლავს (ლევიანნი 25:43). ამიტომაც, როდესაც, ასე თუ ისე, დარწმუნდა იმაში, რომ მისი ძმები შეიცვალნენ, იოსებმა გულმოწყალედ აპატია. იოსების მსგავსად, ღვთისმოშიშება ჩვენც აღგვძრავს, ბოროტებას სიკეთით ვუპასუხოთ და ცდუნებას თავი ავარიდოთ (დაბადება 45:1—11; ფსალმუნი 129:3, 4; რომაელთა 12:17—21).
15. რატომ უხარებდა იეჰოვას გულს იობის ქცევა?
15 ღვთისმოშიში ადამიანის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი იობმა დაგვიტოვა. იეჰოვამ უთხრა ეშმაკს: „თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული“ (იობი 1:8). მრავალი წლის განმავლობაში იობის უმწიკვლო ქცევა მის ზეციერ მამას გულს უხარებდა. იობს ღვთისადმი შიში ჰქონდა, ვინაიდან იცოდა, რომ ეს სწორი იყო და ცხოვრების საუკეთესო გზას წარმოადგენდა. „აჰა, უფლის შიშია სიბრძნე, — წამოიძახა იობმა, — და ბოროტისგან განდგომაა შემეცნება“ (იობი 28:28). იობი ცოლიანი კაცი იყო; ამიტომაც მას არასათანადო გრძნობები არ გამოუვლენია ვინმე ახალგაზრდა ქალისადმი და არც ცოლის ღალატი გაუვლია გულში. თუმცა მდიდარი იყო, სიმდიდრეზე არ ყოფილა დაიმედებული და კერპთაყვანისმცემლობის ნებისმიერ ფორმას გაურბოდა (იობი 31:1, 9—11, 24—28).
16. ა) რა მხრივ ავლენდა იობი სიყვარულით აღსავსე სიკეთეს? ბ) საიდან ჩანს, რომ იობს გულში ბოღმა არ ჩაუტოვებია?
16 ღვთისმოშიშებაში როგორც სიკეთის კეთება, ისე ბოროტებისგან განრიდება იგულისხმება. იობი გულისხმიერი ადამიანი იყო და უსინათლოთა, კოჭლთა და ღატაკთა მიმართ დიდ ყურადღებას ავლენდა (ლევიანნი 19:14; იობი 29:15, 16). იობს ესმოდა, რომ „მას, ვინც მეგობრის მიმართ სიყვარულით აღსავსე სიკეთეს არ გამოავლენს, ყოვლისშემძლეს შიშიც კი აღარ ექნება“ (იობი 6:14, აქ). თუკი ადამიანი სიყვარულით აღსავსე სიკეთეს არ ავლენს, მას პატიებაც აღარ შეეძლება და მის გულში შეიძლება შურმაც დაიბუდოს. ღვთის მითითების თანახმად, იობმა ილოცა იმ სამი მეგობრისთვის, რომლებმაც უდიდესი ტკივილი მიაყენეს (იობი 42:7—10). შეგვიძლია თუ არა ჩვენც მსგავსი მიმტევებლური სულის გამოვლენა თანამორწმუნის მიმართ, რომელმაც ამა თუ იმ სახით ტკივილი მოგვაყენა? მწყენინებლისთვის წარმოთქმულ გულწრფელ ლოცვას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია, რათა გულისწყრომა დავძლიოთ. ღვთისმოშიშების გამო იობი უხვად იყო კურთხეული და ეს კურთხევები ჩვენთვის იმის მაჩვენებელია, თუ ʽრაოდენ მრავალი სიკეთე აქვს [იეჰოვას] შენახული თავის მოშიშთათვისʼ (ფსალმუნი 30:20; იაკობი 5:11).
ღვთისადმი შიში ადამიანისადმი შიშს უპირისპირდება
17. რა შეიძლება დაგვმართოს ადამიანებისადმი შიშმა, მაგრამ რატომ არ შეუძლია ასეთ შიშს დიდი ზიანი მოგვაყენოს?
17 მაშინ, როცა ღვთისადმი შიშს შეუძლია სწორად გვამოქმედოს, ადამიანისადმი შიშს ჩვენი რწმენის შერყევა ძალუძს. ამიტომ, როდესაც მოუწოდებდა სასიხარულო ცნობის გულმოდგინე მქადაგებლები ყოფილიყვნენ, იესომ მოციქულებს უთხრა: „ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“ (მათე 10:28). იესომ ახსნა, რომ ადამიანებისადმი შიში არაშორსმჭვრეტელურია, ვინაიდან ადამიანებს ჩვენი მომავლის იმედის წართმევა არ ძალუძთ. გარდა ამისა, ჩვენ გვეშინია ღვთისა, რადგანაც ვიცით, რომ მას შიშისმომგვრელი ძალა გააჩნია, რომელთან შედარებითაც ყველა ერის ერთად აღებული სიძლიერე არაფერს არ წარმოადგენს (ესაია 40:15). აბრაამის მსგავსად, ჩვენც აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ იეჰოვას თავისი ერთგული მსახურების აღდგენის ძალა შესწევს (გამოცხადება 2:10). ამიტომაც, სრული დაჯერებულობით შეგვიძლია ვთქვათ: „თუ ღმერთი ჩვენთვის არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?“ (რომაელთა 8:31).
18. როგორ აჯილდოებს იეჰოვა თავის მოშიშებს?
18 ოჯახში გვეწინააღმდეგებიან თუ სკოლაში, დავინახავთ, რომ „უფლის შიში მტკიცე იმედია“ (იგავნი 14:26). ვიცით, რომ ღმერთი მოგვისმენს და ლოცვაში შეგვიძლია ვთხოვოთ, ძალა შეგვმატოს (ფსალმუნი 144:19). იეჰოვა არასოდეს ივიწყებს თავის მოშიშებს. წინასწარმეტყველ მალაქიას მეშვეობით ის გვამშვიდებს: „როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლისმოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის“ (მალაქია 3:16).
19. როგორი შიში აღმოიფხვრება და როგორი იარსებებს მარადიულად?
19 ახლოა დრო, როდესაც დედამიწაზე მცხოვრები ყოველი ადამიანი თაყვანს სცემს იეჰოვას და ადამიანისადმი შიში დავიწყებას მიეცემა (ესაია 11:9). აგრეთვე შიმშილის, ავადმყოფობის, დამნაშავეობისა და ომის შიშიც კი წარსულს ჩაბარდება. მაგრამ ღვთისადმი შიში მარადიულად იარსებებს, რადგანაც ზეცაში თუ დედამიწაზე მისი ერთგული მსახურები შემდგომშიაც საკადრის პატივს მიაგებენ მას და ყოველთვის მისი მორჩილნი იქნებიან (გამოცხადება 15:4). ამასობაში კი, მოდით ყოველმა ჩვენგანმა გულთან ახლოს მივიტანოთ სოლომონის მიერ გამოთქმული ღვთივშთაგონებული რჩევა: „შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს. რადგან მომავალი არსებობს და შენი იმედი არ წარიკვეთება“ (იგავნი 23:17, 18).
[სქოლიოები]
a ზოგიერთი მოზრდილი ადამიანი საფრთხისადმი შიშს კარგავს, როცა სამუშაოს გამო სარისკო სიტუაციაში ყოფნა რეგულარულად უხდება. როდესაც ერთ გამოცდილ ხელოსანს ჰკითხეს, რატომ აკლია თითები ბევრ დურგალს, მან უბრალოდ უპასუხა: „მათ სწრაფსიჩქარიანი ელექტროხერხის შიში დაკარგეს“.
b იეჰოვასაც ეუფლება ზიზღის გრძნობა. მაგალითად, ეფესელთა 4:29-ში ბილწსიტყვაობა აღწერილია, როგორც „უშვერი სიტყვა“. ბერძნული სიტყვა, რომელიც „უშვერად“ არის ნათარგმნი, პირდაპირი გაგებით ისეთ ხილზე, თევზსა ან ხორცზე მიუთითებს, რომლებსაც ლპობის პროცესი უკვე დაწყებული აქვთ. ეს გამოთქმა ცხადად ასახავს იმას, თუ რა ზიზღი უნდა ვიგრძნოთ შეურაცხმყოფელი ან უწმაწური ლაპარაკის მიმართ. მსგავსად ამისა, საღვთო წერილში დედნის ენაზე კერპები ხშირად აღწერილია, როგორც „ნეხვიანი“ საგნები (მეორე რჯული 29:17, აქ; ეზეკიელი 6:9, აქ). ჩვენი ბუნებრივი ზიზღი ნეხვის, ანუ ექსკრემენტისადმი, გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ ეზიზღება ღმერთს კერპთაყვანისმცემლობის ნებისმიერი ფორმა.
c მაგალითისთვის განიხილეთ ბიბლიიდან, თუ რა შეემთხვათ კაენს (დაბადება 4:3—12); დავითს (მეორე მეფეთა 11:2—12:14); გეხაზსა (მეოთხე მეფეთა 5:20—27); და ყუზიაჰუს (მეორე ნეშტთა 26:16—21).
გახსოვთ თუ არა?
• როგორ განვივითაროთ ბოროტებისადმი სიძულვილი?
• როგორ გამოაშკარავდა, რომ მალაქიას დროს მცხოვრებ ზოგ ისრაელს ღმერთთან მეგობრობა არაფრად მიაჩნდა?
• ღვთისადმი შიშთან დაკავშირებით რის სწავლა შეგვიძლია აბრაამის, იოსებისა და იობის მაგალითებით?
• როგორი შიში იარსებებს მარადიულად და რატომ?
[სურათი 19 გვერდზე]
გონიერი მშობლები თავიანთ შვილებს ჯანსაღ შიშს უნერგავენ.
[სურათი 20 გვერდზე]
ისევე, როგორც შიში გვიცავს საფრთხისგან, ღვთისმოშიშება — ბოროტებისგან.
[სურათი 23 გვერდზე]
იობმა ღვთისმოშიშება მაშინაც კი შეინარჩუნა, როდესაც სამი ცრუ მეგობარი დაუპირისპირდა.
[საავტორო უფლება]
From the Bible translation Vulgata Latina, 1795