„დარჩით ღვთის სიყვარულში“
„დარჩით ღვთის სიყვარულში, ვიდრე ელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გულმოწყალებას და გონებაში გაქვთ მარადიული სიცოცხლე“ (იუდ. 21).
1, 2. როგორ ავლენს იეჰოვა ჩვენდამი სიყვარულს და საიდან ჩანს, რომ ავტომატურად ვერ დავრჩებით მის სიყვარულში?
იეჰოვა ჩვენდამი მრავალმხრივ ავლენს სიყვარულს. მისი სიყვარულის უდიდესი მტკიცება არის გამოსასყიდი. იეჰოვას ძალიან უყვარს კაცობრიობა, ამიტომ თავისი საყვარელი ძე გამოგზავნა დედამიწაზე და დაუშვა, რომ ჩვენთვის მომკვდარიყო (იოან. 3:16). მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ სურს მარადიულად ვიცხოვროთ და მივიღოთ კურთხევები!
2 მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ავტომატურად დავრჩებით ღვთის სიყვარულში? ცხადია, არა. იუდას 21-ე მუხლი მოგვიწოდებს: „დარჩით ღვთის სიყვარულში, ვიდრე ელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გულმოწყალებას და გონებაში გაქვთ მარადიული სიცოცხლე“. გამოთქმა „დარჩით ღვთის სიყვარულში“ იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი მხრიდან გარკვეული მოქმედება მოითხოვება. რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავრჩეთ ღვთის სიყვარულში?
როგორ დავრჩეთ ღვთის სიყვარულში?
3. რა უნდა გაეკეთებინა იესოს, რომ ღვთის სიყვარულში დარჩენილიყო?
3 ამ კითხვაზე პასუხს გვცემს იესოს სიტყვები, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ ღამეს წარმოთქვა. მან თქვა: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე ვიცავ მამის მცნებებს და ვრჩები მის სიყვარულში“ (იოან. 15:10). იესოს ესმოდა, რომ იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო, მისი მითითებები დაეცვა. თუ ამის გაკეთება ღვთის სრულყოფილი ძისთვის იყო მნიშვნელოვანი, განა ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს?!
4, 5. ა) უმთავრესად, როგორ შეგვიძლია იეჰოვასადმი სიყვარულის გამოვლენა? ბ) რატომ არ უნდა გვაშინებდეს იეჰოვას მცნებების დაცვა?
4 იეჰოვასადმი სიყვარულს უმთავრესად მისდამი მორჩილებით ვავლენთ. ეს კარგად ჩანს იოანე მოციქულის სიტყვებიდან: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (1 იოან. 5:3). დღეს მორჩილების გამოვლენა ბევრს არ სიამოვნებს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ „ღვთის მცნებები დამამძიმებელი არ არის“. იეჰოვა არ მოითხოვს ჩვენგან ისეთ რამეს, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებთ.
5 მაგალითად, სთხოვდი მეგობარს ისეთი რამის წაღებას, რისი აწევაც გაუჭირდებოდა? რა თქმა უნდა, არა. იეჰოვა ჩვენზე ბევრად კეთილია და თითოეულ ჩვენგანზე უკეთ ესმის, რა შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს. ბიბლია გვარწმუნებს, რომ იეჰოვას „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმ. 103:14). ის არასდროს გვთხოვს იმდენს, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. ასე რომ, იეჰოვას მითითებების მორჩილებამ არ უნდა შეგვაშინოს. პირიქით, მორჩილების გამოვლენით შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა, დავუმტკიცოთ ჩვენს ზეციერ მამას, რომ ნამდვილად გვიყვარს ის და გვსურს, დავრჩეთ მის სიყვარულში.
იეჰოვასგან ბოძებული განსაკუთრებული ძღვენი
6, 7. ა) რა არის სინდისი? ბ) მაგალითის მეშვეობით ახსენით, როგორ გვეხმარება სინდისი, დავრჩეთ ღვთის სიყვარულში.
6 დღეს რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, ამიტომ გადაწყვეტილებების მიღებისას ღვთისადმი მორჩილება უნდა გამოვავლინოთ. რა დაგვეხმარება ამ მხრივ? ჩვენ დაგვეხმარება იეჰოვას მიერ ნაბოძები ძღვენი — სინდისი. რა არის სინდისი? სინდისი თვითშეგნებაა. ის ჩვენი შინაგანი მოსამართლეა. სინდისს შეუძლია შეაფასოს ჩვენი გადაწყვეტილებები და საქციელი. მან შეიძლება მოიწონოს ჩვენი არჩევანი ან ბრალი დაგვდოს ცუდი არჩევნის გამო (წაიკითხეთ რომაელების 2:14, 15).
7 როგორ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ სინდისით? განვიხილოთ ერთი მაგალითი. მოგზაური უდაბურ ტერიტორიაზე მიიკვლევს გზას, სადაც არც გზები, არც ბილიკები და არც გზის მაჩვენებელი ნიშნებია. მიუხედავად ამისა, ის დანიშნულების ადგილისკენ მიიწევს, რადგან მას კომპასი აქვს. კომპასი არის ხელსაწყო, რომელსაც ციფერბლატზე დამაგრებული აქვს დამაგნიტებული ისარი. ეს ისარი ყოველთვის ჩრდილოეთისკენ არის მიმართული. მის გარეშე მოგზაური გზას ვერ გაიკვლევდა. მსგავსად, სინდისის გარეშე გაგვიჭირდებოდა ზნეობრივი, ეთიკური და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება.
8, 9. ა) რა შეზღუდული შესაძლებლობები აქვს ჩვენს სინდისს? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, რომ სინდისმა ყოველთვის სწორად გვიხელმძღვანელოს?
8 კომპასის მსგავსად სინდისსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. მოგზაური კომპასს თუ მაგნიტთან ახლოს დადებს, ისარი ჩრდილოეთის ნაცვლად სხვა მიმართულებით გადაიხრება. მსგავსად, რა შეიძლება მოხდეს, თუ გულის წადილს ავყვებით? ეგოისტურ სურვილებს შეუძლია სინდისი გაგვიუხეშოს და შეცდომაში შეგვიყვანოს. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია“ (იერ. 17:9; იგავ. 4:23). გარდა ამისა, მოგზაურს თუ ზუსტი და სანდო რუკა არ ექნება, კომპასი დიდ დახმარებას ვერ გაუწევს. ასევე, სინდისიც დიდად ვერ დაგვეხმარება, თუ იმ საიმედო რჩევების თანახმად არ მოვიქცევით, რომლებიც ღვთის სიტყვაში, ბიბლიაშია მოცემული (ფსალმ. 119:105). სამწუხაროდ, დღეს მრავალი გულისთქმას არის აყოლილი; ზოგი ნაწილობრივ იცავს ღვთის სიტყვაში ჩაწერილ ნორმებს, ზოგს კი მათი გაგონებაც არ სურს (წაიკითხეთ ეფესოელების 4:17—19 ). ბევრი სწორედ ამიტომ სჩადის საშინელებებს, მიუხედავად იმისა, რომ მათაც აქვთ ღვთისგან ნაბოძები სინდისი (1 ტიმ. 4:2).
9 ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ ასეთ ადამიანებს! პირიქით, ღვთის სიტყვის მეშვეობით კვლავაც უნდა განვსწავლოთ სინდისი, რომ მან სწორად გვიხელმძღვანელოს. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ბიბლიით განსწავლული სინდისის ხმას და არ უნდა ავყვეთ ეგოისტურ სურვილებს. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი საყვარელი და-ძმების სინდისი. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, არ დავაბრკოლოთ ისინი და უნდა გვახსოვდეს, რომ მათი სინდისი შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყოს ან შეიძლება ზოგიერთ საკითხში მეტად ზღუდავდეს მათ (1 კორ. 8:12; 2 კორ. 4:2; 1 პეტ. 3:16).
10. რომელ სამ საკითხს განვიხილავთ?
10 განვიხილოთ სამი საკითხი, რომლებიც ცხოვრების სამ სფეროს ეხება. ამ სფეროებში მორჩილების გამოვლენით დავამტკიცებთ, რომ გვიყვარს იეჰოვა. ცხადია, სამივე შემთხვევაში სინდისი დიდ როლს თამაშობს, თუმცა უპირველესად, ის ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ზნეობრივი ნორმებით უნდა იყოს განსწავლული. ჩვენ შემდეგ საკითხებში ვავლენთ იეჰოვასადმი სიყვარულსა და მორჩილებას: პირველი, ჩვენ გვიყვარს ისინი, ვინც იეჰოვას უყვარს; მეორე, პატივს ვცემთ და ვემორჩილებით უფლებამოსილთ; და მესამე, ვცდილობთ, ღვთისმოსაწონი სიწმინდე და სისუფთავე შევინარჩუნოთ.
გიყვარდეთ ისინი, ვინც იეჰოვას უყვარს!
11. რატომ უნდა გვიყვარდეს ისინი, ვინც იეჰოვას უყვარს?
11 პირველი, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ისინი, ვინც იეჰოვას უყვარს. გარემო თითოეულ ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს. ღრუბლის მსგავსად, ჩვენ ადვილად „ვისრუტავთ“ ყველაფერს. ჩვენმა შემოქმედმა კარგად იცის, რომ ჩვენზე, არასრულყოფილ ადამიანებზე, მეგობრები დადებითად ან უარყოფითად მოქმედებენ. ამიტომ ის გვაძლევს გონივრულ რჩევას: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავ. 13:20; 1 კორ. 15:33). არც ერთს არ გვსურს, რომ ხიფათს გადავეყაროთ, პირიქით, გვინდა, რომ დავბრძენდეთ. იეჰოვას არ სჭირდება დაბრძენება და სხვებიც ვერ მოახდენენ მასზე უარყოფით გავლენას. მიუხედავად ამისა, ის შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს იმით, რომ გულდასმით ირჩევს მეგობრებს. ვნახოთ, ვის ირჩევს ის არასრულყოფილი ადამიანებიდან მეგობრებად.
12. როგორ ადამიანებს ირჩევს იეჰოვა თავის მეგობრებად?
12 იეჰოვამ პატრიარქ აბრაამს მეგობარი უწოდა (ეს. 41:8). ეს მამაკაცი გამოირჩეოდა ერთგულებით, სამართლიანობითა და მორჩილებით. მას ძლიერი რწმენა ჰქონდა (იაკ. 2:21—23). იეჰოვა დღესაც ასეთებს ირჩევს მეგობრებად. თუკი იეჰოვა ირჩევს კარგ მეგობრებს, განა ჩვენ, არასრულყოფილმა ადამიანებმა, გულდასმით არ უნდა ავირჩიოთ მეგობრები, რათა ბრძენებთან ვიაროთ და დავბრძენდეთ?!
13. რა დაგვეხმარება კარგი მეგობრების არჩევაში?
13 რა დაგეხმარებათ კარგი მეგობრების არჩევაში? დიდ დახმარებას გაგიწევთ ბიბლიაში ჩაწერილი მაგალითები. დაფიქრდით რუთისა და მისი დედამთილის — ნაომის, დავითისა და იონათანის, ტიმოთესა და პავლეს მეგობრობაზე (რუთ. 1:16, 17; 1 სამ. 23:16—18; ფილ. 2:19—22). ისინი ერთმანეთთან უპირველესად იეჰოვას სიყვარულმა დააახლოვა. შეგიძლიათ ისეთი მეგობრების შეძენა, რომლებსაც იეჰოვა თქვენსავით ეყვარებათ? დარწმუნებული იყავით, რომ ქრისტიანულ კრებაში უამრავ კარგ მეგობარს შეიძენთ. ისინი არ გიბიძგებენ ისეთი საქციელისკენ, რაც იეჰოვასთან ურთიერთობას გაგიფუჭებთ. პირიქით, ისინი დაგეხმარებიან დაემორჩილოთ იეჰოვას, გაიზარდოთ სულიერად და სულისთვის თესოთ (წაიკითხეთ გალატელების 6:7, 8 ). ასეთი მეგობრების დახმარებით ღვთის სიყვარულში დარჩებით.
პატივი ეცით და დაემორჩილეთ უფლებამოსილთ
14. რატომ გვიჭირს ზოგჯერ უფლებამოსილთა მიმართ მორჩილება?
14 იეჰოვასადმი სიყვარულის დამტკიცების მეორე საშუალება უფლებამოსილთა პატივისცემაა. ჩვენ პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ უფლებამოსილთა მიმართ და უნდა დავემორჩილოთ მათ. რატომ გვიჭირს ზოგჯერ უფლებამოსილთა მიმართ მორჩილება? ერთი მხრივ, ისინი, ვინც გარკვეულ ძალაუფლებას ფლობენ, არასრულყოფილები არიან. მეორე მხრივ, ჩვენც არასრულყოფილები ვართ და დაბადებიდანვე დაუმორჩილებლობისკენ ვართ მიდრეკილნი.
15, 16. ა) რატომ უნდა დავემორჩილოთ მათ, ვისაც იეჰოვა თავის ხალხზე ზრუნვას ანდობს? ბ) როგორ უყურებდა იეჰოვა მოსეს წინააღმდეგ ისრაელების აჯანყებას და რას ვსწავლობთ აქედან?
15 შეიძლება ფიქრობთ: „თუ ასე რთულია უფლებამოსილთა მიმართ პატივისცემისა და მორჩილების გამოვლენა, რა საჭიროა ამის გაკეთება?“ პასუხი უზენაეს მმართველობას ეხება. ვის ვირჩევთ უზენაეს მმართველად? თუ იეჰოვას ვირჩევთ, მაშინ უნდა დავემორჩილოთ კიდეც მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ვიტყვით, რომ ის ჩვენი მმართველია. გარდა ამისა, იეჰოვა თავის უფლებამოსილებას, ჩვეულებრივ, არასრულყოფილი ადამიანების მეშვეობით ავლენს, რომელთაც ის თავის ხალხზე ზრუნვას ანდობს. თუ არ დავემორჩილებით ამ ადამიანებს, როგორ შეაფასებს იეჰოვა ჩვენს საქციელს? (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:12, 13).
16 მაგალითად, როცა ისრაელები დრტვინავდნენ და მოსეს წინააღმდეგ აჯანყდნენ, იეჰოვამ ჩათვალა, რომ ისინი მის წინააღმდეგ წავიდნენ (რიცხ. 14:26, 27). ღმერთი არ შეცვლილა. თუ არ დავემორჩილებით მათ, ვისაც იეჰოვამ გარკვეული ძალაუფლება მისცა, თავად იეჰოვას წინააღმდეგ წავალთ!
17. როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს მათზე, ვისაც ქრისტიანულ კრებაში პასუხისმგებლობები აკისრია?
17 პავლე მოციქულის სიტყვებიდან ვიგებთ, რომ სწორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს მათზე, ვისაც ქრისტიანულ კრებაში პასუხისმგებლობები აკისრია. მან დაწერა: „გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც ანგარიშვალდებულნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის“ (ებრ. 13:17). მართალია, მორჩილების სწავლას დიდი ძალისხმევა სჭირდება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის დაგვეხმარება, დავრჩეთ ღვთის სიყვარულში. ეს კი ღირს ძალისხმევად!
შეინარჩუნეთ ღვთისმოსაწონი სიწმინდე და სისუფთავე
18. რატომ სურს ღმერთს, რომ წმინდები და სუფთები ვიყოთ?
18 მესამე საკითხი, რითაც იეჰოვასადმი სიყვარულს ვავლენთ, არის ის, რომ ვცდილობთ, ღვთისმოსაწონი სიწმინდე და სისუფთავე შევინარჩუნოთ. ჩვეულებრივ, მშობლები ძალ-ღონეს არ ზოგავენ, რომ შვილები სუფთები და მოწესრიგებულები იყვნენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სისუფთავე ჯანმრთელობის საწინდარია. გარდა ამისა, ბავშვის სისუფთავე ოჯახს კარგ რეპუტაციას უქმნის და აჩვენებს, რომ მისი მშობლები მზრუნველები და მოსიყვარულეები არიან. იეჰოვასაც მსგავსი მიზეზების გამო სურს, რომ სუფთები ვიყოთ. მან იცის, რომ სისუფთავე აუცილებელია ჩვენი კეთილდღეობისთვის. ჩვენმა ზეციერმა მამამ ისიც იცის, რომ ჩვენი სისუფთავითა და სიწმინდით მას განვადიდებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხალხი ხედავს, რომ განვსხვავდებით ამ უწმინდური ქვეყნიერებისგან და ზოგ მათგანს შეიძლება სურვილიც კი გაუჩნდეს, რომ ჩვენს ღმერთს ემსახუროს.
19. საიდან ვიგებთ, რომ სისუფთავე აუცილებელია?
19 სიწმინდისა და სისუფთავის დაცვა ცხოვრების ყველა სფეროში აუცილებელია. ძველად იეჰოვამ თავის ხალხს, ისრაელს დაანახვა, რომ ფიზიკური სისუფთავე აუცილებელი იყო (ლევ. 15:31). მოსეს კანონში მოცემული იყო მითითებები განავლის ჩაფლობის, ხელ-ფეხის დაბანის, ასევე ჭურჭლისა და ტანსაცმლის გარეცხვის შესახებ (გამ. 30:17—21; ლევ. 11:32; რიცხ. 19:17—20; კან. 23:13, 14). ისრაელებს ეძლეოდათ შეხსენებები, რომ მათი ღმერთი იეჰოვა წმინდაა, ანუ სუფთა და სპეტაკია. ამიტომ წმინდა ღმერთის მსახურებიც წმინდები უნდა ყოფილიყვნენ (წაიკითხეთ ლევიანების 11:44, 45 ).
20. რატომ გვჭირდება სიწმინდის შენარჩუნება?
20 ღვთის მსახურები წმინდები უნდა ვიყოთ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ჩვენ ვცდილობთ, იმაზე ვიფიქროთ, რაც წმინდაა და ვიცავთ იეჰოვას ზნეობრივ ნორმებს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიერებაში უზნეობაა გავრცელებული. რაც მთავარია, წმინდად ვიცავთ ჩვენს თაყვანისმცემლობას ცრუ რელიგიის უწმინდურებისგან და ვითვალისწინებთ ესაიას 52:11-ე მუხლში ღვთის შთაგონებით ჩაწერილ მოწოდებას: „ზურგი აქციეთ, ზურგი აქციეთ, გამოდით, უწმინდურს ნუ მიეკარებით! გამოდით მისგან და სუფთები იყავით“. სულიერ სიწმინდეს იმით ვინარჩუნებთ, რომ საერთო არაფერი გვაქვს ცრუ რელიგიასთან. სწორედ ამიტომ ვერიდებით ცრურელიგიურ დღესასწაულებს, რომლებიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცხადია, სიწმინდის შენარჩუნება ადვილი არ არის. მიუხედავად ამისა, იეჰოვას ხალხი ცდილობს ამის გაკეთებას, რადგან ეს ეხმარება მათ, დარჩნენ ღვთის სიყვარულში.
21. როგორ შეგვიძლია დავრჩეთ ღვთის სიყვარულში?
21 იეჰოვას სურს, რომ მარადიულად დავრჩეთ მის სიყვარულში. მაგრამ ამას თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოვახმაროთ ძალისხმევა. ღვთის სიყვარულში დარჩენას შევძლებთ, თუ მივყვებით იესოს მაგალითს და მცნებების დაცვით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს იეჰოვა. მაშინ დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ვერაფერი „ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია“ (რომ. 8:38, 39).
გახსოვთ თუ არა?
• როგორ გვეხმარება სინდისი, რომ დავრჩეთ ღვთის სიყვარულში?
• რატომ უნდა გვიყვარდეს ისინი, ვინც იეჰოვას უყვარს?
• რატომ უნდა ვცეთ პატივი და დავემორჩილოთ უფლებამოსილთ?
• რატომ უნდა შევინარჩუნოთ ღვთისმოსაწონი სიწმინდე და სისუფთავე?
[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]
წიგნი, რომელიც კარგ ქცევას გვასწავლის
2008 წლის საოლქო კონგრესზე გამოიცა 224-გვერდიანი წიგნი სათაურით „დარჩით ღვთის სიყვარულში“. რა მიზნით გამოიცა ეს ახალი წიგნი? ის ისეა შედგენილი, რომ დაეხმაროს ქრისტიანებს, უკეთ გაიცნონ და შეიყვარონ იეჰოვას ნორმები და ცხოვრებაში გამოიყენონ. ამ წიგნის გამოკვლევა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ იეჰოვას ნორმების თანახმად მოქცევა დღეს საუკეთესო არჩევანია და მარადიულ სიცოცხლემდე მიგვიყვანს.
უფრო მეტიც, ამ წიგნის მიზანია დაგვანახვოს, რომ იეჰოვასადმი მორჩილება ტვირთი არ არის. პირიქით, მორჩილებით ცხადვყოფთ, რომ ძალიან გვიყვარს იეჰოვა. ეს წიგნი აღგვძრავს, ვკითხოთ საკუთარ თავს: „რატომ ვემორჩილები იეჰოვას?“
თუ ვინმე იეჰოვას სიყვარულში არ რჩება, ამის მიზეზი ძირითადად არასწორი საქციელია და არა ის, რომ სწავლებებს არ ეთანხმება. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, მეტად შევიყვაროთ და დავაფასოთ იეჰოვას კანონები და პრინციპები, რომლითაც ის გვხელმძღვანელობს! დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ახალი წიგნი დაეხმარება იეჰოვას სამწყსოს მთელ მსოფლიოში, რათა კვლავაც იდგნენ სიმართლის მხარეს, დაამტკიცონ, რომ სატანა მატყუარაა, და, რაც მთავარია, დარჩნენ ღვთის სიყვარულში! (იუდ. 21).
[სურათი 18 გვერდზე]
„თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე ვიცავ მამის მცნებებს და ვრჩები მის სიყვარულში“