წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
2—8 აპრილი
ღვთის სიტყვის საუნჯე | მათე 26
რა მსგავსება და რა განსხვავებაა პასექსა და გახსენების საღამოს შორის?
nwtsty მედიაფაილი
პასექი
პასექის დროს სუფრასთან უნდა მიეტანათ შემწვარი ცხვარი (ძვლები არ უნდა გადაემტვრიათ) (1), უფუარი პური (2) და მწარე მწვანილი (3) (გამ. 12:5, 8; რიცხ. 9:11). მიშნის თანახმად, მწვანილი შეიძლება ყოფილიყო სალათა, ვარდკაჭკაჭა, მარსილია, არდი და ბაბუაწვერა, რაც ისრაელებს ეგვიპტეში მონობის მძიმე პერიოდს გაახსენებდა. იესომ უფუარი პური თავის სრულყოფილ სხეულს შეადარა (მათ. 26:26). პავლე მოციქულმა იესოზე თქვა, რომ ის იყო „ჩვენი პასექი“ ანუ საპასექო კრავი (1 კორ. 5:7). პირველ საუკუნეში პასექის დროს სუფრაზე ღვინოც იყო (4). იესომ ღვინო შეადარა თავის სისხლს, რომელიც ცოდვების მისატევებლად უნდა დაღვრილიყო (მათ. 26:27, 28).
მათ. 26:26 — nwtsty დამატებითი მასალა
„ნიშნავს“: ამ მუხლში ბერძნული სიტყვა ესტინ (სიტყვასიტყვით „არის“) შემდეგი მნიშვნელობითაა გამოყენებული: „აღნიშნავს; ასიმბოლოებს; გულისხმობს; წარმოადგენს“. მოციქულებმა იცოდნენ, რა გაგებით გამოიყენა იესომ ეს სიტყვა; უცოდველი იესო, რომელსაც სრულყოფილი სხეული ჰქონდა, მათ გვერდით იყო და იქვე, მაგიდაზე ედოთ უფუარი პურიც, რომელსაც მალე შეჭამდნენ. ასე რომ, პური პირდაპირი გაგებით იესოს სხეული ვერ იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ იგივე ბერძნული სიტყვა, რომელიც მათეს 12:7-ში გვხვდება, ბიბლიის არაერთ თარგმანში გადმოტანილია, როგორც „ნიშნავს“.
მათ. 26:28 — nwtsty დამატებითი მასალა
„შეთანხმების სისხლი“: იეჰოვასა და ცხებულ ქრისტიანებს შორის დადებული ახალი შეთანხმება იესოს მიერ დაღვრილი სისხლის საფუძველზე შევიდა ძალაში (ებრ. 8:10). მოსემ, როგორც შუამავალმა, იგივე გამოთქმა გამოიყენა, როცა სინას მთასთან იეჰოვასა და ისრაელს შორის კანონის შეთანხმება დაიდო (გამ. 24:8; ებრ. 9:19—21). ღმერთსა და ისრაელ ერს შორის დადებული კანონის შეთანხმება ხარებისა და თხების სისხლის საფუძველზე შევიდა ძალაში, იეჰოვასა და სულიერ ისრაელს შორის დადებული ახალი შეთანხმება კი — იესოს სისხლის საფუძველზე ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე (ებრ. 9:14, 15).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
მათ. 26:17 — nwtsty დამატებითი მასალა
„უფუარობის დღესასწაულის პირველი დღე“: უფუარობის დღესასწაული პასექის მომდევნო დღეს, 15 ნისანს იწყებოდა და შვიდ დღეს გრძელდებოდა (იხ. sgd ნაწილი 19). თუმცა იესოს დროს ორივე დღესასწაული ერთ დღესასწაულად ითვლებოდა. ამიტომ რვავე დღეს, მათ შორის 14 ნისანს, ზოგჯერ „უფუარობის დღესასწაულად“ იხსენიებდნენ (ლუკ. 22:1). ამ მუხლში ფრაზა „პირველ დღეს“ შეიძლება ითარგმნოს, როგორც „წინა დღეს“ (შდრ. იოან. 1:15, 30-ს, სადაც სიტყვა „პირველი“ [ბერძ. პროტოს] ფრაზაში „ჩემამდე არსებობდა“ გადმოტანილია მდე თანდებულით). ასე რომ, თუ მხედველობაში მივიღებთ ბერძნული ენის თავისებურებებს და იუდეველთა იმდროინდელ ჩვეულებას, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს კითხვა მოწაფეებს იესოსთვის 13 ნისანს დაესვათ. 13 ნისანს, დღის საათებში მოწაფეები პასექისთვის სამზადისს შეუდგნენ, რომელიც იმავე დღეს, საღამოს, აღნიშნეს, როცა 14 ნისანი იწყებოდა (მარ. 14:16, 17).
მათ. 26:39 — nwtsty დამატებითი მასალა
„ამარიდე ეს სასმისი“: ბიბლიაში სიტყვა „სასმისი“ ხშირად სიმბოლური მნიშვნელობით გამოიყენება და მიუთითებს იმაზე, თუ რა არის ღვთის ნება ვინმესთან მიმართებით. უეჭველია, იესო ძალიან განიცდიდა იმას, რომ, თუ ის მოკვდებოდა, როგორც ღვთისმგმობელი და მეამბოხე, შეიძლებოდა ღვთის სახელს ჩრდილი მიდგომოდა. ამიტომაც სთხოვდა ღმერთს ლოცვაში, რომ აერიდებინა მისთვის ეს „სასმისი“.
9—15 აპრილი
ღვთის სიტყვის საუნჯე | მათე 27, 28
„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“
მათ. 28:19 — nwtsty დამატებითი მასალა
„მოწაფეებად მოამზადეთ“: ბერძნული ზმნა მათეტევო გულისხმობს სწავლებას მოწაფეების მომზადების მიზნით (შდრ. მათ. 13:52-ს, სადაც ეს ზმნა გადმოტანილია, როგორც „ასწავლეს“). ზმნები „მონათლეთ“ და „ასწავლეთ“ მიუთითებს იმაზე, თუ რა იგულისხმება მოწაფეებად მომზადებაში.
„ხალხი ყველა ერიდან“: სიტყვასიტყვით „ყველა ერი“. თუმცა კონტექსტიდან ჩანს, რომ აქ იგულისხმებიან ადამიანები ყველა ერიდან, რადგან ფრაზაში „მონათლეთ ისინი“ გამოყენებული ნაცვალსახელი ბერძნულ ენაში მამრობითი სქესისაა და მიუთითებს „ხალხზე“ და არა „ერზე“, რომელიც საშუალო სქესისაა. მითითება, რომ ხმა მიეწვდინათ ყველა ერის ხალხისთვის, მოწაფეებისთვის ახალი იყო. როგორც წმინდა წერილებიდან ჩანს, დედამიწაზე იესოს მოვლინებამდე ღვთის ხალხი უცხოტომელებს იმ შემთხვევაში მიიღებდა თბილად, თუ ისინი ისრაელში იეჰოვას თაყვანსაცემად ჩავიდოდნენ (1 მეფ. 8:41—43). მაგრამ ახლა იესო დავალებას აძლევს მოწაფეებს, უქადაგონ ყველა ერის ხალხს და არა მხოლოდ ებრაელებს, რითაც ხაზს უსვამს იმას, რომ მოწაფეების მომზადების საქმე მთელ მსოფლიოში უნდა შესრულდეს (მათ. 10:1, 5—7; გამოცხ. 7:9).
მათ. 28:20 — nwtsty დამატებითი მასალა
„ასწავლეთ მათ“: „სწავლებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა გულისხმობს მითითებების მიცემას, რაღაცის ახსნა-განმარტებას, არგუმენტებისა და მტკიცებულებების მოყვანას (იხ. მათ. 3:1 — nwtsty დამატებითი მასალა). ხალხისთვის იმის სწავლება, რომ დაიცვან ყველაფერი, რაც იესომ მცნებად დაგვიდო, ხანგრძლივი პროცესია. ეს მოიცავს მათთვის იმის სწავლებას, რასაც იესო ასწავლიდა, ნასწავლის თანახმად ცხოვრებას და იესოს ნაკვალევის მიყოლას (იოან. 13:17; ეფეს. 4:21; 1 პეტ. 2:21).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
მათ. 27:51 — nwtsty დამატებითი მასალა
„საწმინდარი“: ამ მუხლში ბერძნული სიტყვა ნაოს მიუთითებს სატაძრო კომპლექსის მთავარ შენობაზე, სადაც წმინდა და წმინდათაწმინდა იყო.
„ფარდა“: ლამაზად მოქარგული სქელი ფარდა, რომელიც წმინდათაწმინდას წმინდისგან ყოფდა. იუდაური ტრადიციის თანახმად, ეს იყო ძალიან მძიმე ფარდა სიგრძით დაახლოებით 18 მ, სიგანით 9 მ, სისქით 7,4 სმ. როცა ფარდა ორად გაიხა, ამით იეჰოვამ გულისწყრომა გამოხატა თავისი ძის მკვლელების მიმართ და ამასთან, ზეცაში შესასვლელი გახსნა (ებრ. 10:19, 20).
მათ. 28:7 — nwtsty დამატებითი მასალა
„მის მოწაფეებს უთხარით, რომ ის მკვდრეთით აღდგა“: ეს ქალები პირველები იყვნენ, რომელთაც არა მხოლოდ ეუწყათ იესოს აღდგომის შესახებ, არამედ დაევალათ კიდეც, რომ ეს სხვა მოწაფეებისთვისაც ეცნობებინათ (მათ. 28:2, 5, 7). იუდაური ტრადიციის თანახმად, რომელიც ეწინააღმდეგებოდა წმინდა წერილებს, ქალს არ ჰქონდა უფლება, სასამართლოში მოწმედ გამოსულიყო. ამის საპირისპიროდ, იეჰოვას ანგელოზმა დიდი პატივი არგუნა ამ ქალებს, როცა ასეთი სასიხარულო ამბის გაცხადება დაავალა.
16—22 აპრილი
ღვთის სიტყვის საუნჯე | მარკოზი 1, 2
„გეპატია ცოდვები“
მარ. 2:9 — nwtsty დამატებითი მასალა
„რის თქმა უფრო ადვილია“: ადვილია, ვინმესთვის იმის თქმა, რომ ეპატია ცოდვები, რადგან ასეთი განაცხადის დასასაბუთებლად არანაირი ხილული მტკიცება არ არის საჭირო. მაგრამ იმისთვის, რომ ვინმეს უთხრა „ადექი . . . და იარე“, სასწაულის მოხდენაა აუცილებელი. იესო სწორედ ასე მოიქცა, რითაც ყველასთვის ცხადი გახადა, რომ ცოდვების პატიების ძალაუფლება ჰქონდა. როგორც ამ მუხლიდან, ისე ესაიას 33:24-დან ჩანს, რომ ავადმყოფობა ცოდვის შედეგია.
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
მარ. 1:11 — nwtsty დამატებითი მასალა
„ციდან გაისმა ხმა“: ეს არის სახარებებში მოხსენიებული სამი შემთხვევიდან პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებმა უშუალოდ იეჰოვას ხმა მოისმინეს (იხ. მარ. 9:7; იოან. 12:28 — nwtsty დამატებითი მასალა).
„შენა ხარ ჩემი . . . ძე“: როგორც სულიერი ქმნილება, იესო ღვთის ძე იყო (იოან. 3:16). მას შემდეგ, რაც ადამიანად დაიბადა, იესო სრულყოფილი ადამის მსგავსად ღვთის ძე იყო (ლუკ. 1:35; 3:38). მაგრამ გონივრულია დავასკვნათ, რომ ღმერთს ამ სიტყვებით მხოლოდ იესოს ვინაობა არ გაუმხელია. მან ეს სიტყვები მაშინ თქვა, როცა იესოზე წმინდა სული გადმოვიდა, რითაც აჩვენა, რომ განკაცებული იესო ხელახლა დაიბადა ღვთის სულიერ ძედ, ზეცაში დაბრუნების იმედი მიეცა და სულით იქნა ცხებული, რომ ღვთის დანიშნულ მეფედ და მღვდელმთავრად ემსახურა (იოან. 3:3—6; 6:51; შდრ. ლუკ. 1:31—33; ებრ. 2:17; 5:1, 4—10; 7:1—3).
„მე მოგიწონე“: იგივე ფრაზა გვხვდება მათეს 12:18-ში, სადაც მოყვანილია აღთქმული მესიის ანუ ქრისტეს შესახებ ესაიას 42:1-ში ჩაწერილი სიტყვები. იესოზე წმინდა სულის გადმოსვლა და მისი მისამართით ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვები აშკარად მოწმობდა, რომ ის აღთქმული მესია იყო.
მარ. 2:28 — nwtsty დამატებითი მასალა
„შაბათის უფალი“: იესომ შაბათის უფალი საკუთარ თავს უწოდა (მათ. 12:8; ლუკ. 6:5) იმის დასანახვებლად, რომ მას უფლება ჰქონდა, შაბათს შეესრულებინა საქმე, რომელიც ზეციერმა მამამ დაავალა (შდრ. იოან. 5:19; 10:37, 38). იესომ სწორედ შაბათ დღეს მოახდინა არაერთი სასწაული; ზოგ შემთხვევაში ეს სასწაული ავადმყოფთა განკურნება იყო (ლუკ. 13:10—13; იოან. 5:5—9; 9:1—14). ეს წარმოდგენას უქმნიდა ხალხს იმაზე, თუ რა დიდ შვებას მოჰგვრის იესო კაცობრიობას თავისი მმართველობის დროს, რაც შაბათის დასვენების მსგავსი იქნება (ებრ. 10:1).
23—29 აპრილი
ღვთის სიტყვის საუნჯე | მარკოზი 3, 4
შაბათ დღეს განკურნება
მარ. 3:5 — nwtsty დამატებითი მასალა
„აღშფოთებული და უზომოდ დამწუხრებული“: მხოლოდ მარკოზი ახსენებს თავის სახარებაში, რა რეაქცია ჰქონდა იესოს, როცა რელიგიური წინამძღოლების უგულობა დაინახა (მათ. 12:13; ლუკ. 6:10). შესაძლოა მარკოზს იესოს გრძნობები ამ ამბის თვითმხილველმა, პეტრემ აღუწერა, რომელიც საკმაოდ ემოციური კაცი იყო (უყურეთ ვიდეორგოლს «ზოგადი ცნობები წიგნ „მარკოზის“ შესახებ»).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
მარ. 3:29 — nwtsty დამატებითი მასალა
„წმინდა სულს გმობს“: ეს იგივე მკრეხელობაა, რაც ღვთის ან სიწმინდეების შესახებ უპატივცემულო და შეურაცხმყოფელი საუბარია. ვინაიდან წმინდა სული ღვთისგან მომდინარეობს, განზრახ მის წინააღმდეგ წასვლა ან იმის უარყოფა, რომ ის აშკარად მოქმედებს, ღვთის გმობის ტოლფასია. როგორც მათეს 12:24, 28-სა და მარკოზის 3:22-დან ჩანს, იუდეველი რელიგიური წინამძღოლები ხედავდნენ, რომ იესოს ღვთის სული აძლევდა სასწაულების მოხდენის ძალას, მაგრამ ამას სატანა ეშმაკს მიაწერდნენ.
„მარადიულ ცოდვაშია დამნაშავე“: როგორც ჩანს, აქ იგულისხმება განზრახ ჩადენილი ცოდვა, რომელიც ადამიანს არასდროს ეპატიება და ასეთი ცოდვისთვის არ არსებობს გამოსასყიდი.
„ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს“
მარ. 4:9 — nwtsty დამატებითი მასალა
„ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს“: სანამ მთესველზე მოიყვანდა მაგალითს, იესომ თავის მსმენელს უთხრა: „მოისმინეთ“ (მარ. 4:3). იესომ ეს მაგალითი სწორედ ამ მოწოდებით დაასრულა, რითაც ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მისმა მიმდევრებმა ყურად იღონ მისი რჩევები. მსგავს მოწოდებას ვხვდებით შემდეგ მუხლებშიც: მათ. 11:15; 13:9, 43; მარ. 4:23; ლუკ. 8:8; 14:35; გამოცხ. 2:7, 11, 17, 29; 3:6, 13, 22; 13:9.
30 აპრილი — 6 მაისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | მარკოზი 5, 6
იესოს შესწევს ძალა, მკვდრეთით აღადგინოს ჩვენი საყვარელი ადამიანები
მარ. 5:39 — nwtsty დამატებითი მასალა
„არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“: ბიბლიაში ხშირად სიკვდილი ძილს არის შედარებული (ფსალმ. 13:3; იოან. 11:11—14; საქ. 7:60; 1 კორ. 7:39; 15:51; 1 თეს. 4:13). ვინაიდან იესო აპირებდა გოგონას მკვდრეთით აღდგენას, მას ამ სიტყვებით იმის თქმა უნდოდა, რომ მკვდრის გაცოცხლება ისევეა შესაძლებელი, როგორც ღრმად ჩაძინებული ადამიანის გამოღვიძება. გოგონას აღდგენის ძალა იესოს მამამ მისცა, „ვინც მკვდრებს აცოცხლებს და ისე მიმართავს არარსებულს, თითქოს არსებობდეს“ (რომ. 4:17).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
მარ. 5:19 — nwtsty დამატებითი მასალა
„უამბე ყველაფერი“: ჩვეულებრივ, იესო არ აძლევდა სხვებს უფლებას, რომ მის მიერ მოხდენილი სასწაულები გაეხმაურებინათ (მარ. 1:44; 3:12; 7:36), მაგრამ ამ შემთხვევაში მან განკურნებულ კაცს უთხრა, რომ თავისი ნათესავებისთვის ეცნობებინა მომხდარის შესახებ. შესაძლოა მიზეზი ის იყო, რომ იესო იმ მხარეში ვერ იქადაგებდა, რადგან იქაურობის დატოვება სთხოვეს. მეტიც, ვინაიდან ღორების დაკარგვის გამო იქაურებში შეიძლება მითქმა-მოთქმა ამტყდარიყო, ამ კაცის მონაყოლი დააშოშმინებდა ხალხს.
მარ. 6:11 — nwtsty დამატებითი მასალა
„ფეხებიდან ჭუჭყი დაიბერტყეთ“: მოწაფეები ამგვარად აჩვენებდნენ, რომ იხსნიდნენ პასუხისმგებლობას და ვინც არ მიიღებდა მათ, თავად აგებდნენ პასუხს ღვთის წინაშე. მსგავსი გამოთქმა გვხვდება მათეს 10:14-სა და ლუკას 9:5-ში. მარკოზი და ლუკა ამ ფრაზას ასეთ სიტყვებსაც ურთავენ: „მათთვის [ან მათ წინააღმდეგ] დასამოწმებლად“. პავლემ და ბარნაბამ ეს მითითება გაითვალისწინეს პისიდიის ანტიოქიაში (საქ. 13:51). პავლე მსგავსად მოიქცა კორინთში და ტანსაცმელი დაიბერტყა, რის მიზეზიც ასე ახსნა: „თქვენი სისხლი თქვენზე იყოს. მე სუფთა ვარ“ (საქ. 18:6). ასეთი ჟესტი შესაძლოა კარგად იყო ცნობილი მოწაფეებისთვის. ღრმად მორწმუნე ებრაელები, რომლებიც გზად უცხოტომელთა ტერიტორიას გადიოდნენ, იუდეველთა ტერიტორიაზე შესვლამდე სანდლებიდან მტვერს იბერტყავდნენ, რადგან უწმინდურად მიიჩნევდნენ. თუმცა იესოს სულ სხვა რამე ჰქონდა მხედველობაში, როცა მოწაფეებს ეს მითითება მისცა.