იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ესაია“ (ნაწილი 2)
ესაია პირნათლად ასრულებს წინასწარმეტყველის მოვალეობას. ყველაფერი, რასაც ის ისრაელის ათი ტომის სამეფოზე წინასწარმეტყველებს, სრულდება. ესაიას შემდეგი სიტყვები იერუსალიმის მომავალს ეხება.
ქალაქი იერუსალიმი განადგურდება, ხოლო მის მოსახლეობას ტყვედ წაიყვანენ, მაგრამ ისინი მუდმივად არ იქნებიან გადასახლებულები. გარკვეული დროის შემდეგ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღდგება. ძირითადად ამაზეა გამახვილებული ყურადღება ესაიას 36:1—66:24-შიa. აღნიშნულ თავებში ჩაწერილი ინფორმაცია ჩვენთვისაც სასარგებლოა, რადგან ამ მონაკვეთში მოცემული მრავალი წინასწარმეტყველება უმთავრესად ჩვენს დღეებში სრულდება ან ახლო მომავალში შესრულდება. ესაიას წიგნის ამ ნაწილში მესიის შესახებ მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებებიც არის ჩაწერილი.
„აი, დადგება დრო“
მეფე ხიზკიას მეფობის მეთოთხმეტე წელს (ძვ. წ. 732 წელი) ასურელები იუდას უტევენ. იეჰოვა დაპირებას იძლევა, რომ დაიცავს იერუსალიმს. იეჰოვას ერთი ანგელოზი 185 000 ასურელ მეომარს კლავს. იერუსალიმს საშიშროება აღარ ემუქრება.
ხიზკია სასიკვდილოდ ავადდება. იეჰოვა ისმენს მის ლოცვას, კურნავს მას და 15 წლით უხანგრძლივებს სიცოცხლეს. ბაბილონის მეფე ხალხს გზავნის ხიზკიასთან, რომ გამოჯანმრთელება მიულოცოს. ხიზკია უგუნურად იქცევა და მთელ თავის საგანძურს უჩვენებს მათ. ესაია იეჰოვას სიტყვებს გადასცემს ხიზკიას: „აი, დადგება დრო, როცა ყველაფერს, რაც შენს სახლშია, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე დაუგროვებია, ბაბილონში წაიღებენ“ (ესაია 39:5, 6). ეს წინასწარმეტყველება დაახლოებით ასი წლის შემდეგ სრულდება.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
38:8. რა იგულისხმება „საფეხურებში“, რომლებზეც მზის ჩრდილი უკან დაბრუნდა? რადგან ძვ. წ. მე-8 საუკუნეში ეგვიპტესა და ბაბილონში ფართოდ გამოიყენებოდა მზის საათი, „საფეხურებში“ შეიძლება სწორედ ის იგულისხმებოდეს. არსებობს იმის ალბათობა, რომ ხიზკიას მამას, ახაზს, ჰქონოდა ასეთი მზის საათი. ან, შესაძლოა, ეს იყო სასახლეში არსებული კიბე, რომლის გვერდზეც იდგა სვეტი. როდესაც სვეტს მზე დაანათებდა, ჩრდილი ეცემოდა საფეხურებზე და დღის განმავლობაში ჩრდილის გადაადგილების შესაბამისად იგებდნენ დროს.
რას ვსწავლობთ:
36:2, 3, 22. მართალია, გამგებელმა შებნამ დაკარგა თავისი მდგომარეობა, მაგრამ მას ნება დართეს, განეგრძო მეფესთან მსახურება და მისი მწერალი ყოფილიყო (ესაია 22:15, 19). თუ გარკვეული მიზეზების გამო იეჰოვას ორგანიზაციაში რაიმე პასუხისმგებლობას დავკარგავთ, განა არ უნდა განვაგრძოთ ღვთის მსახურება და ნებისმიერი დავალების შესრულება, რასაც დაგვაკისრებენ?!
37:1, 14, 15; 38:1, 2. გონივრულად ვიქცევით, თუ განსაცდელის დროს ლოცვით მივმართავთ იეჰოვას და მთელი გულით ვენდობით მას.
37:15—20; 38:2, 3. როდესაც იერუსალიმს ასურელები მიადგნენ, ხიზკიას მთავარი საწუხარი ის იყო, რომ ქალაქის დამხობა ჩირქს მოსცხებდა იეჰოვას სახელს. როდესაც ხიზკიამ გაიგო, რომ მისი ავადმყოფობა სასიკვდილო იყო, ის დამწუხრდა, მაგრამ მას მხოლოდ ავადმყოფობა არ აფიქრებდა. ყველაზე მეტად მას ის ადარდებდა, რომ შთამომავალი არ რჩებოდა და დავითის სამეფო ხაზს საშიშროება ემუქრებოდა. მეფე იმაზეც წუხდა, თუ ვინ ჩაუდგებოდა ერს სათავეში ასურელების წინააღმდეგ. ხიზკიას მსგავსად, ჩვენი მთავარი საფიქრალი იეჰოვას სახელის განწმენდა და მისი განზრახვების შესრულებაა, და არა ჩვენი გადარჩენა.
38:9—20. ხიზკიას სიმღერიდან იმას ვსწავლობთ, რომ ცხოვრებაში არაფერია იეჰოვას განდიდებაზე უფრო მნიშვნელოვანი.
„აღდგენილი იქნება“
მას შემდეგ, რაც ესაია წინასწარმეტყველებს იერუსალიმის დანგრევასა და ბაბილონში ხალხის ტყვედ წასხმას, ის აღდგენის შესახებაც წარმოთქვამს წინასწარმეტყველებას (ესაია 40:1, 2). იერუსალიმი „აღდგენილი იქნება“, — ნათქვამია ესაიას 44:28-ში. ბაბილონის ღმერთთა კერპები „ტვირთივით“ იქნება მოშორებული (ესაია 46:1). ბაბილონი მიწასთან გასწორდება. ეს წინასწარმეტყველება წარმოთქმიდან ორი საუკუნის შემდეგ სრულდება.
იეჰოვა თავის მსახურს „ერების სინათლედ“ აქცევს (ესაია 49:6). ბაბილონის „ზეცა“, ანუ მისი მმართველი კლასი „კვამლივით გაიფანტება“, ქვეყნის მკვიდრნი „ქინქლებივით დაიხოცებიან“, ‘სიონის ტყვე ასული კი თოკებს მოიშვებს კისერზე’ (ესაია 51:6; 52:2). მათ, ვინც ღმერთთან მიდის და უსმენს მას, იეჰოვა ეუბნება: „მეც მზადყოფნით დაგიდებთ მარადიულ შეთანხმებას დავითის მიმართ . . . გამოვლენილი მრავალი სიკეთის შესაბამისად“ (ესაია 55:3). ის, ვინც ღვთის სამართლიანი მოთხოვნების თანახმად ცხოვრობს, „ნეტარებას პოვებს იეჰოვაში“ (ესაია 58:14). მაგრამ ის, ვინც სჩადის ‘დანაშაულს, თავის ღმერთს შორდება’ (ესაია 59:2).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
40:27, 28. რატომ თქვა ისრაელმა: „ჩემი გზა დაფარულიაო იეჰოვასგან და ჩემთვის სამართლის გაჩენა მხედველობიდან რჩებაო ჩემს ღმერთს“? ბაბილონში გადასახლებული ზოგი ისრაელი შეიძლება ფიქრობდა, რომ უსამართლობა, რომლისგანაც იქ იტანჯებოდნენ, იეჰოვასგან დაფარული იყო ან ღმერთი ვერ ხედავდა მას. ესაიამ შეახსენა მათ, რომ დედამიწის შემოქმედს, რომელიც არ იღლება და არ იქანცება, ბაბილონი წინ ვერ აღუდგებოდა.
43:18—21. რატომ არ უნდა ‘გაეხსენებინათ პირვანდელი’ გადასახლებიდან დაბრუნებულებს? ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მათ უნდა დაევიწყებინათ იეჰოვას საქმეები, რითაც მან წარსულში თავისი ხალხი იხსნა. პირიქით, იეჰოვას სურდა, რომ ის განედიდებინათ „რაღაც ახლის“ გამო, რისი მოწმენიც თავად გახდებოდნენ — ეს შეიძლება ყოფილიყო იერუსალიმში უსაფრთხო მგზავრობა უდაბნოს უფრო მოკლე გზის გავლით. „უამრავ ხალხს“, რომელიც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ექნება ახალი მიზეზი, განადიდოს იეჰოვა (გამოცხადება 7:9, 14).
49:6. როგორ შეიძლება მესია „ერების სინათლე“ იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დედამიწაზე მისი მსახურება ძირითადად ისრაელებთან ქადაგებით შემოიფარგლებოდა? იესოს სიკვდილის შემდეგ მომხდარი მოვლენები გვაძლევს იმის საბაბს, რომ მას „ერების სინათლე“ ვუწოდოთ. ბიბლია ესაიას 49:6-ს იესოს მოწაფეებს უკავშირებს (საქმეები 13:46, 47). დღეს ცხებული ქრისტიანები, რომლებსაც უამრავი ხალხი უჭერს მხარს, „ერების სინათლედ“ მსახურობენ და ხალხს „დედამიწის კიდით-კიდემდე“ ასწავლიან (მათე 24:14; 28:19, 20).
53:10. რა გაგებით მოიწონა იეჰოვამ თავისი ძის შემუსვრა? ცხადია, იეჰოვასთვის, თანამგრძნობი ღმერთისთვის, ძალიან მტკივნეული იქნებოდა საყვარელი ძის ტანჯვის ხილვა. მიუხედავად ამისა, მან მოიწონა იესოს ნებაყოფლობითი მორჩილება და ის, რისი მიღწევაც იქნებოდა შესაძლებელი იესოს ტანჯვითა და სიკვდილით (იგავები 27:11; ესაია 63:9).
53:11. რა ცოდნით „გაამართლებს მრავალ ადამიანს“ მესია? ეს არის ცოდნა, რომელიც იესომ შეიძინა, როდესაც დედამიწაზე მოვიდა, გახდა ადამიანი, უსამართლოდ იტანჯა და მოკვდა (ებრაელები 4:15). ამგვარად, მან უზრუნველგვყო გამოსასყიდით, რომლის წყალობითაც ცხებულ ქრისტიანებსა და უამრავ ხალხს შეუძლიათ გამართლდნენ ღვთის წინაშე (რომაელები 5:19; იაკობი 2:23, 25).
56:6. ვინ არიან „უცხოელები“ და როგორ ‘ეჭიდებიან იეჰოვას შეთანხმებას’? „უცხოელები“ იესოს „სხვა ცხვარს“ მიეკუთვნებიან (იოანე 10:16). ისინი ეჭიდებიან ახალ შეთანხმებას იმ გაგებით, რომ ემორჩილებიან ამ შეთანხმებასთან დაკავშირებულ კანონებს; სრულ მონაწილეობას იღებენ ყველა იმ ღონისძიებაში, რომელსაც ეს შეთანხმება მოიცავს; იმავე სულიერი საზრდოთი იკვებებიან, რომლითაც ცხებული ქრისტიანები, და მხარს უჭერენ მათ სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში.
რას ვსწავლობთ:
40:10—14, 26, 28. იეჰოვა ძლიერია. მას სათუთი გრძნობები აქვს. ის ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენია. იეჰოვას „გაგების უნარი“ ბევრად აღემატება იმას, რისი წარმოდგენაც შეგვიძლია.
40:17, 23; 41:29; 44:9; 59:4. ქვეყნიური მთავრობები და კერპები „არარაობაა“. მათზე მინდობა უგუნურებაა.
42:18, 19; 43:8. თუ ღვთის წერილობით სიტყვას თვალს ავარიდებთ და „ერთგული და გონიერი მონის“ სწავლებას ყურს არ დავუგდებთ, სულიერად დავბრმავდებით და დავყრუვდებით (მათე 24:45).
43:25. იეჰოვა ‘შლის ცოდვებს’ თავისი გულისთვის. მართალია, ცოდვისა და სიკვდილისგან გათავისუფლებისა და მარადიული სიცოცხლის იმედი გვაქვს, მაგრამ იეჰოვას სახელის განწმენდასთან შედარებით ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.
44:8. ჩვენ ზურგს იეჰოვა გვიმაგრებს, რომელიც კლდესავით მტკიცე და ურყევია. არასოდეს არ უნდა შეგვეშინდეს იმის დამოწმების, რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი (2 სამუელი 22:31, 32).
44:18—20. კერპთაყვანისმცემლობა იმის ნიშანია, რომ ადამიანს გული ერყვნება. არაფერმა არ უნდა დაიკავოს ჩვენს გულში იეჰოვას ადგილი.
46:10, 11. ის, რომ იეჰოვას ‘თავისი გადაწყვეტილების შესრულების’ უნარი აქვს, ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ მხოლოდ ისაა ღმერთი.
48:17, 18; 57:19—21. თუ იეჰოვასგან ველით ხსნას, ვუახლოვდებით მას და ყურად ვიღებთ მის მცნებებს, მაშინ ჩვენი მშვიდობა მდინარის წყლებივით უხვი იქნება, ხოლო მართალი საქმეები — ზღვის ტალღებივით მრავალი. ისინი, ვინც ყურს არ უგდებენ ღვთის სიტყვას, „აღელვებული ზღვასავით არიან“. მათ არა აქვთ მშვიდობა.
52:5, 6. ბაბილონელებმა არასწორად დაასკვნეს, თითქოს ჭეშმარიტი ღმერთი სუსტი იყო. მათ არ ესმოდათ, რომ იეჰოვა თავისი ხალხით იყო უკმაყოფილო და სწორედ ამიტომ ჩავარდნენ ისრაელები ტყვეობაში. როდესაც ვინმეს განსაცდელი ხვდება, გონივრული იქნება, თუ ნაჩქარევ დასკვნებს არ გამოვიტანთ ამის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით.
52:7—9; 55:12, 13. სულ მცირე სამი მიზეზის გამო უნდა ვიქადაგოთ სიხარულით სამეფოს შესახებ ცნობა და მოვამზადოთ მოწაფეები. თავმდაბალი ადამიანებისთვის, რომლებიც სულიერს არიან მოწყურებულნი, ჩვენი ‘ფეხები მშვენიერია’. ჩვენ ‘თვალს თვალში ვუყრით’ იეჰოვას, ანუ ახლო ურთიერთობა გვაქვს მასთან. ჩვენ ასევე სულიერი კეთილდღეობით ვხარობთ.
52:11, 12. იმისათვის, რომ ‘იეჰოვას ნივთების ტარების’ ღირსი ვიყოთ, ანუ წმინდა მსახურების უფლება გვქონდეს, სულიერად და ზნეობრივად სუფთები უნდა დავრჩეთ.
58:1—14. მოჩვენებითი ერთგულებისა და სამართლიანობის გამოვლენა ფუჭია. ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები გულწრფელად უნდა ავლენდნენ ღვთის ერთგულებასა და ძმურ სიყვარულს (იოანე 13:35; 2 პეტრე 3:11).
59:15ბ—19. იეჰოვა აკვირდება ადამიანთა საქმეებს და თავის დროზე ჩაერევა მათში.
ის „სილამაზის გვირგვინი იქნება“
როგორც ძველ დროში, ისე ჩვენს დღეებში, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა უნდა აღდგენილიყო. ამას უკავშირდება ესაიას 60:1-ში ნათქვამი სიტყვები: „ადექი და გამოანათე, რადგან მოვიდა შენი სინათლე და გამოანათა შენზე იეჰოვას დიდებამ!“. სიონი „სილამაზის გვირგვინი იქნება იეჰოვას ხელში“ (ესაია 62:3).
ესაია ლოცულობს თავისი თანამემამულეებისთვის, რომლებიც ბაბილონის ტყვეობაში მოინანიებდნენ თავიანთ ცოდვებს (ესაია 63:15—64:12). ჭეშმარიტ და ცრუ თაყვანისმცემლებს შორის არსებული სხვაობის ხაზგასმის შემდეგ წინასწარმეტყველი აცხადებს, თუ როგორ აკურთხებს იეჰოვა თავის მსახურებს (ესაია 65:1—66:24).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
61:8, 9. რა არის „მარადიული შეთანხმება“ და ვინ იგულისხმება „შთამომავლობაში“? ეს არის ახალი შეთანხმება, რომელიც იეჰოვამ ცხებულ ქრისტიანებს დაუდო. „შთამომავლობაში“ იგულისხმება „სხვა ცხვარი“ — მილიონობით ადამიანი, რომლებიც დადებითად ეხმაურებიან ცხებულების მიერ გადაცემულ ცნობას (იოანე 10:16).
63:5. როგორ უდგას ღმერთს მხარში მისივე მრისხანება? ღვთის მრისხანება არის გრძნობა, რომელსაც ის სრულ კონტროლს უწევს — ესაა სამართლიანი რისხვა. ღმერთს ‘თავისი მრისხანება მხარში უდგას’ და აღძრავს, სისრულეში მოიყვანოს სამართლიანი განაჩენი.
რას ვსწავლობთ:
64:6. არასრულყოფილ ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის ხსნა. ადამიანი ვერ გამოისყიდის საკუთარ ცოდვებს, რადგან მისი მართალი საქმეები ჭუჭყიან ტანსაცმელს ჰგავს (რომაელები 3:23, 24).
65:13, 14. იეჰოვა უხვი სულიერი საზრდოთი აკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს.
66:3—5. იეჰოვას სძულს პირმოთნეობა.
„იხარეთ“
აღდგენის შესახებ წინასწარმეტყველებები, მართლაც, ძალიან მანუგეშებელი იქნებოდა ბაბილონში გადასახლებული ერთგული იუდეველებისთვის! „იხარეთ, — თქვა იეჰოვამ, — და მარადიულად იმხიარულეთ იმით, რასაც ვქმნი, რადგან აი, ვქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს — სასიხარულოდ!“ (ესაია 65:18).
ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როდესაც მთელი მსოფლიო სიბნელით არის მოცული და ერები — ‘მწუხრით დაფარული’ (ესაია 60:2). ახლა „მძიმე, ძნელად ასატანი დროა“ (2 ტიმოთე 3:1). ამიტომაც, იეჰოვასგან მომდინარე ცნობა ხსნის შესახებ, რომელიც ბიბლიის წიგნ „ესაიაშია“ ჩაწერილი, ძალიან მანუგეშებელია ჩვენთვის (ებრაელები 4:12).
[სქოლიო]
a ესაიას პირველი 35 თავი განხილულია 2006 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ რუბრიკით «იეჰოვას სიტყვა ცოცხალია — მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ესაია“ (ნაწილი 1)».
[სურათი 8 გვერდზე]
იცით, რა უმთავრესი მიზეზის გამო ლოცულობდა ხიზკია, რომ ასურელების ხელში არ ჩავარდნილიყვნენ?
[სურათი 11 გვერდზე]
‘რა მშვენიერია მთებზე მახარობლის ფეხები!’