თავი მეთერთმეტე
ვაი ურჩ ხალხს!
1. რა საშინელი შეცდომა დაუშვა იერობოამმა?
იეჰოვასთან კავშირით შეკრული ერის ორ სამეფოდ გაყოფის შემდეგ ჩრდილოეთის ათი ტომის სამეფოს ტახტზე იერობოამი ავიდა. ახალი მეფე საკმაოდ უნარიანი და ენერგიული მმართველი იყო, მაგრამ მას იეჰოვასადმი გულწრფელი რწმენა არ ჰქონდა, რის გამოც დიდი შეცდომა დაუშვა და დაღუპა ჩრდილოეთის სამეფო. მოსეს რჯულით ისრაელები წელიწადში სამჯერ უნდა მისულიყვნენ იერუსალიმის ტაძარში, რომელიც იუდას სამხრეთ სამეფოში იყო (მეორე რჯული 16:16). იერობოამმა იმის შიშით, რომ ასეთი რეგულარული მგზავრობები თავის ქვეშევრდომებს სამხრეთელ ძმებთან კვლავ გაერთიანების სურვილს გაუჩენდა, „გააკეთა ორი ოქროს ხბო და უთხრა ხალხს: გეყოფათ იერუსალიმში სიარული. აჰა, შენი ღმერთები, ისრაელო, რომელთაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს. ერთი ხბო ბეთელში დადგა, მეორე დანში გაგზავნა“ (მესამე მეფეთა 12:28, 29).
2, 3. რა მოუტანა ისრაელს იერობოამის შეცდომამ?
2 ერთხანს იერობოამის მოქმედება შედეგიანი ჩანდა. ხალხმა თანდათანობით მიატოვა იერუსალიმში სიარული და ხბოებს დაუწყო თაყვანისცემა (მესამე მეფეთა 12:30). მაგრამ ასეთმა განდგომილებამ გახრწნა ათი ტომის სამეფო. მოგვიანებით თვით იეჰუც კი, რომელიც თავგამოდებით იბრძოდა ისრაელიდან ბაალის თაყვანისმცემლობის აღმოსაფხვრელად, ქედს იხრიდა ოქროს ხბოების წინაშე (მეოთხე მეფეთა 10:28, 29). კიდევ რა შედეგი მოჰყვა იერობოამის არასწორ გადაწყვეტილებას? არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა და ხალხის ტანჯვა.
3 იერობოამის განდგომილების გამო იეჰოვამ თქვა, რომ მისი შთამომავლები ტახტს ვერ შეინარჩუნებდნენ და ჩრდილოეთის სამეფოს დიდი უბედურება დაატყდებოდა (მესამე მეფეთა 14:14, 15). იეჰოვას სიტყვა ზუსტად შესრულდა. ისრაელის შვიდმა მეფემ დაახლოებით ორი წლის განმავლობაში იმეფა. მათგან ზოგი მხოლოდ რამდენიმე დღე იჯდა ტახტზე. ერთმა თავი მოიკლა, ხოლო ექვსი მეფე ძალაუფლების ხელში ჩაგდების მსურველებმა გამოასალმეს სიცოცხლეს. იერობოამ II-ის მეფობის შემდგომ პერიოდში, ძვ. წ. 804 წლიდან, როდესაც იუდაში ყუზია მეფობდა, ისრაელში განსაკუთრებით დიდი არეულობა შეიქნა და ძალადობამ და მკვლელობებმა იმატა. სწორედ ამ მდგომარეობაში იეჰოვა ესაიას მეშვეობით აფრთხილებს ანუ თავის „სიტყვას“ გადასცემს ჩრდილოეთ სამეფოს. „სიტყვა მოუვლინა უფალმა იაკობს და გარდამოვიდა ისრაელზე“ (ესაია 9:7)a.
მედიდურობა და გულდიდობა ღვთის რისხვას იმსახურებს
4. რა „სიტყვა“ მოუვლინა იეჰოვამ ისრაელს და რატომ?
4 იეჰოვას „სიტყვა“ ვერ იქნება უგულებელყოფილი. „გაიგებს მთელი ერი — ეფრემი და სამარიის მკვიდრი, მედიდურად და გულდიდად რომ ლაპარაკობს“ (ესაია 9:8). „იაკობში“, „ისრაელში“, „ეფრემსა“ და „სამარიაში“ ისრაელის ჩრდილოეთ სამეფო იგულისხმება, სადაც ეფრემი ყველაზე გავლენიანი ტომია, ხოლო სამარია — სატახტო ქალაქი. ამ სამეფოს მიმართ იეჰოვას სიტყვა მკაცრი სასამართლო განაჩენია, რადგან ეფრემმა მიატოვა წმინდა თაყვანისმცემლობა და ურცხვად გაუდიდგულდა იეჰოვას. ღმერთი არ დაიცავს ამ ხალხს თავიანთი ბოროტი საქმეების შედეგებისგან. ისინი იძულებული იქნებიან, მოისმინონ ანუ ყურადღება მიაქციონ ღვთის სიტყვას (გალატელთა 6:7).
5. საიდან ჩანს, რომ ისრაელები გონს ვერ მოეგნენ იეჰოვას სასჯელის შემდეგ?
5 მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად ხალხი დიდ დანაკარგს განიცდის — სახლებიც კი ენგრევათ, რომლებსაც, ჩვეულებრივ, მიწის აგურებისა და უბრალო ხის მასალისგან აშენებენ. მოეგებიან ისინი გონს ამის შემდეგ? მოუსმენენ ისინი იეჰოვას წინასწარმეტყველებს და დაუბრუნდებიან ჭეშმარიტ ღმერთსb? ესაიას მოხსენიებული აქვს ხალხის ამპარტავნული პასუხი: „აგურები ჩამოცვენილია, თლილი ქვებით დავიწყებთ შენებასო; ლეღვსულელი გახეხილია, კედარით შევცვლითო“ (ესაია 9:9). ისრაელები ეურჩებიან იეჰოვას და უარყოფენ მის წინასწარმეტყველებს, რომლებიც ეუბნებიან, თუ რატომ არიან ასეთ გასაჭირში. ფაქტობრივად, ხალხი ამბობს: შეიძლება დაგვენგრეს კიდეც უბრალო მიწის აგურებისა და ხისგან აშენებული სახლები, მაგრამ ეს ზარალი ჩვენთვის არაფერია, რადგან უკეთესი მასალით, თლილი ქვითა და კედრით, ავიშენებთო სახლებს! (შეადარეთ იობი 4:19). ისინი იეჰოვას თავიანთი კვლავაც დასჯის გარდა სხვა არჩევანს არ უტოვებენ (შეადარეთ ესაია 48:22).
6. როგორ უშლის იეჰოვა გეგმებს იუდას მოწინააღმდეგე სირიელებსა და ისრაელებს?
6 ესაია განაგრძობს: „აუმხედრებს მას უფალი რეცინის მტრებს“ (ესაია 9:10ა). ისრაელის მეფე, ფეკახი, და სირიის მეფე, რეცინი, მოკავშირეები არიან. მათ განზრახული აქვთ, დაიპყრონ იუდას ორტომიანი სამეფო და იერუსალიმში სამეფო ტახტზე მარიონეტი მეფე, კერძოდ კი „ტაბეალის ძე“, დასვან (ესაია 7:6). მაგრამ ისინი ვერაფერს მიაღწევენ. რეცინს ძლიერი მტრები ჰყავს და ამ მტრებს იეჰოვა „მას“ ანუ ისრაელს „აუმხედრებს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკავშირეების გეგმების ჩაშლის ნებას დართავს მათ.
7, 8. რა გავლენას ახდენს ისრაელზე აშურის მიერ სირიის დაპყრობა?
7 მოკავშირეების გეგმების ჩაშლა უკვე მაშინ დაიწყო, როდესაც აშურმა სირიას შეუტია. „მოადგა აშურის მეფე დამასკოს [სირიის დედაქალაქს], აიღო იგი, ხალხი კირში გადაასახლა, ხოლო რეცინი მოკლა“ (მეოთხე მეფეთა 16:9). ძლიერი მოკავშირის დაკარგვის შემდეგ ფეკახი ხედავს, რომ იუდაში თავის განზრახვებს ვეღარ განახორციელებს. რეცინის სიკვდილიდან მცირე ხანში ფეკახს ჰოშეაყი კლავს და თვითონ ადის ტახტზე (მეოთხე მეფეთა 15:23—25, 30).
8 ისრაელის ყოფილი მოკავშირე სირია ახლა ძლიერი აშურის ვასალია. ესაია წინასწარმეტყველებს, როგორ გამოიყენებს იეჰოვა ამ ახალ პოლიტიკურ კავშირს: «ააგულიანებს [იეჰოვა] მის [ისრაელის] დუშმანებს. არამი აღმოსავლეთით და ფილისტიმელი დასავლეთით [„უკანა მხრიდან“, აქ] — და პირაშკმით ჭამენ ისრაელს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღებულია მისი ხელი» (ესაია 9:10ბ, 11). დიახ, არამი ანუ სირია ახლა ისრაელის მტერია და ისრაელს აშურისა და სირიის თავდასხმა მოელის. ეს ასეც ხდება. აშური იმორჩილებს ტახტზე ასულ ჰოშეაყს და დიდძალ ხარკს აკისრებს (აშურმა რამდენიმე ათწლეულის წინათაც დიდი ხარკი აიღო ისრაელის მეფე მენახემისგან). როგორ მართლდება წინასწარმეტყველ ოსიას სიტყვები: „უცხოთესლი ჭამს მის [ეფრემის] ძალას“ (ოსია 7:9; მეოთხე მეფეთა 15:19, 20; 17:1—3).
9. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილისტიმელები „უკანა მხრიდან“ უტევენ იუდას?
9 ესაია ხომ იმასაც ამბობს, რომ ფილისტიმელები ამხედრდებიან „უკანა მხრიდან“? დიახ. მაგნიტური კომპასის გამოგონებამდე ებრაელები მიმართულებას აღმოსავლეთისკენ პირით მდგარი ადამიანის პოზიციიდან საზღვრავდნენ. ამგვარად, „აღმოსავლეთს“ წინა მხარედ თვლიდნენ, ხოლო ფილისტიმელთა ზღვისპირა ტერიტორიას — „უკანა მხარედ“. ესაიას 9:11-ში მოხსენიებულ „ისრაელში“ ამ შემთხვევაში შეიძლება იუდაც იგულისხმება, რადგან ფილისტიმელებმა ფეკახის თანამედროვე ახაზის მეფობის დროს გაილაშქრეს იუდაზე და მისი მრავალი ქალაქი და ციხე-სიმაგრე დაიპყრეს. ეფრემის მსგავსად, იუდაც იმსახურებს იეჰოვასგან დასჯას, რადგან ისიც აღვსილია განდგომილებით (მეორე ნეშტთა 28:1—4, 18, 19).
‘თავიდან კუდამდე’ მოჯანყე ხალხი
10, 11. როგორ დასჯის იეჰოვა ისრაელს ჯიუტად ურჩობის გამო?
10 მიუხედავად ასეთი ტანჯვისა და იეჰოვას წინასწარმეტყველთა ქადაგებისა, ჩრდილოეთის სამეფო კვლავაც ეურჩება იეჰოვას. „ხალხი არ მიქცეულა თავისი მგვემელისკენ და ცაბაოთ უფალს არ ეძიებს“ (ესაია 9:12). ამიტომაც წინასწარმეტყველი ამბობს: „მოსწყვიტა ისრაელს უფალმა თავი და კუდი, რტოები და ღერო ერთ დღეს. მოხუცი და პატივდებული თავია, სიცრუის ქადაგ-მოძღვარი კი — კუდი. ამ ხალხს მისი წინამძღოლნი გზა-კვალს ურევენ და მათგან გაძღოლილნი იკარგებიან“ (ესაია 9:13—15).
11 „თავითა“ და „რტოებით“„მოხუცი და პატივდებული“ ანუ ერის წინამძღოლები არიან წარმოდგენილი, „კუდითა“ და „ღეროთი“ კი — ის წინასწარმეტყველები, რომლებიც ცდილობენ, თავიანთ წინამძღოლთა საამებლად იწინასწარმეტყველონ. ბიბლიის ერთი მკვლევარი წერს: „ცრუ წინასწარმეტყველები კუდებად იმიტომ არიან მოხსენიებული, რომ ისინი ზნეობრივად ყველაზე დაცემული იყვნენ და მლიქვნელურად მიჰყვებოდნენ და მხარს უჭერდნენ ბოროტ მმართველებს“. პროფესორი ედუარდ იანგი ამ ცრუწინასწარმეტყველთა შესახებ ამბობს: „ისინი წინამძღოლები კი არ იყვნენ, არამედ თვითონ მიჰყვებოდნენ წინამძღოლებს და მათი აშკარა პირფერობა და ლაქუცი ძაღლის კუდის ქიცინს ჰგავდა“ (შეადარეთ 2 ტიმოთე 4:3).
„ქვრივ-ობლებიც“ კი ურჩობენ
12. როგორ გაიხრწნა ისრაელის საზოგადოება?
12 იეჰოვა ყოველთვის მფარველობს ქვრივ-ობლებს (გამოსვლა 22:21, 22). მაგრამ ახლა ესაია ამბობს: „თავის ჭაბუკებზე არ ხარობს უფალი და ქვრივ-ობლებს არ იბრალებს, რადგან ყველანი უკეთურნი და ბოროტეულნი არიან, და ყოველი პირი სიბილწეს ლაპარაკობს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი“ (ესაია 9:16). განდგომილებამ საზოგადოების ყველა ფენა გახრწნა და ქვრივ-ობლებსაც შეეხო! იეჰოვა მოთმინებით გზავნის თავის წინასწარმეტყველთ და იმედი აქვს, რომ ხალხი გამოსწორდება. მაგალითად, ოსია ხვეწნა-მუდარით მიმართავს ხალხს: „მოიქეც, ისრაელ, უფლისკენ, შენი ღვთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე“ (ოსია 14:2). რა გულსატკენი იქნებოდა ქვრივ-ობლების მფარველისთვის, რომ თვით მათი დასჯაც კი უწევდა!
13. რის სწავლა შეგვიძლია ესაიას დღეებში შექმნილი მდგომარეობიდან?
13 ესაიას მსგავსად, ჩვენც საზარელ დღეებში ვცხოვრობთ, როდესაც მალე იეჰოვამ ბოროტები უნდა განსაჯოს (2 ტიმოთე 3:1—5). მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა ნებისმიერ მდგომარეობაში შეინარჩუნონ სულიერი სიწმინდე, სპეტაკნი იყვნენ ზნეობითა და აზროვნებით და არ დაკარგონ ღვთის კეთილგანწყობილება. ყველა სათუთად გავუფრთხილდეთ იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას. „დიდი ბაბილონიდან“ გამოსულები აღარასდროს ‘ვეზიაროთ მის ცოდვებს’ (გამოცხადება 18:2, 4).
ცრუ თაყვანისმცემლობას ძალადობა მოაქვს
14, 15. ა) რა მოაქვს დემონებისადმი თაყვანისცემას? ბ) რა შემდგომ უბედურებას უწინასწარმეტყველებს ესაია ისრაელს?
14 ცრუ თაყვანისმცემლობა, ფაქტობრივად, დემონებისადმი თაყვანისცემაა (1 კორინთელთა 10:20). დემონების ზეგავლენას, როგორც წარღვნის წინა პერიოდიდანაც გამოჩნდა, ძალადობა და უსამართლობა მოაქვს (დაბადება 6:11, 12). ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ, როდესაც ისრაელი ტოვებს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და დემონებისადმი თაყვანისცემას იწყებს, ქვეყანა ძალადობითა და ბოროტებით ივსება (მეორე რჯული 32:17; ფსალმუნი 105:35—38).
15 ესაია მთელი სიცხადით აღწერს, როგორ არის ბოროტება გავრცელებული ისრაელში: „რადგან აღიგზნო ბოროტება, როგორც ცეცხლი, ძეძვისა და ნარ-ეკლის შემჭმელი, აბრიალდება უსიერ ტევრში და აღიმართება კვამლის სვეტები. ცაბაოთ უფლის რისხვისაგან დაბნელდება მიწა და ხალხი ცეცხლის კერძი შეიქნება, ერთი მეორეს არ დაინდობს. მარჯვნივ გამოგლეჯს, მშიერი დარჩება; მარცხნივ შეჭამს, ვერ გაძღება. ყველანი თავის მკლავის ხორცს დაუწყებენ ჭამას. მენაშე ეფრემს, ეფრემი მენაშეს, ორივენი ერთად იუდას ესხმის. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი“ (ესაია 9:17—20).
16. როგორ სრულდება ესაიას 9:17—20 მუხლები?
16 როგორც ცეცხლის ალი გადადის ძეძვიდან ძეძვზე, ისეთი სისწრაფით ვრცელდება ძალადობა, „უსიერ ტევრებს“ აღწევს და ძალადობის აბრიალებულ ტევრებად აქცევს მათ. ბიბლიის კომენტატორები კაილი და დელიჩი იმდროინდელ ძალადობას აღწერენ, როგორც „ანარქიული სამოქალაქო ომის დროს ყოვლად უმოწყალო თვითგანადგურებას. ხალხს გული ჰქონდა გაქვავებული და ვერ ძღებოდნენ ერთმანეთის ჭამით“. ალბათ, ესაია ეფრემისა და მენაშეს ტომებს განსაკუთრებულად იმიტომ იხსენიებს, რომ ისინი ჩრდილოეთ სამეფოს ძირითადი ტომები არიან და, როგორც იოსების ორი ვაჟის შთამომავლებს, ათ ტომს შორის ყველაზე მჭიდრო ურთიერთკავშირი აქვთ. ამის მიუხედავად, ერთმანეთის სისხლის ღვრას ისინი მხოლოდ იუდასთან, სამხრეთ სამეფოსთან, ომის დროს წყვეტენ (მეორე ნეშტთა 28:1—8).
უსამართლო მსაჯულთა განსჯა
17, 18. როგორ ამახინჯებენ ღვთის რჯულს ისრაელის მსაჯულები და თავკაცები?
17 ახლა იეჰოვა ისრაელის უსამართლო მსაჯულებსა და თავკაცებს ასამართლებს. ისინი ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას და ძარცვავენ ღარიბ-ღატაკთ და ჩაგრულთ, რომლებიც მათგან სამართლის აღსრულებას მოელიან. ესაია ამბობს: «ვაი უსამართლო განაჩენის გამომტანთ [„წესების შემომღებთ, აქ] და უკანონო მსჯავრისმდებელთ, სამართლისგან რომ განარიდებენ ღარიბ-ღატაკთ, ამტყუნებენ ჩემი ერის ჩაგრულს, ქვრივებს ნადავლად იტაცებენ და ობლებს ძარცვავენ!» (ესაია 10:1, 2).
18 იეჰოვას რჯული ყოველგვარ უსამართლობას კრძალავს: «უსამართლობას ნუ ჩაიდენ სასამართლოში, ზედმეტად ნუ მოუფონებ საწყალს და ზედმეტ პატივს ნუ მიაგებ დედაკაცს [„დიდკაცს“, აქ]» (ლევიანნი 19:15). ამ რჯულის უგულებელმყოფელ დიდკაცებს თავიანთი „უსამართლო წესები“ შემოაქვთ, რათა კანონებით გაამართლონ აშკარა, უმოწყალო ძარცვა-გლეჯა, კერძოდ კი ქვრივ-ობოლთა მწირი ქონების მითვისება. ისრაელის ცრუ ღმერთები, რა თქმა უნდა, ვერ ხედავენ ასეთ უსამართლობას, მაგრამ მათგან განსხვავებით იეჰოვა ხედავს. ესაიას მეშვეობით იეჰოვა ახლა სწორედ უსამართლო მსაჯულებს აპყრობს ყურადღებას.
19, 20. როგორ შეიცვლება უსამართლო მსაჯულთა მდგომარეობა და რა დაემართება მათ „დიდებას“?
19 „რას იზამთ განკითხვისა და დაქცევის დღეს, შორიდან რომ მოდის? ვისთან გაიქცევით შეწევნისთვის და თქვენს დიდებას სად დატოვებთ? ვინ სად ჩაიჩოქებს ტყვეთა შორის, ვინ სად დაეცემა დახოცილთა შორის!“ (ესაია 10:3, 4ა). ქვრივ-ობლები ვერსად ნახულობენ პატიოსან მსაჯულს, დახმარებისთვის რომ მიმართონ. ამიტომაც მართებულად ეკითხება იეჰოვა უსამართლო მსაჯულებს, ვის მიმართავენ დახმარებისთვის, როდესაც პასუხს მოსთხოვს მათ. დიახ, უსამართლო მსაჯულებმა უნდა დაინახონ, რომ „საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა!“ (ებრაელთა 10:31).
20 ამ ბოროტ მსაჯულთა „დიდება“, ანუ პრესტიჟი, პატივი და ძალაუფლება, რომელიც მათთვის სიმდიდრესა და საზოგადოებრივ მდგომარეობას მოაქვს, ხანმოკლე აღმოჩნდება. ზოგი ტყვედ ჩავარდება, ტყვეთა შორის „ჩაიჩოქებს“ ანუ დაეცემა და მათი გვამები დახოცილთა გვამებს შორის ეყრება. ბოროტ მსაჯულთა „დიდებაში“ უკანონო გზით შეძენილი ქონებაც იგულისხმება, რომელსაც საბოლოოდ მტერი უნდა დაეპატრონოს.
21. ცხრება თუ არა იეჰოვას რისხვა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ სჯის ისრაელს?
21 ესაია ამ ბოლო სტროფს შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: „მაინც [მთელი ამ უბედურების მიუხედავად, რომელიც ერს დაატყდა] არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი“ (ესაია 10:4ბ). დიახ, იეჰოვას არ დაუმთავრებია ისრაელთან ლაპარაკი. ის არ ჩამოუშვებს მოღერებულ ხელს, სანამ საბოლოო გამანადგურებელ დარტყმას არ მიაყენებს ურჩ ჩრდილოეთ სამეფოს.
არასდროს გახდეთ სიცრუისა და ანგარების მსხვერპლი
22. რის სწავლა შეგვიძლია იქიდან, რაც ისრაელს დაატყდა თავს?
22 იეჰოვას ‘ფუჭად არ დაბრუნებია’ ესაიას მეშვეობით გადაცემული სიტყვა; მისი სიტყვა მძიმედ დააწვა ისრაელს (ესაია 55:10, 11). ისტორია გვამცნობს, თუ როგორ განადგურდა ისრაელის ჩრდილოეთი სამეფო და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა უბედურებათა გადატანა მოუწიათ მის მცხოვრებთ. ასეთივე სიზუსტით შესრულდება ღვთის სიტყვა თანამედროვე სისტემაზე, განსაკუთრებით კი განდგომილ ქრისტიანულ სამყაროზე. ამიტომაც მეტად მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანებმა ყური არ დაუგდონ ღვთის საწინააღმდეგო ცრუ პროპაგანდას! სატანის კარგად შემუშავებული მეთოდები ღვთის წყალობით დიდი ხანია მხილებულია. ამიტომაც ძველი ისრაელებივით ვერ უნდა გვაცდუნონ მათ (2 კორინთელთა 2:11). არ დავუშვათ, რომ როდისმე შევწყვიტოთ „სულითა და ჭეშმარიტებით“ იეჰოვასადმი თაყვანისცემა (იოანე 4:24). ასეთ შემთხვევაში მისი მოღერებული ხელი არ შეგვეხება ისე, როგორც მოჯანყე ეფრემელებს შეეხო. იეჰოვა სიყვარულით მოგვხვევს ხელებს და სამოთხეში დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან გზაზე სიარულში დაგვეხმარება (იაკობი 4:8).
[სქოლიოები]
a ესაიას 9:7—10:4 მუხლები ოთხ სტროფად (რიტმულად გაერთიანებულ მონაკვეთებად) არის დაყოფილი, რომელთაგან თითოეული ავისმომასწავებელი სიტყვებით მთავრდება: „მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი“ (ესაია 9:11, 16, 20; 10:4). ასეთი მხატვრული ხერხი ესაიას 9:7—10:4 მუხლებს თითქოს ერთ მთლიან „სიტყვად“ აერთიანებს (ესაია 9:7). აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ, რომ იეჰოვას ‘ხელი კვლავ მოღერებული აქვს’ მათ განსასჯელად (ესაია 9:12).
b ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში იეჰოვას წინასწარმეტყველები იყვნენ: იეჰუ (არა მეფე), ელია, მიქაია, ელისე, იონა, ყოდედი, ოსია, ამოსი და მიქა.
[სურათი 139 გვერდზე]
როგორც ტყეს ცეცხლი, ისე მოედო ისრაელს ბოროტება და ძალადობა.
[სურათი 141 გვერდზე]
იეჰოვა პასუხს მოსთხოვს ხალხის მჩაგვრელებს.