თავი მეთოთხმეტე
იეჰოვა დასცემს ქედმაღალ ქალაქს
1. რა პერიოდის მოვლენებს წინასწარმეტყველებს ახლა ესაია?
ესაიას წინასწარმეტყველური წიგნი ძვ. წ. VIII საუკუნეში დაიწერა, როდესაც აღთქმულ მიწას აშურელები ესხმოდნენ. როგორც წინა თავებიდან დავინახეთ, ესაია გასაოცარი სიზუსტით წინასწარმეტყველებს იმდროინდელ მოვლენებს. მაგრამ ესაიას წიგნი მხოლოდ აშურელების ბატონობის პერიოდს როდი ეხება. მასში იეჰოვას რჩეული ერის მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის შინეყარის ანუ ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებაც არის ნაწინასწარმეტყველები (ესაია 11:11). ესაიას წიგნის მე-13 თავში იმ მნიშვნელოვან წინასწარმეტყველებას ვკითხულობთ, რომლის შესრულებაც სამშობლოში ებრაელების დაბრუნებას გახდიდა შესაძლებელს. ეს წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით იწყება: „განაჩენი ბაბილონისა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ“ (ესაია 13:1).
„სიამაყეს დავამდაბლებ“
2. ა) როგორ იწყება ხიზკიაჰუსა და ბაბილონს შორის ურთიერთობა? ბ) რა არის „ნიშანი“, რომელიც უნდა აღიმართოს?
2 იუდასა და ბაბილონს შორის ურთიერთობა ესაიას სიცოცხლეში იწყება. მეფე ხიზკიაჰუ მძიმედ ავადმყოფობს, მაგრამ შემდეგ კვლავ ჯანმრთელდება. ბაბილონის მეფე ხალხს უგზავნის ხიზკიაჰუს და გამოჯანმრთელებას ულოცავს, როგორც ჩანს, იმ ფარული მიზნით, რომ აშურის წინააღმდეგ საიდუმლო კავშირი დადოს მასთან. ამ დროს ხიზკიაჰუ უგუნურად იქცევა და მთელ თავის საგანძურს ათვალიერებინებს ბაბილონელებს. ამის შემდეგ ესაია ეუბნება ხიზკიაჰუს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ იუდას მთელი ქონება ბაბილონში გაიზიდება (ესაია 39:1—7). ეს წინასწარმეტყველება ძვ. წ. 607 წელს სრულდება, როდესაც ბაბილონელები იერუსალიმს ანადგურებენ და ხალხი ტყვედ მიჰყავთ. მაგრამ ღვთის რჩეული ერი სამუდამოდ არ დარჩება ბაბილონში. იეჰოვა წინასწარმეტყველებს, თუ როგორ გაუხსნის მათ გზას სამშობლოში დასაბრუნებლად. ის ამბობს: «ხმელ გორზე აღმართეთ დროშა [„ნიშანი“, აქ], ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შემოვიდნენ მთავართა კარიბჭით» (ესაია 13:2). „ნიშანი“ მომავალი მსოფლიო მპყრობელია, რომელიც ძლევამოსილ ბაბილონს შეცვლის. ის „ხმელ გორზე“ — შორიდან კარგად გამოსაჩენ ადგილზე — აღიმართება. ბაბილონზე თავდასასხმელად მოხმობილი ახალი მსოფლიო მპყრობელი ქალაქში „მთავართა კარიბჭით“, ანუ ამ დიდებული ქალაქის კარიბჭით, შეძლებს შესვლას და აიღებს კიდეც მას.
3. ა) ვინ არიან იეჰოვას მიერ მოხმობილი „განწმედილები“? ბ) რა გაგებით არის წარმართ ერთა ლაშქრები „განწმედილი“?
3 ახლა იეჰოვა ამბობს: „მე ვუბრძანე ჩემს განწმედილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს ძლიერთ ჩემი რისხვისათვის, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ. მთებზე გუგუნია, თითქოს მრავალი ხალხისაგან, ერთად თავშეყრილი ხალხების სამეფოთა ჟრიამული; ცაბაოთ უფალი თავად ათვალიერებს საომრად გამზადებულ ლაშქარს“ (ესაია 13:3, 4). ვინ არიან ეს „განწმედილები“, რომლებმაც უნდა დასცენ ქედმაღალი ბაბილონი? ისინი სხვადასხვა ერის მეომრები ანუ „თავშეყრილი ხალხები“ არიან. მოლაშქრენი შორი მთებიდან ეშვებიან ბაბილონზე თავდასასხმელად. ისინი „შორი ქვეყნებიდან, ცის კიდიდან მოდიან“ (ესაია 13:5). რა გაგებით არიან ისინი განწმენდილები? ცხადია, არა იმ გაგებით, რომ ისინი წმინდები არიან. ამ წარმართ მეომრებს სულაც არ აინტერესებთ იეჰოვასთვის მსახურება. ებრაულ წერილებში სიტყვა „განწმედილი“ „ღვთის მიერ გამოსაყენებლად განკუთვნილს“ ნიშნავს. იეჰოვას შეუძლია განწმინდოს ერთა ლაშქრები და მათი ეგოისტური მიზნები თავისი რისხვის გამოსავლენად გამოიყენოს. მან აშური გამოიყენა ამგვარად და ბაბილონსაც ამნაირადვე გამოიყენებს (ესაია 10:5; იერემია 25:9). შემდეგ კი სხვა ერებს მოუხმობს ბაბილონის დასასჯელად.
4, 5. ა) რას წინასწარმეტყველებს იეჰოვა ბაბილონის შესახებ? ბ) რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ ბაბილონზე თავდამსხმელებს?
4 ბაბილონი ჯერ არ გამხდარა მსოფლიო მპყრობელი. მაგრამ ესაიას მეშვეობით იეჰოვა მის აღზევებასაც წინასწარმეტყველებს და დაცემასაც. ის ამბობს: „მოთქვამდეთ, რადგან ახლოვდება უფლის დღე, მოდის როგორც რბევა ყოვლადძლიერისგან“ (ესაია 13:6). დიახ, ბაბილონის კვეხნა მწუხარების მოთქმით შეიცვლება. რატომ? „უფლის დღის“ გამო, რომლის დროსაც იეჰოვა მისთვის გამოტანილ განაჩენს აღასრულებს.
5 მაგრამ როგორ არის შესაძლებელი ბაბილონის დარბევა? როდესაც იეჰოვას მიერ დადგენილი დრო მოვა, ქალაქი საოცრად ძლიერი იქნება. დამპყრობლებს დაბრკოლებას პირველ რიგში მდინარე ევფრატი შეუქმნის, რომელიც შუაზე ჩაუდის ბაბილონს, დამცავ თხრილს ავსებს და სასმელი წყლითაც ამარაგებს ქალაქს. ბაბილონს უზარმაზარი გალავნის ორმაგი კედლებიც იცავს, რომლებიც გადაულახავ დაბრკოლებად ჩანს. გარდა ამისა, ხალხი საკვებითაც კარგად არის მომარაგებული. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ ნაბონიდი — ბაბილონის უკანასკნელი მეფე — „დიდ ძალისხმევას ახმარდა სურსათით ქალაქის მომარაგებას და, ზოგის აზრით, ოცი წლის მანძილზე სამყოფი საზრდოც კი ჰქონდა მისი მოსახლეობისთვის“ (Daily Bible Illustrations).
6. რა მოხდება უეცრად, როდესაც წინასწარმეტყველებისამებრ მტერი თავს დაესხმის ბაბილონს?
6 მაგრამ პირველი შთაბეჭდილებით ადვილად შეიძლება შეცდომაში შესვლა. ესაია ამბობს: „ამიტომაც დაუძლურდა ყოველი მკლავი და ყოველი კაცის გული შემდრკალია. შიშისზარი აქვთ, კრუნჩხვებმა და ტკივილებმა შეიპყრეს, მშობიარე ქალივით იტანჯებიან, გაოგნებულნი შეჰყურებენ ერთმანეთს, სახეზე ცეცხლი ეკიდებათ“ (ესაია 13:7, 8). როდესაც მტერი ქალაქს დაიპყრობს, უდარდელ ხალხს მშობიარე ქალივით უეცრად შეიპყრობს ტკივილები. მათ გული შეუდრკებათ, ხელები დაუუძლურდებათ და ვეღარ შეძლებენ თავის დაცვას. შიშისა და განცდებისგან სახეზე „ცეცხლი მოეკიდებათ“. გაოგნებული დაუწყებენ ერთმანეთს ყურებას, როდესაც მათი დიდებული ქალაქი დაეცემა.
7. იეჰოვას რა „დღე“ ახლოვდება და რას მოუტანს ბაბილონს?
7 ბაბილონის დაცემა გარდაუვალია. მას აუცილებლად დაატყდება „იეჰოვას დღე“, როდესაც ღმერთი ყველაფერზე პასუხს აგებინებს. უზენაესი მსაჯული განრისხდება და სრულიად სამართლიანად დასჯის ბაბილონის ცოდვილ მოსახლეობას. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: «აჰა, დადგა უფლის დღე [„იეჰოვას დღე“, აქ] — დღე სასტიკი, დღე რისხვისა და გაცეცხლებისა ქვეყნიერების იავარსაყოფად და ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისაგან» (ესაია 13:9). ბაბილონისთვის არავითარი პერსპექტივა არ არსებობს. თითქოს მზე, მთვარე და ვარსკვლავები აღარასდროს გაანათებენ მისთვის. „რადგან ცის ვარსკვლავები და მისი ხომლი ჩაქრებიან, დაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე აღარ მოაფენს თავის ნათელს“ (ესაია 13:10).
8. რატომ დასცემს იეჰოვა ბაბილონს?
8 რატომ დაატყდება ასეთი უბედურება ამ ქედმაღალ ქალაქს? იეჰოვა ამბობს: „მოვკითხავ ქვეყნიერებას მის სიავეს და ბოროტეულთ — მათ დანაშაულს; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა ქედმაღლობას და მტარვალთა სიამაყეს დავამდაბლებ“ (ესაია 13:11). იეჰოვა თავისი ერის ჩაგვრის გამო განურისხდება და დასჯის ბაბილონს. მთელ ქვეყანას მოჰკითხავს ბაბილონელთა სიავეს. ეს ამაყი მჩაგვრელები ვეღარ შეძლებენ იეჰოვას გმობას!
9. რა დაემართება ბაბილონს იეჰოვას რისხვის დღეს?
9 იეჰოვა ამბობს: «დავაფასებ კაცს ხალას ოქროზე მეტად და ადამიანს — ოფირის ზოდზე მეტად [„კაცს ხალას ოქროზე იშვიათს გავხდი და ადამიანს — ოფირის ოქროზე იშვიათს“, აქ]» (ესაია 13:12). დიახ, ქალაქი მთლიანად დაცარიელდება და გაუკაცრიელდება. იეჰოვა განაგრძობს: „ამიტომაც შევაზანზარებ ცას და შეირყევა დედამიწა თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლის გულისწყრომისას და მისი რისხვის ანთების დღეს“ (ესაია 13:13). ბაბილონის „ცა“ ანუ მისი ყველა ღვთაება შეზანზარდება და ვერც ერთი ვერ შეძლებს გასაჭირში მყოფი ქალაქის დახმარებას. „მიწა“, ბაბილონის იმპერია, კი შეირყევა და ერთ-ერთ აღარარსებულ იმპერიად ჩაჰბარდება ისტორიას. „შეიქნებიან დევნილი ქურციკებივით და უმწყემსოდ დარჩენილ ფარასავით; ყველა თავის ხალხს მიაშურებს, ყველა თავის ქვეყნისკენ გაიქცევა“ (ესაია 13:14). ყველა უცხოელი მოკავშირე მიატოვებს ბაბილონს, თავს უშველის და გამარჯვებულ ახალ მსოფლიო მპყრობელთან კავშირის დადებას ეცდება. ბაბილონი დამარცხებული ქალაქის უბედურებას ვერ ასცდება და ზუსტად ისე დაიტანჯება, როგორც მრავალი სხვა ქვეყანა დაუტანჯავს თავისი დიდების დღეებში: „ვისაც მიასწრებენ, განგმირავენ, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დასცემენ. მათი ჩვილები მათ თვალწინ გაიჭეჭყებიან, მათი სახლები გაიძარცვება, მათი ცოლები გაუპატიურდებიან“ (ესაია 13:15, 16).
ღვთის იარაღი
10. ვის გამოიყენებს იეჰოვა ბაბილონის გასანადგურებლად?
10 ვისი ხელით დასცემს იეჰოვა ბაბილონს? ის დაახლოებით 200 წლით ადრე წინასწარმეტყველებს ამას: „აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელებს, რომლებიც ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ახარებთ. მათი მშვილდები ყმაწვილკაცებს შემუსრავს; მუცლის ნაყოფს არ შეიწყალებენ, ბავშვებს არ შეიბრალებს მათი თვალი. ბაბილონი — სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას“ (ესაია 13:17—19). დიდებული ბაბილონის გასანადგურებლად იეჰოვა შორეული მთიანი ქვეყნის ხალხს — მიდიელებს გამოიყენებსa. საბოლოოდ, ბაბილონი ისევე გაუკაცრიელდება, როგორც უზნეობით სავსე ქალაქები — სოდომი და გომორა (დაბადება 13:13; 19:13, 24).
11, 12. ა) როგორ გახდა მიდია მსოფლიო მპყრობელი? ბ) მიდიელი მეომრების რა განსაკუთრებული თვისებაა აღნიშნული წინასწარმეტყველებაში?
11 ესაიას დღეებში როგორც მიდიელები, ისე ბაბილონელები აშურის უღელქვეშ არიან. დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, ძვ. წ. 632 წელს, მიდია და ბაბილონი ერთიანი ძალებით აშურის დედაქალაქ ნინევეს იღებენ, რის შემდეგაც მსოფლიო მპყრობელი ბაბილონი ხდება. ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ დაახლოებით 100 წლის შემდეგ მიდიის ხელით მოეღება ბოლო! განა იეჰოვას გარდა ვინმე შეძლებდა ასეთი რამის წინასწარმეტყველებას?
12 როდესაც იეჰოვა წინასწარმეტყველებს, თუ ვისი ხელით გაანადგურებს ბაბილონს, ის ამბობს, რომ მიდიელები „ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ახარებთ“. რა უჩვეულოა მეომარი ხალხისთვის! ბიბლეისტი ალბერტ ბარნზი ამბობს: „თითქმის არ ყოფილან ისეთი დამპყრობლები, რომლებიც დაპყრობილი ქვეყნის ქონების ხელში ჩაგდებით არ იყვნენ დაინტერესებული“. გამართლდა ამ შემთხვევაში იეჰოვას მიერ მიდიელთა შესახებ ნათქვამი სიტყვები? დიახ. გლენტვორთ ბატლერი თავის ნაშრომში ამბობს: „თითქმის ყველა ერისგან განსხვავებით, რომლებსაც კი დაპყრობითი ომები დაუწყიათ, მიდიელები და განსაკუთრებით სპარსელები ოქროს გამარჯვებასა და დიდებაზე ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდნენ“ (The Bible-Work)b. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ სპარსეთის მეფე კიროსი ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებულ ათასობით ოქრო-ვერცხლის ჭურჭელს უბრუნებს ისრაელებს, როდესაც მათ ბაბილონის ტყვეობიდან ათავისუფლებს (პირველი ეზრა 1:7—11).
13, 14. ა) რა მიზანი აქვთ დასახული მიდიელებსა და სპარსელებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნადავლით არ არიან დაინტერესებული? ბ) როგორ ახერხებს კიროსი ბაბილონის საამაყო თავდაცვითი სისტემის გადალახვას?
13 მართალია, მიდიელებსა და სპარსელებს ნადავლი არ აინტერესებთ, მაგრამ მათ მაინც აქვთ თავიანთი მიზანი. მიდიელებსა და სპარსელებს არ სურთ, თავიანთი სამეფო მსოფლიოში მეორე იყოს. გარდა ამისა, იეჰოვა მათ გულში უდებს „რბევას“ (ესაია 13:6). ისინი მზად არიან თავიანთი ლითონის მშვილდები არა მარტო ისრის სასროლად გამოიყენონ, არამედ მტრის ჯარის მეომრებს — ბაბილონელ დედათა ძეებს — აძგერონ, განგმირონ და ნებისმიერ ფასად აიღონ ბაბილონი.
14 კიროსს, მიდია-სპარსეთის ჯარების მხედართმთავარს, ვერ აბრკოლებს ბაბილონის თავდაცვითი სისტემა. ძვ. წ. 539 წლის 5—6 ოქტომბრის ღამეს ის მდინარე ევფრატის კალაპოტის შეცვლის ბრძანებას იძლევა. როდესაც წყლის დონე კლებულობს, დამპყრობლებს ხელს აღარაფერი უშლით ქალაქამდე შეუმჩნევლად მიღწევაში და პირდაპირ გადადიან მდინარის კალაპოტზე, სადაც წყალი მხოლოდ ბარძაყებამდე სწვდებათ. ამ დროს ბაბილონელები არ ელიან თავდასხმას და ქალაქი ეცემა (დანიელი 5:30). იეჰოვა აღძრავს ესაიას, იწინასწარმეტყველოს ეს მოვლენები, რითაც აშკარად ცხადყოფს, რომ თვითონ წარმართავს მათ.
15. როგორი მომავალი ელის ბაბილონს?
15 სრულიად განადგურდება თუ არა ბაბილონი? ვნახოთ, რას ამბობს იეჰოვა: «არასოდეს გაკაცრიელდება და არ გაშენდება უკუნისამდე; არაბი არ დაიკარვებს იქ და არც მწყემსები დაიბინავებენ. უდაბნოს მხეცები გაიჩენენ იქ ბუნაგს და მიკიოტებით აივსება მათი სახლები, სირაქლემები დასახლდებიან იქ და ალქაჯები გათელავენ იქაურობას. ტურები მოჰყვებიან კივილს გაოხრებულ სასახლეებში და ველური ძაღლები აყმუვლდებიან [„დიდი გველი დაიბუდებს“, აქ] მის საზეიმო დარბაზებში; მოაწევს მისი ჟამი და მისი დღეები აღარ გაგრძელდება» (ესაია 13:20—22). ასე რომ, ბაბილონი სრულიად უნდა განადგურდეს.
16. რაში გვარწმუნებს ბაბილონის დღევანდელი მდგომარეობა?
16 ეს არ მომხდარა ძვ. წ. 539 წელსვე, მაგრამ დღეს აშკარად ჩანს, რომ ყველაფერი შესრულდა, რაც კი ესაიას ბაბილონის შესახებ უწინასწარმეტყველებია. ბაბილონი „დღეს და უკვე საუკუნეების განმავლობაში მიწასთან გასწორებული ადგილია, სადაც მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი“, — ამბობს ბიბლიის ერთი კომენტატორი. შემდეგ ის განაგრძობს: „შეუძლებელია ამ სურათს შეხედო და არ გაგახსენდეს, როგორი სიზუსტით შესრულდა ესაიასა და იერემიას წინასწარმეტყველებები“. ცხადია, ესაიას დღეებში ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა ბაბილონის დაცემისა და მისი საბოლოო გაუკაცრიელების წინასწარმეტყველებას. მიდიელებმა და სპარსელებმა ბაბილონს ხომ ესაიას წიგნის დაწერიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ სძლიეს! მის გაუკაცრიელებამდე კი მას შემდეგ საუკუნეები გავიდა. განა არ გვიძლიერებს ეს რწმენას, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა? (2 ტიმოთე 3:16). გარდა ამისა, რადგან იეჰოვამ წარსულში შეასრულა თავისი წინასწარმეტყველებები, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის მიერ დადგენილ დროს მომავლის ყველა ის წინასწარმეტყველება შესრულდება, რომლებსაც ბიბლიაში ვკითხულობთ.
„ამოგასუნთქებს უფალი ჭირ-ვარამისგან“
17, 18. რა კურთხევებს მოუტანს ბაბილონის დაცემა ისრაელებს?
17 ბაბილონის დაცემა შვება იქნება ისრაელისთვის. ებრაელები ტყვეობიდან გათავისუფლდებიან და აღთქმულ მიწაზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემათ. ამიტომაც ესაია ამბობს: „შეიწყალებს უფალი იაკობს და კიდევ გამოარჩევს ისრაელს, მათსავე მიწაზე დაასახლებს. უცხონი შეეთვისებიან მათ და მიემატებიან იაკობის სახლს. აიყვანენ მათ ხალხები და მიიყვანენ თავიანთ ადგილზე, დაისაკუთრებს მათ ისრაელი უფლის მიწაზე მონებად და მხევლებად, დაატყვევებენ თავიანთ დამატყვევართ და თავიანთ მჩაგვრელებზე იბატონებენ“ (ესაია 14:1, 2). „იაკობში“ აქ მთელი ისრაელი — თორმეტივე ტომი — იგულისხმება. იეჰოვა იმ გაგებით შეიწყალებს „იაკობს“, რომ ერს სამშობლოში დაბრუნების ნებას მისცემს. ისრაელებს ათასობით უცხოელი გაჰყვება, რომელთაგან მრავალი ტაძარში მოემსახურება მათ. ზოგი ისრაელი თავის მჩაგვრელებსაც კი გაუბატონდებაc.
18 ებრაელების ტყვეობა და ტანჯვა წარსულს ჩაჰბარდება. «ამოგასუნთქებს უფალი ჭირ-ვარამისგან და შფოთისაგან, და მძიმე სატანჯველისგან [„მონობისგან“, აქ], რომლითაც იტანჯები» (ესაია 14:3). პირდაპირი გაგებით მონობიდან გათავისუფლების შემდეგ ისრაელი აღარასდროს დაიტანჯება ცრუ თაყვანისმცემელთა შორის ცხოვრების ჭირ-ვარამითა და შფოთით (პირველი ეზრა 3:1; ესაია 32:18). ერთ წიგნში ამის შესახებ ნათქვამია: „ბაბილონელებს ისეთივე ღმერთები ჰყავდათ, როგორიც თვითონ იყვნენ. ამ ღმერთებს ყველა მათი უარყოფითი თვისება ახასიათებდათ. ისინი მშიშრები, ლოთები და ჭკუასუსტები იყვნენ“ (Lands and Peoples of the Bible). რა შვება იქნებოდა ასეთი საშინელი რელიგიური გარემოდან თავის დახსნა!
19. როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელები, იეჰოვამ რომ მიუტევოს მათ და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
19 მაგრამ იეჰოვა მხოლოდ გარკვეული პირობით გამოავლენს გულმოწყალებას. თავისი ერი უნდა მიხვდეს საკუთარ დანაშაულს, რის გამოც ასე მკაცრად დასაჯა ღმერთმა (იერემია 3:25). თუ გულწრფელად აღიარებენ თავიანთ შეცდომას, იეჰოვა მიუტევებს მათ (იხილეთ ნეემია 9:6—37; დანიელი 9:5). ეს პრინციპი დღესაც მოქმედებს. „რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი“, ყველას გვჭირდება იეჰოვას გულმოწყალება (მეორე ნეშტთა 6:36). იეჰოვა, გულმოწყალე ღმერთი, სიყვარულით გვიწვევს, რომ მის წინაშე ვაღიაროთ ცოდვები, მოვინანიოთ და მივატოვოთ ბოროტი გზა, რათა განვიკურნოთ (მეორე რჯული 4:31; ესაია 1:18; იაკობი 5:16). ეს არა მარტო იმაში გვეხმარება, რომ დავიბრუნოთ მისი კეთილგანწყობილება, არამედ გვანუგეშებს კიდეც თითოეულს (ფსალმუნი 50:3; იგავნი 28:13; 2 კორინთელთა 2:7).
„იგავი“ ბაბილონზე
20, 21. როგორ ზეიმობენ მეზობელი ერები ბაბილონის დაცემას?
20 ბაბილონის მსოფლიო მპყრობლად აღზევებამდე 100 წელზე მეტი ხნით ადრე ესაია წინასწარმეტყველებს, რა რეაქცია ექნება მსოფლიოს მის დაცემაზე. ის წინასწარმეტყველურად მიმართავს ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ისრაელებს: „წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: როგორ მოეღო ბოლო მტარვალს! როგორ მოეღო ბოლო მძლავრობას! როგორ შემუსრა უფალმა უკეთურთა არგანი, ხელმწიფეთა კვერთხი, რისხვით რომ სცემდა ხალხებს შეუსვენებლივ, ბრაზით რომ იმონებდა ტომებს, დაუოკებლად დევნიდა მათ!“ (ესაია 14:4—6). ბაბილონი დამპყრობად არის ცნობილი — მჩაგვრელად, რომელიც თავისუფალ ხალხს იმონებს. ამიტომაც მისი დაცემის აღსანიშნავად „იგავი“ წარმოითქმება, რომელიც ამ დიდებული ქალაქის აღზევების დღეებში გაბატონებულ დინასტიას — ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული ნაბონიდისა და ბელშაცარის ჩათვლით ბაბილონის ყველა მეფეს — შეეხება!
21 რა დიდი ცვლილება მოხდება ბაბილონის დაცემით! „დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს. ალვები ხარობენ შენს გამო, ლიბანის ნაძვები: რა რომ შენ გდიხარ, ხის მჭრელი აღარ ამოსულა ჩვენთან“ (ესაია 14:7, 8). ბაბილონის მეფეები მეზობელი ერების მეფეებს ისე უყურებენ, როგორც ხეებს, რომლებიც შეუძლიათ მოჭრან და სურვილისამებრ გამოიყენონ. მაგრამ ახლა ყოველივე ეს დასრულდა. ბაბილონელმა ხის მჭრელმა თავისი უკანასკნელი ხე მოჭრა!
22. რა ზეგავლენას ახდენს ქვესკნელზე ბაბილონის დაცემა?
22 ბაბილონის დაცემა იმდენად განსაცვიფრებელია, რომ ქვესკნელიც კი იძვრის: „ქვესკნელამდე შეიძრა შავეთი შენს შესახვედრად, გააღვიძა აჩრდილნი, მიწის მთავარნი; წამოაყენა მათი ტახტებიდან ხალხთა მეფენი. ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან: შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ დაგვემსგავსე. შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს“ (ესაია 14:9—11). რა შთამბეჭდავი სურათია! თითქოს საკაცობრიო სამარე ყველა მეფეს აღვიძებს, რომელთაც კი ბაბილონის მეფეთა დინასტიამდე უმეფიათ, რომ ახალმოსულს შეეგებონ. ისინი დასცინიან ბაბილონის მეფეთა ამ დინასტიას, რომელიც ახლა სრულიად უმწეოა, ბრწყინვალე ტახტის ნაცვლად მატლის ლოგინზე წევს და მდიდრული გადასაფარებლის მაგივრად ჭიაღუა ახურავს.
„გათელილი გვამივით“ დაგდებული
23, 24. როგორ ამჟღავნებენ უკიდურეს ქედმაღლობას ბაბილონის მეფეები?
23 ესაია განაგრძობს იგავს: „როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო!“ (ესაია 14:12). ბაბილონის მეფეებს სიამაყე აღძრავს, თავიანთი თავი სხვებზე მაღლა დააყენონ. ისინი ცისკრის ვარსკვლავს ჰგვანან და ქედმაღლად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას. განსაკუთრებით კი ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობა მათ სიამაყით უვსებს გულს, რადგან ბაბილონმა ის მოახერხა, რაც აშურისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. იგავში ბაბილონის ამაყ მეფეთა დინასტია ამბობს: „ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!“ (ესაია 14:13, 14). განა არის რამე ამაზე მეტად აღმაშფოთებელი?
24 ბიბლიაში დავითის საგვარეულო ხაზის მეფეები ვარსკვლავებს არიან შედარებული (რიცხვნი 24:17). ეს „ვარსკვლავები“ ანუ დავითი და მისი შთამომავალი მეფეები სიონის მთიდან მართავდნენ ქვეყანას. მას შემდეგ, რაც სოლომონმა იერუსალიმში ტაძარი ააგო, სიონი მთელ ქალაქს ეწოდა. რჯულის კავშირით ყველა ისრაელ მამაკაცს წელიწადში სამჯერ სიონში მისვლა მოეთხოვებოდა. ამგვარად, სიონი „საკრებულო მთად“ იქცა. იუდას მეფეების დამორჩილებისა და სიონის მთიდან მათი მოშორების გულში ჩადებით ნაბუქოდონოსორი ამ „ვარსკვლავებზე“ მაღლა აჭრის სურვილს ავლენს. ის არ აღიარებს, რომ იეჰოვას ნებით იმარჯვებს მათზე და ქედმაღლურად მასაც კი უტოლებს თავს.
25, 26. რა დამამცირებელი აღსასრული ელის ბაბილონის მეფეთა დინასტიას?
25 რა დიდი ცვლილება ელის ბაბილონის მეფეთა ქედმაღალ დინასტიას! ბაბილონი ვერ აიჭრება ღვთის ვარსკვლავებზე მაღლა. იეჰოვა ეუბნება მას: „შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში. შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა? ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?“ (ესაია 14:15—17). ბაბილონის პატივმოყვარე მეფეები ყველა სხვა ადამიანივით ჰადესში (შეოლში) მოხვდებიან.
26 მაშ, სად გაქრება ის ძალა, რომელიც სამეფოებს იპყრობდა, ქვეყანას უდაბნოდ აქცევდა და უამრავ ქალაქს აცამტვერებდა? სად წავა ის მსოფლიო მპყრობელი, რომელიც ხალხს ატყვევებდა და არასდროს აბრუნებდა სამშობლოში? დაუჯერებელია, მაგრამ ბაბილონის მეფეთა დინასტია სათანადოდაც კი არ დაიკრძალება! იეჰოვა ამბობს: «ხალხთა ყოველი მეფე, ყველანი დიდებაში განისვენებენ, თავ-თავის სახლებში. შენ კი უსაფლავოდ გდიხარ, როგორც საძულველი, უდროული ნაშობი [„როგორც საძულველი ყლორტი“, აქ], როგორც დახოცილთა, მახვილით განგმირულთა სამოსელი, ქვიან ორმოში ჩაგდებული, როგორც გათელილი გვამი. ვერ შეუერთდები მათ საფლავში, რადგან დაღუპე შენი ქვეყანა და ამოწყვიტე შენი ხალხი; აღარ მოიხსენება ბოროტეულთა თესლი სამარადისოდ» (ესაია 14:18—20). ძველ მსოფლიოში მეფის შეურაცხყოფა იყო, თუ მას საკადრისი პატივით არ დაკრძალავდნენ. რა შეიძლება ამ მხრივ ითქვას ბაბილონის მეფეთა დინასტიის შესახებ? მართალია, მისი თითოეული მეფე, ალბათ, პატივით დაიკრძალა, მაგრამ მთლიანობაში ნაბუქოდონოსორის დინასტია, რომელიც იმპერიას ედგა სათავეში, „საძულველი ყლორტივით“ არის გადაგდებული. თითქოს ეს დინასტია ბრძოლაში დაცემული ქვეითი მეომარივით საერთო სამარეში ვარდება. რა დამამცირებელია ეს მისთვის!
27. რა გაგებით დაიტანჯებიან ბაბილონელთა მომავალი თაობები „მამების ცოდვებისთვის“?
27 იგავი გამარჯვებული მიდიელებისა და სპარსელებისადმი უკანასკნელი მიმართვით მთავრდება: „საკლავად განამზადე მისი შვილები მამების ცოდვებისთვის, რომ არ აღდგნენ და არ დაიმკვიდრონ ქვეყანა, მტრებით არ აავსონ მიწის პირი“ (ესაია 14:21). ბაბილონი სამუდამოდ დაეცემა და მის მეფეთა დინასტიას ბოლო მოეღება. ქვეყანა აღარასდროს აღორძინდება. ბაბილონელთა მომავალი თაობები „მამების ცოდვებისთვის“ დაიტანჯებიან.
28. რა იყო ბაბილონის მეფეთა ცოდვის ძირითადი მიზეზი და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
28 ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ ბაბილონის მეფეთა დინასტიისთვის გამოტანილი განაჩენიდან. ბაბილონის მეფეთა ცოდვის ძირითადი მიზეზი მათი გაუთავებელი პატივმოყვარეობა იყო (დანიელი 5:23). მათ ძალაუფლება უყვარდათ და ყველა სხვა ხალხზე გაბატონებისკენ ისწრაფოდნენ (ესაია 47:5, 6). გარდა ამისა, ბაბილონის მეფეებს სურდათ, ადამიანთა მიერ განდიდებულიყვნენ, რასაც მხოლოდ ღმერთი იმსახურებს (გამოცხადება 4:11). ეს ყურადსაღები მაგალითია გარკვეული ძალაუფლების მქონე ადამიანებისთვის — თუნდაც ქრისტიანულ კრებაში. პატივმოყვარეობა და ქედმაღლობა ის თვისებებია, რომლებსაც იეჰოვა გმობს, იმის მიუხედავად, ცალკეული პიროვნება ავლენს მათ თუ მთელი ერი.
29. რას ირეკლავდა ბაბილონის მეფეთა ქედმაღლობა და პატივმოყვარეობა?
29 ბაბილონის მეფეთა ქედმაღლობა „ამ წუთისოფლის ღმერთის“, სატანა ეშმაკის, სულს ირეკლავდა (2 კორინთელთა 4:4). სატანაც ძალაუფლებისკენ ისწრაფვის და ცდილობს, ღმერთზე მაღლა დაიყენოს თავი. როგორც ბაბილონის მეფის გამო იტანჯებოდნენ მისი მორჩილი ერები, ისე სატანის პატივმოყვარეობის გამო იტანჯება მთელი კაცობრიობა.
30. რომელი სხვა ბაბილონია მოხსენიებული ბიბლიაში და რა სულს ამჟღავნებს ის?
30 გარდა ამისა, გამოცხადების წიგნში სხვა ბაბილონის — „დიდი ბაბილონის“ — შესახებაც ვკითხულობთ (გამოცხადება 18:2). ცრუ რელიგიის ეს მსოფლიო მპყრობელიც სიამაყის, ჩაგვრისა და ბოროტების სულს ავლენს. ამიტომაც მასაც დაუდგება „იეჰოვას დღე“ და ღვთის მიერ დადგენილ დროს განადგურდება (ესაია 13:6). 1919 წლიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა ცნობა: „დაეცა დიდი ბაბილონი“ (გამოცხადება 14:8). დიდი ბაბილონი მაშინ დაეცა, როდესაც ღვთის ხალხმა თავი დაიხსნა მისი ტყვეობიდან. სულ მალე კი სრულიად განადგურდება. ძველი ბაბილონის შესახებ იეჰოვამ განაცხადა: „მიუზღეთ მისი საქმისაებრ; როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით; რადგან უფალს გაუმედიდურდა, ისრაელის წმიდას“ (იერემია 50:29; იაკობი 2:13). დიდ ბაბილონსაც ასეთივე მსჯავრი დაედება.
31. რა დაემართება მალე დიდ ბაბილონს?
31 მაშასადამე, იეჰოვას შემდეგი სიტყვები, რომლებიც ესაიას წიგნის ამ წინასწარმეტყველების ბოლოს არის მოცემული, არა მარტო ძველ ბაბილონს, არამედ დიდ ბაბილონსაც ეხება: „აღვდგები მათ წინააღმდეგ... აღმოვუფხვრი ბაბილონს სახელს და ნატამალს, მონაგარს და მისხისმისხს... ზღარბთა და ჭანჭყობთა სამკვიდროდ გავხდი და განადგურების ცოცხით გავხვეტავ“ (ესაია 14:22, 23). ძველი ბაბილონის უკაცრიელი ნანგრევებიდან ჩანს, თუ მალე იეჰოვა რას დამართებს დიდ ბაბილონს. რა მანუგეშებელია ეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოყვარულთათვის! მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, არასდროს შევიძინოთ სატანისთვის დამახასიათებელი ისეთი თვისებები, როგორიც სიამაყე, ქედმაღლობა და ულმობლობაა!
[სქოლიოები]
a ესაია მხოლოდ მიდიელებს ასახელებს, მაგრამ ბაბილონის წინააღმდეგ მიდიელებთან ერთად, როგორც მათი მოკავშირეები, სპარსელები, ელამელები და სხვა მცირერიცხოვანი ერებიც გაილაშქრებენ (იერემია 50:9; 51:24, 27, 28). მეზობელი ერები მიდიელებსაც და სპარსელებსაც „მიდიელებს“ უწოდებდნენ. გარდა ამისა, გაბატონებული სამეფო ესაიას დღეებში მიდია იყო. სპარსეთი კი მხოლოდ კიროსის დროს გაბატონდა.
b მაგრამ, როგორც ჩანს, მოგვიანებით მიდიელებმა და სპარსელებმა ფუფუნება შეიყვარეს (ესთერი 1:1—7).
c მაგალითად, დანიელი მიდიელთა და სპარსელთა ბატონობის დროს ბაბილონში მთავრად დაინიშნა. დაახლოებით 60 წლის შემდეგ ესთერი მეფე ახაშვეროშის მეუღლე და სპარსეთის დედოფალი გახდა, ხოლო მარდოქაი მეფის შემდეგ მეორე კაცად იქნა აღიარებული სპარსეთის იმპერიაში.
[სურათი 178 გვერდზე]
დაცემული ბაბილონი უდაბნოს მხეცებით აივსება.
[სურათები 186 გვერდზე]
ძველი ბაბილონის მსგავსად, დიდი ბაბილონიც ნანგრევებად იქცევა.