თავი მეშვიდე
ოთხი სიტყვა, რომლებმაც ყველაფერი შეცვალა
1. რა გააკეთა დიდი ხნის წინათ კედელზე დაწერილმა ოთხმა სიტყვამ?
შეფეთქილ კედელზე მხოლოდ ოთხი ჩვეულებრივი სიტყვა წერია. მაგრამ ამ ოთხმა სიტყვამ თავზარი დასცა და გული გადაუტრიალა ძლევამოსილ მეფეს. სიტყვებმა ორი მეფის ტახტიდან ჩამოგდება, ერთი მათგანის სიკვდილი და მსოფლიო მპყრობელი სამეფოს დაცემა იწინასწარმეტყველა. ამ ოთხმა სიტყვამ დაამცირა რელიგიის პატივცემული მსახურები, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განადიდა იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა ღვთის უზენაესობა მაშინ, როდესაც ხალხის უმრავლესობას ორივე მათგანი დავიწყებული ჰქონდა. იმ სიტყვებმა დღევანდელ მსოფლიო მოვლენებსაც კი მოჰფინა ნათელი! როგორ გააკეთა ოთხმა სიტყვამ ეს ყოველივე? მოდი ვნახოთ.
2. ა) რა ხდებოდა ბაბილონში ნაბუქოდონოსორის სიკვდილის შემდეგ? ბ) ვინ ავიდა ბოლოს ბაბილონის ტახტზე?
2 დანიელის წიგნის მეოთხე თავში მოთხრობილი მოვლენების შემდეგ ათწლეულებმა განვლო. ქედმაღალმა მეფე ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში 43 წელი იმეფა და ძვ. წ. 582 წელს გარდაიცვალა. მას რამდენიმე მემკვიდრე დარჩა, მაგრამ ისინი ნაადრევი სიკვდილის ან მკვლელობის გამო ბაბილონის ტახტზე სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს. ბოლოს დიდი ბრძოლის შედეგად ნაბონიდმა ჩაიგდო ხელში ტახტი. ის მთვარის ღვთაება სინის უზენაესი ქურუმის ვაჟი იყო და, როგორც ჩანს, არანაირი ნათესაური კავშირი არ ჰქონდა ბაბილონის სამეფო საგვარეულოსთან. ზოგი მკვლევარის აზრით, მან ნაბუქოდონოსორის ქალიშვილზე იქორწინა, რომ კანონით განემტკიცებინა თავისი მეფობა, და მოგვიანებით ბაბილონის ტახტზე თანამმართველად დასვა თავისი ძე ბელშაცარი, რომელსაც ზოგჯერ წლობით სტოვებდა ბაბილონში ქვეყნის გამგებლად. ამგვარად, ბელშაცარი ნაბუქოდონოსორის შვილიშვილი უნდა ყოფილიყო. ჰქონდა თუ არა ბელშაცარს პაპის მაგალითიდან შეგნებული, რომ იეჰოვა უზენაესი ღმერთი იყო და ნებისმიერი მეფის დამდაბლება შეეძლო? როგორც ჩანს, არა! (დანიელი 4:34).
ღრეობაში გადაზრდილი ლხინი
3. როგორი ლხინი გამართა ბელშაცარმა?
3 დანიელის წიგნის მე-5 თავი წვეულების აღწერით იწყება. „მეფე ბელშაცარმა დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდკაცს და ამ ათასის თვალწინ სვამდა ღვინოს“ (დანიელი 5:1). წარმოიდგინეთ, რამხელა დარბაზი უნდა ყოფილიყო, რომ ამდენი სტუმარი და მეფის ცოლები და ხარჭები დატეულიყვნენ. ერთი მეცნიერი აღნიშნავს: „ბაბილონელები საუცხოო ნადიმებს მართავდნენ, თუმცა ისინი გალეშვამდე სვამდნენ. სუფრაზე უხვად იყო უცხო ქვეყნის ღვინო და ნაირ-ნაირი დელიკატესები. დარბაზებს სასიამოვნო სურნელება ავსებდა; თავმოყრილ სტუმრებს მომღერლები და მუსიკოსები ართობდნენ“. ბელშაცარი სუფრის თავში იჯდა და სასმისს სასმისზე სვამდა.
4. ა) რატომ არის უცნაური, რომ ბაბილონელები ნადიმობდნენ ძვ. წ. 539 წლის 5—6 ოქტომბრის ღამეს? ბ) რა უნდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ ისინი არ სწუხდნენ დამპყრობთა შემოტევის გამო?
4 უცნაურია, რომ ბაბილონელები ასეთ საზეიმო განწყობილებაზე იყვნენ ძვ. წ. 539 წლის 5—6 ოქტომბრის ღამეს. ქვეყანაში ომი მძვინვარებდა და საქმე არც თუ ისე კარგად მიდიოდა. ნაბონიდი ახალი დამარცხებული იყო მიდია-სპარსეთისგან და თავი ბაბილონის სამხრეთ-დასავლეთით ბორსიპასთვის ჰქონდა შეფარებული. კიროსის ჯარს კი ბაბილონი ალყაში ჰყავდა მოქცეული. მაგრამ ბელშაცარსა და მის დიდებულებს არაფერი ეტყობოდათ, რომ ამის გამო ოდნავ მაინც წუხდნენ. ბოლოს და ბოლოს, ბაბილონი ხომ აუღებელი ქალაქი იყო! უზარმაზარ გალავანს გარშემო ღრმა თხრილი ჰქონდა შემოვლებული, რომელსაც ბაბილონზე გამავალი წყალუხვი მდინარე ევფრატი ავსებდა. ას წელზე მეტი ხნის მანძილზე ბაბილონის აღება ვერავინ მოახერხა. ასე რომ, რატომ უნდა ყოფილიყვნენ შეწუხებული? შესაძლებელია ბელშაცარი ფიქრობდა, რომ მათი მხიარულება მტერს ბაბილონელთა ძლიერებას დაანახვებდა და შეაშინებდა.
5, 6. რა გააკეთა ღვინით გალეშილმა ბელშაცარმა და რატომ იყო ეს იეჰოვას დიდი შეურაცხყოფა?
5 უზომო სმის ნაყოფი ბელშაცარმა მალევე მოიმკა. იგავნის 20:1-ში ნათქვამია: „ღვინო კაცს ამასხრებს“. ამ შემთხვევაში ღვინომ ბელშაცარს ნამდვილად დიდი უგუნურება ჩაადენინა. მეფემ ბრძანება გასცა, რომ მისთვის იეჰოვას ტაძრიდან წამოღებული წმინდა ჭურჭელი მიერთმიათ. ეს ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის განადგურებისას ჩაიგდო ხელში, მხოლოდ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ის ებრაელი მღვდლებიც კი, რომლებსაც იერუსალიმის ტაძარში ამ ჭურჭლის გამოყენების უფლება ჰქონდათ, გაფრთხილებული იყვნენ, რომ წმინდად შეენახათ თავი (დანიელი 5:2; შეადარეთ ესაია 52:11).
6 ბელშაცარმა უფრო უარესი უგვანი საქციელი ჩაიდინა. „სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და ხარჭები. სვამდნენ ისინი ღვინოს და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს ადიდებდნენ“ (დანიელი 5:3, 4). მეფემ თავისი ცრუ ღმერთები იეჰოვაზე მაღლა დააყენა! როგორც ჩანს, ეს ჩვეულებრივი რამ იყო ბაბილონელთათვის. ისინი ზიზღით უყურებდნენ თავიანთ ებრაელ ტყვეებს, შეურაცხყოფდნენ მათს თაყვანისმცემლობას და საყვარელ სამშობლოში დაბრუნების ყოველგვარ იმედს უსპობდნენ (ფსალმუნი 136:1—3; ესაია 14:16, 17). შესაძლებელია მთვრალი ბელშაცარი ფიქრობდა, რომ ტყვეების დამცირებითა და მათი ღმერთის შეურაცხყოფით თავისი ცოლების, ხარჭებისა და სამეფო კარის მსახურების თვალში ამაღლდებოდა და უფრო ძლიერი მმართველი გამოჩნდებოდაa. მაგრამ საკუთარი სიძლიერით თვითკმაყოფილი ბელშაცარის მდგომარეობა მალე სრულიად შეიცვალა.
კედლის წარწერა
7, 8. რამ ჩაშალა ბელშაცარის ლხინი და როგორ იმოქმედა ამან მეფეზე?
7 „სწორედ ამ დროს, — ნათქვამია ბიბლიაში, — გამოჩნდნენ კაცის ხელის თითები და სასანთლის წინ, სამეფო სასახლის კირით შეფეთქილ კედელზე წერა დაიწყეს. მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა“ (დანიელი 5:5). რა თავზარდაცემული იქნებოდნენ ამის მნახველები! ხელი ხომ ჰაერში უეცრად გაჩნდა და შეთეთრებულ კედელთან დაიწყო მოძრაობა. წარმოიდგინეთ ხელის მტევანს მიშტერებულ სტუმრებს შორის ჩამოვარდნილი სამარისებური სიჩუმე. ხელმა თეთრად შეფეთქილ კედელზე ამოუცნობი სიტყვების წერა დაიწყოb. ეს იმდენად ავბედითი და დაუვიწყარი მოვლენა იყო, რომ ხალხში დღემდე შემორჩენილია გამოთქმა „კედლის წარწერა“, რაც გარდაუვალ უბედურებას გულისხმობს.
8 როგორ იმოქმედა ამ მოვლენამ ამაყ მეფეზე, რომელიც საკუთარი თავისა და ცრუ ღმერთების განდიდებით იეჰოვას დამცირებას ცდილობდა? „მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრები აერია, ბარძაყის სახსრები დაუდუნდა, მუხლები აუკანკალდა“ (დანიელი 5:6). ბელშაცარს სურდა, თავისი ქვეშევრდომების თვალში დიდებული და ძლევამოსილი მეფე ყოფილიყო. მაგრამ ახლა ის ყველამ დამცირებული და შეძრწუნებული იხილა — მეფეს სახე გაუფითრდა, ფეხებში ძალა გამოეცალა, მთელი ტანით აცახცახდა და მუხლები აუკანკალდა. ჭეშმარიტია დავითის მიერ ღვთისთვის საგალობელში ნათქვამი სიტყვები, რომ იეჰოვა „მედიდურებს მზერით აცამტვერებს“ (მეორე მეფეთა 22:1, 28; შეადარეთ იგავნი 18:12).
9. ა) რატომ არ იყო ბელშაცარის შიში ღვთისმოშიშება? ბ) რა შესთავაზა მეფემ ბაბილონელ ბრძენკაცებს?
9 უნდა აღინიშნოს, რომ ბელშაცარის შიში არ ყოფილა ღვთისმოშიშება, ღრმა პატივისცემის გრძნობა იეჰოვასადმი, რომელიც ყოველგვარი სიბრძნის სათავეა (იგავნი 9:10). ეს იყო არაჯანსაღი შიში, რომლითაც არავითარი სიბრძნე არ შემატებია აკანკალებულ მეფესc. იმის მაგივრად, რომ შეურაცხყოფის გამო ღვთისთვის პატიება ეთხოვა, ბელშაცარმა ყვირილით მოუხმო ‘მოგვებს, ქალდეველებსა და მკითხავებს’. გარდა ამისა, მან განაცხადა: „ვინც ამ წარწერას წაიკითხავს და მის მნიშვნელობას ამოხსნის, ძოწეულით შეიმოსება, კისერზე ოქროს შიბს ჩამოიკიდებს და ქვეყანაში მესამე მთავარი გახდება“ (დანიელი 5:7). ქვეყნის მესამე მთავარი დიდი ძალაუფლებების მქონე პიროვნება იქნებოდა, რადგან მის წინ მხოლოდ ორი მმართველი — ნაბონიდი და ბელშაცარი — უნდა ყოფილიყო. ეს ადგილი, შესაძლებელია, ბელშაცარის უფროსი ვაჟისთვის ინახებოდა, მაგრამ მეფე ახლა ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდაც ამ სასწაულით გაჩენილი სიტყვების მნიშვნელობა გაეგო.
10. რით დამთავრდა ბრძენკაცების მცდელობა, ამოეცნოთ კედლის წარწერა?
10 უზარმაზარი დარბაზი ბრძენკაცებით აივსო. ისინი მრავლად იყვნენ ბაბილონში, რადგან ქვეყანაში გავრცელებული იყო ცრუ რელიგია და ქალაქი სავსე იყო ტაძრებით. მრავლად იქნებოდნენ ისეთებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ავისმომასწავებელი ნიშნებისა და სასწაულებრივი წარწერების ამოცნობა შეეძლოთ. ბრძენკაცებს აღმაფრთოვანებელი შესაძლებლობა ეძლეოდათ. მათ შეეძლოთ დარბაზში თავმოყრილი დიდებულების წინაშე გამოევლინათ თავიანთი უნარი, დაემსახურებინათ მეფის კეთილგანწყობილება და სამეფო კარზე აღიარება მოეპოვებინათ. მაგრამ ისინი წარუმატებელნი აღმოჩნდნენ! ქვეყნის ბრძენკაცებმა „წარწერის წაკითხვა და მისი მნიშვნელობის მეფისათვის ახსნა ვერ შეძლეს“d (დანიელი 5:8).
11. რატომ შეიძლება გასჭირვებოდათ ბაბილონელ ბრძენკაცებს წარწერის ამოკითხვა?
11 ნაკლებად დასაშვებია, რომ ბაბილონელ ბრძენკაცებს არ სცოდნოდათ კედლის წარწერის თითოეული ასო. ამ შემთხვევაში ბრძენკაცებს სინდისი არ შეაწუხებდა, თავისუფლად ეცრუათ და იმგვარადაც კი განემარტათ წარწერა, რომ მეფისთვის ესიამოვნებინათ. დასაშვებია, რომ ასოები მათთვის ნაცნობი იყო. მაგრამ, რადგანაც არამეულსა და ებრაულში სიტყვები ხმოვნების გარეშე იწერებოდა, თითოეულ სიტყვას შეიძლებოდა რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონოდა. ასე რომ, როგორც ჩანს, ბრძენკაცებს არ შეეძლოთ დარწმუნებით ეთქვათ, რა სიტყვები ეწერა კედელზე. სიტყვები რომ ამოეცნოთ კიდეც, მათ მნიშვნელობას მაინც ვერ ახსნიდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი რამ ნათელია — ბაბილონელი ბრძენკაცები გაწბილებული დარჩნენ!
12. რა დამტკიცდა ბაბილონელი ბრძენკაცების წარუმატებლობით?
12 ამგვარად, ბრძენკაცები მატყუარებად იქნენ მხილებული, მათი რელიგია კი — სიცრუედ. რა სასოწარკვეთილები იქნებოდნენ ისინი! ბელშაცარი კიდევ უფრო შეშინდა და გაფითრდა, როდესაც დაინახა, რომ ამაოდ ენდობოდა ამ ბრძენკაცებს; მისი დიდკაცებიც კი „აფორიაქდნენ“e (დანიელი 5:9).
მეფე უხმობს გონიერ კაცს
13. ა) რატომ ურჩია დედოფალმა მეფეს დანიელის მოხმობა? ბ) როგორ ცხოვრებას ეწეოდა დანიელი?
13 ამ მძიმე წუთებში სანადიმო დარბაზში დედოფალი — როგორც ჩანს, მეფის დედა — შემოდის. მან იცოდა ნადიმზე ატეხილი აურზაურის მიზეზი და ისიც იცოდა, ვის შეეძლო კედლის წარწერის ამოცნობა. ათწლეულების წინათ მამამისს, ნაბუქოდონოსორს, მთელი ბრძენკაცების მთავრად დანიელი ჰყავდა დაყენებული. დედოფალს ახსოვდა დანიელი როგორც ‘საკვირველი სულის მქონე, მცოდნე და გონიერი’ კაცი. როგორც ჩანს, წინასწარმეტყველი დანიელი ნაბუქოდონოსორის სიკვდილის შემდეგ აღარ მსახურობდა მეფის კარზე, რადგანაც ბელშაცარი არ იცნობდა მას. მაგრამ სამეფო კარზე აღიარება ბევრს არაფერს ნიშნავდა დანიელისთვის. ამ დროისთვის ის 90 წელს გადაცილებული იქნებოდა და კვლავაც ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. მიუხედავად იმისა, რომ დანიელს ბაბილონის ტყვეობაში დაახლოებით 80 წელი ჰქონდა გატარებული, მას მაინც თავისი ებრაული სახელით იცნობდნენ. დედოფალმაც კი დანიელად მოიხსენია ის. მან ურჩია ბელშაცარს, რომ კედლის წარწერის ასახსნელად დანიელი მოეხმო, რადგანაც მას ჰქონდა „უნარი სიზმრის ახსნისა“ (დანიელი 1:7; 5:10—12).
14. რა მდგომარეობაში აღმოჩნდა დანიელი კედლის წარწერის მნიშვნელობის გაგებისას?
14 დანიელს მეფის წინაშე წარსადგომად მოუხმეს. ბელშაცარისთვის უხერხული უნდა ყოფილიყო, დახმარება ეთხოვა ამ ებრაელისთვის, რომლის ღმერთსაც რამდენიმე წუთის წინათ შეურაცხყოფდა. მიუხედავად ამისა, მეფე შეეცადა დანიელისთვის ეამებინა და მასაც იგივე ჯილდო — ქვეყანაში მესამე კაცის ადგილი — შესთავაზა, თუ ის ამ სასწაულით გაჩენილი წარწერის წაკითხვასა და მისი მნიშვნელობის ახსნას შეძლებდა (დანიელი 5:13—16). დანიელმა შეხედა კედლის წარწერას და სულიწმიდის დახმარებით შეძლო მისი მნიშვნელობის გაგება. ეს იყო ცნობა იეჰოვას განაჩენის შესახებ! როგორ უნდა განეცხადებინა დანიელს იეჰოვას მკაცრი განაჩენი ამ პატივმოყვარე მეფისთვის პირისპირ, თანაც მეფის ცოლებისა და დიდებულების თანდასწრებით? წარმოიდგინეთ დანიელის მდგომარეობა! მოიხიბლა ის მეფის მაამებელი სიტყვებით, შეთავაზებული სიმდიდრითა და აღიარებით? შეარბილა მან იეჰოვას განაჩენი?
15, 16. რა მნიშვნელოვანი შემთხვევა არ გამოიყენა ბელშაცარმა მაგალითად და რით ჰგავს დღევანდელი ხალხი მას?
15 დანიელმა გაბედულად უთხრა მეფეს: „შენი საჩუქრები შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვას მიეცი. წარწერას კი მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც გავაგებინებ“ (დანიელი 5:17). ამ სიტყვების შემდეგ დანიელმა აღნიშნა ნაბუქოდონოსორის ძლევამოსილება, რომ ვისაც უნდოდა მოკლავდა, ვისაც უნდოდა ცოცხალს გაუშვებდა, აღაზევებდა ან დაამცირებდა. მაგრამ დანიელმა შეახსენა ბელშაცარს, რომ ნაბუქოდონოსორი „უზენაესი“ ღმერთის, იეჰოვას, მიერ იყო განდიდებული და იეჰოვამ თვითონვე დაამცირა ის, როდესაც ეს ძლევამოსილი მეფე გადიდგულდა. დიახ, ღმერთმა ნაბუქოდონოსორს შეაგნებინა, რომ „უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მეფობას“ (დანიელი 5:18—21).
16 ბელშაცარმა „იცოდა ეს ყველაფერი“. მაგრამ მან მაგალითად არ გამოიყენა ნაბუქოდონოსორის შემთხვევა. ბელშაცარმა ნაბუქოდონოსორზე მძიმედ შესცოდა — უფრო მეტად გაამპარტავნდა და აშკარად შეურაცხყო იეჰოვა. დანიელმა ამხილა მეფე და გამოააშკარავა მისი ცოდვა. შემდეგ კი ყველა იქ მყოფი წარმართის წინაშე უშიშრად უთხრა ბელშაცარს, რომ მისი ცრუ ღმერთები ‘ვერც ხედავდნენ, არც ესმოდათ და ვერც აზროვნებდნენ’. ღვთის გაბედულმა წინასწარმეტყველმა ისიც გააგებინა მეფეს, რომ იეჰოვას ‘ხელში იყო მისი სიცოცხლე’ და არა იმ ცრუ ღმერთების ხელში. ხალხი დღემდე აღმერთებს მრავალ რამეს — ფულს, კარიერას, პრესტიჟსა და სიამოვნებასაც კი. მაგრამ არც ერთ მათგანს არ შეუძლია მათთვის სიცოცხლის მიცემა. სიცოცხლე იეჰოვამ მოგვცა და მის ხელშია თითოეული ჩვენი ამოსუნთქვა (დანიელი 5:22, 23; საქმეები 17:24, 25).
ამოცანა ამოხსნილია!
17, 18. რომელი ოთხი სიტყვა ეწერა კედელზე და პირდაპირი გაგებით რას ნიშნავდა ისინი?
17 და აი, ასაკოვანმა წინასწარმეტყველმა გააკეთა ის, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა ყველა ბაბილონელი ბრძენკაცისთვის. მან წაიკითხა და განმარტა კედელზე დაწერილი სიტყვები: „მენე, მენე, თეკელ უფარსინf“ (დანიელი 5:24, 25). რას ნიშნავდა ეს სიტყვები?
18 პირდაპირი გაგებით კედელზე შემდეგი სიტყვები ეწერა: „მინა, მინა, შეკელი და ნახევარშეკელიანები“. თითოეული სიტყვა ფულისა და წონის ერთეულს აღნიშნავდა; პირველად ყველაზე დიდი ღირებულების მქონე, ხოლო შემდეგ თანმიმდევრულად ნაკლები ღირებულების მქონე ერთეულები იყო მოყვანილი. ეს მართლაც თავსატეხი იყო. ბაბილონელ ბრძენკაცებს კიდევაც რომ შესძლებოდათ ასოების ამოკითხვა, გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, რომ ვერ გაეგოთ წარწერის მნიშვნელობა.
19. რას ნიშნავდა სიტყვა „მენე“?
19 დანიელმა ღვთის სულიწმიდის დახმარებით განმარტა: „აჰა, ამ სიტყვების ახსნა: მენე — დაითვალა ღმერთმა შენი სამეფოს დღენი და ბოლო მოუღო მას“ (დანიელი 5:26). პირველი სიტყვის თანხმოვნებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ წამკითხველი რომელ ხმოვნებს ჩასვამდა, სიტყვას შეიძლებოდა ჰქონოდა „მინის“ მნიშვნელობა, ან არამეულ სიტყვად, „დათვლილად“ ან „აღრიცხულად“, წაკითხულიყო. დანიელმა კარგად იცოდა, რომ იუდეველების ტყვეობა დასასრულს უახლოვდებოდა. ტყვეობის ნაწინასწარმეტყველები 70 წლიდან 68 წელი უკვე გასული იყო (იერემია 29:10). დროის უდიდეს განმკარგულებელს, იეჰოვას, დათვლილი ჰქონდა ბაბილონის, როგორც მსოფლიო მპყრობელის, დღეები და აღსასრული იმაზე უფრო ახლოს იყო, ვიდრე ლხინში შეკრებილები ფიქრობდნენ. ფაქტობრივად, დრო არა მარტო ბელშაცარისთვის, არამედ მამამისის, ნაბონიდისთვისაც, იწურებოდა. შესაძლოა ამიტომაც მეორდებოდა სიტყვა „მენე“, რომ ამ ორივე მმართველის აღსასრული ეუწყებინა.
20. რას ნიშნავდა სიტყვა „თეკელ“ და რა მხრივ ეხებოდა ის ბელშაცარს?
20 სიტყვა „თეკელ“ კი მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლობითში იყო დაწერილი, რაც შეიძლება იმას მიანიშნებდა, რომ ის ძირითადად ბელშაცარს ეხებოდა. ეს მართებულიც იყო, რადგან იეჰოვა უშუალოდ ბელშაცარმა შეურაცხყო. ეს სიტყვა ნიშნავს „შეკელს“, მაგრამ თანხმოვნები აგრეთვე შეიძლება წაკითხულიყო როგორც „აწონილი“. ამიტომაც უთხრა დანიელმა ბელშაცარს: „თეკელ — სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი“ (დანიელი 5:27). იეჰოვასთვის „წვეთივით არიან ხალხები და ქვიშასავით სასწორის პინებზე“ (ესაია 40:15). ყველა ერიც რომ გაერთიანდეს, მაინც ვერ შეუშლის ხელს მისი განზრახვების განხორციელებას. მაშ, რას წარმოადგენდა ერთი ქედმაღალი მეფე? ბელშაცარი შეეცადა სამყაროს უზენაეს მმართველზე მეტად განედიდებინა თავი. ეს უძლური ადამიანი იმდენად გაკადნიერდა, რომ შეურაცხყო იეჰოვა და აბუჩად აიგდო წმინდა თაყვანისმცემლობა, მაგრამ ის „მსუბუქი აღმოჩნდა“. ასე რომ, ბელშაცარი ნამდვილად იმსახურებდა მოახლოებულ სასჯელს.
21. რა სამი მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა სიტყვა „ფარსინს“ და რას წინასწარმეტყველებდა ის ბაბილონის, როგორც მსოფლიო მპყრობლის, მომავალზე?
21 ბოლოს კი კედელზე სიტყვა „უფარსინ“ ეწერა. დანიელმა ეს სიტყვა მხოლობით რიცხვში, „ფერესად“ წაიკითხა, შესაძლოა იმ მიზეზით, რომ ის მხოლოდ ერთ მმართველს მიმართავდა, რადგანაც მეორე იქ არ იმყოფებოდა. კედლის წარწერის ეს ბოლო სიტყვა, რომელსაც სამი მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა, კიდევ უფრო ართულებდა ამ დიდებულ ამოცანას. პირდაპირი მნიშვნელობით „ფარსინი“ „ნახევარშეკელიანებს“ ნიშნავს. მაგრამ ასოები იმის საშუალებასაც იძლეოდა, რომ სიტყვას ორი განსხვავებული მნიშვნელობა — „ნაწილები“ და „სპარსელები“ — ჰქონოდა. დანიელმა მეფეს უწინასწარმეტყველა: „ფერეს — გაიყოფა შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა იგი“ (დანიელი 5:28).
22. როგორ მოიქცა ბელშაცარი, როდესაც დანიელმა წარწერა განმარტა და რის იმედი შეიძლება ჰქონოდა მას?
22 ამოცანა ამოხსნილი იყო. ძლევამოსილი ბაბილონი მიდია-სპარსეთს უნდა დაემარცხებინა. მიუხედავად იმისა, რომ ნაწინასწარმეტყველები უბედურების გამო ბელშაცარი დამწუხრებული იყო, მას სიტყვა არ გაუტეხავს. მისი ბრძანებით მსახურებმა დანიელი ძოწეულით შემოსეს, კისერზე ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს და სამეფოში მესამე მთავრად აღიარეს (დანიელი 5:29). დანიელს უარი არ უთქვამს ასეთ პატივისცემაზე, რადგან ესმოდა, რომ ამით იეჰოვას მიეგებოდა პატივი. ბელშაცარი კი, ალბათ, იმედოვნებდა, რომ იეჰოვა განაჩენს შეუმსუბუქებდა მისი წინასწარმეტყველის პატივისცემისთვის. მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო.
ბაბილონის დაცემა
23. რომელი წინასწარმეტყველება სრულდებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბელშაცარს ლხინი ჰქონდა გამართული?
23 ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბელშაცარი და მისი სამეფო კარის მსახურები თავიანთი ღმერთების პატივსაცემად ღვინით თვრებოდნენ და იეჰოვას დასცინოდნენ, სასახლის გარეთ, ღამის წყვდიადში უმნიშვნელოვანესი მოვლენა ხდებოდა. სრულდებოდა წინასწარმეტყველება, რომელიც ესაიას თითქმის ორი საუკუნით ადრე ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები. „ბოლო მოვუღე ყოველ კვნესას“, — ნათქვამი ჰქონდა იეჰოვას ბაბილონთან დაკავშირებით. დიახ, ამ ბოროტი ქალაქის მიერ ღვთის რჩეული ხალხის ჩაგვრას ბოლო უნდა მოღებოდა. მაგრამ როგორ? იმავე წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო: „შეიმართე, ელამო, შემოადექ, მიდიავ!“. ელამი სპარსეთის ნაწილი ესაია წინასწარმეტყველის სიკვდილის შემდეგ გახდა. ბელშაცარის ლხინის დროს, რომელიც ამავე წინასწარმეტყველებაში იყო მოხსენიებული, მიდია და სპარსეთი მართლაც ერთიანი ძალებით ‘შეიმართნენ’ და ‘შემოადგნენ’ ბაბილონს (ესაია 21:1, 2, 5, 6).
24. რა ჰქონდა ესაიას ნაწინასწარმეტყველები ბაბილონის დაცემის შესახებ?
24 წინასწარმეტყველებაში აგრეთვე დამპყრობთა ჯარის მეთაურის სახელი და ქალაქის აღების დეტალები იყო მოხსენიებული. ესაიამ დაახლოებით 200 წლით ადრე იწინასწარმეტყველა, რომ ბაბილონზე კიროსი, იეჰოვას ცხებული, გაილაშქრებდა. იერიშის მიტანის დროს მის წინაშე ყოველგვარი დაბრკოლება გაქრებოდა. ბაბილონის მდინარეები ‘დაიწრიტებოდა’ და ქალაქის უზარმაზარი კარიბჭეები ღია დარჩებოდა (ესაია 44:27—45:3). ზუსტად ასეც მოხდა. კიროსის ჯარმა მიმართულება შეუცვალა მდინარე ევფრატის წყალს, რის შედეგადაც წყლის დონემ იკლო და ჯარმა შეძლო კალაპოტზე გადასვლა. ბაბილონის გალავნის კარიბჭეები კი უდარდელ გუშაგებს ღია დარჩათ. ისტორიული ცნობებიც ადასტურებს, რომ ბაბილონი მაშინ დაეცა, როდესაც მის მკვიდრთ ლხინი ჰქონდათ გამართული. ის თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე იქნა დაპყრობილი (იერემია 51:30). მაგრამ იმ ღამეს ერთი ისტორიული მნიშვნელობის მკვლელობა მაინც მოხდა. დანიელი გვაუწყებს: „იმავე ღამეს იქნა მოკლული ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე [და] დარიოს მიდიელმა სამოცდაორი წლის ასაკში მიიღო სამეფო“ (დანიელი 5:30—6:1).
ყოველთვის გახსოვდეთ კედლის წარწერა
25. ა) რატომ არის ძველი ბაბილონი დღევანდელი ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის სათანადო სიმბოლო? ბ) რა გაგებით მოხვდნენ ბაბილონის ტყვეობაში ღვთის მსახურები ჩვენს საუკუნეში?
25 დანიელის მე-5 თავში მოცემული ღვთივსულიერი ცნობა მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ძველი ბაბილონი, როგორც ცრუ თაყვანისმცემლობის ცენტრი, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის სათანადო სიმბოლოა. ცრუ რელიგიების ერთობლიობას, რომელიც გამოცხადებაში პირსისხლიანი მეძავის სახით არის წარმოდგენილი, „დიდი ბაბილონი“ ეწოდება (გამოცხადება 17:5). ის არაფრად აგდებს გაფრთხილებებს, რომ თავისი ცრუ სწავლებებითა და საქმეებით შეურაცხყოფს ღმერთს, და სდევნის ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების მქადაგებლებს. იერუსალიმისა და იუდეის მკვიდრთა მსგავსად, ღვთის ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილიც „დიდი ბაბილონის“ ტყვეობაში ჩავარდა, როდესაც 1918 წელს სამღვდელოების ინიციატივით მათი სასტიკი დევნა დაიწყო და სამეფოს შესახებ ქადაგება, ფაქტობრივად, შეწყდა.
26. ა) როგორ დაეცა „დიდი ბაბილონი“ 1919 წელს? ბ) რა გაფრთხილება უნდა ვიღოთ ყურად და რა უნდა გავაგებინოთ სხვებს?
26 მაგრამ სრულიად მოულოდნელად „დიდი ბაბილონი“ დაეცა! ისიც ისევე შეუმჩნევლად, როგორც ძველი ბაბილონი ძვ. წ. 539 წელს. მაგრამ ეს ფიგურალური დაცემა მისთვის დამანგრეველი იყო. 1919 წელს იეჰოვას ხალხი გათავისუფლდა ბაბილონის ტყვეობიდან და ღვთის კეთილგანწყობილება დაიმსახურა. ამით ბოლო მოეღო ღვთის ხალხზე „დიდი ბაბილონის“ ბატონობას და მისი სიცრუის სახალხოდ მხილება დაიწყო. ბაბილონი სამუდამოდ დაეცა და მისი საბოლოო განადგურება გარდაუვალია. ამიტომაც იეჰოვას მსახურები ეხმაურებიან გაფრთხილებას: „გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს“ (გამოცხადება 18:4). ყურად იღებთ ამ გაფრთხილებას? აფრთხილებთ თუ არა სხვებსაც?g
27, 28. ა) რა ახსოვდა ყოველთვის დანიელს? ბ) რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვა სულ მალე ბოლოს მოუღებს დღევანდელ ბოროტ ქვეყნიერებას?
27 ამგვარად, კედელზე დღესაც ჩანს წარწერა, მაგრამ ის მხოლოდ „დიდ ბაბილონს“ არ ეხება. არ დაგავიწყდეთ, რომ დანიელის წიგნი ძირითადად იეჰოვას უზენაესობას ადასტურებს. მხოლოდ და მხოლოდ მას აქვს უფლება, მმართველი დაუყენოს კაცობრიობას (დანიელი 4:14, 22; 5:21). მისი განზრახვების განხორციელებას წინ ვერაფერი დაუდგება. დადგენილ დროს იეჰოვა უსათუოდ ამოქმედდება (აბაკუმი 2:3). დანიელმა, როდესაც უკვე ას წელს მიღწეული იყო, თავისი თვალით იხილა, როგორ ამოქმედდა იეჰოვა დადგენილ დროს. მან იხილა, როგორ დასცა იეჰოვამ მსოფლიო მპყრობელი, რომელიც ღვთის ხალხს დანიელის ბავშვობის დროიდან ჩაგრავდა.
28 ბიბლია გვაუწყებს, რომ იეჰოვამ უკვე აიყვანა ზეციერ ტახტზე მთელი კაცობრიობის მმართველი. ქვეყნიერება უარყოფს ამ მეფესა და მის მმართველობას, რაც იმის აშკარა მტკიცებაა, რომ იეჰოვა სულ მალე ბოლოს მოუღებს თავისი სამეფო მმართველობის მოწინააღმდეგეებს (ფსალმუნი 2:1—11; 2 პეტრე 3:3—7). გრძნობთ, რომ დრო არ ითმენს და ამყარებთ იმედს ღვთის სამეფოზე? თუ ასეა, თქვენ მართლაც ყოველთვის გახსოვთ კედლის წარწერა!
[სქოლიოები]
a ერთ უძველეს წარწერაში მეფე კიროსი ბელშაცარის შესახებ ამბობს: „ქვეყანას უძლური [მმართველი] განაგებს“.
b დანიელის წიგნში მოცემული ეს წვრილმანიც კი სიზუსტით გამოირჩევა. არქეოლოგიური აღმოჩენების თანახმად, ძველ ბაბილონში სასახლეების აგურის კედლები მართლაც თეთრად იყო შეფეთქილი.
c ბაბილონელთა ცრურწმენის გამო ამ სასწაულმა ბელშაცარს, ალბათ, უფრო მეტად დასცა თავზარი. წიგნში „ბაბილონელთა ცხოვრება და ისტორია“ (Babylonian Life and History) აღნიშნულია: „გარდა იმისა, რომ ბაბილონელები უამრავ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, როგორც ჩანს, მათ ძლიერ სწამდათ სულების არსებობაც; იმდენად ძლიერ, რომ სულებისგან თავის დასაცავად შექმნილ ლოცვებსა და შელოცვებს მათი რელიგიური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს“.
d ჟურნალში „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა“ (Biblical Archaeology Review) ნათქვამია: „ბაბილონელ ბრძენკაცებს ათასობით ავისმომასწავებელი ნიშანი ჰქონდათ აღრიცხული . . . ისინი, უეჭველად, ამ ჩანაწერებს მიმართავდნენ, როდესაც ბელშაცარი კედლის წარწერის მნიშვნელობის გაგებას მოითხოვდა. მაგრამ ჩანაწერებმა არაფრად ივარგეს“.
e ლექსიკოგრაფების აზრით, აქ გამოყენებული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც „აფორიაქება“, ნიშნავს დიდ აურზაურს, შეკრებილი ხალხის არევ-დარევას.
f არამეულ ენაზე „უ“ იყო „და“ კავშირი.
g იხილეთ წიგნი „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“ (ინგლ.), გვერდები 205—271, გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
როგორ უპასუხებდით?
• რამ ჩაშალა ბელშაცარის ლხინი ძვ. წ. 539 წლის 5—6 ოქტომბრის ღამეს?
• რას ნიშნავდა კედლის წარწერა?
• ბაბილონის დაცემის შესახებ წარმოთქმული რომელი წინასწარმეტყველება სრულდებოდა ბელშაცარის ლხინის დროს?
• რა მნიშვნელობა აქვს კედლის წარწერას ჩვენთვის?
[მთელი 98 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[მთელი 103 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]