თავი მეათე
ღვთისმოსაწონი ოჯახი
1. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმეებს ბედნიერი ოჯახები აქვთ?
ბევრისთვის ცნობილია, რომ იეჰოვას მოწმეებს ბედნიერი ოჯახები აქვთ. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ბრაიან უილსონი წერდა: „იეჰოვას მოწმეები ხალხს სთავაზობენ მრავალ პრაქტიკულ რჩევას. . . ცოლქმრულ ურთიერთობაზე, ზნეობრივი ნორმების დაცვაზე, შვილების აღზრდასა და სხვა ცხოვრებისეულ საკითხებზე. ისინი მათ წმინდა წერილებზე დაფუძნებული სანდო რჩევებითა და ამ რჩევებზე აგებული ცხოვრების ფილოსოფიით დიდ დახმარებას უწევენ“. უეჭველად, თქვენც ბევრი რამ ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან, თუ როგორ გაიხაროთ ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით.
2. ა) რა მდგომარეობაშია ოჯახი დღეს? ბ) ბიბლიის რომელ წიგნებში მოძებნიდით რჩევებს ოჯახურ ცხოვრებაზე?
2 რაც უფრო ახლოვდება იეჰოვას დღე, სატანა მით უფრო მეტად ესხმის თავს ოჯახებს. ამის გამო მრავალმა ადამიანმა საკუთარი ოჯახის წევრების მიმართაც კი დაკარგა ნდობა, როგორც ეს მიქას დროს ხდებოდა. ის წერდა: „ნუ დაუჯერებთ მოძმეს. . . ბაგე დაიცავი მისგან, ვინც უბეში გიწევს. ვაჟი არაფრად აგდებს მამას, ასული დედის წინააღმდეგ გამოდის და რძალი — დედამთილის წინააღმდეგ; კაცის მტრები მისი ოჯახის წევრები არიან“ (მიქა 7:5, 6). თქვენც ისეთ მსოფლიოში ცხოვრობთ, სადაც ოჯახური ფასეულობები უფასურდება, თქვენ კი ძალ-ღონეს არ იშურებთ უარყოფითი ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად. ამიტომ, თქვენი ოჯახური ცხოვრება უფრო სასიამოვნოა და ღვთისთვისაც უფრო მოსაწონი. ალბათ გამოგიყენებიათ ეს მუხლები: მეორე კანონი 6:5—9; ეფესოელები 5:22—6:4; კოლოსელები 3:18—21. თუ გიფიქრიათ, რომ ამ თორმეტ წინასწარმეტყველურ წიგნშიც არის რჩევები ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის? ამ თავში განვიხილავთ ზოგიერთ მათგანს, თუმცა ყურადღებას მხოლოდ ამ კონკრეტულ რჩევებზე ნუ შეაჩერებთ. დაუკვირდით, რა კუთხით არის განხილული ეს მაგალითები, და შეეცადეთ იმავე კუთხით მიუდგეთ ამ წიგნების კითხვას თქვენთვის პრაქტიკული რჩევების მისაღებად. ამ თავის ბოლოს მოცემულია მუხლები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ თორმეტი წიგნის პრაქტიკული მხარეების დანახვაში.
მას სძულს გაყრა
3, 4. ა) როგორ ცდილობს მრავალი ოჯახური პრობლემების გადაჭრას? ბ) რა სამარცხვინო დამოკიდებულება ჰქონდათ ქორწინებისადმი იუდეველებს მალაქიას დროს?
3 გონივრულია, რომ ჩვენი განხილვა დავიწყოთ ცოლქმრული ურთიერთობით. ბოლო დრომდე ხალხი განქორწინებას ოჯახური პრობლემებიდან თავის დაღწევის საშუალებად არ თვლიდა. განქორწინების პროცედურა საკმაოდ რთული იყო; მაგალითად, მე-19 საუკუნის ინგლისში განქორწინებისთვის პარლამენტის გადაწყვეტილება იყო საჭირო. ასეთი დამოკიდებულება ოჯახებს ნგრევისგან იცავდა, დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განქორწინებათა რიცხვი მრავალ ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა. . . განქორწინებებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. . . ძირითადად, ეს მისაღები გახდა“. განქორწინება ჩვეული გახდა ზოგიერთ ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიცაა კორეა, სადაც სულ ათიოდე წლის წინ ეს მიუღებელი იყო. დღესდღეობით, ბევრ ქვეყანაში თვლიან, რომ განქორწინება ერთ-ერთი რეალური გამოსავალია უბედური ოჯახებისთვის.
4 მალაქიას დროს, ძვ. წ. V საუკუნეში იუდეველებს შორის გაყრა ჩვეული მოვლენა იყო. მალაქიამ უთხრა მათ: „იეჰოვაა მოწმე შენსა და შენი ახალგაზრდობის ცოლს შორის, რომელსაც ვერაგულად მოექეცი“. ქმრების ვერაგობის გამო იეჰოვას სამსხვერპლო სავსე იყო მიტოვებული ცოლების ცრემლით, „ტირილითა და ოხვრით“. გახრწნილი მღვდლები თვალს ხუჭავდნენ ასეთ სისასტიკეზე (მალაქია 2:13, 14).
5. ა) რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას გაყრაზე? ბ) რატომ უნდა მივიჩნიოთ გაყრა ვერაგობად?
5 როგორ უყურებდა იეჰოვა ქორწინებისადმი მალაქიას თანამედროვეების სამარცხვინო დამოკიდებულებას? „მძულს გაყრა, — ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი“, — წერდა მალაქია. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ იეჰოვა არ იცვლება (მალაქია 2:16; 3:6). რას ნიშნავს ეს? ღმერთმა თავიდანვე გამოხატა თავისი თვალსაზრისი გაყრაზე (დაბადება 2:18, 24). მას არც მალაქიას დროს შეუცვლია ეს თვალსაზრისი, და არც დღეს. ზოგი მხოლოდ იმიტომ ეყრება მეუღლეს, რომ აღარ მოსწონს იგი. მათი გული შესაძლოა ვერაგია, მაგრამ იეჰოვა იკვლევს მას (იერემია 17:9, 10). ზოგმა შეიძლება თავის გამართლება სცადოს, მაგრამ ღმერთი ხედავს იმ სიცრუეს ან მზაკვრულ ჩანაფიქრს, რაც განქორწინების მიღმა იმალება. „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“ (ებრაელები 4:13).
6. ა) როგორ დაგეხმარებათ განქორწინებაზე იეჰოვას თვალსაზრისის გათვალისწინება? ბ) რა იყო იესოს რჩევის არსი?
6 შესაძლოა თქვენი ქორწინება არ დგას განქორწინების საფრთხის წინაშე, მაგრამ კარგი იქნება, თუ ყოველთვის გემახსოვრებათ იეჰოვას თვალსაზრისი. არავინაა სრულყოფილი, ამიტომ ქორწინებაში სირთულეები და უთანხმოებები გარდაუვალია. განქორწინებით შეეცდებით ამ პრობლემების გადაჭრას? გაცხარებული კამათის დროს განქორწინებით დაემუქრებით მეუღლეს? ბევრი ასე იქცევა, მაგრამ ღვთის თვალსაზრისით, ადამიანები მთელი მონდომებით უნდა შეეცადონ თავიანთი ქორწინების განმტკიცებას. იესო ქრისტემ განქორწინების მხოლოდ ერთი საფუძვლიანი მიზეზი მოიყვანა. ეს არის სიძვა, ქორწინების გარეშე ნებისმიერი სქესობრივი კავშირი. მაგრამ რა ჰქონდა იესოს მხედველობაში? თავის მსმენელებს მან ასეთი სიტყვები უთხრა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“. იესო მხარს უჭერდა იეჰოვას უცვლელ თვალსაზრისს, რომელიც მალაქიამ დაახლოებით 450 წლით ადრე მოიხსენია (მათე 19:3—9).
7. მალაქიას წიგნში მოცემული რომელი რჩევა დაგეხმარებათ ქორწინების განმტკიცებაში?
7 როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს თავიანთი ქორწინების განმტკიცება? მალაქია გვირჩევს: „დაიცავით თქვენი სული და ნუ მოიქცევით ვერაგულად!“ (მალაქია 2:16) ეს ნიშნავს, ვაკონტროლოთ ჩვენი შინაგანი აღძვრები და გრძნობები. თუ ვიცავთ ჩვენს სულს, არ ავყვებით ცდუნებას და ზედმეტ ყურადღებას არ გამოვავლენთ სხვის მიმართ (მათე 5:28). მაგალითად, ხომ არ გვხიბლავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლის გადამეტებული ყურადღება ან გამომწვევი კომპლიმენტები? თუ კი, მაშინ ჩვენ სათანადოდ არ ვიცავთ ჩვენს სულს. თორმეტი წინასწარმეტყველი გვაფრთხილებს, დავიცვათ ჩვენი სული, რაც ქორწინების განმტკიცების საწინდარი იქნება.
8, 9. რატომ ჩაიწერა ბიბლიაში ოსიასა და გომერის შემთხვევა?
8 ალბათ ცდილობთ, თქვენს ქორწინებას ბზარი არ გაუჩნდეს. და მაინც, არავინ არის დაზღვეული ოჯახური პრობლემებისგან. როგორ უნდა გაუმკლავდეთ პრობლემებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრობლემის მთავარ მიზეზად თქვენს მეუღლეს მიიჩნევთ? გახსოვთ ამ წიგნის მე-2 და მე-4 თავებში განხილული ოსიას მაგალითი? მისი ცოლი გომერი გაირყვნა და „გაეკიდა. . . თავის ვნებიან საყვარლებს“. მოგვიანებით, მიტოვებული და გაღარიბებული, მონად იქცა. ოსიამ გამოისყიდა გომერი და კვლავ უნდა შეეყვარებინა ის. ამით ის უნდა ეჩვენებინა, რაც იეჰოვასა და ისრაელს შორის მოხდა. იეჰოვა იყო „ქმარი“, მისი ხალხი კი „ცოლი“ (ოსია 1:2—9; 2:5—7; 3:1—5; იერემია 3:14; ესაია 62:4, 5).
9 ოდითგანვე ისრაელები სხვა ღმერთებს მიჰყვებოდნენ და გულს სტკენდნენ იეჰოვას (გამოსვლა 32:7—10; მსაჯულები 8:33; 10:6; ფსალმუნები 78:40, 41; ესაია 63:10). ჩრდილოეთის ათტომიან სამეფოს ხბოს თაყვანისცემაში ედებოდა ბრალი (1 მეფეები 12:28—30). ნაცვლად იმისა, რომ ისრაელი თავის ქმარს, იეჰოვას მინდობოდა, ის თავის საყვარლებზე, პოლიტიკურ მოკავშირეებზე ამყარებდა იმედს. ერთ შემთხვევაში, ის ჯიუტი და ატეხილი ზებრასავით გაეკიდა ასურეთს (იერემია 2:24). როგორ იგრძნობდით თავს, თქვენი მეუღლე მსგავსად რომ მოქცეულიყო?
10, 11. როგორ შეიძლება მიჰბაძოთ იეჰოვას, თუ თქვენი მეუღლე შეცდომას უშვებს?
10 ოსიას დროს უკვე 700-ზე მეტი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ისრაელებთან შეთანხმება დადო. ღმერთს თუ დაუბრუნდებოდნენ, ის მზად იყო ეპატიებინა მათთვის. როგორც ჩანს, ოსიამ წინასწარმეტყველება ძვ. წ. 803 წლამდე დაიწყო. ამგვარად, იეჰოვამ ისრაელს კიდევ დაახლოებით 60 წელი უთმინა, ხოლო იუდას — თითქმის 200 წელი! იეჰოვამ ოსიას ოჯახური მდგომარეობით ცხადყო, რომ ის კვლავ მონანიებისკენ მოუწოდებდა თავის ხალხს, რომელთანაც შეთანხმება ჰქონდა დადებული. მას საფუძვლიანი მიზეზები ჰქონდა „გაჰყროდა“ ისრაელს, თუმცა ის წინასწარმეტყველთა მეშვეობით ცდილობდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, უკან დაებრუნებინა თავისი „ცოლი“ (ოსია 14:1, 2; ამოსი 2:11).
11 თქვენმა მეუღლემ რომ დაუშვას შეცდომა, მიჰბაძავთ იეჰოვას? გადადგამთ პირველ ნაბიჯს ურთიერთობის აღსადგენად? (კოლოსელები 3:12, 13) ამისთვის თავმდაბლობაა საჭირო. იეჰოვას ურთიერთობა ისრაელთან ამის შესანიშნავი მაგალითია (ფსალმუნები 18:35; 113:5—8). ღმერთი გულში ჩამწვდომად ელაპარაკებოდა ისრაელებს და თხოვნითაც კი მიმართავდა. ჩვენ, არასრულყოფილ ადამიანებს, უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, გულში ჩამწვდომად ველაპარაკოთ მეუღლეს, რათა მოვაგვაროთ პრობლემები და ყურადღება არ გავამახვილოთ შეცდომებზე. აღსანიშნავია, რომ იეჰოვას მცდელობა ამაო არ ყოფილა. ბაბილონის ტყვეობაში, უდაბნოში მყოფმა ხალხის მცირე ნაწილმა გულთან ახლოს მიიტანა ღვთის სიტყვები, და მოგვიანებით, სამშობლოში დაბრუნებისას, იეჰოვას თავისი „ქმარი“ უწოდაa (ოსია 2:14—16).
12. როგორ დაგეხმარებათ ოჯახურ ცხოვრებაში იმაზე დაფიქრება, როგორ მოეპყრო იეჰოვა თავის „ცოლს“?
12 სერიოზული პრობლემის დროს ურთიერთობის აღდგენის გულმოდგინე მცელობა ხშირად კარგ ნაყოფს იღებს. ღმერთი მზად იყო თავისი სიმბოლური ცოლისთვის ეპატიებინა სერიოზული ცოდვა — სულიერი მრუშობა. ჭეშმარიტ ქრისტიანთა ოჯახური პრობლემების უმეტესობა ასე არ რთულდება. მრავალი პრობლემა ძირითადად მწარე და გულსატკენი სიტყვებით იწყება. თუ თქვენი მეუღლის მწარე სიტყვები გულს გტკენთ, გაიხსენეთ, რისი ატანა მოუწიათ ოსიას და თავად იეჰოვას (იგავები 12:18). შესაძლოა, ეს დაგეხმაროთ პატიებაში.
13. რას გვასწავლის ის, რომ იეჰოვა თავისი ჯიუტი ხალხისგან მონანიებას ითხოვდა?
13 ამ შემთხვევას კიდევ ერთი საინტერესო მხარე აქვს. მზად იყო თუ არა ღმერთი, ურთიერთობა აღედგინა თავის ხალხთან, რომელიც გარყვნილებას სჩადიოდა? მრუშ ერზე ღმერთმა ოსიას უთხრა: „თავიდან მოიშოროს გარყვნილება და მრუშობა — ძუძუებიდან“ (ოსია 2:2). ხალხს უნდა მოენანიებინა და „გამოეღო მონანიების შესაფერისი ნაყოფი“ (მათე 3:8). ამიტომ, მეუღლის შეცდომებზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, საკუთარ შეცდომებზე იფიქრეთ. თუ სერიოზულად ატკინეთ გული თქვენს მეუღლეს, შეეცადეთ, ურთიერთობა აღადგინოთ გულწრფელი მობოდიშებითა და სათანადო ცვლილებების მოხდენით. ამ შემთხვევაში მას უფრო გაუადვილდება თქვენი პატიება.
„სიყვარულის თასმები“ — აღზრდის საფუძველი
14, 15. ა) მალაქიას 4:1-ის თანახმად რატომ უნდა მოეკიდოთ სერიოზულად შვილების აღზრდას? ბ) როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს იეჰოვას უკეთ გაცნობაში?
14 იეჰოვასა და ისრაელებს შორის ურთიერთობა, რომელიც ამ თორმეტ წინასწარმეტყველურ წიგნშია აღწერილი, კიდევ უფრო მეტს გვასწავლის ოჯახური ცხოვრების შესახებ. ამ წიგნებში მოცემული მითითებები დაგვეხმარება შვილების აღზრდაში. ცხადია, შვილების აღზრდა დღეს არც ისე ადვილია. მშობლები სერიოზულად უნდა მოეკიდონ ამ პასუხისმგებლობას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „შთანთქავს მათ [ხალხს] ეს მომავალი დღე, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და არ შეარჩენს მათ არც ფესვს და არც ტოტს“ (მალაქია 4:1). იმ დღეს, როცა იეჰოვა პასუხს მოსთხოვს ხალხს, ის პატარებს (ტოტებს), მათი მშობლების (ფესვების) საქმეებისამებრ მოექცევა, ვინაიდან ისინი არიან პასუხისმგებლები არასრულწლოვან შვილებზე, და ეს სამართლიანი იქნება (ესაია 37:31). მშობლების ცხოვრებაზეა დამოკიდებული შვილების მომავალი, კარგი იქნება ის თუ ცუდი (ოსია 13:16). თუ თქვენ, მშობლებო (ფესვებო), არ შეინარჩუნებთ კარგ ურთიერთობას იეჰოვასთან, რა შეიძლება მოუვიდეთ თქვენს პატარებს (ტოტებს) მისი რისხვის დღეს? (სოფონია 1:14—18; ეფესოელები 6:4; ფილიპელები 2:12) მაგრამ, თუ ყველანაირად ეცდებით, იეჰოვას კეთილგანწყობა მოიპოვოთ, ეს თქვენს შვილებსაც მოუტანს ბედნიერებას (1 კორინთელები 7:14).
15 მოციქულმა პავლემ მოიყვანა იოელ წინასწარმეტყველის სიტყვები და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას სახელის მოხმობა: „როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? ან როგორ ირწმუნონ ის, ვის შესახებაც არ სმენიათ?“ (რომაელები 10:14—17; იოელი 2:32) თუმცა პავლე საუბრობდა ჩვენს სამქადაგებლო მსახურებაზე, იმავე პრინციპით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ შვილების აღზრდისას. როგორ ირწმუნონ მათ იეჰოვა, თუ არ სმენიათ მის შესახებ? ყოველდღე უთმობთ საკმარის დროს თქვენს შვილებს, რომ ასწავლოთ, რამდენად კარგია იეჰოვა, და ეხმარებით მათ, რომ განუვითარდეთ მისდამი და მისი ხელმძღვანელობისადმი ღრმა სიყვარული? შვილები სულიერად უფრო გაიზრდებიან, თუ ოჯახში რეგულარულად ისმენენ იეჰოვას შესახებ (მეორე კანონი 6:7—9).
16. მიქას 6:3—5-ის თანახმად როგორ შეგიძლიათ, მიჰბაძოთ იეჰოვას შვილების აღზრდისას?
16 როცა შვილები ჯერ კიდევ პატარები არიან, მათი წაყვანა ქრისტიანულ კრებებზე არც ისე რთულია. მაგრამ, როცა იზრდებიან, საკუთარი შეხედულებები უყალიბდებათ. როგორ უნდა მოიქცეთ, როცა შვილები დროდადრო ჯიუტობენ? დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ისრაელსა და იუდას, როგორც ეს თორმეტ წინასწარმეტყველურ წიგნში წერია (ზაქარია 7:11, 12). მაგალითად, მიქას 6:3—5-ის კითხვისას შეეცადეთ, ჩასწვდეთ იმ გრძნობებს, რომლებიც ამ მუხლებშია გამოხატული. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელები დამნაშავეები იყვნენ, იეჰოვა მაინც ამ სიტყვებით მიმართავდა მათ: „ჩემო ხალხო“. ის სთხოვდა მათ: „ჩემო ხალხო, გაიხსენე“. იმის ნაცვლად, რომ მკაცრად ესაყვედურა, ის ცდილობდა, შეხებოდა მათ გულებს. შეგიძლიათ მაშინაც მიჰბაძოთ იეჰოვას, როცა შვილების დასჯაა საჭირო? რაც არ უნდა დააშავოს, გახსოვდეთ, რომ ისინი თქვენი ოჯახის წევრები არიან, და თავი შეიკავეთ დამამცირებელი სიტყვებისგან. განსჯის ნაცვლად რბილად მიუდექით. დაუსვით კითხვები, რომ გაიგოთ, რას ფიქრობენ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ გული გადაგიშალონ (იგავები 20:5).
17, 18. ა) რა უნდა აღგძრავდეთ შვილების შესაგონებლად? ბ) როგორ შეგიძლიათ განამტკიცოთ „სიყვარულის თასმები“ თქვენსა და თქვენს შვილებს შორის?
17 რატომ საჭიროებენ შვილები შეგონებასა და დასჯას? ზოგი მშობელი ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ არ შეილახოს მათი ოჯახის რეპუტაცია. იეჰოვა გვიხსნის, თავად რა აღძრავდა თავისი ხალხის შესაგონებლად: „სიარულს ვასწავლიდი ეფრემს, ხელში ამყავდა ისინი, . . ვიზიდავდი მათ ადამიანის თოკებით, სიყვარულის თასმებით“ (ოსია 11:3, 4). ამ მაგალითით ოსია იეჰოვასა და ისრაელს შორის ურთიერთობას მამაშვილურ ურთიერთობას ადარებს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მოსიყვარულე მშობელი, რომელსაც თასმებით უჭირავს თავისი მობაჯბაჯე პატარა, რათა სიარული ასწავლოს? თასმებით მშობელი არა მარტო იჭერს ბავშვს წაბორძიკებისას, არამედ მიმართულებასაც აძლევს მის ნაბიჯებს (იერემია 31:1—3).
18 მიჰბაძავთ იმ სიყვარულს, რომელიც ღმერთმა ისრაელებისადმი გამოავლინა? მართალია, ისინი ზურგს აქცევდნენ იეჰოვას, მაგრამ ის მაშინვე არ უშვებდა ხელს სიყვარულის თასმებს. ბავშვები იოლად უხვევენ სწორი გზიდან და პატარა რამეც კი აბრკოლებთ, მაგრამ ეცადეთ, ხელი არ გაუშვათ სიყვარულის თასმებს. გახსოვდეთ, რომ იეჰოვა არ იყო მიკერძოებული და თვალს არ ხუჭავდა თავისი ხალხის ცოდვებზე. ის მოქმედებდა მტკიცედ, სიყვარულით შეაგონებდა და დროს უთმობდა მათ, რომ მათთვის საჭირო დახმარება აღმოეჩინა. არ წაუყრუოთ, თუ ხედავთ რომ თქვენი შვილი ნელ-ნელა უხვევს ჭეშმარიტების გზიდან. შეეცადეთ, დააბრუნოთ თითქოსდა მიმართულების მიმცემი თასმებით; სიყვარულით დაეხმარეთ ამ რთულ პერიოდში და საკმარისი დრო დაუთმეთ მათ. შვილებისთვის დროის გამოყოფა ნამდვილად ფასდაუდებელია!
19. რატომ არ უნდა ჩაიქნიოთ ხელი შვილებზე?
19 ოსიამ იწინასწარმეტყველა, რომ ისრაელთა დარჩენილ ნაწილზე დადებითად იმოქმედებდა დასჯა: „დაბრუნდებიან ისრაელის ძეები და ძებნას დაუწყებენ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს. თრთოლით მივლენ იეჰოვასა და მისი სიკეთის წინაშე უკანასკნელ დღეებში“ (ოსია 3:5). ღვთის სასჯელმა თავის მიზანს მიაღწია ამ დარჩენილი ნაწილისთვის. იყავით დარწმუნებული, რომ თქვენი შვილებისთვისაც ასე იქნება. შეეცადეთ, დაინახოთ შვილების დადებითი თვისებები. თბილად ესაუბრეთ მათ, მაგრამ ამავე დროს მტკიცედ დაიცავით ბიბლიური პრინციპები. შესაძლოა ურჩმა ბავშვმა მაშინვე არ იღოს ყურად დარიგება, მაგრამ ვინ იცის, როდის გამოიღებს ეს ნაყოფს?
დაიცავით თავი ცუდი საზოგადოებისგან!
20. რომელ კითხვაზე შეუძლიათ ახალგაზრდებს პასუხის პოვნა თორმეტ წინასწარმეტყველურ წიგნში?
20 ახალგაზრდებო, რისი სწავლა შეგიძლიათ თორმეტი წინასწარმეტყველისგან? შესაძლოა მშობლებს თქვენთან საუბრისას ხშირად მოჰყავთ 1 კორინთელების 15:33, რათა მოერიდოთ ცუდ საზოგადოებას. მაგრამ, შეიძლება ფიქრობთ: „მართლა ასე ცუდია მათთან მეგობრობა, ვინც იეჰოვას არ სცემს თაყვანს?“ ამ კითხვაზე პასუხს თორმეტი წინასწარმეტყველური წიგნი გაგცემთ.
21—23. ა) რისი სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდებს ედომელების მაგალითიდან? ბ) ვინ არიან სინამდვილეში თქვენი მეგობრები?
21 მართალია, ძირითადად ეს თორმეტი წინასწარმეტყველი ღვთის ხალხს მიმართავდა, მაგრამ აბდია წერდა ედომელებს, რომლებიც ისრაელების ძმებად ითვლებოდნენb (მეორე კანონი 2:4). სხვა წინასწარმეტყველური წიგნებისგან განსხვავებით აბდია პირდაპირ მიმართვას იყენებს. მოდი დავფიქრდეთ ედომელებზე. ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი ალყაში იყო მოქცეული. თუმცა ედომელები იაკობის ანუ ისრაელების სისხლით ნათესავები იყვნენ, ბაბილონელებს უჭერდნენ მხარს. „გააშიშვლეთ, გააშიშვლეთ“, — გაჰყვიროდნენ ედომელები (ფსალმუნები 137:7; აბდია 10, 12). მათ სურდათ, დაუფლებოდნენ იუდას მიწებს. ისინი ბაბილონელებთან ერთად პურსაც კი ჭამდნენ, რაც აღმოსავლეთის ქვეყნებში, შესაძლოა მოკავშირეობაზე მიუთითებდა.
22 ყურადღება მიაქციეთ, რას წინასწარმეტყველებს აბდია ედომელებზე: „ყველამ [ბაბილონელებმა] მოგატყუა, ვისთანაც შეთანხმება გქონდა დადებული. გძლიეს მათ, ვისთანაც მშვიდობა გქონდა. ისინი, ვინც შენთან ერთად ჭამენ, ბადეს დაგიგებენ ფეხქვეშ, როგორც არაგამჭრიახს“ (აბდია 7). რა დაემართათ ედომელებს, რომლებმაც ზურგი აქციეს თავიანთ ძმას, იაკობს, და ბაბილონელებს დაუმეგობრდნენ? საბოლოოდ, ბაბილონელებმა ნაბონიდის წინამძღოლობით გაანადგურეს ედომელები. მალაქიას დროს ღმერთს უკვე გაენადგურებინა ედომის მთები და მათი მემკვიდრეობა ტურების სამკვიდროდ ექცია (მალაქია 1:3).
23 ახლა კი დაფიქრდით თქვენს ეგრეთ წოდებულ მეგობრებზე, რომლებიც იეჰოვას არ ეთაყვანებიან. შეგიმჩნევიათ, რომ ის გოგო-ბიჭები, რომლებსაც ერთმანეთთან „შეთანხმება აქვთ დადებული“, ანუ მეგობრობენ, ხშირად ატყუებენ ერთმანეთს და თავიანთ ვაიმეგობრებს „ბადეს უგებენ ფეხქვეშ“? რას ამბობენ ხოლმე, როცა მათი ტყუილი მჟღავნდება? ისინი შესაძლოა ფიქრობენ, რომ მათი მეგობრები მიამიტები არიან და ადვილად ტყუვდებიან. ზუსტად ასე მოექცნენ ბაბილონელები თავიანთ მეგობრებს, ედომელებს! ფიქრობთ, რომ ასეთი „მეგობრები“ ნამდვილად იზრუნებენ თქვენზე, როცა პრობლემები შეგექმნებათ? (აბდია 13—16) ასევე დაფიქრდით იეჰოვა ღმერთსა და მის ხალხზე. იეჰოვა ყოველთვის მზად არის თქვენ დასახმარებლად. ის მხარში ამოგიდგებათ სირთულეების დროს. მისი მსახურები იქნებიან ნამდვილი, მუდამ მოყვარული და „გასაჭირისთვის დაბადებული“ ერთგული მეგობრები (იგავები 17:17).
დააფასეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა
24, 25. რა უნდა იყოს უმთავრესი ჩვენს ცხოვრებაში?
24 ოჯახური ურთიერთობები და მათი განმტკიცება ნამდვილად მნიშვნელოვანია. თორმეტი წინასწარმეტყველური წიგნი ამ მხრივ ბევრ კარგ რჩევას გვაძლევს. კარგი იქნება, თუ ამ წინასწარმეტყველური წიგნების კვლევისას ამ წიგნში მოცემულ მიდგომას გამოიყენებთ. ასეთი სახით უფრო მეტს ისწავლით, თუ როგორ გაიუმჯობესოთ ოჯახური ცხოვრება. და მაინც, ისმის კითხვა: ღვთის თაყვანისმცემლებისთვის ბედნიერი ოჯახური ცხოვრებაა უმთავრესი?
25 იეჰოვას მოახლოებულ დღეზე იოელი წინასწარმეტყველებდა: „შეკრიბეთ ხალხი, განწმინდეთ კრებული, . . გამოვიდეს ნეფე თავისი შიდა ოთახიდან და პატარძალი — საქორწილო ოთახიდან“ (იოელი 2:15, 16). ოჯახის ყველა წევრი ერთად უნდა შეკრებილიყო და იეჰოვასთვის ეცა თაყვანი. ეს ახალდაქორწინებულებსაც ეხებოდა! არაფერი არ უნდა იდგეს ღვთის თაყვანისმცემლობაზე მაღლა. რადგან იეჰოვას დღე სწრაფად ახლოვდება, ჩვენს ცხოვრებაში ღვთის კეთილგანწყობილების მოპოვება უმთავრესი უნდა იყოს. ამ წიგნის ბოლო ნაწილში განხილული იქნება, დღეს რა უნდა ვაკეთოთ სიხარულით.
a თუ ცოლი ან ქმარი მრუშობაშია დამნაშავე, მაშინ უდანაშაულო მეუღლე თავად წყვეტს, აპატიოს თუ არა (მათე 19:9).
b კიდევ ერთ გამონაკლისს წარმოადგენს ნაუმის წიგნი, რომელიც ნინეველებს მისწერა.