პატივისცემით მოეპყარით ყველას
„პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელთა 12:10).
1, 2. ა) როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ გამოვავლინოთ თავმდაბლობა? ბ) რა შემთხვევებში იყენებს ხშირად ბიბლია სიტყვა „პატივისცემას“ და ვისთვის არის უფრო იოლი პატივისცემის გამოვლენა?
წინა სტატიაში ყურადღება გავამახვილეთ ღვთის სიტყვაში მოცემულ რჩევაზე: „შეიმოსეთ თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (1 პეტრე 5:5). თავმდაბლობით ‘შემოსვის’ ერთ-ერთი საშუალება გარშემომყოფთა მიმართ პატივისცემის გამოვლენაა.
2 სიტყვა „პატივისცემა“ ბიბლიაში ხშირად არის გამოყენებული სხვების მიმართ პატივისცემის, მოკრძალების, ყურადღების გამოსახატავად. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ კეთილი მოპყრობით, პიროვნების ღირსების დაფასებით, თანამოსაუბრის თვალსაზრისის მოსმენით და გონივრულ ფარგლებში სათხოვრის შესრულებით. თავმდაბლებისთვის ასე მოქცევა რთული არ არის. მაგრამ გულით ამაყებს შეიძლება გაუჭირდეთ ნამდვილი პატივისცემის გამოვლენა და დიდებისა და უპირატესობების მოხვეჭა პირფერობით ეცადონ.
იეჰოვა პატივს სცემს ადამიანებს
3, 4. როგორ გამოავლინა იეჰოვამ პატივისცემა აბრაამის მიმართ და რატომ?
3 პატივისცემით მოპყრობის მაგალითს თვითონ იეჰოვა გვაძლევს. მან ადამიანები ნების თავისუფლებით შექმნა და არა რობოტებად (1 პეტრე 2:16). მაგალითად, როდესაც მან აბრაამს უთხრა, რომ სოდომი იქ არსებული საშინელი ბოროტების გამო უნდა განადგურებულიყო, აბრაამმა ჰკითხა: „ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ? იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის?“. იეჰოვამ უპასუხა, რომ დაინდობდა ქალაქს 50 მართლის გულისთვის. მაგრამ აბრაამი კიდევ შეევედრა მას თავმდაბლურად 45 მართლისთვის, შემდეგ 40-ის, 30-ის, 20-ისა და 10 მართლისთვის. პასუხად იეჰოვამ დაარწმუნა აბრაამი, რომ არ გაანადგურებდა სოდომს თუნდაც მხოლოდ ათი მართალი ეპოვა მთელ ქალაქში (დაბადება 18:20–33).
4 იეჰოვამ იცოდა, რომ სოდომში ათი მართალი კაცი არ იყო, მაგრამ მან პატივისცემა გამოავლინა აბრაამის მიმართ, მოისმინა მისი აზრი და მოკრძალებით მოეპყრო მას. რატომ? იმიტომ, რომ აბრაამი „ერწმუნა უფალს, ხოლო მან სიწრფელეში ჩაუთვალა ეს“. მას „ღვთის მეგობარი ეწოდა“ (დაბადება 15:6; იაკობი 2:23). გარდა ამისა, იეჰოვა ხედავდა, რომ აბრაამი პატივისცემით ეპყრობოდა სხვებს. როდესაც საძოვრების გამო აბრაამისა და მისი ძმისწული ლოტის მწყემსებმა ცილობა დაიწყეს, აბრაამმა პატივისცემა გამოავლინა ლოტის მიმართ და უთხრა, რომ პირველად მას აერჩია ტერიტორია. ლოტმა საუკეთესო ადგილები შეარჩია, ხოლო აბრაამი სხვა მხარეში დასახლდა (დაბადება 13:5–11).
5. რაში გამოიხატებოდა ლოტისადმი იეჰოვას პატივისცემა?
5 იეჰოვა ლოტსაც პატივისცემით ეპყრობოდა. სოდომის განადგურებამდე მან გააფრთხილა ის, რომ მთებში გახიზნულიყო. მაგრამ ლოტმა იქ წასვლა არ ისურვა; მან ცოღარის ახლომდებარე ტერიტორიაზე დასახლება ირჩია, მიუხედავად იმისა, რომ ის ტერიტორია უნდა განადგურებულიყო. იეჰოვამ უთხრა ლოტს: „კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც: არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე“. იეჰოვა პატივისცემით მოეპყრო ერთგულ ლოტს და სათხოვარი შეუსრულა (დაბადება 19:15–22; 2 პეტრე 2:6–9).
6. როგორ გამოავლინა იეჰოვამ პატივისცემა მოსეს მიმართ?
6 როდესაც იეჰოვამ ეგვიპტეში დაბრუნება უბრძანა მოსეს თავისი ხალხის მონობიდან გამოსახსნელად და ფარაონთან მოსალაპარაკებლად, მოსემ უთხრა მას: „გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ“. იეჰოვამ კი დაარწმუნა მოსე: „მე ვიქნები შენს ბაგესთან: გასწავლი, რა უნდა თქვა“. მაგრამ რაკი მოსე კვლავ ყოყმანობდა, იეჰოვამ დაამშვიდა ის და უთხრა, რომ მისი ძმა, აარონი, იქნებოდა მასთან და ის დაელაპარაკებოდა ფარაონს (გამოსვლა 4:10–16).
7. რატომ იყო იეჰოვა მზად, პატივისცემით მოპყრობოდა სხვებს?
7 ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ იეჰოვა მზად იყო, პატივისცემით მოპყრობოდა ყველას, განსაკუთრებით კი, თავის მსახურებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სათხოვარი მისი ჩანაფიქრისგან განსხვავდებოდა, იეჰოვა მაინც ითვალისწინებდა და ანგარიშს უწევდა მათ, თუ თავდაპირველ განზრახვას არაფერს ვნებდა.
იესო პატივისცემით ეპყრობოდა ყველას
8. როგორ გამოავლინა იესომ პატივისცემა სნეული ქალის მიმართ?
8 იესო პატივისცემის გამოვლენაში იეჰოვას ბაძავდა. ერთხელ იესოს გარშემო უამრავი ხალხი შეიკრიბა. მათ შორის იყო ქალი, რომელიც 12 წელი სისხლისდენით იტანჯებოდა. მკურნალებმა ვერ შეძლეს მისი დახმარება. ის, მოსეს რჯულის თანახმად, უწმინდურად ითვლებოდა და არ ჰქონდა ხალხში გამოსვლის უფლება. ქალი ზურგიდან მიუახლოვდა იესოს, შეეხო მის ტანსაცმელს და განიკურნა. იესო არ ჩაჟინებია რჯულის ფორმალურ მხარეებს და არ გაუკიცხავს ის ასეთი მოქმედების გამო, არამედ გაუგო მას და პატივისცემით უთხრა: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან“ (მარკოზი 5:25–34; ლევიანნი 15:25–27).
9. რა მხრივ მოექცა იესო პატივისცემით წარმართს?
9 სხვა დროს კი ქანაანელმა დედაკაცმა უთხრა იესოს: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია“. იესომ იცოდა, რომ წარმართებისთვის კი არა, ისრაელი ერისთვის იყო გამოგზავნილი და ამიტომ უთხრა: «არ არის კარგი, რომ შვილებს [ისრაელებს] წაართვა პური და [„პატარა“, აქ] ძაღლებს [წარმართებს] გადაუგდო». ამაზე ქალმა მიუგო: „მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა“. ამაზე იესოს პასუხი ასეთი იყო: „ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, როგორც შენ გსურს“. დედაკაცის ქალიშვილი განიკურნა. იესო პატივისცემით მოეპყრო წარმართს გამოვლენილი რწმენის გამო. იმ ფაქტმაც კი, რომ იესომ ავი ძაღლების ნაცვლად გამოთქმა „პატარა ძაღლები“ გამოიყენა, თანაგრძნობა გამოავლინა და მდგომარეობა შეარბილა (მათე 15:21–28).
10. რა შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა იესომ თავის მოწაფეებს და რატომ იყო ეს საჭირო?
10 იესო თავის მოწაფეებს ყოველთვის თავმდაბლობასა და სხვებისადმი პატივისცემით მოპყრობას ასწავლიდა, რადგან მათ ჯერაც ახასიათებდათ ეგოიზმი. ერთხელ მოწაფეებს შორის გამართული კამათის დროს იესომ ჰკითხა მათ: „რაზე მსჯელობდით გზაში?“ ისინი კი დუმდნენ, ვინაიდან გზაში „ერთმანეთში მსჯელობდნენ: ვინ უფრო დიდიაო?“ (მარკოზი 9:33, 34). თვით იესოს სიკვდილის წინა ღამეს „ასევე იყო დავა მათ შორის: რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად“ (ლუკა 22:24). ამიტომ პასექის დღესასწაულის აღნიშვნის დროს იესომ „ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფეხის ბანა“. მართლაც რომ შესანიშნავი გაკვეთილია! იესო ღვთის ძე იყო, მთელ სამყაროში იეჰოვას შემდეგ მეორე პიროვნება და მან თავის მოწაფეებს პატივისცემის გამოვლენის შესანიშნავი მაგალითი მისცა, როცა ფეხები დაბანა. მან უთხრა მათ: „მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ“ (იოანე 13:5–15).
პავლე ავლენდა პატივისცემას
11, 12. ქრისტიანად მოქცევის შემდეგ რა ისწავლა პავლემ და როგორ გამოიყენა ნასწავლი ფილიმონთან დაკავშირებით?
11 პავლე ბაძავდა ქრისტეს და ყველას პატივისცემით ეპყრობოდა (1 კორინთელთა 11:1). მან თქვა: „არც ვეძიებთ კაცთაგან დიდებას . . . მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ შეფოფინებს“ (1 თესალონიკელთა 2:6, 7). მეძუძური ზრუნავს თავის პატარაზე. პავლემაც, მას შემდეგ რაც ქრისტიანი გახდა, შეიძინა თავმდაბლობა და მშვიდი მოპყრობით პატივისცემას ავლენდა თანაქრისტიანების მიმართ. ის პატივს სცემდა მათი ნების თავისუფლებასაც, რაც შესანიშნავად გამოჩნდა რომში პატიმრობისას მომხდარი ერთი შემთხვევისას.
12 ბატონისგან გამოქცეულმა მონა ონისიმოსმა პავლეს სწავლება მოისმინა. ის პავლეს მეგობარი და ქრისტიანი გახდა. მონის ბატონი იყო მცირე აზიაში მცხოვრები ფილიმონი, ისიც ქრისტიანი. ფილიმონს პავლე სწერდა, რამდენად ძვირფასი იყო ონისიმოსი მისთვის მსახურებაში: „მინდოდა ჩემთან დამეყენებინა იგი“. მაგრამ პავლემ ის ფილიმონს დაუბრუნა, რადგან სწერდა: „შენი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ ვინდომე, რათა შენი კეთილი საქმე ნაძალადევი კი არ ყოფილიყო, არამედ ნებაყოფლობითი“. პავლეს არ უსარგებლია თავისი მოციქულობით, არამედ პატივი სცა ფილიმონს და არ უთხოვია მისთვის, ონისიმოსი რომში დაეტოვებინა. გარდა ამისა, პავლე შეაგონებდა ფილიმონს, რომ პატივი ეცა ონისიმოსისთვის და მოქცეოდა მას ‘არა როგორც მონას, არამედ მონაზე მეტს, საყვარელ ძმას’ (ფილიმონი 13–16).
პატივისცემის გამოვლენა დღეს
13. რისკენ მოგვიწოდებს რომაელთა 12:10?
13 ღვთის სიტყვა გვირჩევს: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელთა 12:10). ეს ნიშნავს, სხვებს კი არ ველოდოთ, როდის გამოავლენენ ჩვენს მიმართ პატივისცემას, არამედ ჩვენ ვიყოთ ამაში დაუზარელი. „არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი“ (1 კორინთელთა 10:24; 1 პეტრე 3:8, 9). ამიტომ იეჰოვას მსახურები ყოველი შესაძლებლობისას პატივისცემით ეპყრობიან ოჯახის წევრებს, თანაქრისტიანებსა და გარეშე პირებსაც კი, რომლებიც კრების წევრები არ არიან.
14. როგორ ვლინდება პატივისცემა მეუღლეებს შორის?
14 ბიბლია ამბობს: „ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი — ქმარი“ (1 კორინთელთა 11:3). იეჰოვა ავალებს მამაკაცს, რომ ცოლს ისე მოექცეს, როგორც ქრისტე ექცეოდა კრებას. 1-ლი პეტრეს 3:7-ში კაცს ეძლევა რჩევა, რომ მეუღლეს მოეპყროს „როგორც უუძლურეს ჭურჭელს“. ამის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა მეუღლის გულწრფელი ინტერესით მოსმენა და მისი აზრის გათვალისწინება (დაბადება 21:12). ქმარმა შეიძლება საშუალება მისცეს მეუღლეს, რომ არაპრინციპულ საკითხებში არჩევანი გააკეთოს; მამაკაცი, ამასთანავე, ყოველთვის უნდა დაეხმაროს და ნაზად მოექცეს მეუღლეს. თავის მხრივ, ‘ცოლიც დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს’ (ეფესელთა 5:33, აქ). ცოლი უნდა უსმენდეს ქმარს, არ ცდილობდეს თავისი სიტყვის გატანას, არ ამცირებდეს და ყოველთვის უკმაყოფილოდ არ ებუზღუნებოდეს მას. ის თავმდაბლობას გამოავლენს, თუ არ იბატონებს ქმარზე, მაშინაც კი, როცა უკეთესად ესმის ესა თუ ის საკითხი.
15. როგორი ყურადღება უნდა გამოვლინდეს ხანში შესულების მიმართ და როგორი მოქმედებაა საჭირო მათი მხრიდან?
15 ქრისტიანულ კრებაში განსაკუთრებული პატივისცემის ღირსნი არიან, მაგალითად, ხანში შესულები. „ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს“ (ლევიანნი 19:32). ეს რჩევა უფრო მათ მიმართ არის გასათვალისწინებელი, რომლებიც მრავალი წელი იეჰოვას ერთგულად ემსახურნენ, რადგან «დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი; [„როცა“, აქ] სიმართლის გზაზე იპოვება» (იგავნი 16:31). ზედამხედველები მაგალითი უნდა იყვნენ უფროსი თანაქრისტიანების პატივისცემაში. რასაკვირველია, ხანში შესულებიც პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ უმცროსებს, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც სამწყსოს დამწყემსვის პასუხისმგებლობა აკისრიათ (1 პეტრე 5:2, 3).
16. როგორ უნდა ავლენდნენ მშობლები და შვილები ერთმანეთის მიმართ პატივისცემას?
16 ახალგაზრდებმა პატივი უნდა სცენ მშობლებს: «დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია. „პატივი ეცი შენს მამას და დედას — ეს არის პირველი მცნება აღთქმით, — რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე“ ». თავის მხრივ, მშობლებიც პატივს უნდა სცემდნენ შვილებს, რადგან ბიბლია მათ ურჩევს: „ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:1–4; გამოსვლა 20:12).
17. ვინ არის „ორმაგი პატივის“ ღირსი?
17 პატივისცემის ღირსნი არიან ისინიც, რომლებიც კრების მომსახურებისთვის თავს არ ზოგავენ: „ხუცესნი, რომლებიც წესიერად ასრულებენ საქმეს, ორმაგი პატივის ღირსნი უნდა იყვნენ, უფრორე კი ისინი, რომელნიც იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით“ (1 ტიმოთე 5:17). მათ მიმართ პატივისცემის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება ებრაელთა 13:17-ში ჩაწერილი სიტყვების შესრულებაა: „მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ“.
18. როგორ უნდა მოვექცეთ მათ, რომლებიც კრების წევრებს არ წარმოადგენენ?
18 უნდა მოვექცეთ თუ არა პატივისცემით მათ, რომლებიც კრების წევრები არ არიან? დიახ. მაგალითად, ბიბლია გვეუბნება: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას“ (რომაელთა 13:1). ესენი ქვეყნის მმართველები არიან, რომელთა მმართველობაც იეჰოვამ დაუშვა მანამდე, სანამ ღვთის სამეფო შეცვლის მათ (დანიელი 2:44). ამიტომ ჩვენ ‘ვაძლევთ ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი — ხარკი, ვისაც ბაჟი — ბაჟი, ვისაც შიში — შიში, ვისაც პატივი — პატივი’ (რომაელთა 13:7). ჩვენ ‘ყველას პატივი უნდა მივაგოთ’ (1 პეტრე 2:17).
19. როგორ შეგვიძლია „სიკეთე მოვიმოქმედოთ“ და პატივისცემა გამოვავლინოთ ყველას მიმართ?
19 მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, პატივისცემით მოვეპყროთ მათაც, რომლებიც კრების წევრები არ არიან, ყურადღება მიაქციეთ, რაზე ამახვილებს ღვთის სიტყვა ყურადღებას: „ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის და უფრო მეტად მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელთა 6:10, აფ). რასაკვირველია, ‘სიკეთეს’ საუკეთესოდ ‘მოვიმოქმედებთ’ ყველას მიმართ, თუ დავეხმარებით, განივითარონ სულიერი მოთხოვნილებები და დაიკმაყოფილონ სულიერი წყურვილი (მათე 5:3, აქ). ამას შევძლებთ, თუ ყურად ვიღებთ პავლე მოციქულის შეხსენებას: „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“. როდესაც ყოველ შესაძლებლობას ვიყენებთ ტაქტიანად ქადაგებისთვის და ამით ‘მსახურებას აღვასრულებთ’, არა მხოლოდ სიკეთეს ვუკეთებთ ხალხს, არამედ პატივსაც ვცემთ მათ (2 ტიმოთე 2:15; 4:5).
იეჰოვას პატივისცემა
20. რა დაემართა ფარაონსა და მის ჯარს და რატომ?
20 იეჰოვა პატივისცემით ეპყრობა თავის ქმნილებებს და ამიტომ გონივრულია, რომ ჩვენც პატივს მივაგებდეთ მას (იგავნი 3:9; გამოცხადება 4:11). იეჰოვას სიტყვაში აგრეთვე ნათქვამია: „ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან“ (პირველი მეფეთა 2:30). ეგვიპტის ფარაონმა ღვთის ხალხის გათავისუფლებაზე სათხოვარს ამპარტავნულად უპასუხა: „ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო?“ (გამოსვლა 5:2). როდესაც ფარაონმა ისრაელთა შესამუსრავად ჯარი გაგზავნა, იეჰოვამ თავისი ხალხისთვის მეწამული ზღვა ორად გაყო, ხოლო როგორც კი ეგვიპტელები დაედევნენ ნაპირზე გასულ ისრაელებს, იეჰოვამ წყალი თავის ადგილას დააბრუნა. მან „ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ლაშქარი“ (გამოსვლა 14:26–28; 15:4). ფარაონმა სიამაყით უგულებელყო იეჰოვასთვის პატივის მიგება, რაც ტრაგიკული აღმოჩნდა მისთვის (ფსალმუნი 135:15).
21. რატომ არ მოიწონა იეჰოვამ ბელშაცარი და რა მოხდა ბოლოს?
21 არც ბაბილონის მეფე ბელშაცარმა მოინდომა იეჰოვასთვის პატივის მიგება. ერთ-ერთი ღრეობის დროს მან მასხარად აიგდო იეჰოვა, როდესაც მისი ტაძრიდან წამოღებული ოქრო-ვერცხლის წმინდა ჭურჭლით ღვინის სმა და წარმართული ღმერთების განდიდება დაიწყო. მაგრამ იეჰოვას მსახურმა დანიელმა უთხრა მას: „შენ . . . გული არ დაიმდაბლე . . . შენ თავი აღაზევე ზეციერი მეუფის წინააღმდეგ“. იმავე ღამეს ბელშაცარი მოკლეს, მისი სამეფო კი დაეცა (დანიელი 5:22—6:1).
22. ა) რატომ დაატყდათ თავს იეჰოვას რისხვა ისრაელსა და მის წინამძღოლებს? ბ) ვინ შეიწყალა იეჰოვამ და რა გააკეთა მათთვის?
22 პირველ საუკუნეში, როდესაც მეფე ჰეროდე სიტყვით გამოვიდა, ხალხი ღაღადებდა: „ღვთის ხმაა და არა კაცისა“. პატივმოყვარე მეფემ შეიფერა დიდება და „უფლის ანგელოზმა დასცა იგი, რადგან არ მიაგო დიდება ღმერთს“ (საქმეები 12:21–23). ჰეროდე პატივს მიაგებდა არა იეჰოვას, არამედ საკუთარ თავს და ამის გამო დაიღუპა. იმავე ეპოქის რელიგიურმა წინამძღოლებმა პატივისცემა არ გამოავლინეს ღვთის მიმართ, რადგან მისი ძის, იესოს, მოკვლის შეთქმულება მოაწყვეს. ზოგმა მთავარმა იცოდა, რომ იესო ჭეშმარიტებას ასწავლიდა, მაგრამ არ მიჰყვა მას, „რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღვთის დიდება“ (იოანე 11:47–53; 12:42, 43). მთელი ერი უპატივცემლოდ მოექცა იეჰოვასა და მის წარმომადგენელს, იესოს. ამიტომ იეჰოვამაც აღარ სცა მათ პატივი და თავიანთ ტაძართან ერთად გასანადგურებლად გასწირა. მაგრამ მან გადაარჩინა ისინი, რომლებიც მას და მის ძეს პატივისცემით მოეპყრნენ (მათე 23:38; ლუკა 21:20–22).
23. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ვიცხოვროთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში? (ფსალმუნი 36:9–11; მათე 5:5).
23 ყველა, ვისაც სურს ამ სისტემის განადგურების შემდეგ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება, ღმერთსა და მის ძეს, ქრისტე იესოს, პატივისცემით უნდა მოეპყროს და უნდა დაემორჩილოს მათ (იოანე 5:22, 23; ფილიპელთა 2:9–11). ვინც მათდამი პატივისცემას არ ავლენს „ქვეყნიდან მოიკვეთებიან“, ხოლო ალალმართლები, რომლებიც პატივისცემას ავლენენ ღმერთსა და ქრისტესადმი და ემორჩილებიან მათ, ‘დამკვიდრდებიან ქვეყნად’ (იგავნი 2:21, 22).
გასამეორებლად
◻ რას ნიშნავს სხვების მიმართ პატივისცემის გამოვლენა და როგორ გამოავლინა ეს იეჰოვამ?
◻ როგორ ავლენდნენ იესო და პავლე პატივისცემას გარშემომყოფთა მიმართ?
◻ ვინ იმსახურებს პატივისცემას დღეს?
◻ რატომ უნდა ვცეთ პატივი იეჰოვასა და იესოს?
[სურათი 17 გვერდზე]
იეჰოვა პატივისცემით მოეპყრო აბრაამს, როდესაც ყურად იღო მისი ვედრება.
[სურათი 18 გვერდზე]
ბედნიერ ოჯახში ცოლ-ქმარი პატივს სცემს ერთმანეთს.