თავი მესამე
იეჰოვას დღე — წინასწარმეტყველების მნიშვნელოვანი თემა
1, 2. ა) რომელ მნიშვნელოვან თემაზე ამახვილებს ყურადღებას თორმეტივე წინასწარმეტყველი? ბ) რომელი მათგანი მოიხსენიებს პირდაპირ იეჰოვას დღეს?
„ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე, ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება“ (სოფონია 1:14). ღვთის წინასწარმეტყველთა პირით არაერთხელ თქმულა გაფრთხილება იეჰოვას მოახლოებული დღის შესახებ. ისინი უხსნიდნენ ხალხს, თუ რა გავლენა უნდა მოეხდინა ამ დღის მოახლოებას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ზნეობრიობასა და საქციელზე. მათი სიტყვები სწრაფ გამოხმაურებას მოითხოვდა. თქვენ როგორ მოიქცეოდით, მათი ნათქვამი საკუთარი ყურით რომ მოგესმინათ?
2 თორმეტი წინასწარმეტყველური წიგნის კითხვისას შეამჩნევთ, რომ გარკვეულწილად ყველა იეჰოვას დღეზე საუბრობსa. მომდევნო თავებში მოცემული ყურადსაღები მასალის განხილვამდე, კიდევ ერთხელ დაფიქრდით ამ წინასწარმეტყველური წიგნების ძირითად თემაზე — იეჰოვას დღეზე. ექვსმა წინასწარმეტყველმა ზუსტად ეს ან მსგავსი ფრაზა გამოიყენა. იოელმა ცოცხალი ენით აღწერა „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღე“ (იოელი 1:15; 2:1, 2, 30—32). ამოსის ნათქვამისამებრ, ისრაელები უნდა მომზადებულიყვნენ თავიანთი ღვთის შესახვედრად, რადგან ბნელი იქნებოდა იეჰოვას დღე (ამოსი 4:12; 5:18). მოგვიანებით სოფონიამ წარმოთქვა პირველ აბზაცში ციტირებული სიტყვები. აბდია, იერუსალიმის განადგურებამდე ცოტა ხნით ადრე, ასე აფრთხილებდა ხალხს: „ახლოს არის იეჰოვას დღე ყველა ხალხის წინააღმდეგ“ (აბდია 15).
3. რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადასახლების შემდეგ მომსახურე წინასწარმეტყველებიც იეჰოვას დღეზე საუბრობდნენ?
3 მსგავსი ფრაზა გამოიყენა გადასახლებიდან დაბრუნებულ იუდეველებთან გაგზავნილმა ორმა წინასწარმეტყველმა. ზაქარია საუბრობდა დღეზე, როცა იერუსალიმის წინააღმდეგ გალაშქრებული ყველა ხალხი განადგურდებოდა. ის შთამბეჭდავად აღწერდა, რა მოხდებოდა „იეჰოვას დღედ ცნობილ დღეს“ (ზაქარია 12:9; 14:7, 12—15). მალაქია აფრთხილებდა ღვთის ხალხს „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის“ მოსვლის შესახებ (მალაქია 4:1—5).
4. როგორ ჰფენდა ნათელს ზოგიერთი თორმეტი წინასწარმეტყველთაგანი იეჰოვას დღეს?
4 ამ თორმეტი წინასწარმეტყველიდან დანარჩენს პირდაპირ არ უხსენებია „იეჰოვას დღე“, თუმცა კი გულისხმობდნენ ამას. ოსია ამბობდა, რომ იეჰოვა პასუხს მოსთხოვდა ჯერ ისრაელს, შემდეგ კი იუდას (ოსია 8:13, 14; 9:9; 12:2). მათი ცნობა ძირითადად ეხებოდა იეჰოვას იმდროინდელ საქმეებს. მაგალითად, იონა ღვთის განაჩენს უცხადებდა ნინევეს; მიქა აღწერდა, თუ რას მოიმოქმედებდა ღმერთი ურჩი ხალხების წინააღმდეგ (იონა 3:4; მიქა 1:2—5); ნაუმის დაპირებისამებრ, იეჰოვა შურს იძიებდა თავის მოწინააღმდეგეებზე (ნაუმი 1:2, 3); აბაკუმი სამართალს ითხოვდა და „გასაჭირის დღეს“ აღწერდა (აბაკუმი 1:1—4, 7; 3:16). ამ წიგნებში მოცემული ზოგიერთი წინასწარმეტყველება ნათელს ჰფენდა მოვლენებს, რომლებიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს შეეხებოდა. მაგალითად, ანგიამ, იუდეველთა გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მომსახურე წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთმა, იწინასწარმეტყველა, რომ ღმერთი შეძრავდა ხალხებს (ანგია 2:6, 7). მოციქული პავლე ანგიას 2:6-ში ჩაწერილი სიტყვებით ამხნევებდა ქრისტიანებს, ყოფილიყვნენ ღვთისმოსაწონები მაშინ, როცა ღმერთი სიმბოლურ ბოროტ ცას მოსპობდა (ებრაელები 12:25—29; გამოცხადება 21:1).
რა არის იეჰოვას დღე?
5, 6. წინასწარმეტყველთა აღწერით, როგორი იქნება იეჰოვას დღე?
5 მრავალი მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ დავინტერესდეთ იეჰოვას დღით. დავფიქრდეთ: „ახდენს გავლენას იეჰოვას დღე ჩემს დღევანდელ თუ მომავალ ცხოვრებაზე?“ „იეჰოვას დღეში“ წინასწარმეტყველები ბრძოლის დღეს გულისხმობდნენ, როცა იეჰოვა აღსდგებოდა თავისი მტრების წინააღმდეგ განაჩენის აღსასრულებლად. როგორც ჩანს, ეს შიშის მომგვრელი დღე უჩვეულო ზეციური მოვლენებით იქნება გამორჩეული: „დაბნელდება მზე და დაბნელდება მთვარე, აღარ გამოანათებენ ვარსკვლავები“ (იოელი 2:2, 11, 30, 31; 3:15; ამოსი 5:18; 8:9). რა მოხდება დედამიწაზე? მიქა წერდა: „მთები დადნება მის [იეჰოვას] ფეხქვეშ და ველები ისე დაიშლება, როგორც ცვილი ცეცხლისგან, როგორც ქარაფიდან ვარდნილი წყალი“ (მიქა 1:4). თუმცა ეს სიმბოლური აღწერაა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთის მოქმედებას გამანადგურებელი შედეგები მოჰყვება დედამიწისა და მისი მკვიდრებისთვის, მაგრამ არა ყველასთვის. ეს წინასწარმეტყველები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ უხვ კურთხევასა და სიცოცხლეს მიიღებდნენ კარგის მძებნელები (ამოსი 5:14; იოელი 3:17, 18; მიქა 4:3, 4).
6 ამ თორმეტ წინასწარმეტყველთაგან დანარჩენებიც მხატვრული ენით აღწერდნენ იეჰოვას დღეს. აბაკუმმა ცოცხლად დაგვიხატა, თუ როგორ გააცამტვერებს იეჰოვა „მარადიულ მთებს“ და გაანადგურებს „საუკუნო გორებს“, რომლებიც ზუსტად განასახიერებენ ერთი შეხედვით ურყევ მიწიერ ორგანიზაციებს (აბაკუმი 3:6—12). მართლაც, იეჰოვას დღე „რისხვის დღეა, გასაჭირისა და ტანჯვის დღე, ქარიშხლისა და გაპარტახების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ღრუბლისა და მწუხრის დღე“ (სოფონია 1:14—17).
7. რა უბედურებაა ნაწინასწარმეტყველები და როგორ შესრულდება ის?
7 წარმოიდგინეთ, რა საშინელ დღეში ჩაცვივდებიან ღვთის წინააღმდეგ მებრძოლები! „ხორცი შემოალპებათ ზეზეულად, თვალები ფოსოებში ჩაულპებათ და ენა პირში“ (ზაქარია 14:12). ვერ ვიტყვით, ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით შესრულდება თუ არა, მაგრამ ის ცხადია, რომ ბევრისთვის ეს უბედურების მომასწავებელი იქნება. თუ პირდაპირი მნიშვნელობით არა, ღვთის მტრებს ენები იმ გაგებით მაინც დაულპებათ, რომ მეტად ვეღარ ილაპარაკებენ ღვთის წინააღმდეგ. ღვთის ხალხის წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნებისმიერი ზრახვა მათივე თვალწინ ჩაიფუშება.
რატომ ანადგურებს სიყვარულის ღმერთი?
8, 9. ა) რა დაგვეხმარება იმის გაგებაში, რატომ ანადგურებს იეჰოვა ბოროტებს? ბ) თუ ყოველდღიურად ვავლენთ ერთგულებას, როგორ მოგვეპყრობა იეჰოვა ბოროტების განადგურებისას?
8 მრავალს აინტერესებს: „ნუთუ სიყვარულის ღმერთმა აუცილებლად ასეთი უბედურება უნდა დაატეხოს თავის მტრებს? ნუთუ სხვა გამოსავალი არ არსებობს? განა თვით იესო არ გვასწავლიდა, გვყვარებოდა მტრები და ამგვარად გვეჩვენებინა, რომ ზეციერი მამის შვილები ვართ?“ (მათე 5:44, 45) ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, კაცობრიობის პრობლემების საწყისს უნდა დავუბრუნდეთ. ღმერთმა პირველი წყვილი თავის ანარეკლად და მსგავსებად შექმნა. ისინი სრულყოფილები იყვნენ, მაგრამ მათ კაცობრიობას, ჩვენი ჩათვლით, ცოდვა და სიკვდილი მოუტანეს. საკამათო საკითხში — ვის აქვს სრული უფლება მართოს კაცობრიობა — მათ სატანა ეშმაკის მხარე დაიკავეს (დაბადება 1:26; 3:1—19). საუკუნეების განმავლობაში სატანა ცდილობს დაამტკიცოს, რომ თუ ადამიანი ცდუნების წინაშე დადგება, ის უარს იტყვის იეჰოვას მსახურებაზე. მაგრამ სატანა დამარცხდა. იესო ქრისტე და იეჰოვას მრავალი სხვა მსახური ღვთისადმი უმწიკვლონი დარჩნენ; მათ დაამტკიცეს, რომ სიყვარულით ემსახურებოდნენ ღმერთს (ებრაელები 12:1—3). უეჭველად, თქვენც იცნობთ ბევრს, ვინც ასე ერთგულად ემსახურება ღმერთს.
9 ეს საკამათო საკითხი, რომელიც მაშინ გადაწყდება, როცა იეჰოვა გაანადგურებს ბოროტებას, თქვენც გეხებათ. ამ თორმეტი წიგნის კითხვისას შეამჩნევთ, რომ ზოგიერთი წინასწარმეტყველი ყურადღებას ამახვილებს ფუფუნების მოყვარული ხალხის ცხოვრების წესზე. ისინი არაფრად აგდებდნენ იეჰოვას თაყვანისმცემლობას. წინასწარმეტყველები ღვთის ხალხს ურჩევდნენ: „გულით დაუკვირდით თქვენს გზებს“ (ანგია 1:2—5; 2:15, 18; ამოსი 3:14, 15; 5:4—6). ისინი უხსნიდნენ ხალხს, როგორ უნდა ეცხოვრათ. ვინც ყურად იღო რჩევა, იეჰოვა აირჩია უზენაეს მმართველად და დაამტკიცა სატანის სიცრუე. იეჰოვა უერთგულებს ასეთ ხალხს, როცა თავის მტრებს გაანადგურებს (2 სამუელი 22:26).
10. მიქას დროს არსებულმა მდგომარეობამ, რა დამატებითი მიზეზი მისცა იეჰოვას მოქმედებისთვის?
10 ღმერთს სხვა მიზეზიც აქვს ბოროტების მოსასპობად. გაიხსენეთ, რა ხდებოდა ძვ. წ. VIII საუკუნეში, როცა მიქა წინასწარმეტყველებდა იუდაში. ის თავის ერს გულისხმობდა, როცა პირველ პირში საუბრობდა და თავის თავს აიგივებდა ვენახთან, რომელშიც რთვლის შემდეგ ყურძნის ერთი მტევანიც კი აღარ დარჩენილა, და ბაღთან, რომელშიც ხილის კრეფის შემდეგ ერთ ლეღვსაც კი ვერ იპოვიდი. სწორედ ასეთი მდგომარეობა იყო იუდაში, სადაც მართალ კაცს ძნელად თუ შეხვდებოდი. ისრაელები თავიანთ მოძმეებს სისხლის დასაღვრელად უსაფრდებოდნენ. მათი წინამძღოლები და მოსამართლეები მხოლოდ საკუთარ გამორჩენაზე ფიქრობდნენ (მიქა 7:1—4). რა გრძნობები დაგეუფლებოდათ, ასეთ გარემოში რომ გეცხოვრათ? ალბათ შეგეცოდებოდათ უდანაშაულოდ დაჩაგრული ხალხი. და თუ ჩვენ ამას ვიგრძნობდით, იეჰოვა რაღას იგრძნობდა! დღეს იეჰოვა აკვირდება კაცობრიობას. და რას ხედავს?! მჩაგვრელები დაუნდობლად იყენებენ სხვებს თავიანთი მიზნებისთვის და მოყვასზე ძალადობენ. დღესაც დედამიწაზე მცხოვრებთაგან ცოტა თუ არის ერთგული, მაგრამ ამან გული არ უნდა გაგვიტეხოს. სიყვარულით აღძრული იეჰოვა უთუოდ გაუჩენს სამართალს უდანაშაულო ხალხს (ეზეკიელი 9:4—7).
11. ა) რას ნიშნავს იეჰოვას დღე მის მოშიშთათვის? ბ) როგორ იმოქმედა იონას გაფრთხილებამ ნინეველებზე?
11 იეჰოვას დღე მისი მტრებისთვის განადგურებას ნიშნავს, ხოლო მისი მოშიშებისთვის და მსახურებისთვის — გადარჩენასb. მიქამ იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვას სახლის მთისკენ დაიწყებდნენ ხალხები დენას, რაც მსოფლიოს მშვიდობასა და ერთიანობას მოუტანდა (მიქა 4:1—4). თუ ცვლიდა რამეს ხალხის ცხოვრებაში იეჰოვას დღეზე იმდროინდელ წინასწარმეტყველთა ქადაგება? ზოგ შემთხვევაში — კი. მაგალითად, როცა იონამ განაჩენი გამოუცხადა ნინევეს, ქალაქის მოძალადე, ბოროტმა მცხოვრებლებმა „ირწმუნეს ღმერთი“ და „მიატოვეს თავიანთი ბოროტი გზა“. მაშინ იეჰოვამ თავი შეიკავა განაჩენის შესრულებისგან (იონა 3:5, 10). იეჰოვას კარს მომდგარი სასამართლო დღის შესახებ გაფრთხილებას გულგრილი არ დაუტოვებია ნინეველები!
როგორ მოქმედებს ეს დღე თქვენზე?
12, 13. ა) ვის საუბედუროდ წინასწარმეტყველებდნენ ეს წინასწარმეტყველები? ბ) საიდან ვიცით, რომ მათი სიტყვები მომავალშიც უნდა შესრულებულიყო?
12 „ეს წინასწარმეტყველები ხომ საუკუნეების წინათ ცხოვრობდნენ. მე როგორ მეხება მათი წინასწარმეტყველება იეჰოვას დღის შესახებ“, — შეიძლება შეგვედავოს ვინმე. მართალია ეს წინასწარმეტყველები თვით იესოს დაბადებამდე ასობით წლით ადრე ცხოვრობდნენ, მაგრამ ღირს დავფიქრდეთ, XXI საუკუნეში რამდენად აქტუალურია იეჰოვას დღეზე ნათქვამი მათი სიტყვები. რას ვსწავლობთ მათი სიტყვებიდან იეჰოვას დიდი დღის შესახებ? როგორ დავრწმუნდეთ, რომ მათი ცნობა დროული და სასარგებლოა ჩვენთვის? ჩვენ ვიცით, რომ წინასწარმეტყველები იეჰოვას დღის შესახებ აფრთხილებდნენ ისრაელს, იუდას, მეზობელ ხალხებსა და იმდროინდელ რამდენიმე მსოფლიო მპყრობელსc. ისიც ვიცით, რომ ეს წინასწარმეტყველებები შესრულდა. ასურელები სამარიაში შეიჭრნენ, იუდა ძვ. წ. 607 წელს განადგურდა, ცოტა ხანში კი მათი მოძულე მეზობელი ხალხებიც აღიგავნენ მიწის პირიდან. საბოლოოდ, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ასურეთისა და ბაბილონის მსოფლიო მპყრობელებიც დაეცნენ.
13 ახლა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე გადავინაცვლოთ. ამ დროისთვის მრავალი წინასწარმეტყველება უკვე დიდი ხნის შესრულებული იყო. იმ დღეს მოციქულმა პეტრემ იოელის წინასწარმეტყველება ღვთის წმინდა სულის გადმოსვლას დაუკავშირა; ის იოელის წიგნიდან ციტირებდა: „მზე დაბნელდება და მთვარე სისხლად იქცევა იეჰოვას დიდი და დიდებული დღის მოსვლამდე“ (საქმეები 2:20). ეს ცხადყოფს, რომ წინასწარმეტყველებები იეჰოვას დღის შესახებ კიდევ უნდა შესრულებულიყო. რაც შეეხება იოელის წინასწარმეტყველებას, ის მეორედ ახ. წ. 70 წელს შესრულდა, როცა რომაელთა ჯარმა იერუსალიმი გაანადგურა. ეს ნამდვილად სიბნელისა და სისხლის დღე იყო.
14, 15. ა) როგორ გვეხება წინასწარმეტყველებები იეჰოვას დღის შესახებ? ბ) როდის მოვა იეჰოვას დღე?
14 იეჰოვას დღის შესახებ იოელისა და სხვა წინასწარმეტყველთა სიტყვები კიდევ ერთხელ და საბოლოოდ უნდა შესრულდეს ჩვენს, XXI საუკუნეში. როგორ? პეტრეს სიტყვების თანახმად ქრისტიანებს, ყოველთვის უნდა ხსომებოდათ იეჰოვას დღე. შემდეგ დასძინა: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:12, 13). არც ახალი ცა (ახალი თეოკრატიული მმართველობა) და არც ახალი დედამიწა (ამ მმართველობის ქვეშევრდომი მართალი ადამიანების საზოგადოება) არ დამყარებულა ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ. ასე რომ, იეჰოვას დღის შესახებ წარმოთქმული სიტყვები ჯერ კიდევ უნდა შესრულდეს. ეს წინასწარმეტყველებები ნამდვილად გვეხება ჩვენ, „ძნელად ასატან დროში“ მცხოვრებ ხალხს (2 ტიმოთე 3:1).
15 ამ თორმეტ წიგნში აღწერილი იეჰოვას დღე გვახსენებს იესო ქრისტეს სიტყვებს: „მაშინ იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“. მან თქვა, რომ ამ დიდი გასაჭირის დაწყებისთანავე „მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გაანათებს, ციდან ვარსკვლავები ჩამოცვივა და ციური ძალები შეირყევა“ (მათე 24:21, 29). ეს სიტყვები განგვასაზღვრინებს, როდის მოვა იეჰოვას დღე. ეს დღე არც ისე შორსაა. წმინდა წერილების თანახმად, დიდი გასაჭირის დროს განადგურდება „დიდი ბაბილონი“ — ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი. ამის შემდეგ, დიდი გასაჭირის დამაგვირგვინებელი იეჰოვას დღე მიწის პირიდან აღგვის ღვთის მტრებს (გამოცხადება 17:5, 12—18; 19:11—21).
16. მთლიანობაში როგორ შესრულდება წინასწარმეტყველებები იეჰოვას დღის შესახებ?
16 იეჰოვას მოწმეებმა იციან, მთლიანობაში როგორ სრულდება წინასწარმეტყველებები იეჰოვას დღის შესახებ. განდგომილი იერუსალიმი, მოღალატე სამარია, მტრულად განწყობილი ედომი, მოძალადე ასურეთი და ბაბილონი ნათელს ჰფენს ცრუ რელიგიის მოქმედების თავისებურებებს. ასეთი რელიგიები დიდი გასაჭირის დაწყებისთანავე განადგურდებიან. ამას მოჰყვება „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღე“, როცა დიდი ბაბილონის საყვარლები, პოლიტიკური და კომერციული სისტემები, მისივე ბედს გაიზიარებენ (იოელი 2:31).
მზად იყავით
17, 18. ა) რატომ უწინასწარმეტყველებდა ამოსი უბედურებას მათ, ვისაც ეწადა იეჰოვას დღის მოსვლა? ბ) რა დაემართებათ მათ, ვინც მზად არ იქნება იეჰოვას დღისთვის?
17 რადგან განაჩენი ძირითადად ცრუ რელიგიას ეხება, ზოგი ქრისტიანი შესაძლოა ფიქრობს, რომ ამ წინასწარმეტყველებების შესრულება თვითონ არ შეეხება. საყურადღებოა ის, რაც ამოსმა ისრაელებს უთხრა: „ვაი მათ, ვისაც იეჰოვას დღის მოსვლა სწადია!“ ამოსის დროს ზოგი ფიქრობდა, რომ იეჰოვას დღე მათ მხოლოდ კურთხევებს მოუტანდა, რომ ამ დღეს ღმერთი იხსნიდა თავის ხალხს. მათ ეწადათ ამ დღის მოსვლა. როგორც ამოსი ამბობს, თავდაჯერებულთათვის იეჰოვას დღე „ბნელი იქნებოდა და არა ნათელი“. ეს ისრაელები მხოლოდ იეჰოვას რისხვას დაიტეხდნენ! (ამოსი 5:18)
18 ამოსი აღწერდა, რა დაემართებოდა მათ, ვისაც ეწადათ იეჰოვას დღის მოსვლა. წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც გაექცევა ლომს და გადაეყრება დათვს; დათვისგან გაქცეული კი თავს სახლს აფარებს. აქოშინებული კარს კეტავს, კედელს ეყრდნობა და ამ დროს გველი კბენს მას. ასეთი მომავალი ელით მათ, ვინც იეჰოვას დღისთვის მზად არ იქნება (ამოსი 5:19).
19. როგორ უნდა მოვემზადოთ იეჰოვას დღისთვის?
19 თქვენთვისაც აქვს თუ არა მნიშვნელობა ამოსის სიტყვებს? გაიხსენეთ, ამოსი იმ ხალხს მიმართავდა, რომელიც უკვე იყო ღვთისთვის მიძღვნილი. მიუხედავად ამისა, მათ საქმეები და აზროვნება უნდა შეეცვალათ. ამიტომ ღირს თქვენც შეამოწმოთ საკუთარი თავი, რამდენად მზად ხართ ამ მნიშვნელოვანი დღისთვის და რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. როგორ შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ ნამდვილად მზად ხართ? ცხადია არა ისე, როგორც ზოგიერთები, რომლებიც დიდი კატასტროფის მოლოდინში თავშესაფარს იწყობენ, საკვებს იმარაგებენ, წყლის გაწმენდას სწავლობენ და ოქროს მონეტებს იგროვებენ. სოფონიამ თქვა: „ვერც ვერცხლი იხსნის მათ იეჰოვას მრისხანების დღეს და ვერც ოქრო“. ასე რომ, ქონების მოგროვება მზადყოფნას არ ნიშნავს (სოფონია 1:18; იგავები 11:4; ეზეკიელი 7:19). ამის ნაცვლად, სულიერად უნდა ვიფხიზლოთ და ყოველდღიური ცხოვრებით ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ. ჩვენ სწორი აზროვნება უნდა გვქონდეს და შესაბამისი საქმეები უნდა ვაკეთოთ. მიქა წერდა: „მე კი კვლავაც იეჰოვასკენ მექნება მიპყრობილი მზერა. მოთმინებით დაველოდები ჩემი ხსნის ღმერთს“ (მიქა 7:7).
20. რა არ გვიშლის ხელს მოთმინებით მოლოდინში?
20 თუკი მოთმინებით ელოდებით, აჩვენებთ, რომ მზად ხართ და თქვენი მზერა იეჰოვას დღისკენ არის მიპყრობილი; არ გაწუხებთ ის, რომ არ იცით იმ დღის მოსვლის ზუსტი დრო და არც ის, რომ ამდენ ხანს გიწევთ ლოდინი. ყველაფერი, რაც ამ დღეზეა ნაწინასწარმეტყველები, ზუსტად იეჰოვას მიერ დადგენილ დროს შესრულდება, არ დაყოვნდება. იეჰოვამ აბაკუმს უთხრა: „ეს ხილვა დანიშნული დროისთვისაა, შესრულებისკენ იჩქარის და არ გამტყუნდება; რომც დაყოვნდეს [ადამიანის თვალსაზრისით], დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება, არ დააგვიანდება [იეჰოვას თვალსაზრისით]“ (აბაკუმი 2:3).
21. რაში დაგეხმარებათ ამ წიგნის სხვადასხვა ნაწილის განხილვა?
21 ამ წიგნიდან გაიგებთ, მოთმინებით როგორ დაელოდოთ ღვთისგან ხსნას. რას შეგმატებთ ამ წიგნის კითხვა? აქ ძირითადად განიხილება თორმეტი ეგრეთ წოდებული მცირე წინასწარმეტყველი, რომლებიც თქვენთვის შესაძლოა ნაკლებად იყოს ცნობილი. ეს წიგნი ბევრ საინტერესო საკითხზე დაგაფიქრებთ. მაგალითად, მეორე ნაწილში განხილული იქნება, თუ როგორ ეძებოთ იეჰოვა და იცოცხლოთ (ამოსი 5:4, 6). თორმეტი წინასწარმეტყველური წიგნის დახმარებით უკეთ გაიცნობთ იეჰოვას, უკეთ დაინახავთ, რას ნიშნავს ემსახუროთ მას და როგორ გაამრავალფეროვნოთ თქვენი მსახურება. მესამე ნაწილი უკეთ დაგანახვებთ იეჰოვას თვალსაზრისს, თუ როგორ უნდა მოეპყროთ ოჯახის წევრებსა და სხვებს. ეს მოგამზადებთ იეჰოვას დიდი დღისთვის. ბოლოს, მეოთხე ნაწილში ნახავთ წინასწარმეტყველთა რჩევებს, თუ როგორ უნდა აზროვნებდეთ იეჰოვას დღის მოახლოებისას, და როგორ უნდა გამოიყენოთ ეს რჩევები ქრისტიანულ მსახურებაში. აღგაფრთოვანებთ იმის გაგება, რაც ამ წინასწარმეტყველურ ცნობაში წერია თქვენს მომავალზე.
22. როგორ უნდა გამოეხმაუროთ თორმეტ წინასწარმეტყველურ წიგნში მოცემულ რჩევებს?
22 გაიხსენეთ სოფონიას გამომაფხიზლებელი სიტყვები, რომლებიც ამ თავის დასაწყისშია ციტირებული (სოფონია 1:14). მისმა ცნობამ დიდად იმოქმედა ახალგაზრდა მეფე იოშიას ცხოვრებაზე. იოშია მხოლოდ თექვსმეტი წლის იყო, როცა იეჰოვას ძიება დაიწყო. ოცი წლის იოშია კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ გასალაშქრებლად აღძრა სოფონიას სიტყვებმა, რითაც მან იუდასა და იერუსალიმის მკვიდრებს მიმართა (2 მატიანე 34:1—8; სოფონია 1:3—6). იოშიას მსგავსად, თქვენზეც მოახდინა გავლენა იეჰოვას დღის შესახებ მოსმენილმა გაფრთხილებამ? მოდი ვნახოთ, როგორ გვეხმარება ეს თორმეტი წინასწარმეტყველი თითოეულ ჩვენგანს.
a ამ თორმეტი წინასწარმეტყველის პირველი ჯგუფის თანამედროვე, ესაია, და მეორე ჯგუფის თანამედროვე, ეზეკიელი, ასევე აფრთხილებდნენ ხალხს იეჰოვას დღის შესახებ (ესაია 13:6, 9; ეზეკიელი 7:19; 13:5; იხილეთ თავი 2, აბზაცები 4—6).
b ამავე აზრს ადასტურებს შემდეგი მუხლები: ოსია 6:1; იოელი 2:32; აბდია 17; ნაუმი 1:15; აბაკუმი 3:18, 19; სოფონია 2:2, 3; ანგია 2:7; ზაქარია 12:8, 9; მალაქია 4:2.
c ზოგიერთი ამ თორმეტთაგანი რამდენიმე ერის საუბედუროდ წინასწარმეტყველებდა.