ჩვენ იეჰოვას ვეკუთვნით!
„ბედნიერია ერი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა, და ხალხი, რომელიც მან თავის მემკვიდრეობად ამოირჩია“ (ფსალმ. 33:12).
1. რატომ ეკუთვნის ყველაფერი იეჰოვას? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
ყოველივე იეჰოვას ეკუთვნის! მისია „ზეცა, ზეცათა ზეცა, დედამიწა და ყველაფერი, რაც მასშია“ (კან. 10:14; გამოცხ. 4:11). ვინაიდან ჩვენც იეჰოვას შექმნილები ვართ, ყველანი მას ვეკუთვნით (ფსალმ. 100:3). თუმცა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ღმერთი ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფებს ირჩევდა თავის გამორჩეულ საკუთრებად.
2. ბიბლიის თანახმად, ვის ეწოდება იეჰოვას „გამორჩეული საკუთრება“?
2 მაგალითად, 135-ე ფსალმუნი ძველ ისრაელში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებს იეჰოვას „გამორჩეულ საკუთრებად“ მოიხსენიებს (ფსალმ. 135:4). გარდა ამისა, ოსიას წიგნში ნაწინასწარმეტყველებია, რომ არაისრაელთაგან ზოგი იეჰოვას ხალხს შეუერთდებოდა (ოს. 2:23). ოსიას წინასწარმეტყველება მაშინ შესრულდა, როცა იეჰოვამ არაიუდეველებსაც მისცა ქრისტეს თანამმართველებად მსახურების შესაძლებლობა (საქ. 10:45; რომ. 9:23—26). ეს „წმინდა ერი“ განსაკუთრებით არის იეჰოვას „გამორჩეული საკუთრება“. ისინი, ვინც ამ ერს მიეკუთვნებიან, წმინდა სულით ცხებულები და ზეციერი ცხოვრებისთვის არჩეულები არიან (1 პეტ. 2:9, 10). რის თქმა შეიძლება იმ ერთგულ ქრისტიანთა დიდ ნაწილზე, რომელთაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ? იეჰოვა მათაც უწოდებს თავის ხალხს და თავის რჩეულებს (ეს. 65:22).
3. ა) ვის აქვს იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობა? ბ) რაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?
3 დღეს ზეციერი იმედის მქონე „მცირე სამწყსო“ და მიწიერი იმედის მქონე „სხვა ცხვარი“ ქმნიან „ერთ სამწყსოს“, რომელსაც იეჰოვა ძალიან აფასებს და თავის ხალხად მიიჩნევს (ლუკ. 12:32; იოან. 10:16). ცხადია, ჩვენ გვსურს, ღრმა მადლიერება გამოვხატოთ იეჰოვას მიმართ, რომელიც მასთან ასე ახლო და განსაკუთრებული ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია ამ განსაკუთრებული პატივისთვის იეჰოვასადმი მადლიერების გამოვლენა.
ჩვენს ცხოვრებას იეჰოვას ვუძღვნით
4. როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ იეჰოვას მიმართ, რომელიც მასთან ახლო ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს, და როგორ გააკეთა ეს იესომ?
4 იეჰოვასადმი მადლიერებას მაშინ ვავლენთ, როცა მთელი გულით ვუძღვნით მას თავს. წყალში ნათლობით სახალხოდ ცხადვყოფთ, რომ იეჰოვას ვეკუთვნით და მზად ვართ, მას ვემსახუროთ (ებრ. 12:9). თავისი ნათლობით იესომ სწორედ ეს ცხადყო. ფაქტობრივად, მან იეჰოვას უთხრა: „შენი ნების შესრულება . . . [მსურს] ჩემო ღმერთო“ (ფსალმ. 40:7, 8). მიუხედავად იმისა, რომ ღვთისთვის მიძღვნილ ერში იყო დაბადებული, იესომ თავი წარუდგინა იეჰოვას მისი ნების შესასრულებლად.
5, 6. ა) როგორ გამოეხმაურა იეჰოვა იესოს ნათლობას? ბ) რატომ აფასებს იეჰოვა ჩვენს მიძღვნას მიუხედავად იმისა, რომ ყველა და ყველაფერი ისედაც მას ეკუთვნის? მოიყვანეთ მაგალითი.
5 როგორ გამოეხმაურა იეჰოვა იესოს ნათლობას? ბიბლიაში ნათქვამია: «როგორც კი მოინათლა, იესო წყლიდან ამოვიდა, და, აი, გაიხსნა ცა და იოანემ დაინახა, რომ იესოზე მტრედის სახით ეშვებოდა ღვთის სული. ციდან ხმაც გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“» (მათ. 3:16, 17). მართალია, იესო უკვე ეკუთვნოდა თავის ზეციერ მამას, მაგრამ იეჰოვა გაახარა იმის დანახვამ, რომ მისი ძე მზად იყო, მხოლოდ მისი ნება შეესრულებინა. იეჰოვას ჩვენი მიძღვნაც უხარებს გულს და ის კურთხევებს არ დაიშურებს ჩვენთვის (ფსალმ. 149:4).
6 წარმოიდგინეთ, რომ პატარა გოგონას ყვავილი მიაქვს მამასთან, რომელიც მისივე ბაღში მოწყვიტა. განა ეს ყვავილი ისედაც მამას არ ეკუთვნოდა? როგორ შეიძლება აჩუქოს შვილმა მამას ისეთი რამ, რაც ისედაც მისია? ასეთი კითხვები მოსიყვარულე მამას არც კი გაუჩნდება. პირიქით, ის სიამოვნებით გამოართმევს თავის პატარა გოგონას საჩუქარს, რომელიც მან სიყვარულის ნიშნად აჩუქა. რა თქმა უნდა, მამისთვის ეს ერთი ყვავილი უფრო ძვირფასი იქნება, ვიდრე ყვავილების მთელი ბაღი. არანაკლებ ახარებს იეჰოვას, როცა საკუთარი ნებით მხოლოდ მას ვუძღვნით ჩვენს ცხოვრებას (გამ. 34:14).
7. მალაქიას სიტყვების თანახმად, რას გრძნობს იეჰოვა ერთგული მსახურების მიმართ?
7 წაიკითხეთ მალაქიას 3:16. თუ ჯერ არა ხართ მიძღვნილი და მონათლული, დაფიქრდით რამდენად მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯის გადადგმა. მთელი კაცობრიობის მსგავსად, არსებობის დღიდანვე თქვენც იეჰოვას ეკუთვნით. დაფიქრდით, როგორ გაახარებთ იეჰოვას, თუ აღიარებთ მის უზენაესობას, თავს მიუძღვნით მას და შეასრულებთ მის ნებას (იგავ. 23:15). თავის მხრივ, იეჰოვა ცნობს ერთგულ მსახურებს და მათ სახელებს „სამახსოვრო წიგნში“ წერს.
8, 9. რას მოითხოვს იეჰოვა მათგან, ვისი სახელიც მის „სამახსოვრო წიგნშია“ ჩაწერილი?
8 ჩვენი სახელი იეჰოვას „სამახსოვრო წიგნში“ რომ დარჩეს, ჩვენი მხრიდანაც მოქმედებაა საჭირო. მალაქია განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმას, რომ უნდა გვეშინოდეს იეჰოვასი და მის სახელზე ვფიქრობდეთ. თუ ჩვენს გულში იეჰოვას ადგილს სხვა ვინმე ან რამე დაიკავებს, შეიძლება იეჰოვამ თავისი სიმბოლური სიცოცხლის წიგნიდან ჩვენი სახელი ამოშალოს (გამ. 32:33; ფსალმ. 69:28).
9 ასე რომ, იეჰოვასადმი მიძღვნაში იმაზე მეტი იგულისხმება, ვიდრე სახალხოდ მისი ნების შესრულების შესახებ პირობის დადება და წყალში ნათლობა. ამას მხოლოდ ერთხელ ვაკეთებთ და ეს საქმეები წარსულში რჩება. თუ გვსურს, მტკიცედ ვიდგეთ იეჰოვას მხარეს, როგორც მისი ხალხი, ყოველთვის, ახლაც და სიცოცხლის ბოლომდეც, მისი მორჩილები უნდა ვიყოთ (1 პეტ. 4:1, 2).
უარვყოფთ ქვეყნიურ სურვილებს
10. რა განსხვავება უნდა იყოს იეჰოვას მსახურებსა და სხვებს შორის?
10 წინა სტატიაში განვიხილეთ კაენის, სოლომონისა და ისრაელების შემთხვევები. ისინი იეჰოვას თაყვანისმცემლებად მიიჩნევდნენ თავს, მაგრამ მათ განსაკუთრებული ერთგულება ვერ დაუმტკიცეს იეჰოვას. ამ მაგალითებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ ისინი, ვინც ნამდვილად მიეკუთვნებიან იეჰოვას, მტკიცედ უნდა დადგნენ სიმართლის მხარეს და ზურგი აქციონ ბოროტებას (რომ. 12:9). მალაქიას მიერ „სამახსოვრო წიგნის“ მოხსენიების შემდეგ იეჰოვამ თქვა, რომ აშკარა განსხვავება იქნებოდა „მართალსა და ბოროტს შორის, ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“ (მალ. 3:18).
11. რატომ უნდა იყოს ყველასთვის შესამჩნევი, რომ განსაკუთრებულ ერთგულებას ვავლენთ იეჰოვას მიმართ?
11 ჩვენ მადლიერები ვართ, რომ იეჰოვამ თავის ხალხად აგვირჩია. მადლიერების გამოხატვის კიდევ ერთი საშუალება ისაა, რომ „ყველასთვის ცხადი“ გავხადოთ ჩვენი სულიერი ზრდა (1 ტიმ. 4:15; მათ. 5:16). ჰკითხეთ საკუთარ თავს: „სხვებისთვისაც შესამჩნევია, რომ განსაკუთრებულ ერთგულებას ვავლენ იეჰოვას მიმართ? ვეძებ შესაძლებლობებს იმის სათქმელად, რომ იეჰოვას მოწმე ვარ?“. იეჰოვას ძალიან დაამწუხრებს, თუ შეგვრცხვება სახალხოდ იმის აღიარება, რომ მას ვეკუთვნით, მაშინ როცა მან თავის ხალხად აგვირჩია (ფსალმ. 119:46; წაიკითხეთ მარკოზის 8:38).
12, 13. რატომ ჭირს ზოგიერთის შემთხვევაში იმის მიხვედრა, იეჰოვას მოწმეა თუ არა?
12 სამწუხაროა, რომ „ქვეყნიერების სულის“ გავლენით ზოგიერთის შემთხვევაში თითქმის აღარ არსებობს ზღვარი „ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“ (1 კორ. 2:12). ეს სული აღვივებს „ხორცის სურვილებს“ (ეფეს. 2:3). მაგალითად, ჩვენს პუბლიკაციებში ჩაწერილი არაერთი რჩევის მიუხედავად, ზოგიერთის ჩაცმულობა და გარეგნობა მაინც არ არის მოკრძალებული. ისინი ქრისტიანულ შეხვედრებზეც კი მოტმასნილ და გამჭვირვალე ტანსაცმელს იცვამენ. ზოგი ექსტრავაგანტულ ვარცხნილობას ირჩევს (1 ტიმ. 2:9, 10). ასე რომ, შეიძლება ძნელი იყოს მათი გარჩევა სხვებისგან და იმის განსაზღვრა, იეჰოვას მიეკუთვნებიან თუ ქვეყნიერების მეგობრები არიან (იაკ. 4:4).
13 ზოგიერთი იეჰოვას მოწმის საქციელი დიდად არ განსხვავდება იმ ადამიანების საქციელისგან, რომლებიც არ ემსახურებიან იეჰოვას. მაგალითად, წვეულებების დროს ზოგი ისე ცეკვავს ან ისე იქცევა, რომ ქრისტიანს არ შეშვენის. სოციალურ მედიაში განთავსებული მათი ფოტოები თუ კომენტარები მათ ხორციელ აზროვნებას ააშკარავებს. შეიძლება ისინი მძიმე ცოდვას არ სჩადიან და ისევ კრების წევრებად რჩებიან, მაგრამ ცუდ გავლენას ახდენენ თანატოლებზე, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, განსხვავდებოდნენ ქვეყნიერებისგან (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:11, 12).
14. რა უნდა გავაკეთოთ, რომ გავუფრთხილდეთ იეჰოვასთან განსაკუთრებულ ურთიერთობას?
14 ქვეყნიერებაში ყველანაირი პირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ დავიკმაყოფილოთ ხორცისა თუ თვალის სურვილი და ქონებით ვიტრაბახოთ (1 იოან. 2:16). ვინაიდან ჩვენ იეჰოვას ვეკუთვნით, ბიბლია გვირჩევს, „უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები, ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ“ (ტიტ. 2:12). ჩვენი საუბრები, ჭამა-სმის მანერა, ჩაცმულობა და გარეგნობა თუ სამუშაოს მიმართ ჩვენი დამოკიდებულება — ანუ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, აშკარად უნდა მეტყველებდეს, რომ იეჰოვას მიმართ განსაკუთრებულ ერთგულებას ვავლენთ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:31, 32).
ჩვენ გულითადად გვიყვარს ერთმანეთი
15. რატომ უნდა მოვეპყროთ თანაქრისტიანებს სიკეთითა და სიყვარულით?
15 თანაქრისტიანებისადმი ჩვენი დამოკიდებულებიდან ჩანს, რამდენად ვაფასებთ იეჰოვასთან განსაკუთრებულ ურთიერთობას. თუ გვემახსოვრება, რომ ისინიც იეჰოვას მიეკუთვნებიან, მათ ყოველთვის სიკეთითა და სიყვარულით მოვეპყრობით (1 თეს. 5:15). იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35).
16. მოსეს კანონში ჩაწერილი რომელი მითითებიდან შეგვიძლია დავინახოთ თავისი ხალხის მიმართ იეჰოვას გრძნობები?
16 მოსეს კანონში ჩაწერილი მითითება უკეთ დაგვანახვებს, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ თანაქრისტიანებს. მაგალითად, ჭურჭელი, რომელსაც ტაძარში იყენებდნენ, მიძღვნილი იყო იეჰოვასთვის, ანუ მხოლოდ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის იყო განკუთვნილი. მოსეს კანონში დაწვრილებით იყო აღწერილი, თუ როგორ უნდა მოპყრობოდნენ ამ ჭურჭელს. აგრეთვე ნათქვამი იყო, რომ ის, ვინც დაარღვევდა ამ კანონს, სიკვდილით უნდა დასჯილიყო (რიცხ. 1:50, 51). თუ იეჰოვა ასე უფრთხილდებოდა უსიცოცხლო ნივთებს, რომელთაც მისი თაყვანისმცემლობისთვის იყენებდნენ, რამდენად გაუფრთხილდება მიძღვნილ, ერთგულ მსახურებს, რომლებიც თავის ხალხად აირჩია! იეჰოვამ მათ უთხრა: „თქვენი შემხები ჩემი თვალის გუგის შემხებია“ (ზაქ. 2:8).
17. რა არ რჩება იეჰოვას მხედველობიდან?
17 წინასწარმეტყველი მალაქია ამბობს, რომ იეჰოვა აკვირდება, თუ როგორ ეპყრობა მისი ხალხი ერთმანეთს, და უსმენს მათ (მალ. 3:16). ცხადია, „იეჰოვა იცნობს თავისას“ (2 ტიმ. 2:19). მას ჩვენი არცერთი სიტყვა და საქმე არ რჩება მხედველობიდან (ებრ. 4:13). იეჰოვა ამჩნევს, როცა თანაქრისტიანს ცუდად ვეპყრობით, თუმცა ის იმასაც კარგად ამჩნევს, როცა ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეობას, გულუხვობას, მიმტევებლობასა და სიკეთეს ვავლენთ (ებრ. 13:16; 1 პეტ. 4:8, 9).
„იეჰოვა არ მიატოვებს თავის ხალხს“
18. როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ იეჰოვას ხალხს შორის ყოფნის პატივისთვის?
18 ცხადია, ყველას გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ იეჰოვას მიმართ, რომელმაც თავის ხალხს შორის ყოფნის პატივი გვარგუნა. ჩვენ გვესმის, რომ ბრძნულად მოვიქეცით, როცა საკუთარი სურვილით იეჰოვას თავი მივუძღვენით. სანამ „ამ უსინდისო და უკუღმართ თაობაში“ გვიწევს ცხოვრება, გვინდა ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ იეჰოვას „უმწიკვლო და უწყინარი შვილები“ ვართ და ვანათებთ „როგორც მნათობები ქვეყნიერებაში“ (ფილ. 2:15). ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ზურგი ვაქციოთ იეჰოვასთვის საძულველ საქმეებს (იაკ. 4:7). ამასთან ერთად სიყვარულსა და პატივისცემას ვავლენთ თანაქრისტიანების მიმართ, რადგან ისინიც იეჰოვას მიეკუთვნებიან (რომ. 12:10).
19. როგორ აჯილდოებს ღმერთი მათ, ვინც მას ეკუთვნის?
19 ბიბლია გვპირდება: „იეჰოვა არ მიატოვებს თავის ხალხს“ (ფსალმ. 94:14). ეს იმის უტყუარი გარანტიაა, რომ რა უბედურებაც არ უნდა დაგვატყდეს თავს, იეჰოვა ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება. სიკვდილიც კი ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს (რომ. 8:38, 39). „თუ ვცოცხლობთ, იეჰოვასთვის ვცოცხლობთ და თუ ვკვდებით, იეჰოვასთვის ვკვდებით. ამიტომ ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, იეჰოვას ვეკუთვნით“ (რომ. 14:8). ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა იეჰოვა სიცოცხლეს დაუბრუნებს თავის ერთგულ მეგობრებს (მათ. 22:32). თუმცა დღესვე შეგვიძლია გავიხაროთ ბევრი კურთხევით. როგორც ბიბლია ამბობს, „ბედნიერია ერი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა, და ხალხი, რომელიც მან თავის მემკვიდრეობად ამოირჩია“ (ფსალმ. 33:12).