რას ვსწავლობთ იესოსგან?
აღსასრულის შესახებ
რისი აღსასრული?
ერთხელ მოწაფეებმა ჰკითხეს იესოს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3). პასუხად იესოს არ უთქვამს, რომ პირდაპირი გაგებით დედამიწა განადგურდებოდა. უფრო ადრე იესომ მათთან საუბარში მოიხსენია ქვეყნიერება, რაშიც იგულისხმა მთელი პოლიტიკური, კომერციული და რელიგიური სისტემა, რომელსაც სატანა მართავს (მათე 13:22, 40, 49). ის სწორედ ამ ქვეყნიერებას გულისხმობდა, როცა თქვა: „მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).
როგორ აღწერა იესომ აღსასრული?
ამ უსამართლო სისტემის აღსასრულს იესომ „სასიხარულო ცნობა“ უწოდა. მან თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“. ქვეყნიერების აღსასრული იესომ ასე აღწერა: „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა“ (მათე 24:14, 21, 22).
ვინ განადგურდება?
ის, ვისაც არ უყვარს იეჰოვა და იესო ქრისტე და არ ემსახურება მათ. ისინი არ ემორჩილებიან ღმერთს. იესომ თქვა: „როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება. როგორც წარღვნის წინა პერიოდში . . . არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათე 24:36—39). იესომ აღნიშნა, რომ სიკვდილის გზაზე მრავალი დადის, მაგრამ გვანუგეშა იმით, რომ არის „ვიწრო გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს“ (მათე 7:13, 14).
როდის მოვა აღსასრული?
კითხვაზე, რა იქნებოდა მისი მოსვლისა და „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი“, იესომ მოციქულებს მიუგო: „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები . . . უკანონობის გამრავლების გამო მრავალს სიყვარული გაუნელდება“ (მათე 24:3—12). აქედან გამომდინარე, დღევანდელი შემაშფოთებელი მოვლენები კარგის მომასწავებელია, რადგან მალე ღვთის სამეფო მშვიდობას მოუტანს მორჩილ ადამიანებს. იესომ თქვა: „როცა დაინახავთ, რომ ყველაფერი ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სამეფო“ (ლუკა 21:31).
როგორ უნდა მოიქცეთ?
იესომ ისიც თქვა, რომ ღმერთმა „თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). ვერც ღმერთს ვიწამებთ და ვერც მის ძეს, თუ კარგად არ გავიცნობთ მათ. ამ აზრს ეთანხმება იესოს სიტყვებიც: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
ყოველდღიურ პრობლემებსა და საზრუნავს ნუ გაიხდით დაბრკოლებად და კვლავაც ისწავლეთ, როგორ გამოხატოთ თქვენი სიყვარული ღვთისადმი. იესომ თქვა: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ . . . ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე, რადგან ის დედამიწის ყველა მცხოვრებს დაატყდება“. თუ ყურად იღებთ იესოს სიტყვებს, მაშინ ‘თავს დააღწევთ მოსახდენს’ (ლუკა 21:34—36).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 9, «ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?»a
[სქოლიო]
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.