თავი 47
საიდან ვიცით, რომ არმაგედონი ახლოსაა?
ალბათ იცი, რა არის ნიშანი? ~ როგორც 46-ე თავიდან გავიგეთ, ღმერთმა ხალხს ნიშანი მისცა, რომ ქვეყნიერებას წარღვნით აღარასოდეს გაანადგურებდა. მოციქულებმაც მოსთხოვეს იესოს ნიშანი, რითაც მიხვდებოდნენ, როდის მოვიდოდა იესო და როდის განადგურდებოდა ეს ქვეყნიერება (მათე 24:3).
იესო უხილავად გამეფდებოდა ზეცაში. ამიტომ, ხალხს ნიშანი ესაჭიროებოდა, რომ მიმხვდარიყვნენ, როდის მოხდებოდა ეს. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომელი მოვლენებისთვის უნდა მიექციათ განსაკუთრებული ყურადღება. ეს მოვლენები მიუნიშნებდა, რომ იესო უკვე მოსული და გამეფებული იყო ზეცაში.
იმის დასანახვებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიფხიზლის შენარჩუნება, იესომ მოწაფეებს უთხრა: „შეხედეთ ლეღვსა და ყველა სხვა ხეს. როცა ხედავთ, რომ იფოთლებიან, იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული“. შენ ხომ იცი, როგორ უნდა მიხვდე, რომ ზაფხული მოდის? ამის მსგავსად, როდესაც დაინახავ, რომ იესოს ნათქვამი სრულდება, ესე იგი ახლოსაა არმაგედონი (ლუკა 21:29, 30).
ამ და მომდევნო გვერდზე მოცემულ სურათებზე ასახულია ის მოვლენები, რომლებითაც მივხვდებით, რომ ღვთის სამეფო ახლოსაა (ლუკა 21:31). ამ ყველაფრის შემდეგ ღვთის სამეფო, რომლის მეფეც ქრისტეა, ყველა სხვა სამეფოს გაანადგურებს, როგორც ეს 46-ე თავიდანაც გავიგეთ.
ასე რომ, ყურადღებით დააკვირდი წინა ორ გვერდზე მოცემულ სურათებს. ახლა მათზე ვისაუბრებთ. მათეს 24:6—14-სა და ლუკას 21:9—11-ში აღწერილია ის მოვლენები, რომლებიც ამ სურათებზეა ასახული. აგრეთვე ყურადღება მიაქციე, რომ თითოეული სურათი დანომრილია. აბზაცებიც, რომლებიც ამ სურათებს აღწერს, შესაბამისადაა დანომრილი. მოდი ვნახოთ, სრულდება თუ არა დღეს იესოს სიტყვები ბოლო დღეების შესახებ.
1) იესომ თქვა: „მოისმენთ ომების ხმებს და ცნობებს ომების შესახებ ... ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“. გსმენია ომების შესახებ? ~ პირველი მსოფლიო ომი 1914—1918 წლებში მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომი კი — 1939-დან 1945 წლამდე. მანამდე მსოფლიო ომები არ ყოფილა! დღეს ომები მთელ მსოფლიოში ხდება. ტელევიზიითა თუ რადიოთი, აგრეთვე გაზეთებიდან თითქმის ყოველდღე ვიგებთ ომების შესახებ.
2) იესომ აგრეთვე თქვა: „იქნება საკვების უკმარისობა ... ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“. ალბათ იცი, რომ ყველას არა აქვს საკმარისი საჭმელი. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კვდება შიმშილით.
3) იესომ დაამატა: ‘იქნება ეპიდემიები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას’. იცი, რა არის ეპიდემია? ~ ეს არის ავადმყოფობა ანუ დაავადება, რომელიც მრავალ ადამიანს კლავს. ერთმა ასეთმა მძიმე დაავადებამ, რომელსაც ესპანური გრიპი ეწოდება, დაახლოებით ერთ წელიწადში თითქმის 20 მილიონი ადამიანი შეიწირა. ჩვენს დღეებში, ალბათ, ამაზე მეტი ადამიანი შიდს-ით კვდება. ასევე კიბოს, ინფარქტისა და სხვა დაავადებების შედეგად ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება.
4) იესომ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდა „მიწისძვრები ... ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“. იცი, რა არის მიწისძვრა? ~ მიწისძვრის დროს მიწა ირყევა. ხანდახან სახლები ინგრევა და ადამიანები იღუპებიან. 1914 წლიდან ყოველწლიურად ბევრი მიწისძვრა ხდება. გსმენია მიწისძვრების შესახებ? ~
5) იესომ თქვა, რომ ‘უფრო და უფრო გამრავლდებოდა ბოროტება’. სწორედ ამიტომაა დღეს ქურდობა და ძალადობა ასე გავრცელებული. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ხალხს იმის შიში აქვს, რომ სახლს გაუტეხენ და გაქურდავენ. მთელ მსოფლიოში არასდროს ყოფილა ძალადობა და დამნაშავეობა ისე გავრცელებული, როგორც დღეს.
6) იესომ ნიშანთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). თუ აფასებ „ამ სასიხარულო ცნობას“, მის შესახებ სხვებსაც უნდა ესაუბრო. ამით შენ ხელს შეუწყობ ამ წინასწარმეტყველების შესრულებას.
ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ის, რაც იესომ იწინასწარმეტყველა, ყოველთვის ხდებოდა. მაგრამ ყველაფერი ერთად, ერთსა და იმავე დროს, მთელ მსოფლიოში არასდროს მომხდარა. ხვდები ახლა, რას ნიშნავს ნიშანი? ~ როცა ამ ყველაფერს დავინახავთ, ეს ბოროტი ქვეყნიერება მალე ღვთის ახალი ქვეყნიერებით შეიცვლება.
ამ ნიშნის მოცემისას იესომ წლის განსაკუთრებული დროც მოიხსენია. მან თქვა: „ილოცეთ, რომ ზამთარში ... არ მოგიწიოთ გაქცევა“ (მათე 24:20). შენი აზრით, რას გულისხმობდა იესო? ~
რა შეიძლება მოხდეს, თუ ადამიანს რაიმე უბედურებისგან თავის დაღწევა ზამთარში მოუწევს, როცა ცივა და მგზავრობაც სახიფათოა? ~ ცივ ზამთარში გაქცევა ძალიან რთულია. შეიძლება გაქცევაც კი ვერ მოახერხო. განა სამწუხარო არ იქნება, რომ ვინმე ქარბუქში დაიღუპოს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეცალა, უფრო ადრე გაქცეულიყო? ~
გესმის, რას გულისხმობდა იესო, როდესაც ამბობდა, ზამთარში არ მოგიწიოთ გაქცევაო? ~ რადგან ვიცით, რომ არმაგედონი ახლოსაა, არ უნდა დავაყოვნოთ ღვთისთვის მსახურება. ამით დავამტკიცებთ, რომ გვიყვარს ღმერთი. თუ დავაყოვნებთ, შეიძლება ძალიან გვიანი იყოს და იმ ხალხს დავემსგავსოთ, რომლებიც ნოეს უსმენდნენ, მაგრამ კიდობანში არ შევიდნენ.
შემდეგ თავში იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა მოხდება დიდი ომის — არმაგედონის შემდეგ. გავიგებთ, რას უმზადებს ღმერთი იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ის და ემსახურებიან მას.
შემდეგი ბიბლიური მუხლებიც გვიჩვენებს, რომ არმაგედონი ახლოსაა: 2 ტიმოთეს 3:1—5 და 2 პეტრეს 3:3, 4.