როცა გულუხვად გასცემ
მეფისთვის საჩუქრის მირთმევის საშუალება რომ მოგცემოდა, რას მიართმევდი? როგორ მოიქცეოდი, თუ ის მსოფლიოს უმდიდრესი და უბრძნესი მმართველი იქნებოდა? როგორ გგონიათ, რა საჩუქარი ესიამოვნებოდა მას? სამი ათასი წლის წინათ საბას დედოფალი ამ საკითხებზე ფიქრობდა, როდესაც ზუსტად ასეთ მმართველთან —ისრაელის მეფე სოლომონთან, გასამგზავრებლად ემზადებოდა.
ბიბლია მოგვითხრობს, რომ მის საჩუქარში 120 ქანქარი ოქრო, „დიდძალი ნელსაცხებელი და ძვირფასი თვლები“ შედიოდა. დღევანდელი ფასებით, ჯერ მარტო ოქროს ღირებულება თითქმის 40 000 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. ნელსაცხებელი, სურნელოვანი და სამედიცინო ზეთი, თავისი ფასით ოქროს უტოლდებოდა. თუმცა, ბიბლია არ იტყობინება, რა რაოდენობის ზეთი მიუტანა სოლომონს დედოფალმა, მაგრამ ის გვეუბნება, რომ მისი საჩუქარი შეუდარებელი იყო (მესამე მეფეთა 10:10).
როგორც ჩანს, საბას დედოფალი მდიდარი და გულუხვი ქალი იყო. უფრო მეტიც, თავისი ხელგაშლილობა უკანვე დაუბრუნდა. „მისცა მეფე სოლომონმა, — ამბობს ბიბლია, — საბას დედოფალს ყველაფერი მისთვის სასურველი, რაც კი მან ითხოვა, იმაზე მეტი, რაც თვითონ მოართვა მეფეს“ (მეორე ნეშტთა 9:12). მართალია, საჩუქრების გაცვლა მეფეების ჩვეულება იყო, მაგრამ ბიბლია განსაკუთრებით აღნიშნავს სოლომონის „ხელგაშლილობას“ (მესამე მეფეთა 10:13, აქ). თავად სოლომონი წერდა: „ქველმოქმედი კაცი მოკეთდება; ვინც სხვას არწყულებს, თავად დარწყულდება“ (იგავნი 11:25).
რასაკვირველია, სოლომონის სანახავად საბას დედოფალმა დრო და ძალისხმევა არ დაიშურა. როგორც ჩანს, საბა ამჟამინდელი იემენის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სამეფო იყო; ასე რომ, დედოფალსა და მისი აქლემების ქარავანს იერუსალიმამდე დაახლოებით 1 600 კილომეტრის გავლა მოუწიათ. როგორც იესომ თქვა, „იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა“. რამ აღძრა საბას დედოფალი, გადაელახა ასეთი სირთულეები? პირველ რიგში ის „სოლომონის სიბრძნის მოსასმენად“ მოვიდა (ლუკა 11:31).
მესამე მეფეთა 10:1, 2 ამბობს, რომ საბას დედოფალი „მოვიდა, რომ გამოცანებით გამოეცადა [სოლომონი]. . . . ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა“. როგორ უპასუხა მას სოლომონმა? „ყველა კითხვაზე გასცა პასუხი სოლომონმა; არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა იგი“ (მესამე მეფეთა 10:3).
მოსმენილითა და ნანახით გაოცებულმა დედოფალმა მოკრძალებით თქვა: „ბედნიერები არიან ეს შენი მორჩილნი, მუდამ შენს წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს“ (მესამე მეფეთა 10:4—8). სოლომონის მსახურებს მან ბედნიერები იმის გამო კი არ უწოდა, რომ ასეთ სიმდიდრეში ცხოვრობდნენ — თუმცა ეს ასეც იყო — არამედ იმის გამო, რომ მათ ყოველთვის შეეძლოთ სოლომონისგან ღვთის მიერ ბოძებული სიბრძნის მოსმენა. რა შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს დღეს საბას დედოფალი იეჰოვას ხალხისთვის, რომლებიც თვით შემოქმედისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, სიბრძნეს ისმენენ!
ასევე ღირსშესანიშნავია ის, რაც დედოფალმა მოგვიანებით უთხრა სოლომონს: „კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი“ (მესამე მეფეთა 10:9). როგორც ჩანს, სოლომონის სიბრძნესა და კეთილდღეობაში მან იეჰოვას ხელი დაინახა, და ეს შეესაბამებოდა იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემულ ადრინდელ დაპირებას. ‘ჩემი წესების დაცვა’, თქვა მან, „არის თქვენი სიბრძნე და გონიერება იმ ხალხების წინაშე, რომლებიც ყურს მოჰკრავენ ამ წესებს და იტყვიან: აჰა, ბრძენი და გონიერი ხალხია ეს დიდი ერი“ (მეორე რჯული 4:5—7).
სიბრძნის გამცემთან მიახლოება
დღეს ასევე მილიონები მოდიან იეჰოვას ორგანიზაციაში, რადგანაც ესმით, რომ „ღვთის ისრაელი“ „ბრძენი და გონიერი ხალხია“ — არა თავის თავად, არამედ იმით, რომ ღვთის სრულყოფილი კანონები და პრინციპები ხელმძღვანელობს მათ (გალატელთა 6:16). ახალი მოწაფეები, რომელთა რიცხვი ბოლო წლებში ყოველწლიურად ასობით ათასს აღწევს, ფაქტობრივად ეუბნებიან სულიერ ისრაელს: „თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). რამდენად გაოცებული არიან ისინი იეჰოვას მიერ თავისი მსახურების წინაშე გაშლილი სულიერი ნადიმის ხილვით! თავიანთ ადრინდელ რელიგიებში მათ არასოდეს უხილავთ მსგავსი რამ (ესაია 25:6).
გაცემა დიდებული გამცემისთვის
მადლიერი ადამიანები, რომლებიც აფასებენ ღმერთისგან ესოდენ მრავალ კურთხევას, ბუნებრივია, ინტერესდებიან იმით, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ყველაზე დიდებული მეფისა და გამცემისთვის, იეჰოვა ღმერთისთვის. ბიბლია აცხადებს, რომ საუკეთესო ძღვენი, რომლის გაცემაც ხელგვეწიფება „ქების მსხვერპლია“ (ებრაელთა 13:15). რატომ? იმიტომ, რომ ამ მსხვერპლზეა დამოკიდებული სიცოცხლის გადარჩენა, რაც ამ დასასრულის ჟამს იეჰოვას უდიდეს მიზანსა და საფიქრალს წარმოადგენს (ეზეკიელი 18:23). გარდა ამისა, ავადმყოფების, დეპრესირებულებისა და სხვათა დასახმარებლად ძალისა და დროის გაცემა მისაღებ მსხვერპლს წარმოადგენს (1 თესალონიკელთა 5:14; ებრაელთა 13:16; იაკობი 1:27).
ფულადი შესაწირავიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ისინი შესაძლებელს ხდის ბიბლიებისა და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის გამოცემას და იმ ადგილების შესყიდვას, სადაც ქრისტიანები შეიკრიბებოდნენ (ებრაელთა 10:24, 25). ამასთანავე, შესაწირავები ომებისა და სტიქიური უბედურებების მსხვერპლთა დახმარების ფონდებში ირიცხება.
გაცემასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობის გაწევის მიზნით ღვთის სიტყვა რამდენიმე შესანიშნავ პრინციპს გვთავაზობს. მაგალითად, ის გვასწავლის, რომ ქრისტიანები გასცემენ არა რაღაც განსაზღვრულ თანხას, არამედ რამდენის გაცემაც შეუძლიათ ნებაყოფლობითა და სიხარულით (2 კორინთელთა 9:7). ზოგს ბევრის, სხვებს კი, იესოს დროს მცხოვრები ღარიბი ქვრივის მსგავსად — მხოლოდ მცირედის (ლუკა 21:2—4). განა საოცარი არ არის ის, რომ იეჰოვა — მთელი სამყაროს მფლობელი — აფასებს გულიდან გამომდინარე თითოეულ ძღვენსა და მსხვერპლს, რომელსაც მისი სახელისთვის ვიღებთ? (ებრაელთა 6:10).
იეჰოვას ხალხი რომ სიხარულით გასცემდეს, მათ ამცნობენ სხვადასხვა საჭიროებისა და იმ ეფექტური გზების შესახებ, რომლითაც ეს საჭიროებები შეიძლება დაკმაყოფილებულ იქნეს. თავის მხრივ, იეჰოვას სულიწმიდით აღძრული მოწადინებული ადამიანები ეხმაურებიან ამ ცნობებს. ასეთი რამ ძველ ისრაელში კარვისა და შემდეგ, ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა (გამოსვლა 25:2; 35:5, 21, 29; 36:5—7; 39:32; პირველი ნეშტთა 29:1—19). ახ. წ. პირველ საუკუნეში მსგავსი სახით გაცემამ შესაძლებელი გახადა ის, რომ ქრისტიანებს სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის სხვა ერებისთვის გადასაცემად და ისრაელში შიმშილობის დროს ძმების მხარდასაჭერად საჭირო სახსრები ჰქონოდათ (1 კორინთელთა 16:2—4; 2 კორინთელთა 8:4, 15; კოლასელთა 1:23).
მსგავსადვე, დღესაც იეჰოვა აკურთხებს თავის ხალხს და მომავალშიც აკურთხებს იმით, რომ მისცემს ყოველივეს, რათა დაასრულონ უდიდესი სამქადაგებლო და დამსწავლებლური კამპანია, რომელიც მსოფლიოს ოდესმე უხილავს (მათე 24:14; 28:19, 20).
რა საჭიროებები არსებობს დღეს?
უკანასკნელ წლებში მრავალ ქვეყანაში, სადაც იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა შეზღუდული იყო, კანონიერი აღიარება იქნა მოპოვებული. შედეგად, მრავალ ქვეყანაში არნახულად იმატა მაუწყებელთა რიცხვმა. გასაკვირი არ არის, რომ ბიბლიასა და ბიბლიურ ლიტერატურაზეც მოთხოვნილება დიდად გაიზარდა.
იგივე შეიძლება ითქვას სამეფო დარბაზებზე. ამჟამად, მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 9 000 ახალი სამეფო დარბაზია საჭირო. თუ ყოველდღიურად ერთი სამეფო დარბაზი აშენდება, არსებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად 24 წელზე მეტია საჭირო! ამ დროს კი, ყოველდღიურად დაახლოებით შვიდი ახალი კრება ყალიბდება, რომელთაგანაც მრავალი მსოფლიოს იმ მხარეშია, სადაც რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. თუმცა, ამ ადგილებში ბევრგან არ საჭიროებენ ძვირად შეფასებულ შენობებს. ზოგან სამეფო დარბაზი, რომელიც გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გარეშეებისთვის კარგ დამოწმებას წარმოადგენს, შეიძლება სულ 6 000 ამერიკულ დოლარად აშენდეს.
პირველ საუკუნეში ზოგიერთი ქრისტიანი სხვებზე უფრო შეძლებული იყო, ამიტომაც მოციქულმა პავლემ დაწერა: „ამჟამად თქვენი ნამეტი შეავსებს მათს ნაკლულობას, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულობა, რომ იყოს თანასწორობა“ (2 კორინთელთა 8:14). დღეს მსგავსი „თანასწორობა“ უზრუნველყოფს სახსრებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი ხდება ბიბლიებისა და ბიბლიური ლიტერატურის გამოცემა, სამეფო დარბაზების მშენებლობა, სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებულთა დახმარება და უამრავი სხვა რამ მსოფლიოს მრავალ კუთხეში. რამდენად დიდი კურთხევაა ასეთი გაცემა ორივესთვის — როგორც გამცემისთვის, ასევე მიმღებისთვის! (საქმეები 20:35).
როგორც გამოჩნდა იმ წერილებიდან, რომლებსაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ გულუხვი ადამიანებისგან ღებულობს, წინამდებარე ჟურნალის მრავალ მკითხველს სურს დახმარების გაწევა, მაგრამ არაფერი იციან იმის შესახებ, თუ როგორ გაიღონ შესაწირავები. ჩარჩო, რომელიც მოცემულ სტატიას ახლავს, უდაოდ დაეხმარება მათ კითხვებზე პასუხის მიღებაში.
სოლომონის დიდებული მეფობის დროს „ამქვეყნად ყველა მეფე“, რომელიც მის შესახებ მოისმენდა, მიდიოდა მის მოსანახულებლად. მაგრამ ბიბლია მხოლოდ ერთი მმართველის სახელს მოიხსენიებს — საბას დედოფალს (მეორე ნეშტთა 9:23). რა დიდი შესაწირავი გაიღო მან! ის უხვადაც დაჯილდოვდა — იმდენად, რომ თავისი სტუმრობის დასასრულს ის „გაოგნებული დარჩა“ (მეორე ნეშტთა 9:4).
მომავალში იეჰოვა, უდიდესი მეფე და გულუხვი გამცემი, გაცილებით მეტს გააკეთებს, ვიდრე სოლომონს შეეძლო გაეკეთებინა მათთვის, ვინც იეჰოვასთვის სწირავდა. ისინი „გაოგნებულები“ იქნებიან, რადგან იეჰოვა არა მარტო დაიცავს მათ თავის შიშის მომგვრელ დღეს განაჩენის აღსრულებისას, არამედ შემდგომშიც ‘აღაპყრობს ხელს და დააკმაყოფილებს ყოველ სულდგმულს’ (ფსალმუნი 144:16).
[ჩარჩო 22 გვერდზე]
შეწირვის ზოგი საშუალება
შესაწირავები სამეფოს საქმისთვის
მრავალი გადადებს ხოლმე ანუ ბიუჯეტიდან გამოყოფს თანხას, რომელსაც დებს შესაწირავების ყუთში, წარწერით „შესაწირავები სამეფოს საქმისთვის (მათე 24:14)“. ამ თანხას კრებები ყოველთვიურად აგზავნიან საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალში.
ნებაყოფლობითი ფულადი შესაწირავები შეიძლება პირდაპირაც გაიგზავნოს საზოგადოების ფილიალში, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება. ამ შესაწირავებს თან უნდა ახლდეს მოკლე წერილი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ შესაწირავები ძღვენს წარმოადგენს.
გათვალისწინებული შესაწირავები
პირდაპირი ფულადი შესაწირავების გარდა სხვა მეთოდებიც არსებობს, მსოფლიო სამეფო საქმის მხარდასაჭერად. ამაში შედის:
უძრავი ქონება: გასაყიდად ვარგისი უძრავი ქონება შეიძლება შეწირულ იქნეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკისთვის“ პირდაპირ ან შემწირველის უფლების დაცვით — ისარგებლოს თავისი ქონებით სიცოცხლის ბოლომდე. შესაწირავის გამღები უნდა დაუკავშირდეს საზოგადოებას, სანამ გააფორმებს საზოგადოებისთვის უძრავი ქონების გადაცემის აქტს.
ანდერძი: ქონება ან ფულადი სახსრები შეიძლება ანდერძით გადაეცეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ კანონით დადგენილი წესების მიხედვით. საზოგადოებას უნდა გაეგზავნოს ანდერძის ასლი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოების ადგილობრივ ოფისს, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება.
[სურათები 23 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეების საქმიანობას მხარს უჭერს ნებაყოფლობითი შესაწირავები.