გულისყურით მოეკიდე სწავლებას
«გაუფრთხილდი თავს და სწავლებას [„გულისყურით მოეკიდე საკუთარ თავსა და სწავლებას“, აქ]. ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც» (1 ტიმოთე 4:16).
1, 2. რატომ არის დღეს დიდი მოთხოვნა გულმოდგინე მასწავლებლებზე?
„წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი. . . ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). იესო ქრისტეს ამ მითითების შესასრულებლად ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა ცდილობდეს მასწავლებელი გახდეს. დღეს დიდი მოთხოვნაა გულმოდგინე მასწავლებლებზე, რათა, სანამ ჯერ კიდევ ძალიან გვიან არ არის, სუფთა გულის ადამიანებს ღვთის შემეცნების მიღებაში დავეხმაროთ (რომაელთა 13:11). მოციქული პავლე მოგვიწოდებს: „იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ“ (2 ტიმოთე 4:2). ამისათვის საჭიროა სწავლება როგორც კრებაში, ისე მის — გარეთ. რა თქმა უნდა, მქადაგებლის მოვალეობის შესრულებაში უფრო მეტი შედის, ვიდრე მხოლოდ ღვთის ცნობის სხვებისთვის გადაცემა. დაინტერესებული მოწაფე რომ გახდეს, მას ეფექტურად უნდა ასწავლონ.
2 ჩვენ „საზარელ ჟამში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). ხალხის გონება გადატვირთულია ფილოსოფიითა და ცრუ სწავლებით. მრავალი ‘გონებადაბნელებული’ და ‘გარყვნილია’ (ეფესელთა 4:18, 19). ზოგს ემოციური ჭრილობები აწუხებს. დიახ, ხალხი ნამდვილად ‘უმწყემსო ცხვარივით დაუძლურებული და დაფანტულია’ (მათე 9:36). მიუხედავად ამისა, დახელოვნებული სწავლებით შეგვიძლია სუფთა გულის ადამიანებს საჭირო ცვლილებების მოხდენაში დავეხმაროთ.
მასწავლებლები კრებაში
3. ა) რა შედის სწავლებასთან დაკავშირებით იესოს მიერ მოცემულ დავალებაში? ბ) ძირითადად ვის ეკისრება კრებაში სწავლების პასუხისმგებლობა?
3 ბიბლიის საშინაო შესწავლის ღონისძიება მილიონებს ინდივიდუალური განსწავლის საშუალებას აძლევს. მაგრამ ახალ მონათლულებს დახმარება სჭირდებათ, რათა ჭეშმარიტებაში ‘ფესვები გაიდგან და დაფუძნდნენ’ (ეფესელთა 3:17). როდესაც ჩვენ ვასრულებთ იესოს დავალებას, რომელიც ჩაწერილია მათეს 28:19, 20-ში და ახლებს იეჰოვას ორგანიზაციასთან ვაკავშირებთ, მათ ამით საშუალებას ვაძლევთ თვითონ განისწავლონ კრებაში. ეფესელთა 4:11–13-ის თანახმად, კრებაში დანიშნული არიან მამაკაცები იმ მიზნით, რომ იმსახურონ ‘მწყემსებად და მოძღვრებად, რათა სრულყონ წმიდანი მსახურების საქმისათვის — ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად’. ზოგჯერ მათ სწავლებაში ‘მთელი სულგრძელობით მხილება, შერისხვა და შეგონებაც შედის (2 ტიმოთე 4:2). მასწავლებლობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კორინთელების მიმართ წერილში პავლე მას უშუალოდ მოციქულობისა და წინასწარმეტყველობის შემდეგ ასახელებს (1 კორინთელთა 12:28, აფ).
4. როგორ გვეხმარება სწავლების უნარი, მივყვეთ პავლეს რჩევას, რომელიც ებრაელების 10:24, 25-შია ჩაწერილი?
4 მართალია, ყველა ქრისტიანი არ მსახურობს უხუცესად ან ზედამხედველად, მაგრამ ყველაა მოწოდებული, „სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის“ წაახალისონ ერთმანეთი (ებრაელთა 10:24, 25). ამაში შედის კრების შეხვედრებზე კარგად მომზადებული კომენტარების მთელი გულით წარმოთქმა, რაც სხვების აღშენებასა და გამხნევებას მოემსახურება. სამეფოს გამოცდილმა მქადაგებლებმა შეიძლება ახლები თან წაიყვანონ საქადაგებლად და ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ; ესეც ‘კეთილი საქმეებისთვის წახალისებაა’. ასეთ შემთხვევებში ან თავისუფალი დროის ერთად გატარებისას შესაძლებელია მეტად საჭირო დარიგებების მიცემა. მაგალითად, მოწიფულ ქალებს პავლე მოუწოდებს, იყვნენ „სიკეთის მასწავლებელნი“ (ტიტე 2:3).
ისინი დარწმუნდნენ
5, 6. ა) რა განსხვავებაა ჭეშმარიტ ქრისტიანობასა და ცრუ თაყვანისმცემლობას შორის? ბ) როგორ ეხმარებიან უხუცესები თანაქრისტიანებს ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში?
5 ჭეშმარიტი ქრისტიანობა სრულიად განსხვავდება ცრუ რელიგიებისგან, რომელთაგანაც მრავალი მრევლის აზროვნების მართვას ცდილობს. დედამიწაზე იესოს ყოფნისას რელიგიური წინამძღოლები ადამიანების მიერ დადგენილი ტრადიციებით ხალხის ყოველდღიური ყოფის თითქმის ნებისმიერ სფეროში ცდილობდნენ ჩარევას (ლუკა 11:46). ძალიან ხშირად ასევე მოქმედებს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებაც.
6 მაგრამ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ‘წმიდა მსახურებაა’, რომელსაც ‘გააზრებულად’ ვასრულებთ (რომაელთა 12:1, აქ). იეჰოვას მსახურები ‘რწმუნდებიან’ სანამ ირწმუნებენ (2 ტიმოთე 3:14, აქ). ზოგჯერ კრების კარგად ფუნქციონირებისთვის ხელმძღვანელებს შეიძლება გარკვეული მითითებებისა და რჩევების მიცემა დასჭირდეთ. მაგრამ უხუცესები არ ცდილობენ თანაქრისტიანების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებას, არამედ ასწავლიან ‘კეთილისა და ბოროტის გარჩევას’ (ებრაელთა 5:14). უხუცესები ამას ძირითადად კრებაში ‘რწმენის სიტყვებითა და კეთილი სწავლით’ აკეთებენ (1 ტიმოთე 4:6).
გულისყურით მოეკიდეთ სწავლებას
7, 8. ა) როგორ მსახურობენ მასწავლებლებად უბრალო ადამიანები? ბ) რა ცხადყოფს, რომ ეფექტური მასწავლებლობისთვის პირადი ძალისხმევაცაა საჭირო?
7 ახლა კი კვლავ დავუბრუნდეთ სწავლებას, რომელიც ყველას გვაქვს დავალებული. საჭიროებს ის რამე განსაკუთრებულ დახელოვნებულობას, განათლებას ან უნარს? მაინცდამაინც არა. მთელ მსოფლიოში სამქადაგებლო საქმიანობას უმეტესწილად საშუალო განათლების, უბრალო ადამიანები ასრულებენ (1 კორინთელთა 1:26–29). პავლე ამბობს: „ეს განძი [მსახურება] ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში [არასრულყოფილ სხეულებში], რათა აღმატებული ძლიერება ღვთისა იყოს და არა ჩვენგან“ (2 კორინთელთა 4:7). ბრწყინვალე წარმატებები, რომლებიც მთელ მსოფლიოში სამეფოს შესახებ ქადაგებას მოჰყვა, იეჰოვას სულის ძლიერების მოწმობაა!
8 მაგრამ „შეურცხვენელი მუშაკი, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემი“ რომ გახდე, პირადი ძალისხმევაცაა საჭირო (2 ტიმოთე 2:15). პავლე ტიმოთეს მოუწოდებდა: «გაუფრთხილდი თავს და სწავლებას [„გულისყურით მოეკიდე საკუთარ თავსა და სწავლებას“, აქ]. ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც» (1 ტიმოთე 4:16). როგორ შეიძლება გულისყურით მოეკიდო სწავლებას კრებაში თუ მის გარეთ? აუცილებლად შედის ამაში სწავლების გარკვეული მეთოდების ათვისება?
9. რა არის ბუნებრივ მონაცემებზე მნიშვნელოვანი?
9 იესომ მთაზე ქადაგებისას სწავლების საუცხოო ხელოვნება გამოავლინა. ლაპარაკის დამთავრების შემდეგ „ხალხი გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით“ (მათე 7:28). რა თქმა უნდა, არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია ისე ასწავლოს, როგორც ამას იესო აკეთებდა. მაგრამ ეფექტური მასწავლებლობისთვის აუცილებელი არც არის შთამბეჭდავი მოსაუბრეები ვიყოთ. იობის 12:7-ის თანახმად, „პირუტყვსა“ და „ცის ფრინველსაც“ კი შეუძლიათ უსიტყვო სწავლება! მართალია ბუნებრივ მონაცემებს და უნარს მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ განსაკუთრებით ფასობს ის, თუ „როგორი“ პიროვნებები ვართ — რა თვისებები გვაქვს და რა ღვთისმოსაწონი ჩვევები განვივითარეთ — რასაც მოწაფეები მიბაძავდნენ (2 პეტრე 3:11; ლუკა 6:40).
ღვთის სიტყვის მკვლევარები
10. როგორც ღვთის სიტყვის მკვლევარმა, როგორი შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა იესომ?
10 ბიბლიური ჭეშმარიტების ეფექტური მასწავლებელი ღვთის სიტყვის მკვლევარი უნდა იყოს (რომაელთა 2:21). ქრისტემ ამასთან დაკავშირებით შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. მსახურებისას იესოს დასამოწმებლად მოჰყავდა ან ამბობდა აზრებს, რომლებიც ებრაული წერილების 20-მდე წიგნიდან იყო აღებულიa. ღვთის სიტყვის კარგი ცოდნა მან 12 წლის ასაკში ცხადყო, როდესაც ‘ტაძარში მოძღვართა შორის მჯდომი იპოვეს. ის უსმენდა და კითხვებს უსვამდა მათ’ (ლუკა 2:46). მოწიფულობის ასაკში კი ჩვევად ჰქონდა ქცეული სინაგოგაში სიარული, სადაც ღვთის სიტყვას კითხულობდნენ (ლუკა 4:16).
11. რა ჩვევები უნდა გამოიმუშაოს მასწავლებელმა სწავლასთან დაკავშირებით?
11 ხარ ღვთის სიტყვის გულმოდგინე მკითხველი? ბიბლიის ღრმა კვლევის საშუალებით ‘შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთის შემეცნებას’ (იგავნი 2:4, 5). ამიტომ გამოიმუშავე სწავლის ჩვევები. ეცადე ყოველდღიურად იკითხო ბიბლიის გარკვეული მონაკვეთი (ფსალმუნი 1:2). ჩვევად გაიხადე ჟურნალების „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ თითოეული ნომრის მიღებისთანავე წაკითხვა. ყურადღებით იყავი კრების შეხვედრებზე. ისწავლე გულმოდგინედ კვლევა. ‘გულდასმით გამოკვლევა’ საშუალებას მოგცემს, სწავლებისას თავიდან აიცილო დოგმატურობა და უზუსტობები (ლუკა 1:3).
სიყვარულითა და პატივისცემით მოექეცი მათ, ვისაც ასწავლი
12. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს მოწაფეებთან?
12 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სათანადო დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ასწავლი. ფარისევლებს სძულდათ იესოს მსმენელები. „ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია“, — ამბობდნენ ისინი (იოანე 7:49). მაგრამ იესოს თავისი მოწაფეებისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა. მან მოწაფეებს მიმართა: „მე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია“ (იოანე 15:15). ეს იმის მაჩვენებელია, თუ როგორ უნდა მოეკიდონ იესოს მოწაფეები მასწავლებლის საქმიანობას.
13. რა გრძნობები ჰქონდა პავლეს მათ მიმართ, ვისაც ასწავლიდა?
13 მაგალითად, პავლეს თავის მოწაფეებთან ცივი, ოფიციალური დამოკიდებულება არ ჰქონია. ის კორინთელებს სწერდა: „თუნდაც ათი ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით“ (1 კორინთელთა 4:15). ზოგჯერ პავლე ცრემლებსაც კი ღვრიდა, როდესაც მათ, ვისაც ასწავლიდა, დარიგებას აძლევდა (საქმეები 20:31). ამასთანავე საოცარ მოთმინებასა და გულკეთილობას ავლენდა. ამიტომ თესალონიკელებისთვის შეეძლო ეთქვა: „მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ შეფოფინებს“ (1 თესალონიკელთა 2:7).
14. რატომ არის მნიშვნელოვანი ბიბლიის შემსწავლელისადმი პირადი ინტერესის გამოვლენა? მოიყვანეთ მაგალითი.
14 ბაძავთ თუ არა იესოსა და პავლეს? შემსწავლელისადმი გამოვლენილი გულწრფელი სიყვარული ავსებს იმ ხარვეზებს, რომლებიც შეიძლება ჩვენი ბუნებრივი მონაცემების უკმარისობითაა გამოწვეული. გრძნობს თუ არა ადამიანი, რომელსაც ვასწავლით, რომ ნამდვილად ვავლენთ მის მიმართ ინტერესს? ვპოულობთ თუ არა დროს იმისათვის, რომ გავეცნოთ ამ ადამიანს? როდესაც ერთმა ქრისტიანმა ქალმა შენიშნა, რომ ბიბლიის შემსწავლელი სულიერად წინ ვერ მიიწევდა, გულთბილად ჰკითხა: „რამე ხომ არ გაწუხებთ?“ ქალმა გული გადაუშალა და მრავალი საწუხარისა და საზრუნავის შესახებ მოუყვა. სიყვარულით აღსავსე საუბარმა ამ ქალში დიდი ცვლილებები გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში, ნუგეშისცემისა და გამხნევების მიზნით, მართებულია საღვთო წერილიდან აზრებისა და სიტყვების მოყვანა (რომაელთა 15:4). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლიის შემსწავლელი შეიძლება სულიერად სწრაფად მიიწევდეს წინ, მაგრამ ჯერაც მოსაშორებელი ჰქონდეს ზოგი არაქრისტიანული ჩვევა. ამიტომ გონივრული არ იქნებოდა, მეტისმეტად ახლო ურთიერთობა გვქონოდა მასთან. ასეთ შემთხვევაში სათანადო ქრისტიანული ზღვარის დაცვა აუცილებელია (1 კორინთელთა 15:33).
15. როგორ შეგვიძლია ბიბლიის შემსწავლელებისადმი პატივისცემის გამოვლენა?
15 შემსწავლელის პატივისცემაში ისიც შედის, რომ არ ვეცადოთ მისი პირადი ცხოვრების მართვას (1 თესალონიკელთა 4:11). მაგალითად, შეიძლება ბიბლიას ვასწავლიდეთ ქალს, რომელიც ხელმოუწერლად ცხოვრობს მამაკაცთან. შეიძლება მათ შვილებიც ჰყავდეთ. ქალს ღვთის შესახებ ზუსტი შემეცნების მიღების შემდეგ იეჰოვას ნორმებთან შესაბამისად ცხოვრება სურს (ებრაელთა 13:4). უნდა დაქორწინდეს ეს ქალი იმ მამაკაცზე თუ დაშორდეს მას? ჩვენ გვესმის, რომ დაქორწინება მამაკაცზე, რომელიც უმნიშვნელო ინტერესს ავლენს ან საერთოდ არ არის დაინტერესებული სულიერი საკითხებით, ხელს შეუშლის ქალის მომავალ წინსვლას. მეორე მხრივ, გვადარდებს მათი შვილების კეთილდღეობა და ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნებოდა დაქორწინებულიყვნენ. ნებისმიერ შემთხვევაში პატივისცემისა და სიყვარულის გამოვლენა არ იქნებოდა შემსწავლელის ცხოვრებაში ჩარევა და ასეთ საკითხებში მისთვის პირადი შეხედულების თავს მოხვევა. ბოლოს და ბოლოს, მან უნდა იცხოვროს გადაწყვეტილების მიხედვით. განა უმჯობესი არ იქნებოდა დაინტერესებულისთვის გვესწავლებინა, როგორ ‘გაეწაფა გრძნობები’ და თავად გადაეწყვიტა თავისი პრობლემა? (ებრაელთა 5:14).
16. როგორ შეუძლიათ უხუცესებს ღვთის სამწყსოსადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა?
16 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კრების უხუცესები სამწყსოს წევრებს სიყვარულითა და პატივისცემით მოეპყრონ. პავლე ფილიმონს სწერდა: „რაკი ქრისტეში მაქვს დიდი სითამამე, რომ გიბრძანო, რაც ჯერ არს, სიყვარულით გთხოვ უფრო“ (ფილიმონი 8, 9). ზოგჯერ კრებაში შეიძლება არასასურველი სიტუაციები შეიქმნას. სიმტკიცე ასეთ შემთხვევებში შეიძლება აუცილებელიც კი იყოს. ამიტომ პავლე ტიტეს მოუწოდებდა: „ამხილე ისინი [შემცოდველები] მკაცრად, რათა. . . საღნი იყვნენ რწმენაში“ (ტიტე 1:13). მიუხედავად ამისა, ზედამხედველები ფრთხილად უნდა იყვნენ და კრებას უხეშად არასოდეს მიმართონ. „მონას ღვთისას კი არ მართებს ჩხუბი, — წერდა პავლე — არამედ წყნარი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარე“ (2 ტიმოთე 2:24; ფსალმუნი 140:3).
17. რა შეცდომა დაუშვა მოსემ და რას ასწავლის ეს უხუცესებს?
17 ზედამხედველებმა გამუდმებით უნდა შეახსენონ საკუთარ თავს, რომ ისინი „ღვთის სამწყსოს“ მწყემსავენ (1 პეტრე 5:2). მოსეს, მიუხედავად იმისა, რომ თავმდაბალი იყო, გარკვეულ მომენტში ეს მხედველობიდან გამორჩა. ისრაელებმა «სული გაუმწარეს და [მანაც] [„დაუფიქრებლად“, აქ] გამოთქვა თავისი ბაგეებით» (ფსალმუნი 105:33). ღმერთს ძალიან არ ესიამოვნა თავისი სამწყსოსადმი ცუდი მოპყრობა, მიუხედავად იმისა, რომ არც ისინი იყვნენ უდანაშაულოები (რიცხვნი 20:2–12). როდესაც დღეს უხუცესები მსგავს სირთულეებს აწყდებიან, უნდა შეეცადონ იყვნენ გამგებნი და გულთბილები სწავლებისა და დარიგებისას. ჩვენი ძმები ბევრად უკეთესად რეაგირებენ, როდესაც მათ გულთბილად ეპყრობიან და ისე ექცევიან, როგორც პიროვნებებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ და არა როგორც გამოუსწორებელ ადამიანებს. უხუცესებმა დადებითი თვალსაზრისი უნდა შეინარჩუნონ, ისეთი როგორიც პავლეს ჰქონდა: „ჩვენ. . . გვჯერა თქვენს გამო უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც შეასრულებთ, რასაც გამცნებთ“ (2 თესალონიკელთა 3:4).
მათი მოთხოვნილებების გათვალისწინება
18, 19. ა) როგორ უნდა ვრეაგირებდეთ ბიბლიის ისეთი შემსწავლელის მოთხოვნილებებზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს? ბ) როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ შემსწავლელს, რომელსაც გარკვეული საკითხები სირთულეებს უქმნის?
18 კარგი მასწავლებელი მზად არის, მოერგოს შემსწავლელების უნარსა და შესაძლებლობებს (შეადარე იოანე 16:12). ტალანტების შესახებ იესოს იგავში ბატონმა დავალება „თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით“ მისცა (მათე 25:15). მსგავსადვე შეგვიძლია მოვიქცეთ, როდესაც ვინმეს ბიბლიას ვასწავლით. ჩვეულებრივ, სასურველია, ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციის შესწავლა მოკლე პერიოდში დამთავრდეს. მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ, რომ ყველას არ შეუძლია კარგად კითხვა ან არა აქვს ახალი აზრის სწრაფად ათვისების უნარი. ამიტომ თუ შემსწავლელს უჭირს სწრაფი ტემპით სვლა, გონიერებაა საჭირო იმის განსასაზღვრავად, როდის გადავიდეთ ერთი საკითხიდან მეორეზე. უფრო მნიშვნელოვანია, სასწავლო მასალის გაგება, ვიდრე დადგენილი დროის განმავლობაში მისი გავლა (მათე 13:51).
19 იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიის შემსწავლელზეც, რომელსაც გარკვეულ სირთულეებს უქმნის ისეთი საკითხები, როგორიცაა სამება ან რელიგიური დღესასწაულები. ჩვეულებრივ, აუცილებელი არ არის შესწავლისას გამოვიყენოთ გამოკვლევის შედეგად ამოკრეფილი ბიბლიაზე დაფუძნებული მასალები, მაგრამ დროდადრო ამას ვაკეთებთ, როდესაც ვხედავთ, რომ ეს აშკარად საჭიროა. ამასთანავე გონიერებაა საჭირო, რომ ზედმეტად არ შევანელოთ შემსწავლელის წინსვლა.
იყავით ენთუზიაზმით აღსავსე!
20. სწავლების დროს ენთუზიაზმისა და დამაჯერებლობის გამოვლენის როგორი მაგალითი დაგვიტოვა პავლემ?
20 „სულით აღიგზენით“, — ამბობს პავლე (რომაელთა 12:11). დიახ, ბიბლიის შესწავლას ვატარებთ თუ კრების შეხვედრებში ვმონაწილეობთ, ეს მთელი გულმოდგინებითა და ენთუზიაზმით უნდა ვაკეთოთ. პავლემ თესალონიკელებს მისწერა: „ჩვენი სახარება თქვენდამი არ იყო მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით“ (1 თესალონიკელთა 1:5). პავლე და მისი თანამსახურები ამგვარად სხვებს გადასცემდნენ ‘არა მარტო ღვთის სახარებას, არამედ თავიანთ სულსაც’ (1 თესალონიკელთა 2:8).
21. როგორ შეგვიძლია სწავლებასთან დაკავშირებული დავალებებისადმი ენთუზიაზმით მიდგომის შენარჩუნება?
21 ნამდვილი ენთუზიაზმით მაშინ ვივსებით, როდესაც ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ბიბლიის შემსწავლელს სჭირდება იმის მოსმენა, რასაც ვეუბნებით. მოდით სწავლებასთან დაკავშირებულ არც ერთ დავალებას არ მივუდგეთ ფორმალურად. მწიგნობარი ეზრა გულისყურით ეკიდებოდა სწავლებას. მან „გულს იდვა. . . უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება, და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში“ (პირველი ეზრა 7:10). ჩვენც მსგავსად უნდა მოვიქცეთ, კარგად უნდა მოვემზადოთ და დავუფიქრდეთ მასალის მნიშვნელოვნებას. მოდი იეჰოვას ლოცვაში ვთხოვოთ, რწმენითა და დაჯერებულობით აღგვავსოს (ლუკა 17:5). ჩვენი ენთუზიაზმი ბიბლიის შემსწავლელს ჭეშმარიტებისადმი ნამდვილი სიყვარულის განვითარებაში დაეხმარება. რა თქმა უნდა, გულისყურით მოვეკიდოთ სწავლებას იმასაც ნიშნავს, რომ სწავლების პროცესში გარკვეული მეთოდები გამოვიყენოთ. მომდევნო სტატიაში ზოგ მათგანს განვიხილავთ.
[სქოლიო]
a იხილეთ ბიბლიური ცნობარი Insight on the Scriptures, ტომი 2, გვერდი 1071; (გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ“).
შეგიძლია გაიხსენო?
◻ რატომ არის დღეს დახელოვნებულ ქრისტიან მასწავლებლებზე მოთხოვნა?
◻ სწავლის რომელი კარგი ჩვევების გამომუშავება შეიძლება?
◻ რატომ არის მნიშვნელოვანი სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა მათ მიმართ, ვისაც ვასწავლით?
◻ როგორ შეგვიძლია გავითვალისწინოთ ბიბლიის შემსწავლელის მოთხოვნილებები?
◻ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი სწავლებისას ენთუზიაზმი და დაჯერებულობა?
[სურათი 10 გვერდზე]
კარგი მასწავლებლები თვითონ არიან ღვთის სიტყვის შემსწავლელები.
[სურათი 13 გვერდზე]
გამოავლინე ინტერესი ბიბლიის შემსწავლელისადმი.