ცოლ-ქმრებო, ხელი შეუწყვეთ თქვენი ოჯახის ბედნიერებას!
„თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფეს. 5:33).
1. ოჯახური ცხოვრების ბედნიერი დასაწყისის მიუხედავად, რას უნდა ელოდნენ დაქორწინებულები? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
ქორწილის დღეს ნეფე-პატარძალი ბედნიერი შესციცინებს ერთმანეთს. შეუძლებელია მათი ბედნიერება სიტყვებით გადმოიცეს. ტრფობის პერიოდში მათი სიყვარული იმდენად გაძლიერდა, რომ მზად არიან, ქორწინების აღთქმა დადონ და ერთგულება შეჰფიცონ ერთმანეთს. ცხადია, როცა ორი ადამიანი ცხოვრებას ერთმანეთს უკავშირებს და ახალ ოჯახს ქმნის, ორივესგან ცვლილებების მოხდენა მოითხოვება. თუმცა ღვთის სიტყვა ბრძნულ რჩევებს აძლევს ყველას, ვინც ქორწინდება, რადგან ქორწინების დამფუძნებელს სურს, ყველამ გაიხაროს ბედნიერი ცოლქმრობით (იგავ. 18:22). მიუხედავად ამისა, ბიბლია არ მალავს იმ ფაქტს, რომ არასრულყოფილების გამო წყვილებს „ხორციელი გასაჭირი ექნებათ“ (1 კორ. 7:28). როგორ შეუძლიათ წყვილებს ამ გასაჭირის შემსუბუქება? როგორ უნდა შეუწყოს ცოლ-ქმარმა ხელი საკუთარ ბედნიერებას?
2. რა და რა სახის სიყვარული უნდა გამოხატონ წყვილებმა?
2 ბიბლიაში დიდი ყურადღება ექცევა სიყვარულის აუცილებლობას. ქორწინებაში საჭიროა ნაზი და თბილი გრძნობების (ბერძნულად ფილია) გამოვლენა. რომანტიკული სიყვარული (ეროს) ცოლ-ქმარს სიამოვნებას ანიჭებს, ოჯახის წევრებს შორის არსებული თბილი გრძნობების (სტორგე) გამოხატვა კი მნიშვნელოვანია, როცა ოჯახში ბავშვები ჰყავთ. თუმცა ბედნიერი ქორწინების საწინდარი პრინციპებით მართული სიყვარულია (აგაპე). ამ სიყვარულის შესახებ მოციქული პავლე წერდა: „თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფეს. 5:33).
თითოეულის როლი
3. რამდენად ძლიერ უნდა უყვარდეს ცოლ-ქმარს ერთმანეთი?
3 პავლე წერდა: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“ (ეფეს. 5:25). იესოს რომ მიჰბაძონ, მის მიმდევრებს ისევე უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც იესომ შეიყვარა ისინი (წაიკითხეთ იოანეს 13:34, 35; 15:12, 13). ქრისტიან ცოლ-ქმარს შორის სიყვარული იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში თავიც კი გასწირონ ერთმანეთისთვის. თუმცა სერიოზული უთანხმოებების დროს ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის სურვილი გაუჩნდეთ. მაგრამ პრინციპებით მართული სიყვარული (აგაპე) „ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს“. ასეთი სიყვარული „არასოდეს მთავრდება“ (1 კორ. 13:7, 8). თუ ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს ეხსომება, რომ ერთმანეთს სიყვარული და ერთგულება აღუთქვეს, ეს დაეხმარება მათ, გაითვალისწინონ იეჰოვას აღმატებული პრინციპები და ერთად მოაგვარონ ნებისმიერი პრობლემა.
4, 5. ა) რა ევალება ქმარს, როგორც ოჯახისთავს? ბ) როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ცოლს მეთაურობის მიმართ? გ) რა ცვლილებების მოხდენა მოუწია ერთ წყვილს?
4 პავლე თითოეული მეუღლის ვალდებულების შესახებ წერდა: „ცოლები დაემორჩილონ ქმრებს, როგორც უფალს, რადგან ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა კრების თავი“ (ეფეს. 5:22, 23). თუმცა ეს არ აკნინებს ცოლის მდგომარეობას. პირიქით, ეს ეხმარება ქალებს, შეასრულონ ღვთისგან დაკისრებული როლი, რაზეც იეჰოვამ თქვა: „არ არის კარგი კაცის [ადამის] მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“ (დაბ. 2:18). მოსიყვარულე „კრების თავის“, ქრისტეს მსგავსად ქრისტიანმა ქმარმა სიყვარულით უნდა გასწიოს მეთაურობა. შედეგად, ცოლი თავს დაცულად იგრძნობს და სიამოვნებით დაემორჩილება, მხარში ამოუდგება და პატივისცემით მოეპყრობა მას.
5 დაქორწინებულებისგან რომ ცვლილებების მოხდენა მოითხოვება, ეს ერთი დის, კეიტის[1] სიტყვებიდანაც ჩანს: „გათხოვებამდე დამოუკიდებელი ვიყავი და საკუთარ თავზე თავად ვზრუნავდი, დაქორწინების შემდეგ კი ქმარზე მინდობა უნდა მესწავლა. ეს ყოველთვის ადვილი არ იყო, თუმცა იეჰოვას რჩევების გათვალისწინებამ ერთმანეთთან ძალიან დაგვაახლოვა“. მისი მეუღლე ფრედი ამბობს: „ჩემთვის გადაწყვეტილებების მიღება ადვილი არასდროს ყოფილა. ახლა ეს კიდევ უფრო რთული გახდა, რადგან ორი აზრის გათვალისწინება მიხდება. მაგრამ იეჰოვას ლოცვაში ხელმძღვანელობას ვთხოვ და გულისყურით ვუსმენ ჩემს მეუღლეს, ამიტომ დღითი დღე მიადვილდება გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ კარგად ვავსებთ ერთმანეთს!“.
6. როგორ ხდება სიყვარული ცოლ-ქმარს შორის „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირი“ პრობლემების დროს?
6 ცოლქმრული კავშირი მაშინ არის მტკიცე, როცა ორივე ითვალისწინებს ერთმანეთის სისუსტეებს. ისინი უთმენენ და მთელი გულით პატიობენ ერთმანეთს. შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის. ამიტომ მათ შეუძლიათ ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე, იყვნენ მიმტევებლები და „გამაერთიანებელ სრულყოფილ კავშირად“ სიყვარული აქციონ (კოლ. 3:13, 14). „სიყვარული სულგრძელი და კეთილია . . . განაწყენებას არ ითვლის“ (1 კორ. 13:4, 5). გაუგებრობები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს. ქრისტიანი წყვილი უნდა ეცადოს, ნებისმიერი უთანხმოება მზის ჩასვლამდე მოაგვაროს (ეფეს. 4:26, 27). მობოდიშება თავმდაბლობასა და გაბედულებას მოითხოვს, მაგრამ თუნდაც ისეთი სიტყვები, როგორიცაა, „მაპატიე, რომ გული გატკინე“, გააადვილებს პრობლემის მოგვარებას და წყვილს უფრო მეტად დააახლოებს ერთმანეთთან.
სითბოსა და სინაზის განსაკუთრებული მოთხოვნილება
7, 8. ა) რა რჩევებს აძლევს ბიბლია წყვილებს სქესობრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით? ბ) რატომ უნდა მოეპყროს ცოლ-ქმარი ერთმანეთს თბილად?
7 ბიბლიაში ჩაწერილია ბრძნული რჩევები, რომლებიც წყვილებს ეხმარება, ცოლქმრული მოვალეობის მიმართ გაწონასწორებული დამოკიდებულება ჰქონდეთ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:3—5). აუცილებელია, რომ მეუღლეებმა ერთმანეთის გრძნობები და მოთხოვნილებები გაითვალისწინონ. თუ ცოლი სითბოსა და სიყვარულს არ გრძნობს, ქმართან ინტიმური ურთიერთობა მისთვის შეიძლება არასასიამოვნო იყოს. ბიბლია ქმრებს მოუწოდებს, რომ ცოლებს „შეძენილი ცოდნის თანახმად“ მოექცნენ (1 პეტ. 3:7). სქესობრივი კავშირი ნაძალადევი არ უნდა იყოს, ის ბუნებრივად უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ქალებთან შედარებით მამაკაცები ჩვეულებრივ უფრო სწრაფად აღიგზნებიან, სქესობრივი კავშირისთვის ორივე მზად უნდა იყოს ემოციურად.
8 ბიბლია მკაცრ წესებსა და საზღვრებს არ ადგენს ინტიმური ურთიერთობის დროს ალერსთან დაკავშირებით, თუმცა მოიხსენიებს სიყვარულის გამოხატვის ფორმებს (ქებ. 1:2; 2:6). ქრისტიანი ცოლ-ქმარი სითბოსა და ნაზ გრძნობებს უნდა ავლენდეს ერთმანეთის მიმართ.
9. რატომ არის სხვის მიმართ რომანტიკული გრძნობების განვითარება მიუღებელი?
9 თუ მეუღლეებს ძალიან უყვართ ღმერთი და მოყვასი, ისინი არაფერს და არავის მისცემენ უფლებას, რომ მათ ცოლქმრულ კავშირს დაემუქროს. პორნოგრაფიით გატაცება ზოგ შემთხვევაში ცოლ-ქმარს შორის დაძაბული ურთიერთობის მიზეზი გახდა, ზოგ შემთხვევაში კი — ოჯახის დანგრევის მიზეზი. ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ არ გავებათ პორნოგრაფიის მახეში და არ განვივითაროთ რომანტიკული გრძნობები სხვის მიმართ. იმის შთაბეჭდილებაც კი არ უნდა შევქმნათ, რომ ვიღაცასთან ფლირტი გვაქვს, რადგან ასეთი საქციელი მეუღლის მიმართ სისასტიკე იქნებოდა. თუ გვეხსომება, რომ ღვთისთვის დაფარული არ არის ჩვენი ფიქრები და საქციელი, გაგვიძლიერდება სურვილი, ღვთის მოსაწონად მოვიქცეთ და ზნეობრივი სიწმინდე შევინარჩუნოთ (წაიკითხეთ მათეს 5:27, 28; ებრაელების 4:13).
როცა ურთიერთობა იძაბება
10, 11. ა) რამდენად ხშირია განქორწინება? ბ) რას ამბობს ბიბლია განცალკევებით ცხოვრებაზე? გ) რა დაეხმარება წყვილებს, ნაჩქარევად არ გადაწყვიტონ განცალკევებით ცხოვრება?
10 თუ ცოლ-ქმარს შორის სერიოზული პრობლემები მოუგვარებელი რჩება, შეიძლება მათ მიიჩნიონ, რომ გამოსავალი განცალკევებით ცხოვრება ან განქორწინებაა. ზოგ ქვეყანაში ქორწინებათა ნახევარზე მეტი განქორწინებით მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულ კრებაში განქორწინება ხშირი არ არის, ღვთის ხალხში ოჯახური პრობლემების მატება სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს.
11 ბიბლია გვირჩევს: „ცოლი არ გაშორდეს ქმარს, მაგრამ თუ გაშორდება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს. ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს“ (1 კორ. 7:10, 11). მეუღლეებმა განცალკევებით ცხოვრების გადაწყვეტილება ზერელედ არ უნდა მიიღონ. სერიოზული პრობლემების დროს განცალკევებით ცხოვრება შეიძლება საუკეთესო გამოსავლად მოეჩვენოთ, მაგრამ ხშირად ის უფრო მეტი პრობლემის მიზეზი ხდება. მას შემდეგ, რაც გაიმეორა ღვთის სიტყვები, რომ კაცი მიატოვებდა მამასა და დედას და ცოლს მიეკვრებოდა, იესომ თქვა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათ. 19:3—6; დაბ. 2:24). ეს ნიშნავს, რომ არც ქმარს აქვს მათი დაშორების უფლება, „ვინც ღმერთმა შეაუღლა“, და არც ცოლს. იეჰოვას თვალში ცოლქმრული კავშირი მთელი სიცოცხლე გრძელდება (1 კორ. 7:39). თუ ცოლ-ქმარს ეხსომება, რომ ღვთის წინაშე ყველა აგებს პასუხს, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ პრობლემები გართულებამდე მოაგვარონ.
12. რატომ შეიძლება მოინდომოს მეუღლეთაგან ერთ-ერთმა განცალკევებით ცხოვრება?
12 ზოგჯერ ოჯახური პრობლემის მიზეზი შეიძლება არარეალური მოლოდინი იყოს. როცა ბედნიერი ქორწინების შესახებ ოცნება აუხდენელი რჩება, ადამიანს შეიძლება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დარჩეს, თავი მოტყუებულად იგრძნოს და გული გაუქვავდეს. პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს განსხვავებული ტემპერამენტი და აღზრდა, ზოგჯერ კი — ფულთან, მშობლებთან და შვილების აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა დაქორწინებულ ქრისტიანთა უმეტესობა მიჰყვება ღვთის ხელმძღვანელობას და ორივე მხარისთვის მისაღებ გამოსავალს პოულობს. ისინი ქებას იმსახურებენ ამისთვის.
13. როდის არის გამართლებული განცალკევებით ცხოვრება?
13 უკიდურეს შემთხვევაში განცალკევებით ცხოვრება შეიძლება გამართლებული იყოს. ოჯახზე ზრუნვის მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობის, ფიზიკური ძალადობისა და სულიერობისთვის სერიოზული საფრთხის შემთხვევაში ზოგმა შეიძლება განცალკევებით ცხოვრება გადაწყვიტოს. ქრისტიანმა წყვილებმა, რომელთაც სერიოზული პრობლემები აქვთ, დახმარებისთვის უხუცესებს უნდა მიმართონ. ეს გამოცდილი ძმები დაეხმარებიან მათ, რომ მიჰყვნენ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ რჩევებს. ცოლქმრული პრობლემების გადაჭრისას საჭიროა, ლოცვაში ვთხოვოთ იეჰოვას წმინდა სული და დახმარება, რათა ბიბლიური პრინციპები გავითვალისწინოთ და წმინდა სულის ნაყოფი გამოვავლინოთ (გალ. 5:22, 23).[2]
14. რას ურჩევს ბიბლია ქრისტიანებს, რომელთა მეუღლეებიც ჯერ არ ემსახურებიან იეჰოვას?
14 ზოგი ქრისტიანის მეუღლე ჯერ არ ემსახურება იეჰოვას. ბიბლიაში მოყვანილია საფუძვლიანი მიზეზები, თუ რატომ უნდა დარჩნენ ერთად ასეთი წყვილები (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:12—14). მეუღლე, რომელიც იეჰოვას მსახური არ არის, მორწმუნე მეუღლის წყალობით განწმენდილად ითვლება მიუხედავად იმისა, აცნობიერებს თუ არა ამას. შვილები, რომლებიც მათ ეყოლებათ, „წმინდებად“ ჩაითვლებიან და ღვთის მფარველობის ქვეშ იქნებიან. პავლე მსჯელობს: „რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?“ (1 კორ. 7:16). იეჰოვას მოწმეთა თითქმის ყველა კრებაშია ისეთი და ან ძმა, რომელიც ამგვარად „იხსნა“ თავისმა მეუღლემ.
15, 16. ა) რას ურჩევს ბიბლია ქრისტიან ცოლებს, რომელთა მეუღლეებიც იეჰოვას მსახურები არ არიან? ბ) როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ ურწმუნო მეუღლეს „გაშორება სურს“?
15 მოციქული პეტრე ქრისტიან ცოლებს ურჩევს, დაემორჩილონ ქმრებს, „რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით“, როცა დაინახავენ, რომ ცოლები სუფთად იქცევიან და დიდ პატივისცემას ავლენენ ქმრების მიმართ. ცოლმა შეიძლება ქმარი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი „სიმშვიდითა და რბილი ხასიათით“ უფრო მიიზიდოს, ვიდრე ქრისტიანულ მრწამსზე გამუდმებული ლაპარაკით (1 პეტ. 3:1—4).
16 როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ მისი მეუღლე, რომელიც მის რწმენას არ იზიარებს, განცალკევებით ცხოვრებას მოინდომებს? ბიბლიაში წერია: „თუ ურწმუნოს გაშორება სურს, გაშორდეს, ასეთ შემთხვევაში ძმა ან და იძულებული არ არის, დარჩეს მასთან, რადგან ღმერთმა მშვიდობისკენ მოგიწოდათ“ (1 კორ. 7:15). ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანს ხელახლა დაქორწინების ბიბლიური საფუძველი აქვს. მეორე მხრივ, ის ვალდებული არ არის, მეუღლე აიძულოს, მასთან დარჩეს. განცალკევებამ შეიძლება გარკვეულწილად განმუხტოს სიტუაცია. ქრისტიანს შეუძლია იმედი დაიტოვოს, რომ მეუღლე, რომელსაც გაშორება სურს, დაბრუნდება, მოისურვებს მასთან ერთად ოჯახის შენარჩუნებას და საბოლოოდ იეჰოვას მსახური გახდება.
რა უნდა იყოს უმთავრესი დაქორწინებულთათვის
17. რა უნდა იდგას პირველ ადგილზე ქრისტიანი წყვილების ცხოვრებაში?
17 ჩვენ „ბოლო დღეების“ მიწურულს, „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1—5). მაგრამ ქვეყნიერების უარყოფითი გავლენა ნაკლებად იმოქმედებს ჩვენზე, თუ სულიერად ძლიერები დავრჩებით. პავლე მოციქული წერდა: „დრო ცოტაღა დარჩა. ამიტომ ცოლიანები იყვნენ, როგორც უცოლოები, . . ქვეყნიერებით მოსარგებლენი — როგორც მისით არასრულად მოსარგებლენი“ (1 კორ. 7:29—31). ამ სიტყვებით პავლე არ მოუწოდებდა მეუღლეებს, უარი ეთქვათ თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე. თუმცა იმის გამო, რომ დრო ცოტა იყო დარჩენილი, მათ პირველ ადგილზე სულიერი საკითხები უნდა დაეყენებინათ (მათ. 6:33).
18. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს გაიხარონ ბედნიერი ცოლქმრობით?
18 თუმცა ძალიან მძიმე დროში ვცხოვრობთ და გარშემო ბევრი ოჯახი ინგრევა, ქორწინებაში ბედნიერების მიღწევა შეუძლებელი არ არის. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაქორწინებულ ქრისტიანებს, რომლებიც იეჰოვას ხალხს შორის რჩებიან, ითვალისწინებენ ბიბლიურ რჩევებს და მიჰყვებიან იეჰოვას წმინდა სულის ხელმძღვანელობას, ვერავინ და ვერაფერი დააშორებს (მარ. 10:9).
^ [1] (აბზაცი 5) სახელები შეცვლილია.
^ [2] (აბზაცი 13) იხილეთ წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“, დანართი „ბიბლიის თვალსაზრისი განქორწინებასა და განცალკევებით ცხოვრებაზე“.