ქორწინების დასაბამი და მიზანი
«თქვა იეჰოვა ღმერთმა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს“» (დაბ. 2:18).
1, 2. ა) როგორ მიეცა დასაბამი ქორწინებას? ბ) რა დასკვნის გაკეთება შეეძლოთ პირველ მამაკაცსა და ქალს ქორწინებასთან დაკავშირებით? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
ქორწინება ადამიანთა ცხოვრებაში ჩვეულებრივი მოვლენაა. იმის ცოდნა, თუ როგორ და რა მიზნით ჩაეყარა საფუძველი ქორწინებას, დაგვეხმარება, სწორი წარმოდგენა გვქონდეს ამ კავშირზე და უფრო მეტად გავიხაროთ იმ კურთხევებით, რომლებიც ქორწინებას უნდა ახლდეს თან. პირველი ადამიანის, ადამის შექმნის შემდეგ ღმერთმა ცხოველები მიუყვანა მას, რათა სახელები დაერქმია მათთვის. მაგრამ „არ ჰყავდა კაცს დამხმარე, შემავსებელი“. ამიტომ ღმერთმა ღრმა ძილი მოჰგვარა მას, ნეკნი ამოუღო, მისგან ქალი შექმნა და მიუყვანა კაცს (წაიკითხეთ დაბადების 2:20—24). ამგვარად, ქორწინებას დასაბამი ღმერთმა მისცა.
2 იესომ გაიმეორა იეჰოვას სიტყვები: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“ (მათ. 19:4, 5). ის ფაქტი, რომ ღმერთმა პირველი ქალი ადამის ნეკნისგან შექმნა, ალბათ, დაანახვებდა პირველ წყვილს, რამდენად მჭიდრო და მტკიცე უნდა ყოფილიყო მათი კავშირი. ღვთის განზრახვა არ ითვალისწინებდა განქორწინებას ან ერთზე მეტი მეუღლის ყოლას.
ქორწინების როლი იეჰოვას განზრახვაში
3. რა იყო ქორწინების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი?
3 ადამი აღფრთოვანებული იყო თავისი მშვენიერი მეუღლით, რომელსაც მოგვიანებით ევა დაარქვა. ის მისი შემავსებელი და დამხმარე უნდა ყოფილიყო. ორივე, ცოლიც და ქმარიც, ყოველდღე შეუწყობდა ხელს ერთმანეთის ბედნიერებას, თუ ღირსეულად შეასრულებდნენ თავიანთ როლს (დაბ. 2:18). ქორწინების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი დედამიწაზე ადამიანების გამრავლება იყო (დაბ. 1:28). თუმცა შვილებს ეყვარებოდათ მშობლები, ისინი მიატოვებდნენ მათ და თავიანთ ოჯახებს შექმნიდნენ. დედამიწა აივსებოდა ადამიანებით, რომლებიც თანდათანობით სამოთხედ გადააქცევდნენ მას.
4. რა დაემართა პირველ ქორწინებას?
4 ადამმა და ევამ ბოროტად გამოიყენეს ნების თავისუფლება და ეურჩნენ იეჰოვას, რითაც უდიდესი დარტყმა მიაყენეს პირველივე ქორწინებას. „ძველმა გველმა“, სატანა ეშმაკმა, შეცდომაში შეიყვანა ევა და დააჯერა, რომ „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის“ ნაყოფს თუ შეჭამდა, განსაკუთრებულ ცოდნას მიიღებდა, რის წყალობითაც თავად დაადგენდა, რა იყო კარგი და რა ცუდი. ევამ ქმრის დაუკითხავად მიიღო გადაწყვეტილება, რითაც ოჯახისთავისადმი უპატივცემულობა გამოავლინა. ღმერთს არც ადამი დაემორჩილა. მას უარი არ უთქვამს ევას შეთავაზებულ აკრძალულ ნაყოფზე (გამოცხ. 12:9; დაბ. 2:9, 16, 17; 3:1—6).
5. რის სწავლა შეგვიძლია ადამისა და ევას მიერ იეჰოვასთვის გაცემული პასუხიდან?
5 როცა ღმერთმა პასუხი მოსთხოვა მათ ჩადენილი საქციელისთვის, ადამმა ცოლი დაადანაშაულა და ღმერთს უთხრა: „შენ რომ ქალი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც ვჭამე“. ევამ კი გველს დააბრალა ყველაფერი და თქვა, რომ მან მოატყუა (დაბ. 3:12, 13). ეს თავის გამართლების უსუსური მცდელობა იყო და მეტი არაფერი! დაუმორჩილებლობისთვის პირველ წყვილს იეჰოვას წინაშე მსჯავრი დაედო. მათი მაგალითი ჩვენთვის გამაფრთხილებელია. ცოლ-ქმარი ბედნიერი რომ იყოს, თითოეულმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს და უნდა დაემორჩილოს იეჰოვას.
6. როგორ განმარტავდით დაბადების 3:15-ს?
6 ედემის ბაღში მომხდარის მიუხედავად, პირველი ბიბლიური წინასწარმეტყველებით იეჰოვამ იმედი ჩაუსახა კაცობრიობას (წაიკითხეთ დაბადების 3:15). პირველ ურჩ სულიერ ქმნილებას „ქალის“ შთამომავალი გაანადგურებდა. ამ წინასწარმეტყველების მეშვეობით იეჰოვამ მიანიშნა, თუ რა განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა იმ უამრავ მართალ სულიერ ქმნილებასთან, რომლებიც ზეცაში ემსახურებოდნენ მას. მოგვიანებით წმინდა წერილებიდან ცხადი გახდა, რომ ღმერთი ცოლთან შედარებული ორგანიზაციის წარმომადგენელს გამოგზავნიდა, რომელიც გაანადგურებდა ეშმაკს და იეჰოვას თავდაპირველი განზრახვის თანახმად, მორჩილ ადამიანებს დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა, რაც პირველმა წყვილმა დაკარგა (იოან. 3:16).
7. ა) რა გავლენა მოახდინა ადამისა და ევას ურჩობამ ქორწინებაზე? ბ) ბიბლიის თანახმად, რა მოეთხოვება ცოლ-ქმარს?
7 ადამისა და ევას ურჩობამ არა მხოლოდ მათ ქორწინებას მიაყენა დარტყმა, არამედ ყველა მათი შთამომავლის ქორწინებასაც. მაგალითად, როგორც ევა, ისე ყველა მისი შთამომავალი ქალი განიცდიდა ორსულობისა და მშობიარობის ძლიერ ტკივილებს. ცოლს ქმრისკენ ექნებოდა ლტოლვა, ქმარი კი იბატონებდა ცოლზე და, როგორც ეს დღეს ბევრ ოჯახში ხდება, სასტიკადაც კი მოეპყრობოდა მას (დაბ. 3:16). ბიბლიის თანახმად, ქმარმა სიყვარულით უნდა გასწიოს მეთაურობა, ცოლი კი უნდა დაემორჩილოს ქმარს, როგორც მეთაურს (ეფეს. 5:33). ღვთისმოშიში მეუღლეები ოჯახის ბედნიერებისთვის ერთად იღვწიან, ამიტომ უთანხმოებების გამომწვევი სიტუაციები იშვიათად ან საერთოდ არ იქმნება.
ადამის დროიდან წარღვნამდე
8. როგორ კნინდებოდა ქორწინება ადამის დროიდან წარღვნამდე?
8 ვიდრე ადამი და ევა ცოდვისა და არასრულყოფილების შედეგად დაიხოცებოდნენ, მათ ვაჟები და ასულები ეყოლათ (დაბ. 5:4). მათმა პირმშომ კაენმა საკუთარი და ან ახლო ნათესავი მოიყვანა ცოლად. პირველი, ვისზეც ბიბლია ამბობს, რომ ორი ცოლი ჰყავდა, კაენის შთამომავალი ლამექი იყო (დაბ. 4:17, 19). ადამიდან ნოეს დროს მომხდარ წარღვნამდე მხოლოდ ერთეულები სცემდნენ იეჰოვას თაყვანს. მათ შორის იყო აბელი, ენოქი, ნოე და მისი ოჯახი. ნოეს დროს „ჭეშმარიტი ღვთის ძეებმა დაინახეს, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ“. ხორცშესხმული ანგელოზებისა და ქალების არაბუნებრივი კავშირის შედეგად იბადებოდნენ ჰიბრიდები, რომელთაც ნეფილიმები ეწოდათ. ისინი მოძალადეები იყვნენ. ამასთან, „გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო“ (დაბ. 6:1—5).
9. როგორ გაანადგურა იეჰოვამ ნოეს დროს ბოროტი ადამიანები და რას ვსწავლობთ აქედან?
9 ბოროტების გასანადგურებლად იეჰოვამ ნოეს დღეებში წარღვნა მოავლინა. იმ პერიოდში ადამიანები იმდენად იყვნენ დაკავებულები ყოფითი საქმეებით, მათ შორის ქორწინებით, რომ ყური არ ათხოვეს „სიმართლის მქადაგებელ ნოეს“, რომელიც მოახლოებული განადგურების შესახებ აფრთხილებდა მათ (2 პეტ. 2:5). იესომ ნოეს დროს არსებული მდგომარეობა ჩვენს დროში არსებულ მდგომარეობას შეადარა (წაიკითხეთ მათეს 24:37—39). დღეს ადამიანთა უმეტესობას არ სურს, მოისმინოს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა, რომელიც ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულის დადგომამდე მთელ მსოფლიოში იქადაგება ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. მოდი არასდროს დავუშვათ, რომ ოჯახთან დაკავშირებულმა საკითხებმა, მათ შორის ქორწინებამ და შვილების აღზრდამ, დაგვავიწყოს, რომ იეჰოვას დღე სადაცაა დადგება!
წარღვნიდან იესოს დრომდე
10. ა) რა იყო ცხოვრების წესად ქცეული ბევრ კულტურაში? ბ) რა მაგალითი დაგვიტოვეს აბრაამმა და სარამ?
10 მიუხედავად იმისა, რომ ნოესა და მის სამ ვაჟს თითო ცოლი ჰყავდათ, პატრიარქების დროს პოლიგამია ჩვეულებრივი მოვლენა იყო. უზნეობა ბევრ კულტურაში ცხოვრების წესი და რელიგიური რიტუალების ნაწილი გახდა. როცა აბრამი (აბრაამი) და მისი ცოლი სარაი (სარა) ღვთის მითითებისამებრ ქანაანში დასახლდნენ, იქ ქორწინების შეურაცხმყოფელი წეს-ჩვეულებები იყო გავრცელებული. იეჰოვამ გადაწყვიტა, გაენადგურებინა იქაური ქალაქები — სოდომი და გომორა, რადგან მათი მკვიდრნი უკიდურეს გარყვნილებას სჩადიოდნენ ან იწყნარებდნენ მას. აბრაამი ღირსეულად უძღვებოდა ოჯახს, სარა კი სამაგალითო მორჩილებას ავლენდა ქმრის მეთაურობის მიმართ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:3—6). აბრაამმა იზრუნა, რომ მისი ვაჟი ისაკი იეჰოვას თაყვანისმცემელზე დაქორწინებულიყო. ისაკის ვაჟ იაკობს მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისადმი. მისი ვაჟები ისრაელის 12 ტომის მამამთავრები გახდნენ.
11. როგორ იცავდა მოსეს კანონი ისრაელებს?
11 მოგვიანებით იეჰოვამ იაკობის (ისრაელი) შთამომავლებს დაუდო შეთანხმება. პატრიარქალურ ეპოქაში ქორწინებასთან დაკავშირებულ ძირითად ჩვეულებებს, მათ შორის მრავალცოლიანობას, მოსეს კანონი არეგულირებდა. ის კრძალავდა ცრუთაყვანისმცემლებზე ქორწინებას, რათა ისრაელები სულიერად დაცულები ყოფილიყვნენ (წაიკითხეთ კანონის 7:3, 4). ქორწინებაში სერიოზული პრობლემების დროს მეუღლეები დახმარებას უხუცესებისგან იღებდნენ. ღალატის, საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ეჭვიანობის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო კანონში ჩაწერილი მითითებები. გაყრა ნებადართული იყო, თუმცა კანონით დადგენილი წესების დაცვა მოითხოვებოდა. კაცს შეეძლო გაყროდა თავის ცოლს, თუ „რაღაც უწესოს“ უპოვიდა (კან. 24:1). დაკონკრეტებული არ არის, რა შეიძლებოდა ყოფილიყო „უწესო“, თუმცა გონივრულია დავასკვნათ, რომ მასში უმნიშვნელო რამ არ იგულისხმებოდა (ლევ. 19:18).
ნუ მოექცევით მეუღლეს ვერაგულად
12, 13. ა) როგორ ექცეოდა ზოგი მამაკაცი თავის ცოლს მალაქიას დროს? ბ) რა მოხდება, თუ მონათლული ქრისტიანი სხვის მეუღლესთან დაიჭერს საქმეს?
12 წინასწარმეტყველ მალაქიას დროს ბევრი იუდეველი ვერაგულად იქცეოდა და ნებისმიერი საბაბით ეყრებოდა ცოლს. ისინი ტოვებდნენ თავიანთი ახალგაზრდობის ცოლს, რათა ახალგაზრდა ქალებზე დაქორწინებულიყვნენ, რომელთაგან ზოგი შესაძლოა წარმართიც კი იყო. დედამიწაზე იესოს მსახურების დროსაც იუდეველი მამაკაცები ვერაგულად იქცეოდნენ და თავიანთ ცოლებს „ნებისმიერი მიზეზით“ ეყრებოდნენ (მათ. 19:3). მაგრამ იეჰოვა ღმერთისთვის საძულველი იყო ასეთი მიზეზით გაყრა (წაიკითხეთ მალაქიას 2:13—16).
13 დღეს იეჰოვას ხალხისთვის ყოვლად მიუღებელია მეუღლის ღალატი. დავუშვათ მონათლული დაქორწინებული მამაკაცი ან ქალი სხვის მეუღლესთან მრუშობს და თავის მეუღლესთან გაყრის შემდეგ მასზე ქორწინდება. თუ შემცოდველი არ ინანიებს, კრების სიწმინდის შესანარჩუნებლად ის კრებიდან ირიცხება (1 კორ. 5:11—13). კრებაში დასაბრუნებლად მან „მონანიების შესაფერისი ნაყოფი“ უნდა გამოიღოს (ლუკ. 3:8; 2 კორ. 2:5—10). დადგენილი არ არის, რამდენი დრო უნდა გავიდეს გარიცხვიდან აღდგენამდე. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ხალხში მეუღლის ღალატს იშვიათად აქვს ადგილი, მასზე თვალის დახუჭვა დაუშვებელია. გულწრფელი მონანიების დასამტკიცებლად ადამიანს საკმაო ხანი, შესაძლოა ერთი წელი ან მეტი დასჭირდეს. აღდგენის შემთხვევაშიც კი ის პასუხს აგებს „ღვთის სასამართლო ტახტის წინაშე“ (რომ. 14:10—12; იხილეთ 2006 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 29, 30).
ქორწინება ქრისტიანულ კრებაში
14. რა მიზანს ემსახურებოდა კანონი?
14 მოსეს კანონი 1500 წელზე მეტხანს განაგებდა ისრაელთა ცხოვრებას. როგორც მესიამდე მიმყვანი აღმზრდელი, ის ეხმარებოდა ღვთის ხალხს, ოჯახური თუ სხვა საკითხების მოგვარებისას ხსომებოდათ ღვთის სამართლიანი პრინციპები (გალ. 3:23, 24). ქრისტეს სიკვდილმა კანონი გააუქმა, რის შემდეგაც ღმერთმა საფუძველი ჩაუყარა ახალ ღონისძიებას (ებრ. 8:6). ზოგი რამ, რის უფლებასაც მანამდე კანონი იძლეოდა, ახლა აღარ იყო ნებადართული.
15. ა) რა ნორმა არის ქრისტიანულ კრებაში დადგენილი ქორწინებასთან დაკავშირებით? ბ) რა უნდა გაითვალისწინოს ქრისტიანმა, როცა განქორწინებაზე ფიქრობს?
15 ზოგიერთი ფარისევლის დასმულ კითხვაზე იესომ უპასუხა, რომ მოსეს კანონით დაშვებული გაყრა თავიდანვე არ იყო ღვთის განზრახვის ნაწილი (მათ. 19:6—8). ამგვარად იესომ მიანიშნა, რომ ედემის ბაღში ღვთის მიერ ქორწინებისთვის დადგენილი ნორმა ქრისტიანებსაც უნდა დაეცვათ (1 ტიმ. 3:2, 12). როგორც „ერთი ხორცი“, მეუღლეები უნდა მიჰკვროდნენ ერთმანეთს და ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულით უნდა განემტკიცებინათ ცოლ-ქმრული კავშირი. ხელახლა დაქორწინების ერთადერთი კანონიერი საფუძველი ღალატი იყო (მათ. 19:9). წინასწარმეტყველ ოსიას მსგავსად, რომელმაც აპატია თავის მრუშ ცოლს, გომერს, უდანაშაულო მეუღლესაც შეუძლია აპატიოს მომნანიებელ მეუღლეს, რომელმაც უზნეობა ჩაიდინა. იეჰოვამ მსგავსად აპატია თავის მომნანიებელ ერს, რომელიც სულიერ მრუშობაში იყო დამნაშავე (ოს. 3:1—5). აღსანიშნავია ისიც, რომ, თუ ცოლმა ან ქმარმა იცის მეუღლის მრუშობის შესახებ და მასთან სქესობრივ კავშირს ამყარებს, ეს პატიების ტოლფასია და განქორწინებისთვის მას ბიბლიური საფუძველი აღარ აქვს.
16. რა თქვა იესომ დაუქორწინებლობაზე?
16 მას შემდეგ, რაც იესომ მიანიშნა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის გაყრის ერთადერთი საფუძველი უზნეობა იქნებოდა, მან ისაუბრა მათზე, ვისაც დაუქორწინებლობის ძღვენი ჰქონდა. ამ ძღვნის შესახებ იესომ თქვა: „ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს“ (მათ. 19:10—12). ბევრმა დაუქორწინებლობა აირჩია, რათა მოუცდენლად ემსახუროს იეჰოვას. ისინი შესაქები არიან ამისთვის!
17. რა დაეხმარება ქრისტიანს, რომ მიიღოს დაქორწინების ან დაუქორწინებლობის გადაწყვეტილება?
17 თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს, დაქორწინდეს თუ დაუქორწინებელი დარჩეს და შეძლებს თუ არა, შეითვისოს დაუქორწინებლობის ძღვენი. პავლე მოციქული დაუქორწინებლობას ურჩევდა ქრისტიანებს, თუმცა მან აღნიშნა: „რადგან სიძვა ყველგან არის გავრცელებული, ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ ქალს — თავისი ქმარი“. შემდეგ დასძინა: „თუ თავშეკავება არა აქვთ, დაქორწინდნენ, რადგან უმჯობესია დაქორწინდნენ, ვიდრე ვნებით აღიგზნონ“. დაქორწინება შეიძლება დაეხმაროს ადამიანს, არ აჰყვეს ვნებას და მასტურბაციის ან უზნეობის მახეში არ გაებას. ამასთან, გასათვალისწინებელია ასაკი, როგორც ეს მოციქულის სიტყვებიდან ჩანს: „თუ ვინმეს მიაჩნია, რომ დაუქორწინებლისთვის შეუფერებლად იქცევა და თუ ახალგაზრდული ვნებები დაუცხრა, რაც ასეც უნდა იყოს, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს, დაქორწინდეს“ (1 კორ. 7:2, 9, 36; 1 ტიმ. 4:1—3). ჩვენ არ უნდა ვუბიძგოთ ვინმეს დაქორწინებისკენ მხოლოდ იმიტომ, რომ დაიკმაყოფილოს ვნებები, რომლებიც ზოგჯერ ახალგაზრდულ წლებში მოზღვავებულია. ასეთი ადამიანი შეიძლება მზად არ იყოს ოჯახური პასუხისმგებლობების ასაღებად.
18, 19. ა) რა არის საჭირო ქრისტიანული ოჯახის შესაქმნელად? ბ) რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
18 ქრისტიანული ოჯახის შესაქმნელად მამაკაცი და ქალი იეჰოვას მიძღვნილი მსახურები უნდა იყვნენ და ის მთელი გულით უნდა უყვარდეთ. მათ ძლიერ უნდა უყვარდეთ ერთმანეთიც და უნდა სურდეთ, ცოლქმრული კავშირი შეკრან. ისინი უამრავ კურთხევას მიიღებენ, რადგან ბიბლიური რჩევის თანახმად ქორწინდებიან „უფალში“ (1 კორ. 7:39). ეჭვგარეშეა, დაქორწინების შემდეგ მათ ესმით, რომ ბედნიერი ქორწინებისთვის რჩევები ბიბლიაში უნდა ეძებონ.
19 ჩვენ ვცხოვრობთ ბოლო დღეების მიწურულს, როცა ბევრი ავლენს ისეთ თვისებებს, რომლებიც ხელს უშლის ოჯახურ ბედნიერებას (2 ტიმ. 3:1—5). მომდევნო სტატიაში მოყვანილი ბიბლიური რჩევები დაქორწინებულ ქრისტიანებს დაეხმარება, გაუმკლავდნენ ჩვენი დროისთვის დამახასიათებელ სირთულეებს. თავის სიტყვაში იეჰოვამ მოგვცა საჭირო მითითებები, რომლებიც გვეხმარება, გავიხაროთ ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით და მის ხალხთან ერთად ვიაროთ მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე (მათ. 7:13, 14).