იფხიზლეთ, როგორც არასდროს!
„ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თესალონიკელთა 5:6).
1, 2. ა) როგორი ქალაქები იყო პომპეი და ჰერკულანეუმი? ბ) რა გაფრთხილება უგულებელყვეს ამ ქალაქების მკვიდრებმა და რა იყო ამის შედეგი?
მთა ვეზუვის ძირას ახ. წ. პირველ საუკუნეში ორი მდიდარი რომაული ქალაქი, პომპეი და ჰერკულანეუმი, იყო გაშენებული. შეძლებული რომაელებისთვის ეს ორი ქალაქი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. მათი თეატრები ათასზე მეტ დამსწრეს იტევდა; ხოლო პომპეის უზარმაზარ ამფითეატრში ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა ეტეოდა. პომპეის გათხრების შედეგად აღმოაჩინეს 118 დუქანი. ზოგიერთ მათგანში აზარტული თამაშების ოთახები და საროსკიპოები იყო გახსნილი. უზნეობა და გამდიდრებისკენ სწრაფვა ძალიან იყო გავრცელებული, რაზეც ფრესკები და არქეოლოგიური ექსპონატები მოწმობს.
2 ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს მთა ვეზუვმა ამოფრქვევა დაიწყო. ვულკანოლოგების აზრით, პირველ ამოფრქვევას, რომლის შემდეგაც მთელი ქალაქი მსუბუქი პემზითა და ფერფლით დაიფარა, როგორც ჩანს, გაქცევისთვის დაბრკოლება არ უნდა შეექმნა. ცხადია, მრავალი ასეც მოიქცა. სხვებმა კი სათანადოდ ვერ შეაფასეს საფრთხე ან უბრალოდ უგულებელყვეს გამაფრთხილებელი ნიშნები და დარჩენა არჩიეს. მოგვიანებით, დაახლოებით შუაღამისას, ზვავივით წამოსული გავარვარებული აირების, პემზისა და ქვების ნაკადი გრუხუნით დაატყდა თავს ჰერკულანეუმს და ქალაქის მთელი მოსახლეობა გაგუდა. მეორე დღეს, დილაადრიან, პომპეის მკვიდრთაც იგივე უბედურება დაატყდათ. რამდენად ძვირად დაუჯდათ მათ გამაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა!
იუდეველთა სისტემის დასასრული
3. რა მსგავსებაა იერუსალიმის დაცემასა და პომპეისა და ჰერკულანეუმის განადგურებას შორის?
3 რამდენად შემაძრწუნებლიც უნდა ყოფილიყო პომპეისა და ჰერკულანეუმის ბოლო, ცხრა წლით ადრე იერუსალიმის განადგურება ბევრად უფრო ტრაგიკული იყო, თუმცა ეს განადგურება ადამიანების ხელით მოხდა. ამ შემთხვევას „ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ალყა“ ეწოდა და, ცნობების თანახმად, მან მილიონზე მეტი იუდეველის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ, ისევე როგორც პომპეისა და ჰერკულანეუმის შემთხვევაში, იერუსალიმის განადგურება სრულიად მოულოდნელი არ ყოფილა.
4. ამ სისტემის აღსასრულის მოახლოების რა ნიშნები იწინასწარმეტყველა იესომ და როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება პირველ საუკუნეში?
4 იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა იერუსალიმის განადგურება და აღწერა შემაძრწუნებელი მოვლენები, რომლებიც წინ უსწრებდა მას — ომები, საკვების უკმარისობა, მიწისძვრები და უკანონობა. იმ დროს უნდა გამოჩენილიყო მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი, მაგრამ ჯერ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში უნდა ყოფილიყო ნაქადაგები (მათე 24:4—7, 11—14). თუმცა იესოს სიტყვები დიდი მასშტაბით ჩვენს დღეებში სრულდება, მცირე მასშტაბით ის პირველ საუკუნეშიც შესრულდა. ისტორიის თანახმად, იუდეაში საშინელი შიმშილობა დაიწყო (საქმეები 11:28). იუდეველი ისტორიკოსი, იოსებ ფლავიუსი იუწყება იერუსალიმის დაცემამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე მომხდარი მიწისძვრის შესახებ. რაც უფრო ახლოვდებოდა განადგურება, მით უფრო მეტი აჯანყება ხდებოდა. ერთმანეთს ებრძოდა სხვადასხვა იუდაური პოლიტიკური დაჯგუფება და უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა იმართებოდა ქალაქებში, სადაც იუდეველებთან ერთად არაიუდეველებიც ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ ექადაგა „ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23).
5, 6. ა) იესოს რომელი წინასწარმეტყველური სიტყვები შესრულდა ახ. წ. 66 წელს? ბ) რატომ იყო დაღუპულთა რიცხვი ასე დიდი, როდესაც იერუსალიმი საბოლოოდ დაეცა ახ. წ. 70 წელს?
5 ბოლოს კი, ახ. წ. 66 წელს იუდეველები რომის წინააღმდეგ აჯანყდნენ. როდესაც ცესტიუს გალუსის არმიამ ალყა შემოარტყა იერუსალიმს, ქრისტიანებს გაახსენდათ იესოს სიტყვები: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში“ (ლუკა 21:20, 21). დადგა იერუსალიმის დატოვების დრო. მაგრამ როგორ? გალუსმა მოულოდნელად მოხსნა ალყა. ამით მან იუდეასა და იერუსალიმში მცხოვრებ ქრისტიანებს საშუალება მისცა, დამორჩილებოდნენ იესოს მითითებას და მთებში გაქცეულიყვნენ (მათე 24:15, 16).
6 ოთხი წლის შემდეგ, დაახლოებით პასექის დროს, რომაელი ჯარისკაცები კვლავ დაბრუნდნენ, ამჯერად გენერალ ტიტუსის ხელმძღვანელობით. ტიტუსს იუდეველთა აჯანყების ჩახშობა ჰქონდა გადაწყვეტილი. მათ ალყა შემოარტყეს იერუსალიმს და აღმართეს „ზვინული“, რამაც შეუძლებელი გახადა გაქცევა (ლუკა 19:43, 44). ომის საშიშროების მიუხედავად, იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იუდევლები მთელი რომის იმპერიიდან მოგროვდნენ. ისინი ხაფანგში აღმოჩნდნენ. იოსებ ფლავიუსის თანახმად, რომაელთა ალყის დროს დაღუპულთა უმრავლესობა ეს სტუმრები იყვნენa. იერუსალიმის საბოლოო დაცემისას რომის იმპერიაში მცხოვრები იუდეველების ერთი მეშვიდედი განადგურდა. იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურება იუდეველთა სახელმწიფოსა და მოსეს რჯულზე დაფუძნებული რელიგიური სისტემის დასასრულს ნიშნავდაb (მარკოზი 13:1, 2).
7. რატომ გადაურჩნენ იერუსალიმის განადგურებას ერთგული ქრისტიანები?
7 ახ. წ. 70 წელს იერუსალიმში მოკლულთა ან ტყვეთა შორის შეიძლება იუდეველი ქრისტიანებიც კი ყოფილიყვნენ. მაგრამ, როგორც ისტორია გვიჩვენებს, მათ ყურად იღეს იესოს მიერ 37 წლის წინათ წარმოთქმული გაფრთხილება. მათ დატოვეს ქალაქი და უკან აღარ დაბრუნებულან.
მოციქულების დროული გაფრთხილება
8. რის აუცილებლობას ხედავდა პეტრე და იესოს რომელი სიტყვები ჰქონდა მხედველობაში?
8 დღეს მოველით ბევრად უფრო დიდ განადგურებას, რომელიც მთელ ამ სისტემას მოუღებს ბოლოს. იერუსალიმის განადგურებამდე ექვსი წლით ადრე, მოციქულმა პეტრემ ქრისტიანებს მნიშვნელოვანი და დროული რჩევა მისცა: „იფხიზლეთ!“. ეს რჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის. პეტრე ხედავდა, რომ ქრისტიანებმა აუცილებლად უნდა გააღვიძონ „ნათელი გონება“, რათა არ უგულებელყონ „უფლის [იესო ქრისტეს] მცნება“ (2 პეტრე 3:1, 2, აქ). როდესაც პეტრე ქრისტიანებს სიფხიზლისკენ მოუწოდებდა, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა მოციქულებისთვის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ნათქვამი იესოს სიტყვები: „გაფრთხილდით, იფხიზლეთ, ილოცეთ, ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი“ (მარკოზი 13:33).
9. ა) როგორი სახიფათო თვალსაზრისი შეიძლება განუვითარდეს ზოგიერთს? ბ) რატომ არის უნდობლობა სახიფათო?
9 დღესდღეობით ზოგი დაცინვით კითხულობს: „სად არის მისი მოსვლის აღთქმაო?“ (2 პეტრე 3:3, 4). როგორც ჩანს, ასეთ ადამიანებს ჰგონიათ, რომ სინამდვილეში არაფერი შეიცვლება და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ეს სამყაროს შექმნიდანვე იყო. ასეთი უნდობლობა საკმაოდ სახიფათოა. ეჭვები მოგვადუნებს და დაგვავიწყებს, რა დროში ვცხოვრობთ და გვიბიძგებს, რომ ჩვენს სურვილებს დავემონოთ (ლუკა 21:34). გარდა ამისა, ასეთი დამცინავები ივიწყებენ ნოეს დროინდელ წარღვნას, რომელმაც მაშინდელი ქვეყნიერება გაანადგურა. მართლაც, რა დიდი ცვლილებები მოხდა! (დაბადება 6:13, 17; 2 პეტრე 3:5, 6).
10. როგორი სიტყვებით ამხნევებდა პეტრე მათ, რომლებმაც შესაძლოა მოთმინება დაკარგეს?
10 პეტრე გვეხმარება მოთმინების განვითარებაში იმის შეხსენებით, რომ ღმერთი ხშირად დაუყოვნებლივ არ მოქმედებს. პირველ რიგში, პეტრემ თქვა: „ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე“ (2 პეტრე 3:8). ვინაიდან იეჰოვა მარადიულია, მას შეუძლია ყველა ფაქტორი გაითვალისწინოს და მოქმედებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო შეარჩიოს. გარდა ამისა, პეტრე აღნიშნავს, რომ იეჰოვას სურვილია, ყველა ადამიანმა მოინანიოს. მრავლისთვის ღვთის მოთმინება გადარჩენას ნიშნავს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღუპებოდნენ (1 ტიმოთე 2:3, 4; 2 პეტრე 3:9). მაგრამ იეჰოვას მოთმინება იმას როდი ნიშნავს, რომ ის არასდროს იმოქმედებს. „უფლის დღე ქურდივით მოვა“, — თქვა პეტრემ (2 პეტრე 3:10).
11. რა დაგვეხმარება სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში და როგორ შეგვიძლია „დავაჩქაროთ“ იეჰოვას დღის მოსვლა?
11 პეტრეს მიერ მოყვანილი შედარება ნამდვილად ყურადსაღებია. ქურდის დაჭერა არც თუ ისე ადვილია, მაგრამ გუშაგი, რომელიც ყოველ ღამე ფხიზლობს, უფრო ადვილად შენიშნავს მას ვიდრე ის, ვინც დროდადრო თვლემს. როგორ უნდა შეინარჩუნოს გუშაგმა სიფხიზლე? სიარულისას უფრო ნაკლებია ჩაძინების შესაძლებლობა, ვიდრე მთელი ღამე ჯდომისას. მსგავსადვე, როგორც ქრისტიანებს, სულიერ საქმეებში აქტიური მონაწილეობა სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ამიტომ მოგვიწოდებს პეტრე, რომ დაკავებული ვიყოთ „წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში“ (2 პეტრე 3:11). ასეთი აქტიურობა დაგვეხმარება, ‘ველოდოთ და ვესწრაფოთ ღვთის მოსვლის დღეს’. ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნება, როგორც „სწრაფვა“, პირდაპირი მნიშვნელობით „დაჩქარებას“ ნიშნავს (2 პეტრე 3:12). ფაქტია, ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ იეჰოვას განრიგი. მისი დღე დანიშნულ დროს მოვა. მაგრამ დრო უფრო მალე გავა, თუ მის მსახურებაში დავკავდებით (1 კორინთელთა 15:58).
12. როგორ შეგვიძლია თითოეულმა ვისარგებლოთ იეჰოვას მოთმინებით?
12 კარგი იქნებოდა, თუ ყველა, ვინც ფიქრობს, რომ იეჰოვას დღე იგვიანებს, გაითვალისწინებდა პეტრეს რჩევას და მოთმინებით დაელოდებოდა იეჰოვას დანიშნულ დროს. მართლაცდა, ჩვენ შეგვიძლია ბრძნულად გამოვიყენოთ ის განსაკუთრებული დრო, რომელიც ღვთის მოთმინების წყალობით გვაქვს. მაგალითად, შეგვიძლია განვავითაროთ მნიშვნელოვანი ქრისტიანული თვისებები და სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს. თუ ვფხიზლობთ ამ სისტემის აღსასრულისას, შევძლებთ „უმანკონი და მშვიდობის მქონენი“ წარვდგეთ იეჰოვას წინაშე (2 პეტრე 3:14, 15, აქ). მართლაც, რამხელა კურთხევა იქნება ეს!
13. თესალონიკელი ქრისტიანებისთვის მიწერილი რომელი სიტყვებია დღეისათვის განსაკუთრებით დროული?
13 თესალონიკელი ქრისტიანებისადმი მიწერილ პირველ წერილში პავლეც სიფხიზლეზე ამახვილებდა ყურადღებას. ის ურჩევდა: „ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თესალონიკელთა 5:2, 6). რამდენად უფრო გვჭირდება სიფხიზლე დღეს, როდესაც მთელი ამ სისტემის განადგურება გვიახლოვდება! იეჰოვას თაყვანისმცემლები ცხოვრობენ მსოფლიოში, სადაც უმეტესობა სულიერი საკითხებისადმი გულგრილია და ამან შეიძლება ქრისტიანებზეც იმოქმედოს. ამიტომ, პავლე გვირჩევს: „ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯრით და ხსნის იმედის მუზარადით“ (1 თესალონიკელთა 5:8). ღვთის სიტყვის რეგულარული შესწავლა და კრების შეხვედრებზე ძმებთან ურთიერთობა დაგვეხმარება, მივყვეთ პავლეს რჩევას და ვიფხიზლოთ (მათე 16:1—3).
მილიონები ფხიზლობენ
14. როგორ მოწმობს სტატისტიკა, რომ დღეს მრავალი მისდევს პეტრეს რჩევას და ფხიზლობს?
14 ბევრია ისეთი, ვინც ყურად იღებს სიფხიზლისკენ მოწოდებას? დიახ. 2002 სამსახურებრივი წლის განმავლობაში მაუწყებელთა უმაღლესი რიცხვი იყო 6 304 645, რაც 2001 წელთან შედარებით 3.1 პროცენტით მეტია. ისინი სულიერად ფხიზლობენ, რაზეც მეტყველებს ის, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სხვებთან საუბარს მათ 1 202 381 302 საათი დაუთმეს. ისინი გულგრილად არ ეკიდებიან ამ საქმეს. მსახურება მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მრავალი ისე უყურებს ამ საქმეს, როგორც სალვადორელი ედუარდო და ნოემი.
15. როგორ გვიჩვენებს სალვადორელი ქრისტიანების მაგალითი, რომ მრავალი ინარჩუნებს სიფხიზლეს?
15 რამდენიმე წლის წინათ, ედუარდომ და ნოემიმ ყურად იღეს პავლეს სიტყვები: „წარმავალია წუთისოფლის სახე“ (1 კორინთელთა 7:31). მათ გაიმარტივეს ცხოვრება და პიონერად მსახურებას შეუდგნენ. დროთა განმავლობაში მრავალი კურთხევა მოიმკეს და სარაიონო და საოლქო მსახურებაშიც კი მიიღეს მონაწილეობა. მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა, ედუარდო და ნოემი დარწმუნებული არიან, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს, როდესაც მატერიალურ კეთილდღეობას სრული დროით მსახურება არჩიეს. 29269 სალვადორელი მაუწყებელი და მათ შორის 2454 პიონერი მსგავსი თავგანწირვის სულს ავლენს და ამიტომაც არის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაუწყებელთა რიცხვი 2 პროცენტით გაიზარდა.
16. მსახურებისადმი როგორი დამოკიდებულება გამოავლინა ერთმა კოტ-დ’ივუარელმა ახალგაზრდა ძმამ?
16 კოტ-დ’ივუარში ასეთივე განწყობა ჰქონდა ერთ ახალგაზრდა ქრისტიან მამაკაცს, რომელმაც ფილიალს მისწერა: „მე თანაშემწედ ვმსახურობ. მაგრამ არ შემეძლო ძმების აღძვრა პიონერობისკენ, თუ თავად არ მივცემდი ამის კარგ მაგალითს. ამიტომ დავტოვე მაღალანაზღაურებადი სამსახური და ახლა ჩემი საქმე წამოვიწყე. ამან მსახურებისთვის უფრო მეტი დრო მომცა“. ეს ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთია 983 პიონერიდან კოტ-დ’ივუარში, სადაც გასულ წელს 6 701 მაუწყებელი მსახურობდა, რაც 5 პროცენტით მეტია.
17. როგორ დაამტკიცა ახალგაზრდა ბელგიელმა დამ, რომ არ შეუშინდა წინასწარშექმნილ არასწორ აზრს?
17 ბელგიაში მცხოვრები 24 961 სამეფოს შესახებ მაუწყებელი განუწყვეტლივ განიცდის გარეშეების მხრიდან შეუწყნარებლობას, წინასწარშექმნილი აზრის გამო წარმოქმნილი პრობლემების შედეგებსა და დისკრიმინაციას. მიუხედავად ამისა, ისინი ენთუზიაზმით აღსავსენი და უშიშარნი არიან. როდესაც სკოლაში, ეთიკის გაკვეთილზე, იეჰოვას მოწმეები დაახასიათეს როგორც სექტა, 16 წლის მოწმემ ნებართვა ითხოვა, რომ თანაკლასელებისთვის დაენახვებინა ამ საკითხზე თავად იეჰოვას მოწმეების თვალსაზრისი. ამ გოგონამ ვიდეო-ფილმით „ორგანიზაცია სახელწოდებით იეჰოვას მოწმეები“ და ბროშურით „იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან?“ აუხსნა, თუ რას წარმოადგენენ სინამდვილეში მოწმეები. ეს ინფორმაცია კარგად იქნა მიღებული და მომდევნო კვირის ტესტებში ყველა კითხვა იეჰოვას მოწმეების ქრისტიანულ რელიგიას ეხებოდა.
18. საიდან ჩანს, რომ ეკონომიკურ პრობლემებს არ შეუძლია არგენტინელი და მოზამბიკელი მაუწყებლების ჩამოშორება იეჰოვას მსახურებისგან?
18 ამ ბოლო დღეებში ქრისტიანების უმეტესობა სერიოზულ პრობლემებს ხვდება. მაგრამ, ისინი ცდილობენ, არ მოცდნენ უმთავრესი საქმიანობიდან. მიუხედავად კარგად ცნობილი ეკონომიკური პრობლემებისა, გასულ წელს არგენტინაში მიღწეულ იქნა მაუწყებელთა ახალი უმაღლესი რიცხვი — 126 709. მოზამბიკიც საკმაოდ ღარიბი ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობდა 37 563 მაუწყებელი, რაც 4 პროცენტით მეტია შარშანდელთან შედარებით. მრავალი ალბანელი ხვდება ცხოვრებისეულ სიძნელეებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაუწყებელთა რიცხვი 12 პროცენტით გაიზარდა და მიაღწია 2 708-ს. აშკარაა, რომ როდესაც ღვთის მსახურები სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებენ, მძიმე ცხოვრებისეული პირობები ვერ აბრკოლებს იეჰოვას სულს (მათე 6:33).
19. ა) რა გვარწმუნებს, რომ ჯერ კიდევ არის მრავალი ცხვრისმაგვარი ადამიანი, რომელსაც ბიბლიური ჭეშმარიტება სწყურია? ბ) კიდევ რა აჩვენებს წლიური ანგარიშიდან, რომ იეჰოვას მსახურები სულიერად ფხიზლობენ? (იხილეთ ჩარჩო 12—15 გვერდებზე).
19 გასულ წელს, მთელ მსოფლიოში ბიბლიის 5 309 289 შესწავლა ტარდებოდა, რაც უჩვენებს, რომ ჯერ კიდევ მრავალი ცხვრისმაგვარი ადამიანია ბიბლიურ ჭეშმარიტებას მოწყურებული. უფლის გახსენების საღამოს არასოდეს დასწრებია ამდენი ადამიანი, რამდენიც შარშან — 15597746; და მათგან უმეტესობა ჯერ აქტიურად არ ემსახურება იეჰოვას. დაე ისინი არა მარტო შემეცნებაში, არამედ იეჰოვასა და ძმების სიყვარულშიც გაიზარდონ. რა სასიხარულოა „სხვა ცხვრებიდან“ „უამრავი ხალხის“ ხილვა. მათ გამუდმებით მოაქვთ ნაყოფი და „დღე და ღამე მის ტაძარში“ ემსახურებიან შემოქმედს სულითცხებულ ძმებთან ერთად (გამოცხადება 7:9, 15; იოანე 10:16).
რას ვსწავლობთ ლოტის შემთხვევიდან
20. რას ვსწავლობთ ლოტისა და მისი ცოლის შემთხვევიდან?
20 რა თქმა უნდა, ღვთის ერთგულმა მსახურებმაც კი შეიძლება დროდადრო დაკარგონ სიფხიზლე. გაიხსენეთ აბრაამის ძმისშვილი ლოტი. მასთან მისულმა ორმა ანგელოზმა გააფრთხილა, რომ ღმერთი სოდომისა და გომორას განადგურებას აპირებდა. ეს არ უნდა გაკვირვებოდა ლოტს, ვინაიდან „ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით [იყო] დაჩაგრული“ (2 პეტრე 2:7). თუმცა სოდომიდან ლოტის გამოსაყვანად მოსული ორი ანგელოზი აჩქარებდა მას, ის „აყოვნებდა“. ანგელოზებმა ლამის ძალით გაიყვანეს ლოტი და მისი ოჯახი ქალაქიდან. მაგრამ ლოტის ცოლმა უგულებელყო ანგელოზის გაფრთხილება და უკან მიიხედა. გაფრთხილებისადმი ასეთი უყურადღებობა მას ძვირად დაუჯდა (დაბადება 19:14—17, 26). „გაიხსენეთ ლოტის ცოლი“, — გვაფრთხილებს იესო (ლუკა 17:32).
21. რატომ არის მნიშვნელოვანი ახლა უფრო მეტი სიფხიზლის გამოჩენა, ვიდრე უწინ?
21 პომპეისა და ჰერკულანეუმის განადგურება, იერუსალიმის დაცემა, ნოეს დროინდელი წარღვნა და ლოტის შემთხვევა გვიჩვენებს, თუ რაოდენ სერიოზულად უნდა ვეკიდებოდეთ გაფრთხილებებს. ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, ვხედავთ უკანასკნელი ჟამის ნიშნებს (მათე 24:3). ჩვენ გამოვეყავით ცრუ რელიგიას (გამოცხადება 18:4). პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, გვმართებს, ‘ველოდოთ და ვესწრაფოთ ღვთის მოსვლის დღეს’ (2 პეტრე 3:12). დიახ, ახლა უნდა ვიფხიზლოთ, როგორც არასდროს! რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და რა თვისებები უნდა განვივითაროთ, რომ შევძლოთ სიფხიზლის შენარჩუნება? ამ საკითხს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
[სქოლიოები]
a ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირველი საუკუნის იერუსალიმის მოსახლეობა 120 000-ზე მეტი ყოფილიყო. ევსები კესარიელის გამოთვლით, ახ. წ. 70 წლის პასექს იერუსალიმში იუდეის ოლქის 300 000 მცხოვრები ესწრებოდა. დაღუპულთაგან დანარჩენი რომის იმპერიის სხვადასხვა ნაწილიდან იყო.
b რა თქმა უნდა, იეჰოვამ მოსეს რჯული ახ. წ. 33 წელს ახალი კავშირით შეცვალა (ეფესელთა 2:15).
როგორ უპასუხებდით?
• მოვლენების როგორი განვითარება დაეხმარა ქრისტიანებს იერუსალიმის განადგურებიდან თავის დაღწევაში?
• როგორ გვეხმარება მოციქულ პეტრესა და პავლეს რჩევები სიფხიზლის შენარჩუნებაში?
• ვინ ამტკიცებს დღეს, რომ სრულიად ფხიზლობენ?
• რა შეგვიძლია ვისწავლოთ ლოტისა და მისი ცოლის შემთხვევიდან?
[ცხრილი 12-15 გვერდებზე]
იეჰოვას მოწმეების 2002 წლის მსოფლიო ანგარიში
[ტექსტი სრულად მოცემულია პუბლიკაციაში]
[სურათი 9 გვერდზე]
ახ. წ. 66 წელს იერუსალიმში მცხოვრებმა ქრისტიანებმა ყურად იღეს იესოს გაფრთხილება.
[სურათები 10 გვერდზე]
სულიერ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა ქრისტიანებს სიფხიზლის შენარჩუნებაში ეხმარება.