ქრისტე წინამძღოლობს თავის კრებას
„აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ამ სისტემის აღსასრულამდე“ (მათე 28:20, აქ).
1, 2. ა) რას დაჰპირდა მკვდრეთით აღმდგარი იესო თავის მიმდევრებს, როდესაც მოწაფეების მომზადება დაავალა? ბ) როგორ წინამძღოლობდა იესო პირველ ქრისტიანულ კრებას?
ზეცად ამაღლებამდე იესო ქრისტე, ჩვენი მკვდრეთით აღმდგარი წინამძღოლი, თავის მოწაფეებს გამოეცხადა და უთხრა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული. ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ამ სისტემის აღსასრულამდე“ (მათე 23:10; 28:18—20, აქ).
2 იესომ თავის მოწაფეებს სიცოცხლის მომტანი საქმიანობა, კიდევ უფრო მეტი ადამიანის მოწაფეებად მომზადება, დაავალა და დაჰპირდა, რომ ყოველთვის მათთან იქნებოდა. პირველი ქრისტიანების ისტორია, რომელიც ბიბლიის ერთ-ერთ წიგნ „საქმეებშია“ ჩაწერილი, იოტისოდენა ეჭვსაც კი არ გვიტოვებს იმის თაობაზე, რომ ქრისტე ღვთისგან მიღებული ძალაუფლების გამოყენებით ახლად ჩამოყალიბებულ კრებას წინამძღოლობდა. თავის მიმდევრებს მან „დამხმარე“ ანუ სულიწმიდა გაუგზავნა, რათა განემტკიცებინა და ეხელმძღვანელა მათთვის (იოანე 16:7; საქმეები 2:4, 33; 13:2—4; 16:6—10). მკვდრეთით აღმდგარი იესო ანგელოზების მეშვეობითაც ედგა მხარში თავის მოწაფეებს (საქმეები 5:19; 8:26; 10:3—8, 22; 12:7—11; 27:23, 24; 1 პეტრე 3:22). გარდა ამისა, ჩვენი წინამძღოლი კრებას ხელმძღვანელობას უწევდა ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობითაც, რომელიც გამოცდილი მამაკაცებისგან შედგებოდა (საქმეები 1:20, 24—26; 6:1—6; 8:5, 14—17).
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 მაგრამ ჩვენი დროის, ‘ამ სისტემის აღსასრულის’, შესახებ რაღას ვიტყოდით? დღეს როგორღა წინამძღოლობს იესო ქრისტე ქრისტიანულ კრებას? და ჩვენ როგორ შეგვიძლია თვალსაჩინო გავხადოთ, რომ მის წინამძღოლობას ვემორჩილებით?
ბატონის ერთგული მონა
4. ა) ვისგან შედგება „ერთგული და გონიერი მონა“? ბ) რაზე ზრუნვა მიანდო ბატონმა თავის მონას?
4 როდესაც თავისი თანდასწრების ამოსაცნობი ნიშანი იწინასწარმეტყველა, იესომ თქვა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დააყენა ბატონმა თავის სახლეულზე, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს? ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს პოვებს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას“ (მათე 24:45—47). „ბატონი“ ჩვენი წინამძღოლი, იესო ქრისტეა, რომელმაც „ერთგული და გონიერი მონა“ — დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ჯგუფი — დანიშნა, რათა დედამიწაზე მათი მეშვეობით გაძღოლოდა თავის საქმეებს.
5, 6. ა) რას ასიმბოლოებს იოანე მოციქულის მიერ ხილვაში ნანახი „შვიდი ოქროს სალამპრე“ და „შვიდი ვარსკვლავი“? ბ) რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იესოს მარჯვენა ხელში უჭირავს „შვიდი ვარსკვლავი“?
5 როგორც ბიბლიის წიგნი „გამოცხადება“ ცხადყოფს, ერთგული და გონიერი მონა უშუალოდ იესო ქრისტეს ემორჩილება. როდესაც იოანე მოციქული ხილვის მეშვეობით ‘უფლის დღეში’ აღმოჩნდა, მან იხილა „შვიდი ოქროს სალამპრე და სალამპრეებს შორის ვიღაც, კაცის ძის მსგავსი“ (აქ), რომელსაც „მარჯვენა ხელში შვიდი ვარსკვლავი ეჭირა“. იესომ ამ ხილვის მნიშვნელობა განუმარტა იოანეს: «შვიდი ვარსკვლავის საიდუმლო, რომელიც შენ იხილე ჩემს მარჯვენაში და შვიდი ოქროს სასანთლე [„სალამპრე“, აქ]: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სასანთლე [„სალამპრე“, აქ] შვიდი ეკლესიაა» (გამოცხადება 1:1, 10—20).
6 „შვიდი ოქროს სალამპრე“ ასიმბოლოებს ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებას, რომლებიც 1914 წლიდან დაწყებულ „უფლის დღის“ განმავლობაში მოქმედებენ. რაც შეეხება „შვიდ ვარსკვლავს“, პირველ ყოვლისა ისინი ასიმბოლოებდნენ პირველი საუკუნის კრებებზე მზრუნველ ყველა სულითშობილსა და სულითცხებულ ზედამხედველებსa. ეს ზედამხედველები იესოს მარჯვენა ხელში იყვნენ — ესე იგი ემორჩილებოდნენ და მის ხელმძღვანელობას მიჰყვებოდნენ. დიახ, იესო ქრისტე წინამძღოლობდა ცალკეული ადამიანებისგან შემდგარ მონის ერთიან კლასს. მაგრამ, დღესდღეობით სულითცხებული ზედამხედველები არც თუ ისე ბევრნი არიან დედამიწაზე. მაშ, როგორ უწევს ქრისტე წინამძღოლობას იეჰოვას მოწმეთა 93000 კრებას მთელი დედამიწის ზურგზე?
7. ა) როგორ წინამძღოლობს იესო ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით კრებებს მთელი დედამიწის ზურგზე? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტიანი ზედამხედველები სულიწმიდის მიერ ინიშნებიან?
7 ისევე როგორც პირველ საუკუნეში, გამოცდილი მამაკაცების მცირე ჯგუფი, რომელიც სულითცხებული ზედამხედველებისგან შედგება, დღესაც მსახურობს როგორც ხელმძღვანელი საბჭო. ეს საბჭო მიეკუთვნება ერთგული და გონიერი მონის ერთიან კლასს. ჩვენი წინამძღოლი გამოცდილ მამაკაცებს — როგორც სულითცხებულებს ისე არასულითცხებულებს — ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით ნიშნავს კრებებში უხუცესებად. ასეთნაირად სულიწმიდა, რომლის გამოყენების ძალაუფლებაც იეჰოვამ იესოს მისცა, ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზედამხედველების დანიშვნაში (საქმეები 2:32, 33). უპირველეს ყოვლისა, ეს ზედამხედველები სულიწმიდით შთაგონებულ ღვთის სიტყვაში მოცემულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდნენ (1 ტიმოთე 3:1—7; ტიტე 1:5—9; 2 პეტრე 1:20, 21). ზედამხედველებისთვის რეკომენდაციის გაწევა და დანიშვნა ლოცვითა და სულიწმიდის ხელმძღვანელობით ხდება. გარდა ამისა, ის მამაკაცები, რომლებსაც ასეთი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ცხადყოფენ, რომ სულის ნაყოფს ავლენენ (გალატელთა 5:22, 23). ამიტომ პავლეს რჩევა თანაბრად ეხება ყველა უხუცესს — სულითცხებულს თუ არასულითცხებულს: „გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ“ (საქმეები 20:28). ზედამხედველებად დანიშნული ეს მამაკაცები ხელმძღვანელი საბჭოსგან იღებენ მითითებებს და ხალისით მწყემსავენ კრებას. ასეთი სახით, თვითონ ქრისტე გვიდგას მხარში და აქტიურად წინამძღოლობს კრებას.
8. როგორ წინამძღოლობს ქრისტე თავის მიმდევრებს ანგელოზების მეშვეობით?
8 თავისი მიმდევრების საწინამძღოლოდ იესო დღეს უშუალოდ ანგელოზებსაც იყენებს. ხორბლისა და ღვარძლის შესახებ იგავის თანახმად მკის დრო ‘ამ სისტემის აღსასრულისას’ მოაწევდა. ვის დაავალებდა ბატონი მომკას? „მომკალნი ანგელოზები არიან“, — თქვა ქრისტემ. შემდეგ დასძინა: „მოავლენს კაცის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედს“ (მათე 13:37—41). გარდა ამისა, არსებობს უამრავი მტკიცება იმისა, რომ დღეს ქრისტე ანგელოზების მეშვეობით ხელმძღვანელობს ჭეშმარიტ ქრისტიანებს და გულწრფელ ადამიანებამდე მიჰყავს ისინი, ისევე, როგორც ერთ დროს ანგელოზმა ეთიოპელი საჭურისი აპოვნინა ფილიპეს (საქმეები 8:26, 27; გამოცხადება 14:6).
9. ა) რა საშუალებებით წინამძღოლობს ქრისტე დღეს ქრისტიანულ კრებას? ბ) რას უნდა დავუფიქრდეთ, თუ გვინდა, რომ ქრისტეს წინამძღოლობამ სარგებლობა მოგვიტანოს?
9 ერთობ გამამხნევებელია, რომ იესო ქრისტე დღეს თავის მოწაფეებს ხელმძღვანელი საბჭოს, სულიწმიდისა და ანგელოზების მეშვეობით წინამძღოლობს. თუნდაც რომ იეჰოვას ზოგი მიმდევარი ხელმძღვანელი საბჭოსგან დროებით იზოლირებული აღმოჩენილიყო დევნის ან სხვა მსგავსი მიზეზების გამო, ქრისტე მაინც უწინამძღოლებდა მათ სულიწმიდისა და ანგელოზების მეშვეობით. მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტეს წინამძღოლობას მხოლოდ მაშინ მოაქვს ჩვენთვის სარგებლობა, როცა ვემორჩილებით მას. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვემორჩილებით ქრისტეს წინამძღოლობას?
„გაუგონეთ... და დაემორჩილეთ“
10. როგორ დავაფასებთ კრებაზე მზრუნველ უხუცესებს?
10 ჩვენმა წინამძღოლმა კრებებს უბოძა „ძღვენი ადამიანების სახით“ (აქ), — „ზოგნი მახარებლად, ზოგნი მწყემსებად და მოძღვრებად“ (ეფესელთა 4:8, 11, 12). მათდამი ჩვენი დამოკიდებულება და მოპყრობა ნათლად აჩვენებს, ვემორჩილებით თუ არა ქრისტეს წინამძღოლობას. მართლაც რომ მართებულია, მადლიერება გამოვავლინოთ სულიერ საკითხებში გამოცდილი მამაკაცებისადმი, რომლებიც ქრისტემ გვიბოძა (კოლასელთა 3:15). ისინი პატივისცემასაც იმსახურებენ ჩვენგან. «ხუცესნი [„უხუცესები“, აქ], რომლებიც წესიერად ასრულებენ საქმეს, ორმაგი პატივის ღირსნი უნდა იყვნენ», — დაწერა პავლე მოციქულმა (1 ტიმოთე 5:17). როგორ შეგვიძლია კრებაზე მზრუნველი უხუცესებისადმი, იგივე ზედამხედველებისადმი, მადლიერებისა და პატივისცემის გამოვლენა? პავლე გვპასუხობს: „გაუგონეთ მათ, რომლებსაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრიათ და დაემორჩილეთ“ (ებრაელთა 13:17, აქ). დიახ, ჩვენ უნდა გავუგონოთ და დავემორჩილოთ მათ.
11. რატომ ვამბობთ, რომ ჩვენი მონათვლის თანახმად ცხოვრება უხუცესებისადმი პატივისცემასაც ნიშნავს?
11 ჩვენი წინამძღოლი სრულყოფილია, ის მამაკაცები კი, რომლებიც მან ძღვენის სახით გვიბოძა — არა. ამიტომ, ხანდახან ისინი შეიძლება შეცდნენ. როგორც უნდა იყოს, აუცილებელია, ქრისტეს მმართველობის სტრუქტურას ვუერთგულოთ. სინამდვილეში, ჩვენი მიძღვნისა და მონათვლის თანახმად ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ სულიწმიდის მიერ კრებაში დანიშნული მამაკაცების უფლებამოსილების კანონიერებას ვაღიარებდეთ და მზადყოფნით ვემორჩილებოდეთ მათ. „სულიწმიდის სახელით“ ჩვენი მონათვლა არის სახალხოდ დამოწმება იმისა, რომ ვაღიარებთ სულიწმიდასა და მის როლს იეჰოვას განზრახვების განხორციელებაში (მათე 28:19). ასეთი ნათლობა თავისთავად იმასაც გულისხმობს, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ სულიწმიდასთან და არანაირად არ ვუშლით ხელს, რომ ქრისტეს მიმდევრებზე სასიკეთოდ იმოქმედოს. სულიწმიდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უხუცესებისთვის რეკომენდაციის გაწევასა და დანიშვნაში და აქედან გამომდინარე, კრების უხუცესებთან თუ ვერ ვითანამშრომლებდით, განა ვიქნებოდით მართლაც ერთგული ქრისტიანები?
12. რა მაგალითები მოიყვანა იუდამ უფლებამოსილი მამაკაცებისადმი უპატივცემლობის გამოვლენასთან დაკავშირებით და რას გვასწავლის ეს მაგალითები?
12 წმინდა წერილებში ჩაწერილია მაგალითები, რომლებიც გაგონებისა და მორჩილების ფასს გვასწავლის. მოწაფე იუდას მხედველობაში ჰყავდა კრებაში დანიშნულ მამაკაცებზე შეურაცხმყოფლად მოლაპარაკე ადამიანები, როდესაც სამ გამაფრთხილებელ მაგალითზე მიგვითითა: „ვაი მათ, რადგან კაენის გზით მიდიან. საზღაურისათვის აჰყვნენ ბალაამის ცდომილებას და ჯიუტობით იღუპებიან, როგორც კორახი“ (იუდა 11). კაენმა იეჰოვას მიერ სიყვარულით მიცემულ რჩევას წაუყრუა და სიძულვილით გახელებულმა განზრახ მკვლელობა ჩაიდინა (დაბადება 4:4—8). მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა რამდენჯერმე გააფრთხილა, ბალაამმა მაინც სცადა ღვთის ხალხის დაწყევლა მატერიალური გამორჩენის მიზნით (რიცხვნი 22:5—28, 32—34; მეორე რჯული 23:5). კორახს შესანიშნავი პასუხისმგებლობა ეკისრა ისრაელში, მაგრამ უფრო მეტი მოინდომა; შეთქმულება მოუწყო ღვთის მსახურ მოსეს, რომელიც უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე (რიცხვნი 12:3; 16:1—3, 32, 33). სამივე მათგანს, კაენს, ბალაამსა და კორახს, უბედურება დაატყდათ თავს. ეს მაგალითები კარგად გვასწავლის, რომ საჭიროა იმ მამაკაცების მიერ მოცემული რჩევების გაგონება, რომლებსაც იეჰოვამ სხვადასხვა პასუხისმგებლობები დააკისრა და პატივიც უნდა ვცეთ მათ.
13. ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, რა კურთხევებს იღებენ ისინი, ვინც უხუცესებს ემორჩილებიან?
13 რა თქმა უნდა, ყოველ ჩვენგანს სურს ზედამხედველობის იმ დიდებული ღონისძიებიდან სარგებლობის მიღება, რომელიც ჩვენმა წინამძღოლმა შეიმუშავა ქრისტიანული კრებისთვის. ესაია წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა, თუ რა კურთხევებს მოიტანდა ეს ღონისძიება: „აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ. თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე“ (ესაია 32:1, 2). თითოეული უხუცესი „თავშესაფარია“ და ჩვენს დაცვასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს. თუ უფლებამოსილი ძმებისადმი მორჩილება გვიჭირს, მოდი ვილოცოთ და ყველანაირად ვეცადოთ, რომ გავუგონოთ და დავემორჩილოთ კრებაში ღვთის მიერ დანიშნულ მამაკაცებს.
უხუცესები ემორჩილებიან ქრისტეს წინამძღოლობას
14, 15. რით აჩვენებენ ისინი, ვისაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრიათ, რომ ქრისტეს წინამძღოლობას ემორჩილებიან?
14 ყველა ქრისტიანი — განსაკუთრებით კი უხუცესები — უნდა ემორჩილებოდნენ ქრისტეს წინამძღოლობას. ზედამხედველებს ანუ უხუცესებს გარკვეული უფლებამოსილება აქვთ კრებაში. მაგრამ ისინი არ ცდილობენ თანამორწმუნეთა ცხოვრების გაკონტროლებას — ესე იგი ‘არ უფლობენ მათ რწმენაზე’ (2 კორინთელთა 1:24). უხუცესებს გულთან ახლოს მიაქვთ იესოს სიტყვები: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ხელმწიფებას იყენებენ მათზე, მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება“ (მათე 20:25—27). დაკისრებულ პასუხისმგებლობას უხუცესები სერიოზულად ეკიდებიან და გულწრფელად ცდილობენ ადამიანებისთვის დახმარების გაწევას.
15 ბიბლია მოუწოდებს ქრისტიანებს: „გახსოვდეთ ისინი, რომლებსაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრიათ... დაუკვირდით მათი საქციელის შედეგებს და რწმენაში მიბაძეთ მათ“ (ებრაელთა 13:7, აქ). ქრისტიანებმა იმიტომ კი არ უნდა მიჰბაძონ უხუცესებს, რომ თითქოსდა ისინი წინამძღოლები იყვნენ; არა. იესომ გარკვევით თქვა: „წინამძღოლი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე“ (მათე 23:10). უხუცესებს რწმენაში უნდა მივბაძოთ იმიტომ, რომ ისინი თავის მხრივ ჩვენს წინამძღოლს, ქრისტეს, ჰბაძავენ (1 კორინთელთა 11:1). ვნახოთ, როგორ ჰბაძავენ უხუცესები ქრისტეს კრებაში სხვებთან ურთიერთობისას.
16. როგორ ეპყრობოდა იესო თავის მიმდევრებს მიუხედავად იმისა, რომ დიდ ძალაუფლებას ფლობდა?
16 იესო ყოველმხრივ ამაღლებული იყო არასრულყოფილ ადამიანებზე და თავისი მამის მიერ მიცემულ განუმეორებელ ძალაუფლებასაც ფლობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოკრძალებით ეპყრობოდა თავის მოწაფეებს. არ ცდილობდა, რომ თავის მსმენელებზე დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა და დაეჩრდილა თავისი ცოდნით. მგრძნობიარობასა და სიბრალულს ავლენდა თავისი მიმდევრების მიმართ და მხედველობიდან არ რჩებოდა მათი ადამიანური მოთხოვნილებები (მათე 15:32; 26:40, 41; მარკოზი 6:31). თავის მოწაფეებს არასოდეს სთხოვდა იმაზე მეტს, რის გაკეთებაც შეეძლოთ და არასოდეს აკისრებდა იმაზე მეტს, რამდენის ტვირთვის ძალაც შესწევდათ (იოანე 16:12). იესო „მშვიდი და თავმდაბალი“ იყო. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მასთან ბევრი ადამიანი თავს, შეიძლება ითქვას, გამოცოცხლებულად გრძნობდა (მათე 11:28—30).
17 როგორ ჰბაძავენ უხუცესები ქრისტეს თავმდაბლობაში კრების წევრებთან ურთიერთობისას?
17 თუკი ჩვენი წინამძღოლი, ქრისტე, თავმდაბლობას ავლენდა, მით უმეტეს იმ მამაკაცებს მართებთ ამ თვისების გამოვლენა, რომლებსაც ხელმძღვანელობა აკისრიათ კრებაში. დიახ, ისინი ფრთხილობენ, რომ ბოროტად არ გამოიყენონ მათთვის მინდობილი ხელმძღვანელობის უფლება და არ საუბრობენ „ამაღლებული სიტყვით“ — მათი მიზანი სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა არ არის (1 კორინთელთა 2:1, 2). პირიქით, ბიბლიური ჭეშმარიტების სიტყვების გასაგებად და გულწრფელად გადმოცემას ცდილობენ. გარდა ამისა, უხუცესები ცდილობენ, გონივრულად შეხედონ სიტუაციას და ბევრზე ბევრს არ მოელოდნენ თანამორწმუნეებისგან. ისიც მხედველობაში აქვთ, თუ ვის რა სახის დახმარება სჭირდება (ფილიპელთა 4:5). უხუცესებმა იციან, რომ ყველას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს და თანამორწმუნეებთან ურთიერთობისას სიყვარულით ითვალისწინებენ ამ ფაქტს (1 პეტრე 4:8). განა მართლაც გამომაცოცხლებელი არ არის თავმდაბალ და რბილი ხასიათის მქონე უხუცესებთან ურთიერთობა? დიახ, მათ ნამდვილად შვება მოაქვთ ჩვენთვის.
18. რას სწავლობენ უხუცესები ბავშვებისადმი იესოს მოპყრობიდან?
18 იესო მეგობრული იყო და მასთან მისვლა და საუბარი ყველას უადვილდებოდა — თვით პატარებსაც კი. აი, რა უთხრა მან თავის მოწაფეებს, რომლებიც ხალხს იმისთვის კიცხავდნენ, რომ იესოსთან ‘ბავშვები მოჰყავდათ’: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას“. შემდეგ „მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი“ (მარკოზი 10:13—16). იესო თბილი და კეთილი იყო და ხალხს არ ეშინოდა მისი, პირიქით, გული მიუწევდათ მისკენ. ბავშვებიც კი თავისუფლად გრძნობდნენ თავს იესოსთან. უხუცესებიც მეგობრულები არიან და როდესაც სითბოსა და სიკეთეს ავლენენ, ყველანი — მათ შორის ბავშვებიც — თავს შესანიშნავად გრძნობენ მათ გარემოცვაში.
19. რას ნიშნავს „ქრისტეს აზრის“ ქონა და რა არის საჭირო მის შესაძენად?
19 რამდენად კარგად ჰბაძავენ უხუცესები იესო ქრისტეს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად იცნობენ მას. „ვინ შეიცნო უფლის აზრი, რათა ასწავლოს მას?“, — იკითხა პავლემ. შემდეგ კი დასძინა: „ჩვენ კი გვაქვს ქრისტეს აზრი“ (1 კორინთელთა 2:16). რას ნიშნავს ქრისტეს აზრის ქონა? ეს იმას ნიშნავს, რომ ვიცოდეთ, როგორ აზროვნებს ქრისტე და ვიცოდეთ მისი პიროვნების ყველა თავისებურება, რაც თავის მხრივ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა იგი ამა თუ იმ სიტუაციაში. დაფიქრდით, რა კარგი იქნება, რომ ასე ახლოს ვიცნობდეთ ჩვენს წინამძღოლს! ამისთვის კი საჭიროა სახარებების დიდი ყურადღებით კითხვა და იესოს ცხოვრებასა და მაგალითზე რეგულარულად ფიქრი. როდესაც უხუცესები არაფერზე იხევენ უკან, ოღონდაც კი ყველაფერში დაემორჩილონ ქრისტეს წინამძღოლობას, კრების წევრებსაც უფრო უადვილდებათ მათთვის რწმენაში მიბაძვა. როდესაც ხედავენ, რომ ქრისტიანები კვალდაკვალ მიჰყვებიან თავიანთ წინამძღოლს, უხუცესები კმაყოფილებას გრძნობენ.
ნუ შეწყვეტთ ქრისტეს წინამძღოლობისადმი მორჩილებას
20, 21. რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი, როდესაც აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებას ველით?
20 მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს შევწყვიტოთ ქრისტეს წინამძღოლობისადმი მორჩილება. რაც უფრო ახლოვდება ამ სისტემის აღსასრული, ჩვენი სიტუაცია მით უფრო წააგავს ძვ. წ. 1473 წელს მოაბის ველზე დაბანაკებულ ისრაელთა მდგომარეობას. ისინი აღთქმული მიწის ზღურბლზე იდგნენ როდესაც წინასწარმეტყველ მოსეს მეშვეობით ღმერთმა განაცხადა: „შენ [იესო ნავეს ძევ] უნდა წაჰყვე ამ ერს იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მის მამა-პაპას“ (მეორე რჯული 31:7, 8). იესო ნავეს ძე ღვთის მიერ დანიშნული წინამძღოლი იყო. ისრაელები იმ შემთხვევაში შევიდოდნენ აღთქმულ მიწაზე, თუ იესო ნავეს ძის წინამძღოლობას დაემორჩილებოდნენ.
21 ბიბლია გვეუბნება: „წინამძღოლი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე“. მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ჩვენი გაძღოლა აღთქმულ ახალ ქვეყნიერებისკენ, სადაც სიმართლე იქნება დამკვიდრებული (2 პეტრე 3:13). მაშ, მოდი მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ ცხოვრების ყველა სფეროში დავემორჩილოთ იესოს წინამძღოლობას.
[სქოლიოები]
a აქ მოხსენიებული „ვარსკვლავები“ პირდაპირი გაგებით ანგელოზებს არ გულისხმობს. იესო არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებდა ადამიანს უხილავი სულიერი ქმნილებებისათვის წერილობითი ინფორმაციის გადასაცემად. ამიტომ, „ვარსკვლავებში“ უნდა იგულისხმებოდეს კრებებზე მზრუნველი ადამიანი-ზედამხედველები ანუ უხუცესები, რომლებიც იესოს წარმომადგენლებად ითვლებიან. რიცხვი შვიდი ღვთის მიერ მათ სრულქმნილებად მიჩნევაზე მიუთითებს.
გახსოვთ თუ არა?
• როგორ წინამძღოლობდა ქრისტე პირველ კრებას?
• როგორ წინამძღოლობს დღეს ქრისტე კრებას?
• რატომ უნდა დავემორჩილოთ მამაკაცებს, რომლებსაც ხელმძღვანელობა აკისრიათ კრებაში?
• როგორ შეუძლიათ უხუცესებს სხვებისთვის იმის დანახვება, რომ ემორჩილებიან თავიანთ წინამძღოლს — ქრისტეს?
[სურათი 15 გვერდზე]
ქრისტე წინამძღოლობს თავის კრებას და ზედამხედველები მარჯვენა ხელში ჰყავს.
[სურათები 16 გვერდზე]
„გაუგონეთ მათ, რომლებსაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრიათ და დაემორჩილეთ“.
[სურათი 18 გვერდზე]
იესო თბილი და მეგობრული იყო. ქრისტიანი უხუცესები ცდილობენ, მას მიჰბაძონ.