დავაფასოთ „ძღვენი ადამიანების სახით“
„სცანით თქვენს შორის მშრომელნი და . . . უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი, მათი საქმის გამო“ (1 თესალონიკელთა 5:12, 13).
1. საქმეების 20:35-ის თანახმად, რა შეუძლია გაცემას? მოიყვანეთ თვალსაჩინო მაგალითი.
„გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). გახსოვთ, ბოლოს როდის გამოსცადეთ იესოს ამ სიტყვების ჭეშმარიტება? შეიძლება ეს მოხდა მაშინ, როცა თქვენთვის ძალიან საყვარელ ადამიანს რამე აჩუქეთ. საჩუქარს ყურადღებით ირჩევდით, რადგან გინდოდათ, ის ძვირფასი ყოფილიყო მისთვის. როგორ გაგიხარებდათ გულს მისი სახის აღფრთოვანებული გამომეტყველება! სათანადო გრძნობით გაცემა სიყვარულის გამოხატვაა, სიყვარულის გამოხატვას კი ბედნიერების მოტანა შეუძლია.
2, 3. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ არავინ არის იეჰოვაზე ბედნიერი, და როგორ შეუძლია „ძღვენს ადამიანების სახით“ გული გაუხაროს მას? ბ) რას არ ვისურვებდით ღვთის მიერ ბოძებულ ძღვენთან დაკავშირებით?
2 მაშ, ვინ იქნება იეჰოვაზე — „ყველა კეთილი საბოძვრის“ გამცემზე — ბედნიერი?! (იაკობი 1:17; 1 ტიმოთე 1:11, სსგ). ის ნებისმიერ ძღვენს სიყვარულიდან გამომდინარე იძლევა (1 იოანე 4:8). ეს, რაღა თქმა უნდა, მართლდება ძღვენზე, რომელიც ღმერთმა კრებას უბოძა ქრისტეს მეშვეობით, — „ძღვენზე ადამიანების სახით“ (ეფესელთა 4:8, აქ). სამწყსოზე მზრუნველი უხუცესების დანიშვნა იეჰოვას მიერ მისი ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამომხატველია. ამ კაცების ამორჩევა გულდასმით ხდება — ისინი ბიბლიურ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდნენ (1 ტიმოთე 3:1-7; ტიტე 1:5-9). მათ იციან, რომ უნდა ‘დაინდონ სამწყსო’ (ანუ სათუთად მოეპყრონ მას), რადგან სამწყსოს ამ შემთხვევაში ექნება მადლიერების საფუძველი ასეთი მოსიყვარულე მწყემსების გამო (საქმეები 20:29; ფსალმუნი 99:3). როცა იეჰოვა ხედავს, რომ მის სამწყსოს გული ამგვარი მადლიერებით აქვს სავსე, რასაკვირველია, მისი გულიც ხარობს! (იგავნი 27:11).
3 რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, გავაუფასუროთ ღვთის მიერ ბოძებული ძღვენი; არც ის გვინდა, რომ უმადურები აღმოვჩნდეთ. ამიტომ იბადება ორი კითხვა: როგორ უნდა უყურებდნენ უხუცესები თავიანთ როლს კრებაში? და როგორ შეუძლიათ სამწყსოს დანარჩენ წევრებს იმის გამოხატვა, რომ აფასებენ „ძღვენს ადამიანების სახით“?
‘თქვენი თანაშემწენი ვართ’
4, 5. ა) რას ადარებს პავლე კრებას და რატომ არის ეს შესაფერისი თვალსაჩინო მაგალითი? ბ) რას გვიჩვენებს პავლეს მიერ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითი ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე?
4 კრებაში „ძღვენი ადამიანების სახით“ იეჰოვამ გარკვეული უფლებამოსილებით აღჭურვა. რა თქმა უნდა, უხუცესებს არ სურთ, ბოროტად გამოიყენონ ეს, მაგრამ მათ იციან, რომ არასრულყოფილ ადამიანს არ გაუჭირდება ამის გაკეთება. ამიტომ როგორ დამოკიდებულებაში უნდა იყვნენ ისინი სამწყსოს დანარჩენ წევრებთან? ყურადღება მიაქციეთ მოციქულ პავლეს მიერ მოყვანილ თვალსაჩინო მაგალითს. იმის განხილვის შემდეგ, რისთვის არის ბოძებული „ძღვენი ადამიანების სახით“, პავლემ დაწერა: „სიყვარულით . . . ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი — ქრისტე. ვის მიერაც მთელი სხეული, შენაწევრებული და შემტკიცებული ყოველნაირი მაცოცხლებელი კავშირების საშუალებით, სხეულის თითოეული ასოს ზომიერად მოქმედებით იზრდება თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად“ (ეფესელთა 4:15, 16). ამგვარად, კრებას — როგორც უხუცესებს, ისე დანარჩენ წევრებს — პავლე ადამიანის სხეულს ადარებს. რატომ არის ეს თვალსაჩინო მაგალითი შესაფერისი?
5 ადამიანის სხეულს, რომელიც ბევრი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება, მხოლოდ ერთი თავი აქვს. მას არაფერი აქვს ზედმეტი — იქნება ეს კუნთი, ნერვი თუ ვენა. თითოეული ძვირფასია და გარკვეული წვლილი შეაქვს მთელი სხეულის ჯანმრთელობასა და სილამაზეში. მსგავსად ამისა, კრებაც მრავალი სხვადასხვა წევრისგან შედგება, მაგრამ თითოეულს — ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს, ღონიერსა თუ სუსტს — შეუძლია გარკვეული წვლილის შეტანა კრების საერთო სულიერ ჯანმრთელობასა და სილამაზეში (1 კორინთელთა 12:14-26). არავინ უნდა იფიქროს, რომ არაფერს წარმოადგენს, მეორე მხრივ, არც ის, რომ რაიმეთი ვინმეზე მეტია, რადგან ყველა — როგორც მწყემსები, ისე სამწყსო — სხეულის ნაწილს წარმოვადგენთ და მხოლოდ ერთი თავი გვყავს — ქრისტე. ამგვარად, პავლე წარმოგვიდგენს შესანიშნავ სურათს, რომელზეც ასახულია სიყვარული, მზრუნველობა და პატივისცემა, რასაც ერთმანეთის მიმართ უნდა ვავლენდეთ. ამის დანახვა უხუცესებს ეხმარება, თავმდაბლად და გაწონასწორებულად უყურონ თავიანთ როლს კრებაში.
6. როგორ გამოავლინა პავლემ თავმდაბლობა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მოციქულს, გარკვეული უფლებამოსილება ჰქონდა?
6 ეს „ძღვენი ადამიანების სახით“ არ ცდილობს, იუფლოს თანამორწმუნეების ცხოვრებასა და რწმენაზე. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მოციქულს, გარკვეული უფლებამოსილება ჰქონდა, პავლემ კორინთელებს თავმბდაბლურად უთხრა: „არა იმიტომ, რომ თქვენს რწმენაზე ვუფლობთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი სიხარულის თანაშემწენი ვართ: რადგანაც რწმენითა დგახართ“ (2 კორინთელთა 1:24, სსგ). პავლეს არ სურდა ეუფლა ძმების რწმენასა და ცხოვრებაზე. ის ამის საჭიროებას ვერ ხედავდა, რადგან, როგორც გამოხატა, დარწმუნებული იყო, რომ ეს კაცები და ქალები ერთგულები იყვნენ, ვინაიდან იმიტომ გახდნენ იეჰოვას ორგანიზაციის წევრები, რომ უნდოდათ ეკეთებინათ ის, რაც სწორია. აქედან გამომდინარე, საკუთარ თავსა და თანამგზავრ ტიმოთეზე ლაპარაკისას პავლე, ფაქტობრივად, ამბობდა: ‘ჩვენი საქმე თქვენთან თანამშრომლობაა, რომ სიხარულით ვემსახუროთ ღმერთს’ (2 კორინთელთა 1:1). როგორი თავმდაბლობის მაჩვენებელია ეს!
7. როგორ ესმით თავიანთი როლი თავმდაბალ უხუცესებს კრებაში და რაში არიან ისინი დარწმუნებული თანამშრომლებთან დაკავშირებით?
7 „ძღვენს ადამიანების სახით“ დღეს იგივე საქმე აქვს. ისინი ‘ჩვენი სიხარულის თანაშემწენი’ არიან. თავმდაბალ უხუცესებს ესმით, რომ მათი გადასაწყვეტი არ არის, ვის რამდენის კეთება შეუძლია ღვთისადმი მსახურებაში. მათ იციან, რომ, თუმცა შეუძლიათ წაახალისონ ვინმე ღვთისადმი მსახურების გაზრდისა თუ გაუმჯობესებისკენ, ეს სურვილი მისი გულიდან უნდა მომდინარეობდეს (შეადარეთ 2 კორინთელთა 9:7). ისინი დარწმუნებული არიან, რომ, თუ მათი თანამშრომლები სიხარულით აღივსებიან, შეძლებისდაგვარად ყველაფერს გააკეთებენ. ამგვარად, მათი გულწრფელი სურვილია — დაეხმარონ ძმებს, ‘სიხარულით ემსახურონ უფალს’ (ფსალმუნი 99:2, კს).
ყველას დაეხმარეთ, რომ სიხარულით იმსახურონ
8. როგორ შეუძლიათ უხუცესებს დაეხმარონ ძმებს იეჰოვასადმი სიხარულით მსახურებაში?
8 უხუცესებო, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ძმებს, რომ სიხარულით იმსახურონ? წაახალისეთ ისინი პირადი მაგალითით (1 პეტრე 5:3). გამოავლინეთ გულმოდგინება და სიხარული მსახურებაში, რამაც შეიძლება აღძრას სხვები, მიბაძონ თქვენს მაგალითს. შეაქეთ ისინი სულითა და გულით მოხმარებული ძალისხმევისთვის (ეფესელთა 4:29). გულთბილი და გულწრფელი შექება ეხმარება მათ იგრძნონ, რომ გამოსადეგები და საჭიროები არიან. ეს ახალისებს სამწყსოს და აღძრავს, საუკეთესო აკეთონ ღვთისადმი მსახურებაში. ერიდეთ მათ შედარებას (გალატელთა 6:4). ასეთი შედარება უფრო გულგატეხილობას გამოიწვევს, ვიდრე უკეთესობისკენ აღძრავს. გარდა ამისა, იეჰოვას სამწყსო ცალკეული პიროვნებებისგან შედგება, რომელთაც სხვადასხვა მდგომარეობა და უნარი აქვთ. პავლეს მსგავსად, გამოხატეთ თქვენი დარწმუნება ძმებში. სიყვარულს „ყველაფერი სწამს“, ამიტომ კარგია, თუ გვწამს, რომ ძმებს უყვართ ღმერთი და უნდათ, ასიამოვნონ მას (1 კორინთელთა 13:7). „პატივისცემით“ მათ საუკეთესო თვისებებს გამოავლენინებთ (რომაელთა 12:10). გარწმუნებთ, რომ გამხნევებული და გამოცოცხლებული სამწყსოს წევრების უმეტესობა შეძლებისდაგვარად ყველაფერს გააკეთებს ღვთისადმი მსახურებაში და ამით სიხარულს ჰპოვებს (მათე 11:28-30).
9. სხვა უხუცესებზე როგორი შეხედულება დაეხმარება თითოეულ უხუცესს სიხარულით მსახურებაში?
9 თუ საკუთარ თავს თავმდაბლურად შეხედავთ, როგორც „თანაშემწეს“, ეს თქვენვე დაგეხმარებათ, სიხარულით იმსახუროთ და დააფასოთ სხვა უხუცესები, როგორც უნიკალური ძღვენი. თითოეულ უხუცესს თავისებური ნიჭი და უნარი აქვს, რის გამოყენებაც კრების სასარგებლოდ შეუძლია (1 პეტრე 4:10). ერთს შეიძლება სწავლების ნიჭი ჰქონდეს, სხვა წარმატებული ორგანიზატორი იყოს, კიდევ სხვასთან შეიძლება განსაკუთრებით ადვილი იყოს ურთიერთობის დამყარება, რადგან გულთბილი და თანამგრძნობია. ფაქტია, ყველაფრის ნიჭი არც ერთ უხუცესს არ ექნება. მაგრამ, რა ნიჭიც უნდა ჰქონდეს უხუცესს, — ვთქვათ, სწავლებისა — აყენებს ეს მას სხვა უხუცესზე მაღლა? არავითარ შემთხვევაში! (1 კორინთელთა 4:7). მეორე მხრივ, არ უნდა შეგვშურდეს, რომ სხვას რაიმეს ნიჭი აქვს; ამასთანავე, როცა რომელიმე უხუცესს აქებენ მისი უნარის გამო, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ არ შევესაბამებით მოთხოვნებს. გახსოვდეთ, რომ თქვენც გაქვთ ნიჭები, რომლებსაც იეჰოვა ხედავს თქვენში. და მას შეუძლია დაგეხმაროთ ამ ნიჭების განვითარებასა და ძმების სასარგებლოდ მათ გამოყენებაში (ფილიპელთა 4:13, აფ).
‘მოუსმინეთ და დაემორჩილეთ’
10. რატომ არის მართებული, მადლიერება გამოვხატოთ „ძღვენისთვის ადამიანების სახით“?
10 როცა საჩუქარს ვღებულობთ, მართებულია მადლიერების გამოხატვა. „იყავით მადლიერნი“, — ნათქვამია კოლასელთა 3:15-ში. მაშ, რა შეიძლება ითქვას „ძღვენზე ადამიანების სახით“ — ძვირფას ძღვენზე, რომელიც იეჰოვამ გვიბოძა? რასაკვირველია, პირველ რიგში, ვემადლიერებით იეჰოვას, გულუხვ დამსაჩუქრებელს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას თვითონ „ძღვენზე ადამიანების სახით“? როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ, რომ ვაფასებთ მათ?
11. ა) როგორ შეგვიძლია მადლიერების გამოვლენა „ძღვენისთვის ადამიანების სახით“? ბ) რას ნიშნავს გამოთქმები „მოუსმინეთ“ და „დაემორჩილეთ“?
11 მადლიერება „ძღვენისთვის ადამიანების სახით“ შეგვიძლია გამოვხატოთ იმით, რომ არ ვაყოვნებთ ბიბლიაზე დაფუძნებული მათი რჩევებისა და გადაწყვეტილებების მიყოლას. ბიბლია გვირჩევს: „მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არ კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის“ (ებრაელთა 13:17). ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩვენს „წინამძღოლებს“ არა მარტო უნდა ‘მოვუსმინოთ’, არამედ უნდა ‘დავემორჩილოთ’ კიდეც. „დაემორჩილეთ“ თარგმნილია ბერძნული სიტყვიდან, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს „დაუთმეთ“. გამოთქმებთან „მოუსმინეთ“ და „დაემორჩილეთ“ დაკავშირებით ბიბლიის მკვლევარი რ. ს. ჰ. ლენსკი ამბობს: „ადამიანი უსმენს სხვას, როცა ეთანხმება იმას, რაც დაავალეს, რის სისწორესა და მარგებლობაშიც დაარწმუნეს; ხოლო ემორჩილება . . . როცა საპირისპირო აზრი აქვს“. როცა გვესმის და ვეთანხმებით ჩვენი „წინამძღოლების“ მითითებას, დამორჩილება არ გაგვიჭირდება. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაზე, როცა არ გვესმის გარკვეული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?
12. რატომ უნდა დავემორჩილოთ, ანუ დავუთმოთ, მაშინაც კი, როცა სრულად არ გვესმის გარკვეული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?
12 სწორედ აქ შეიძლება დაგვჭირდეს დამორჩილება, ანუ დათმობა. რატომ? უპირველესად, უნდა გვჯეროდეს, რომ ეს სულიერად კვალიფიცირებული კაცები ჩვენზე ზრუნავენ. ბოლოს და ბოლოს, მათ კარგად იციან, რომ იეჰოვას უნდა ჩააბარონ ანგარიში სამწყსოსთან დაკავშირებით, რომელიც მათ მიებარა საზრუნველად (იაკობი 3:1). გარდა ამისა, კარგია, თუ გვახსოვს, რომ შეიძლება არ ვიცოდეთ ყველა კონფიდენციალური ფაქტი, რომლებმაც ისინი გადაწყვეტილების მიღებამდე მიიყვანა (იგავნი 18:13).
13. რა დაგვეხმარება დამორჩილებაში, როცა საქმე უხუცესთა სამართლებრივ გადაწყვეტილებას ეხება?
13 რა შეიძლება ითქვას დამორჩილებაზე, როცა საქმე სამართლებრივ გადაწყვეტილებას ეხება? ცხადია, ეს შეიძლება არ იყოს ადვილი, განსაკუთრებით, თუ ჩვენთვის საყვარელი ადამიანის — ნათესავის ან ახლო მეგობრის — გარიცხვა გადაწყდა. აქაც უმჯობესია დავემორჩილოთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო „ძღვენმა ადამიანების სახით“. ისინი უფრო ობიექტურები იქნებიან, ვიდრე ჩვენ; თანაც, მათ შეიძლება მეტი ფაქტი ჰქონდეთ. ეს ძმები ხშირად ძლიერ განიცდიან ასეთი გადაწყვეტილების მიღებას; ‘ღმრთის სასჯელის სჯა’ სერიოზული პასუხისმგებლობაა (მეორე ნეშტთა 19:6, მცხეთური ხელნაწერები). ისინი ყველანაირად ცდილობენ, გულმოწყალეები იყვნენ, რადგან ახსოვთ, რომ ღმერთი „შემბრალეა“ (ფსალმუნი 85:5). მაგრამ მათ კრებაც წმინდად უნდა დაიცვან; ბიბლია მოუწოდებს, რომ მოუნანიებელი შემცოდველები გარიცხონ (1 კორინთელთა 5:11-13). მრავალ შემთხვევაში შემცოდველი თვითონვე იღებს გადაწყვეტილებას. დასჯა შეიძლება სწორედ ის იყოს, რაც მას სჭირდება გონს მოსაგებად. თუ ჩვენ, მისი საყვარელი ადამიანები, ვემორჩილებით მიღებულ გადაწყვეტილებას, შეიძლება ამით დავეხმაროთ მას, სარგებლობა მიიღოს დასჯისგან (ებრაელთა 12:11).
„უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი“
14, 15. ა) 1-ლი თესალონიკელთა 5:12, 13-ის თანახმად, რატომ იმსახურებენ უხუცესები ჩვენს სიყვარულს? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ უხუცესები ‘ჩვენ შორის მშრომელნი’ არიან?
14 მადლიერების გამოხატვა „ძღვენისთვის ადამიანების სახით“ შეგვიძლია აგრეთვე მათდამი სიყვარულის გამოვლენით. თესალონიკეში არსებული კრებისთვის მიწერილ წერილში პავლე მის წევრებს მოუწოდებდა: „სცანით თქვენს შორის მშრომელნი და თქვენი წინამძღოლნი უფალში და თქვენი დამრიგებელნი. უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი, მათი საქმის გამო“ (1 თესალონიკელთა 5:12, 13). „მშრომელნი“ — არ აღწერს ეს ერთგულ უხუცესებს, რომლებიც უანგაროდ იხარჯებიან ჩვენ სასარგებლოდ? დაფიქრდით, რა მძიმე ტვირთს ატარებენ ეს ძვირფასი ძმები.
15 ხშირ შემთხვევაში ისინი დაოჯახებული არიან და ოჯახის სარჩენად მუშაობა უწევთ (1 ტიმოთე 5:8). თუ უხუცესს შვილები ჰყავს, პატარებს მამის მხრიდან დრო და ყურადღება ესაჭიროებათ. შეიძლება საჭირო იყოს მათთვის დახმარების გაწევა საშინაო დავალებების მომზადებაში, აგრეთვე გარკვეული დროის გამოყოფა ენერგიით აღსავსე ბავშვებთან ჯანსაღი გართობისთვის (ეკლესიასტე 3:1, 4). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნავს — რეგულარულად ატარებს ბიბლიის ოჯახურ შესწავლას, თანამშრომლობს ოჯახის წევრებთან სამქადაგებლო მსახურებაში და მათთან ერთად დადის ქრისტიანულ შეხვედრებზე (მეორე რჯული 6:4-7; ეფესელთა 6:4). თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ მოვალეობების გარდა, რომლებიც ბევრ ჩვენგანს აკისრია, უხუცესებს სხვა საქმეებიც აქვთ — ესენია: შეხვედრისთვის დავალების მომზადება, სამწყემსო მონახულება, კრების სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვა და, აუცილებლობის შემთხვევაში, სამართლებრივი საქმეების მართვა. ზოგს დამატებითი მოვალეობები აქვს სარაიონო თუ საოლქო კონგრესებზე, სამეფო დარბაზის მშენებლობაზე და საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტებში. ეს ძმები, მართლაც, „მშრომელნი“ არიან!
16. როგორ შეგვიძლია უხუცესების მიმართ სიყვარულის გამოჩენა?
16 როგორ შეგვიძლია სიყვარული „გამოვუჩინოთ“ მათ? ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ (იგავნი 15:23; 25:11). ამგვარად, გულწრფელი სამადლობელი და გამამხნევებელი სიტყვებით შეგვიძლია დავანახვოთ, რომ მათს შრომას უმნიშვნელოდ არ მივიჩნევთ. ამავე დროს, ზედმეტს არ უნდა მოველოდეთ მათგან. ერთი მხრივ, თავისუფლად უნდა შეგვეძლოს მათ დახმარებისთვის მივმართოთ. ზოგჯერ შეიძლება ‘გული გვითრთის’ და ბიბლიაზე დაფუძნებული გამხნევება, ხელმძღვანელობა ან რჩევა გვესაჭიროება მათი მხრიდან, ვინც ღვთის სიტყვით „დამმოძღვრავია“ (ფსალმუნი 54:5; 1 ტიმოთე 3:2). ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ დრო, რომელიც უხუცესს შეუძლია დაგვითმოს, შეზღუდულია, რადგან მას არ შეუძლია საკუთარი ოჯახის ან კრების სხვა წევრების მოთხოვნილებების უგულებელყოფა. თუ ‘გული შეგვტკივა’ ამ მშრომელ ძმებზე, ზედმეტს არ უნდა მოველოდეთ მათგან (1 პეტრე 3:8). პირიქით, დავაფასოთ ისინი ჩვენთვის შეძლებისდაგვარად დათმობილი ნებისმიერი დროისა და ყურადღებისთვის (ფილიპელთა 4:5, აქ).
17, 18. რა მსხვერპლს იღებს მრავალი მეუღლე, რომელთა ქმრებიც უხუცესები არიან, და როგორ შეგვიძლია მათი დაფასება?
17 რის თქმა შეიძლება უხუცესების ცოლებზე? განა ისინიც არ იმსახურებენ ჩვენს სიყვარულს? ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ კრებაზე ზრუნვის საშუალებას აძლევენ ქმრებს. მათი მხრიდან ეს ხშირად მსხვერპლს მოითხოვს. უხუცესებს ხანდახან უწევთ, საღამო საათები კრების საკითხებს დაუთმონ, როცა შეეძლოთ ეს დრო თავიანთ ოჯახებთან ერთად გაეტარებინათ. მრავალ კრებაში ერთგული ქრისტიანი ქალები ხალისით იღებენ ასეთ მსხვერპლს, რომ მათმა ქმრებმა იეჰოვას სამწყსოზე იზრუნონ (შეადარეთ 2 კორინთელთა 12:15).
18 როგორ შეგვიძლია ამ ერთგული ქრისტიანი დების დაფასება? რასაკვირველია, იმით, რომ მეტისმეტად არ შევაწუხოთ მათი ქმრები. ამასთანავე, მადლიერების გამომხატველი უბრალო სიტყვების ძალაც ნუ დაგვავიწყდება. იგავნის 16:24-ში ნათქვამია: „ამო (ანუ საამო) საუბარი გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ძვლის კურნება“. განვიხილოთ ერთი შემთხვევა. ქრისტიანული შეხვედრის შემდეგ ერთი წყვილი უხუცესთან მივიდა და თავიანთ მოზარდ ვაჟთან დაკავშირებით საუბარი სთხოვა. სანამ უხუცესი ამ წყვილს ესაუბრებოდა, მისი მეუღლე მოთმინებით ელოდა მას. მოგვიანებით მოზარდის დედა უხუცესის მეუღლესთან მივიდა და უთხრა: „მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენმა მეუღლემ დრო გამოყო ჩვენი ოჯახის დასახმარებლად“. მადლიერების გამომხატველი ეს უბრალო, თბილი სიტყვები ნამდვილად შეეხო იმ უხუცესის მეუღლის გულს.
19. ა) რა დავალებას ასრულებენ ერთგულად უხუცესები, როგორც ჯგუფი? ბ) რა უნდა ვაკეთოთ ყველამ?
19 სამწყსოზე მზრუნველი უხუცესები იეჰოვას ერთ-ერთი „კეთილი საბოძვარია“ (იაკობი 1:17). ეს კაცები არ არიან სრულყოფილები; ისინიც ჩვენსავით ცდებიან ხოლმე (მესამე მეფეთა 8:46). მიუხედავად ამისა, როგორც ჯგუფი, უხუცესები მთელი მსოფლიოს კრებებში ერთგულად ასრულებენ იეჰოვას მიერ მათთვის მიცემულ დავალებას — სახელდობრ, ცდილობენ გამოასწორონ, აღაშენონ, გააერთიანონ და დაიცვან სამწყსო. დაე თითოეულმა უხუცესმა გადაწყვიტოს — განაგრძოს იეჰოვას სამწყსოზე სიყვარულით ზრუნვა და ამგვარად აჩვენოს, რომ ძღვენს ანუ კურთხევას წარმოადგენს ძმებისთვის. ჩვენ ყველამ კი გამოვავლინოთ მადლიერება „ძღვენისთვის ადამიანების სახით“ იმით, რომ მოვუსმენთ და დავემორჩილებით მათ და სიყვარულს გამოვიჩენთ მათდამი მათი შრომისთვის. რა მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვამ სიყვარულით გვიბოძა კაცები, რომლებიც, ფაქტობრივად, ეუბნებიან მის სამწყსოს: ‘ჩვენი საქმე თქვენთვის დახმარების აღმოჩენაა, რომ სიხარულით ემსახუროთ ღმერთს’!
როგორ უპასუხებდით?
◻ რატომ არის შესაფერისი კრების შედარება სხეულთან?
◻ როგორ შეუძლიათ უხუცესებს ძმებისთვის დახმარების აღმოჩენა, რომ ისინი სიხარულით ემსახურონ იეჰოვას?
◻ რატომ არის აუცილებელი არა მხოლოდ მოვუსმინოთ, არამედ დავემორჩილოთ კიდეც ჩვენს „წინამძღოლებს“?
◻ როგორ შეგვიძლია სიყვარული გამოვიჩინოთ უხუცესების მიმართ?
[სურათი 16 გვერდზე]
უხუცესები აქებენ სამწყსოს სულითა და გულით მოხმარებული ძალისხმევისთვის.
[სურათი 17 გვერდზე]
გულმოდგინე მსახურებით უხუცესებს შეუძლიათ დაეხმარონ ოჯახის წევრებსა და სხვებს, სიხარულით იმსახურონ.
[სურათები 18 გვერდზე]
ვაფასებთ ჩვენს მშრომელ უხუცესებს!