სიხარულით „სიტყვის შემსრულებელნი“
„მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი [მშვიდად ჩაინერგეთ, აქ] სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია. იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი“ (იაკობი 1:21, 22).
1. როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს 1996 წლის მუხლთან დაკავშირებით?
„იყავით სიტყვის შემსრულებელნი“. ამ მარტივ გამონათქვამში მრავლისმომცველი ინფორმაციაა. ეს სიტყვები აღებულია „იაკობის წერილიდან“, რომელიც მოცემულია ბიბლიაში და ეს სიტყვები 1996 წლის განმავლობაში იქნება სამეფო დარბაზებში, როგორც იეჰოვას მოწმეების წლიური მუხლი.
2, 3. რატომ იყო შესაფერი, რომ იაკობს უნდა დაეწერა წერილი, რომელიც მის სახელს ატარებს?
2 იაკობი, უფალი იესოს ნახევარძმა, ცნობილი იყო ადრინდელ ქრისტიანთა კრებაში. უფალი იესო, აღდგომის შემდეგ, პირადად ერთხელ გამოეცხადა იაკობს და შემდეგ ყველა მოციქულს (1 კორინთელთა 15:7). მოგვიანებით, როდესაც მოციქული პეტრე სასწაულით გათავისუფლდა ციხიდან, მან შეკრებილ ქრისტიანებს უთხრა: „შეატყობინეთ ეს იაკობს და ძმებს“ (საქმეები 12:17). მიუხედავად იმისა, რომ თავად იაკობი არ იყო მოციქული, როგორც ჩანს, თავმჯდომარეობდა იერუსალიმში ხელმძღვანელი კორპორაციის შეხვედრას, როდესაც მოციქულებმა და უხუცესებმა გადაწყვიტეს, რომ წარმართებიდან ახლადმოქცეულებისთვის არ იყო საჭირო წინადაცვეთა. იაკობმა შეაჯამა საკითხები, გადაწყვეტილებაც განმტკიცდა სულიწმიდით და გაეგზავნა ყველა კრებას (საქმეები 15:1–29).
3 ცხადია, იაკობის მოწიფულ აზროვნებას საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. და როგორც ჩანს, ის თავმდაბლურად ხვდებოდა, რომ „უფლის იესო ქრისტეს მონა“ იყო (იაკობი 1:1). მის ინსპირირებულ წერილში უამრავი ძვირფასი და საყურადღებო რჩევა და გამხნევებაა დღევანდელი ქრისტიანებისთვის. ეს წერილი დაიწერა დაახლოებით ოთხი წლით ადრე, სანამ რომაელები პირველად შეუტევდნენ იერუსალიმს გენერალ ცესტიუს გალუსის ხელმძღვანელობით. კეთილი ცნობა „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23). კრიტიკული დრო იყო და იეჰოვას მსახურები დარწმუნებული იყვნენ, რომ ღვთის განაჩენი ძალიან მალე შესრულდებოდა იუდეველ ხალხზე.
4. რა ცხადყოფს, რომ ადრინდელ ქრისტიანებს ღრმად სწამდათ ღვთის სიტყვა?
4 იმ ქრისტიანებს უკვე ჰქონდათ მთელი ებრაული წერილები და ბერძნული წერილების უმეტესი ნაწილი. როგორც მათ მიერ ღვთის ადრინდელი წერილებიდან გაკეთებული მრავალრიცხოვანი ციტატა ცხადყოფს, ბიბლიის ქრისტიან მწერლებს ღრმად სწამდათ ღვთის სიტყვა. ასევე დღეს ჩვენც გვესაჭიროება ღვთის სიტყვის გულითადი შესწავლა და ცხოვრებაში გამოყენება. იმისთვის, რომ მოვითმინოთ, აუცილებელია სულიერი სიძლიერე და გაბედულება, რითაც სულიწმიდა უზრუნველგვყოფს (ფსალმუნი 118:97; 1 ტიმოთე 4:13).
5. რატომ გვესაჭიროება განსაკუთრებული ხელმძღვანელობა დღეს და სად ვიპოვით მას?
5 დღეს კაცობრიობა დგას ‘დიდი გასაჭირის ზღურბლზე როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება’ (მათე 24:21). ჩვენი გადარჩენა დამოკიდებულია ღვთიურ ხელმძღვანელობაზე. როგორ შეგვიძლია მისი პოვნა? გული გავუხსნათ ღვთის სულით ინსპირირებულ სიტყვას. ეს წაგვიძღვება იმისკენ, რომ გავხდეთ „სიტყვის შემსრულებელნი“, იეჰოვას იმ ერთგული მსახურების მსგავსად, რომლებიც წარსულში ცხოვრობდნენ. ჩვენ ბეჯითად უნდა ვიკითხოთ და ვისწავლოთ ღვთის სიტყვა და გამოვიყენოთ იეჰოვას სადიდებლად (2 ტიმოთე 2:15; 3:16, 17).
მოთმინება სიხარულით
6. რატომ უნდა ვპოულობდეთ სიხარულს განსაცდელისას?
6 თავისი წერილის დასაწყისში იაკობმა მოიხსენია სიხარული — ღვთის სულის მეორე ნაყოფი. ის წერს: „ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს“ (იაკობი 1:2–4; გალატელთა 5:22, 23). როგორ შეიძლება ითქვას, რომ ‘ყოველგვარ სიხარულად ჩათვალო’, მრავალი განსაცდელი? იესომ მთაზე ქადაგებისას თქვა: „ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში“ (მათე 5:11, 12). უდიდესი სიხარულის მომტანია, როდესაც ვხედავთ, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას, თუკი ვისწრაფით მარადიული სიცოცხლისკენ (იოანე 17:3; 2 ტიმოთე 4:7, 8; ებრაელთა 11:8–10, 26, 35).
7. ა) როგორ შეიძლება გაგვეწიოს დახმარება, რომ გავუძლოთ? ბ) როგორ შეიძლება დავჯილდოვდეთ იობის მსგავსად?
7 თავად იესომ მოითმინა ‘მისთვის შეთავაზებული სიხარულისთვის’ (ებრაელთა 12:1, 2, აქ). თუ ყურადღებით დავაკვირდებით იესოს გამამხნევებელ მაგალითს, ჩვენც შევძლებთ მოთმენას! როგორც იაკობმა აღნიშნა თავისი წერილის დასასრულს, იეჰოვა უხვად აჯილდოებს უმწიკვლოების დამცველთ. იაკობი ამბობს: „აჰა, ჩვენ შევნატრით იმ მომთმენთ. იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან მრავალმოწყალე და შემწყალებელია უფალი“ (იაკობი 5:11). გაიხსენე იობი, რომელიც თავისი მოთმინების გამო დაჯილდოვდა იმით, რომ დაუბრუნდა კარგი ჯანმრთელობა და საყვარელ ადამიანებთან ერთად ტკბებოდა დოვლათიანი და ბედნიერი ცხოვრებით. უმწიკვლოების მოთმინებით შენარჩუნება სიხარულს მოგვიტანს აღთქმულ სამოთხეში — ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, რაც იქნება უმაღლესი წერტილი იმ სიხარულისა, რომელსაც იეჰოვასადმი მსახურებაში სწორედ ახლა ვგრძნობთ.
სიბრძნის ძიება
8. როგორ შეგვიძლია ვიპოვოთ ჭეშმარიტი სიბრძნე, რომელსაც ცხოვრებაში გამოვიყენებთ და რა როლს თამაშობს ამაში ლოცვა?
8 ღვთის სიტყვის გულმოდგინე შესწავლასა და ცხოვრებაში გამოყენებას მოჰყვება ღვთიური სიბრძნე, რომელიც მოგვცემს უნარს, რომ გავუძლოთ განსაცდელს, რაც სატანის მომაკვდავ, გახრწნილ სისტემაშია. როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ შესაძლებელია ასეთი სიბრძნის პოვნა? იაკობი გვეუბნება: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა. ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარის აღძრულსა და მიმოტაცებულს“ (იაკობი 1:5, 6). ჩვენ მთელი სერიოზულობით უნდა ვილოცოთ, მტკიცედ დარწმუნებულებმა, რომ იეჰოვა გაიგებს ჩვენს სათხოვარს და შესაფერის დროს საუკეთესოდ გვიპასუხებს.
9. როგორ აღწერს იაკობი ღვთიურ სიბრძნეს და მის გამოყენებას?
9 ღვთიური სიბრძნე ძღვენია იეჰოვასგან. ასეთი ძღვენის აღწერისას იაკობმა თქვა: „ყველა კეთილი საბოძვარი [ძღვენი] და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა“. შემდეგ თავის წერილში იაკობი განმარტავს ჭეშმარიტი სიბრძნის მიღების შედეგებს, როდესაც ამბობს: „ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმენი ბრძნულ მოთმინებაში. . . მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო“ (იაკობი 1:17; 3:13–17).
10. რამდენად უპირისპირდება ცრუ რელიგია ჭეშმარიტ რელიგიას?
10 ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიაში — ქრისტიანული სამყაროა თუ სხვა ქვეყნების რელიგიები, ხშირად, თაყვანისმცემელთა ადათ-წესია ჰიმნების გალობა, ლოცვების მოსმენა, რომლებიც არაერთხელ მეორდება და შესაძლოა, ხანდახან რაიმე ორატორული სიტყვის მოსმენა. მაგრამ არანაირი მოწოდება არ ხდება, რომ იქადაგონ იმედის შესახებ, რადგან რელიგიების უმრავლესობა არ ელის ნათელ მომავალს. დიდებული იმედი ღვთის მესიანური სამეფოს შესახებ ან საერთოდ არ მოიხსენიება, ან სრულიად ბუნდოვანია. ქრისტიანული სამყაროს მიმდევრების შესახებ იეჰოვა წინასწარმეტყველურად ამბობს: „რადგან ორი დანაშაული ჩაიდინა ჩემმა ერმა: მიმატოვეს მე, ცოცხალი წყაროსთვალი და ამოკვეთეს თავისთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ“ (იერემია 2:13). ისინი არ ფლობენ ჭეშმარიტების წყლებს. მათ არა აქვთ ზეციური სიბრძნე.
11, 12. ა) როგორ უნდა წაგვახალისოს ღვთიურმა სიბრძნემ? ბ) რის შესახებ უნდა დაგვაფიქროს ღვთიურმა სიბრძნემ?
11 და დღეს როგორ განსხვავდებიან მათგან იეჰოვას მოწმეები! ღვთის ბოძებული დინამიური ენერგიით მათ მთელი დედამიწა მოიცვეს კეთილი ცნობის ქადაგებით, რომელიც ღვთის მომავალ სამეფოს შეეხება. სიბრძნე, რომელსაც ისინი ლაპარაკობენ, ძირითადად ეყრდნობა ღვთის სიბრძნეს (შეადარე იგავნი 1:20; ესაია 40:29–31). ნამდვილად, ისინი ცხოვრებაში იყენებენ ჭეშმარიტ შემეცნებასა და გონიერებას, რომ იქადაგონ ჩვენი ღვთისა და შემოქმედის დიდებული განზრახვების შესახებ. და ეს ჩვენი სურვილი უნდა იყოს, რომ კრებაში ყველა ‘აღვსილი იყოს მისი [ღვთის] ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით’ (კოლასელთა 1:9). ასეთი საფუძვლის მქონე, როგორც ახალგაზრდები, ასევე ხანდაზმულებიც წახალისებულები არიან, რომ ყოველთვის იყვნენ „სიტყვის შემსრულებელნი“.
12 „მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე“ გვაფრთხილებს ცოდვის შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვთის კეთილგანწყობილების დაკარგვა. „საყვარელო ძმებო, — ამბობს იაკობი, — ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვასა და რისხვაში ნელი. ვინაიდან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს“. დიახ, ჩვენ უნდა ვიყოთ სმენაში მკვირცხლი, გულისყურით უნდა ვუსმენდეთ ღვთის რჩევას და ცხოვრებაშიც უნდა ვიყენებდეთ მას. ამასთანავე, უნდა ვიფხიზლოთ, რომ არასწორად არ გამოვიყენოთ ‘პატარა ასო’, ენა. ტრაბახით, ჭორაობით, რაც ყოველგვარ აზრსმოკლებულია, ან თავდაჯერებული საუბრით ენას შეუძლია, ცეცხლის მსგავსად ‘გადაბუგოს დიდი ტყე’. ამიტომ ჩვენ გვესაჭიროება განვავითაროთ სასიამოვნო დამოკიდებულება და თავშეკავება ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას (იაკობი 1:19, 20; 3:5).
13. რატომ არის მნიშვნელოვანი, ‘ჩავინერგოთ სიტყვა’?
13 „ამიტომ, — წერს იაკობი, — მოიშორეთ ყოველგვარი უწმიდურება და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი [ჩაინერგეთ, აქ] სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია“ (იაკობი 1:21). ეს გაუმაძღარი ქვეყნიერება, თვალშისაცემი, მატერიალისტური, ეგოიზმით აღსავსე ცხოვრების სტილითა და გადაგვარებული მორალით, განადგურებას უახლოვდება. „ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:15–17). და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ‘ჩავინერგოთ სიტყვა’! სიბრძნე, რომელსაც ღვთის სიტყვა გვთავაზობს, სავსებით საპირისპიროა იმ გახრწნილობისა, რაც ამ მომაკვდავ ქვეყნიერებაში ხდება. და ჩვენ არაფერი გვსურს ამ ბოროტებიდან (1 პეტრე 2:1, 2). აუცილებელია, გვიყვარდეს ჭეშმარიტება და მტკიცედ ჩავინერგოთ გულებში რწმენა, რომ გადაწყვეტილებით ვიყოთ აღსავსე, არასოდეს გადავუხვიოთ იეჰოვას სამართლიან გზებს. მაგრამ საკმარისია თუ არა იეჰოვას სიტყვის მხოლოდ მოსმენა?
იყავი ‘სიტყვის შემსრულებელი’
14. როგორ შეგვიძლია გავხდეთ სიტყვის როგორც ‘მომსმენები’, ასევე ‘შემსრულებლები’?
14 იაკობის 1:22-ში ვკითხულობთ: „იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად“. „იყავით სიტყვის შემსრულებელნი“! ეს აზრი გასდევს იაკობის წერილს. ჩვენ უნდა მოვისმინოთ და შემდეგ ‘ასე გავაკეთოთ’ (დაბადება 6:22). დღეს მრავალი ადამიანი ირწმუნება, რომ საკმარისია მხოლოდ, ქადაგების მოსმენა ან იშვიათად, ზოგიერთ ფორმალურ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მათთვის სიტყვა სიტყვად რჩება. ისინი შესაძლოა ფიქრობენ, რომ რადგან საკუთარი ნორმების თანახმად ‘კარგი ცხოვრებით’ ცხოვრობენ, საკმარისია. მაგრამ იესო ქრისტემ აღნიშნა: „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს“ (მათე 16:24). ჭეშმარიტ ქრისტიანებს მოეთხოვებათ თავგანწირული მოქმედება და მოთმინება, რომ ქრისტეს მაგალითს მიჰყვნენ და ღვთის ნება შეასრულონ. ღვთის ნება მათთვის დღესაც იგივეა, როგორიც პირველ საუკუნეში იყო, როდესაც მკვდრეთით აღმდგარმა იესომ თქვა: „ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი“ (მათე 28:19). რას აკეთებ ამ მხრივ?
15. ა) რა მაგალითი მოიყვანა იაკობმა, რითაც გვიჩვენა თუ როგორ შეგვიძლია ვიყოთ ‘სიტყვის ბედნიერი შემსრულებელნი’? ბ) რატომ არ არის ფორმალური თაყვანისმცემლობა საკმარისი?
15 თუ ჩვენ მუდამ ვცდილობთ, ჩავუკვირდეთ ღვთის სიტყვას, ის შეიძლება ჩვენთვის სარკის მსგავსი იყოს, რომელიც ზუსტად იმას ირეკლავს ჩვენგან, როგორი პიროვნებებიც ვართ. იაკობი ამბობს: „ვინც ჩაუკვირდება სრულყოფილ რჯულს თავისუფლებისას და ასე განაგრძობს, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარაა, არამედ საქმის მოქმედი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში“ (იაკობი 1:23–25). დიახ, ის იქნება ‘სიტყვის ბედნიერი შემსრულებელი’. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების ყოველ წვრილმანში ვიყოთ „შემსრულებელნი“. არასოდეს მოვიტყუოთ თავი იმაზე ფიქრით, რომ საკმარისია ფორმალური თაყვანისმცემლობა. იაკობი გვირჩევს, რომ დავაკვირდეთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გარკვეულ მხარეებს, რომლებსაც შესაძლოა თვით ზოგიერთი გულმოდგინე ქრისტიანიც კი ვერ აქცევს ყურადღებას. ის წერს: „წმიდა და შეუბღალავი სამსახური ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი წუთისოფლისაგან“ (იაკობი 1:27).
16. როგორ გახდა აბრაამი ‘იეჰოვას მეგობარი’ და როგორ შეგვიძლია ჩვენც მივაღწიოთ იეჰოვასთან მეგობრობას?
16 მხოლოდ ის არ არის საკმარისი, რომ თქვა: „მე მწამს ღმერთი“ და ამას დაჯერდე. როგორც იაკობის 2:19-შია აღნიშნული „შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია: კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და კანკალებენ“. იაკობმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „ასევეა რწმენაც: თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია“, და დაიმოწმა აბრაამი, როდესაც თქვა: „რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრულყოფილი შეიქმნა რწმენა“ (იაკობი 2:17, 20–22). აბრაამის საქმეები იყო ნათესავის ტყვეობიდან გათავისუფლება, სტუმართმოყვარეობის გამოჩენა, მზადება ისაკის შეწირვისთვის და ღვთის აღთქმისადმი ურყევი რწმენის ‘საჯაროდ გაცხადება’, რაც ‘საძირკვლიან ქალაქს’, მომავალ მესიანურ სამეფოს შეეხებოდა (დაბადება 14:16; 18:1–5; 22:1–18; ებრაელთა 11:8–10, 13, 14; 13:2). აბრაამს სათანადოდ ‘ეწოდა ღვთის მეგობარი’ (იაკობი 2:23). ასევე შეიძლება ჩვენც ჩავითვალოთ ‘ღვთის მეგობრებად’, თუ აქტიურად ვქადაგებთ რწმენისა და იმედის შესახებ მისი მომავალი სამართლიანი სამეფოს მიმართ.
17. ა) რატომ გამოცხადდა რახაბი ‘მართლად’ და როგორ დაჯილდოვდა ის? ბ) რომელი ადამიანებია ჩამოთვლილი ბიბლიაში, რომლებიც „სიტყვის შემსრულებელნი“ გახდნენ? გ) როგორ დაჯილდოვდა იობი და რატომ?
17 ისინი, ვინც გახდნენ „სიტყვის შემსრულებელნი“, ნამდვილად, ‘საქმით გამართლდნენ და არა რწმენით’ (იაკობი 2:24). რახაბი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც საქმით დაამტკიცა იმ ‘სიტყვის’ მიმართ რწმენა, რისი მეშვეობითაც იეჰოვას ძლევამოსილი საქმეების შესახებ გაიგო. რახაბმა დამალა ისრაელი მზვერავები და დაეხმარა, გაქცეულიყვნენ, შემდეგ კი გადასარჩენად შეკრიბა მამის სახლეულობა. რამდენად გახარებული იქნება აღდგომისას რახაბი, როდესაც გაიგებს, რომ თავისმა რწმენამ, საქმეებთან ერთად, განაპირობა ის, რომ მესიის წინაპარი გამხდარიყო! (იესო ნავეს ძე 2:11; 6:25; მათე 1:5). ებრაელთა მე-11 თავში ჩამოთვლილია სხვა მრავალი ადამიანი, რომლებიც რწმენის გამოვლენით გახდნენ „სიტყვის შემსრულებელნი“ და ისინი უხვად იქნებიან დაჯილდოებული. არასოდეს დავივიწყოთ იობი, რომელმაც მძიმე განსაცდელისას თქვა: „კურთხეულ იყოს უფლის სახელი“. როგორც უკვე გავიგეთ, თავისი რწმენისა და საქმეების შედეგად ის დიდად დაჯილდოვდა (იობი 1:21; 31:6; 42:10; იაკობი 5:11). მსგავსად, დღეს ჩვენი მოთმინებით, როგორც „სიტყვის შემსრულებელნი“ იეჰოვასგან დავიმსახურებთ მოწონების ღიმილს.
18, 19. როგორ გახდნენ „სიტყვის შემსრულებელნი“ დიდი ხნის მანძილზე შევიწროებაში მყოფი ძმები და რა კურთხევა მოიტანა მათმა საქმიანობამ?
18 მათ შორის, რომლებმაც მრავალი წლის მანძილზე გამოავლინეს მოთმინება, არიან აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები ძმები. ამჟამად, როდესაც მრავალი აკრძალვა გაუქმდა, ისინი ამ ახალ ვითარებაში ჭეშმარიტად გახდნენ „სიტყვის შემსრულებელნი“. მისიონერები და პიონერები ახლომდებარე ქვეყნებიდან გაემგზავრნენ იქ, რომ დახმარებოდნენ სწავლებასა და ორგანიზებულობაში. საგუშაგო კოშკის საზოგადოების ფინეთის ფილიალმა და სხვა ახლომდებარე ფილიალებმა გააგზავნეს გამოცდილი მშენებლები და მსოფლიო ძმობამ გულუხვად დააფინანსა ახალი ფილიალის ოფისებისა და სამეფო დარბაზების მშენებლობა (შეადარე 2 კორინთელთა 8:14, 15).
19 და რამდენად გულმოდგინედ გამოეხმაურნენ დიდი ხნის მანძილზე შევიწროებაში მყოფი ეს ძმები ველზე მსახურებას! ისინი ‘შრომობენ და იღწვიან’, რომ აანაზღაურონ ყოველივე ის, რაც, ასე ვთქვათ, შეუძლებელი იყო „ძნელბედობის ჟამს“ (1 ტიმოთე 4:10; 2 ტიმოთე 4:2, აქ). მაგალითად, გასული წლის აპრილში ალბანეთში, სადაც ძალიან სასტიკი აკრძალვა იყო, „სამეფოს შესახებ ცნობის“ მთელი მარაგი, სახელწოდებით: „რატომ არის ცხოვრება პრობლემებით აღსავსე“, გავრცელდა სამ დღეში. ამას ჩინებული შედეგები მოჰყვა, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს დაესწრო 3 491 პიროვნება — რაც ბევრად აღემატებოდა 538 აქტიურ მქადაგებელს.
20. რას ცხადყოფს გასულ წელს უფლის საღამოზე დამსწრეთა რიცხვი და როგორ შეიძლება, რომ მრავალ ადამიანს გაეწიოს დახმარება?
20 სხვა ქვეყნებსაც მიუძღვით მნიშვნელოვანი წვლილი, რადგან გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვმა, რომელიც ბოლო წლებში გაიზარდა, გადააჭარბა 10 000 000-ს. მრავალ ქვეყანაში მრავალი ახალი პიროვნება, რომელმაც განიმტკიცა რწმენა უფლის საღამოზე დასწრებითა და ყურადღებიანი მოსმენით, გახდა ‘სიტყვის შემსრულებელი’. შეგვიძლია თუ არა წავახალისოთ უფრო მეტი ახალი დაინტერესებული პიროვნება, რომ უფრო კვალიფიციურები გახდნენ ამ უპირატესობისთვის?
21. წლიური მუხლის გათვალისწინებით რისკენ უნდა ვისწრაფოთ და რა მიზნით?
21 პირველი საუკუნის და ასევე მას შემდეგ მცხოვრები მრავალი გულმოდგინე ქრისტიანის მსგავსად, დაე, ჩვენც მთელი შეგნებით მოვახმაროთ ძალ-ღონე იმას, რომ ‘ვილტვოდეთ მიზნისკენ’ — ზეციერ ან კიდევ მიწიერ სამეფოში მარადიული სიცოცხლისკენ (ფილიპელთა 3:12–14). ამ მიზნის მიღწევა ნებისმიერ ძალისხმევად ღირს. ახლა იმის დრო არ არის, რომ მხოლოდ მსმენელები ვიყოთ, არამედ ახლა სწორედ ის დიდებული დროა, რომ ‘გავმაგრდეთ და ვიშრომოთ’ (ანგია 2:4; ებრაელთა 6:11, 12). რადგან ‘ვინერგავთ სიტყვას’, დაე, ‘ვიყოთ სიტყვის სიხარულით შემსრულებელნი’ როგორც ახლა, ასევე მარადისობაში, რომელიც მალე იქნება.
როგორ უპასუხებდი?
◻ როგორ შეგვიძლია ვითმინოთ სიხარულით?
◻ რა არის „მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე“ და როგორ შეგვიძლია ვისწრაფოთ მისკენ?
◻ რატომ უნდა ‘ვიყოთ სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი’?
◻ რომელმა ცნობებამ უნდა მოგვცეს სტიმული, რომ ვიყოთ „სიტყვის შემსრულებელნი“?
[სურათი მე-15 გვერდზე]
დაე, ჩვენც გავუხსნათ გულები ღვთიურ სწავლებას.
[სურათი მე-16 გვერდზე]
იობის უმწიკვლოება დაჯილდოვდა იმით, რომ კვლავ დაუბრუნდა დოვლათიანი, ბედნიერი ცხოვრება საყვარელ ადამიანებთან.