რამდენად შორს წავიდნენ მისიონერები აღმოსავლეთისკენ?
იესოს სიკვდილიდან 30 წელიც არ იყო გასული, როცა მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლოსელები 1:23). თუმცა მის ნათქვამში არ იგულისხმება, რომ სასიხარულო ცნობა იმ დროს მცხოვრებმა ყველა ადამიანმა მოისმინა. და მაინც, პავლეს სიტყვებიდან ერთი რამ აშკარაა — ქრისტიანი მისიონერების ქადაგებამ ფართო მასშტაბებს მიაღწია იმდროინდელ მსოფლიოში.
რამდენად შორს წავიდნენ მისიონერები? წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ სავაჭრო გემების წყალობით პავლე დასავლეთით, იტალიაშიც კი ქადაგებდა. ამ შეუპოვარ მქადაგებელს ესპანეთშიც სურდა ქადაგება (საქმეები 27:1; 28:30, 31; რომაელები 15:28).
მაგრამ რის თქმა შეიძლება ქრისტიანი მახარობლების ქადაგებაზე აღმოსავლეთში? ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, ამიტომ დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით. მაგრამ შეიძლება გაგაოცოთ იმის გაგებამ, თუ რამდენად შორს გადიოდა სავაჭრო გზები პირველ საუკუნეში ხმელთაშუა ზღვიდან აღმოსავლეთისკენ. ამ გზების არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ აღმოსავლეთისკენ მგზავრობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა.
ალექსანდრეს მემკვიდრეობა
ალექსანდრე მაკედონელი ბაბილონისა და სპარსეთის გავლით აღმოსავლეთისკენ გაიჭრა და პენჯაბში (ჩრდილოეთ ინდოეთი) შევიდა. ამან შესაძლებლობა მისცა ბერძნებს, გასცნობოდნენ სანაპიროებს სპარსეთის ყურეში ევფრატის შესართავიდან არაბეთის ზღვაში მდინარე ინდის შესართავამდე.
მალე საბერძნეთის იმპერიაში ინდოეთის ოკეანისა და წითელი ზღვის გავლით სანელებლებისა და საკმევლის შეტანა დაიწყეს. თავიდან ამ საქონლით ვაჭრობა ინდოელი და არაბი ვაჭრების ხელში იყო. მაგრამ, როდესაც პტოლემეებმა (ეგვიპტის მმართველთა დინასტიამ) დაინახეს, თუ როგორ უწყობდა ხელს წვიმების სეზონი ინდოეთის ოკეანეში მგზავრობას, მათაც ხელი მიჰყვეს ინდოეთში ვაჭრობას.
მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ინდოეთის ოკეანეში განუწყვეტლივ ქრის სამხრეთ-დასავლეთის ქარი, რაც გემებს შესაძლებლობას აძლევს, წითელი ზღვის შესართავიდან გაცურონ არაბეთის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ ან პირდაპირ სამხრეთ ინდოეთში. ნოემბრიდან მარტის ჩათვლით კი ქარი საპირისპირო მიმართულებით ქრის, რაც გემებს უკან დაბრუნებას უადვილებს. არაბი და ინდოელი მეზღვაურები ამით უკვე ასობით წელი სარგებლობდნენ და კასიით, დარიჩინით, ნარდითა და წიწაკით დატვირთულები წითელ ზღვასა და ინდოეთს შორის მიმოდიოდნენ.
სავაჭრო გზები ალექსანდრიისა და რომისკენ
რომი აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის მთავარ ბაზრად იქცა, როდესაც ის ქვეყნები დაიპყრო, რომლებიც ერთ დროს საბერძნეთის იმპერიას ეკუთვნოდა. რომში აფრიკიდან სპილოს ძვალი შეჰქონდათ, არაბეთიდან — საკმეველი და სმირნა, ინდოეთიდან — სანელებლები და ძვირფასი ქვები, ხოლო ჩინეთიდან — აბრეშუმი. გემებს ეს საქონელი წითელი ზღვით ეგვიპტის ორ პორტში შეჰქონდათ — ბერენისესა და მიოს ორმოსში. ამ ორი ქალაქიდან საქონელი ქარავანს მიჰქონდა კოპტოსში, რომელიც მდინარე ნილოსთან მდებარეობდა.
კოპტოსიდან საქონელი მდინარე ნილოსით ალექსანდრიაში გადაჰქონდათ, სადაც მას იტალიასა და სხვადასხვა ქვეყანაში მიმავალ გემებზე ტვირთავდნენ. ალექსანდრიასთან დაკავშირება შეიძლებოდა არხითაც, რომელიც წითელი ზღვის ზემოთა ნაწილსა და ნილოსს შორის გადიოდა (დღევანდელ სუეცთან ახლოს). ეგვიპტე და მისი საპორტო ქალაქები საკმაოდ ახლოს იყო იმ ადგილებთან, სადაც იესო ქადაგებდა და საიდანაც ადვილად შეიძლებოდა ამ ქალაქებში ჩასვლა.
პირველი საუკუნის ბერძენი გეოგრაფის, სტრაბონის სიტყვების თანახმად, იმ დროს ვაჭრობის მიზნით ყოველ წელს 120 ალექსანდრიული ხომალდი მიცურავდა მიოს ორმოსიდან ინდოეთისკენ. ჩვენამდე მოაღწია ერთმა სახელმძღვანელომ, რომელიც პირველ საუკუნეში იმ ტერიტორიებზე სანავიგაციოდ გამოიყენებოდა. ეს სახელმძღვანელო, როგორც ჩანს, ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ეგვიპტელმა ვაჭარმა დაწერა, რათა სხვა ვაჭრებისთვის სვლა გაეადვილებინა. რას ვიგებთ ამ უძველესი წიგნიდან?
ეს სახელმძღვანელო, რომელიც ხშირად მოიხსენიება ლათინური სახელწოდებით Periplus Maris Erythraei („მოგზაურობა წითელ ზღვაში“), აღწერს ათასობითკილომეტრიან საზღვაო გზებს ეგვიპტიდან სამხრეთით, მათ შორის შორეული ზანზიბარის მიმართულებით. სახელმძღვანელოს ავტორს ჩამოთვლილი აქვს მანძილები, ღუზის ჩასაშვები ადგილები, სავაჭრო ბაზრები და საქონელი, ასევე დასახლებული პუნქტები არაბეთის სამხრეთ სანაპიროდან ინდოეთის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ შრი-ლანკამდე, ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროდან მდინარე განგის შესართავამდე. წიგნში ინფორმაცია ისე ზუსტად და ცოცხლად არის გადმოცემული, რომ მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება — ავტორი თავად იყო აღნიშნულ ადგილებში.
დასავლეთელი ვაჭრები ინდოეთში
ინდოელები დასავლეთიდან ჩასულ ვაჭრებს „იავანებს“ უწოდებდნენ. ზემოთ მოხსენიებული სახელმძღვანელოს თანახმად, ახ. წ. პირველ საუკუნეში მათი ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი იყო მუზირისიa, რომელიც ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. ტამილური პოემები, რომლებიც ახ. წ. პირველ ასწლეულებში იწერებოდა, ხშირად მოიხსენიებს ამ ვაჭრებს. ერთ-ერთ პოემაში ნათქვამია: «„იავანების“ ლამაზი გემები ოქროთი დატვირთულები ჩამოვიდნენ და უკან წიწაკით დატვირთულები გაბრუნდნენ; მუზირისი ხალხის ხმაურმა მოიცვა». სხვა პოემაში ვკითხულობთ, რომ სამხრეთ ინდოეთის მმართველს შესთავაზეს, დაელია „იავანების“ მოტანილი არომატული ღვინო. დასავლურ საქონელს შორის იყო შუშის ჭურჭელი, ლითონი, მარჯანი და ქსოვილი, რომლებიც კარგად იყიდებოდა ინდოეთში.
არქეოლოგებმა იმის მრავალი მტკიცება აღმოაჩინეს, რომ დასავლეთიდან საქონელი ინდოეთში შეჰქონდათ გასაყიდად. მაგალითად, არიკამედუში, ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ერთ ნასოფლარში, იპოვეს რომაული დოქებისა და სხვა ჭურჭლის ნამსხვრევები, რომლებზეც არეცოელი (ცენტრალური იტალია) მექოთნეების ნიშანი იყო დადებული. ერთი მწერალი ამბობს: „არქეოლოგებს უფრო მეტი წარმოდგენა ექმნებათ, როცა ისინი ბენგალის ყურის სილაში პოულობენ თიხის ჭურჭლის ნამტვრევებს, რომლებზეც დაწერილია არეცოს გარეუბნებში მომუშავე მეთუნეთა სახელები“. ხმელთაშუა ზღვისპირეთის მცხოვრებთა და ინდოელთა სავაჭრო საქმიანობას აგრეთვე ადასტურებს ინდოეთის სამხრეთ ნაწილში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით ოქროსა და ვერცხლის რომაული მონეტები. ამ მონეტების უმეტესობა თარიღდება ახ. წ. პირველი საუკუნით და მათზე გამოსახულია რომის იმპერატორები: ავგუსტუსი, ტიბერიუსი და ნერონი.
იმის ალბათობას, რომ სამხრეთ ინდოეთში რომაელებმა დააარსეს მუდმივი სავაჭრო ახალშენები, ამყარებს უძველესი რუკა, რომლის შუასაუკუნოვანი ასლი დღესაც არსებობს. ეს რუკა პოიტინგერის ტაბულის სახელით არის ცნობილი. როგორც ამბობენ, ამ რუკაზე ახ. წ. პირველი საუკუნის რომის იმპერიაა ასახული. მასზე ნაჩვენებია მუზირისში აგებული ავგუსტუსის ტაძარი. ერთ წიგნში ნათქვამია: „ასეთი შენობა მხოლოდ მათ მიერ უნდა იყოს აგებული, ვინც რომის იმპერიის მმართველობის პერიოდში ცხოვრობდა. დიდი ალბათობაა, რომ ისინი მუზირისში ცხოვრობდნენ ან დროის დიდ ნაწილს იქ ატარებდნენ“ (Rome’s Eastern Trade: International Commerce and Imperial Policy, 31 BC-AD 305).
რომაულ ჩანაწერებში მოიხსენიება ინდოელი ელჩების სულ მცირე სამი ოფიციალური ვიზიტი რომში ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში (ძვ. წ. 27 — ახ. წ. 14). „ამ ელჩებს სერიოზული დიპლომატიური მიზანი ჰქონდათ“, — ნათქვამია ერთ ნაშრომში, რომელიც ამ საკითხის შესწავლას ეძღვნება. ისინი უნდა შეთანხმებულიყვნენ, სად ეწარმოებინათ სხვადასხვა ქვეყანას შორის არსებული საქმიანი ურთიერთობები, რა დაებეგრათ, სად ეცხოვრათ უცხოელებს და ა. შ.
ახ. წ. პირველ საუკუნეში ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნებსა და ინდოეთს შორის მგზავრობა არც იშვიათობას წარმოადგენდა და არც უჩვეულო იყო. ამგვარად, ქრისტიანი მისიონერებისთვის რთული არ იქნებოდა წითელი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილიდან ინდოეთისკენ გემით გამგზავრება.
გასცდნენ ისინი ინდოეთს?
რთულია იმის განსაზღვრა, როდის გასცდნენ პირველად ხმელთაშუა ზღვის ვაჭრები თუ სხვა მოგზაურები ინდოეთს და რამდენად შორს წავიდნენ ისინი აღმოსავლეთისკენ. მაგრამ ვარაუდობენ, რომ ახ. წ. პირველი საუკუნისთვის ზოგიერთი დასავლეთელი ტაილანდში, კამბოჯაში, სუმატრასა და იავაში მოგზაურობდა.
ჩინეთში ხანის გვიანდელი დინასტიის მატიანე (ახ. წ. 23—220) ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის ზუსტ თარიღს მოიხსენიებს. ახ. წ. 166 წელს დაჩინის მეფის, ანტუნის დავალებით ჩინეთის იმპერატორ ხუანძის ძღვენი მიართვეს. რომის იმპერიას ჩინურად დაჩინი ეწოდებოდა, ანტუნი კი, როგორც ჩანს, ანტონინუს ნიშნავს, რაც რომის იმპერატორის, მარკუს ავრელიუსის გვარი იყო. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ოფიციალური სტუმრობა არ იყო, არამედ დასავლეთელი ვაჭრების მცდელობა აბრეშუმი პირდაპირ ჩინეთში შეეძინათ, ნაცვლად იმისა, რომ ის მეორე ხელიდან ეყიდათ.
დავუბრუნდეთ სტატიის დასაწყისში დასმულ კითხვას: რამდენად შორს წავიდნენ აღმოსავლეთისკენ პირველი საუკუნის ქრისტიანი მისიონერები? ჩავიდნენ ისინი ინდოეთში და სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში? შესაძლოა. ნებისმიერ შემთხვევაში ქრისტიანული ცნობა იმდენად გავრცელდა, რომ პავლე მოციქულს შეეძლო მის შესახებ ეთქვა: „ის ნაყოფსაც იძლევა და ვრცელდება კიდეც მთელ მსოფლიოში“. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ცნობა იმდროინდელი მსოფლიოს შორეულ ტერიტორიებზეც გავრცელდა (კოლოსელები 1:6).
[სქოლიო]
a ზუსტად არაა ცნობილი, სად მდებარეობდა მუზირისი, თუმცა მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ის მდინარე პერიარის (კერალას შტატი) შესართავთან ახლოს იყო.
[ჩარჩო⁄სურათი 22 გვერდზე]
იმპერატორის ჩივილი
ახ. წ. 22 წელს რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა დაიჩივლა, რომ მისი თანამემამულენი მეტისმეტად გაუმაძღრები იყვნენ. იმის გამო, რომ ფუფუნებისადმი დაუოკებელი სურვილი ჰქონდათ, ხოლო დიდგვაროვანი ქალბატონები სამკაულებით ვერ კმაყოფილდებოდნენ, მთელი იმპერიის სიმდიდრე „უცხო და მტრულად განწყობილ ერებში“ გაიფანტა. რომაელი ისტორიკოსი პლინიუს უმცროსიც (ახ. წ. 23—79 წწ.) მსგავს შეშფოთებას გამოთქვამდა. ის წერდა: „ყოველწლიურად ინდოეთში, აბრეშუმის მხარესა და არაბეთის ნახევარკუნძულზე ჩვენი იმპერიიდან სულ მცირე ასი მილიონი სესტერციუსი [რომაული მონეტა] გააქვთ. ასე რომ, ძალიან ბევრს ვიხდით ფუფუნებასა და ქალბატონების სიამოვნებაში“.b
[სქოლიო]
b ანალიტიკოსების გამოთვლით 100 მილიონი სესტერციუსი რომის იმპერიის მთლიანი ქონების დაახლოებით 2 პროცენტს შეადგენდა.
[საავტორო უფლება]
Museo della Civiltà Romana, Roma; Todd Bolen/Bible Places.com
[ჩარჩო⁄სურათი 23 გვერდზე]
სად იძენდნენ ვაჭრები საქონელს?
იესო საუბრობდა ‘დიდვაჭარზე, რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებდა’ (მათე 13:45). წიგნ „გამოცხადებაშიც“ ნახსენებია დიდვაჭრები, რომლებიც ძვირფასი ქვებით, აბრეშუმით, სურნელოვანი ხით, სპილოს ძვლით, დარიჩინითა და ინდური სანელებლებით ვაჭრობდნენ (გამოცხადება 18:11—13). ამ საქონლის შოვნა შეიძლებოდა იმ სავაჭრო გზების გაყოლებაზე, რომლებიც პალესტინის აღმოსავლეთით გადიოდა. სურნელოვანი ხეები, მაგალითად სანდალოზი, ინდოეთში იზრდებოდა. კარგი მარგალიტის შოვნა შეიძლებოდა სპარსეთის ყურეში, წითელ ზღვაში და, როგორც წიგნის „მოგზაურობა წითელ ზღვაში“ ავტორი გვეუბნება, მუზირისის სიახლოვესა და შრი-ლანკაზე. როგორც ჩანს, ინდოეთის ოკეანის მარგალიტი საუკეთესო ხარისხისა იყო და ყველაზე ძვირად ფასობდა.
[რუკა 20, 21 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ზოგიერთი საზღვაო-სავაჭრო გზა, რომლებიც პირველ საუკუნეში რომსა და აზიას შორის გადიოდა
არეცო
რომი
ხმელთაშუა ზღვა
აფრიკა
ალექსანდრია
ეგვიპტე
კოპტოსი
მდინარე ნილოსი
მიოს ორმოსი
ბერენისე
ზანზიბარი
წითელი ზღვა
იერუსალიმი
არაბეთი
მდინარე ევფრატი
ბაბილონი
სპარსეთის ყურე
სპარსეთი
↓ ჩრდ.-აღმ. წვიმების სეზონი
↑ სამხრ.-დას. წვიმების სეზონი
მდინარე ინდი
პენჯაბი
მდინარე განგი
ბენგალის ყურე
ინდოეთი
არიკამედუ
მუზირისი
შრი-ლანკა
ინდოეთის ოკეანე (წითელი ზღვა)
ჩინეთი
ხანის იმპერია
ტაილანდი
კამბოჯა
ვიეტნამი
სუმატრა
იავა
[სურათი 21 გვერდზე]
რომაული სავაჭრო გემის ნიმუში
[საავტორო უფლება]
Ship: Pictorial Archive (Near Eastern History) Est.