მიჰბაძეთ მათ რწმენას
მან იეჰოვას გული გადაუშალა
ხანა გასამგზავრებლად ემზადებოდა და ცდილობდა, თავის პრობლემებზე აღარ ეფიქრა. ალბათ ირგვლივ ყველა გახარებული იქნებოდა. მის ქმარს, ელკანას, მთელი ოჯახი ტრადიციისამებრ ყოველ წელს შილოში მიჰყავდა, რათა კარავში თაყვანი ეცათ იეჰოვასთვის. იეჰოვას სურდა, რომ ასეთი დღესასწაულები სასიხარულო ყოფილიყო (კანონი 16:15). უდავოა, ბავშვობიდან მოყოლებული ხანას ძალიან უყვარდა ასეთ დღესასწაულებზე ყოფნა. მაგრამ ბოლო წლებში მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.
ხანასთვის კურთხევა იყო, რომ მეუღლეს უყვარდა. თუმცა ელკანას მეორე ცოლიც ჰყავდა. მას ფენინა ერქვა და ის გამუდმებით ცდილობდა, რომ ხანასთვის სიცოცხლე გაემწარებინა. ფენინა ახერხებდა, რომ ეს ყოველწლიური დღესასწაულებიც კი ჩაემწარებინა ხანასთვის. როგორ ახერხებდა ის ამას? და რაც ყველაზე მთავარია, როგორ დაეხმარა ხანას იეჰოვასადმი რწმენა, გაეძლო ამ, ერთი შეხედვით, აუტანელი ვითარებისთვის? თუკი თქვენც გაქვთ პრობლემები, რომლებიც სიცოცხლის ხალისს გიკარგავთ, ხანას მაგალითი აუცილებლად გამამხნევებელი იქნება თქვენთვის.
„რატომ გაქვს გული დამწუხრებული?“
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ხანას ორი დიდი პრობლემა ჰქონდა. პირველს ასე თუ ისე თავს ართმევდა, მეორესთან კი სრულიად უძლური იყო. პირველი ის იყო, რომ ელკანას მეორე ცოლიც ჰყავდა, რომელსაც ხანა სძულდა. მეორე კი ის, რომ ხანა უშვილო იყო. ეს მართალაც დიდი პრობლემაა ნებისმიერი ქალისთვის, რომელსაც სურს, შვილები ჰყავდეს. მაგრამ ხანას დროს ეს საკითხი უფრო მწვავედ იდგა. თითოეულ ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ გვარის გამგრძელებელი ეყოლებოდათ. უშვილობა იმ დროს დამამცირებლად და სამარცხვინოდ ითვლებოდა.
ალბათ, ხანა უფრო ადვილად გაუმკლავდებოდა თავის პრობლემას, ფენინას რომ არ გაემწარებინა მისთვის ცხოვრება. მრავალცოლიან ოჯახში ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. ასეთი ოჯახებისთვის უცხო არ იყო მეტოქეობა, კამათი და ერთმანეთის წყენინება. ეს ძალიან განსხვავდებოდა მონოგამიისგან ანუ ერთცოლიანობისგან, რაც ღმერთმა ედემის ბაღში დააწესა (დაბადება 2:24).a ბიბლიაში ცოცხალი ფერებით არის დახატული პოლიგამიის ანუ მრავალცოლიანობის სასტიკი სურათი და ამ სურათზე ყველაზე მუქი შტრიხით ის არის მოხაზული, რაც ელკანას ოჯახში ხდებოდა.
როგორც ვიცით, ელკანას ხანა მეორე ცოლზე მეტად უყვარდა. იუდეველთა გადმოცემების თანახმად, ელკანამ პირველად ხანა შეირთო ცოლად, რამდენიმე წლის შემდეგ კი ფენინა. ნებისმიერ შემთხვევაში ფენინას შურდა ხანასი და ყველანაირ საშუალებას ეძებდა, რომ გაემწარებინა ის. ფენინა თავს იმით ამეტებდა ხანას, რომ შვილები ჰყავდა. ის ერთიმეორეზე მიყოლებით უჩენდა შვილებს ელკანას და ამასთან ერთად სიამაყის გრძნობაც უორმაგდებოდა. ნაცვლად იმისა, რომ შესულიყო ხანას მდგომარეობაში და ენუგეშებინა, ფენინა ცეცხლზე ნავთს უსხამდა ხანას. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ფენინა ამწარებდა მას და „გულს სტკენდა“ (1 სამუელი 1:6). ამას ის გამიზნულად აკეთებდა. მას უნდოდა, რომ რამენაირად ევნო ხანასთვის და მიაღწია კიდეც ამას.
როგორც ჩანს, თავისი მიზნის მისაღწევად ფენინას საუკეთესო საშუალება ყოველწლიურად შილოში გამართულ დღესასწაულზე ეძლეოდა. ფენინას თითოეულ შვილს — „თავის ვაჟებსა და ასულებს“ — ელკანა იეჰოვასთვის შესაწირავს უნაწილებდა. ხანას კი, რომელსაც შვილი არ ჰყავდა, მხოლოდ ერთ წილს აძლევდა. ამ დროს ფენინა ახსენებდა ხანას, რომ უშვილძირო იყო და ამცირებდა, საბრალო ქალი კი ტირილს იწყებდა და პირს არაფერს აკარებდა. ელკანა ხედავდა, რომ მისი საყვარელი ცოლი დაღონებული იყო და არაფერს ჭამდა, ამიტომ ცდილობდა ენუგეშებინა. „ხანა, — ეუბნებოდა ელკანა. — რატომ ტირი და რატომ არაფერს ჭამ, რატომ გაქვს გული დამწუხრებული? განა ათ ვაჟს არ გირჩევნივარ?“ (1 სამუელი 1:4—8).
ელკანა ხვდებოდა, ხანა იმიტომ იყო დამწუხრებული, რომ შვილი არ ჰყავდა. ხანა, ალბათ, აფასებდა, რომ ქმარი თავის სიყვარულში არწმუნებდა.b მაგრამ ელკანას არც ერთხელ არ უხსენებია ფენინას სიბოროტე და არც ის ჩანს ბიბლიიდან, რომ ხანა უყვებოდა მას ამის შესახებ. შესაძლოა ის ფიქრობდა, რომ, თუ გაახმაურებდა ამ ამბავს, მდგომარეობას უფრო გაირთულებდა. შეძლებდა განა ელკანა რამის შეცვლას? შესაძლოა ფენინა უფრო გაბოროტდებოდა და მისი შვილები და მსახურებიც მოიძულებდნენ მას. და ხანა, ალბათ, თავს უფრო მოძულებულად და გარიყულად იგრძნობდა საკუთარ სახლში.
ჩვენ არ ვიცით, იცოდა თუ არა ელკანამ ის, რასაც ფენინა უკეთებდა ხანას, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა ღმერთი ყველაფერს ხედავდა. მისი სიტყვა მთლიან სურათს გვიხატავს და სერიოზულ გაფრთხილებას აძლევს მათ, ვინც შურსა და სიძულვილს ავლენს, თუნდაც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოდ. მეორე მხრივ კი, ხანას მსგავს პატიოსან და მშვიდობისმყოფელ ადამიანებს შეუძლიათ თავი ინუგეშონ იმით, რომ სამართლიანი ღმერთი თავის დროზე ისე მოაგვარებს ყველაფერს, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ (კანონი 32:4). ეს კარგად იცოდა ხანამ და ამიტომაც მიმართა იეჰოვას დახმარებისთვის.
„აღარ დამწუხრებია სახე“
გარიჟრაჟზე მთელი ოჯახი ფუსფუსებდა; ბავშვებიც კი უკვე ფეხზე იყვნენ და გასამგზავრებლად ემზადებოდნენ. შილოში რომ ჩასულიყვნენ, ეფრემის მთაგორიან მხარეში 30 კილომეტრზე მეტი უნდა გაევლოთ.c ამ გზის ფეხით გავლას ერთი ან ორი დღე დასჭირდებოდა. ხანამ იცოდა, როგორ მოიქცეოდა მისი მეტოქე, ელკანას მეორე ცოლი, მაგრამ მაინც არ დარჩა სახლში. ამგვარად, მან ღვთის მსახურებს შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა. ნამდვილად არაგონივრულია, რომ ვინმესთან დაძაბულმა ურთიერთობამ ღვთის თაყვანისმცემლობაში შეგვიშალოს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავკარგავდით ღვთის კურთხევებს, რომლებიც სირთულეების ატანაში გვეხმარება.
მთებში მიხვეულ-მოხვეული გზის გავლის შემდეგ ოჯახმა, როგორც იქნა, საღამოს შილოს მიაღწია. და, როგორც იქნა, შეისვენეს გორაკზე გაშენებულ ქალაქში, რომელიც გარშემორტყმული იყო მთებით. რაც უფრო უახლოვდებოდნენ შილოს, ალბათ, ხანა მით უფრო ფიქრობდა იმაზე, თუ რა უნდა ეთხოვა იეჰოვასთვის. ჩავიდნენ თუ არა დანიშნულ ადგილას, დასხდნენ პურის საჭმელად. როგორც კი მიეცა შესაძლებლობა, ხანა გამოეყო თავის ოჯახს და იეჰოვას კარვისკენ გასწია. მღვდელმთავარი ელი ტაძრის კარის წირთხლთან იჯდა, მაგრამ ხანას არც კი შეუმჩნევია ის, რადგან მხოლოდ თავის ღმერთზე ფიქრობდა. კარავთან მყოფი ხანა დარწმუნებული იყო, რომ შესმენილი იქნებოდა მისი ლოცვა და, თუ სხვა ვერავინ გაიგებდა მის გულისტკივილს ბოლომდე, ზეციერი მამა აუცილებლად გაუგებდა მას. გულში დაგროვილი სიმწარე ყელში მოაწვა და მწარედ აქვითინდა.
ხანა მთელი სხეულით ცახცახებდა, რადგან გულამოსკვნილი ტიროდა და იეჰოვას ევედრებოდა. და როცა იეჰოვას უმხელდა, თუ რა ტკივილს გრძნობდა, ბაგეები უკანკალებდა. ის დიდხანს ლოცულობდა და თავის ზეციერ მამას გულს უშლიდა. ის არა მხოლოდ სთხოვდა ღმერთს, რომ მისი აუხდენელი ოცნება შეესრულებინა და შვილი მიეცა მისთვის, არამედ თვითონაც მზად იყო ღვთისთვის გაეღო ის, რაც შეეძლო. ამიტომ მან აღთქმა დადო, რომ თუ ვაჟი ეყოლებოდა, იეჰოვას მიუძღვნიდა, რათა მთელი სიცოცხლე მისთვის ემსახურა (1 სამუელი 1:9—11).
ხანამ ლოცვის ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა. იეჰოვა მთელი გულით იწვევს თავის ხალხს, რომ უყოყმანოდ გადაუშალონ მას გული და როგორც პატარა ბავშვმა თავის მშობელს, ისე გაანდონ თავიანთი საწუხარი მას (ფსალმუნი 62:8; 1 თესალონიკელები 5:17). მოციქულმა პეტრემ ლოცვის შესახებ ღვთისგან შთაგონებით შემდეგი გამამხნევებელი სიტყვები დაწერა: „ყველა თქვენი საწუხარი მას [იეჰოვას] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).
ადამიანს არ შეუძლია ისე გაგიგოთ და შევიდეს თქვენს მდგომარეობაში ან თანაგიგრძნოთ, როგორც იეჰოვას. როდესაც ხანა ქვითინებდა და ლოცულობდა, უეცრად ვიღაცის ხმა შემოესმა. ეს იყო მღვდელმთავარი ელი, რომელიც მას აკვირდებოდა. ელიმ უთხრა: „როდემდე უნდა იყო მთვრალი! გამოფხიზლდი“. ელი ხედავდა, როგორ უკანკალებდა ხანას ბაგეები, როგორ ქვითინებდა და როგორი დათრგუნული იყო. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ ეკითხა, რამე ხომ არ უჭირდა, მღვდელმთავარმა ნაადრევად დაასკვნა, რომ ხანა მთვრალი იყო (1 სამუელი 1:12—14).
ისედაც სულგამწარებულ ხანას როგორ ატკენდა გულს ასეთი უსაფუძვლო ბრალდება, თანაც იმ ადამიანისგან, რომელსაც ესოდენ საპატიო მდგომარეობა ეკავა! ხანამ ადამიანურ არასრულყოფილებას არ მისცა იმის უფლება, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობაში მისთვის ხელი შეეშალა და ამით რწმენის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი მოგვცა. მან თავაზიანად უპასუხა ელის და აუხსნა, თუ რა მდგომარეობაში იყო. როგორც ჩანს, ელი მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა და, შესაძლოა, უფრო რბილად უთხრა: „წადი მშვიდობით, ისრაელის ღმერთმა შეგისრულოს სათხოვარი“ (1 სამუელი 1:15—17).
როგორ იმოქმედა ხანაზე იმან, რომ კარავში თაყვანი სცა იეჰოვას და გული გადაუშალა? ბიბლიაში ვკითხულობთ: „წავიდა ქალი, ჭამა და აღარ დამწუხრებია სახე“ (1 სამუელი 1:18). ხანამ შვება იგრძნო. მან თითქოს მხრებიდან მოიხსნაო მძიმე ტვირთი და მისი ტარება თავისზე ძლიერს, ზეციერ მამას მიანდო (ფსალმუნი 55:22). განა არის რაიმე პრობლემა ღვთისთვის ძალიან „მძიმე“?! არც ყოფილა, არც არის და არც არასოდეს იქნება!
თუ გულდამძიმებული, გულგატეხილი და განადგურებული ვართ, კარგი იქნება, თუ ხანას მივბაძავთ და გულს გადავუშლით მას, ვისაც ბიბლია „ლოცვების მომსმენს“ უწოდებს (ფსალმუნი 65:2). და, თუ ამას რწმენით გავაკეთებთ, ჩვენს მწუხარებასაც შეცვლის „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილიპელები 4:6, 7).
„არავინ არის კლდე ჩვენი ღვთის გარდა“
მეორე დილას ხანა ელკანასთან ერთად მივიდა კარავში. ალბათ, ის მოუყვებოდა ქმარს, თუ რა სთხოვა ღმერთს და რა აღთქმა დაუდო. მოსეს კანონის თანახმად ქმარს უფლება ჰქონდა, გაეუქმებინა ცოლის აღთქმა, თუ ის მასთან შეთანხმების გარეშე იქნებოდა დადებული (რიცხვები 30:10—15). მაგრამ ამ ერთგულმა მამაკაცმა ეს არ გააკეთა. პირიქით, სანამ სახლში დაბრუნდებოდნენ, ის და ხანა ერთად სცემდნენ იეჰოვას თაყვანს კარავში.
ზუსტად როდის მიხვდა ფენინა, რომ ხანას აღარ აღიზიანებდა მისი საქციელი? ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, თუმცა გამოთქმა „აღარ დამწუხრებია სახე“ იმაზე მიუთითებს, რომ ხანას მას შემდეგ ხალისი დაუბრუნდა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფენინა მალე მიხვდა, რომ თავისი ბოროტებით ხანას ვეღარ ატკენდა გულს. მას შემდეგ ბიბლიაში ფენინა აღარსად არის მოხსენიებული.
რამდენიმე თვის შემდეგ ხანას სულის სიმშვიდე უდიდესმა სიხარულმა შეცვალა. ის ფეხმძიმედ იყო! მთელი ამ ხნის განმავლობაში მას არც ერთხელ არ დავიწყებია, თუ ვისგან ჰქონდა ეს კურთხევა. ბიჭი დაიბადა და ხანამ მას სამუელი დაარქვა, რაც „ღვთის სახელს“ ნიშნავს და, შესაძლოა, ამაში ღვთის სახელის მოხმობა იგულისხმება, რაც თავის დროზე თვითონ გააკეთა. იმ წელს ის არ გაჰყოლია ელკანასა და ოჯახის დანარჩენ წევრებს შილოში. სამი წლის განმავლობაში სახლში რჩებოდა, სანამ ბავშვი არ მოსწყვიტა ძუძუს. მან მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, რომ მომზადებულიყო იმ დღისთვის, როცა თავის საყვარელ შვილთან განშორება მოუწევდა.
განშორება ადვილი არ იყო. რა თქმა უნდა, მან იცოდა, რომ სამუელს შილოში არაფერი გაუჭირდებოდა. ალბათ, მას მზრუნველობას არ მოაკლებდნენ კარავში მომსახურე ქალები. თუმცა ის ძალიან პატარა იყო და დედის გული მასთან განშორებას ადვილად ვერ აიტანდა. ხანამ და ელკანამ თავიანთი შვილი კარავში უხალისოდ კი არა, მთელი სიხარულით მიიყვანეს. მათ ღვთის სახლში მსხვერპლი შესწირეს იეჰოვას, ელის წარუდგინეს სამუელი და შეახსენეს, რა ჰქონდა ხანას წლების წინ აღთქმული.
ამის შემდეგ ხანამ მხურვალედ ილოცა და ეს ლოცვა ღმერთმა მოწონების ნიშნად თავის სიტყვაში ჩაწერა. როცა წაიკითხავთ 1 სამუელის 2:1—10-ში მოცემულ მის სიტყვებს, დაინახავთ, რა ღრმა რწმენითაა თითოეული მათგანი წარმოთქმული. ხანა ხოტბას ასხამს იეჰოვას, რომ ის დიდებულად იყენებს თავის ძალას — იმის შეუდარებელ უნარს, რომ დაამდაბლოს ამაყი, აკურთხოს დაჩაგრული და მოუსწრაფოს სიცოცხლე ან სიკვდილისგან იხსნას ადამიანი. ის განადიდებს თავის ზეციერ მამას უბადლო სიწმინდის, სამართლიანობისა და ერთგულების გამო. ხანას მართლაც ჰქონდა მიზეზი, რომ ეთქვა: „არავინ არის კლდე ჩვენი ღვთის გარდა“. იეჰოვა სრულიად სანდო და უცვლელია. ის არის თავშესაფარი ყველა დაჩაგრულისა, ვინც კი დახმარებისთვის მოუხმობს მას.
რა თქმა უნდა, პატარა სამუელს პატივი ხვდა წილად, რომ ისეთი დედა ჰყოლოდა, რომელსაც იეჰოვასადმი დიდი რწმენა ჰქონდა. თუმცა მას ენატრებოდა დედა, თავი არასოდეს უგრძვნია მიტოვებულად. ხანა ყოველ წელს ადიოდა შილოში და აჰქონდა მისთვის პატარა მოსასხამი, რომელსაც კარავში მსახურებისას იცვამდა ბავშვი. მოსასხამის თითოეულ ნაკერში ჩაქსოვილი იყო ხანას სიყვარული და მზრუნველობა (1 სამუელი 2:19). შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ აცმევდა და უსწორებდა ხანა ახალ მოსასხამს თავის ვაჟს და როგორი სიყვარულით შესციცინებდა და გამამხნევებელ სიტყვებს ეუბნებოდა. სამუელისთვის დიდი კურთხევა იყო, ასეთი დედა რომ ჰყავდა და წლების შემდეგ თვითონაც კურთხევად იქცა, როგორც თავისი მშობლებისთვის, ისე მთელი ისრაელისთვის.
ღმერთს არც ხანა დავიწყებია. იეჰოვამ აკურთხა ის და მას და ელკანას კიდევ ხუთი შვილი შეეძინათ (1 სამუელი 2:21). როგორც ჩანს, ხანასთვის უდიდესი კურთხევა ის იყო, რომ ზეციერ მამასთან, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რომელიც წლების მანძილზე სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. მიჰბაძეთ ხანას რწმენას და თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდება!
[სქოლიოები]
a იმის გასაგებად, თუ რატომ იწყნარებდა იეჰოვა თავის ხალხში მრავალცოლიანობას, იხილეთ სტატია „იწონებს ღმერთი მრავალცოლიანობას?“, 2009 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 30.
b მართალია, ბიბლია ამბობს, რომ იეჰოვამ „საშვილოსნო დაუხშო“ ხანას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი რაღაცით უკმაყოფილო იყო ამ თავმდაბალი და ერთგული ქალით (1 სამუელი 1:5). ბიბლია ზოგჯერ ღვთის მარჯვენას მიაწერს იმას, რასაც ის, უბრალოდ, დრო და დრო უშვებდა.
c როგორც ჩანს, ელკანა ცხოვრობდა ქალაქ რამაში, რომელიც იესოს დროს ცნობილი იყო, როგორც არიმათეა.
[ჩარჩო 17 გვერდზე]
ორი შესანიშნავი ლოცვა
1 სამუელის 1:11-სა და 2:1—10-ში ჩაწერილი ხანას ორი ლოცვა არაერთ განსაკუთრებულ თავისებურებას შეიცავს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
▪ პირველი ლოცვა ხანამ ასე დაიწყო: „ლაშქართა ღმერთო იეჰოვა“. ბიბლიაში სწორედ მან მოიხსენია ღმერთი პირველად ამ ტიტულით. ღვთის ეს ტიტული ბიბლიაში 285-ჯერ გვხვდება და იმაზე მიანიშნებს, რომ ღმერთი ხელმძღვანელობას უწევს თავის სულიერ ძეებს, რომელთა რიცხვიც უთვალავია.
▪ აღსანიშნავია, რომ ხანამ მეორე ლოცვა მაშინ კი არ წარმოთქვა, როცა ვაჟი შეეძინა, არამედ მაშინ, როცა მან და ელკანამ თავიანთი ვაჟი აღთქმისამებრ ღვთის მსახურებისთვის მიიყვანეს შილოში. მისი ლოცვიდან ჩანს, რომ ხანა იმიტომ კი არ ხარობდა, რომ თავის მეტოქეზე, ფენინაზე გაიმარჯვა, არამედ იმიტომ, რომ იეჰოვამ აკურთხა ის.
▪ როდესაც ხანამ თქვა, რომ „იეჰოვას შეწევნით განდიდდა ჩემი რქა“, შესაძლოა, ის ძლიერ ხარს გულისხმობდა, რომელიც რქებს მძლავრად იყენებს. ფაქტობრივად, ხანა ამბობდა: „იეჰოვა, შენ გამაძლიერე“ (1 სამუელი 2:1).
▪ ღვთის „ცხებულთან“ დაკავშირებული ხანას სიტყვები შეგვიძლია წინასწარმეტყველურად მივიჩნიოთ. ეს სიტყვა იგივე „მესიაა“ და ხანა პირველი ბიბლიური პერსონაჟია, რომელმაც ეს სიტყვა გამოიყენა მომავალ ცხებულ მეფესთან დაკავშირებით (1 სამუელი 2:10).
▪ დაახლოებით 1 000 წლის შემდეგ იესოს დედამ, მარიამმა ისეთივე გრძნობები გამოხატა, როგორიც ხანას ჰქონდა, როცა იეჰოვას ხოტბას ასხამდა (ლუკა 1:46—55).
[სურათი 16 გვერდზე]
ხანა ძალიან წუხდა, რომ შვილი არ უჩნდებოდა, ფენინა კი ყველანაირად ცდილობდა მის გამწარებას
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
მართალია, ელიმ უსაფუძვლოდ დასდო ბრალი ხანას, ის არ განაწყენებულა
[სურათი 17 გვერდზე]
შეგიძლიათ მიჰბაძოთ ხანას მხურვალე ლოცვაში?