ეკლესიასტე
3 ყველაფერს თავისი დრო აქვს;
ყველა საქმეს თავისი დრო აქვს ამ ცისქვეშეთში.
2 არის შობის დრო და სიკვდილის დრო,
დარგვის დრო და დარგულის ამოძირკვის დრო,
3 მოკვლის დრო და განკურნების დრო,
ნგრევის დრო და შენების დრო,
4 ტირილის დრო და სიცილის დრო,
მოთქმის დრო და ცეკვის დრო,
5 ქვების გადაყრის დრო და ქვების შეგროვების დრო,
ხვევნის დრო და ხვევნისგან თავის შეკავების დრო,
6 ძებნის დრო და დაკარგვასთან შეგუების დრო,
შენახვის დრო და გადაგდების დრო,
7 დახევის დრო+ და დაკერების დრო,
დუმილის დრო+ და ლაპარაკის დრო,+
8 სიყვარულის დრო და სიძულვილის დრო,+
ომის დრო და მშვიდობის დრო.
9 რას არგებს მშრომელს გარჯა?+ 10 ვნახე, რა საქმეებშიც ჩააბა ღმერთმა კაცთა მოდგმა. 11 მან თავის დროზე ყველაფერი მშვენივრად შექმნა;+ მარადიულობაც კი ჩადო ადამიანთა გულებში; თუმცა ისინი თავიდან ბოლომდე ვერასოდეს ჩასწვდებიან ღვთის საქმეებს.
12 მივხვდი, რომ არაფერია კაცისთვის იმაზე კარგი, რომ იხაროს და სიკეთე აკეთოს მთელი სიცოცხლე.+ 13 ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია.+
14 მივხვდი, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, მარადიულად გასტანს. მის ნამოქმედარს ვერც ვერაფერს დაუმატებ და ვერც ვერაფერს მოაკლებ; ეს ყველაფერი ღმერთმა ასე იმიტომ მოაწყო, რომ ხალხს მისი შიში ჰქონოდა.+
15 რაც დღეს ხდება, ადრეც მომხდარა, და რაც მომავალში იქნება, უკვე იყო.+ რასაც კაცი ელტვის, ღმერთი მოიძიებს*.
16 ისიც ვიხილე ცისქვეშეთში, რომ სამართლიანობის ადგილიც და სიმართლის ადგილიც ბოროტებას დაუკავებია.+ 17 გულში ვთქვი: „ღმერთი გაასამართლებს მართალსაც და ბოროტსაც,+ რადგან ყველაფერს, ყველა საქმეს, თავისი დრო აქვს“.
18 გულში ისიც ვთქვი, რომ ღმერთი სცდის კაცთა მოდგმას და ანახვებს, რომ ცხოველებივით არიან. 19 ადამიანებსაც და ცხოველებსაც ერთი ბოლო აქვთ.+ როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც; ყველას ერთი სული* უდგას;+ ასე რომ, ადამიანი ცხოველზე არაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 20 ყველა ერთსა და იმავე ადგილას მიდის;+ მტვრისგან არიან შექმნილნი+ და მტვერსვე უბრუნდებიან.+ 21 ვინ იცის, მართლა ადის ადამიანის სული მაღლა ან მართლა ჩადის ცხოველის სული დაბლა მიწაში?+ 22 დავინახე, რომ კაცისთვის იმაზე კარგი არაფერია, რომ სიამე ნახოს თავის გარჯაში,+ რადგან ეს არის მისი ჯილდო; თორემ ვინ ანახვებს მას, რაც მისი სიკვდილის შემდეგ მოხდება?!+