გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა ნათან წინასწარმეტყველმა ბათშებასთან+ მრუშობის გამო შეაგონა.
51 წყალობა მიყავი, ღმერთო, შენი სიკეთით.+
შენი წყალობის სიუხვით წარხოცე ჩემი ცოდვები.+
2 მთლიანად ჩამომრეცხე დანაშაული+
და განმწმინდე ჩემი ცოდვისგან,+
3 რადგან კარგად ვუწყი ჩემი დანაშაული
და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.+
4 ყველაზე მეტად შენ წინაშე მიმიძღვის ბრალი,+
ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში;+
მართალია, რასაც ამბობ
და სამართლიანია შენი განაჩენი.+
5 აი, დანაშაულით დავიბადე
და ცოდვილი ჩავესახე დედაჩემს.+
6 შენ გსიამოვნებს, როცა კაცის გულში ჭეშმარიტებას ხედავ;+
გულში ჩამიბეჭდე ჭეშმარიტი სიბრძნე.
7 უსუპით განმწმინდე ცოდვისგან, რათა სუფთა ვიყო;+
განმბანე, რათა თოვლზე მეტად გავთეთრდე.+
8 გამაგონე სიხარულისა და მხიარულების ხმა,
რათა სიმთელე დაიბრუნონ შენ მიერ შემუსვრილმა ძვლებმა.+
9 თვალი მოარიდე ჩემს ცოდვებს,+
მაპატიე ყველა ჩემი დანაშაული.+
10 სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო,+
და ახალი, მტკიცე სულისკვეთებით განმმსჭვალე.+
11 თავიდან ნუ მომიშორებ
და შენს წმინდა სულს ნუ წამართმევ.
12 დამიბრუნე სიხარული, შენგან დახსნილს რომ დამეუფლა,+
შენი მორჩილების სურვილი აღმიძარი გულში.
13 შენს გზებს ვასწავლი შემცოდველებს,+
რათა დაგიბრუნდნენ ცოდვილები.
14 ნუ მომკითხავ პასუხს დაღვრილი სისხლის გამო,+
ღმერთო, ჩემო მხსნელო ღმერთო,+
რათა ჩემმა ენამ სიხარულით ილაპარაკოს შენს სიმართლეზე.+
15 იეჰოვა, ბაგე გამიხსენი,
რათა გაქოს ჩემმა პირმა.+
16 შესაწირავი არ გსურს, თორემ შემოგწირავდი;+
არ გსიამოვნებს მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი.+
17 ღვთისთვის საამო მსხვერპლი დამწუხრებული სულია;
მომნანიებელ და მოდრეკილ გულს შენ არ უგულებელყოფ, ღმერთო.+
18 წყალობა უყავი სიონს და მის სასიკეთოდ იმოქმედე,
გაამაგრე იერუსალიმის გალავანი.
19 მაშინ სიამოვნებას მოგგვრის სიმართლის მსხვერპლი,
დასაწვავი მსხვერპლი და მთლიანად დასაწვავი შესაწირავი;
მაშინ შესწირავენ მოზვრებს შენს სამსხვერპლოზე.+