ლუკას სახარება
5 ერთხელ, როცა იესო გენესარეთის ტბასთან* იყო, მას უამრავი ხალხი მიაწყდა და ღვთის სიტყვას ისმენდა.+ 2 მან ტბის პირას ორი ნავი შენიშნა, საიდანაც მებადურები გადმოსულიყვნენ და ბადეებს რეცხავდნენ.+ 3 იესო ერთ-ერთ ნავზე ავიდა, რომელიც სიმონისა იყო, და სთხოვა მას, რომ ნაპირს ცოტათი გაშორებოდნენ; შემდეგ დაჯდა და ხალხს იქიდან ასწავლიდა. 4 ლაპარაკი რომ დაასრულა, სიმონს უთხრა: „ღრმად შეცურდი და ისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად“. 5 სიმონმა მიუგო: „მოძღვარო, მთელი ღამე ვთევზაობდით და ვერაფერი დავიჭირეთ,+ მაგრამ, რადგან შენ ამბობ, ვისვრი ბადეებს“. 6 ასეც მოიქცნენ და იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ ბადეები ეხეოდათ.+ 7 მათ სხვა ნავში მყოფ მეგობრებს ანიშნეს, რომ მისულიყვნენ და დახმარებოდნენ. ისინიც მივიდნენ და ორივე ნავი აავსეს; ნავებმა ჩაძირვა დაიწყო. 8 ეს რომ სიმონ-პეტრემ დაინახა, იესოს მუხლებში ჩაუვარდა და უთხრა: „გამშორდი, უფალო, ცოდვილი კაცი ვარ!“ 9 ამდენი თევზი რომ დაიჭირეს, განცვიფრდნენ სიმონ-პეტრე და მასთან მყოფნი, 10 აგრეთვე იაკობი და იოანე, ზებედეს ვაჟები,+ რომლებიც სიმონთან ერთად თევზაობდნენ. იესომ სიმონს უთხრა: „ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანებს დაიჭერ“.+ 11 მათ ნავები ნაპირზე გამოათრიეს, ყველაფერი მიატოვეს და მას გაჰყვნენ.+
12 ერთხელ ერთ ქალაქში იესომ ერთი კაცი დაინახა, რომელსაც კეთრი მთელ სხეულზე მოსდებოდა. იესოს დანახვაზე იგი მის წინაშე დაემხო და შეევედრა: „უფალო, თუკი მოისურვებ, შეძლებ ჩემს განკურნებას“.+ 13 იესომ ხელი გაიწოდა, შეეხო მას და უთხრა: „მსურს, განიკურნე!“ მას მაშინვე გაუქრა კეთრი.+ 14 იესომ უბრძანა იმ კაცს, ეს არავისთვის მოეყოლა და უთხრა: „წადი, მღვდელს ეჩვენე და შენი განკურნებისთვის შესწირე ის, რაც მოსემ დააწესა,+ და ეს მოწმობა იქნება მღვდლებისთვის“.+ 15 იესოს შესახებ ცნობები უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდებოდა; დიდძალი ხალხი იკრიბებოდა მის მოსასმენად და დაავადებებისგან განსაკურნავად.+ 16 თუმცა ის მაინც ხშირად დადიოდა უკაცრიელ ადგილებში და ლოცულობდა.
17 ერთ დღეს, როცა ის ასწავლიდა, იქ ისხდნენ გალილეისა და იუდეის სოფლებიდან და იერუსალიმიდან ჩასული ფარისევლები და კანონის მასწავლებლები. ის იეჰოვას* ძალით კურნავდა ავადმყოფებს.+ 18 ამ დროს რამდენიმე კაცმა საკაცით მიიყვანა ერთი დამბლადაცემული კაცი; მათ უნდოდათ, რომ შიგნით შეეყვანათ და იესოს წინ დაეწვინათ,+ 19 მაგრამ ხალხმრავლობის გამო შიგნით რომ ვერ შეიყვანეს, სახურავზე საკაციანად აიყვანეს და იესოს წინ ჩაუშვეს. 20 მათი რწმენა რომ დაინახა, იესომ მას უთხრა: „გეპატია ცოდვები!“+ 21 მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ვინ არის ეს, რომ მკრეხელობს?! ვის შეუძლია ცოდვების პატიება ღვთის გარდა?!“+ 22 იესო მიხვდა, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: „ამას რატომ ფიქრობთ გულში? 23 რისი თქმა უფრო ადვილია: გეპატია ცოდვები თუ ადექი და იარე? 24 მაგრამ მინდა, იცოდეთ, რომ კაცის ძეს ცოდვების პატიების ძალაუფლება აქვს დედამიწაზე...“ შემდეგ დამბლადაცემულს უთხრა: „ადექი, აიღე შენი საკაცე და წადი სახლში“.+ 25 ისიც მაშინვე წამოდგა მათ თვალწინ, აიღო საკაცე და წავიდა სახლში, თან ღმერთს ადიდებდა. 26 ყველანი გაოცებულნი იყვნენ, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ, დღეს საოცრებები ვიხილეთო.
27 ამის შემდეგ იესო გარეთ გავიდა, დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა: „გამომყევი!“+ 28 მანაც ყველაფერი მიატოვა, ადგა და გაჰყვა. 29 ლევიმ იესოს თავის სახლში დიდი ნადიმი გაუმართა. სუფრასთან მსხდომ* სტუმრებს შორის ბევრი მებაჟე იყო.+ 30 ზოგმა ფარისეველმა მწიგნობარმა დრტვინვა დაიწყო და მის მოწაფეებს ჰკითხა: „რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“+ 31 იესომ უთხრა მათ: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ.+ 32 მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად, რომ მოინანიონ“.+
33 მათ უთხრეს: „იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და მხურვალედ ლოცულობენ, ფარისეველთა მოწაფეებიც ასევე იქცევიან, შენი მოწაფეები კი ჭამენ და სვამენ“.+ 34 იესომ მიუგო: „როგორ აიძულებ ნეფის მეგობრებს მარხვას, როცა ნეფე მათთან არის?! 35 თუმცა მოვა დრო, როცა ნეფეს+ წაართმევენ და მაშინ იმარხულებენ“.+
36 შემდეგ მათ ასეთ იგავს მოუყვა: „ახალ მოსასხამს არავინ აჭრის საკერებელს ძველ მოსასხამზე დასაკერებლად, რადგან ახალი საკერებელი ძველ მოსასხამს მოეხევა; თანაც ახალი მოსასხამის საკერებელი ძველს არ მოუხდება.+ 37 არც ახალ ღვინოს* ასხამენ ძველ ტიკებში, რადგან, თუ ჩაასხეს, ახალი ღვინო დახეთქს ტიკებს და დაიღვრება, ტიკები კი აღარაფრად ივარგებს. 38 ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ. 39 ძველი ღვინის დალევის შემდეგ ახალს არავინ მოინდომებს, რადგან იტყვის, ძველი კარგიაო“.