ზაქარია
14 «დადგება დღე, იეჰოვას დღე, როცა გაგძარცვავენ და ნადავლს ადგილზევე დაინაწილებენ. 2 შევკრებ ყველა ხალხს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად; დაიპყრობენ ქალაქს, გაძარცვავენ სახლებს და გააუპატიურებენ ქალებს. ნახევარი ქალაქი ტყვეობაში წავა, დანარჩენი ხალხი კი ქალაქში დარჩება.
3 აღდგება იეჰოვა და შეებრძოლება ამ ხალხებს+ ისე, როგორც უწინ იბრძოდა.+ 4 იმ დღეს ის ფეხს დადგამს ზეთისხილის მთაზე,+ რომელიც იერუსალიმის აღმოსავლეთითაა; შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და მათ შორის უზარმაზარი ველი გაჩნდება. მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ გადაადგილდება, მთის მეორე ნახევარი კი — სამხრეთისკენ. 5 გაიქცევით ჩემი მთების ველისკენ, რადგან აცელამდე იქნება გადაჭიმული ეს ველი. ისე გაიქცევით, როგორც იუდას მეფე უზიას დროს მომხდარი მიწისძვრის დროს გაიქეცით.+ მოვა იეჰოვა, ჩემი ღმერთი, ყველა წმინდასთან ერთად.+
6 იმ დღეს აღარ გამოანათებს მშვენიერი სინათლე,+ ყველაფერი გაქვავდება. 7 ეს იქნება ერთი დღე, იეჰოვას დღე.+ ის არც დღე იქნება და არც ღამე; საღამოს გამოჩნდება სინათლე. 8 იმ დღეს სიცოცხლის წყალი+ იდინებს იერუსალიმიდან,+ ნახევარი — აღმოსავლეთის ზღვისკენ*,+ ნახევარი კი — დასავლეთის ზღვისკენ*;+ ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება. 9 იეჰოვა იმეფებს მთელ დედამიწაზე.+ იმ დღეს იეჰოვა იქნება ერთადერთი+ და მისი სახელიც ერთადერთი იქნება.+
10 არაბას+ დაემსგავსება მთელი მიწა, გებადან+ რიმონამდე,+ იერუსალიმის სამხრეთით; აღდგება ის და კვლავ დამკვიდრდებიან იქ,+ ბენიამინის კარიბჭიდან+ პირველ კარიბჭემდე, კუთხის კარიბჭემდე, ხანანელის კოშკიდან+ მეფის საწნახლებამდე. 11 ხალხი დასახლდება იქ; აღარასოდეს წარმოითქმება განადგურების მაუწყებელი წყევლა+ და უსაფრთხოდ იცხოვრებენ იერუსალიმში.+
12 აი, რა სატანჯველს მოუვლენს იეჰოვა იმ ხალხებს, რომლებიც იერუსალიმზე გაილაშქრებენ:+ ხორცი ზეზეულად შემოალპებათ, თვალები ფოსოებში ჩაულპებათ და ენა — პირში.
13 იმ დღეს დიდ არეულობას შეიტანს იეჰოვა მათში; მოძმე მოძმეს ჩაავლებს ხელს და მოძმე მოძმეზე აღმართავს ხელს.+ 14 იუდაც ჩაებმება იერუსალიმთან გამართულ ბრძოლაში. შეაგროვებენ მეზობელ ხალხთა სიმდიდრეს — აურაცხელ ოქრო-ვერცხლსა და ტანსაცმელს.+
15 ასეთივე სატანჯველი დაატყდებათ ცხენებს, ჯორებს, აქლემებს, ვირებსა და ყველა პირუტყვს, რომლებიც იმ ბანაკებში არიან.
16 ვინც იერუსალიმის წინააღმდეგ გამოსულ ხალხთაგან დარჩებიან, ყოველწლიურად+ ივლიან კარვობის დღესასწაულზე*+ მეფის, ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, თაყვანსაცემად.+ 17 დედამიწის რომელიმე ერიდან ვინც იერუსალიმში არ წავა მეფის, ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, თაყვანსაცემად, არ მოვა მისთვის შხაპუნა წვიმა.+ 18 თუ არც ეგვიპტელი ხალხი წავა, არც მათთვის მოვა შხაპუნა წვიმა. ისეთივე სატანჯველი დაატყდებათ, როგორითაც იეჰოვა ტანჯავს იმ ხალხებს, რომლებიც არ მიდიან კარვობის დღესასწაულის საზეიმოდ. 19 ეს იქნება სასჯელი ეგვიპტელი და ყველა იმ ხალხის ცოდვისთვის, რომლებიც არ მიდიან კარვობის დღესასწაულის საზეიმოდ.
20 იმ დღეს ცხენების ზანზალაკებზე იქნება წარწერა: „წმინდაა იეჰოვა!“+ იეჰოვას ტაძრის ქვაბები+ სამსხვერპლოს წინ დალაგებული ჯამებივით+ იქნება. 21 განიწმინდება და ლაშქართა ღვთის, იეჰოვასი, იქნება ყოველი ქვაბი იერუსალიმსა და იუდაში. შევლენ შემწირველები და ამ ქვაბებს მოსახარშად გამოიყენებენ. იმ დღეს იეჰოვას, ლაშქართა ღვთის, ტაძარში აღარ იქნება ქანაანელი*».+