მოციქულთა საქმეები
21 მათთან განშორების შემდეგ ქარის მიმართულებით გავცურეთ და კოსს მივადექით; მეორე დღეს როდოსისკენ გავცურეთ, როდოსიდან კი პატარაში ჩავედით. 2 მოვძებნეთ ფინიკიაში მიმავალი ხომალდი, ავედით იმ ხომალდზე და გავემგზავრეთ. 3 მარცხნივ გამოჩნდა კუნძული კვიპროსი, რომელიც უკან მოვიტოვეთ; განვაგრძეთ გზა სირიის მიმართულებით და ტვიროსში გავჩერდით, რადგან ხომალდი უნდა გადმოეტვირთათ. 4 იქ მოწაფეები მოვნახეთ და შვიდი დღე დავრჩით. მათ სულმა გაუმჟღავნა, რაც პავლეს იერუსალიმში ელოდა; ამიტომ ისინი მას არწმუნებდნენ, რომ არ წასულიყო იქ.+ 5 შვიდი დღის შემდეგ იქიდან წამოვედით. ყველამ ერთად, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, ქალაქგარეთ ნავსადგურამდე მიგვაცილა. ზღვის პირას მუხლი მოვიყარეთ, ვილოცეთ 6 და მერე ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ. ჩვენ ხომალდზე ავედით, ისინი კი სახლებში დაბრუნდნენ.
7 ტვიროსიდან პტოლემაიდაში ჩავედით. ასე დასრულდა ხომალდით მგზავრობა. იქ ძმები მოვინახულეთ და ერთი დღე მათთან დავრჩით. 8 მეორე დღეს გზას გავუდექით და კესარეაში ჩავედით. მივედით მახარობელ ფილიპეს სახლში, რომელიც შვიდ არჩეულ მამაკაცს+ შორის ერთ-ერთი იყო, და მასთან დავრჩით. 9 მას ოთხი ასული ჰყავდა, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ.+ 10 მასთან დიდხანს დავრჩით. ჩვენი იქ ყოფნის დროს იუდეიდან წინასწარმეტყველი აგაბე+ ჩამოვიდა; 11 ჩვენთან მოვიდა, პავლეს სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიბოჭა და თქვა: „წმინდა სული ამბობს, იუდეველები ასე შებოჭავენ ამ სარტყლის პატრონს იერუსალიმში+ და უცხოტომელებს+ გადასცემენო“. 12 ეს რომ თქვა, ჩვენც და იქაურებმაც პავლეს ხვეწნა დავუწყეთ, რომ არ წასულიყო იერუსალიმში. 13 მაშინ პავლემ გვითხრა: „რატომ ტირით და რატომ ცდილობთ, რომ გადამაფიქრებინოთ წასვლა? დარწმუნებულნი იყავით, რომ მე არა მხოლოდ შესაბოჭად, არამედ იმისთვისაც მზად ვარ, რომ უფალ იესოს სახელისთვის მოვკვდე კიდეც იერუსალიმში“.+ 14 რომ ვერ გადავათქმევინეთ, შევეშვით და ვთქვით: „დაე იყოს იეჰოვას* ნება“.
15 ამის შემდეგ გავემზადეთ და იერუსალიმისკენ გავემართეთ. 16 თან გამოგვყვა რამდენიმე კესარეელი მოწაფე, ერთ-ერთი პირველი მოწაფის, კვიპროსელი მნასონის, სახლში რომ მივეყვანეთ; იქ ვაპირებდით გაჩერებას. 17 იერუსალიმში ძმებმა სიხარულით მიგვიღეს. 18 მეორე დღეს პავლესთან ერთად იაკობთან+ წავედით, სადაც ყველა უხუცესი შეკრებილიყო. 19 პავლე მიესალმა მათ და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით უცხოტომელთათვის მოიმოქმედა.
20 პავლემ საუბარი რომ დაასრულა, მათ ღმერთი განადიდეს. შემდეგ მას უთხრეს: „როგორც იცი, ძმაო, იუდეველებს შორის ათასობით მორწმუნეა, თანაც ყველანი კანონის მოშურნეები არიან.+ 21 თუმცა ხმები მისდით შენზე, რომ უცხოტომელთა შორის მცხოვრებ იუდეველებს ასწავლი, მოსეს განუდგნენ, და მოუწოდებ, რომ თავიანთი შვილები აღარც წინადაცვითონ და აღარც წეს-ჩვეულებებს მიჰყვნენ.+ 22 რა გავაკეთოთ? გაიგებენ, რომ აქა ხარ. 23 ამიტომ როგორც გეტყვით, ისე მოიქეცი: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომლებსაც აღთქმა აქვთ დადებული. 24 წაიყვანე ისინი და ერთად შეასრულეთ განწმენდის წესი. ხარჯები შენს თავზე აიღე და თავები გააკრეჭინე. მაშინ ყველა მიხვდება, რომ, რაც შენზე სმენიათ, ტყუილია, და რომ შენ სწორად იქცევი და კანონსაც იცავ.+ 25 რაც შეეხება უცხოტომელ მორწმუნეებს, მათ ჩვენი გადაწყვეტილება ვაცნობეთ, რომ მოერიდონ კერპთშენაწირს,+ სისხლს,+ დამხრჩვალსა+ და უზნეობას*“.+
26 მეორე დღეს პავლემ ის კაცები წაიყვანა და ერთად შეასრულეს განწმენდის წესი.+ შემდეგ ტაძარში შევიდა, რომ მღვდლისთვის ეცნობებინა, როდის დასრულდებოდა განწმენდის დღეები, რათა მას თითოეულისთვის შეეწირა შესაწირავი.
27 შვიდი დღის ბოლოს აზიელმა იუდეველებმა ის ტაძარში ნახეს და ხალხი ააბუნტეს. შეიპყრეს იგი და 28 აყვირდნენ: „ისრაელებო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან ასწავლის იმას, რაც ჩვენს ხალხს, კანონს და ამ წმინდა ადგილს შეურაცხყოფს; მან ამ ტაძარში ბერძნებიც კი შემოიყვანა და წაბილწა ეს წმინდა ადგილი“.+ 29 მანამდე ქალაქში მათ პავლე ეფესოელ ტროფიმესთან+ ერთად ნახეს, და დაასკვნეს, რომ მან ის ტაძარში შეიყვანა. 30 აურზაურმა მთელი ქალაქი მოიცვა. ხალხი მისცვივდა პავლეს, დაიჭირეს, ტაძრიდან გაათრიეს და მაშინვე დაკეტეს კარები. 31 როცა პავლეს მოკვლას უპირებდნენ, რაზმის მეთაურს ცნობა მიუვიდა, მთელ იერუსალიმში არეულობააო. 32 მან მაშინვე შეკრიბა ჯარისკაცები და ასისთავები და ხალხისკენ გაემართნენ. როცა მათ ათასისთავი და ჯარისკაცები დაინახეს, პავლეს ცემა შეწყვიტეს.
33 ათასისთავი ახლოს მივიდა; ბრძანა, რომ დაეპატიმრებინათ პავლე და ორი ჯაჭვით შეეკრათ;+ შემდეგ იკითხა, თუ ვინ იყო და რა ჩაიდინა. 34 ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი — მეორეს. აურზაურის გამო რომ ვერაფერი გაიგო, მისი ყაზარმაში წაყვანა ბრძანა. 35 პავლე კიბეს რომ მიუახლოვდა, ჯარისკაცებს მისი ხელში აყვანა მოუწიათ, რადგან ხალხი გამძვინვარებული იყო. 36 მათ დიდძალი ხალხი მისდევდა და თან გაჰყვიროდა: „მოკალით!“
37 პავლე ყაზარმაში რომ შეჰყავდათ, ათასისთავს ჰკითხა: „შეიძლება რაღაც გითხრათ?“ მან კითხვა შეუბრუნა: „ბერძნული იცი? 38 შენ ის ეგვიპტელი ხომ არა ხარ, ამას წინათ ამბოხება რომ მოაწყო და 4 000 მეამბოხე უდაბნოში წაიყვანა?“ 39 პავლემ მიუგო: „მე იუდეველი+ ვარ, კილიკიის ტარსოსიდან,+ ცნობილი ქალაქის მოქალაქე. ნება მომეცით, ხალხს დაველაპარაკო“. 40 ნებართვის მიღების შემდეგ პავლემ კიბიდან ხელით ანიშნა ხალხს, რომ გაჩუმებულიყვნენ. სიჩუმე რომ ჩამოვარდა, მათ ებრაულად+ მიმართა.