კანონი
6 «ესაა მცნებები, წესები და სამართალი, რომლებიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, მიბრძანა, რომ თქვენთვის მესწავლებინა, რათა დაიცვათ იმ მიწაზე, რომლის დასაპატრონებლადაც გადადიხართ, 2 და გეშინოდეთ იეჰოვასი, თქვენი ღვთისა, დაიცვათ მისი წესები და მცნებები, რომლებსაც გიბრძანებთ თქვენ, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს,+ მთელი თქვენი სიცოცხლე, რათა დღეგრძელნი იყოთ.+ 3 ისმინე, ისრაელო, და გულდასმით დაიცავი ეს ყველაფერი, რათა ხელი მოგემართოს და გამრავლდე იმ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც იეჰოვამ, შენი მამა-პაპის ღმერთმა, აღგითქვა.
4 ისმინე, ისრაელო! ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა.+ 5 გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით+ და მთელი ძალით.+ 6 გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; 7 ჩააგონე შენს ვაჟს+ და ელაპარაკე ამაზე სახლში ყოფნისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას;+ 8 ხელზე შეიბი ის და შუბლზე გაიკეთე, რომ ყოველთვის გახსოვდეს.+ 9 დააწერე სახლის კარის წირთხლებსა და ჭიშკრებს.
10 როცა იეჰოვა, შენი ღმერთი, მოგცემს იმ მიწას, რომელიც შენს მამა-პაპას, აბრაამს, ისაკსა და იაკობს, ფიცით აღუთქვა+ — კარგ ქალაქებს, რომლებიც შენ არ აგიშენებია,+ 11 დოვლათით სავსე სახლებს, რისთვისაც არ გიშრომია, ჭებს, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ვენახებსა და ზეთისხილის ხეებს, რომლებიც შენ არ ჩაგიყრია, როცა შეჭამ და გაძღები,+ 12 იცოდე, არ დაივიწყო იეჰოვა,+ რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, სადაც მონა იყავი. 13 გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა,+ მას ემსახურე+ და მისი სახელი დაიფიცე.+ 14 არ სცე თაყვანი სხვა ღმერთებს, მეზობელი ხალხების ღმერთებს,+ 15 რადგან იეჰოვა, თქვენ შორის მყოფი ღმერთი, არ იწყნარებს ორგულობას,+ თორემ განგირისხდებათ იეჰოვა,+ თქვენი ღმერთი, და აღგგვით მიწის პირიდან.+
16 არ გამოსცადოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ როგორც მასასთან გამოსცადეთ.+ 17 ზედმიწევნით დაიცავით იეჰოვას, თქვენი ღვთის, მცნებები, მითითებები* და წესები, რომელთა დაცვაც მან გიბრძანათ. 18 ის გააკეთეთ, რაც იეჰოვას თვალში სწორი და მოსაწონია, რათა ხელი მოგემართოთ და დაიმკვიდროთ მადლიანი მიწა, რომლის მიცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპას ფიცით აღუთქვა,+ 19 და განდევნოთ თქვენი მტრები, როგორც აღგითქვათ იეჰოვამ.+
20 თუ შენი ვაჟი გკითხავს, რატომ გადმოგცათ ჩვენმა ღმერთმა იეჰოვამ ეს მითითებები, წესები და სამართალიო, 21 უთხარი: „ფარაონის მონები გავხდით ეგვიპტეში, მაგრამ იეჰოვამ თავისი ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ეგვიპტიდან. 22 ჩვენ თვალწინ მოუვლინა იეჰოვამ ეგვიპტეს, ფარაონსა და მთელ მის სახლეულობას დიდი და გამანადგურებელი სასწაულები.+ 23 გამოგვიყვანა იქიდან, რათა აქ მოვეყვანეთ და მოეცა მიწა, რაც ჩვენს მამა-პაპას ფიცით აღუთქვა.+ 24 იეჰოვამ გვიბრძანა, რომ დაგვეცვა ყველა ეს წესი, ყოველთვის გვქონოდა იეჰოვასადმი, ჩვენი ღვთისადმი, შიში ჩვენსავე საკეთილდღეოდ,+ რათა გვეცოცხლა.+ 25 თუ გულდასმით დავიცავთ ამ მცნებებს იეჰოვას, ჩვენი ღვთის წინაშე, როგორც მან გვიბრძანა, მართლები ვიქნებით“».+