13 ბრძენი შვილი ისმენს მამის დარიგებას,+
ამპარტავანი კი არ იღებს შეგონებას.+
2 კაცი თავისი ბაგის ნაყოფით სიკეთეს მოიმკის,+
ვერაგებს კი გული ძალადობისკენ მიუწევთ.
3 ვინც თავის ბაგეს დარაჯობს, საკუთარ სიცოცხლეს იცავს,+
ხოლო ვინც არ ალაგმავს თავის ენას, დაიღუპება.+
4 ზარმაცს უნდა, მაგრამ არა აქვს,+
მუყაითს კი ყველაფერი უხვად აქვს.+
5 მართალს სძულს სიცრუე,+
ბოროტი კი თავისი საქციელით თავს ირცხვენს და სახელს იტეხს.
6 უმწიკვლოდ მავალს სიმართლე იცავს,+
ცოდვილს კი ბოროტების ჩადენა დასცემს.
7 ზოგს თავი მდიდრად მოაქვს, მაგრამ არაფერი აბადია;+
ზოგი კი თავს უქონლად ასაღებს, მაგრამ დიდი სიმდიდრის პატრონია.
8 მდიდარი სიმდიდრით სიცოცხლეს გამოისყიდის,+
ხოლო ღარიბს დამუქრებითაც არავინ ემუქრება.+
9 მართალთა სინათლე კაშკაშებს,+
ბოროტთა ლამპარი კი ჩაქრება.+
10 კადნიერება დავას იწვევს,+
ვინც რჩევას ეძებს, ბრძენია.+
11 ერთბაშად მოპოვებული სიმდიდრე განიავდება,+
ხოლო ვინც ნელ-ნელა აგროვებს, უფრო და უფრო მეტი სიმდიდრე ექნება.
12 ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს,+
ასრულებული საწადელი კი სიცოცხლის ხეა.+
13 დარიგების უგულებელმყოფელს სასჯელი არ ასცდება,+
კანონის მოშიში კი დაჯილდოვდება.+
14 ბრძენის მოძღვრება სიცოცხლის წყაროა+
და სიკვდილის მახისგან დაიხსნის კაცს.
15 გამჭრიახნი კეთილგანწყობას მოიპოვებენ,
ვერაგთა გზა კი ტკივილითაა სავსე.
16 წინდახედული ცოდნით იმოქმედებს,+
უგუნური კი თავის სისულელეს გამოამჟღავნებს.+
17 ბოროტი მაცნე ხიფათს გადაეყრება,+
ერთგული დესპანი კი მკურნალივითაა.+
18 ვინც დარიგებას ყურად არ იღებს, გაღარიბდება და დამცირდება,
ხოლო ვინც შეგონებას მიიღებს, განდიდდება.+
19 საწადელის ასრულება სიხარულის მომგვრელია,+
უგუნურს კი ბოროტი გზიდან მობრუნება არ უნდა.+
20 ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება,+
უგუნურებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება.+
21 ცოდვილებს უბედურება არ მოსცილდებათ,+
მართლებს კი კეთილდღეობა არ მოაკლდებათ.+
22 კარგი კაცი შვილიშვილებსაც კი დაუტოვებს მემკვიდრეობას,
ცოდვილთა სიმდიდრე კი მართლებს დარჩებათ.+
23 ღარიბს მოხნული მიწა უხვ მოსავალს მისცემს,
უსამართლობის გამო კი შეიძლება დაიღუპოს ის.
24 ვისაც შვილი გასაჯოხად არ ემეტება, სძულს იგი,+
ხოლო ვისაც უყვარს შვილი, მთელი გულით არიგებს მას.+
25 მართალი დანაყრდება,+
ბოროტს კი კუჭი ცარიელი ექნება.+