იოანეს გამოცხადება
6 დავინახე, რომ კრავმა+ შვიდი ბეჭდიდან პირველი ახსნა;+ გავიგონე, რომ ოთხიდან ერთმა ცოცხალმა არსებამ+ თითქოს ქუხილის ხმით დაიძახა: „მოდი!“ 2 გავიხედე და თეთრი ცხენი+ დავინახე; მის მხედარს მშვილდი ჰქონდა. მას გვირგვინი მიეცა,+ გამოვიდა და დაიწყო მტრების დამარცხება, რათა საბოლოო გამარჯვება მოეპოვებინა.+
3 როცა მეორე ბეჭედი ახსნა, გავიგონე, რომ მეორე ცოცხალმა არსებამაც+ დაიძახა: „მოდი!“ 4 გამოვიდა მეორე, ალისფერი ცხენი. მის მხედარს ნება მიეცა, რომ დედამიწიდან მშვიდობა წაეღო და ადამიანებს ერთმანეთი დაეხოცათ; მას დიდი მახვილი მიეცა.+
5 როცა მესამე ბეჭედი ახსნა,+ გავიგონე, რომ მესამე ცოცხალმა არსებამაც+ დაიძახა: „მოდი!“ გავიხედე და შავი ცხენი დავინახე. მის მხედარს ხელში სასწორი ეჭირა. 6 გავიგონე რაღაც ხმა, რომელიც იქიდან ისმოდა, სადაც ოთხი ცოცხალი არსება იყო. ეს ხმა ამბობდა: „ერთი საწყაო* ხორბალი დინარად*+ და სამი საწყაო ქერი დინარად; ყაირათიანად მოიხმარე ზეითუნის ზეთი და ღვინო“.+
7 როცა მეოთხე ბეჭედი ახსნა, გავიგონე, რომ მეოთხე ცოცხალმა არსებამაც+ დაიძახა: „მოდი!“ 8 გავიხედე და ფერმიხდილი ცხენი დავინახე. მის მხედარს სიკვდილი ერქვა. მას ფეხდაფეხ მოჰყვებოდა სამარე*. მათ დედამიწის მეოთხედ ნაწილზე ძალაუფლება ჰქონდათ მიცემული, რათა ხალხი მახვილით, შიმშილით,+ სასიკვდილო ჭირითა და დედამიწის მხეცებით დაეხოცათ.+
9 როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ძირთან დავინახე+ ღვთის სიტყვის დაცვისა და ქადაგების გამო+ დახოცილები*.+ 10 ისინი ღაღადებდნენ: „უზენაესო უფალო, წმინდავ და ჭეშმარიტო,+ როდემდე უნდა იკავებდე თავს დედამიწის მკვიდრთა გასამართლებისა და მათზე შურისძიებისგან?! მათ ხომ ჩვენი სისხლი დაღვარეს!“+ 11 თითოეულ მათგანს თეთრი გრძელი სამოსი მისცეს+ და უთხრეს, რომ ცოტა ხანს კიდევ მოეცადათ, სანამ მათი თანამსახურებისგან და მათი ძმებისგან, რომლებიც მათსავით უნდა დაეხოცათ, სრული რიცხვი არ შეივსებოდა.+
12 როცა მეექვსე ბეჭედი ახსნა, დავინახე, რომ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მზე ძაძასავით გაშავდა და მთვარე მთლიანად სისხლისფერი გახდა;+ 13 ცის ვარსკვლავები დედამიწაზე მკვახე ლეღვებივით ჩამოცვივდა, ძლიერი ქარისგან შერხეულ ლეღვის ხეს რომ სცვივა. 14 ცა გრაგნილივით დაიხვა+ და გაუჩინარდა; ყოველი მთა და ყოველი კუნძული თავის ადგილს მოშორდა.+ 15 მაშინ დედამიწის მეფეები, დიდებულები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყველა მონა და თავისუფალი გამოქვაბულებსა და კლდოვან მთებში დაიმალნენ.+ 16 ისინი მთებსა და კლდეებს ეუბნებოდნენ: „დაგვფარეთ+ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომის სახისგან+ და კრავის+ რისხვისგან, 17 რადგან მოვიდა მათი რისხვის დიდი დღე+ და ვინ გაუძლებს?!“+