მათეს სახარება
20 «ზეციერი სამეფო იმას ჰგავს, სახლის პატრონი დილაადრიან რომ გავიდა, რათა მუშები დაექირავებინა თავის ვენახში სამუშაოდ.+ 2 ის მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და ვენახში გაუშვა. 3 მესამე საათისთვის* კიდევ გავიდა მოედანზე და დაინახა სხვა მუშები, რომელთაც სამუშაო არ ჰქონდათ. 4 უთხრა მათ: „თქვენც წადით ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ“. 5 ისინიც წავიდნენ. მეექვსე* და მეცხრე საათისთვისაც* გავიდა სახლის პატრონი და კიდევ დაიქირავა მუშები. 6 ბოლოს მეთერთმეტე საათისთვის* გავიდა და სხვა მუშებიც ნახა, რომელთაც სამუშაო არ ჰქონდათ. ჰკითხა მათ: „რატომ დგახართ აქ მთელი დღე უმუშევრად?“ 7 მათაც მიუგეს, არავინ დაგვიქირავაო. მაშინ მან უთხრა: „თქვენც წადით ჩემს ვენახში!“
8 როცა მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა თავის მსახურს უთხრა: „დაუძახე მუშებს და მიეცი გასამრჯელო+ — ბოლოს მოსულებით დაიწყე და პირველებით დაამთავრე“. 9 მოვიდნენ მე-11 საათზე დაქირავებულები და თითო დინარი მიიღეს. 10 ბოლოს მოვიდნენ პირველებიც და იფიქრეს, მეტს მივიღებთო, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს. 11 ამის გამო ჩივილს მოჰყვნენ სახლის პატრონთან: 12 „ბოლოს მოსულებმა სულ ერთი საათი წაიმუშავეს, შენ კი ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც მთელი დღე მძიმედ ვიმუშავეთ პაპანაქებაში!“ 13 მან კი მიუგო ერთ მათგანს: „მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ, ერთ დინარად არ მოგირიგდი?!+ 14 აიღე, რაც გეკუთვნის და წადი. მე კი მინდა, რომ ბოლოს მოსულსაც იმდენივე მივცე, რამდენიც შენ. 15 განა იმის უფლება არა მაქვს, რომ ჩემი ქონება როგორც მინდა, ისე მოვიხმარო? თუ გშურს*, რომ კეთილი ვარ?“+ 16 ასე გახდებიან უკანასკნელნი პირველები და პირველები — უკანასკნელნი».+
17 იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე იესომ განზე გაიხმო თორმეტი მოწაფე და უთხრა:+ 18 „აი, მივდივართ იერუსალიმში, სადაც კაცის ძე უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს გადაეცემა. ისინი სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ მას+ 19 და უცხოტომელებს გადასცემენ, რომ მასხრად აიგდონ, გაშოლტონ და ძელზე გააკრან,+ მაგრამ მესამე დღეს ის აღდგება“.+
20 მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ვაჟების+ დედა თავის ვაჟებთან ერთად, მუხლი მოიყარა და რაღაცას ევედრებოდა.+ 21 იესომ ჰკითხა: „რა გინდა?“ მან უთხრა: „ბრძანე, რომ ჩემი ერთი ვაჟი შენს სამეფოში შენ მარჯვნივ დაჯდეს, მეორე კი — შენ მარცხნივ“.+ 22 იესომ მიუგო: „არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ იმ სასმისიდან შესვათ, რომლიდანაც მე შევსვამ?“+ „შეგვიძლია“, — მიუგეს მათ. 23 მან უთხრა: „ჩემი სასმისიდან კი შესვამთ,+ მაგრამ ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს ადგილები მათთვის არის, ვისაც ჩემმა ზეციერმა მამამ მოუმზადა“.+
24 ეს რომ დანარჩენმა ათმა გაიგო, გული მოუვიდათ ამ ორ ძმაზე,+ 25 მაგრამ იესომ მოუხმო მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ხალხს მმართველები განაგებენ და დიდებულები ბატონობენ მათზე.+ 26 თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს.+ ვისაც თქვენ შორის უფროსობა სურს, თქვენი მსახური იყოს,+ 27 და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ის თქვენი მონა იყოს.+ 28 არც კაცის ძე მოსულა იმისთვის, რომ მას მოემსახურონ,+ არამედ თვითონ მოემსახუროს და სიცოცხლე* გასწიროს მრავალთა გამოსასყიდად“.+
29 იერიხონიდან რომ გამოდიოდნენ, დიდძალი ხალხი მოჰყვებოდა მას. 30 გზის პირას ორი უსინათლო იჯდა; როგორც კი ყური მოჰკრეს, იესო მოდისო, აყვირდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“+ 31 ხალხი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა, ისინი კი უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“ 32 იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და უთხრა: „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?“ 33 მათ სთხოვეს: „თვალი აგვიხილე, უფალო!“ 34 იესოს გული დაეწვა და თვალებზე შეეხო მათ;+ მაშინვე აეხილათ თვალი და გაჰყვნენ მას.