დანიელი
1 იუდას მეფე იეჰოიაკიმის+ მეფობის მე-3 წელს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი იერუსალიმს მიადგა და ალყა შემოარტყა.+ 2 იეჰოვამ ხელში ჩაუგდო+ მას იუდას მეფე იეჰოიაკიმი და ჭეშმარიტი ღვთის ტაძრის ნივთების ნაწილი. წაიღო მან ისინი შინარის* მიწაზე,+ თავისი ღვთის ტაძარში მიიტანა და მის საგანძურში დააწყო.+
3 მეფემ კარისკაცთა უფროსს, აშფენაზს, უბრძანა, მოეყვანა ყმაწვილები ისრაელთაგან, მათ შორის სამეფო საგვარეულოდან და დიდებულთაგან,+ 4 უნაკლო, კარგი შესახედაობის, სიბრძნით, ცოდნითა და გამჭრიახობით გამორჩეული ყმაწვილები,+ რომლებიც შეძლებდნენ მეფის სასახლეში მსახურებას. აშფენაზს მათთვის ქალდეველთა ენა და დამწერლობა უნდა ესწავლებინა. 5 გამოუყო მათ მეფემ ყოველდღიური ულუფა სამეფო ნუგბარიდან და ღვინიდან, რომელსაც თვითონ სვამდა. მათთვის სამი წელი უნდა ესწავლებინათ* და ამ დროის გასვლის შემდეგ მათ სამეფო კარზე უნდა ემსახურათ.
6 მათ შორის იუდას ტომიდან იყვნენ: დანიელი*,+ ხანანია*, მიშაელი* და აზარია*.+ 7 კარისკაცთა უფროსმა სხვა სახელები* დაარქვა მათ. დანიელს ბელტეშაცარი+ დაარქვა, ხანანიას — შადრაქი, მიშაელს — მეშაქი და აზარიას — აბედნეგო.+
8 დანიელმა გულში გადაწყვიტა, თავი არ გაეუწმინდურებინა სამეფო ნუგბარითა და ღვინით. ამიტომ კარისკაცთა უფროსს სთხოვა, ნება დაერთო მისთვის, რომ არ გაუწმინდურებულიყო. 9 ჭეშმარიტმა ღმერთმა დანიელს კარისკაცთა უფროსის თვალში კეთილგანწყობა და წყალობა მოაპოვებინა.+ 10 კარისკაცთა უფროსმა დანიელს უთხრა: „მეშინია ჩემი მეფე-ბატონისა, რომელმაც საჭმელ-სასმელი გამოგიყოთ. ნახავს იგი, რომ თქვენს თანატოლებზე უარესად გამოიყურებით და დამნაშავეს გამომიყვანთ მეფის წინაშე“. 11 მაშინ დანიელმა მეურვეს, რომელიც კარისკაცთა უფროსმა დაუნიშნა მას, ხანანიას, მიშაელსა და აზარიას, სთხოვა: 12 „გამოსცადე შენი მსახურები ათი დღე, საჭმელად მცენარეული საზრდო მოგვეცი და სასმელად წყალი; 13 მერე შეადარე ჩვენი სახეები იმ ყმაწვილთა სახეებს, რომლებიც სამეფო ნუგბარს ჭამენ, და რასაც დაინახავ, იმის მიხედვით მოექეცი შენს მსახურებს“.
14 დასთანხმდა მეურვე და ათი დღე სცდიდა მათ. 15 ათი დღის ბოლოს ისინი იმ ყმაწვილებზე უკეთესად და ჯანსაღად გამოიყურებოდნენ, რომლებიც მეფის ნუგბარს შეექცეოდნენ. 16 ამიტომ არც ამის შემდეგ მიუტანია მეურვეს მათთვის ნუგბარი და ღვინო; მხოლოდ მცენარეული საზრდო მიჰქონდა. 17 ამ ოთხ ყმაწვილს ჭეშმარიტმა ღმერთმა ცოდნა, სიბრძნე და გამჭრიახობა უბოძა ყოველგვარი დამწერლობის გასაგებად; დანიელს ყველანაირი ხილვისა და სიზმრის გაგებაც შეეძლო.+
18 როცა მეფის მიერ დადგენილი დრო ამოიწურა,+ კარისკაცთა უფროსმა ყმაწვილები ნაბუქოდონოსორს წარუდგინა. 19 ესაუბრა მათ მეფე და არავინ აღმოჩნდა მათ შორის დანიელის, ხანანიას, მიშაელისა და აზარიას მსგავსი;+ იმ დღიდან მოყოლებული ისინი სამეფო კარზე მსახურობდნენ. 20 მეფემ თავის დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხებით, რისთვისაც სიბრძნე და გონიერება იყო საჭირო, დაინახა, რომ ისინი ათჯერ აღემატებოდნენ მისი სამეფოს გრძნეულ ქურუმებსა+ და შემლოცველებს. 21 დანიელი იქ კიროსის+ მეფობის პირველ წლამდე დარჩა.