სირია საინტერესო წარსულის ნაკვალევზე
იგი მდებარეობდა ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ გზაგასაყარზე — იქ, სადაც ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან ჩინეთისკენ და ეგვიპტიდან ანატოლიისკენ მიმავალი საქარავნო გზები კვეთდნენ ერთმანეთს. მის მიწას ოდესღაც აქადელთა, ბაბილონელთა, ეგვიპტელთა, სპარსელთა, ბერძენთა და რომაელთა ლაშქრები თელავდნენ; საუკუნეების შემდეგ კი ვერც ოსმალებსა და ჯვაროსნებს გადაურჩა. ჩვენს ეპოქაში მასზე საბატონოდ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ჯარები ებრძოდნენ ერთმანეთს.
ამ რეგიონის ერთი ნაწილი დღესაც იმ სახელწოდებით მოიხსენიება, რომლითაც ათასობით წლის წინათ იყო ცნობილი — სირია. თუმცა ბევრმა წყალმა ჩაირა და მხარეში დიდი ცვლილებები მოხდა, აქ კვლავაც წააწყდებით შორეული წარსულის ნაკვალევს. რადგან სირიამ გარკვეული როლი ითამაშა ბიბლიურ ისტორიაში, ეს ადგილი განსაკუთრებით საინტერესოა ბიბლიის შემსწავლელებისთვის.
დამასკო — უძველესი ქალაქი
მოდი ჯერ სირიის დედაქალაქს, დამასკოს (იგივე დამასკი), ვეწვიოთ. ამბობენ, რომ იგი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ უძველეს ქალაქებს შორის, რომლებიც დაარსების დღიდან მუდამ ხალხმრავლობით გამოირჩეოდნენ. დამასკო სირიის უდაბნოს განაპირას, ანტილიბანის მთისწინეთში, მდინარე ბარადას ხეობაში მდებარეობს; საუკუნეების განმავლობაში იგი სანუკვარი ოაზისი იყო მოგზაურთათვის. სავარაუდოა, რომ სამხრეთით, ქანაანისკენ მიმავალმა პატრიარქმა აბრაამმა ეს ქალაქი გაიარა და თან წაიყვანა „დამასკოელი ელიეზერი“, რომელიც მისი მსახური გახდა (დაბადება 15:2).
თითქმის ათასი წლის შემდეგ ცობას სირიელი მეფეები ისრაელის პირველ მეფეს, საულს, ებრძოდნენ (1 მეფეთა 14:47). ისრაელის მეორე მეფე დავითიც ეომებოდა არამის (ასე ეწოდება სირიას ებრაულად) მეფეებს. მან დაამარცხა ისინი და ‘ხელისუფალნი დააყენა დამასკოს არამში’ (2 მეფეთა 8:3—8). ასე ჩამოვარდა ისრაელსა და სირიას შორის ხანგრძლივი მტრობა (3 მეფეთა 11:23—25).
ახ. წ. პირველი საუკუნისთვის, სირიელებსა და იუდეველებს შორის შუღლი, როგორც ჩანს, განელდა. იმ დროისთვის დამასკოში რამდენიმე ებრაული სინაგოგაც კი იყო. ალბათ, გახსოვთ, რომ ტარსუსელი სავლე (მოგვიანებით პავლე) იერუსალიმიდან დამასკოში მიმავალ გზას ადგა, როდესაც ქრისტიანობა მიიღო (საქმეები 9:1—8).
თანამედროვე დამასკოში არაფერი მოწმობს იმაზე, რომ აქ აბრაამმა გაიარა და ოდესღაც აქაურობა დავითმა დაიპყრო. სამაგიეროდ, რომის ბატონობის ხანიდან შემორჩენილია არქიტექტურული ძეგლები და ქალაქის ძველ უბანზე გამავალი მთავარი მაგისტრალი, სადაც ძველად რომაული „ვია რექტა“ (პირდაპირი ქუჩა) მდებარეობდა. ანანიამ სწორედ ამ ქუჩაზე მდებარე სახლში იპოვა სავლე, რომელიც დამასკოსთან ახლოს სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ ქრისტიანობაზე მოიქცა (საქმეები 9:10—19). რომაელთა დროიდან მოყოლებული ქუჩა, რა თქმა უნდა, ძალიან შეიცვალა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა, რომ პავლე მოციქულმა სწორედ აქ დაიწყო თავისი უჩვეულო ქრისტიანული მოღვაწეობა. პირდაპირი ქუჩა რომაული ბაბ-შარქის კარიბჭით მთავრდება. ქალაქის გალავანზე „შემოდგმული“ სახლების დანახვაზე გასაგები ხდება, როგორ ჩაუშვეს პავლე გალავნის სარკმლიდან გოდრით და როგორ დაუსხლტა ხელიდან მტრებს (საქმეები 9:23—25; 2 კორინთელთა 11:32, 33).
პალმირა — ისტორიული ოაზისი
დამასკოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, მანქანით დაახლოებით სამი საათის სავალზე, მდებარეობს შესანიშნავი არქეოლოგიური ძეგლი — ქალაქი პალმირა, რომელსაც ბიბლიაში თადმორი ეწოდება (2 ნეშტთა 8:4). ხმელთაშუა ზღვასა და მდინარე ევფრატს შორის მოქცეული და მათგან თანაბრად დაშორებული ეს ოაზისი ირწყვება მიწისქვეშა წყაროებით, რომლებიც ჩრდილოეთით მდებარე მთებში იღებს სათავეს. მესოპოტამიისა და დასავლეთის ქვეყნების დამაკავშირებელი საქარავნო-სავაჭრო გზა „კურთხეულ ნახევარმთვარეზე“ (ნაყოფიერი მიწები ახლო აღმოსავლეთში) გადიოდა და ამრიგად, პალმირას ჩრდილოეთის მხრიდან საკმაოდ შორს უვლიდა გვერდს. მაგრამ ძვ. წ. პირველ საუკუნეში ჩრდილოეთში პოლიტიკურმა არეულობამ იჩინა თავი, რამაც უფრო ხელსაყრელი გახადა შედარებით მოკლე და სამხრეთით მდებარე გზის გამოყენება. ასე დაიწყო პალმირაში ოქროს ხანა.
რომის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე პალმირას რომაელი მმართველები სტრატეგიულ კედლად მიიჩნევდნენ და ის სირიის რომაულ პროვინციას შემოუერთეს, მაგრამ ბოლოს მან დამოუკიდებელი ქალაქის სტატუსი მიიღო. დიდებული კოლონადებით დამშვენებულ ქუჩაზე უზარმაზარი ტაძრები, მონუმენტური თაღები, აბანოები და თეატრები იყო ჩამწკრივებული. ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი დახურული გალერეები, რომლებიც ქუჩის ორივე მხარეს მიუყვებოდა, მოკირწყლული იყო, ხოლო ცენტრალურ ნაწილს მოუკირწყლავს ტოვებდნენ, აქლემების ქარავნებს რომ გაადვილებოდათ გავლა. ქარავნები, რომლებსაც ჩინეთ-ინდოეთსა და საბერძნეთ-რომს შორის გადაჰქონდათ საქონელი, პალმირაში ჩერდებოდნენ. იქ მათ აბრეშუმზე, სუნელ-სანელებლებსა და სხვა საქონელზე დაწესებულ გადასახადებს ახდევინებდნენ.
ახ. წ. მესამე საუკუნეში, როდესაც პალმირამ თავისი დიდების ზენიტს მიაღწია, მისი მოსახლეობა დაახლოებით 200 000 ადამიანს ითვლიდა. სწორედ ამ პერიოდში ებრძოდა რომაელებს პალმირას პატივმოყვარე დედოფალი ზენობია, რომელიც, საბოლოოდ, ახ. წ. 272 წელს დამარცხდა. ამგვარად, ზენობიამ თავისდაუნებურად შეასრულა დანიელ წინასწარმეტყველის მიერ დაახლოებით 800 წლით ადრე დაწერილი წინასწარმეტყველების ნაწილიa (დანიელი, მე-11 თავი). ზენობიას დამარცხების შემდეგ, პალმირა გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ რომის იმპერიის სტრატეგიულ ავანპოსტად რჩებოდა, მაგრამ მეტად აღარასოდეს დაუბრუნებია წინანდელი სიძლიერე და დიდება.
ევფრატის გასწვრივ
აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ავტომობილით სამი საათის სავალზე (უდაბნოს გავლით) მდებარეობს ქალაქი დაირ-ელ-ზავრი, სადაც ჩვენ თვალწინ დიდებული ევფრატი იშლება. ეს ისტორიული სანაოსნო მდინარე აღმოსავლეთ ანატოლიის (თურქეთის აზიური ნაწილი) მთებში იღებს სათავეს. ქარხემიშთან ახლოს, მისგან ოდნავ ჩრდილოეთით, ევფრატი სირიაში შემოედინება, კვეთს მთელ სირიას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და აქედან ერაყში გაედინება. ერაყის საზღვრიდან არც თუ ისე შორს სირიის ორი უძველესი ქალაქის ნანგრევები მდებარეობს.
დაირ-ელ-ზავრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ას კილომეტრში, იქ, სადაც მდინარე ევფრატი რკალს ქმნის, ძველი ციხე-ქალაქის, დურა-ევროპოსის, ნანგრევებია შემორჩენილი. აქედან 25 კილომეტრში, ისევ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მდებარეობს მარი. ეს ერთ დროს აყვავებული სავაჭრო ქალაქი ძვ. წ. XVIII საუკუნეში ბაბილონის მეფემ, ხამურაბმა, გაასწორა მიწასთან. ქალაქში არსებულ მეფის სასახლის არქივში 15 000-მდე თიხის ფირფიტა იქნა აღმოჩენილი. ფირფიტებზე შესრულებულმა წარწერებმა დიდი დახმარება გაუწია ისტორიკოსებს წარსულის გაცოცხლებაში.
როდესაც ხამურაბის ჯარი ქალაქს ანადგურებდა, მეომრები შენობების ზედა კედლებს ანგრევდნენ, რის გამოც დაბლითა ოთახები აგურებითა და მიწით ამოივსო. სწორედ ამ გარემოების წყალობით დღემდე კარგად არის შემონახული კედლის ფერწერა, ქანდაკებები, კერამიკული ნაკეთობები და მატერიალური კულტურის სხვა უამრავი ძეგლი. ეს ისტორიული სიმდიდრე 1933 წელს ფრანგი არქეოლოგების ჯგუფმა აღმოაჩინა. მათი ნახვა შესაძლებელია დამასკოს, ჰალაბისა და პარიზის (ლუვრი) მუზეუმებში.
ჩრდილო-დასავლეთ სირიის უძველესი ქალაქები
თუ ევფრატს ჩრდილო-დასავლეთით ავუყვებით, ალეპოს (ახლანდელი ჰალაბი) მივადგებით. დამასკოს მსგავსად, ალეპოც მსოფლიოს იმ უძველესი ქალაქების რიცხვს განეკუთვნება, რომლებშიც მუდამ სიცოცხლე ჩქეფდა. ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ორიგინალურ ბაზრებს შორის ალეპოს დახურულ ბაზრებს გამორჩეული ადგილი უკავიათ.
ალეპოს სამხრეთით მდებარეობს თელ-მარდიხი, სადაც ერთ დროს ქალაქ-სახელმწიფო ებლა იწონებდა თავს. ებლა მსხვილი სავაჭრო ცენტრი იყო, რომელიც ჩრდილოეთ სირიაზე დომინირებდა ძვ. წ. მესამე ათასწლეულის მეორე ნახევარში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქ აღმოაჩინეს ბაბილონური ქალღმერთისადმი, იშთარისადმი, მიძღვნილი ტაძრის ნანგრევები და მეფის სასახლე, რომლის არქივშიც 17 000-მდე თიხის ფირფიტა ინახებოდა. ებლაში აღმოჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლების ხილვა შესაძლებელია ქალაქ იდლიბის მუზეუმში, რომელიც აქედან 25 კილომეტრითაა დაშორებული.
კიდევ უფრო სამხრეთით, დამასკოსკენ მიმავალ გზაზე, მდებარეობს ჰამა, რომელიც ბიბლიაში ხამათად არის მოხსენიებული (რიცხვნი 13:22). ქალაქზე მდინარე ელ-ასი მიიკლაკნება, რაც მას სირიის ერთ-ერთ უმშვენიერეს დასახლებად ხდის. დასავლეთით რას-შამრაა, რომლის ადგილზეც ისტორიული ქალაქი უგარითი მდებარეობდა. ძვ. წ. მესამე და მეორე ათასწლეულებში უგარითი აყვავებული სავაჭრო პორტი იყო, რომლის მოსახლეობაც ბაალსა და დაგონს სცემდა თაყვანს. 1929 წლიდან მოყოლებული ფრანგმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უამრავი თიხის ფირფიტა და ბრინჯაოს ნაკეთობა, რომლებმაც ნათელი მოჰფინეს, თუ რა დიდი გახრწნილებით გამოირჩეოდა ბაალისადმი თაყვანისცემა. აქედან გამომდინარე, უფრო კარგად გვესმის, რატომ ბრძანა ღმერთმა ქანაანელების მოსპობა, რომლებიც ბაალს სცემდნენ თაყვანს (2 რჯული 7:1—4).
დიახ, თანამედროვე სირიაში კვლავაც წააწყდებით საინტერესო წარსულის მრავალ ნაკვალევს.
[სქოლიო]
a იხილეთ სტატია „სირიის უდაბნოს შავგვრემანი დედოფალი“ 1999 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
[რუკა 24, 25 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ხმელთაშუა ზღვა
‐‐ სადავო საზღვრები
ეგვიპტე
ისრაელი
იორდანია
ლიბანი
სირია
დამასკო
ბარადა
ელ–ასი
ჰამა (ხამათი)
უგარითი (რას-შამრა)
ებლა (თელ-მარდიხი)
ალეპო (ჰალაბი)
ქარხემიში (ჯერაბლუსი)
ევფრატი
ზენობია
დაირ-ელ-ზავრი
დურა-ევროპოსი
მარი
პალმირა (თადმორი)
ერაყი
თურქეთი
[სურათები 24 გვერდზე]
დამასკო (ქვემოთ) და პირდაპირი ქუჩა (ზემოთ).
[სურათი 25 გვერდზე]
სკისმაგვარი სახლები
[სურათი 25 გვერდზე]
უგარითი
[სურათი 25 გვერდზე]
ჰამა
[სურათი 26 გვერდზე]
მარი
[სურათი 26 გვერდზე]
ალეპო
[საავტორო უფლება]
© Jean-Leo Dugast/Panos Pictures
[სურათი 26 გვერდზე]
მეფის სასახლე ებლაში.
[სურათი 26 გვერდზე]
მწყემსები ზენობიაში.
[სურათები 26 გვერდზე]
პალმირა
[სურათი 26 გვერდზე]
მდინარე ევფრატი დურა-ევროპოსთან.
[სურათის საავტორო უფლებები 25 გვერდზე]
Children: © Jean-Leo Dugast/Panos Pictures; beehive homes: © Nik Wheeler