დაბადება
4 დაწვა ადამი თავის ცოლთან, ევასთან, და დაორსულდა ევა.+ შეეძინა მას კაენი+ და თქვა: „ვაჟი გავაჩინე იეჰოვას შეწევნით“. 2 შემდეგ შეეძინა აბელი,+ კაენის ძმა.
აბელი მეცხვარე გახდა, კაენი — მიწათმოქმედი. 3 გავიდა ხანი და კაენმა მიწის ნაყოფი მიიტანა იეჰოვასთვის შესაწირავად, 4 აბელმა კი თავისი ფარის პირველმოგებული ბატკნები შესწირა+ ქონთან ერთად. იეჰოვამ მოიწონა აბელი და მისი შესაწირავი,+ 5 კაენი და მისი შესაწირავი კი არ მოიწონა. გაბრაზდა კაენი და სახე მოეღუშა. 6 მაშინ იეჰოვამ კაენს ჰკითხა: „რატომ გაბრაზდი და რატომ მოგეღუშა სახე? 7 თუ კარგს გააკეთებ, განა არ მიგიღებ?! მაგრამ, თუ არ გააკეთებ კარგს, იცოდე, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ ისწრაფვის. იბატონებ მასზე?“
8 ამის შემდეგ კაენმა თავის ძმას, აბელს, უთხრა: „წამო, მინდორში წავიდეთ“. მინდორში კაენი თავს დაესხა აბელს და მოკლა.+ 9 მოგვიანებით იეჰოვამ კაენს ჰკითხა: „სად არის შენი ძმა აბელი?“ მან მიუგო: „მე რა ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?!“ 10 მაშინ ღმერთმა უთხრა: „ეს რა ჩაიდინე?! ყური დაუგდე, შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.+ 11 დაწყევლილი ხარ; გაძევებ ამ მიწიდან, რომელზეც შენი ძმის სისხლი დაღვარე.+ 12 მიწას რომ დაამუშავებ, ნაყოფს არ მოგცემს. დედამიწაზე იხეტიალებ და დევნილი იქნები“. 13 მაშინ კაენმა იეჰოვას უთხრა: „ჩემი სასჯელი მეტისმეტად მძიმეა. 14 მაძევებ დღეს ამ მიწიდან და ზურგს შემაქცევ. დედამიწაზე ვიხეტიალებ, დევნილი ვიქნები და ნებისმიერი შემხვედრი მომკლავს“. 15 იეჰოვამ მას უთხრა: „ნებისმიერს, ვინც კაენს მოკლავს, შვიდმაგად მიეზღვება“.
ამგვარად იეჰოვამ ნიშანი* მისცა მათ, ვინც კაენს შეხვდებოდა, რომ არ მოეკლათ იგი. 16 გაეცალა კაენი იეჰოვას და დასახლდა ნოდის* ქვეყანაში, ედემის+ აღმოსავლეთით.
17 ამის შემდეგ დაწვა კაენი თავის ცოლთან,+ დაორსულდა ის და შეეძინა ენოქი. კაენმა ქალაქის მშენებლობა დაიწყო და ამ ქალაქს თავისი ვაჟის, ენოქის, სახელი უწოდა. 18 მოგვიანებით ენოქს შეეძინა ირადი. ირადს შეეძინა მეხუალელი, მეხუალელს — მეთუშაელი, მეთუშაელს — ლამექი.
19 ლამექმა ორი ცოლი შეირთო; ერთს ადა ერქვა, მეორეს — ცილა. 20 ადას ეყოლა იაბალი. მისგან წამოვიდნენ კარვებში მცხოვრებნი და მესაქონლეები. 21 მის ძმას ერქვა იუბალი. მისგან წამოვიდა ყველა მექნარე და მესტვირე. 22 ცილას კი ეყოლა თუბალ-კაენი, სპილენძისა და რკინის იარაღების მჭედელი. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაამა. 23 ლამექმა ლექსი შეთხზა და თავის ცოლებს, ადასა და ცილას, უთხრა:
„მომისმინეთ, ლამექის ცოლებო,
ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს:
კაცი მოვკალი, რომელმაც დამჭრა,
ახალგაზრდა, რომელმაც დამკრა.
24 თუ კაენისთვის შვიდჯერ მიეზღვებათ,+
ლამექისთვის — სამოცდაჩვიდმეტჯერ“.
25 კვლავ დაწვა ადამი თავის ცოლთან, ევასთან, და მან ვაჟი გააჩინა, რომელსაც შეთი*+ დაარქვა; თქვა, აბელის ნაცვლად ღმერთმა სხვა შთამომავალი მომცა, რადგან იგი კაენმა მოკლაო.+ 26 შეთსაც შეეძინა ვაჟი და მას ენოში+ დაარქვა. იმ დროს დაიწყეს იეჰოვას სახელის ხსენება.