თავი 13
„ახორციელებს იეჰოვა თავის განზრახვას“
1. რა თქვა იერემიამ იეჰოვას წინასწარმეტყველების შესახებ იერუსალიმის განადგურების შემდეგ?
იერუსალიმი მიწასთან არის გასწორებული. ბაბილონელებმა ქალაქი დაპყრობის შემდეგ ცეცხლს მისცეს და კვამლის სვეტები ჯერ კიდევ ცას სწვდება. იერემიას კვლავ ჩაესმის ყურში ხოცვა-ჟლეტის ხმა. ყველაფერი მართლაც ისე მოხდა, როგორც ღმერთს ჰქონდა მისთვის ნათქვამი. „ახორციელებს იეჰოვა თავის განზრახვას“, — ამოიგმინა წინასწარმეტყველმა. რა საზარელი ტრაგედია დატრიალდა იერუსალიმში! (წაიკითხეთ გოდების 2:17 ).
2. საუკუნეებით ადრე წარმოთქმული რომელი წინასწარმეტყველების შესრულება იხილა იერემიამ?
2 იერემიამ საკუთარი თვალით იხილა, როგორ შესრულდა ღვთის ხალხისთვის გაცხადებული მრავალი წინასწარმეტყველება, მათ შორის არაერთი უძველესი წინასწარმეტყველებაც. საუკუნეებით ადრე მოსემ უთხრა ისრაელებს, რომ ღვთისადმი მორჩილებას კურთხევა მოჰყვებოდა, დაუმორჩილებლობას კი — წყევლა. იეჰოვას თავისი ხალხისთვის საუკეთესო ანუ კურთხევები სურდა. წყევლა, რომელიც დაუმორჩილებლობას მოჰყვებოდა, საშინელი ასატანი იქნებოდა. მოსემ თქვა და მოგვიანებით იერემიამაც გაიმეორა ეს გაფრთხილება, რომ ისინი, ვინც ღვთის სიტყვას უარყოფდა და არ დაემორჩილებოდა იეჰოვას, „საკუთარი ვაჟებისა და ასულების ხორცსაც“ კი შეჭამდნენ (კან. 30:19, 20; იერ. 19:9; ლევ. 26:29). „ნუთუ მართლა შეიძლება ასეთი საზარელი რამ მოხდეს?“, — იკითხავდა იმ დროს ზოგიერთი. ბაბილონელების ალყის დროს, როცა ქალაქში ლუკმაპური აღარ იშოვებოდა, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. იერემია გვამცნობს: „თანამგრძნობი ქალები საკუთარი ხელით ხარშავენ თავიანთ შვილებს, ნუგეშის პურად ქცეულან ისინი ჩემი ხალხის ასულის დაქცევისას“ (გოდ. 4:10). რა საშინელებაა!
3. რა მიზნით უგზავნიდა ღმერთი თავის ხალხს წინასწარმეტყველებს?
3 იეჰოვა მხოლოდ იმიტომ კი არ უგზავნიდა თავის ხალხს იერემიას მსგავს წინასწარმეტყველებს, რომ მოახლოებული განადგურების შესახებ გაეფრთხილებინა, არამედ მას სურდა, რომ მისი ხალხი დაბრუნებულიყო მასთან და მისი ერთგული ყოფილიყო. იეჰოვას უნდოდა, რომ შემცოდველებს მოენანიებინათ. სწორედ ეს აღნიშნა ეზრამაც: „იეჰოვა, მათი მამა-პაპის ღმერთი, გამუდმებით უგზავნიდა მათ თავის მაცნეებს და აფრთხილებდა მათი პირით, რადგან ებრალებოდა თავისი ხალხი და თავისი სამყოფელი“ (2 მატ. 36:15; წაიკითხეთ იერემიას 26:3, 12, 13 ).
4. რა გრძნობებს იწვევდა იერემიაში ცნობა, რომელსაც აცხადებდა?
4 იეჰოვას მსგავსად იერემიასაც ებრალებოდა თავისი ხალხი. ეს კარგად ჩანს იმ სიტყვებიდან, რომლებიც მან იერუსალიმის დაცემამდე წარმოთქვა. ის ძალიან წუხდა იერუსალიმის მოსალოდნელი განადგურების გამო. არადა, ამ უბედურების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა, თუ იერემიას სიტყვებს ყურად იღებდნენ. წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა იერემია, როცა ღვთის ცნობას უცხადებდა მათ. ის მოთქვამდა: „ვაი, ჩემი შიგნეული, ჩემი შიგნეული! მწვავე ტკივილი მაქვს გულში. შემეძრა გული, ვერ ვდუმდები, რადგან საყვირის დაყვირების ხმა, საბრძოლო განგაში ესმის ჩემს სულს“ (იერ. 4:19). მას არ შეეძლო დადუმებულიყო მაშინ, როცა უბედურება კარს იყო მომდგარი.
რატომ იყო იერემია ასე დარწმუნებული?
5. რატომ იყო იერემია დარწმუნებული, რომ, რასაც ქადაგებდა, აუცილებლად შესრულდებოდა?
5 რატომ იყო იერემია დარწმუნებული, რომ, რასაც წინასწარმეტყველებდა, ყველაფერი შესრულდებოდა? (იერ. 1:17; 7:30; 9:22). მას ძლიერი რწმენა ჰქონდა, კარგად იცოდა წმინდა წერილები და ისიც, რომ იეჰოვა ისეთი ღმერთია, რომლის წინასწარმეტყველებაც არასდროს მტყუნდება. ისტორიამ დაამტკიცა, რომ იეჰოვას შეუძლია იწინასწარმეტყველოს მოვლენები, რომლებიც ადამიანისთვის წარმოუდგენელია და შეასრულოს კიდეც. ერთ-ერთი ასეთი წინასწარმეტყველება ეგვიპტის მონობიდან ისრაელის გათავისუფლება იყო. იერემიამ კარგად იცოდა „გამოსვლაში“ აღწერილი მოვლენები და ის, თუ რა თქვა ამ მოვლენების ერთ-ერთმა თვითმხილველმა. იესო ნავეს ძემ თავის თანამემამულეებს შეახსენა: „კარგად იცით თქვენი გულითა და სულით, რომ არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ, არც ერთი არ გამტყუნებულა“ (იეს. 23:14).
6, 7. ა) რატომ უნდა გაინტერესებდეთ იერემიას წინასწარმეტყველური ცნობები? ბ) რა განგიმტკიცებთ ნდობას იმ ცნობისადმი, რომელსაც ქადაგებთ?
6 რატომ უნდა განაგრძოთ იერემიას წინასწარმეტყველების გამოკვლევა? 1) იმიტომ, რომ იერემიას საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, დანდობოდა იეჰოვას სიტყვებს; 2) იერემიას პირით ნათქვამი იეჰოვას ზოგიერთი წინასწარმეტყველება თქვენ თვალწინ სრულდება და სხვა წინასწარმეტყველებების შესრულებასაც იხილავთ; 3) იერემია ერთ-ერთი გამორჩეული ღვთის მსახური იყო. ის ღვთის სახელით უამრავ ცნობას აცხადებდა და ამას არაჩვეულებრივი ენთუზიაზმით აკეთებდა. „იერემია წინასწარმეტყველთა შორისაც გამოირჩეოდა“, — აღნიშნავს ერთი სწავლული. ღვთის ხალხის ისტორიაში იერემია იმდენად მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველი იყო, რომ, როდესაც იესო ქადაგებდა, ზოგ მსმენელს ის იერემია ეგონა (მათ. 16:13, 14).
7 იერემიას მსგავსად თქვენც იმ დროში ცხოვრობთ, როცა მნიშვნელოვანი ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულდება. და თქვენც უნდა გჯეროდეთ, რომ ღვთის დაპირებები უტყუარია (2 პეტ. 3:9—14). ამას შეძლებთ, თუ გამუდმებით განიმტკიცებთ რწმენას ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის მიმართ, რომ ის აბსოლუტურად სანდოა. სწორედ ამ მიზნით განვიხილავთ იერემიას პირით ნათქვამ რამდენიმე წინასწარმეტყველებას ამ თავში, რომლებიც მის თვალწინ შესრულდა. ასევე ვისაუბრებთ სხვა წინასწარმეტყველებებზე, რომლებიც მოგვიანებით შესრულდა, და ისეთებზეც, რომლებიც უკვე დღეს ახდენს გავლენას თქვენს ცხოვრებაზე და მომავალშიც მოახდენს. დაე, ამ განხილვამ გაგიძლიეროთ იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვისადმი ნდობა და უფრო დაგარწმუნოთ იმაში, რომ ის განახორციელებს თავის განზრახვას! (გოდ. 2:17).
რატომ უგზავნიდა იეჰოვა თავის ხალხს წინასწარმეტყველებს? რატომ ენდობით იმ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მომავალ განადგურებას ეხება?
იერემიას წინასწარმეტყველებები, რომელთა შესრულებაც თვითონვე იხილა
8, 9. რა არის ბიბლიის ერთ-ერთი ნიშან-თვისება?
8 დღეს ბევრი ცდილობს მოვლენების განვითარების წინასწარ განსაზღვრას, მაგალითად, ეკონომისტები, პოლიტიკოსები, მკითხავები და მეტეოროლოგები. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ძალიან რთულია თუნდაც ყველაზე მარტივი რამის რამდენიმე დღით ან რამდენიმე კვირით ადრე წინასწარ განსაზღვრა. მაგრამ ბიბლიის ერთ-ერთი ნიშან-თვისება სწორედ ზუსტი წინასწარმეტყველებაა (ეს. 41:26; 42:9). იერემიას ყველა წინასწარმეტყველება, ეხებოდა ეს ახლო თუ შორეულ მომავალს, უცდომელი იყო. ზოგი მათგანი ეხებოდა ცალკეულ ადამიანებს, ზოგი კი ერებს. მოდი, ვისაუბროთ რამდენიმე წინასწარმეტყველებაზე, რომლებიც იერემიას დროში შესრულდა.
9 ვის შეუძლია დღეს იწინასწარმეტყველოს, რა მდგომარეობა იქნება მსოფლიოში ერთი ან ორი წლის შემდეგ? მაგალითად, რომელი პოლიტოლოგი შეძლებს ზუსტად განსაზღვროს, გადანაწილდება თუ არა ძალები მსოფლიოში? ღვთის შთაგონებით იერემიამ იწინასწარმეტყველა ბაბილონის გაძლიერება და მისი საზღვრების გაფართოება. როგორც მან თქვა, ბაბილონი იყო „ოქროს თასი“, საიდანაც იეჰოვა თავის რისხვას გადმოღვრიდა იუდაზე, მის ირგვლივ მდებარე ქალაქებსა და ხალხებზე, და დაუმონებდა მათ (იერ. 51:7). იერემია და მისი თანამედროვენი ამ ყველაფრის მომსწრენი გახდნენ (იერ. 25:15—29; 27:3—6; 46:13).
10. რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ იუდას ოთხ მეფეზე?
10 იეჰოვამ იერემიას მეშვეობით იწინასწარმეტყველა ისიც, თუ რა დაემართებოდა იუდას ოთხ მეფეს. იეჰოახაზზე, იმავე შალუმზე, მეფე იოშიას ვაჟზე, თქვა, რომ გადაასახლებდნენ მას და ვეღარასდროს დაბრუნდებოდა იუდაში (იერ. 22:11, 12). ეს მართლაც ასე მოხდა (2 მეფ. 23:31—34). ღმერთმა განაცხადა, რომ იეჰოიაკიმი, რომელიც იეჰოახაზის შემდეგ გახდებოდა მეფე, „მამალი ვირივით დაიმარხებოდა“ (იერ. 22:18, 19; 36:30). ბიბლიაში იმის შესახებ არაფერია ნათქვამი, თუ როგორ დაიღუპა ის და რა მოუვიდა მის ცხედარს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ იერუსალიმის ალყის დროს მისი ვაჟი, იეჰოიაქინი ავიდა ტახტზე. იერემიამ იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოიაქინს (ასევე იყო ცნობილი ქონიას და იექონიას სახელებით) გადაასახლებდნენ ბაბილონში და იქ მოკვდებოდა (იერ. 22:24—27; 24:1). ესეც ზუსტად შესრულდა. იუდას უკანასკნელ მეფეზე, ციდკიაზე, იერემიამ იწინასწარმეტყველა, რომ მტრები ჩაიგდებდნენ ხელში და უმოწყალოდ მოექცეოდნენ (იერ. 21:1—10). ეს სიტყვებიც შესრულდა? მტრებმა მართლაც შეიპყრეს ის, თვალწინ დაუხოცეს მცირეწლოვანი ვაჟები, თავად მას თვალები დასთხარეს და ბაბილონში წაიყვანეს, სადაც მოკვდა კიდეც (იერ. 52:8—11). ამ წინასწარმეტყველებებიდან უკლებლივ ყველა შესრულდა.
11. ვინ იყო ხანანია და რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ მასზე?
11 როგორც იერემიას 28-ე თავში ვკითხულობთ ციდკიას მეფობის დროს ცრუწინასწარმეტყველმა ხანანიამ განაცხადა, რომ იერემიას პირით წარმოთქმული იეჰოვას წინასწარმეტყველება ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის დაპყრობაზე სიცრუე იყო. მან არაფრად ჩააგდო ღვთის სიტყვა და თქვა, რომ თითქოსდა იეჰოვა იუდასა და სხვა ერებს ნაბუქოდონოსორის მონობის უღლის გადაგდებაში დაეხმარებოდა. მაგრამ იეჰოვას მითითებით იერემიამ ხანანია სიცრუეში ამხილა და გაიმეორა, რომ მრავალი ერი დაემონებოდა ბაბილონს, თვითონ ცრუწინასწარმეტყველი კი ერთ წელიწადში მოკვდებოდა. ყველაფერი იერემიას ნათქვამისამებრ მოხდა (წაიკითხეთ იერემიას 28:10—17 ).
12. როგორ რეაგირებდა იუდეველთა უმეტესობა იერემიას დროს ღვთის ძირითად წინასწარმეტყველებაზე?
12 იეჰოვა იერემიას მეშვეობით, ძირითადად, იერუსალიმის დაცემის შესახებ წინასწარმეტყველებდა. იერემია კვლავ და კვლავ აფრთხილებდა იუდეველებს, რომ, თუ არ მოინანიებდნენ და არ მიატოვებდნენ კერპთაყვანისმცემლობას, უსამართლობას და ძალადობას, ქალაქი განადგურდებოდა (იერ. 4:1; 16:18; 19:3—5, 15). იერემიას ბევრ თანამედროვეს არ სჯეროდა, რომ იეჰოვა ასეთ რამეს მოიმოქმედებდა. ღვთის ტაძარი იერუსალიმში იდგა და როგორ დაუშვებდა ღმერთი, რომ მისი წმინდა ადგილი განადგურებულიყო?! მათი აზრით ასეთი რამ არასოდეს მოხდებოდა. თუმცა თქვენ იცით, რომ იეჰოვა არასოდეს ცრუობს. მან გააკეთა ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა (იერ. 52:12—14).
13. ა) რით ჰგავს ჩვენი დრო იერემიას დროს? ბ) რატომ არის თქვენთვის საყურადღებო ის, თუ რას დაჰპირდა ღმერთი იერემიას დროს მცხოვრებ თავის ერთგულ მსახურებს?
13 დღეს ღვთის ხალხის მდგომარეობა ძალიან ჰგავს იერემიას დროში მცხოვრები იეჰოვას ერთგული მსახურების მდგომარეობას. ჩვენ ვიცით, რომ მალე იეჰოვა უბედურებას დაატეხს თავს მათ, ვინც ყურად არ იღებს მის გაფრთხილებებს. თუმცა ჩვენთვის ისევე გამამხნევებელია მისი დაპირებები, როგორც იერემიას დროში მცხოვრები იმ იუდეველებისთვის იყო გამამხნევებელი, რომლებიც წმინდა თაყვანისმცემლობას უჭერდნენ მხარს. რექაბელები იეჰოვას ერთგულები იყვნენ და თავიანთი წინაპრის მითითებებს იცავდნენ, ამიტომ ღმერთი დაჰპირდა მათ, რომ იერუსალიმის დაცემისას გადარჩებოდნენ. და ისინი მართლაც გადარჩნენ. როგორც ჩანს, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ მოგვიანებით ნეემიამ თავის წიგნში მოიხსენია „მალქია, რექაბის ვაჟი“, რომელიც მისი გამგებლობის დროს იერუსალიმის გალავნის აღდგენაში იღებდა მონაწილეობას (ნეემ. 3:14; იერ. 35:18, 19). იეჰოვა ებედ-მელექსაც დაჰპირდა, რომ გადაარჩენდა, რადგან ის ენდობოდა ღმერთს და ეხმარებოდა იერემიას (იერ. 38:11—13; 39:15—18). ღმერთმა იერემიას მეგობარ ბარუქსაც აღუთქვა, რომ იერუსალიმის განადგურებისას სულს ნადავლად მისცემდა (იერ. 45:1, 5). რა დასკვნამდე მიდიხართ, როცა ხედავთ, როგორი სიზუსტით შესრულდა ეს წინასწარმეტყველებები? რას ფიქრობთ, როგორ მოგექცევათ იეჰოვა, თუ მისი ერთგულები დარჩებით? (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:9).
როგორ დაეხმარა ებედ-მელექს, ბარუქსა და რექაბელებს იმის ცოდნა, რომ ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის წინასწარმეტყველებას? რას ფიქრობთ ასეთ წინასწარმეტყველებებზე?
წინასწარმეტყველებები, რომლებიც მოგვიანებით შესრულდა
14. რატომ იყო ღვთის წინასწარმეტყველება ბაბილონის შესახებ განსაკუთრებით საინტერესო?
14 ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ ნაბუქოდონოსორი არა მარტო იუდას, არამედ ეგვიპტესაც დაიპყრობდა (იერ. 25:17—19). ეს დაუჯერებელი ჩანდა, რადგან ეგვიპტე ძლევამოსილი სახელმწიფო იყო და იუდაზეც კი ბატონობდა (2 მეფ. 23:29—35). იერუსალიმის დაცემის შემდეგ იუდაში დარჩენილი ხალხი ეგვიპტეში აპირებდა გაქცევასა და იქ თავშესაფრის ძებნას. მათ არ მოუსმინეს იეჰოვას, რომელმაც გააფრთხილა, არ გაქცეულიყვნენ ეგვიპტეში და დაჰპირდა, რომ, თუ იუდაში დარჩებოდნენ, აკურთხებდა მათ. მაგრამ, თუ მაინც გაიქცეოდნენ ეგვიპტეში, მახვილი, რომელსაც გაურბოდნენ, მათ იქაც მისწვდებოდა (იერ. 42:10—16; 44:30). იერემია თავის წიგნებში არაფერს ამბობს იმის შესახებ, გახდა თუ არა ბაბილონელების ეგვიპტეში შეჭრის მომსწრე. მაგრამ ფაქტია, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველება ეგვიპტეში გაქცეულ ისრაელებზე შესრულდა, როცა ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისში ბაბილონელებმა ეგვიპტე დაიპყრეს (იერ. 43:8—13).
15, 16. როგორ შესრულდა ღვთის სიტყვა მისი ხალხის გათავისუფლების შესახებ?
15 იერემიამ ეგვიპტის დამპყრობლის, ბაბილონის განადგურებაც იწინასწარმეტყველა. ერთი საუკუნით ადრე მან დეტალურად აღწერა ბაბილონის მოულოდნელი დაცემა. წინასწარმეტყველმა თქვა, რომ წყლები, რომლებიც ბაბილონს იცავდა, დაშრებოდა და მისი მეომრები არ იბრძოლებდნენ (იერ. 50:38; 51:30). ეს წინასწარმეტყველებები ზედმიწევნით შესრულდა, როცა მიდიელებმა და სპარსელებმა მდინარე ევფრატს მიმართულება შეუცვალეს, გადაკვეთეს მდინარის კალაპოტი, შევიდნენ ქალაქში და თვალის დახამხამებაში აიღეს ის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის წინასწარმეტყველებაც, რომელიც ამ ქალაქის გაპარტახებასა და გაუკაცრიელებას ეხებოდა (იერ. 50:39; 51:26). ის, რომ ერთ დროს ძლევამოსილი ბაბილონი დღემდე გაუდაბურებულია, ღვთის წინასწარმეტყველების უტყუარობაზე მოწმობს.
16 იეჰოვამ იერემიას პირით გააცხადა, რომ იუდეველები 70 წლის განმავლობაში ბაბილონელთა მსახურები იქნებოდნენ, რის შემდეგაც მათ სამშობლოში დააბრუნებდა (წაიკითხეთ იერემიას 25:8—11; 29:10). დანიელს სჯეროდა, რომ ეს წინასწარმეტყველება აუცილებლად შესრულდებოდა; სწორედ ამის საფუძველზე დაადგინა მან, როდის დამთავრდებოდა ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც იერუსალიმი „უნდა ყოფილიყო განადგურებული“ (დან. 9:2). „იერემიას პირით ნათქვამი იეჰოვას სიტყვის შესასრულებლად, — დაწერა ეზრამ, — იეჰოვამ აღძრა სპარსეთის მეფის, კიროსის სული“, რომელმაც ბაბილონი დაიპყრო, რათა იუდეველები თავიანთ სამშობლოში დაებრუნებინა (ეზრ. 1:1—4). როგორც იერემიას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები სამშობლოში დაბრუნებულები გაიხარებდნენ მშვიდობით და აღადგენდნენ წმინდა თაყვანისმცემლობას (იერ. 30:8—10; 31:3, 11, 12; 32:37).
17. როგორც ჩანს, რომელ ორ შემთხვევაში შესრულდა იერემიას სიტყვები რახელის ტირილზე?
17 იერემიამ აგრეთვე იწინასწარმეტყველა ისეთი მოვლენები, რომლებიც შორეულ მომავალში შესრულდებოდა. მან თქვა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „ხმა ისმის რამაში, გოდება და მწარე ტირილი, თავის ვაჟებს დასტირის რახელი. არ სურს ნუგეში ვაჟების გამო, რადგან აღარ არიან ისინი“» (იერ. 31:15). როგორც ჩანს, ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ იუდეველი ტყვეები შეკრიბეს ქალაქ რამაში, რომელიც იერუსალიმის ჩრდილოეთით 8 კილომეტრში მდებარეობდა. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი სწორედ ამ ქალაქში დახოცეს. და, შესაძლოა, ამ დროს პირველად შესრულდა წინასწარმეტყველება, რომ რახელი „თავის ვაჟებს დასტირის“. ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ მეფე ჰეროდემ ბეთლემში ჩვილი ბავშვების სასაკლაო მოაწყო. სახარების დამწერი მათე ამბობს, რომ იერემიას წინასწარმეტყველური სიტყვის შესრულებას საშინელი რეაქცია მოჰყვა ხალხში (მათ. 2:16—18).
18. როგორ შესრულდა ედომზე ღვთის წინასწარმეტყველება?
18 ახ. წ. I საუკუნეში სხვა წინასწარმეტყველებაც შესრულდა. იერემიას პირით ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ სხვა ერებთან ერთად ბაბილონი ედომსაც დაიმონებდა (იერ. 25:15—17, 21; 27:1—7). მაგრამ წინასწარმეტყველებაში ედომზე მხოლოდ ეს არ იყო ნათქვამი. ის სოდომსა და გომორას დაემსგავსებოდა. თქვენ კარგად იცით, ეს რასაც ნიშნავს: ედომი სამუდამოდ გაუდაბურდებოდა, შეწყვეტდა არსებობას (იერ. 49:7—10, 17, 18). ეს ასეც მოხდა. სად არის დღეს ედომი და სად არიან ედომელები? შეგიძლიათ იპოვოთ ედომი თანამედროვე რუკაზე? ეს შეუძლებელია. ისინი მხოლოდ ანტიკური და ბიბლიური ისტორიის წიგნებშია მოხსენიებული ან იმდროინდელი მსოფლიოს რუკებზეა დატანილი. იოსებ ფლავიუსი მოგვითხრობს, რომ ძვ. წ. II საუკუნეში ედომელებს იძულებით მიაღებინეს იუდაიზმი. ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ ედომმა, როგორც ერმა, არსებობა შეწყვიტა.
19. როგორ აჩვენებს იერემიას წიგნი, რომ ღმერთს შეუძლია თავისი წინასწარმეტყველების შესრულება?
19 როგორც ხედავთ, იერემიას წიგნი თავიდან ბოლომდე ცალკეული ადამიანებისა და ერების შესახებ წინასწარმეტყველებებისგან შედგება. უმეტესი მათგანი უკვე შესრულდა. სულ მცირე ამ ფაქტის გამო უნდა მიაქციოთ ყურადღება იერემიას წიგნს და გამოიკვლიოთ, რადგან ის მნიშვნელოვან რამეს გამცნობთ თქვენს დიდებულ ღმერთზე. იეჰოვა დღესაც ახორციელებს თავის განზრახვას და მომავალშიც განახორციელებს (წაიკითხეთ ესაიას 46:9—11 ). ეს ბიბლიური წინასწარმეტყველებებისადმი ნდობას განგიმტკიცებთ. ფაქტობრივად, იერემიას ზოგი წინასწარმეტყველება პირდაპირ ეხება თქვენს როგორც ახლანდელ, ისე მომავალ ცხოვრებას. მოდი, განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი ამ თავის დარჩენილ ნაწილში.
რომელი წინასწარმეტყველებები შესრულდა იერემიას სიკვდილის შემდეგ და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი თქვენთვის?
წინასწარმეტყველებები, რომლებიც თქვენ გეხებათ
20—22. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლიის ზოგიერთი წინასწარმეტყველება, მათ შორის იერემიას ზოგი წინასწარმეტყველება, ერთზე მეტჯერ სრულდება? მოიყვანეთ მაგალითი.
20 ზოგიერთი ბიბლიური წინასწარმეტყველება შეიძლება ერთზე მეტჯერ შესრულდეს. ამის თქმა შეიძლება იმაზეც, რაც იესომ უპასუხა თავის მოწაფეებს, როცა ჰკითხეს, რა იქნებოდა მისი „მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი“ (მათ. 24:3). იესოს სიტყვები პირველად შესრულდა ახ. წ. 66—70 წლებში. მაგრამ აშკარაა, რომ ამ წინასწარმეტყველების ნაწილი ჯერ ისევ შესასრულებელია და შესრულდება დიდი გასაჭირის დროს, რომელიც ამ ბოროტ ქვეყნიერებას დაატყდება თავს. ეს ისეთი გასაჭირი იქნება, „როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათ. 24:21). იმავეს თქმა შეიძლება იერემიას ზოგიერთ წინასწარმეტყველებაზეც. ზოგი მათგანი პირველად ძვ. წ. 607 წელს შესრულდა, თუმცა უნდა შესრულებულიყო მოგვიანებითაც, მაგალითად, ის წინასწარმეტყველება, რომ რახელი „თავის ვაჟებს დასტირის“ (იერ. 31:15). იერემიას არაერთი წინასწარმეტყველება ეხება თქვენს დროს და მათი შესრულება თქვენს ცხოვრებაზე აუცილებლად იქონიებს გავლენას.
21 ამას ადასტურებს წიგნი „გამოცხადება“. ღვთის შთაგონებით მოციქული იოანე შეეხო იერემიას წინასწარმეტყველებას, რომელიც ეხებოდა ძვ. წ. 539 წელს ბაბილონის დაცემას. „გამოცხადების“ წიგნში ჩვენ ვხედავთ მსგავსებას ამ ძველ დროში მომხდარ მოვლენასა და იმ მოვლენებს შორის, რომლებიც უფრო დიდი მასშტაბით უნდა მომხდარიყო. იერემიას პირით წარმოთქმული ერთ-ერთი წინასწარმეტყველება, რომელიც ჩვენს დროში შესრულდა, ცრუ რელიგიური სამყაროს ანუ დიდი ბაბილონის დაცემას ეხება (გამოცხ. 14:8; 17:1, 2, 5; იერ. 50:2; 51:8). ღვთის ხალხი უნდა გამოსულიყო მისგან, რათა მათაც იგივე უბედურება არ სწეოდათ (გამოცხ. 18:2, 4; იერ. 51:6). ამ ქალაქის წყლები, რომლებიც მის ხალხს ანუ მრევლს განასახიერებს, დაშრებოდა (იერ. 51:36; გამოცხ. 16:12).
22 ჩვენს დროში უნდა შესრულდეს ის დაპირებაც, რომ ღმერთი შურს იძიებს ცრუ რელიგიაზე თავისი ხალხის გამო. იეჰოვა მიუზღავს მას „მისი საქმეებისამებრ“ (იერ. 50:29; 51:9; გამოცხ. 18:6). მისი სიმბოლური „მიწები“ გაუდაბურდება (იერ. 50:39, 40).
23. რა სულიერი განახლების შესახებ იწინასწარმეტყველა იერემიამ, რომელიც XX საუკუნეში შესრულდა?
23 როგორც უკვე შენიშნეთ იერემიას წინასწარმეტყველებები იმედსაც გვაძლევს. მაგალითად, მან იწინასწარმეტყველა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენა ჩვენს დროში. ძველი ბაბილონიდან იუდეველი ტყვეების გათავისუფლება განასახიერებდა ჩვენს დროში ღვთის ხალხის გათავისუფლებას დიდი ბაბილონიდან ზეციერი სამეფოს დამყარების შემდეგ. სულიერი გაგებით იეჰოვამ დააბრუნა თავისი ხალხი წმინდა თაყვანისმცემლობაში, რასაც დიდი სიხარული მოჰყვა. ამის გამო ისინი მადლობას სწირავენ ღმერთს. იეჰოვა კურთხევას არ აკლებს მათ, რადგან ცდილობენ დაეხმარონ სხვებს, თაყვანი სცენ ღმერთს და სულიერად დანაყრებული იყვნენ (წაიკითხეთ იერემიას 30:18, 19). საკუთარი გამოცდილებიდან იცით, თუ როგორ შეასრულა იეჰოვამ თავისი დაპირება და მისცა თავის ხალხს სულიერი მწყემსები — სულიერად მოწიფული მამაკაცები, რომლებიც ზრუნავენ და იცავენ სამწყსოს (იერ. 3:15; 23:3, 4).
24. იერემიას რომელი დრამატული წინასწარმეტყველება უნდა შესრულდეს?
24 მართალია, იერემია ძველად ღვთის ხალხს კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ არც მათი გაფრთხილება დავიწყებია, ვინც იეჰოვასთან ურთიერთობას არ უფრთხილდებოდა. ასეა დღესაც. შეუძლებელია ვერ დავინახოთ, რამდენად სერიოზული გაფრთხილება ჩანს შემდეგ სიტყვებში: „იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე იქნებიან. არ იგლოვებენ მათ, არ შეაგროვებენ და არ დამარხავენ, ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე“ (იერ. 25:33).
25. რა პასუხისმგებლობა აკისრია დღეს ღვთის ხალხს?
25 იერემიას მსგავსად ჩვენც კრიტიკულ დროში ვცხოვრობთ. როგორც მაშინ, ისე დღესაც, ადამიანები გადარჩებიან თუ დაიღუპებიან, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ გამოეხმაურებიან ღვთის ცნობას. ღვთის დღევანდელი მსახურები წინასწარმეტყველები არ არიან. ჩვენ არა ვართ შთაგონებულნი ღვთისგან, რომ დავამატოთ რაიმე იმ ჭეშმარიტ სიტყვებს, რაც ბიბლიაში წერია. ჩვენ დავალებული გვაქვს, ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ, სანამ არ დადგება ამ ქვეყნიერების აღსასრული (მათ. 28:19, 20). ნამდვილად არ გვინდა, მოვიპაროთ იეჰოვას სიტყვები ანუ დავუმალოთ ხალხს ის, რაც უნდა მოხდეს (წაიკითხეთ იერემიას 23:30). არ გვინდა, რომ ღვთის სიტყვას დავუკარგოთ ძალა. მრავალი წინასწარმეტყველება, რომელიც იეჰოვამ იერემიას მეშვეობით იწინასწარმეტყველა, უკვე შესრულდა. ეს გვარწმუნებს, რომ, რაც ჯერ არ შესრულებულა, აუცილებლად შესრულდება. ხალხს უნდა გავაგებინოთ, რომ ღმერთი განახორციელებს „თავის განზრახვას“ და შეასრულებს „იმას, . . რაც ნაბრძანები ჰქონდა დიდი ხნის წინათ“ (გოდ. 2:17).
26. კიდევ რომელი წინასწარმეტყველება იმსახურებს ჩვენს ყურადღებას?
26 ჩვენ ვერ შევიქმნით სრულ წარმოდგენას იერემიას წინასწარმეტყველად მსახურებასა და მის ცნობაზე, თუ ყურადღებას არ მივაქცევთ იეჰოვას დიდებულ დაპირებას, რომ თავის ხალხს დაუდებდა „ახალ შეთანხმებას“, რომლის კანონებსაც გულებში ჩაუწერდა (იერ. 31:31—33). ეს წინასწარმეტყველება და მისი შესრულება პირდაპირ თქვენ გეხებათ. სწორედ ამ წინასწარმეტყველებაზე ვისაუბრებთ მომდევნო თავში.
იერემიას წიგნში ჩაწერილი რომელი წინასწარმეტყველებები შესრულდა ჩვენს დროში? რას ფიქრობთ იმ წინასწარმეტყველებებზე, რომლებიც ჯერ არ შესრულებულა?