გაბედულად იარე იეჰოვას გზებით
„ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით“ (ფსალმუნი 127:1).
იეჰოვას წმინდა სიტყვა, ბიბლია, სავსეა მისი ერთგული მსახურების განსაცდელებისა და სიხარულის შესახებ ცნობებით. ნოეს, აბრაამის, სარას, იესო ნავეს ძის, დებორას, ბარაკის, დავითისა და სხვების შემთხვევები ცოცხლად წარმოგვესახება. ყოველი მათგანი რეალური პიროვნება იყო, რომლებსაც რაღაც საერთო ჰქონდათ. მათ ჰქონდათ რწმენა ღმერთისადმი და გაბედულად დადიოდნენ მისი გზებით.
2 მაშინ, როცა ვცდილობთ, ვიაროთ ღმერთის გზებით იეჰოვას ადრინდელი მოწმეების სიტყვები და საქმეები გამამხნევებელი იქნება ჩვენთვის. უფრო მეტიც, ბედნიერები ვიქნებით მომავალში, თუ ვავლენთ პატივისცემას ღმერთისადმი და თუ გვაქვს გონივრული შიში, ვაითუ ვერ ვასიამოვნოთ მას. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში სიძნელეებს ვხვდებით, ეს ჭეშმარიტებაა, რადგან, როგორც ღვთის სულით შთაგონებული ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით“ (ფსალმუნი 127:1).
რას ნიშნავს გაბედულობა
3 იეჰოვას გზებით რომ ვიაროთ, უნდა გვქონდეს გაბედულობა. სინამდვილეში, საღვთო წერილი ღმერთის ხალხს უბრძანებს, რომ გამოავლინონ ეს თვისება. მაგალითად, ფსალმუნმომღერალი დავითი მღეროდა: „გამხნევდით და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ“ (ფსალმუნი 30:25). გაბედულობა არის „სულიერი ან მორალური ძალა, რომ იყო მტკიცე, გამოიჩინო შეუპოვრობა და აიტანო ხიფათი, შიში ან სიძნელე“ ( „უებსტერის ახალი ლექსიკონის მეცხრე გამოცემა“, [Webster’s Ninth New Collegiate Dictionary]). გაბედული პიროვნება არის ძლიერი, შეუპოვარი, მამაცი. იეჰოვა თავის მსახურებს გაბედულობას რომ აძლევს, ნათლად ჩანს მოციქული პავლეს სიტყვებიდან, რომლითაც მიმართა თავის თანამშრომელ ტიმოთეს: „ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავებისა“ (2 ტიმოთე 1:7).
4 ერთ-ერთი საშუალება, ღმერთის მიერ ბოძებული გაბედულობის მოსაპოვებლად არის იეჰოვას სიტყვაზე, ბიბლიაზე, ლოცვით მსჯელობა. მრავალი ცნობა, რომლებიც წერილებშია, დაგვეხმარება, გავხდეთ უფრო გაბედული. ამიტომ, მოდი, უპირველესად, ვნახოთ, რა შეგვიძლია ვისწავლოთ ებრაულ წერილებში მოხსენიებული ზოგიერთი პიროვნებისგან, რომლებიც გაბედულად დადიოდნენ იეჰოვას გზებით.
გაბედულობა, რომ გავაცხადოთ ღმერთის ცნობა
5 ენოქის გაბედულობას შეუძლია დაეხმაროს იეჰოვას დღევანდელ მოწმეებს, გაბედულად ილაპარაკონ ღმერთის ცნობა. ენოქის დაბადებამდევე ‘დაიწყეს უფლის სახელის ხსენება’. ზოგიერთი სწავლულის აზრით, იმ დროს ადამიანებმა იეჰოვას სახელის „გმობა დაიწყეს“ (დაბადება 4:25, 26; 5:3, 6). ისინი ღვთის სახელს შეიძლება აკუთვნებდნენ ადამიანებს ან კერპებსაც კი. მაშასადამე, როცა ენოქი დაიბადა ძველი წელთაღრიცხვით 3404 წელს, ცრუ რელიგია აყვავებული იყო. ფაქტიურად, როგორც ჩანს, ის მარტო „დადიოდა ღმერთთან“, მიჰყვებოდა იეჰოვას მიერ გაცხადებული ჭეშმარიტების სამართლიან გზას (დაბადება 5:18, 24).
6 ენოქი გაბედულად გადასცემდა ღმერთის ცნობას, შესაძლებელია, ქადაგებით (ებრაელთა 11:5; შეადარე 2 პეტრე 2:5). „აჰა, — განაცხადა იმ მარტოდდარჩენილმა მოწმემ, — მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდასთან ერთად. რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღვთობით ჩაუდენიათ, და ყველა სასტიკი სიტყვა, მის მიმართ რომ უთქვამთ იმ უღვთო ცოდვილთ“ (იუდა 14, 15). ენოქი გაბედულად იყენებდა სახელს „იეჰოვა“, როცა გადასცემდა იმ ცნობას, რითაც მსჯავრს სდებდა უღმერთოებს. და იეჰოვამ როგორც ენოქს მისცა გაბედულობა, განეცხადებინა ასეთი ძლიერი ცნობა, ასევე აძლევს ძალას დღევანდელ მოწმეებს, გაბედულად ილაპარაკონ მისი სიტყვა მსახურების დროს, სკოლასა და მრავალ სხვა ადგილას (შეადარე საქმეები 4:29–31).
გაბედულობა განსაცდელისას
7 ნოეს მაგალითი იმაში დაგვეხმარება, რომ განსაცდელის დროს გვეყოს გაბედულობა, სამართლიანად ვიმოქმედოთ. ის მსოფლიო წარღვნის შესახებ ღვთიური გაფრთხილების მიხედვით გაბედულად და რწმენით მოქმედებდა და „გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად“. მორჩილებითა და სამართლიანი მოქმედებით ნოემ მსჯავრი დასდო ურწმუნო ქვეყნიერებას მისი ბოროტი საქმეებისთვის და დაამტკიცა, რომ ის იმსახურებდა განადგურებას (ებრაელთა 11:7; დაბადება 6:13–22; 7:16). ნოეს მოქმედებაზე დაფიქრება დღევანდელ მსახურებს ეხმარება, გაბედულად აკეთონ ისეთი სამართლიანი საქმეები, როგორიც ქრისტიანული მსახურებაა.
8 თუ მივყვებით სამართლიან გზას, მაგრამ არ ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ზოგიერთ განსაცდელს, ვილოცოთ სიბრძნისთვის, რომ თავი გავართვათ მათ (იაკობი 1:5–8). განსაცდელისას ნოეს ღმერთისადმი ერთგულება გვიჩვენებს, რომ ჩვენთვისაც შესაძლებელია, გაბედულად და ერთგულად დავხვდეთ განსაცდელს. მან გაუძლო ბოროტი ქვეყნიერების, ხორცშესხმული ანგელოზებისა და ადამიანებთან მათი შეუღლების შედეგად წარმოშობილი შთამომავლობის ზემოქმედებას. დიახ, ნოე იყო გაბედული „სიმართლის მქადაგებელი“ ‘პირველ წუთისოფელში’, რომელიც უნდა განადგურებულიყო (2 პეტრე 2:4, 5; დაბადება 6:1–9). თუმცა ის, როგორც მაუწყებელი, გაბედულად უცხადებდა ღმერთის გაფრთხილებას წარღვნამდელ ხალხს, ისინი ‘ყურადღებას არ აქცევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა’ (მათე 24:36–39). მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს მრავალი ადამიანისგან დევნისა და ბიბლიაზე დაფუძნებული ჩვენი ცნობის უარყოფის მიუხედავად იეჰოვა დაგვეხმარება, როგორც დაეხმარა ნოეს, თუ გამოვავლენთ მსგავს რწმენასა და გაბედულობას, როგორც სიმართლის მქადაგებლები.
გაბედულობა, რომ დავემორჩილოთ ღმერთს
9 „ღვთის მეგობარი“, აბრაამი, ღვთის გაბედული მორჩილების შესანიშნავი მაგალითია (იაკობი 2:23). აბრაამი საჭიროებდა რწმენასა და გაბედულობას, რომ დამორჩილებოდა იეჰოვას და დაეტოვებინა ქალდეველთა ური, მდიდარი და კეთილმოწყობილი ქალაქი. მას სწამდა ღმერთის დანაპირების, რომ „მიწიერთა მთელი მოდგმა“ კურთხეული იქნებოდა მისით და მის შთამომავლობას მიეცემოდა ქვეყანა (დაბადება 12:1–9; 15:18–21). აბრაამი რწმენით „შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას“ და მოელოდა „ქალაქს საძირკვლიანს“ — ღმერთის ზეციერ სამეფოს, რომლის მეშვეობითაც ის აღდგებოდა დედამიწაზე საცხოვრებლად (ებრაელთა 11:8–16).
10 აბრაამის ცოლს, სარას, ჰქონდა რწმენა და გაბედულობა, რაც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ დაეტოვებინა ური, ქმართან ერთად წასულიყო უცხო ქვეყანაში და მოეთმინა ნებისმიერი სიძნელე, რომელსაც ისინი შეხვდებოდნენ იქ. და რამდენად დაჯილდოვდა ღმერთისადმი გაბედული მორჩილებისთვის! თუმცა 90 წლის სარა უნაყოფო და ‘ჟამგარდასული’ იყო, „მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად. . . ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი“ (ებრაელთა 11:11, 12; დაბადება 17:15–17; 18:11; 21:1–7). რამდენიმე წლის შემდეგ აბრაამი გაბედულად დაემორჩილა ღმერთს და „მიიყვანა. . . მსხვერპლად ისაკი“. ანგელოზის მიერ შეჩერებულმა პატრიარქმა „მაგალითის სახით“ ცოცხლად მიიღო თავისი გაბედული და მორჩილი ძე. ამიტომ მან და ისაკმა წინასწარმეტყველურად ასახეს, რომ იეჰოვა ღმერთს უნდა შემოეწირა თავისი ძე, იესო ქრისტე, როგორც გამოსასყიდი, ასე რომ, ისინი, ვინც რწმენას ამჟღავნებს მისადმი, შეძლებენ, დაიმკვიდრონ მარადიული სიცოცხლე (ებრაელთა 11:17–19; დაბადება 22:1–19; იოანე 3:16). რა თქმა უნდა, აბრაამის, სარასა და ისაკის გაბედულად მორჩილებამ უნდა აღგვძრას, დავემორჩილოთ იეჰოვას და ყოველთვის მისი ნება შევასრულოთ.
გაბედულობა, რომ ვიდგეთ ღმერთის ხალხთან
11 მოსემ გაბედულად დაიკავა ღმერთის დაჩაგრული ხალხის მხარე. ძველი წელთაღრიხცვით მე-16 საუკუნეში მოსეს მშობლებმა გამოავლინეს გაბედულობა. ისინი არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას, მოეკლათ ებრაელი ახალშობილი ვაჟები, დამალეს მოსე და შემდეგ ჩააწვინეს ლერწმის კიდობანში, რომელიც ჩადეს ლელიანში მდინარე ნილოსის ნაპირას. როცა ფარაონის ქალიშვილმა იპოვა, შვილად აიყვანა მოსე, თუმცა მან პირველად სულიერი აღზრდა თავისი მშობლების სახლში მიიღო. როგორც ფარაონის ოჯახის წევრი, მოსე „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა“ და გახდა „ძლიერი თავისი სიტყვებითა და საქმეებით“, ჰქონდა ძალიან დიდი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები (საქმეები 7:20–22; გამოსვლა 2:1–10; 6:20).
12 სამეფო კარის მატერიალურად ხელსაყრელი პირობების მიუხედავად, მოსემ გაბედულად ამოირჩია, მდგარიყო იეჰოვას თაყვანისმცემლებთან ერთად, რომლებიც იმ დროისთვის ეგვიპტის მონობაში იყვნენ. ისრაელი ეროვნების წარმომადგენლის დასაცავად მან მოკლა ეგვიპტელი და გაიქცა მიდიანის ქვეყანაში (გამოსვლა 2:11–15). 40 წლის შემდეგ ღმერთმა ის ისრაელების ტყვეობიდან გამოსაყვანად გამოიყენა. შემდეგ მოსემ „დატოვა ეგვიპტე და მეფის რისხვას არ შეუშინდა“, რომელიც სიკვდილით ემუქრებოდა მას, ვინაიდან მოსე ისრაელი ერის სასარგებლოდ იყო იეჰოვას წარმომადგენელი. მოსე ისე დადიოდა, თითქოს ‘უხილავს ხედავდა’ — იეჰოვა ღმერთს (ებრაელთა 11:23–29; გამოსვლა 10:28). გაქვს ასეთი რწმენა და გაბედულობა, რომ სიძნელეებისა და დევნის მიუხედავად მტკიცედ იდგე იეჰოვასთან და მის ხალხთან?
გაბედულობა, რომ ‘მისდიო უფალს’
13 გაბედულმა იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ მოგვცეს დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიაროთ ღმერთის გზებით. ისინი ‘მისდევდნენ უფალს’ (რიცხვნი 32:12). იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე იყვნენ იმ 12-ს შორის, რომლებიც გაიგზავნენ აღთქმული მიწის დასაზვერავად. მისი მკვიდრი მოსახლეობის შიშით ათი მზვერავი ცდილობდა, გადაეთქმევინებინა ისრაელისთვის ქანაანში შესვლა. მაგრამ იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ გაბედულად განაცხადეს: „თუ ვუნდივართ უფალს, შეგვიყვანს მაგ ქვეყანაში და მოგვცემს მაგ ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი დის. ოღონდ ნუ აუჯანყდებით უფალს და მაგ ქვეყნის ხალხის ნუ შეგეშინდებათ, რადგან ჩვენი კერძია იგი, უმწეოდ არიან დარჩენილი, უფალი კი ჩვენთან არის. ნუ გეშინიათ! “ (რიცხვნი 14:8, 9). რწმენისა და გაბედულობის უქონლობის გამო ისრაელთა ის თაობა ვერ შევიდა აღთქმულ მიწაზე. მაგრამ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე ახალ თაობასთან ერთად შევიდნენ იმ ქვეყანაში.
14 ღმერთმა იესო ნავეს ძეს უთხრა: „გამაგრდი და მტკიცედ დეგ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ, ჩემმა მორჩილმა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებით იარო. ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება“ (იესო ნავეს ძე 1:7, 8).
15 რამდენადაც იესო ნავეს ძემ ცხოვრებაში გამოიყენა ეს სიტყვები, იერიხონი და სხვა ქალაქები წილად ხვდა ისრაელს. ღმერთმა მზეც კი გააჩერა, რომ გაენათებინა, სანამ ისრაელი არ გაიმარჯვებდა გაბაონში (იესო ნავეს ძე 10:6–14). როცა მრავალი მტრის გაერთიანებულმა, ‘ზღვის ქვიშასავით უთვალავმა’ ძალებმა საფრთხეში ჩააგდო ისრაელების სიცოცხლე, იესო ნავეს ძემ გაბედულად იმოქმედა და ღმერთმა კვლავ გაამარჯვებინა ისრაელს (იესო ნავეს ძე 11:1–9). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის მსგავსად არასრულყოფილები ვართ, შეგვიძლია, სრულიად მივდიოთ იეჰოვას და ის შეძლებს ჩვენს გაძლიერებას, რათა გაბედულად ვიაროთ მისი გზებით.
გაბედულობა, რომ მივენდოთ ღმერთს
16 ღმერთზე გაბედულად მინდობა ჯილდოვდება, როგორც ნაჩვენებია იმ დღეების მოვლენებით, როცა ისრაელში მსაჯულები ასრულებდნენ მართლმსაჯულებას (რუთი 1:1). მაგალითად, მსაჯული ბარაკი და წინასწარმეტყველი დებორა გაბედულად მიენდნენ ღმერთს. იმ დროს, როცა ქანაანელი მეფე იაბინი 20 წლის განმავლობაში ჩაგრავდა ისრაელს, იეჰოვამ დებორას უკარნახა, აღეძრა ბარაკი, შეეკრიბა 10 000 კაცი თაბორის მთაზე. იაბინის მხედართმთავარი სისარა სასწრაფოდ გაემართა კიშონის ხევთან, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ამ შემთხვევაში ისრაელის ხალხი ვერ დაუპირისპირდებოდა მის ჯარს, 900 დარკინულ ეტლს. როცა ისრაელებმა გაილაშქრეს ხევში, დაბლობზე, ღმერთი მათ სასარგებლოდ მოქმედებდა და ისედაც წყლით სავსე ბრძოლის ველი გადაიქცა ჭაობად, რამაც გააჩერა სისარას ეტლები. ბარაკის ხალხმა გაიმარჯვა, ასე რომ „მახვილით გაწყვიტა სისარას მთელი ლაშქარი“. სისარა კი გაიქცა იაყელის კარვისკენ, მაგრამ რადგანაც ჩაეძინა, მასპინძელ ქალს ეყო გაბედულობა, მოეკლა სისარა და კარვის პალო ჩაარჭო საფეთქელში. ბარაკს შეუსრულდა დებორას ჭეშმარიტი წინასწარმეტყველება, რომ მისი გამარჯვების „დიდება“ ქალს მიეკუთვნებოდა. დებორას, ბარაკისა და იაყელის ღმერთისადმი გაბედულად მინდობის გამო ისრაელმა „დაისვენა. . . ორმოცი წელი“ (მსაჯულნი 4:1–22; 5:31).
17 მსაჯული გედეონი გაბედულად მიენდო იეჰოვას, როცა მიდიანელები და სხვები შემოესივნენ ისრაელს. თუმცა დაახლოებით 135 000 დამპყრობელი აღემატებოდა ისრაელის 32 000 მებრძოლს, ღმერთის მიერ ბოძებული გამარჯვება შეეძლოთ თავიანთი გმირობისთვის მიეწერათ. იეჰოვას მითითებით გედეონმა თავისი ძალები სამ ასკაციან ჯგუფამდე შეამცირა (მსაჯულნი 7:1–7, 16; 8:10). ღამით 300 მებრძოლი გარს შემოერტყა მიდიანთა ბანაკს, ყოველს ჰქონდა ბუკი და დოქი, რომელშიც ედოთ ანთებული კვარი. ნიშანზე მათ ჩაჰბერეს ბუკებს და დაამსხვრიეს დოქები, აღმართეს მოგიზგიზე კვარები და დასცეს ყიჟინა: „მახვილები უფლისთვის და გედეონისთვის! “ (მსაჯულნი 7:20). შეშინებულმა მიდიანელებმა იწყეს თავის დაღწევა და ისრაელებმა დაიმორჩილეს ისინი. ასეთმა შემთხვევებმა უნდა დაგვარწმუნოს, რომ ღმერთზე გაბედულად მინდობა დღესაც ჯილდოვდება.
გაბედულობა, რომ პატივი მივაგოთ იეჰოვას და ხელი შევუწყოთ წმინდა თაყვანისმცემლობას
18 ზოგიერთი ბიბლიური მაგალითი გაბედულობას გვმატებს, რომ პატივი მივაგოთ იეჰოვას და ხელი შევუწყოთ წმინდა თაყვანისმცემლობას. ახალგაზრდა დავითმა, რომელიც გაბედულად იცავდა მამამისის ცხვარს, გაბედულობა დაამტკიცა ფილისტიმელი ბუმბერაზის, გოლიათის, წინაშე. „შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, — უთხრა დავითმა, — მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი. დღეს ჩამაგდებინებს ხელში შენს თავს უფალი და დაგამარცხებ, თავს მოგაცლი. . . რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი. გაიგოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი“ (პირველი მეფეთა 17:32–37, 45–47). ღვთის დახმარებით დავითმა გაბედულად მიაგო პატივი იეჰოვას, დაამარცხა გოლიათი და ამით მთავარი როლი ითამაშა ფილისტიმელების განდევნაში, რომლებიც ემუქრებოდნენ წმინდა თაყვანისმცემლობას.
19 როცა მეფე დავითის ძე, სოლომონი, იწყებდა ღმერთის ტაძრის მშენებლობას, ასაკოვანმა მამამ ურჩია: „მტკიცედ დეგ და გამხნევდი, ნუ შიშობ და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთან არის, არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმეს“ (პირველი ნეშტთა 28:20). სოლომონმა გაბედული მოქმედების გამო წარმატებით დაასრულა ტაძრის მშენებლობა. დღეს, როცა თეოკრატიული მშენებლობის პროგრამის განხორციელების დროს სიძნელეებს ვაწყდებით, მოდი, გავიხსენოთ დავითის სიტყვები: „მტკიცედ დეგ და გამხნევდი“. რა მშვენიერი საშუალება გვაქვს ამით, პატივი მივაგოთ იეჰოვას და ხელი შევუწყოთ წმინდა თაყვანისმცემლობას.
20 მეფე ასამ იმის სურვილით, რომ პატივი მიეგო ღმერთისთვის და ხელი შეეწყო წმინდა თაყვანისმცემლობისთვის, იუდა კერპებისაგან გაათავისუფლა და ტაძარი — გარყვნილი მამაკაცებისაგან. მან ასევე, მაღალი მდგომარეობიდან გადააყენა თავისი განდგომილი ბებია და დაწვა მისი საკუთარი „კერპი“ (მესამე მეფეთა 15:11–13). დიახ, ასა „გამხნევდა [გაბედულად მოიქცა, აქ] და აღმოფხვრა სიბილწენი იუდასა და ბენიამინის ქვეყნიდან, აგრეთვე იმ ქალაქებიდან, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო. განაახლა უფლის სამსხვერპლო, უფლის სტოას წინ რომ არის“ (მეორე ნეშტთა 15:8). შენც ასევე გაბედულად უარყოფ თუ არა განდგომილებას და ხელს უწყობ თუ არა წმინდა თაყვანისმცემლობას? იყენებ თუ არა მატერიალურ საშუალებებს სამეფოს ინტერესებისთვის? და ცდილობ თუ არა, პატივი მიაგო იეჰოვას იმით, რომ რეგულარულად მონაწილეობ კეთილი ცნობის გაცხადებაში, როგორც მისი ერთ-ერთი მოწმე?
21 რამდენად მადლიერნი ვართ, რომ ღმერთმა შემოგვინახა ბიბლიური ცნობები მათ შესახებ, ვინც ქრისტიანობამდე ცხოვრობდა და გაბედულად იცავდა უმწიკვლოებას! რა თქმა უნდა, მათ მშვენიერ მაგალითებს შეუძლია დაგვეხმაროს, რომ წმინდად, გაბედულად ვემსახუროთ იეჰოვას ღვთისმოშიშობითა და მოკრძალებით (ებრაელთა 12:28). მაგრამ ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიც შეიცავს ღვთიური გაბედულობის მაგალითებს. როგორ დაგვეხმარება ზოგიერთი მათგანი, რომ გაბედულად ვიაროთ იეჰოვას გზებით?
როგორ გაიმეორებდი?
◻ რა არის გაბედულობა?
◻ როგორ გამოავლინეს ენოქმა და ნოემ გაბედულობა?
◻ რა მხრივ იმოქმედეს გაბედულად აბრაამმა, სარამ და ისაკმა?
◻ გაბედულობის რა მაგალითი დაგვიტოვეს მოსემ, იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ?
◻ როგორ გვიჩვენეს დანარჩენმა მსახურებმაც, რომ ისინი გაბედულად ენდობოდნენ ღმერთს?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. როგორ გვეხმარება ბიბლიური ცნობები იეჰოვას ადრინდელი მოწმეების სიტყვებისა და საქმეების შესახებ?
3. რა არის გაბედულობა?
4. რა არის ერთ-ერთი საშუალება, რომ მოვიპოვოთ გაბედულობა?
5. რით შეიძლება, იყოს სასარგებლო იეჰოვას დღევანდელი მსახურებისთვის ენოქის გაბედულობა?
6. ა) რომელი ძლიერი ცნობა განაცხადა ენოქმა? ბ) რაში შეგვიძლია ვიყოთ დაჯერებულნი?
7. გაბედულობის როგორი მაგალითი მოგვცა ნოემ?
8. ა) რის წინაშე იდგა ნოე, როგორც გაბედული „სიმართლის მქადაგებელი“ ? ბ) რას გააკეთებს იეჰოვა ჩვენთვის, თუ ვიქნებით სიმართლის გაბედული მქადაგებლები?
9, 10. რა მხრივ გამოავლინეს გაბედული მორჩილება აბრაამმა, სარამ და ისაკმა?
11, 12. ა) როგორ გამოავლინა მოსემ გაბედულობა იეჰოვას ხალხისთვის? ბ) მოსეს გაბედულობის გამო, რა შეკითხვა შეიძლება დაისვას?
13. გაბედულობის როგორი მაგალითი მოგვცეს იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ?
14, 15. ა) რამდენადაც იესო ნავეს ძემ გამოიყენა „იესო ნავეს ძის“ 1:7, 8-ში ჩაწერილი სიტყვები, რა შეძლეს მან და ისრაელმა? ბ) რა ვისწავლეთ იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძისგან გაბედულობასთან დაკავშირებით?
16. როგორ გამოამჟღავნეს დებორამ, ბარაკმა და იაყელმა გაბედულობა?
17. იეჰოვასადმი გაბედულად მინდობის რა მაგალითი მოგვცა მსაჯულმა გედეონმა?
18. რა გააკეთა დავითმა გაბედულად, როცა გოლიათი დაამარცხა?
19. რომელი მშენებლობისთვის საჭიროებდა სოლომონი გაბედულობას და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ საქმისადმი მისი მიდგომა ჩვენს დღეებში?
20. რა შემთხვევაში დასჭირდა გაბედულობა მეფე ასას?
21. ა) როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ცნობები მათ შესახებ, ვინც ქრისტიანობამდე ცხოვრობდა და იცავდა უმწიკვლოებას? ბ) რა იქნება განხილული შემდეგ სტატიაში?