სირია
რეგიონი, რომელსაც აღმოსავლეთით შუამდინარეთი, დასავლეთით ლიბანის მთები, ჩრდილოეთით ტავრის მთები, სამხრეთით პალესტინა და არაბეთის უდაბნო ესაზღვრებოდა. ებრაულ წერილებში ეს მხარე არამად მოიხსენიება. მისი საზღვრები მიახლოებითია, რადგან სირიის გავლენა და ბატონობა ყველა ეპოქაში ცვალებადი და არასტაბილური იყო.
პატრიარქების დროს. პატრიარქების დროს სირიელები ბიბლიაში მხოლოდ ხარანში მომხდარი მოვლენების კონტექსტში არიან მოხსენიებული. რებეკას ოჯახი — მისი მამა ბეთუელი და ძმა ლაბანი სირიელები (სიტყვასიტყვით არამელები) იყვნენ (დბ. 25:20; 28:5; 31:20, 24). იაკობზე წერია, რომ ის სირიელი იყო, რადგან ხარანის შემოგარენში 20 წელი ცხოვრობდა. იქ მან ცოლად შეირთო ლაბანის ორი ქალიშვილი, რომლებმაც მას ვაჟები და ასულები გაუჩინეს. იქ ემსახურებოდა ის ლაბანს, ვისგანაც ბევრი სიმწარე ნახა. აღსანიშნავია, რომ იაკობის დედაც სირიელი იყო (კნ. 26:5; დბ. 31:40—42; ოს. 12:12).
მსაჯულების პერიოდში. მსაჯულების მმართველობის პერიოდში იეჰოვასგან გამდგარი ისრაელები სირიის მეფე ქუშან-რიშათაიმს რვა წელი ჰყავდა მორჩილებაში (მსჯ. 3:7—10). მოგვიანებით სირიელების გავლენა ისრაელებზე ისე გაძლიერდა, რომ ისრაელებმა მათ და სხვა ერების წარმართულ ღვთაებებს დაუწყეს თაყვანისცემა (მსჯ. 10:6).
ისრაელისა და იუდას მეფეების პერიოდში. ისრაელში მონარქიის დაარსების შემდეგ სირიამ სამხედრო აგრესიის გამოვლენა დაიწყო ისრაელის მიმართ. ჩრდილოეთი სამეფოს არსებობის მანძილზე ისრაელსა და სირიას შორის მტრობა არ განელებულა. ისრაელის პირველი მეფე, საული, ცობის სირიელ მეფეებს ებრძოდა (1სმ. 14:47). გამეფების შემდეგ დავითმა დიდი ზარალი მიაყენა სირიის მეფის ჰადადეზერის ჯარს. სირიელთაგან წამოღებული ნადავლი — უამრავი ოქრო-ვერცხლი და სპილენძი — დავითმა იეჰოვას მიუძღვნა. გარდა ამისა, დავითმა დამასკოში გარნიზონები განალაგა და სირიას ხარკი დააკისრა (2სმ. 8:3—12; 1მტ. 18:3—8). მოგვიანებით, ამონელების მიერ დაქირავებული 30 000 სირიელი ჯარისკაცი ისრაელის პირველივე შეტევის დროს უკუიქცა. თუმცა, როგორც კი სირიელებმა მაშველი რაზმები დაიხმარეს, ბრძოლა განახლდა. სირიელებმა ამჯერადაც დიდი ზარალი განიცადეს და იძულებული გახდნენ, ისრაელს დაზავებოდნენ (2სმ. 10:6—19; 1მტ. 19:6—19).
ამის შემდეგ, ჰადადეზერისგან გამოქცეულმა ერთმა სირიელმა მეამბოხემ, სახელად რეზონმა, თავი დამასკოს მეფედ გამოაცხადა და სოლომონის მთელი დღე და მოსწრება ისრაელს ემტერებოდა (1მფ. 11:23—25). იმ დროს გახდა დამასკო სირიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. დიდი ხნის მანძილზე ის ითვლებოდა „სირიის თავად“, რომლის წინააღმდეგაც იეჰოვამ თავისი განაჩენი გააცხადა (ეს. 7:8; 17:1—3; ამ. 1:5).
ისრაელის სამეფოს გაყოფის შემდეგ. სოლომონის სიკვდილისა და მისი სამეფოს გაყოფის შემდეგ სირიელების ბრძოლა ისრაელის ჩრდილოეთი და სამხრეთი სამეფოების წინააღმდეგ ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. სირია კონკრეტულ ეპიზოდებში ჩნდება ასას (1მფ. 15:18—20; 2მტ. 16:2—4, 7), ახაბის (1მფ. 20:1—34; 22:3, 4, 29—35; 2მტ. 18:10, 28—34), ისრაელის მეფე იეჰორამის (2მფ. 6:24—7:16; 8:28, 29; 9:14ბ, 15; 2მტ. 22:5, 6), იუდას მეფე იეჰოაშის (2მფ. 12:17, 18; 2მტ. 24:23, 24), იეჰოახაზის (2მფ. 13:3—7, 22), ისრაელის მეფე იეჰოაშის (2მფ. 13:14—19, 24, 25), იოთამის (2მფ. 15:37, 38), ახაზისა (2მფ. 16:5—9; 2მტ. 28:5; ეს. 7:1—8; 9:12) და იეჰოიაკიმის მეფობის დროს (2მფ. 24:2). აღნიშვნის ღირსია მეტად უჩვეულო ფაქტი: „სამ წელიწადს ომი არ ყოფილა სირიასა და ისრაელს შორის“ (1მფ. 22:1).
წინასწარმეტყველ ელისეს რამდენჯერმე მოუწია ურთიერთობა სირიელებთან. მან კეთრისგან განკურნა სირიელი მხედართმთავარი ნაამანი (2მფ. 5:1—20); გარდა ამისა, ხაზაელს ამცნო, რომ თავისი ბატონის, ბენ-ჰადად II-ის ადგილს დაიკავებდა და სირიაზე გამეფდებოდა (2მფ. 8:7—15). ერთხელ, როცა სირიელებმა ელისეს შესაპყრობად დოთანს ალყა შემოარტყეს, წინასწარმეტყველის თხოვნით ღმერთმა სირიელებს სიბრმავე მოჰგვარა. ამის შემდეგ ელისემ ისინი სამარიაში წაიყვანა, სადაც მხედველობა დაუბრუნდათ; ელისემ დააპურა ისინი და შინ გააბრუნა (2მფ. 6:8—23). ეს შემთხვევები დაწვრილებით განიხილება სტატიაში ელისე.
სირიელები სემიტები, ისრაელების ახლო ნათესავები იყვნენ. თუმცა, ძვ. წ. VIII საუკუნისთვის მათი ენები ისე განსხვავდებოდა, რომ რიგითი ებრაელი არამეულს ვერ იგებდა (2მფ. 18:26—28; ეს. 36:11, 12; იხ. არამეული ენა[თავისებურებები]). სირიელთა და ებრაელთა სარწმუნოებაც დიდად განსხვავდებოდა. ებრაელებმა სირიულ ღვთაებებს თაყვანისცემა ჭეშმარიტი ღვთისგან განდგომის შემდეგ დაუწყეს (მსჯ. 10:6; 2მფ. 16:10—16; 2მტ. 28:22, 23).
ახ. წ. I ს-ში. მოციქულების დროს სირია რომის პროვინცია იყო, რომელიც პომპეუსმა იმპერიას ძვ. წ. 64 წელს შეუერთა. სირიის პროვინცია თითქმის მთლიანად მოიცავდა ძველი სირიის ტერიტორიას. გარდა ამისა, სირიის გამგებელი მთელ პალესტინას აკონტროლებდა. იესოს დაბადების დროს სირიას მართავდა იმპერატორ ავგუსტუსის ლეგატი, გამგებელი კვირინიუსი, რომლის რეზიდენცია პროვინციის დედაქალაქში, კერძოდ, ანტიოქიაში — რომის იმპერიაში სიდიდით მესამე, მდინარე ორონტესზე გაშენებულ ქალაქში — მდებარეობდა (ლკ. 2:1, 2). აღსანიშნავია, რომ იესო მხოლოდ პალესტინის ტერიტორიაზე მსახურობდა, თუმცა მისი სასწაულების შესახებ ამბავი „მთელ სირიას მოედო“ (მთ. 4:24).
როცა სტეფანეს ჩაქოლვის შემდეგ დევნილი იერუსალიმელი ქრისტიანები გაიფანტნენ, ზოგიერთმა მათგანმა სასიხარულო ცნობა სირიის დედაქალაქ ანტიოქიაშიც იქადაგა. ცნობა ჯერ იუდეველებმა მოისმინეს, შემდეგ კი უცხოტომელებმა. ანტიოქიის კრების დაარსებაში ლომის წილი ბარნაბასა და პავლეს მიუძღვით. სწორედ სირიის ანტიოქიაში „მოწაფეებს ღვთის განგებით პირველად ... ეწოდათ ქრისტიანები“ (სქ. 11:19—26; გლ. 1:21).
დაახლოებით ახ. წ. 46 წელს, როცა იმპერატორ კლავდიუსის დროს დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, ანტიოქიელმა და მახლობლად მცხოვრებმა ქრისტიანებმა იერუსალიმელ თანამორწმუნეებს ბარნაბასა და პავლეს ხელით დახმარება გაუგზავნეს (სქ. 11:27—30). იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა და უხუცესებმა წინადაცვეთასთან დაკავშირებული წერილი კონკრეტულად სირიის ანტიოქიისა და მისი მოსაზღვრე მხარის, კილიკიის, კრებებს გაუგზავნეს (სქ. 15:23). აქტიური მისიონერული მიმოსვლის დროს პავლე არაერთხელ დარჩენილა სირიის ანტიოქიაში (სქ. 15:40, 41; 18:18; 20:3; 21:3; გლ. 2:11).