იოსები
[იოსიფიას შემოკლებული ფორმა; ნიშნავს: იაჰმა შემატოს (ამრავლოს); იაჰი მატებს (ამრავლებს)].
1. იაკობის საყვარელი ცოლისგან, რახელისგან შეძენილი ორი ვაჟიდან პირველი (დბ. 35:24). ვინაიდან რახელი მანამდე უშვილო იყო, იოსების დაბადებისას წამოიძახა, „სირცხვილი მომაშორაო ღმერთმა!“. ბავშვს იოსები დაარქვა და თქვა, „იეჰოვა კიდევ ერთ ვაჟს მაძლევსო“. ეს იყო კიდევ ერთი ვაჟი დანისა და ნაფთალის გარდა, რომლებიც რახელმა საკუთარ შვილებად მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მისმა მსახურმა ბილჰამ გააჩინა (დბ. 30:3—8, 22—24). ამ დროს იაკობი, როგორც ჩანს, 91 წლისა იყო (შდრ. დბ. 41:46, 47, 53, 54; 45:11; 47:9).
დაახლოებით ექვსი წლის შემდეგ იაკობმა მთელ ოჯახთან ერთად დატოვა ფადან-არამი და ქანაანის მიწაზე დაბრუნდა (დბ. 31:17, 18, 41). როცა გაიგო, რომ მისი ძმა ესავი მასთან შესახვედრად 400 კაცთან ერთად მოემართებოდა, ბავშვები, ცოლები და ხარჭები გაანაწილა და რახელი და იოსები უკან, უფრო დაცულ ადგილას დააყენა (დბ. 33:1—3). ამიტომ იოსებმა და დედამისმა ესავს ბოლოს სცეს მდაბლად თაყვანი (დბ. 33:4—7).
ამის შემდეგ იოსების ოჯახი სუქოთში, შექემში (დბ. 33:17—19), შემდეგ კი ბეთელში დასახლდა (დბ. 35:1, 5, 6). მოგვიანებით ბეთელიდან ეფრათასკენ (ბეთლემი) მიმავალ გზაზე იოსების დედა, რახელი, ბენიამინის მშობიარობას გადაჰყვა (დბ. 35:16—19).
ნახევარძმებმა მოიძულეს. 17 წლის იოსები თავის ძმებთან, იაკობის ცოლების, ბილჰასა და ზილფას ვაჟებთან ერთად მწყემსავდა ცხვარს. თუმცა მათზე უმცროსი იყო, ის არ ჰბაძავდა მათ ცუდ საქმეებში და თავს ვალდებულად თვლიდა, რომ მათი ცუდი საქციელის შესახებ მამისთვის ეთქვა (დბ. 37:2).
იაკობს ყველა ვაჟზე მეტად უყვარდა თავისი სიბერის შვილი, იოსები. შეიძლება ამის ერთ-ერთი მიზეზი იოსების ერთგულებაც იყო. მან გრძელი, ზოლებიანი ტანსაცმელი დაამზადებინა იოსებისთვის, შესაძლოა, ისეთი, როგორიც დიდებულებს ეცვათ. ამის გამო ნახევარძმებმა შეიძულეს იოსები. მოგვიანებით, როცა იოსების ნაამბობი სიზმრიდან გაიგეს, რომ ის მათზე აღმატებულ მდგომარეობას დაიკავებდა, უფრო მეტად შეიძულეს. მეორე სიზმრის მიხედვით, მხოლოდ მის ძმებს კი არა, მამამისსა და დედამისსაც (რადგან რახელი უკვე მკვდარი იყო, როგორც ჩანს, მასში იაკობის სახლეულობა ან მთავარი ცოლი იგულისხმებოდა) მდაბლად უნდა ეცათ თაყვანი მისთვის. ამ სიზმრის მოყოლის შემდეგ მამამისმა გაკიცხა იოსები, მის ძმებს კი უფრო მეტად შეშურდათ მისი. სიზმრების მოყოლა არ ნიშნავდა, რომ იოსები თავს ამეტებდა სხვებს. ის უბრალოდ იმას ამბობდა, რასაც ღმერთი უმჟღავნებდა. იაკობი შეიძლება მიხვდა, რომ ეს სიზმრები წინასწარმეტყველური იყო, რადგან „გულში დაიმარხა ეს ამბავი“ (დბ. 37:3—11).
ერთხელ იაკობმა (იმ დროს ხებრონში ცხოვრობდა) სთხოვა იოსებს, ენახა, როგორ იყვნენ მისი ძმები და ფარა, რომელსაც შექემთან ახლოს აძოვებდნენ. მათი მტრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეს დავალება იოსებისთვის ადვილი შესასრულებელი არ იქნებოდა, თუმცა ის უყოყმანოდ დათანხმდა. ხებრონის დაბლობიდან ის შექემის გზას დაადგა. იქ ერთმა კაცმა უთხრა, რომ მისი ძმები დოთანში წავიდნენ და იოსებიც იქით გაემართა. როცა ძმებმა ის შორიდან დაინახეს, მზაკვრობა განიზრახეს და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ნახეთ, სიზმარა მოდის. მოდი მოვკლათ, ჭაში ჩავაგდოთ ... მერე ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები“ (დბ. 37:12—20). მაგრამ უფროს ძმას, რეუბენს უნდოდა მათი ხელიდან იოსების დახსნა, ამიტომ ძმებს უთხრა, არ მოეკლათ ის და დამშრალ ჭაში ჩაეგდოთ. მათ გახადეს იოსებს გრძელი ზოლებიანი ტანსაცმელი და რეუბენის სიტყვისამებრ მოიქცნენ. შემდეგ, როცა ისმაელელთა ქარავანი გამოჩნდა და რეუბენიც ძმებთან არ იყო, იუდამ დაარწმუნა ისინი, რომ ჯობდა, იოსები ვაჭრებისთვის მიეყიდათ, ვიდრე მოეკლათ (დბ. 37:21—27).
მონად გაყიდული. იოსების ვედრების მიუხედავად, მათ 20 ვერცხლად გაყიდეს ის (დბ. 37:28; 42:21). მოგვიანებით მათ მოატყუეს იაკობი და უთხრეს, რომ იოსები ნადირმა დაგლიჯა. გლოვობდა მოხუცი იაკობი შვილს და არ იღებდა ნუგეშს (დბ. 37:31—35).
ვაჭრებმა იოსები ეგვიპტეში ჩაიყვანეს და ფოტიფარს, ფარაონის მცველთა უფროსს მიჰყიდეს (დბ. 37:28, 36; 39:1). ეგვიპტელი ფოტიფარის მიერ მონის ყიდვა ჩვეულებრივი რამ იყო, რადგან ძველი პაპირუსებიდან ჩანს, რომ იმ ქვეყანაში დიდად ფასობდნენ სირიელი მონები (იოსები ნახევრად სირიელი იყო [დბ. 29:10; 31:20]).
როგორც მამის დავალების შესრულების დროს იყო იოსები გულმოდგინე, ისე მონობის დროსაც გულმოდგინე და სანდო იყო. იეჰოვას კურთხევით მას ყველა საქმეში ემართებოდა ხელი. ბოლოს ფოტიფარმა თავისი სახლის საქმეები მთლიანად მას ჩააბარა. ამგვარად, იოსები გახდა სახლის მეთვალყურე. ეგვიპტური პაპირუსებიდან დასტურდება, რომ გავლენიან ეგვიპტელებს თავიანთ დიდ სახლებში ასეთი მეთვალყურეები ჰყავდათ (დბ. 39:2—6).
ცდუნების დაძლევა. იოსები თვალტანადი კაცი დადგა და ფოტიფარის ცოლმა მას თვალი დაადგა. ის გამუდმებით ჩასჩიჩინებდა იოსებს, რომ მასთან დაწოლილიყო. მაგრამ სიმართლის სიყვარულით აღზრდილი იოსები უარს ეუბნებოდა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“. თუმცა საქმე ამით არ დამთავრებულა. არქეოლოგიური გათხრების თანახმად, ეგვიპტური სახლები, როგორც ჩანს, ისე იყო დაპროექტებული, რომ საწყობში მისასვლელად მეთვალყურეს სახლის მთავარი ნაწილი უნდა გაევლო. თუ ფოტიფარის სახლიც ასეთი იყო, იოსებისთვის შეუძლებელი იქნებოდა, საერთოდ აერიდებინა თავი ფოტიფარის ცოლთან შეხვედრისთვის (დბ. 39:6—10).
ბოლოს ფოტიფარის ცოლმა ისარგებლა ხელსაყრელი შემთხვევით. როცა სახლში არც ერთი მამაკაცი არ იყო და იოსები სახლში საქმიანობდა, მან ხელი სტაცა იოსებს ტანსაცმელზე და უთხრა: „დაწექი ჩემთან!“. იოსებმა ხელში შეატოვა ტანსაცმელი და გარეთ გავარდა. ქალმა კივილი მორთო და ისე მოაჩვენა თავი, თითქოს იოსებს უნდოდა მასთან უზნეობის ჩადენა. შემდეგ ქმარს მოუყვა ყველაფერს. განრისხებულმა ფოტიფარმა საპყრობილეში ჩააგდო იოსები, სადაც მეფის პატიმრები ისხდნენ (დბ. 39:11—20).
საპყრობილეში. როგორც ჩანს, თავიდან იოსებს ციხეში სასტიკად ექცეოდნენ. „ბორკილებით დაუმძიმეს ფეხები, რკინით შეიბორკა მისი სული“ (ფს. 105:17, 18). მაგრამ მოგვიანებით საპყრობილის ზედამხედველმა იოსები სხვა პატიმრების ზედამხედველად დანიშნა, რადგან ცუდ ვითარებაშიც კარგად იქცეოდა და იეჰოვაც კურთხევას არ აკლებდა. ამ შემთხვევაშიც პატიმარმა იოსებმა ცხადყო, რომ უნარიანი გამგებელი იყო, რადგან მისი მეთვალყურეობით ყველაფერი სათანადოდ კეთდებოდა (დბ. 39:21—23).
ამის შემდეგ, როცა ფარაონის ორი მოხელე, მერიქიფეთა და მცხობელთა უფროსები, იმავე საპატიმროში ჩააგდეს, იოსები მათ მოსამსახურედ დანიშნეს. გავიდა ხანი და ორივემ ნახა სიზმარი. იოსებმა უთხრა მათ, რომ სიზმრების ახსნა ღვთისგან იყო და ორივეს სათითაოდ აუხსნა სიზმარი. მერიქიფის სიზმრიდან გამოჩნდა, რომ მას სამ დღეში თავის სამსახურში დააბრუნებდნენ. იოსებმა სთხოვა მას, გაეხსენებინა და მასზე ფარაონისთვის ეამბო, რათა საპყრობილიდან გათავისუფლებულიყო. უთხრა, რომ „ებრაელთა მიწიდან“ იყო მოტაცებული და ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ საპყრობილეში ჩაესვათ. შესაძლოა, მან იმიტომ არჩია, არ დაესახელებინა თავისი გამტაცებლების ვინაობა, რომ არ უნდოდა მის ოჯახზე ცუდი ეფიქრათ. ბოლოს მცხობელის სიზმარიც ახსნა და უთხრა, რომ სამ დღეში სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. ორივე სიზმარი სამ დღეში, ფარაონის დაბადების დღეს შესრულდა. ეს უეჭველად დაარწმუნებდა იოსებს, რომ მისი სიზმრებიც ახდებოდა, და შემდგომი განსაცდელების ატანში დაეხმარებოდა. იმ დროისთვის უკვე 11 წელი იყო გასული, რაც მისმა ძმებმა მონად გაყიდეს (დბ. 40:1—22; 37:2; 41:1, 46).
ფარაონის წინაშე. მერიქიფეთა უფროსი თავის მდგომარეობას დაუბრუნდა, თუმცა იოსები არც კი გახსენებია (დბ. 40:23). მაგრამ ორი სრული წლის გასვლის შემდეგ ფარაონს ორი სიზმარი დაესიზმრა, რომლებიც ეგვიპტის ვერც ერთმა გრძნეულმა ქურუმმა და ბრძენკაცმა ვერ ახსნა. სწორედ ამ დროს გაახსენდა მერიქიფეს იოსები და ფარაონს მის შესახებ უამბო. იოსები მაშინვე მიიყვანეს ფარაონთან. ეგვიპტელთა წეს-ჩვეულების თანახმად, ფარაონის წინაშე წარდგომამდე იოსებმა გაიპარსა და მოსასხამი გამოიცვალა. ამ შემთხვევაშიც სიზმრის ახსნა მან საკუთარ თავს კი არა, ღმერთს მიაწერა. შემდეგ მან ორივე სიზმარი აუხსნა ფარაონს და უთხრა, რომ შვიდ ბარაქიან წელს შიმშილობის შვიდი წელი მოჰყვებოდა. გარდა ამისა, ურჩია ფარაონს, რა ზომები შეეძლოთ მიეღოთ შიმშილობის შვიდწლიანი პერიოდის შესამსუბუქებლად (დბ. 41:1—36).
მეორე კაცი ეგვიპტეში. ფარაონის აზრით, 30 წლის იოსები საკმაოდ გონიერი და ბრძენი იყო იმისთვის, რომ ბარაქიან და შიმშილობის წლებში საქმეები განეგო. ამიტომ მან იოსები ეგვიპტის მეორე მმართველად დანიშნა, თავისი ბეჭედი მისცა, ძვირფასი სელის ტანსაცმლით შემოსა და ოქროს ყელსაბამი შეაბა (დბ. 41:37—44, 46; შდრ. ფს. 105:17, 20—22). თანამდებობაზე დანიშვნის ეს მეთოდი ეგვიპტური წარწერებიდან და ფრესკებიდან დასტურდება. საინტერესოა, რომ ძველი ეგვიპტური ჩანაწერების თანახმად, არაერთ ქანაანელს ეკავა ეგვიპტეში მაღალი თანამდებობა და ფარაონის მიერ იოსებისთვის სახელის შეცვლა (დაარქვა ცაფნათ-ფანეახი) გამონაკლისი არ იყო. მან აგრეთვე იოსებს მიათხოვა ონის ქურუმის, ფოტიფერას (ეგვიპტ.-დან, ნიშნავს: ის, ვისაც [ღვთაება] რამ მისცა) ასული ასენათი (დბ. 41:45).
შემდეგ იოსებმა შემოიარა მთელი ეგვიპტის მიწა და საქმეების მოგვარება დაიწყო. ბარაქიანი წლების განმავლობაში, მან მარცვლეულის უზომოდ დიდი რაოდენობა დააგროვა. შიმშილობის წლების დადგომამდე ასენათმა მას ორი ვაჟი, მენაშე და ეფრემი გაუჩინა (დბ. 41:46—52).
ნახევარძმები საკვების საყიდლად ჩადიან. ჩამოვარდა შიმშილობა და ეგვიპტის საზღვრებს გასცდა. მეზობელი ქვეყნებიდან ხალხი იოსებთან მიდიოდა საკვების საყიდლად. ბოლოს მისი ათი ნახევარძმაც ჩავიდა ეგვიპტეში და მდაბლად თაყვანი სცა იოსებს, რითაც ნაწილობრივ შესრულდა მისი ორი სიზმარი (დბ. 41:53—42:7). მაგრამ ძმებმა ვერ იცნეს იოსები, რადგან მეფურად იყო შემოსილი და მათ თარჯიმნის მეშვეობით ელაპარაკებოდა (დბ. 42:8, 23). იოსებმა ისე მოაჩვენა მათ თავი, თითქოს არ იცნობდა, და ჯაშუშობა დააბრალა. ბრალდებაზე მათ განაცხადეს, რომ ათი ძმანი იყვნენ, ერთი მამასთან დარჩა სახლში, ერთი კი ცოცხალი აღარ იყო. მაგრამ იოსები მაინც იმას ამბობდა, რომ ისინი მზვერავები იყვნენ და საპატიმროში ჩასხა. მესამე დღეს კი უთხრა მათ: „ასე გააკეთეთ და იცოცხლებთ. მე ჭეშმარიტი ღვთის შიში მაქვს. თუ მართლები ხართ, დარჩეს ერთ-ერთი თქვენი ძმა საპატიმროში [როგორც ჩანს, იმავე საპატიმროში, სადაც ყველანი ისხდნენ], დანარჩენები კი წადით და წაიღეთ მარცვლეული თქვენ-თქვენს სახლებში, რადგან შიმშილობაა. მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რომ სარწმუნო იყოს თქვენი სიტყვები, და არ მოკვდებით“ (დბ. 42:9—20).
მოვლენების ასეთმა განვითარებამ იოსების ნახევარძმები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ეს ღვთის სასჯელი იყო, რადგან წლების წინ იოსები მონად გაყიდეს. ძმის წინაშე, რომლის ვინაობაც ჯერ კიდევ არ იცოდნენ, თავიანთ დანაშაულზე მსჯელობდნენ. იოსებს ესმოდა, როგორ ნანობდნენ ისინი თავიანთ საქციელს. მან თავი ვეღარ შეიკავა, გავიდა და ატირდა. როცა დაბრუნდა, შებორკა სიმონი და საპატიმროში დატოვა იქამდე, ვიდრე დანარჩენები თავიანთ უმცროს ძმას არ მოიყვანდნენ (დბ. 42:21—24).
ნახევარძმები ბენიამინთან ერთად ბრუნდებიან. როცა იოსების ცხრა ნახევარძმამ უამბო იაკობს, რა გადახდათ ეგვიპტეში, და თითოეულმა თავის ტომარაში ფულით სავსე ქისა ნახა, ყველას ძალიან შეეშინდა, იაკობი კი დამწუხრდა. მხოლოდ შიმშილმა და იუდას დაპირებამ, რომ ბენიამინს უვნებელს ჩამოუყვანდა, გადააწყვეტინა იაკობს ბენიამინის ძმებთან ერთად ეგვიპტეში გაშვება (დბ. 42:29—43:14).
ეგვიპტეში რომ ჩავიდნენ, სიმონიც გამოუშვეს და მათდა გასაკვირად, ყველანი საკვების გამნაწილებელთან სადილად მიიწვიეს. როცა იოსებს შეხვდნენ, ძღვენი მიართვეს და დაემხვნენ მის წინაშე. იოსებმა მათ მამის ამბავი გამოკითხა, მათაც უპასუხეს და ისევ მდაბლად სცეს თაყვანი. თავისი ღვიძლი ძმის, ბენიამინის დანახვაზე იოსებმა თავი ვერ შეიკავა, გავიდა და ატირდა. ბოლოს თავი ხელში აიყვანა, დარბაზში დაბრუნდა და სადილი მოატანინა. თერთმეტივე ძმა ასაკის მიხედვით დასხდა მის წინ მაგიდებთან. ბენიამინს ის ხუთჯერ მეტ ულუფას უგზავნიდა, ვიდრე სხვებს, როგორც ჩანს, იმის გასაგებად, ჰქონდათ თუ არა ძმებს გულის სიღრმეში შური. მაგრამ მსგავსი არაფერი შეუმჩნევია (დბ. 43:15—34).
ისევე, როგორც პირველი შეხვედრის დროს, იოსებმა ახლაც თითოეულის ტომარაში ჩაადებინა თავ-თავიანთი ფული (დბ. 42:25), ბენიამინის ტომარაში კი — ფულთან ერთად თავისი ვერცხლის სასმისიც. როცა ისინი გზას დაადგნენ, თავის სახლზე დაყენებული კაცი დაადევნა მათ და ვერცხლის სასმისის მოპარვა დააბრალა. „ეს ხომ ჩემი ბატონის სასმისია, რითაც ზუსტად მისნობს?!“ — უთხრა მათ იოსებისგან დარიგებულმა კაცმა შესაძლოა იმის დასანახვებლად, რამდენად ძვირფასი იყო სასმისი იოსებისთვის, მათ მიერ ვითომდა ჩადენილი დანაშაული კი — სერიოზული (დბ. 44:1—5). ვინაიდან ეს ყველაფერი ფანდი იყო, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ იოსები მართლა იყენებდა ვერცხლის სასმისს მისნობისთვის. როგორც ჩანს, მას სურდა, თავი ისე მოეჩვენებინა, რომ მისთვის, როგორც იმ ქვეყნის გამგებლისთვის, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა უცხო იყო.
ძმებს, ალბათ, თავზარი დაეცათ, როცა სასმისი ბენიამინის ტომარაში იპოვეს. მათ შემოიხიეს მოსასხამები, დაბრუნდნენ იოსების სახლში და დაემხვნენ მის წინაშე. იოსებმა უთხრა მათ, რომ ბენიამინის გარდა ყველა თავისუფალი იყო. მაგრამ მათ არ უნდოდათ წასვლა, რითაც აჩვენეს, რომ შური, რის გამოც თითქმის 22 წლის წინ თავიანთი ძმა გაყიდეს, აღარ ჰქონდათ. იუდა ევედრებოდა, ბენიამინის ნაცვლად ის დაეტოვებინა, რადგან მის გარეშე მოხუცი მამა მწუხარებისგან მოკვდებოდა (დბ. 44:6—34).
იოსები ამხელს თავის ვინაობას. იუდას ვედრებამ იოსებზე ისე იმოქმედა, რომ თავი ვეღარ შეიკავა. მას შემდეგ, რაც სხვებმა მისი თხოვნით იქაურობა დატოვეს, მან თავისი ვინაობა გაუმხილა ძმებს. მართალია, ადრე ისინი ცუდად მოექცნენ, მაგრამ მათ მიმართ გულში წყენა არ ჩაუტოვებია. მან თქვა: „ახლა ნუ დამწუხრდებით და ნუ განრისხდებით საკუთარ თავზე, აქ რომ გამყიდეთ, რადგან ღმერთმა სიცოცხლის გადასარჩენად გამომგზავნა თქვენზე წინ. უკვე მეორე წელია, რაც შიმშილობაა დედამიწაზე და კიდევ ხუთ წელიწადს არ იქნება ხვნა და მკა. ღმერთმა გამომგზავნა თქვენზე წინ, რათა დარჩეთ დედამიწაზე და იცოცხლოთ დიდებული ხსნის წყალობით. აქ თქვენ კი არ გამომგზავნეთ, არამედ ჭეშმარიტმა ღმერთმა“ (დბ. 45:1—8). იოსებმა მთელი გულით აპატია ძმებს, ატირდა და ყველას აკოცა (დბ. 45:14, 15).
ფარაონის განკარგულებით, იოსებმა ურმები გაატანა თავის ძმებს, რომ მათ იაკობი და მთელი მისი სახლეულობა ჩაეყვანათ ეგვიპტეში. ამასთანავე, მათ საჩუქრები და მგზავრობისთვის საგზალიც გაატანა; გამომშვიდობებისას უთხრა: „ნუ იდავებთ გზაში“ (დბ. 45:16—24).
იოსების მამა ეგვიპტეში ჩადის. 130 წლის იაკობმა თავიდან ვერ დაიჯერა, რომ მისი ვაჟი იოსები ცოცხალი იყო. მაგრამ ბოლოს დარწმუნდა და წამოიძახა: „წავალ და ვნახავ, სანამ მოვკვდები!“. მოგვიანებით ეგვიპტეში მთელ თავის სახლეულობასთან ერთად მიმავალ იაკობს ბეერ-შებაში ხილვა ჰქონდა, რომელშიც ღმერთმა მოიწონა მისი გადასვლა და უთხრა: „იოსები თავისი ხელით დაგიხუჭავს თვალებს“. რადგან სიკვდილის შემდეგ იაკობისთვის იოსებს უნდა დაეხუჭა თვალები, ჩვეულების თანახმად კი ეს პირმშოს უნდა გაეკეთებინა, იეჰოვამ ამით ცხადყო, რომ პირმშოობის უფლება იოსებზე გადავიდოდა (დბ. 45:25—46:4).
იუდა პირველი ჩავიდა, რომ იოსებისთვის მამის ჩასვლა შეეტყობინებინა. იოსებმა მოამზადებინა თავისი ეტლი და იაკობთან შესახვედრად გოშენში გაემართა. შემდეგ ის ხუთ ძმასთან ერთად ფარაონის წინაშე წარდგა. იოსებისგან დარიგებულმა ძმებმა ფარაონს თავი მეცხვარეებად გააცნეს და სთხოვეს, მათთვის, როგორც ხიზნებისთვის, გოშენის მიწა მიეცა. ფარაონმა დააკმაყოფილა მათი თხოვნა. ფარაონთან მამის წარდგენის შემდეგ იოსებმა იაკობი თავის სახლეულობასთან ერთად ქვეყნის საუკეთესო მიწაზე დაასახლა (დბ. 46:28—47:11). ამგვარად, მან სიყვარული გამოავლინა ოჯახის მიმართ და გონივრულად გამოიყენა მეცხვარეებზე ეგვიპტელების წინასწარშექმნილი აზრი. შედეგად, იაკობის სახლეულობა არ მოექცა ეგვიპტელების ცუდ გავლენაში და აღმოიფხვრა ეგვიპტელებზე დაქორწინებით მათი გადაგვარების საშიშროება. მას შემდეგ იაკობი და მთელი მისი სახლეულობა იოსებზე იყო დამოკიდებული (დბ. 47:12). ფაქტობრივად, ყველა დაემხო იოსების, ფარაონის შემდეგ მეორე კაცის წინაშე, რითაც საოცრად შესრულდა იოსების წინასწარმეტყველური სიზმრები.
შიმშილობის შედეგები ეგვიპტეში. შიმშილობა გრძელდებოდა. ეგვიპტელებს თანდათანობით გამოელიათ ფული; საქონელიც საკვებზე გადაცვალეს. ბოლოს მათ ფარაონს მიჰყიდეს თავიანთი მიწებიც და მონებად საკუთარი თავიც. შემდეგ იოსებმა ისინი ქალაქებში დაასახლა, რომ მარცვლეულის განაწილება გაადვილებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ქალაქებში მათი დასახლება დროებითი ღონისძიება იყო. ვინაიდან ეგვიპტელები უნდა დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მიწებზე თესლის დასათესად, ლოგიკურია, რომ ისინი თავიანთ სახლებში იცხოვრებდნენ. როცა მოსავალს აიღებდნენ, იოსების განკარგულების თანახმად, მათ ფარაონისთვის მოსავლის მეხუთედი უნდა მიეტანათ მიწის გამოყენების სანაცვლოდ. მაგრამ ქურუმებისგან ეს არ მოითხოვებოდა (დბ. 47:13—26).
იაკობი აკურთხებს იოსების ვაჟებს. შიმშილობის დასრულებიდან დაახლოებით 12 წლის შემდეგ იოსებმა თავისი ვაჟები, მენაშე და ეფრემი იაკობთან მიიყვანა. სწორედ მაშინ გახადა ცხადი იაკობმა, რომ პირმშოობის უფლება იოსებისა იყო, რადგან ეფრემი და მენაშე საკუთარ ვაჟებს გაუტოლა. ასე რომ, იოსებისგან ორი სხვადასხვა ტომი წარმოიშობოდა, რომელთაც ცალ-ცალკე სამკვიდრო მიეცემოდათ. ეფრემისა და მენაშეს კურთხევის დროს იაკობმა მარჯვენა ხელი უმცროსს, ეფრემს დაადო თავზე, მიუხედავად იმისა, რომ იოსებს ეს არ მოეწონა. მან ეფრემს მიანიჭა უპირატესობა, რითაც წინასწარმეტყველურად მიანიშნა, რომ უმცროსი უფროსზე დიდი იქნებოდა (დბ. 47:28, 29; 48:1—22; იხ. აგრეთვე კნ. 21:17; იეს. 14:4; 1მტ. 5:1).
იაკობი აკურთხებს იოსებსა და სხვა ვაჟებს. მოგვიანებით სიკვდილის პირას მყოფმა იაკობმა ყველა ვაჟს მოუხმო და სათითაოდ აკურთხა. მან იოსები „ნაყოფიერი ხის ამონაყარს“ შეადარა. „ნაყოფიერი ხე“ თავად პატრიარქი იაკობი იყო, ხოლო იოსები მისი ერთ-ერთი მთავარი ტოტი გახდა (დბ. 49:22). თუმცა მშვილდოსნები ავიწროებდნენ და მტრულად იყვნენ განწყობილნი მის მიმართ, „მისი მშვილდი ... მუდამ თავის ადგილზე რჩებოდა, და მოქნილი იყო მისი ხელის ძლიერება“ (დბ. 49:23, 24). ზუსტად ამის თქმა შეიძლებოდა იოსებზე. მისი ნახევარძმები მტრულად მოექცნენ და, ასე ვთქვათ, ესროლეს მოსაკლავად. მაგრამ იოსებმა გულმოწყალებითა და სიკეთით გადაუხადა სამაგიერო. ეს თვისებები ისრებივით იყო, რომლებმაც აღმოფხვრეს მტრობა. მშვილდოსნებმა ვერ მოკლეს იოსები და ვერ შეუსუსტეს სიმართლის ერთგულება და ძმური სიყვარული.
წინასწარმეტყველური მნიშვნელობით იაკობის სიტყვები შეიძლება იოსების ორი ვაჟისგან, ეფრემისა და მენაშესგან წარმოშობილ ტომებსა და მათ მომავალ ბრძოლებსაც ეხებოდეს (შდრ. კნ. 33:13, 17; მსჯ. 1:23—25, 35). აღსანიშნავია, რომ ეფრემის ტომიდან იყო მოსეს საქმის გამგრძელებელი და ქანაანელთა წინააღმდეგ მებრძოლთა მეთაური იესო ნავეს ძე (ჰოშეა) (რც. 13:8, 16; იეს. 1:1—6). იოსების კიდევ ერთი შთამომავალი მენაშესტომელი გედეონი იყო, რომელმაც იეჰოვას დახმარებით მიდიანელები დაამარცხა (მსჯ. 6:13—15; 8:22). იფთახმაც, რომელიც, როგორც ჩანს, მენაშეს ტომიდან იყო, ამონელები დაიმორჩილა (მსჯ. 11:1, 32, 33; შდრ. 12:4; რც. 26:29).
იაკობის წინასწარმეტყველური კურთხევის სხვა ასპექტები იოსების ცხოვრებაში მომხდარი შემთხვევებიდანაც ჩანს. შურისძიების ნაცვლად, ის იაკობის ანუ ისრაელის მთელ სახლეულობას დაეხმარა. ამგვარად, იოსები მწყემსი და ისრაელის მხარდამჭერი ქვა გახდა. იეჰოვამ ისე წარმართა საქმე, რომ იოსებს ამის გაკეთება შესძლებოდა, ამიტომ ის „იაკობის ძლიერი ღვთის ხელიდან“ იყო გამოსული. მას იეჰოვა ეხმარებოდა. ის ყოვლისშემძლესთან იყო, ანუ იეჰოვას მხარე ეკავა, ამიტომ კურთხევას მისგან იღებდა (დბ. 49:24, 25).
იეჰოვას კურთხევას იოსების შთამომავლების, ეფრემისა და მენაშეს ტომებიც მიიღებდნენ. იაკობმა თქვა: „ის [ყოვლისშემძლე] გაკურთხებს ზეციური კურთხევებითა და დაბლა მიწაზე ღრმა წყლის კურთხევებით, ძუძუთა და საშვილოსნოს კურთხევებით“ (დბ. 49:25). ეს არწმუნებდა იოსების შთამომავლებს, რომ ზეციური და მიწიერი წყლის საჭირო მარაგი ექნებოდათ და მრავალრიცხოვანნი იქნებოდნენ (შდრ. კნ. 33:13—16; იეს. 17:14—18).
იაკობის მიერ თავის საყვარელ ვაჟზე, იოსებზე, წარმოთქმული კურთხევები იოსებისგან წარმოშობილი ორი ტომისთვის მორთულობასავით იქნებოდა. ეს კურთხევები მარადიული მთების კურთხევებსა და მარად არსებული გორების მორთულობაზე, ტყეებსა და ნაკადულებზე, დიდი იქნებოდა. ისინი მარადიულად გადმოვიდოდა იოსებისა და მისი შთამომავლების თავზე, ვიდრე მთები და გორები იარსებებდნენ (დბ. 49:26; კნ. 33:16).
იოსები „თავისი ძმებისგან გამორჩეული“ იყო, რადგან ღმერთმა ის განსაკუთრებული საქმისთვის აირჩია (დბ. 49:26). მან იმით გაითქვა სახელი, რომ შესანიშნავი სული და ზედამხედველობისა და ორგანიზების უნარი გამოავლინა. ამიტომაც იყო მართებული, რომ ეს განსაკუთრებული კურთხევები მასზე გადავიდა.
ვაჟების კურთხევის დასრულების შემდეგ იაკობი გარდაიცვალა. იოსები მამამისის სახეს დაემხო და კოცნიდა. იაკობს სურდა, რომ ის მაქფელას გამოქვაბულში დაემარხათ, ამიტომ ქანაანში გამგზავრებამდე იოსებმა ეგვიპტელ მკურნალებს მისი სხეული დააბალზამებინა (დბ. 49:29—50:13).
ძმებისადმი დამოკიდებულება. იაკობის დაკრძალვიდან დაბრუნებულ ნახევარძმებს ისევ სინდისი ქენჯნიდა და ეშინოდათ, რომ იოსებს შური არ ეძია, ამიტომ პატიებას სთხოვდნენ. იოსებმა ტირილი დაიწყო, ანუგეშა ისინი და დაარწმუნა, რომ შიშის მიზეზი არ ჰქონდათ: „ნუ გეშინიათ! ღმერთი ხომ არა ვარ?! თქვენ ჩემ წინააღმდეგ ბოროტება განიზრახეთ, ღმერთს კი ეს სასიკეთოდ ჰქონდა განზრახული, რათა ისე მომხდარიყო, როგორც დღეს არის, მრავალთა სიცოცხლის გადასარჩენად. ნუ გეშინიათ. მე მოგამარაგებთ საკვებით თქვენც და თქვენს ბავშვებსაც“ (დბ. 50:14—21).
იოსების სიკვდილი. მამის სიკვდილის შემდეგ იოსებმა 54 წელი იცოცხლა და 110 წელს მიაღწია. ის შვილთაშვილებსაც კი მოესწრო. სიკვდილის წინ იოსებმა რწმენით ითხოვა, რომ ეგვიპტიდან გასულ ისრაელებს მისი ძვლები ქანაანში წაეღოთ. სიკვდილის შემდეგ იოსების სხეული დააბალზამეს და კუბოში ჩაასვენეს (დბ. 50:22—26; იეს. 24:32; ებ. 11:22).
იოსების სახელი ცნობილი გახდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ იაკობის ვაჟებს შორის იოსებს გამოჩენილი მდგომარეობა ეკავა, მართებულია, რომ ზოგჯერ მისი სახელით იწოდება ისრაელის ყველა ტომი (ფს. 80:1) ან ჩრდილოეთ სამეფოში შემავალი ტომები (ფს. 78:67; ამ. 5:6, 15; 6:6). მისი სახელი ბიბლიურ წინასწარმეტყველებებშიც გვხვდება. ეზეკიელის წინასწარმეტყველურ ხილვაში მემკვიდრეობის ორი წილი იოსებისა იყო (ეზკ. 47:13); ქალაქის, „თვით იეჰოვაა იქ“, ერთ-ერთი კარიბჭე იოსების სახელს ატარებდა (ეზკ. 48:32, 35); როცა იეჰოვას ხალხის გაერთიანებაზეა საუბარი, ერის ერთი ნაწილის მეთაურად იოსებია მოხსენიებული, მეორე ნაწილის მეთაურად კი — იუდა (ეზკ. 37:15—26). აბდიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ „იოსების სახლი“ „ესავის სახლს“ გაანადგურებდა (აბდ. 18), ზაქარიამ კი იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა დაიხსნიდა „იოსების სახლს“ (ზქ. 10:6). სულიერი ისრაელის ერთ-ერთ ტომად ეფრემის ნაცვლად იოსები მოიხსენიება (გმც. 7:8).
გამოცხადების 7:8-ში იოსების მოხსენიება იმაზე მიუთითებს, რომ სიკვდილის წინ იაკობის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება სულიერ ისრაელს ეხებოდა. აქედან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ იაკობის ძლიერმა, იეჰოვა ღმერთმა, მოავლინა იესო ქრისტე, კარგი მწყემსი, რომელმაც სიცოცხლე გაიღო თავისი ცხვრისთვის (ინ. 10:11—16). იესო ქრისტე საძირკვლის ქვაკუთხედიცაა, რომელზეც სულიერი ისრაელისგან შემდგარი ღვთის ტაძარი შენდება (ეფ. 2:20—22; 1პტ. 2:4—6). ეს მწყემსი, ისრაელის ქვა, ყოვლისშემძლესთან არის (ინ. 1:1—3; სქ. 7:56; ებ. 10:12; შდრ. დბ. 49:24, 25).
იოსებსა და ქრისტეს შორის მსგავსება. იოსების ცხოვრებასა და იესო ქრისტეს ცხოვრებას შორის არაერთი პარალელის გავლება შეიძლება. იოსების მსგავსად, იესოც მამას გამორჩეულად უყვარდა (შდრ. მთ. 3:17; ებ. 1:1—6). ნახევარძმები მტრულად იყვნენ განწყობილნი იოსების მიმართ. იესოც უარყვეს თავისიანებმა, ებრაელებმა (ინ. 1:11) და ნახევარძმებმაც თავიდან არ ირწმუნეს ის (ინ. 7:5). იოსების მზადყოფნა, რომ შეესრულებინა მამის ნება და შეემოწმებინა ნახევარძმები, ჰგავს იესოს დედამიწაზე მზადყოფნით ჩამოსვლას (ფლ. 2:5—8). ის, რაც იოსებს დავალების შესრულების დროს გადახდა, შეგვიძლია შევადაროთ იმას, რაც იესოს გადახდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა აწამეს და ძელზე გააკრეს (მთ. 27:27—46). როგორც იოსები მიჰყიდეს ნახევარძმებმა მიდიანელთა და ისმაელელთა ქარავანს, ისე ებრაელებმა გადასცეს იესო რომაელებს სიკვდილით დასასჯელად (ინ. 18:35). იოსებიც და იესოც განსაცდელებმა განწმინდა და მოამზადა სიცოცხლის გადამრჩენი როლის შესასრულებლად (ფს. 105:17—19; ებ. 5:7—10). ეგვიპტეში საკვების გამნაწილებლად იოსების დანიშვნა და, შედეგად, მრავალთა სიცოცხლის გადარჩენა ჰგავს იესოს განდიდებასა და იუდეველებისა და სხვებისთვის მხსნელად მოვლინებას (ინ. 3:16, 17; სქ. 5:31). ნახევარძმების განზრახვა, რომ იოსებისთვის ზიანი მიეყენებინათ, ღმერთმა შიმშილით სიკვდილისგან მათივე დასახსნელად გამოიყენა. მსგავსად, იესოს სიკვდილმაც შესაძლებელი გახადა ხსნა (ინ. 6:51; 1კრ. 1:18).
2. იგალის მამა ისაქარის ტომიდან. იგალი მოსემ ფარანის უდაბნოდან დასაზვერად გაგზავნა (რც. 13:2, 3, 7).
3. ლევიანი „ასაფის ვაჟთაგან“, რომელიც დავითის მეფობის დროს წილისყრით აირჩიეს მუსიკოს მსახურთა 24 ჯგუფიდან პირველში (1მტ. 25:1, 2, 9).
4. „იონამის ძე“; იესო ქრისტეს წინაპარი დედამისის, მარიამის ხაზით (ლკ. 3:30). იოსები დავითის შთამომავალი იყო და ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის განადგურებამდე ცხოვრობდა.
5. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ეზრას მოწოდების შემდეგ უცხოელი ცოლი და შვილები გაუშვა (ეზრ. 10:10—12, 42, 44).
6. მღვდელი შებანიას სახლიდან, რომელიც მღვდელმთავარ იოიაკიმის, გამგებელ ნეემიასა და მღვდელ ეზრას დროს ცხოვრობდა (ნემ. 12:12, 14, 26).
7. „მატათიასის ძე“ და იესო ქრისტეს წინაპარი დედის მხრიდან (ლკ. 3:24, 25). იოსები ბაბილონში გადასახლებიდან მრავალი წლის შემდეგ ცხოვრობდა.
8. იაკობის ვაჟი, იესო ქრისტეს მამობილი, მარიამის ქმარი. მოგვიანებით მას ქალიშვილების გარდა შეეძინა სულ მცირე ოთხი ვაჟი: იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა (მთ. 1:16; 13:55, 56; ლკ. 4:22; ინ. 1:45; 6:42). იოსებს აგრეთვე ეწოდებოდა ელის ვაჟი (ლკ. 3:23). ელი შესაძლოა მისი სიმამრი იყო. იოსები ემორჩილებოდა ღვთის მითითებებს, ზედმიწევნით იცავდა მოსეს კანონს და ასრულებდა კეისრის ბრძანებებს.
ნაზარეთში მცხოვრები იოსები დურგალი იყო და ხელმოკლედ ცხოვრობდა (მთ. 13:55; შდრ. ლკ. 2:4, 24 ლვ. 12:8-ს). ის დანიშნული იყო ქალწულ მარიამზე (ლკ. 1:26, 27), მაგრამ დაქორწინებამდე მარიამი წმინდა სულით დაფეხმძიმდა. იოსებს არ უნდოდა მისი საქვეყნოდ შერცხვენა, ამიტომ დააპირა, ფარულად გაყროდა მას (იხ. გაყრა). მაგრამ, როცა იეჰოვას ანგელოზმა სიზმარში აუხსნა ვითარება, იოსებმა სახლში წაიყვანა მარიამი და ის მისი კანონიერი ცოლი გახდა. თუმცა არ გაჰკარებია მას, ვიდრე მარიამმა სასწაულებრივად ჩასახული ბავშვი არ გააჩინა (მთ. 1:18—21, 24, 25).
ვინაიდან იოსები მეფე დავითის შთამომავალი იყო, მარიამთან ერთად იუდეის ბეთლემში გაემგზავრა კეისარ ავგუსტუსის ბრძანებისამებრ, რომლის თანახმადაც, ყველა თავ-თავის ქალაქში უნდა აღრიცხულიყო. მარიამმა იქ გააჩინა იესო და ბაგაში ჩააწვინა, რადგან ღამის გასათევი ადგილი სხვაგან ვერ იშოვეს. იმ ღამეს მწყემსები, რომლებსაც ბავშვის დაბადება ანგელოზებმა შეატყობინეს, ახალშობილის სანახავად მივიდნენ. დაახლოებით 40 დღის შემდეგ, მოსეს კანონის მიხედვით, იოსებმა და მარიამმა იესო იერუსალიმის ტაძარში წაიყვანეს და შესაწირავიც მიიტანეს. ორივე გაოცდა, როცა სიმონისგან წინასწარმეტყველური სიტყვები მოისმინეს იმ დიდებული საქმეების შესახებ, რომელთაც იესო მოიმოქმედებდა (ლკ. 2:1—33; შდრ. ლვ. 12:2—4, 6—8).
როგორც ჩანს, ამ შემთხვევიდან გარკვეული ხნის შემდეგ, ბეთლემში მცხოვრებ მარიამსა და მის პატარა ვაჟს აღმოსავლეთიდან ასტროლოგები ეწვივნენ (თუმცა ლუკას 2:39-დან ისე ჩანს, რომ იოსები და მარიამი იესოს ტაძარში მიყვანის შემდეგ ნაზარეთში დაბრუნდნენ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მუხლი შემოკლებული ისტორიის ნაწილია). ღმერთი ჩაერია, რომ მათი ვიზიტის შედეგად იესო არ მომკვდარიყო. იოსებმა სიზმარში გაიგო, რომ ჰეროდეს ბავშვის მოკვლა უნდოდა, ამიტომ ღვთის მითითებით ოჯახთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა (მთ. 2:1—15).
ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ იეჰოვას ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ბავშვი და დედამისი და წადი ისრაელის მიწაზე, რადგან დაიხოცნენ მაგ ბავშვის მძებნელნი“. მაგრამ, როცა გაიგო, რომ ჰეროდეს ნაცვლად მისი ვაჟი, არქელაე გამეფდა, შეეშინდა იუდეაში დაბრუნების და „ღმერთმაც გააფრთხილა სიზმარში“, ამიტომ „გალილეის მხარეში წავიდა. მივიდა და დასახლდა ქალაქ ნაზარეთში“ (მთ. 2:19—23).
ყოველ წელს პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად იოსებს მთელი ოჯახი მიჰყავდა იერუსალიმში. ერთხელ, როცა ნაზარეთში ბრუნდებოდნენ და იერუსალიმიდან ერთი დღის მანძილი ჰქონდათ გავლილი, იოსებმა და მარიამმა აღმოაჩინეს, რომ 12 წლის იესო მათთან არ იყო. მათ ძებნა დაუწყეს და ბოლოს იერუსალიმის ტაძარში იპოვეს, სადაც კანონის მასწავლებლებს უსმენდა და კითხვებს უსვამდა (ლკ. 2:41—50).
ბიბლიაში დაწვრილებით არ წერია, რა წვლილი შეიტანა იოსებმა იესოს განათლებაში. თუმცა, ეჭვგარეშეა, ის ხელს შეუწყობდა მის დაბრძენებას (ლკ. 2:51, 52). იოსებმა მას დურგლობა ასწავლა, რადგან იესო „დურგლის ვაჟად“ (მთ. 13:55) და დურგლად (მრ. 6:3) იყო ცნობილი.
იოსების სიკვდილი ბიბლიაში კონკრეტულად არ არის მოხსენიებული. მაგრამ, როგორც ჩანს, ის იესოს სიკვდილამდე დაიღუპა. იოსები რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ ცოცხალი ყოფილიყო, საეჭვოა, ძელზე დაკიდებულ იესოს თავის დედაზე, მარიამზე ზრუნვა იოანე მოციქულისთვის დაევალებინა (ინ. 19:26, 27).
9. იესო ქრისტეს ნახევარძმა (მთ. 13:55; მრ. 6:3). სხვა ძმების მსგავსად, იოსებსაც თავიდან არ სწამდა იესო (ინ. 7:5). მაგრამ მოგვიანებით იესოს ყველა ნახევარძმამ, მათ შორის იოსებმა, ირწმუნა ის. იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ მისი ნახევარძმები მოციქულებსა და სხვებს შეუერთდნენ. ისინი, ალბათ, იერუსალიმში ზემოთა ოთახში შეკრებილ დაახლოებით 120 მოწაფეს შორის იყვნენ, როცა ორგული იუდა ისკარიოტელის ნაცვლად წილისყრით მატთია აირჩიეს. როგორც ჩანს, მოგვიანებით, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, ამავე ჯგუფმა, დაახლოებით 120-მა მოწაფემ, მიიღო ღვთის სული (სქ. 1:9—2:4).
10. იუდეის ქალაქ არიმათეაში მცხოვრები მდიდარი კაცი და იუდეველთა სინედრიონის პატივცემული წევრი. მიუხედავად იმისა, რომ იოსები კარგი და მართალი კაცი იყო და ღვთის სამეფოს ელოდებოდა, ურწმუნო იუდეველთა შიშით პირდაპირ არ ამბობდა, რომ იესო ქრისტეს მოწაფე იყო. მაგრამ მან მხარი არ დაუჭირა იესო ქრისტეს წინააღმდეგ სინედრიონის უსამართლო მოქმედებას. მოგვიანებით, მან გაბედულად სთხოვა პილატეს იესოს ცხედარი, ნიკოდემესთან ერთად მოამზადა დასაკრძალავად და კლდეში გამოკვეთილ ახალ სამარხში დაასვენა. ეს სამარხი მას ეკუთვნოდა და მდებარეობდა ბაღში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც იესო გააკრეს ძელზე (მთ. 27:57—60; მრ. 15:43—46; ლკ. 23:50—53; ინ. 19:38—42).
11. მასსა და მატთიას შორის ყარეს წილი, რომ ორგული იუდა ისკარიოტელის ნაცვლად მოციქულად აერჩიათ. მას აგრეთვე ეწოდებოდა ბარსაბა (შესაძლოა, ეს მისი საგვარეულო სახელი ან კიდევ ერთი სახელი იყო) და იუსტუსი. ის იყო იესო ქრისტეს საქმეების, სასწაულებისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმე. მაგრამ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე წილისყრით იუდა ისკარიოტელის ნაცვლად აირჩიეს არა იოსები, არამედ მატთია. „თერთმეტ მოციქულს ეს ერთიც შეემატა“ (სქ. 1:15—2:1).
12. კვიპროსელი ლევიანი, რომელსაც ბარნაბა შეარქვეს (სქ. 4:36, 37). მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა პავლე მოციქულთან (იხ. ბარნაბა).
[სურათი]
ბიბლიის განაცხადი, რომ ფარაონს მერიქიფეთა უფროსი ჰყავდა, დასტურდება თებეში აღმოჩენილი სამარხის ნახატიდან, საიდანაც ჩანს, როგორ ხდებოდა ყურძნის კრეფა და ღვინის დაყენება
[სურათი]
ეგვიპტურ სამარხზე აღწერილია მარცვლეულის აღებისა და დაბინავების პროცესი. წიგნ „დაბადებაში“ ნათქვამია, რომ ეგვიპტეში მარცვლეულის დიდ მოსავალს იღებდნენ