თავი 7
რატომ ვართ ჩვენ აქ
1. რა დასკვნამდე მივიდნენ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანები?
ადამიანებს ოდითგანვე აინტერესებდათ დედამიწაზე სიცოცხლის აზრი. ისინი შეჰყურებდნენ ვარსკვლავებით მოჭედილ დიდებულ ცას, აღტაცებაში მოდიოდნენ მზის მშვენიერი ჩასვლითა და ლანდშაფტის სილამაზით. ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანები მიდიოდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყოველივე ამას აზრი უნდა ჰქონოდა. მაგრამ ისინი ხშირად ეკითხებოდნენ საკუთარ თავს, თუ თვითონ რა როლს ასრულებენ სამყაროში (ფსალმუნი 8:4, 5).
2. როგორი კითხვები ებადებათ ადამიანებს?
2 ოდესმე ცხოვრებაში ადამიანთა უმრავლესობას ებადება კითხვები: ნუთუ მხოლოდ იმისთვის ვარსებობთ, რომ ვიცხოვროთ მცირე ხნით, მივიღოთ ცხოვრებიდან რაც შეგვიძლია და შემდეგ მოვკვდეთ? საით მივყავართ ჩვენს გზას? შეგვიძლია თუ არა მოველოდეთ დაბადებიდან სიკვდილამდე ცხოვრების ხანმოკლე წრებრუნვაზე უფრო მეტს? (იობი 14:1, 2). ამას უკეთ გავიგებთ, როდესაც მივიღებთ პასუხს კითხვაზე: როგორ გავჩნდით აქ, დედამიწაზე?
ევოლუცია თუ შემოქმედება?
3. რას ასწავლის ევოლუციური თეორია?
3 ჩვეულებრივ, ზოგიერთ ქვეყანაში ასწავლიან, რომ ის, რასაც ვხედავთ, თავისთავად, შემთხვევით წარმოიშვა. ამბობენ, რომ მრავალი მილიონი წლის განმავლობაში ცხოვრება ვითარდებოდა, ანუ სრულყოფილდებოდა უმარტივესი ფორმებიდან, სანამ არ ჩამოყალიბდა ადამიანი. მრავალ ქვეყანაში ეს ევოლუციური თეორია ისწავლება, როგორც ფაქტი. ნუთუ მართლა მაიმუნისმაგვარი ცხოველისაგან წარმოვიშვით, რომელიც თითქოს მილიონობით წლის წინ ცხოვრობდა? ნუთუ შემთხვევით წარმოიშვა ასეთი უზარმაზარი სამყარო?
4. რატომ შეიძლება გვჯეროდეს, რომ „ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“?
4 ბიბლია გვეუბნება: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ (დაბადება 1:1). მეცნიერულმა ფაქტებმაც დაამტკიცა, რომ ცასა და მილიარდობით ვარსკვლავს, ამასთანავე, ჩვენს დედამიწას ჰქონდა საწყისი. ისინი შეიქმნა. ვარსკვლავებისა და პლანეტების მოძრაობა იმდენად გეგმაზომიერია, რომ მათი ადგილმდებარეობა აბსოლუტური სიზუსტით შეიძლება განისაზღვროს წინასწარ, წლებით ადრე. ვარსკვლავები და პლანეტები სამყაროში მოძრაობენ მათემატიკური კანონებისა და პრინციპების თანახმად. კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორი პ. დირაკი ჟურნალში „საიენტიფიკ ამერიკენ“ (Scientific American) წერდა: „სიტუაციის აღწერა შეიძლება თუ ვიტყვით, რომ ღმერთი უმაღლესი რანგის მათემატიკოსია და მან სამყაროს შექმნისას გამოიყენა მათემატიკის ყველაზე პროგრესული ცოდნა“.
5. როგორ გვიჩვენებს ჩვენი ფიზიკური სხეული, რომ შექმნილი ვიყავით და რომ შეუძლებელია, ვიყოთ ევოლუციის ნაყოფი?
5 ბიბლიაში ნათქვამია: „უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი, მან შეგვქმნა ჩვენ“ (ფსალმუნი 99:3). ჩვენი სხეული ისე საოცრადაა შექმნილი, რომ ბიბლიის ერთ-ერთი მწერალი აღიძრა ეთქვა ღმერთისთვის: „გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული. . . არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში. . . ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა“ (ფსალმუნი 138:14–16). დედის საშვილოსნოში ჩანასახი სასწაულებრივად ვითარდება. ჟურნალი „ნიუსუიკ“-ი (Newsweek) ამის შესახებ ამბობს: „ეს, უბრალოდ, სასწაულია“, შემდეგ ამატებს: „არავითარ ტექნიკას არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს ჩასახვის დრო. არც ერთ მეცნიერს არ შეუძლია თქვას, რა საოცარი ძალები იწყებენ მოქმედებას ადამიანის ჩანასახში ორგანოების განვითარებისა და არაჩვეულებრივად განტოტებული ნერვული სისტემის წარმოქმნისათვის“.
6. რატომ არის გონივრული, გვწამდეს შემოქმედების და არა ევოლუციის?
6 დაუკვირდი უზარმაზარ სამყაროს და ასევე, ჩვენი სხეულის საოცარ აგებულებას. საღმა გონებამ უნდა გვიკარნახოს, რომ ისინი არ განვითარებულან, ანუ არ წარმოქმნილან თავისთავად. ყოველივე ამას ესაჭიროებოდა კონსტრუქტორი, შემოქმედი. ასევე, დააკვირდი ჩვენს გარშემო მყოფ სხვა საგნებსაც. სახლში ყოფნისას ჰკითხე საკუთარ თავს: ნუთუ თავისით წარმოიშვა ჩემი საწერი მაგიდა, ჭაღი, საწოლი, სავარძელი, მაგიდა, კედლები ან თავად სახლი? თუ მათ შემოქმედი ესაჭიროებოდათ? რასაკვირველია, ისინი გონიერ ადამიანს უნდა შეექმნა! როგორღა შეიძლება იმის მტკიცება, რომ გაცილებით რთული სამყარო და ამასთანავე ჩვენ, ადამიანები, არ ვსაჭიროებდით შემოქმედს? თუ ღმერთმა დაგვასახლა დედამიწაზე, ესე იგი, მას ამისათვის უსათუოდ საფუძველი ჰქონდა.
7. ა) როგორ გვიჩვენა იესომ, რომ სწამდა შემოქმედების? ბ) რა დამატებითი მტკიცება არსებობს, რომ ადამი რეალური პიროვნება იყო?
7 პირველი მამაკაცისა და ქალის შესახებ თვით იესო ქრისტემაც თქვა: „შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. . . და თქვა: ‘ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად’“ (მათე 19:4, 5). აქ იესო ციტირებდა დაბადების 1:27-სა და 2:24-ს, სადაც ლაპარაკია ადამისა და ევას შექმნაზე. მაშასადამე, იესო ამ ბიბლიურ ცნობას ჭეშმარიტებად თვლიდა (იოანე 17:17). ასევე, ბიბლია ენოქს უწოდებს ‘ადამის შემდეგ მეშვიდეს’ (იუდა 14). ადამი რომ რეალური პიროვნება არ ყოფილიყო, ბიბლია არ მოიხსენიებდა მას ასე განსაკუთრებულად (ლუკა 3:37, 38).
8. როგორ თვალსაზრისს არ ასწავლის ბიბლია ადამიანის წარმოშობაზე?
8 ზოგიერთი ამბობს, რომ ადამიანის შესაქმნელად ღმერთი სარგებლობდა ევოლუციის პროცესით. ისინი ამტკიცებენ, რომ ღმერთმა ნება დართო ადამიანს განვითარებულიყო და როდესაც ამ უკანასკნელმა მიაღწია განსაზღვრულ საფეხურს, ჩაუდგა სული. მაგრამ ეს აზრი ბიბლიაში არსად არ მტკიცდება. ნაცვლად ამისა, ბიბლიაში ნათქვამია, რომ მცენარეები და ცხოველები შეიქმნა „თავისი გვარისდა მიხედვით“ (დაბადება 1:11, 21, 24). ფაქტებიც ადასტურებს, რომ დროთა განმავლობაში, არც მცენარის და არც ცხოველის ერთი გვარიდან მეორეში გარდაქმნა არ ხდება. უფრო მეტ დამამტკიცებელ ინფორმაციას, რომ არა ვართ ევოლუციის ნაყოფი, ვიხილავთ წიგნში: „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ (ინგლ.).
როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი
9. ა) როგორ აღწერს ბიბლია ადამიანის შექმნას? ბ) რა მოხდა, როდესაც ღმერთმა ადამიანს შთაბერა „სიცოცხლის სუნთქვა“?
9 ღმერთმა ადამიანი შექმნა მიწის ელემენტებისაგან, რათა მას დედამიწაზე ეცხოვრა. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი: „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად [სულადa, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა]“ (დაბადება 2:7). აქედან ჩანს, რომ ადამიანი უშუალოდ ღმერთის ქმნილებაა. შემოქმედების განსაკუთრებული აქტით ღმერთმა ადამიანი სრულყოფილ პიროვნებად შექმნა. როდესაც მან ადამიანის ნესტოებს შთაბერა „სიცოცხლის სუნთქვა“, ადამიანის ფილტვები ჰაერით აივსო. მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტი იყო მიღწეული. ღმერთმა ასე მისცა ადამიანის სხეულს სიცოცხლე. სასიცოცხლო ძალა ნარჩუნდება სუნთქვით.
10. რა არის სული და როგორ შეიქმნა იგი?
10 ყურადღება გაამახვილე: ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რომ ღმერთმა ადამიანს ჩაუდგა სული. არამედ იმის შემდეგ, რაც შთაბერა სუნთქვა „იქცა ადამი ცოცხალ არსებად [სულად, ძვო]“. მაშასადამე, ადამი იყო სული, ისევე როგორც ყველა ის, ვინც ექიმი ხდება, არის ექიმი (1 კორინთელთა 15:45). ‘მიწის მტვერი’, რისგანაც შეიქმნა ფიზიკური სხეული, არ არის სული. ბიბლიაში არც იმის შესახებაა ნათქვამი, რომ თითქოს „სიცოცხლის სუნთქვა“ არის სული. ნაცვლად ამისა, ბიბლია მიუთითებს, რომ სხეულთან ‘სიცოცხლის სუნთქვის’ შერწყმით, „იქცა ადამი ცოცხალ არსებად [სულად, ძვო]“.
11. რომელი ბიბლიური ფაქტები გვიჩვენებს, რომ სული არ შეიძლება იყოს რაიმე აჩრდილი, რომელიც შეძლებდა ადამიანისაგან განცალკევებით არსებობას?
11 რადგან სული თავად ადამიანია, მაშინ შეუძლებელია, რომ ის იყოს რაღაც აჩრდილი, რომელიც არსებობს სხეულში და რომელსაც შეუძლია მისი დატოვება. უბრალოდ რომ ვთქვათ, ბიბლია გვასწავლის, რომ შენი სული — თავად შენ ხარ. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია სულის სურვილზე, მიიღოს ფიზიკური საკვები: „იყიდე. . . რაც შენს სულს სურს: საქონელი, ცხვარი, ღვინო, სასმელი, ყველაფერი, რასაც სული მოგთხოვს, და ჭამე“ (მეორე რჯული 14:26). ბიბლია ასევე გვატყობინებს, რომ სულს აქვს სისხლი, რომელიც მიედინება სისხლძარღვებში, ვინაიდან ის ლაპარაკობს უდანაშაულო, ‘უბრალო სულთა სისხლის’ შესახებ (იერემია 2:34, ძვო).
რატომ დაასახლა ღმერთმა ადამიანი დედამიწაზე
12. რა იყო ღმერთის განზრახვა ადამიანის დედამიწაზე ცხოვრებასთან დაკავშირებით?
12 ღმერთის განზრახვა არ ყოფილა, რომ ადამი და ევა გარკვეული დროის შემდეგ მომკვდარიყვნენ და ცხოვრება რომელიმე სხვა ადგილზე გაეგრძელებინათ. მათ დედამიწაზე უნდა ეცხოვრათ, ეზრუნათ დედამიწასა და მასზე მცხოვრებ ცოცხალ არსებებზე. ბიბლიაში ნათქვამია: „აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28; 2:15). ადამსა და ევას შეეძლოთ თავის შთამომავლებთან ერთად მარადიულად და ბედნიერად ეცხოვრათ დედამიწაზე, თუ გააკეთებდნენ იმას, რასაც ღმერთი მოითხოვდა მათგან.
13. ა) როგორ შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ? ბ) რა მისცემს ჩვენს ცხოვრებას ნამდვილ აზრს?
13 ღმერთი ნამდვილად ზრუნავდა თავის მიწიერ შვილებზე. დაუკვირდი, რომ ‘ღმერთმა აკურთხა ისინი’, და როგორც მოსიყვარულე მამა, მათდა სასიკეთოდ აძლევდა მითითებებს. ამ მითითებების შესრულებით ისინი ბედნიერები იქნებოდნენ. იესომ იცოდა ეს და ამიტომ, მოგვიანებით, თქვა: „ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას“ (ლუკა 11:28). იესო იცავდა ღმერთის სიტყვას და ამბობდა: „მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო“ (იოანე 8:29). ზუსტად ეს არის დედამიწაზე ჩვენი სიცოცხლის აზრი. ეს არის ღმერთის კანონთან შეთანხმებული, ბედნიერი და კმაყოფილებით აღსავსე ცხოვრება. თუ ვემსახურებით იეჰოვას, ჩვენს ცხოვრებას მიეცემა ნამდვილი აზრი. ამასთანავე გვექნება პერსპექტივა — ვიცხოვროთ მარადიულად სამოთხეში, დედამიწაზე (ფსალმუნი 36:11, 29).
რატომ ვბერდებით და ვკვდებით
14. რა გააკეთეს ადამმა და ევამ ღმერთის მცნებებისადმი დაუმორჩილებლობით?
14 ამჟამად ყველა ვბერდებით და ვკვდებით. რატომ? როგორც უკვე მოხსენიებული იყო წინამდებარე თავში, ამის მიზეზია ადამისა და ევას დაუმორჩილებლობა. იეჰოვამ ისინი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც ცხადყოფდა, რომ ისინი საჭიროებდნენ ღვთისადმი მორჩილებას. მან უთხრა ადამს: „ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო“ (დაბადება 2:16, 17). ადამისა და ევას მიერ ამ ხის ნაყოფის ჭამა, მიუთითბდა, რომ მათ ზურგი შეაქციეს ზეციერ მამას და უარყვეს მისი ხელმძღვანელობა. ისინი გახდნენ ურჩები და აიღეს ის, რაც არ ეკუთვნოდათ. მათ შეეძლოთ, სიღარიბისა და წუხილის გარეშე, მარადიულად ეცხოვრათ სამოთხეში ბედნიერებით, მაგრამ თავს დაიტეხეს ცოდვის საზღაური. ეს არის არასრულყოფილება და სიკვდილი (რომაელთა 6:23).
15. როგორ მივიღეთ ადამისაგან ცოდვა?
15 იცი თუ არა, როგორ მივიღეთ ცოდვა ადამისგან? როცა ადამი არასრულყოფილი გახდა, არასრულყოფილება და სიკვდილი გადასცა თავის შთამომავლებსაც (იობი 14:4; რომაელთა 5:12). ეს რომ უკეთესად გავიგოთ, წარმოიდგინე ხაბაზი, რომელიც ზადიან ყალიბში აცხობს პურს. ზადის კვალი დაეტყობა ამ ყალიბში გამომცხვარ ყველა პურს. ჩვენ შეგვიძლია ადამი შევადაროთ ამ ყალიბს, ხოლო ჩვენი თავი — პურებს. ღმერთის კანონის დარღვევის გამო ის არასრულყოფილი გახდა. ეს იგივეა, რომ მას ზადი, ანუ არასრულყოფილების ნიშანი მიეღო. ამიტომ ადამის შთამომავლობას, ადამის მსგავსად, ცოდვისა და არასრულყოფილების ზუსტად იგივე კვალი დაეტყო.
16, 17. როგორ გვიჩვენებს იესოს ერთ-ერთი სასწაული, რომ ადამიანები ცოდვის გამო ავადდებიან?
16 ჩვენ ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის შედეგად ვხდებით ავად და ვბერდებით. ერთ-ერთი სასწაული, რომელიც იესომ მოახდინა, გვიჩვენებს, რომ ეს ასეა. ერთხელ, როცა იესო ასწავლიდა ერთ-ერთ სახლში, სადაც შეჩერდა, იქ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ შიგნით შესვლა შეუძლებელი იყო. როცა ოთხმა ადამიანმა საკაცით მიიყვანა დავრდომილი, მათ დაინახეს, რომ ვერ შევიდოდნენ სახლში. ამიტომ, ახადეს სახურავი და ავადმყოფი საკაცით იესოსთან ჩაუშვეს.
17 როცა იესომ დაინახა, თუ რა დიდი იყო მათი რწმენა, დავრდომილს უთხრა: „მოგეტევა შენი ცოდვები!“ ზოგიერთ დამსწრეს არ ეგონა, იესოს ცოდვების მიტევება თუ შეეძლო. ამის პასუხად, იესომ უთხრა მათ: „ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს დედამიწაზე აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება, — უთხრა დავრდომილს, — შენ გეუბნები: ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში! ადგა, მაშინვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ“ (მარკოზი 2:1–12).
18. როგორი მომავლის იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ ღმერთის მსახურებს?
18 წარმოიდგინე, რას უნდა ნიშნავდეს იესოს ეს ძალა ჩვენთვის! ღმერთის სამეფოს მმართველობის დროს ქრისტეს ექნება ძალაუფლება, ცოდვები მიუტევოს ღმერთის მოყვარულ და მსახურ ადამიანებს. ეს ნიშნავს, რომ არავითარი უძლურება, ტკივილი და ავადმყოფობა აღარ იქნება. მეტად აღარავინ დაბერდება და მოკვდება! როგორი შესანიშნავი იმედია მომავლისთვის! დიახ, ჩვენ ნამდვილად უნდა მოველოდეთ გაცილებით მეტს და არა მხოლოდ იმას, რომ დავიბადოთ, ვიცხოვროთ მცირე ხნით და შემდეგ მოვკვდეთ. თუ კვლავაც გავაგრძელებთ ღმერთის შესახებ შემეცნების შეძენას და მისადმი მორჩილებას, ნამდვილად მოგვეცემა შესაძლებლობა — ვიცხოვროთ მარადიულად სამოთხეში, დედამიწაზე.
[სქოლიოები]
a აქ და შემდგომ ორ აბზაცში გამოყენებული სიტყვა „სული“ გადმოთარგმნილია ებრაული სიტყვიდან „ნეფეშ“, რომელიც ბიბლიაში სამი მნიშვნელობით გამოიყენება: 1) პიროვნება 2) ცხოველი და 3) სიცოცხლე, რომელიც მათ აქვთ.
[სურათი 69-ე გვერდზე]
მრავალი ადამიანი ფიქრობს სიცოცხლის აზრის შესახებ.
[სურათი 70-ე გვერდზე]
განიცადა ამ ნივთებმა ევოლუცია, თუ ვინმეს მიერ იყო გაკეთებული?
[სურათი 75-ე გვერდზე]
ბიბლიური ცნობა დავრდომილის გამოჯანმრთელების შესახებ გვიჩვენებს, რომ ადამიანები ავადმყოფობენ ადამის ცოდვის გამო.