იეჰოვა
[ებრ. ზმნის ჰავაჰ (ნიშნავს გახდომას, გადაქცევას) კაუზატიური ფორმის ნამყო უსრული ასპექტი (იმპერფექტივი), ნიშნავს „აქცევინებს“]
ღვთის საკუთარი სახელი (ეს. 42:8; 54:5). ბიბლიაში იეჰოვა მოხსენიებულია ისეთი წოდებებითა და აღწერითი სახელებით, როგორიცაა: „ღმერთი“, „უზენაესი უფალი“, „შემოქმედი“, „მამა“ და „ყოვლისშემძლე“, მაგრამ მის პიროვნულ თვისებებს სრული სისავსით მხოლოდ მისი საკუთარი სახელი გამოხატავს (ფს. 83:18).
ღვთის სახელის სწორი წარმოთქმა. იეჰოვა ღვთის სახელის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, თუმცა მრავალი ჰებრაისტი უპირატესობას იაჰვეს ანიჭებს. უძველეს ებრაულ ხელნაწერებში ღვთის სახელი წარმოდგენილია ოთხი თანხმოვნით, იგივე ტეტრაგრამატონით (ბერძ.-დან ტეტრა- ოთხი და გრამმა ასო). ეს ოთხი ასო (იწერება მარჯვნიდან მარცხნივ) არის יהוה, ხოლო მისი ქართული ტრანსლიტერაციაა ჲჰვჰ (იჰვჰ ).
მაშასადამე, ღვთის სახელის ოთხი თანხმოვანი ცნობილია, მაგრამ საინტერესოა, რომელი ხმოვნები დაერთვის მათ? ებრაულ ენაში ხმოვნების აღმნიშვნელი ნიშნების გამოყენება მხოლოდ ახ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში დაიწყეს (იხ. ებრაული ენა [ებრაული ანბანი და დამწერლობა]). გარდა ამისა, ხმოვნების აღმნიშვნელი ნიშნები, რომლებიც ებრაულ ხელნაწერებში გვხვდება, არ იძლევა გადაჭრით იმის თქმის საშუალებას, თუ რომელ ხმოვნებს უნდა შეიცავდეს ღვთის სახელი, რაც მანამდე საუკუნეებით ადრე გაჩენილი ცრურწმენით არის განპირობებული.
ცრურწმენის გამო მიჩქმალული ღვთის სახელი. იუდეველებს შორის გაჩნდა ცრურწმენა, თითქოს ღვთის სახელის (ტეტრაგრამატონით წარმოდგენილი) წარმოთქმაც კი არ შეიძლებოდა. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, როდის მოხდა ეს და თავდაპირველად რა მიზეზით შეწყვიტეს ღვთის სახელის გამოყენება. ზოგის აზრით, მას იმდენად წმინდად მიიჩნევდნენ, რომ არასრულყოფილი ბაგეებით მისი წარმოთქმა დაუშვებელი იყო. მაგრამ ებრაული წერილები არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ღვთის რომელიმე ერთგული მსახური თავს იკავებდა ღვთის სახელის წარმოთქმისგან. არაბიბლიური ებრაული წყაროები, მაგალითად, ლაქიშური წერილები ადასტურებს, რომ ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოს პალესტინაში ღვთის სახელი მიწერ-მოწერის დროს გამოიყენებოდა.
არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის თანახმადაც არაიუდეველებს არ უნდა სცოდნოდათ ღვთის სახელი, რათა ის უღირსად არ წარმოეთქვათ. მაგრამ იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა, რომ თავის სახელს „მთელ დედამიწას“ აუწყებდა (გმ. 9:16; შდრ. 1მტ. 16:23, 24; ფს. 113:3; მლ. 1:11, 14), თავის მოწინააღმდეგეებსაც კი (ეს. 64:2). სინამდვილეში, ჩვენს წელთაღრიცხვამდეც და ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისშიც წარმართი ერებისთვის საკმაოდ ცნობილი იყო ღვთის სახელი, რომელსაც იყენებდნენ კიდეც (The Jewish Encyclopedia, 1976, ტ. XII, გვ. 119). კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად, ებრაელებმა ღვთის სახელი იმიტომ გაასაიდუმლოეს, რომ ვინმეს ის მაგიურ რიტუალებში არ გამოეყენებინა. ასეც რომ ყოფილიყო, ეს უსუსური არგუმენტია, რადგან ღვთის სახელის გასაიდუმლოების მცდელობა მაგიის მიმდევართათვის მას უფრო მიმზიდველს გახდიდა.
როდის გავრცელდა ცრურწმენა? გარკვეული არაა, რატომ შეწყვიტეს ღვთის სახელის გამოყენება. გაურკვეველია ისიც, თუ როდის მოიკიდა ფეხი ამ ცრურწმენამ. ზოგის აზრით, ეს ებრაელების ბაბილონში გადასახლების (ძვ. წ. 607—537) შემდეგ მოხდა. ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს აზრი, თითქოს ებრაული წერილების ბოლო წიგნების დამწერები ღვთის სახელს იშვიათად იყენებდნენ, მაგრამ ფაქტების გამოკვლევა ამ შეხედულების უსაფუძვლობას ადასტურებს. მაგალითად, ებრაული წერილების ბოლო წიგნ „მალაქიაში“ (დაიწერა ძვ. წ. V საუკუნის მიწურულს), ღვთის სახელს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
არაერთ მეცნიერულ ნაშრომშია აღნიშნული, რომ ღვთის სახელის გამოყენება დაახლ. ძვ. წ. 300 წელს შეწყვიტეს. ამის დასადასტურებლად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ებრაული წერილების ბერძნულ თარგმანში, სეპტუაგინტაში, რომლის თარგმნაც დაახლ. ძვ. წ. 280 წელს დაიწყო, ტეტრაგრამატონი (ან მისი ტრანსლიტერაცია) არ გვხვდება. მართლაც, სეპტუაგინტის დღემდე სრულად მოღწეული ხელნაწერების უმეტესობაში ტეტრაგრამატონის ადგილას ყველგან ჩასმულია კირიოს (უფალი) ან თეოს (ღმერთი). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ხელნაწერების დიდი ნაწილი მხოლოდ ახ. წ. IV—V საუკუნეებით თარიღდება. უფრო ძველი, ფრაგმენტების სახით შემორჩენილი ხელნაწერები კი იმაზე მოწმობს, რომ სეპტუაგინტის უძველესი ხელნაწერები ნამდვილად შეიცავდა ღვთის სახელს.
მათ რიცხვს მიეკუთვნება პაპირუსზე შესრულებული „მეორე კანონის“ ერთ-ერთი მონაკვეთის შემცველი ფრაგმენტი, ფუადის პაპირუსი №266 (სურათი, ტ. I, გვ. 326). მასში ტეტრაგრამატონი ებრაული კვადრატული ასოებით დედანში გამოყენებულ ყველა ადგილას არის შენარჩუნებული. მეცნიერები ამ პაპირუსს ძვ. წ. I საუკუნით ათარიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოთ აღნიშნულ ხელნაწერებთან შედარებით ის ოთხი-ხუთი საუკუნით ადრე დაიწერა (იხ. აქ დანართი, გვ. 1737—1740).
სინამდვილეში როდის შეწყვიტეს ებრაელებმა ღვთის სახელის წარმოთქმა?
როგორც დავინახეთ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე წერილობით წყაროებში ღვთის სახელი არ იყო დაკარგული. ღვთის სახელისადმი ცრუმორწმუნეობრივი დამოკიდებულების პირველი ნიშნები ახ. წ. I საუკუნეში ჩნდება. ებრაელი ისტორიკოსი, სამღვდელო შტოს წარმომადგენელი იოსებ ფლავიუსი, იმის აღწერისას, თუ როგორ გამოეცხადა ღმერთი მოსეს ცეცხლმოკიდებულ ბუჩქთან, წერს: „და ღმერთმან აუწყა მას სახელი თჳსი, არა პირველად კაცთა მიმართ მოსრული [ანუ მანამდე არ ყოფილა კაცთათვის გამჟღავნებული], რომლისათჳს არა სამართალ არს ჩემ მიერ თქუმაჲ“ („იუდეველთა სიძველენი“, II, თ. 12, აბზ. 4). გარდა იმისა, რომ იოსებ ფლავიუსის ეს სიტყვები მცდარია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსემდე ღვთის სახელი უცნობი იყო, ბუნდოვანიცაა და ვერ გვიქმნის ნათელ წარმოდგენას იმაზე, თუ ზოგადად როგორი დამოკიდებულება იყო ღვთის სახელისადმი პირველ საუკუნეში.
შედარებით კონკრეტულ ინფორმაციას იძლევა მიშნა, რაბინთა სწავლებებისა და ტრადიციების კრებული. მისი შედგენა მიეწერება ახ. წ. II—III საუკუნეებში მცხოვრებ რაბინს, იეჰუდა ჰა ნასის. მიშნას ზოგიერთი მონაკვეთი აღგვიწერს ახ. წ. 70 წელს იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურებამდე არსებულ ვითარებას. თუმცა აღსანიშნავია მიშნას შესახებ ერთი მეცნიერის მიერ გამოთქმული აზრი: „უკიდურესად რთულია იმის განსაზღვრა, აქვს თუ არა რაიმე ისტორიული ღირებულება მიშნაში ჩაწერილ ამა თუ იმ ტრადიციას. მიშნას შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი ფაქტორები: დროის სვლასთან ერთად, შესაძლოა, დამახინჯდა ან ბუნდოვანი გახდა სხვა ეპოქაში მომხდარი მოვლენები; ორმა აჯანყებამ და რომაელთა მიერ ორჯერ დაპყრობამ გამოიწვია პოლიტიკური ცვლილებები და არასტაბილურობა; ფარისეველთა პრინციპები (მიშნაში სწორედ მათი შეხედულებებია ჩაწერილი) სრულიად განსხვავდებოდა სადუკეველთა პრინციპებისგან ... მიშნას დიდი ნაწილი მხოლოდ თეორიული მსჯელობაა და (როგორც ჩანს) არა ისტორიული მოვლენების ასახვის მცდელობა“ (The Mishnah, ინგლისური თარგმანი ჰ. დენბისა, ლონდონი, 1954, გვ. 14, 15). ქვემოთ მოცემულია მიშნაში ჩაწერილი ზოგიერთი ტრადიცია ღვთის სახელის წარმოთქმასთან დაკავშირებით.
გამოსყიდვის დღის ყოველწლიურ აღნიშვნასთან დაკავშირებით მიშნას დენბისეულ თარგმანში ვკითხულობთ: «როდესაც ტაძრის ეზოში მდგომი მღვდლები და ხალხი გაიგონებდნენ მღვდელმთავრის პირით წარმოთქმულ [ღვთის] სახელს, მუხლს იყრიდნენ, პირქვე ემხობოდნენ და ამბობდნენ: „კურთხეული იყოს მისი სამეფოს დიდების სახელი აწ და მარადის!“ » (იომა 6:2). მღვდლების მიერ ყოველდღიური კურთხევის შესახებ სოტას 7:6-ში აღნიშნულია: „ტაძარში წარმოთქვამდნენ [ღვთის] სახელს ისე, როგორც ეწერა, ხოლო პროვინციებში — სახელის შემცვლელს“. სანჰედრინის 7:5-ში ნათქვამია, რომ ღვთისმგმობელს დამნაშავედ არ თვლიდნენ, თუ „არ წარმოთქვამდა [ღვთის] სახელს“; მასში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ღვთის გმობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესზე ყველა მტკიცებულების მოსმენამდე ღვთის სახელის შემცვლელ სიტყვას იყენებდნენ. ამის შემდეგ მთავარი მოწმე ცალკე გაჰყავდათ და სთხოვდნენ, სიტყვასიტყვით გაემეორებინა მოსმენილი. სავარაუდოდ, ის ამ დროს ღვთის სახელს ამბობდა. სანჰედრინის 10:1-ში ჩამოთვლილია, თუ „ვის არ ექნება წილი მომავალ ქვეყნიერებაში“. ამავე მუხლში მოყვანილია აბბა საულის სიტყვებიც: „არც მას, ვინც [ღვთის] სახელს წარმოთქვამს სათანადო ასოებით“. ღვთის სახელისადმი ამ უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, მიშნას პირველ ნაკვეთში ასეთ მითითებასაც ვხვდებით: „მოძმესთან მისალმებისას კაცმა [ღვთის] სახელი უნდა [გამოიყენოს]“, და შემდეგ მოყვანილია ბოაზის (რთ. 2:4) მაგალითი (ბრახოთი 9:5).
რა ღირებულებაც არ უნდა ჰქონდეს ზემოხსენებულ შეხედულებებს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ღვთის სახელის გამოყენებისთვის თავის არიდების ცრუმორწმუნეობრივი ტენდენცია ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის ტაძრის განადგურებამდე ცოტა ხნით ადრე გაჩნდა. თანაც მხოლოდ მღვდლების შესახებაა ნათქვამი, რომ ღვთის სახელის შემცვლელ სიტყვას იყენებდნენ, და ისიც მარტო პროვინციებში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიშნაში აღწერილი ტრადიციების ისტორიული ღირებულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მაშასადამე, არ არსებობს იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ცრუმორწმუნეობრივი შეხედულება, რომლის გამოც ებრაელებმა ღვთის სახელის ხმარება შეწყვიტეს, ახ. წ. I—II საუკუნეებზე ადრე გავრცელდა. მაგრამ ფაქტია, რომ დადგა დრო, როდესაც დედნისეული ებრაული წერილების კითხვისას ებრაელი მკითხველი ტეტრაგრამატონით წარმოდგენილი ღვთის სახელის ნაცვლად ʼადონაის (უზენაესი უფალი) ან ʼელოჰიმს (ღმერთი) წარმოთქვამდა. ეს იმით დასტურდება, რომ ახ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში ხმოვანთა აღმნიშვნელი სისტემის შემოღების შემდეგ ებრაელი გადამწერები ტეტრაგრამატონში სვამდნენ ადონაის ან ელოჰიმის ხმოვნების აღმნიშვნელ ნიშნებს, რითაც, როგორც ჩანს, მკითხველს შეახსენებდნენ, რომ ღვთის სახელის ნაცვლად ეს სიტყვები წარმოეთქვათ. რაც შეეხება ებრაული წერილების ბერძნული თარგმანის, სეპტუაგინტის, გვიანდელ ხელნაწერებს, იქ ტეტრაგრამატონი ყველგან შეცვლილია სიტყვებით კირიოს და თეოს (იხ. უფალი).
სხვა ენებზე შესრულებული თარგმანები, მაგალითად: ლათინური ვულგატა, ბერძნული სეპტუაგინტის გვიანდელი ხელნაწერების ტრადიციის გათვალისწინებით ითარგმნა. ბიბლიის ქართულ თარგმანებში არ გვხვდება ღვთის სახელი, თუმცა საქართველოს ბიბლიური საზოგადოების 2001 წელს გამოცემული ბიბლიის წინასიტყვაობაში ნათქვამია: „როგორც ძველი, ისევე ახალი აღთქმის თარგმნისას გათვალისწინებული იყო ძველქართველ მთარგმნელთა გამოცდილებაც. მაგალითად, ღვთის ერთ-ერთი სახელი, რომელიც გამოხატულია ცნობილი ტეტრაგრამატონით (ებრაული — יהוה სავარაუდოდ იაჰვე ), გადმოიცემა, როგორც წესი, სიტყვით — უფალი“.
როგორ წარმოითქმება ღვთის სახელი სწორად?
ახ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში ებრაელმა სწავლულებმა შემოიღეს ხმოვანთა აღმნიშვნელი ნიშნების სისტემა ებრაულ კონსონანტურ ტექსტში ხმოვნების ჩასამატებლად. ღვთის სახელის შემთხვევაში მათ სათანადო ხმოვანთა ნიშნების ნაცვლად, სხვა ხმოვანთა ნიშნები ჩასვეს, რომლებიც მკითხველს შეახსენებდა, რომ ʼადონაი (ნიშნავს უზენაეს უფალს) ან ʼელოჰიმ (ნიშნავს ღმერთს) წარმოეთქვა.
XI საუკუნით დათარიღებულ ლენინგრადის კოდექსში B 19A ხმოვნების აღმნიშვნელი ნიშნების დამატებით ტეტრაგრამატონი გამოითქმის როგორც ჲეჰვაჰ, ჲეჰვიჰ, ჲეჰოვაჰ. გინზბურგის მიერ გამოცემულ მასორეტულ ტექსტში ხმოვნების აღმნიშვნელი ნიშნების დამატებით ღვთის სახელი იკითხება, როგორც ჲეჰოვაჰ. ჰებრაისტთა უმეტესობის აზრით, ღვთის სახელის უპირატესი ფორმაა იაჰვე. ამის დასადასტურებლად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ამ სახელის შემოკლებული ფორმაა იაჰ, რომელიც გვხვდება ფსალმუნის 89:8-ში და გამოთქმაში ჰალელუჲაჰ (ნიშნავს „ადიდეთ იაჰი“) (ფს. 104:35; 150:1, 6). გარდა ამისა, ფორმები — ჲეჰო, ჲოჰ, ჲაჰ და ჲაჰუ, რომლებიც გვხვდება ისეთი სახელების ებრაულ ფორმებში, როგორიცაა იეჰოშაფატი, იოშაფატი, შეფატია თუ სხვა, წარმოდგება იაჰვედან. ადრინდელი ქრისტიანი მწერლები ღვთის სახელის ბერძნულ ენაზე ტრანსლიტერაციისას მსგავს ფორმებს, კერძოდ, იაბესა და იაუეს იყენებდნენ, რომლებიც ბერძნულ ენაზე წარმოთქმისას ჰგავს იაჰვეს. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერებს მაინც არ გააჩნიათ ერთი აზრი. ზოგი მათგანი უპირატესობას ანიჭებს სხვა ფორმებს, მაგალითად, იაჰუვას, იაჰუაჰს ან იეჰუაჰს.
მართალია, დღემდე არ არის დადგენილი, სწორად როგორ წარმოითქმის ღვთის სახელი, მაგრამ არ არსებობს იმის საფუძველი, რომ უარი ვთქვათ ყველაზე გავრცელებული ფორმის, იეჰოვას, გამოყენებაზე და უპირატესობა მივანიჭოთ ღვთის სახელის სხვა ფორმებს. თუ ღვთის სახელის ამ ფორმას შევცვლიდით, მაშინ აუცილებელი გახდებოდა ცვლილებების შეტანა ბიბლიაში მოხსენიებული უამრავი სახელის მართლწერასა და წარმოთქმაში, მაგალითად: იერემია გახდებოდა ირმეიაჰ (ჲირმეჲაჰ), ესაია — იეშაიაჰუ (ჲეშაჲაჰუ) და იესო — იეჰოშუა (ჲეჰოშუა) ან იესუს (ბერძ.). სიტყვების დანიშნულება აზრების გამოხატვაა; სახელი „იეჰოვა“ ჭეშმარიტ ღმერთთან ასოცირდება და დღესდღეობით ღვთის სახელის ეს ფორმა ყველაზე კარგად გადმოსცემს ამ აზრს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთის სახელის ხსენება. მრავალი თანამედროვე მეცნიერი თუ ბიბლიის მთარგმნელი ამართლებს ღვთის სახელის ხმარებიდან ამოღების ტრადიციას. ისინი ამის მიზეზად ასახელებენ არა მხოლოდ იმას, რომ უცნობია, სწორად როგორ წარმოითქმის ღვთის სახელი, არამედ იმასაც, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ისედაც უზენაესი და ერთადერთია, და არ არის აუცილებელი, მას რაიმე კონკრეტული სახელი ჰქონდეს. ამგვარ მოსაზრებას არ ეთანხმება ღვთის შთაგონებით დაწერილი ებრაული და ქრისტიანულ-ბერძნული წერილები.
„ბიბლია ჰებრაიკასა“ და „ბიბლია ჰებრაიკა შტუტგარტენზიაში“ ტეტრაგრამატონი 6 828-ჯერ გვხვდება, „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ებრაულ წერილებში კი ღვთის სახელი მოხსენიებულია 6 973-ჯერ, ვინაიდან მთარგმნელებმა სხვა საკითხებთან ერთად ისიც გაითვალისწინეს, რომ გადამწერებმა ზოგ ადგილას ღვთის სახელი ʼადონაით ან ʼელოჰიმით შეცვალეს (იხ. აქ დანართი, გვ. 1734—1737). ამ სახელის ხშირი გამოყენება იმაზე მეტყველებს, რომ ის ბიბლიის ავტორისთვის, რომელიც ამ სახელით იწოდება, უაღრესად მნიშვნელოვანია. მთელ ბიბლიაში ღვთის სახელი გაცილებით მეტჯერ არის მოხსენიებული, ვიდრე სხვა რომელიმე წოდება, მაგალითად, „უზენაესი უფალი“ ან „ღმერთი“.
აღსანიშნავია ისიც, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სახელებს ებრაული წერილები და სემიტური წარმოშობის ხალხი. პროფესორი ჯ. ტ. მანლი აღნიშნავს: «ძველი აღთქმის გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ებრაულ ენაში სიტყვას „სახელი“ დიდი დატვირთვა აქვს. სახელი უბრალოდ იარლიყი კი არ არის, არამედ წარმოდგენას გვიქმნის ამ სახელით წოდებულ პიროვნებაზე ... როდესაც ადამიანი თავის სახელს არქმევს ვინმეს ან რამეს, ეს უკანასკნელი მის გავლენასა და მფარველობაში ექცევა» (New Bible Dictionary, ჯ. დ. დაგლასის რედაქციით, 1985, გვ. 430; შდრ. Everyman’s Talmud, ა. კოენის რედაქციით, 1949, გვ. 24; დბ. 27:36; 1სმ. 25:25; ფს. 20:1; იგ. 22:1; იხ. სახელი).
„ღმერთი“ და „მამა“ არ არის განმასხვავებელი სახელები. „ღმერთი“ ზოგადი წოდებაა და არ მიუთითებს კონკრეტულ პიროვნებაზე (ადამიანმა შეიძლება თავისი მუცელიც გაიხადოს ღმერთად; ფლ. 3:19). ებრაულ წერილებში იგივე სიტყვა (ʼელოჰიმ ) გამოიყენება როგორც იეჰოვასთან, ჭეშმარიტ ღმერთთან, ისე ცრუღმერთებთან, მაგალითად, ფილისტიმელთა დაგონთან (მსჯ. 16:23, 24; 1სმ. 5:7) და ასურელთა ნისროქთან დაკავშირებით (2მფ. 19:37). თუ ებრაელი ფილისტიმელს ან ასურელს ეტყოდა, რომ ღმერთს [ʼელოჰიმ ] სცემდა თაყვანს, მხოლოდ ამით ვერ მიახვედრებდა, რომელი ღვთის თაყვანისმცემელი იყო.
ერთ-ერთ ბიბლიურ ენციკლოპედიაში, სტატიაში „იეჰოვა“, ნათლად არის ნაჩვენები განსხვავება ʼელოჰიმსა (ღმერთი) და იეჰოვას შორის. მასში ღვთის სახელის, იეჰოვას, შესახებ აღნიშნულია: „ის ყველგან საკუთარი სახელია და მიუთითებს ღმერთზე, როგორც პიროვნებაზე, და მხოლოდ და მხოლოდ მასზე. ელოჰიმი კი უფრო საზოგადო არსებითი სახელის ნიშან-თვისებების მატარებელია და, როგორც წესი, გულისხმობს, უზენაესს, თუმცა არა ყოველთვის ... ებრაელმა, შესაძლოა, ელოჰიმის წინ განსაზღვრული არტიკლი გამოიყენოს, რაც მიუთითებს ჭეშმარიტ ღმერთზე და განასხვავებს მას ცრუღმერთებისგან, მაგრამ ის არასოდეს გამოიყენებს იეჰოვას წინ განსაზღვრულ არტიკლს, რადგან იეჰოვა მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის სახელია. ის იტყვის ჩემი ღმერთიო ... მაგრამ არასოდეს იტყვის, ჩემი იეჰოვაო, რადგან როდესაც ამბობს ჩემი ღმერთიო, გულისხმობს იეჰოვას. ის იტყვის ისრაელის ღმერთიო, მაგრამ არასოდეს იტყვის ისრაელის იეჰოვაო, რადგან სხვა იეჰოვა არ არსებობს. ის იტყვის ცოცხალი ღმერთიო, მაგრამ არასოდეს იტყვის ცოცხალი იეჰოვაო, რადგან მისთვის წარმოუდგენელია, რომ იეჰოვა არ იყოს ცოცხალი“ (The Imperial Bible-Dictionary, პ. ფერბერნის რედაქციით, ლონდონი, 1874, ტ. I, გვ. 856).
იმავეს თქმა შეიძლება სიტყვა „ღმერთის“ ბერძნულ შესატყვისზე, თეოსზე. ეს სიტყვა გამოიყენებოდა როგორც ჭეშმარიტი ღვთის, ისე წარმართული ღვთაებების, მაგალითად ზევსისა და ჰერმესის (რომაული იუპიტერი და მერკური), მისამართით (შდრ. სქ. 14:11—15). პავლე მოციქული 1 კორინთელების 8:4—6-ში აღნიშნავს: „თუმცაღა არიან ეგრეთ წოდებული ღმერთები, მიწაზე თუ ცაში (ისევე როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი), მაგრამ ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი, და ვისთვისაც ვართ ჩვენ“. მრავალღმერთიანობა არც 21-ე საუკუნისთვის არის უცხო, ამიტომ აუცილებელია, ჭეშმარიტი ღმერთი სხვა ღმერთებისგან განვასხვაოთ.
პავლეს მიერ გამოყენებული ფრაზა „მამა ღმერთი“ სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ჭეშმარიტი ღვთის სახელი არის „მამა“, ვინაიდან „მამა“ ყველა შვილიან მამაკაცსაც ეწოდება; ის ზოგჯერ გადატანითი მნიშვნელობითაც იხმარება (რმ. 4:11, 16; 1კრ. 4:15). მესიას ბიბლიაში ეწოდება „მარადიული მამა“ (ეს. 9:6). იესომ სატანას მისი სიკვდილის მსურველ მოწინააღმდეგეთა „მამა“ უწოდა (ინ. 8:44). ამ სიტყვით სხვა ერების ღმერთებსაც მოიხსენიებდნენ. მაგალითად, ბერძნების ღმერთი, ზევსი, ჰომეროსის პოეზიაში წარმოდგენილია დიდ მამა ღმერთად. ის, რომ „მამა ღმერთს“ აქვს სახელი, რომელიც განსხვავდება მისი ძის სახელისგან, არაერთი ბიბლიური მუხლიდან ჩანს (მთ. 28:19; გმც. 3:12; 14:1). პავლემ იცოდა ღვთის სახელი, იეჰოვა, რადგან თავის წერილებში ციტატები მოჰყავდა წიგნ „დაბადებიდან“, კერძოდ, შემოქმედების მონაკვეთიდან, სადაც ღვთის სახელია მოხსენიებული. იეჰოვა „მამა ღმერთის“ განმასხვავებელი სახელია (შდრ. ეს. 64:8), რაც შეუძლებელს ხდის მისი, როგორც პიროვნების, გაიგივებას ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, რომელსაც შეიძლება „ღმერთი“ ან „მამა“ ეწოდოს.
არა მხოლოდ ებრაელების ღმერთი. ბიბლიაში იეჰოვას „ისრაელის ღმერთი“ და მათი „მამა-პაპის ღმერთი“ ეწოდება (1მტ. 17:24; გმ. 3:16). მას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ისრაელ ერთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ, როგორც ზოგი ასკვნის, იეჰოვა ებრაელთა ღმერთის სახელია. ქრისტიანმა მოციქულმა პავლემ დაწერა: „განა მხოლოდ იუდეველების ღმერთია იგი? განა უცხოტომელებისაც არა? დიახ, უცხოტომელებისაც“ (რმ. 3:29). იეჰოვა არა მხოლოდ „მთელი დედამიწის ღმერთია“ (ეს. 54:5), არამედ სამყაროს ღმერთიც, „ცისა და დედამიწის შემოქმედი“ (ფს. 124:8). იეჰოვას მიერ აბრაამთან დადებული შეთანხმების თანახმად, რომელიც პავლეს მოღვაწეობამდე 2 000 წლით ადრე დაიდო, ყველა ერის ადამიანი უნდა ყოფილიყო კურთხეული; ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთი მთელი კაცობრიობის კეთილდღეობით არის დაინტერესებული (დბ. 12:1—3; შდრ. სქ. 10:34, 35; 11:18).
ბოლოს იეჰოვა ღმერთმა უარყო ორგული ისრაელი ერი. მაგრამ მის სახელს კვლავაც მოუხმობდა ახალი ერი, სულიერი ისრაელი, იგივე ქრისტიანული კრება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალი ერის წევრები არაიუდეველებიც გახდნენ. მოწაფე იაკობმა იერუსალიმში ქრისტიანულ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „თუ როგორ მოხედა ღმერთმა პირველად უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელის გულისთვის“. ამ სიტყვების შემდეგ იაკობმა დაიმოწმა ამოსის წინასწარმეტყველება, სადაც იეჰოვას სახელია მოხსენიებული (სქ. 15:2, 12—14; ამ. 9:11, 12).
ღვთის სახელი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში. ამ მტკიცებულების გათვალისწინებით სრულიად გაუგებარია ის ფაქტი, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დღემდე შემორჩენილ ბერძნულ ხელნაწერებში არსად არის ნახსენები ღვთის სახელი სრული ფორმით, რის გამოც მას არც ე. წ. ახალი აღთქმის თარგმანების უმეტესობაში ვხვდებით. თუმცა ამ თარგმანებში ღვთის სახელი შემოკლებული სახით მაინც გვხვდება, კერძოდ, გამოცხადების 19:1, 3, 4, 6-ში მოხსენიებულ სიტყვაში „ალელუია“ ან „ალილუია“ (სსგ, ბსგ, კს, აფ). ამ მუხლში ჩაწერილი ღვთის სულიერი ძეების შეძახილი, „ადიდეთ იაჰი!“ (აქ), იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის სახელი არ ყოფილა დავიწყებული. მისი გამოყენება მაშინაც ისევე მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო, როგორც ქრისტიანობამდე ეპოქაში. მაშ, რატომ არ გვხვდება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ღვთის სახელი სრული ფორმით?
რატომ არ გვხვდება ღვთის სახელი სრული ფორმით ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დღემდე მოღწეულ უძველეს ხელნაწერებში?
დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები ამას ასე ასაბუთებდნენ: ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები ებრაულ წერილებს სეპტუაგინტიდან ციტირებდნენ და, ვინაიდან ამ თარგმანში ტეტრაგრამატონი შეცვლილია სიტყვებით კირიოს და თეოს, ისინიც, შესაბამისად, არ იყენებდნენ სახელს „იეჰოვა“, მაგრამ, როგორც დავინახეთ, ეს არგუმენტი უკვე ძალადაკარგულია. ბერძნული სეპტუაგინტის უძველეს ფრაგმენტებში ებრაული ასოებით ღვთის სახელის გამოყენების შესახებ დოქტორი პ. კალე ამბობს: „დღეისათვის უკვე ცნობილია, რომ ბერძნული ბიბლიის ტექსტში [სეპტუაგინტა], რომელიც იუდეველებმა იუდეველებისთვის თარგმნეს, ღვთის სახელი არ არის გადმოტანილი სიტყვით კირიოს, არამედ ებრაული ან ბერძნული ასოებით დაწერილი ტეტრაგრამატონით. ქრისტიანებმა ტეტრაგრამატონი კირიოსით მას შემდეგ შეცვალეს, რაც დაინახეს, რომ ხალხი ვერ ხვდებოდა ებრაული ასოებით დაწერილი ღვთის სახელის მნიშვნელობას“ (The Cairo Geniza, ოქსფორდი, 1959, გვ. 222). როდის შევიდა ეს ცვლილება ებრაული წერილების ბერძნულ თარგმანებში?
როგორც ჩანს, ეს მოხდა იესოსა და მოციქულების სიკვდილის შემდეგ, მომდევნო საუკუნეებში. აკვილას ბერძნულ თარგმანში, რომელიც ახ. წ. II საუკუნით თარიღდება, ჯერ კიდევ გვხვდება ტეტრაგრამატონი ებრაული ასოებით. დაახლ. ახ. წ. 245 წელს სახელგანთქმულმა სწავლულმა, ორიგენემ, მუშაობა დაასრულა ჰექსაპლაზე, ებრაული წერილების შემცველ ექვსსვეტიან ნაშრომზე. მასში შედიოდა 1) ებრაული და არამეული ტექსტი, 2) ტრანსლიტერაცია ბერძნულ ენაზე, 3) აკვილას ბერძნული თარგმანი, 4) სიმაქუსის ბერძნული თარგმანი, 5) სეპტუაგინტა და 6) თეოდოტიონის ბერძნული თარგმანი. ფრაგმენტების სახით დღემდე მოღწეული ხელნაწერების საფუძველზე პროფესორი, უ. ჯ. უადელი აღნიშნავს: „ორიგენეს ჰექსაპლაში ... აკვილას და სიმაქუსის ბერძნულ თარგმანებსა და LXX-ში [სეპტუაგინტა] იჰვჰ გადმოტანილია როგორც ΠΙΠΙ; ჰექსაპლას მეორე სვეტში ტეტრაგრამატონი ებრაული ასოებით წერია“ (The Journal of Theological Studies, ოქსფორდი, ტ. XLV, 1944, გვ. 158, 159). ზოგის აზრით კი ორიგენეს ჰექსაპლას თავდაპირველ ტექსტში ტეტრაგრამატონი ყველა სვეტში ებრაული ასოებით იყო გადმოტანილი. თავად ორიგენე ფსალმუნის 2:2-ის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ „ყველაზე ზუსტ ხელნაწერებში [ღვთის] სახელი ებრაული ასოებით გვხვდება, თუმცა არა თანამედროვე, არამედ ძველებრაული [ასოებით]“ (Patrologia Graeca, პარიზი, 1862, ტ. XII, სვტ. 1104).
ახ. წ. IV საუკუნეში ლათინური ვულგატის მთარგმნელმა, იერონიმემ, „სამუელისა“ და „მეფეების“ წინასიტყვაობაში აღნიშნა: „ზოგიერთ ბერძნულ ნაშრომში დღესაც კი გვხვდება ღვთის სახელი, ტეტრაგრამატონი [יהוה ] ძველებრაული ასოებით“. ახ. წ. 384 წელს რომში დაწერილ ერთ-ერთ წერილში იგი აღნიშნავს: „მეცხრე [სახელი] ტეტრაგრამატონია, მათი აზრით, [ანეკფონეტონი ], ანუ წარმოუთქმელი, და იწერება შემდეგი ასოებით: ჲოდ, ჰე, ვავ, ჰე. ზოგიერთი უმეცარი ბერძნულ წიგნებში მას [ტეტრაგრამატონს] ასოთა მსგავსების გამო კითხულობდა, როგორც ΠΙΠΙ [ბერძნული ასოები, რომელთა ქართული შესატყვისია პიპი]“ (Papyrus Grecs Bibliques, ფ. დიუნანი, კაირო, 1966, გვ. 47, სქ. 4).
ის ეგრეთ წოდებული ქრისტიანები, რომლებმაც სეპტუაგინტის ასლებში „ტეტრაგრამატონი კირიოსით“ შეცვალეს, იესოს პირველი მოწაფეები არ ყოფილან. ისინი იმ საუკუნეებში ცხოვრობდნენ, როცა ნაწინასწარმეტყველებ განდგომილებას ჰქონდა ფეხი მოკიდებული, რის გამოც ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლებები დამახინჯებული იყო (2თს. 2:3; 1ტმ. 4:1).
ღვთის სახელს იყენებდნენ იესოც და მისი მოწაფეებიც. როგორც დავინახეთ, იესოსა და მისი მოწაფეების დროს ღვთის სახელი ეწერა წმინდა წერილების ებრაულ თუ ბერძნულ ხელნაწერებში. მაგრამ იყენებდნენ თუ არა იესო და მისი მოწაფეები ღვთის სახელს მეტყველებაში ან წერისას? თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ იესომ ფარისეველთა ადათ-წესები დაგმო (მთ. 15:1—9), ძნელი დასაჯერებელია, რომ იესოსა და მის მოწაფეებს ფარისეველთა შეხედულებებით (რომლებიც მიშნაშია ჩაწერილი) ეხელმძღვანელათ. თავად იესოს სახელი ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“. მან თქვა: „მე მამაჩემის სახელით მოვედი“ (ინ. 5:43); იგი თავის მოწაფეებს ასწავლიდა, რომ ელოცათ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მთ. 6:9); თავისი საქმეების შესახებ ამბობდა, „მამაჩემის სახელით“ ვაკეთებო (ინ. 10:25); და თავისი სიკვდილის წინა ღამეს ლოცვაში თქვა, რომ მამის სახელი გამოუცხადა თავის მოწაფეებს, და შემდეგ სთხოვა მას: „წმინდა მამა, დაიცავი ისინი შენი სახელის გულისთვის“ (ინ. 17:6, 11, 12, 26). აქედან გამომდინარე, იესო ებრაული წერილების ციტირებისას ან კითხვისას უეჭველად წარმოთქვამდა ღვთის სახელს, იეჰოვას (მთ. 4:4, 7, 10 შდრ. კნ. 8:3; 6:16; 6:13-ს; მთ. 22:37 შდრ. კნ. 6:5-ს; მთ. 22:44 შდრ. ფს. 110:1-ს; ლკ. 4:16—21 შდრ. ეს. 61:1, 2-ს). ლოგიკურია დავასკვნათ, რომ იესოს მოწაფეები, მათ შორის ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები, მას მიჰბაძავდნენ.
მაშ, რატომ არ გვხვდება ღვთის სახელი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების, ანუ ე. წ. ახალი აღთქმის, დღემდე მოღწეულ ხელნაწერებში? როგორც ჩანს, იმ დროისთვის, როდესაც ეს ხელნაწერები შეიქმნა (ახ. წ. III საუკუნიდან მოყოლებული), მოციქულებისა და მოწაფეების მიერ დაწერილ ტექსტში უკვე შეტანილი იყო ცვლილებები, ამიტომ მოგვიანებით მოღვაწე გადამწერებმა ტეტრაგრამატონით წარმოდგენილი ღვთის სახელის ნაცვლად გამოიყენეს სიტყვები კირიოს და თეოს (სურათი, ტ. I, გვ. 324). როგორც ფაქტები ცხადყოფს, მსგავსადვე შევიდა ცვლილებები ებრაული წერილების თარგმანის, კერძოდ, სეპტუაგინტის გვიანდელ ასლებშიც.
ღვთის სახელის აღდგენა თარგმანებში. ზოგმა მთარგმნელმა თავის თარგმანში ღვთის სახელი მას შემდეგ აღადგინა, რაც მიხვდა, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების გვიანდელ ასლებში ღვთის სახელი ამოღებული იყო. მაგალითად, მე-19 საუკუნეში ბენჯამინ უილსონის მიერ ნათარგმნ ბერძნულ წერილებში (The Emphatic Diaglott) რამდენიმე ადგილას გვხვდება ღვთის სახელი „იეჰოვა“, განსაკუთრებით კი ქრისტიანი მწერლების მიერ ებრაული წერილებიდან მოყვანილ ციტატებში. ჯერ კიდევ 1533 წელს ანტონ მარგარიტას მიერ ებრაულ ენაზე ნათარგმნ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში უკვე ჩასმული იყო ტეტრაგრამატონი. ამის შემდეგ მთარგმნელებმა ებრაულ ენაზე შესრულებულ სხვა არაერთ თარგმანში აღადგინეს ტეტრაგრამატონი იმ ადგილებში, სადაც ღვთისგან შთაგონებულ ავტორებს ებრაული წერილებიდან ღვთის სახელის შემცველი ციტატები ჰქონდათ მოყვანილი.
იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამგვარი პრაქტიკა, ოქსფორდის სასულიერო სკოლის, „უიკლიფ ჰოლის“ რექტორმა, რ. ბ. გირდლსტოუნმა, თავისი მოსაზრება გამოთქვა ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მოპოვებული ხელნაწერებით დადასტურდებოდა, რომ ბერძნული სეპტუაგინტა თავდაპირველად შეიცავდა ღვთის სახელს. მან აღნიშნა: «ამ თარგმანში [სეპტუაგინტაში] ეს სიტყვა [იეჰოვა] რომ შეენარჩუნებინათ, ან თუნდაც სხვადასხვა ბერძნული სიტყვით აღენიშნათ იეჰოვა და ადონაი, ეს უეჭველად დაეტყობოდა ახალ აღთქმას ... ამგვარად, ჩვენი უფალი 110-ე ფსალმუნიდან ციტირებისას იტყოდა: „უთხრა იეჰოვამ ადონის“ და არა — „უთხრა უფალმა ჩემს უფალს“ ».
იგი განაგრძობს მსჯელობას ამ მიმართულებით (რაც ამჟამად უკვე დადასტურებული ფაქტია) და დასძენს: «თუ ქრისტიანი მთარგმნელი შეუდგებოდა ახალი აღთქმის ებრაულ ენაზე თარგმნას, ყველგან, სადაც სიტყვას Κύριος [კირიოს] შეხვდებოდა, მოუწევდა იმაზე დაფიქრება, კონტექსტიდან გამომდინარე, რა იქნებოდა მისი ზუსტი ებრაული შესატყვისი; მთარგმნელი ამაზე უნდა დაფიქრებულიყო ახალი აღთქმის სხვა ნებისმიერ ენაზე თარგმნისას, თუ ძველ აღთქმაში [სეპტუაგინტაში] სახელი იეჰოვა მოხსენიებული იქნებოდა. ებრაული წერილები მას მრავალი მონაკვეთის თარგმნაში დაეხმარებოდა. იქ, სადაც ეწერებოდა „უფლის ანგელოზი“, გვეცოდინებოდა, რომ უფალი იეჰოვას მაგივრად წერია. ძველი აღთქმის გათვალისწინებით, იმავე დასკვნის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი ფრაზებთან — „უფლის სიტყვა“ და „ცაბაოთ უფალი“ და პირიქით, სადაც შეგვხვდებოდა „ჩემი უფალი“ ან „ჩვენი უფალი“, გვეცოდინებოდა, რომ იქ უნდა გამოყენებულიყო არა სიტყვა იეჰოვა, არამედ ადონაი ან ადონი» (Synonyms of the Old Testament, 1897, გვ. 43). ბერძნული წერილების თარგმანებში (ზემოთ ხსენებული) ღვთის სახელი ამგვარი მსჯელობის საფუძველზეა აღდგენილი.
ამ მხრივ გამორჩეულია „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც წინამდებარე ნაშრომში გამოიყენება. ამ თარგმანის ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ღვთის სახელი „იეჰოვა“ 237-ჯერ გვხვდება. როგორც დავინახეთ, ამის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს.
ღვთის სახელის მნიშვნელობა და მისი გამოყენება ძველად. გამოსვლის 3:13—16-სა და 6:3-ს ხშირად არასწორად განმარტავენ და ამტკიცებენ, რომ იეჰოვას სახელი პირველად მოსემ ეგვიპტიდან გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო. მართალია, მოსემ ჰკითხა ღმერთს: „კარგი, მივედი ისრაელის ძეებთან და ვუთხარი თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს, რა ჰქვიაო, რა ვუპასუხო?“, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან ან ისრაელებმა არ იცოდნენ იეჰოვას სახელი. მოსეს დედის, იოქებედის სახელი, სავარაუდოდ, ნიშნავს „იეჰოვა დიდებაა“ (გმ. 6:20). მოსემ, როგორც ჩანს, ეს კითხვა იმ ვითარების გამო დასვა, რომელშიც ისრაელის ძეები აღმოჩნდნენ. ისინი ათწლეულების განმავლობაში მძიმე მონობაში იმყოფებოდნენ და საშველიც არსაიდან ჩანდა. ეჭვები, გულგატეხილობა, ღვთის ძალისა და გათავისუფლებისადმი რწმენის არქონა მათზე უარყოფითად იმოქმედებდა (იხ. აგრეთვე ეზკ. 20:7, 8). მოსეს რომ ეთქვა, „ღვთის“ (ʼელოჰიმ ) ან „უზენაესი უფლის“ (ʼადონაი ) სახელით ვარო მოსული, ეს ტანჯული ისრაელებისთვის ბევრის მთქმელი ნამდვილად არ იქნებოდა, ვინაიდან ეგვიპტელებს თავადაც ჰყავდათ არაერთი ღმერთი და უფალი. ისინი, შესაძლოა, დასცინოდნენ კიდეც ისრაელებს და ეუბნებოდნენ, რომ მათი ღმერთები ისრაელების ღმერთზე ძლიერები იყვნენ.
გავიხსენოთ ისიც, რომ, დღევანდელობისგან განსხვავებით, იმ დროს სახელი კონკრეტული მნიშვნელობის მატარებელი იყო და მხოლოდ პიროვნების ამოსაცნობად არ გამოიყენებოდა. მოსემ იცოდა, რომ ღმერთმა აბრამს (ნიშნავს „მამა მაღალია“) დაარქვა აბრაამი (ნიშნავს „მამა სიმრავლისა“). სახელის შეცვლა აბრაამთან დაკავშირებული ღვთის განზრახვით იყო განპირობებული. მან სარაისაც შეუცვალა სახელი და სარა დაარქვა, ხოლო იაკობს — ისრაელი. თითოეულ შემთხვევაში სახელის ცვლილებას წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა და ნათელს ჰფენდა ამ ადამიანებთან დაკავშირებულ ღვთის განზრახვას. მოსეს შესაძლოა ეფიქრა, რომ იეჰოვა სხვა, ახალი სახელით გააცნობდა თავს, რათა ისრაელის მიმართ თავისი განზრახვისთვის ნათელი მოეფინა. თავისი წარმგზავნელის „სახელით“ ისრაელებთან მისვლა იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ის იყო ღვთის წარმომადგენელი. სწორედ ამ სახელსა და მის მნიშვნელობაზე იქნებოდა დამოკიდებული, რამდენად ავტორიტეტულად მიიჩნევდნენ მოსეს სიტყვებს (შდრ. გმ. 23:20, 21; 1სმ. 17:45). აქედან გამომდინარე, მოსემ გააზრებული კითხვა დასვა.
მოსესთვის ღვთის მიერ გაცემული პასუხი ებრაულად შემდეგნაირად ჟღერს: ʼეჲე ʼაშერ ʼეჲე. ზოგ თარგმანში ეს სიტყვები ნათარგმნია როგორც „მე ვარ, რომელიც ვარ“. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ებრაული ზმნა ჰაჲაჰ, რომლისგანაც იწარმოება სიტყვა ʼეჲე, მხოლოდ ყოფნას კი არ ნიშნავს, არამედ გახდომას ან გადაქცევას. ეს სიტყვები ღვთის თვითმყოფადობაზე კი არ მიანიშნებს, არამედ იმაზე, რომ იგი იქცევა სხვებისთვის იმად, რადაც განზრახული აქვს. ამიტომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ზემოხსენებული ებრაული ფრაზა მართებულად არის ნათარგმნი როგორც: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“. ამ სიტყვების შემდეგ იეჰოვა დასძენს: «ასე უთხარი ისრაელის ძეებს: მან გამომგზავნა, ვინც თქვა: „მე ვიქცევი“ » (გმ. 3:14).
ეს სიტყვები ღვთის სახელის ცვლილებაზე როდი მიუთითებდა. ამით მეტი ნათელი მოეფინა იმას, თუ როგორი პიროვნებაა ღმერთი, რაც კარგად გამოჩნდა მისი შემდგომი სიტყვებიდან: „ასე უთხარი ისრაელის ძეებს: იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში“ (გმ. 3:15; შდრ. ფს. 135:13; ოს. 12:5). სახელი იეჰოვა წარმოდგება ებრაული ზმნისგან ჰავაჰ (გახდომა, გადაქცევა) და ნიშნავს „აქცევინებს“. სახელი იეჰოვა მას ისეთ პიროვნებად წარმოგვიდგენს, რომელიც თანმიმდევრული მოქმედების შედეგად თავისი დაპირებების შემსრულებლად გვევლინება. ამგვარად, ის ყოველთვის ახორციელებს თავის განზრახვებს. მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს შეიძლება მართებულად ეწოდოს ეს სახელი.
ამის გათვალისწინებით უფრო გასაგები ხდება იეჰოვას მიერ მოსესთვის მოგვიანებით ნათქვამი სიტყვები: „მე ვარ იეჰოვა. მე ვეცხადებოდი აბრაამს, ისაკსა და იაკობს, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი, მაგრამ ჩემი სახელით, იეჰოვათი არ გამიმჟღავნებია მათთვის ჩემი თავი“ (გმ. 6:2, 3). მართალია, სახელი „იეჰოვა“ არაერთხელ გამოუყენებიათ ამ მუხლში ნახსენებ პატრიარქებს, მოსეს წინაპრებს, მაგრამ ღმერთი ამ შემთხვევაში იმას გულისხმობდა, რომ მას თავისი სახელის სრული მნიშვნელობა მათთვის არ გაუმჟღავნებია. მაგალითად, ვინც აბრამს იცნობდა, ვერ იტყოდა, რომ იცნობდა მას როგორც აბრაამს (ნიშნავს „მამა სიმრავლისა“), ვიდრე მას მხოლოდ ერთი ძე, ისმაელი ჰყავდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მას ისაკი და სხვა ვაჟები შეეძინა და მათაც შთამომავლობა ეყოლათ, სახელი „აბრაამი“ უფრო მრავლისმეტყველი გახდა. იმავეს თქმა შეიძლება სახელ „იეჰოვაზე“. ისრაელებისთვის ის მეტ მნიშვნელობას შეიძენდა.
მაშასადამე, „იცნობდე“ მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ იცოდე ან ინფორმაცია გქონდეს ვიღაცის ან რაღაცის შესახებ. მაგალითად, უგუნურმა ნაბალმა იცოდა დავითის სახელი, მაგრამ მაინც იკითხა: „ვინ არის დავითი?“, სინამდვილეში კი ამგვარ კითხვას სვამდა: „რას წარმოადგენს იგი?“ (1სმ. 25:9—11; შდრ. 2სმ. 8:13). იმავეს გულისხმობდა ფარაონიც, როდესაც მოსეს უთხრა: „ვინ არის იეჰოვა, რომ მოვუსმინო მის ხმას და გავუშვა ისრაელი? მე არც იეჰოვას ვიცნობ და არც ისრაელის გაშვებას ვაპირებ“ (გმ. 5:1, 2). ამ სიტყვებით ფარაონს, როგორც ჩანს, იმის თქმა უნდოდა, რომ არ ცნობდა იეჰოვას ჭეშმარიტ ღმერთად, და არ აღიარებდა, რომ მასზე, როგორც ეგვიპტის მეფეზე, ძალაუფლება ჰქონდა. ის იმასაც უარყოფდა, რომ ღმერთს მოსესა და აარონის პირით გაცხადებული ნების განხორციელების ძალა შესწევდა. მაგრამ ფარაონი, ეგვიპტელები და ისრაელები გაიგებდნენ ღვთის სახელის ნამდვილ მნიშვნელობას და დაინახავდნენ, როგორი პიროვნება ატარებდა ამ სახელს. როგორც იეჰოვამ უთხრა მოსეს, ეს მაშინ მოხდებოდა, როცა განახორციელებდა ისრაელ ერთან დაკავშირებულ თავის განზრახვას: გაათავისუფლებდა მათ, მისცემდა აღთქმულ მიწას და ამით შეასრულებდა მათ წინაპრებთან დადებულ შეთანხმებას. ამგვარად შესრულდებოდა ღვთის მიერ ნათქვამი: „გეცოდინებათ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“ (გმ. 6:4—8; იხ. ყოვლისშემძლე).
ჰებრაისტი, პროფესორი დ. ჰ. უეირი მართებულად შენიშნავს, რომ მათ, ვისი აზრითაც ღვთის სახელი პირველად გამოსვლის 6:2, 3-ში გაჟღერდა, «არ გამოუკვლევიათ [ეს მუხლები] სხვა მუხლების კონტექსტის გათვალისწინებით; წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მივიდოდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს სახელი ორი მარცვლისგან შემდგარი სიტყვა კი არა, უდიდესი მნიშვნელობის მქონე სახელია. როდესაც ვკითხულობთ ესაიას 52:6-ს: „ამიტომ იმ დღეს ჩემს ხალხს ეცოდინება ჩემი სახელი“, ან იერემიას 16:21-ს: „გაიგებენ, რომ იეჰოვაა ჩემი სახელი“, ანდა მე-9 ფსალმუნს [10, 16]: „შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი“, აშკარად ვხედავთ, რომ იეჰოვას სახელის ცოდნა ამ სახელში შემავალი ოთხი ასოს ცოდნაზე მეტს ნიშნავს. ამაში იგულისხმება გამოცდილების საფუძველზე იმაში დარწმუნება, რომ იეჰოვა ნამდვილად ამართლებს თავისი სახელის მნიშვნელობას (შდრ. აგრეთვე ეს. 19:20, 21; ეზკ. 20:5, 9; 39:6, 7; ფს. 83 [18]; 89 [16]; 2მტ. 6:33)» (The Imperial Bible-Dictionary, ტ. I, გვ. 856, 857).
ადამიანთა პირველმა წყვილმა იცოდა ღვთის სახელი. როგორც დავინახეთ, ღმერთს თავისი სახელი პირველად მოსესთვის არ გაუმჟღავნებია. უეჭველია, პირველ ადამიანს ეცოდინებოდა ეს სახელი. ის პირველად გვხვდება დაბადების 2:4-ში, ღვთის შთაგონებით ჩაწერილ სიტყვებში, რომლებიც ღვთის შემოქმედების აღწერას მოჰყვება. ამ მუხლში ცისა და დედამიწის შემოქმედად „იეჰოვა ღმერთი“ გვევლინება. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ადამს იეჰოვა ღმერთისგან ეცოდინებოდა, როგორ შექმნა მან ცა და დედამიწა. „დაბადებაში“ ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, თუმცა მასში არც ის წერია, რომ იეჰოვამ ადამს გამოღვიძების შემდეგ ამცნო, თუ როგორ შექმნა ევა. მაგრამ ევას დანახვის შემდეგ ადამის მიერ წარმოთქმული სიტყვებიდან ჩანს, რომ მან იცოდა, საიდან გაჩნდა ევა (დბ. 2:21—23). იეჰოვასა და ადამს ხშირი ურთიერთობა ექნებოდათ, თუმცა „დაბადების“ პირველი თავებიდან ეს არ ჩანს.
პირველი ადამიანი, რომელზეც ბიბლიაში კონკრეტულად წერია, რომ ღვთის სახელი ახსენა, ევა იყო (დბ. 4:1). როგორც ჩანს, მან ეს სახელი თავისი მეუღლისა და ოჯახისთავისგან, ადამისგან გაიგო. მისგანვე გაიგებდა ღვთის ბრძანებას სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის შესახებ (თუმცა ბიბლიაში არც ის არის ნათქვამი, რომ ევას ამის შესახებ ადამმა უთხრა) (დბ. 2:16, 17; 3:2, 3).
როგორც სტატიიდან ენოში ვიგებთ, ადამის შვილიშვილ ენოშის დროს „იეჰოვას სახელის ხსენება დაიწყეს“. მაგრამ, როგორც ჩანს, ამაში ღვთის სახელის რწმენითა და მისთვის მისაღები სახით მოხმობა არ იგულისხმებოდა, ვინაიდან ბიბლიაში აბელიდან ნოემდე მხოლოდ იარედის ვაჟზე, ენოქზეა (და არა ენოშზე) ნათქვამი, რომ რწმენით დადიოდა „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“ (დბ. 4:26; 5:18, 22—24; ებ. 11:4—7). იეჰოვას სახელი ნოესა და მისი ოჯახის მეშვეობით წარღვნის შემდგომ მცხოვრებ ადამიანებს ემცნოთ. მათი წყალობით ის ბაბილონის გოდოლის მშენებლობის გამო ხალხის გაფანტვის შემდეგაც გავრცელდა და პატრიარქ აბრაამსა და მის შთამომავლებსაც გადაეცათ (დბ. 9:26; 12:7, 8).
განსაკუთრებული სახელის მქონე პიროვნება. იეჰოვა არის ყოველივეს შემოქმედი. აქედან გამომდინარე, ის არც არავის შეუქმნია და მას არც დასაბამი აქვს (გმც. 4:11). „გამოუკვლეველია მის წელთა რიცხვი“ (იობ. 36:26). შეუძლებელია მისი წლოვანების განსაზღვრა, რადგან ათვლის წერტილი არ არსებობს. მართალია, ის დაუსაბამოა, მას მართებულად ეწოდება „ძველი დღეთა“, ვინაიდან ის უხსოვარი დროიდან არსებობს (დნ. 7:9, 13). მის არსებობას არც დასასრული აქვს (გმც. 10:6), რადგან უხრწნელი და უკვდავია. ამიტომაც ეწოდება მას „მარადიულობის მეფე“ (1ტმ. 1:17), ვისთვისაც ათასი წელი ღამის გუშაგობის რამდენიმე საათივითაა (ფს. 90:2, 4; იერ. 10:10; აბკ. 1:12; გმც. 15:3).
ღმერთზე დრო გავლენას არ ახდენს, თუმცა მისი ქმედებები კონკრეტულ პერიოდებსა და ადგილებს, ადამიანებსა თუ მოვლენებს უკავშირდება. როცა საქმე ადამიანებს ეხება, ის ყოველთვის თავისი დადგენილი დროის მიხედვით მოქმედებს (დბ. 15:13, 16; 17:21; გმ. 12:6—12; გლ. 4:4). მისი მარადიული არსებობა უტყუარია და ეს არის მთელ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი. ამიტომაც იფიცებდა იეჰოვა „ცოცხალი ვარ“, რითაც სრულ გარანტიას იძლეოდა, რომ მისი დაპირებები და წინასწარმეტყველებები უეჭველად შესრულდებოდა (იერ. 22:24; სფ. 2:9; რც. 14:21, 28; ეს. 49:18). იეჰოვას ადამიანებიც იფიცებდნენ (მსჯ. 8:19; რთ. 3:13). მხოლოდ უგუნურები ამბობენ, არ არსებობსო იეჰოვა (ფს. 14:1; 10:4).
ღვთის დიდებულების აღწერილობა. ვინაიდან ღმერთი სულია და ადამიანებს არ შეუძლიათ მისი დანახვა (ინ. 4:24), მისი აღწერილობა ჩვენთვის ნაცნობი სიტყვებით მხოლოდ მიახლოებით წარმოდგენას გვიქმნის მის შეუდარებელ სიდიადეზე (ეს. 40:25, 26). მართალია, შემოქმედი არც ერთ ადამიანს არ უნახავს (ინ. 1:18), მაგრამ მისმა ზოგიერთმა მსახურმა ღვთის შთაგონებით ხილვაში მისი ზეციერი სამყოფელი იხილა. ის, რაც მათ აღწერეს, წარმოდგენას გვიქმნის არა მარტო ღვთის მოწიწების მომგვრელ სიდიადეზე, არამედ მის ირგვლივ არსებულ სიმშვიდეზე, მოწესრიგებულობაზე, ბრწყინვალებასა და მშვენიერებაზე (გმ. 24:9—11; ეს. 6:1; ეზკ. 1:26—28; დნ. 7:9; გმც. 4:1—3; იხ. აგრეთვე ფს. 96:4—6).
ამ მუხლებში იეჰოვას აღსაწერად გამოყენებულია მეტაფორები და შედარებები, ის, რაც ადამიანებისთვის ნაცნობია, მაგალითად: ძვირფასი ქვები, ცეცხლი, ცისარტყელა. მისი გარეგნობა ადამიანის გარეგნობასთანაც კია შედარებული. ზოგმა მეცნიერმა დიდი მსჯელობის საგნად აქცია ბიბლიაში გამოყენებული ე. წ. ანთროპომორფოლოგიური სიტყვები, მაგალითად: ღვთის „თვალები“, „ყურები“, „სახე“ (1პტ. 3:12), „მკლავი“ (ეზკ. 20:33), „მარჯვენა“ (გმ. 15:6) და ა.შ., მაგრამ აშკარაა, რომ ამგვარი სიტყვები საჭიროა იმისათვის, რომ ღვთის აღწერილობა ადამიანისთვის გასაგები იყოს. იეჰოვა ღმერთს არამიწიერი ტერმინებით რომ აღეწერა საკუთარი თავი, ეს იმის მსგავსი იქნებოდა, რომ ელემენტარული მათემატიკური ცოდნის მქონე ადამიანისთვის რთული ალგებრული განტოლება მიგეცა ამოსახსნელად, ანდა დაბადებიდან უსინათლო ადამიანისთვის ფერები აგეხსნა (იობ. 37:23, 24).
ეს ე. წ. ანთროპომორფიზმები (ღვთაების წარმოდგენა ადამიანის სახის მქონედ) პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ ისევე, როგორც ღვთის აღსაწერად გამოყენებული მეტაფორები, მაგალითად: „მზე“, „ფარი“ და „კლდე“ (ფს. 84:11; კნ. 32:4, 31). ადამიანებისგან განსხვავებით, იეჰოვას მხედველობა (დბ. 16:13) სინათლის სხივებზე არ არის დამოკიდებული; მას უკუნ სიბნელეშიც შეუძლია ყველაფრის დანახვა (ფს. 139:1, 7—12; ებ. 4:13). მისი მხედველობის არეშია მოქცეული მთელი დედამიწა (იგ. 15:3). მას არ სჭირდება სპეციალური მოწყობილობა ქალის საშვილოსნოში განვითარებადი ემბრიონის დასანახად (ფს. 139:15, 16). არც მისი სმენაა დამოკიდებული ატმოსფეროში მიმოფანტულ ბგერით ტალღებზე, რადგან მას შეუძლია „გაიგონოს“ გულში ნათქვამი სიტყვებიც (ფს. 19:14). ადამიანს ფიზიკური სამყაროს ზომები ვერ დაუდგენია მაშინ, როცა ფიზიკური ცა ვერ იტევს ღვთის სამყოფელს, რომ აღარაფერი ვთქვათ მისთვის დედამიწაზე აგებულ სახლსა თუ ტაძარზე (1მფ. 8:27; ფს. 148:13). მოსეს მეშვეობით იეჰოვამ გააფრთხილა ისრაელი, რომ არ გაეკეთებინათ მისი გამოსახულება, რომელსაც კაცის ან სხვა რომელიმე ქმნილების სახე ექნებოდა (კნ. 4:15—18). გარდა ამისა, ლუკას სახარების თანახმად, იესო ამბობს, რომ ის „ღვთის ხელით“ დევნიდა დემონებს, მაგრამ მათეს სახარებიდან ჩანს, რომ იესო „ღვთის სულს“, მის მოქმედ ძალას გულისხმობდა (ლკ. 11:20; მთ. 12:28; იერ. 27:5 შდრ. დბ. 1:2-ს).
მისი პიროვნული თვისებები მის შემოქმედებაში ვლინდება. იეჰოვას ზოგიერთი თვისება მის შემოქმედებით საქმეებში ჯერ კიდევ ადამიანის შექმნამდე გამოვლინდა (რმ. 1:20). ვინაიდან იეჰოვა არავისგან არაფერს საჭიროებს, პირველ რიგში, შემოქმედება მის სიყვარულზე მეტყველებს. მან ასობით მილიონი სულიერი ძე შექმნა, თუმცა არც ერთ მათგანს არ შეუძლია რაიმე შემატოს მის ცოდნას, ან გაასრულყოფილოს მისი თვისებები, რადგან ის მათ ისედაც სრულყოფილად ავლენს (დნ. 7:9, 10; ებ. 12:22; ეს. 40:13, 14; რმ. 11:33, 34).
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა არ ხარობს თავისი ქმნილებებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანი „ღვთის მსგავსებად“ არის შექმნილი (დბ. 1:27), იმ დასკვნამდე მივალთ, რომ როგორც მამა ხარობს მოსიყვარულე და ბრძენი შვილით, ისევე ხარობს იეჰოვა თავისი მოაზროვნე ქმნილებებით, რომლებსაც უყვართ იგი და ემსახურებიან მას (იგ. 27:11; მთ. 3:17; 12:18). იგი რაიმეს გამორჩენის მიზნით კი არ ხარობს, არამედ იმიტომ, რომ მისი ქმნილებები მის სამართლიან ნორმებს საკუთარი სურვილით იცავენ, უანგაროები და ხელგაშლილები არიან (1მტ. 29:14—17; ფს. 50:7—15; 147:10, 11; ებ. 13:16). მათგან განსხვავებით, იეჰოვას გულს სტკენენ მრუდე გზით მავალნი, რომლებიც მის სიყვარულს სიყვარულითვე არ პასუხობენ, არცხვენენ მის სახელს და სხვებს ცხოვრებას უმწარებენ (დბ. 6:5—8; ფს. 78:36—41; ებ. 10:38).
იეჰოვა მაშინაც ხარობს, როდესაც თავის ძალას იყენებს, იქნება ეს ზეცაში თუ დედამიწაზე. ამასთანავე, ის ყოველთვის კარგი განზრახვით მოქმედებს და მისი ნამოქმედარი კონკრეტულ მიზანს ემსახურება (ფს. 135:3—6; ეს. 46:10, 11; 55:10, 11). იეჰოვას, როგორც „ყოველი კარგი ძღვნისა და ყოველი სრულყოფილი საბოძვრის“ გულუხვად გამცემს, სიამოვნებს, როდესაც აკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს (იაკ. 1:5, 17; ფს. 35:27; 84:11, 12; 149:4). ის თბილი და თანამგრძნობია, მაგრამ მისი ბედნიერება არ არის დამოკიდებული მის ქმნილებებზე. ამ გრძნობების გამო ის არც თავის სამართლიან პრინციპებს თმობს.
იეჰოვამ სიყვარული გამოავლინა მაშინაც, როდესაც თავის პირველ სულიერ ძეს სულიერი თუ მატერიალური სამყაროს შექმნაში მიაღებინა მონაწილეობა. მას ეს ფაქტი არ დაუმალავს, რათა მისი ძისთვის პატივი მიეგოთ (დბ. 1:26; კლ. 1:15—17). აქედან ვხედავთ, რომ იეჰოვას მეტოქეობის არ შეშინებია; პირიქით, ამით აჩვენა, რომ სრულიად დარწმუნებული იყო თავის უზენაესობასა (გმ. 15:11) და თავისი ძის ერთგულებაში. გარდა ამისა, იეჰოვა თავის სულიერ ძეებს თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად საკმაო თავისუფლებას აძლევს და ზოგჯერ ამა თუ იმ დავალების შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის ნებასაც რთავს (1მფ. 22:19—22).
როგორც პავლე მოციქულმაც აღნიშნა, იეჰოვას უხილავი თვისებები მის მიერ შექმნილ მატერიალურ სამყაროში ჩანს (რმ. 1:19, 20). იგი წარმოუდგენლად დიდ ძალას ფლობს — მილიარდობით ვარსკვლავისგან შემდგარ უზარმაზარ გალაქტიკებს მისი „თითების ნამოქმედარი“ ეწოდება (ფს. 8:1, 3, 4; 19:1). მის შემოქმედებაში გამოვლენილი სიბრძნე იმდენად დიდია, რომ ადამიანთა მიერ მატერიალური სამყაროს შესახებ ათასწლოვანი კვლევა-ძიების შედეგად მიღებული ცოდნა მხოლოდ „ჩურჩულია“ და არა „გრგვინვა“ (იობ. 26:14; ფს. 92:5; ეკ. 3:11). ჩვენს პლანეტაზე შემოქმედებითი პროცესი იეჰოვამ ლოგიკური თანმიმდევრობითა და კონკრეტული გეგმის მიხედვით განახორციელა (დბ. 1:2—31) და დედამიწა, როგორც მე-20 საუკუნის ასტრონავტებმა უწოდეს, კოსმოსური სივრცის ბრილიანტად აქცია.
თავი გააცნო ადამს ედემის ბაღში. როგორ პიროვნებად გააცნო იეჰოვამ თავი პირველ მიწიერ შვილებს? სრულყოფილი ადამი უეჭველად დაეთანხმებოდა ფსალმუნმომღერლის მიერ მოგვიანებით დაწერილ სიტყვებს: „ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი. საოცარია შენი საქმეები და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა“ (ფს. 139:14). სხვა მიწიერი ქმნილებებისგან გამორჩეული სრულყოფილი სხეული და ყოველივე მის ირგვლივ არსებული ადამს შემოქმედის მიმართ მოწიწებას ჩაუნერგავდა. ყოველი ფრინველი, ცხოველი, თევზი, მცენარე, ყვავილი, ხე, მდელო, ტყე, მთა-ველი თუ მდინარე მას თავისი მამის უსაზღვრო სიბრძნესა და მის მრავალფეროვან შემოქმედებით საქმეებში გამოვლენილ არაერთ უნიკალურ თვისებას დაანახვებდა (დბ. 2:7—9; შდრ. ფს. 104:8—24). მხედველობის, სმენის, გემოს, ყნოსვისა და შეხების შეგრძნებები მას მიახვედრებდა, რომ იგი გულუხვმა და მზრუნველმა შემოქმედმა შექმნა.
ადამს მისმა შემოქმედმა ურთიერთობისა და მეგობრობის მოთხოვნილებაც დაუკმაყოფილა და მას შესაფერისი ცხოვრების თანამგზავრი შეუქმნა (დბ. 2:18—23). მათ ჰქონდათ საფუძველი, იეჰოვა ფსალმუნმომღერლის მსგავსად განედიდებინათ: „შენი სახე დიდად მახარებს; ნეტარებაა შენს მარჯვენა ხელთან მარადიულად“ (ფს. 16:8, 11). ღვთის მიერ გამოვლენილი სიყვარული ადამსა და ევას უეჭველად დაანახვებდა, რომ „ღმერთი სიყვარულია“ ანუ ის არის სიყვარულის წყარო და ეტალონი (1ინ. 4:16, 19).
რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვა ღმერთმა ადამის სულიერ მოთხოვნილებებზეც იზრუნა. როგორც მამა, იეჰოვა ესაუბრებოდა ადამს და სხვადასხვა დავალებას აძლევდა, რისი წყალობითაც ადამი ეცნობოდა მას. ამ დავალებების ერთგულად შესრულება მას ღვთის თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვან ნაწილად ჩაეთვლებოდა (დბ. 1:27—30; 2:15—17; შდრ. ამ. 4:13).
ზნეობრივი ნორმების დამდგენი ღმერთი. ადამმა იეჰოვა გაიცნო, როგორც ბრძენი და გულუხვი შემოქმედი და, ამავე დროს, ზნეობრივი ნორმების დამდგენი ღმერთი, რომელიც არ ცვლის სწორისა და არასწორის განმსაზღვრელ თავის ნორმებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ ადამმა იცოდა შემოქმედების ისტორია, მას ისიც ეცოდინებოდა, რომ ღმერთს გარკვეული ნორმები ჰქონდა დადგენილი. როგორც „დაბადებიდან“ ვიგებთ, იეჰოვამ დაინახა, რომ მის შემოქმედებაში „ყოველივე ძალიან კარგი იყო“ ანუ მის სრულყოფილ ნორმებს შეესაბამებოდა (დბ. 1:3, 4, 12, 25, 31; შდრ. კნ. 32:3, 4).
ნორმების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სწორის ან არასწორის, სიზუსტის ან ხარისხიანობის დადგენა ან შეფასება. ამასთან დაკავშირებით ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ (1959, ტ. 21, გვ. 306, 307) აღნიშნულია:
„ადამიანის მიერ [დადგენილი ნორმები] ... საგრძნობლად ჩამოუვარდება ბუნების კანონებს. თანავარსკვლავედები, პლანეტების ორბიტები, ბუნებრივი რესურსების უცვლელი თვისებები — გამტარობა, ჭედადობა, დრეკადობა, სიმკვრივე, შეღწევადობა, გარდატეხა, ძალა, სიბლანტე ... ან თუნდაც უჯრედების სტრუქტურა — ბუნებაში არსებული გასაოცარი ნორმების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია“.
ფიზიკურ სამყაროში ამგვარი ნორმების მნიშვნელობის შესახებ იმავე ნაშრომში აღნიშნულია: „მხოლოდ ბუნებაში არსებული ნორმების საშუალებით არის შესაძლებელი მრავალი ჯიშის მცენარის, თევზის, ფრინველისა თუ ცხოველის ... ამოცნობა და კლასიფიკაცია. ერთ ჯგუფში მოქცეული თითოეული ორგანიზმი სტრუქტურით, ფუნქციითა თუ ქცევებით უმცირეს დეტალებშიც კი ერთმანეთს ჰგავს [შდრ. დბ. 1:11, 12, 21, 24, 25]. ადამიანის ორგანიზმი ამგვარ კანონზომიერებას რომ არ ექვემდებარებოდეს, ექიმებს არ ეცოდინებოდათ, აქვს თუ არა ადამიანს ესა თუ ის ორგანო და თუ აქვს, სხეულის რომელ არეში ... ბუნებაში არსებული ნორმების გარეშე არ გვეყოლებოდა ორგანიზებული საზოგადოება, შეუძლებელი იქნებოდა განათლების მიღება და მედიცინაც არ იარსებებდა; თითოეულის არსებობა დამოკიდებულია საერთო საფუძველზე“.
ადამი უეჭველად შენიშნავდა სტაბილურობას იეჰოვას შემოქმედებაში — დღისა და ღამის მონაცვლეობას, ედემის ბაღში მიზიდულობის ძალით განპირობებულ მდინარის დინებას და ა. შ., რაც დაარწმუნებდა მას, რომ დედამიწის შემოქმედი უწესრიგობის კი არა, წესრიგის ღმერთია (დბ. 1:16—18; 2:10; ეკ. 1:5—7; იერ. 31:35, 36; 1კრ. 14:33). ეს ადამს დავალებების შესრულებაში დაეხმარებოდა (დბ. 1:28; 2:15), რადგან მშვიდად დაგეგმავდა და შეასრულებდა თავის საქმეებს იმაში დარწმუნებული, რომ ხელს არაფერი შეუშლიდა.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოაზროვნე ადამიანისთვის გასაკვირი არ იქნებოდა, რატომ დაუწესა იეჰოვამ მას ქცევისა და შემოქმედთან ურთიერთობის ნორმები. იეჰოვას საუცხოო შემოქმედებითმა საქმეებმა ადამს დაანახვა, თუ როგორ უნდა დაემუშავებინა ედემის ბაღი და მოევლო მისთვის (დბ. 2:15; 1:31). მან აგრეთვე იცოდა ღვთის ნორმა ქორწინებასთან, კერძოდ, ერთცოლიანობასა და ოჯახურ ურთიერთობასთან დაკავშირებით (დბ. 2:24). ადამმა ისიც მშვენივრად იცოდა, რომ ღვთის მითითებების დაცვა მისი სიცოცხლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ვინაიდან ადამი სრულყოფილი იყო, იეჰოვა მისგან სრულყოფილ მორჩილებას მოითხოვდა. მან თავის მიწიერ ძეს იმის შესაძლებლობა მისცა, რომ სიყვარული და ერთგულება მორჩილებით დაემტკიცებინა, კერძოდ, თავი შეეკავებინა ედემის ბაღში მდგარი ხეებიდან ერთ-ერთის ნაყოფის ჭამისგან (დბ. 2:16, 17). ეს იოლი შესასრულებელი იყო, რადგან ადამს ხელს არაფერი უშლიდა; მას არ უწევდა იმ ცხოვრებისეულ სირთულეებთან ბრძოლა, რომლებმაც მოგვიანებით იჩინა თავი. ამ მარტივ მითითებაში იეჰოვას სიბრძნე ჩანდა, რაც 4 000 წლის შემდეგ იესო ქრისტეს სიტყვებმაც დაადასტურა: „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, მცირედში უმართლო კი ბევრშიც უმართლოა“ (ლკ. 16:10).
ამგვარი წესრიგი და ნორმები ადამიანს ცხოვრებით ტკბობაში არათუ შეუშლიდა ხელს, არამედ შეუწყობდა კიდეც. ენციკლოპედია „ბრიტანიკის“ ზემოხსენებულ სტატიაში ფიზიკური სამყაროს შესახებ ვკითხულობთ: „ნორმების არსებობის მიუხედავად, ვერავინ იტყვის, რომ ბუნება ერთფეროვანია. მართალია, სპექტრული ტალღის სიგრძის ხილული დიაპაზონი მცირეა და მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ფერის აღქმის საშუალებას იძლევა, ელფერთა და ფერთა კომბინაციის სიმრავლე, რაც ადამიანის თვალს ატკბობს, ფაქტობრივად უსასრულოა. მუსიკალური ნაწარმოების სილამაზეს ადამიანის ყური მხოლოდ სიხშირეთა მცირე დიაპაზონის საშუალებით აღიქვამს“ (ტ. 21, გვ. 307). მსგავსად ამისა, პირველი წყვილისთვის ღვთის მიერ დაწესებული მოთხოვნები ხელს არ უშლიდა მათ, ეკეთებინათ ის, რასაც მათი მართალი გული მოისურვებდა. ამიტომ არ იყო საჭირო, ღმერთს ისინი მრავალი კანონითა თუ წესით შეეზღუდა. მოსიყვარულე შემოქმედის მაგალითი, ღვთის პატივისცემა და სიყვარული დაეხმარებოდა მათ, რომ თავისუფლება ბოროტად არ გამოეყენებინათ (შდრ. 1ტმ. 1:9, 10; რმ. 6:15—18; 13:8—10; 2კრ. 3:17).
იეჰოვა ღმერთის თვისებები, სიტყვები და საქმეები იმაზე მოწმობს, რომ ის იყო და არის ყოველივე კარგის უზენაესი ეტალონი მთელ სამყაროში. ამიტომაც უთხრა დედამიწაზე მყოფმა მისმა ძემ ერთ კაცს: „რატომ მიწოდებ კარგს? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა“ (მრ. 10:17, 18; აგრეთვე მთ. 19:17; 5:48).
უზენაესობის დამტკიცება და სახელის განწმენდა. ყველაფერი, რაც ღმერთს უკავშირდება, წმინდაა; მისი სახელიც წმინდაა, ამიტომ ჩვენც წმინდად უნდა მივიჩნიოთ (ლვ. 22:32). განწმენდა ნიშნავს „რაიმეს წმინდად ქცევას, გამოცალკევებას ან წმინდად მიჩნევას“. აქედან გამომდინარე, იმას, რაც წმინდაა, არ უნდა მოვეკიდოთ, როგორც ჩვეულებრივს, უბრალოს (ეს. 6:1—3; ლკ. 1:49; გმც. 4:8; იხ. განწმენდა). თუ გავითვალისწინებთ, როგორი პიროვნებაა ამ სახელით წარმოდგენილი, ამ სახელს მართებულად ეწოდება „დიდებული და შიშის მომგვრელი“ (ფს. 99:3, 5; 8:1), „ყველაზე ამაღლებული“ (ფს.148:13), რომელიც მოწიწებით მოპყრობას იმსახურებს (ეს. 29:23).
სახელის შებღალვა. ღვთის სახელი პირველად ედემის ბაღში მომხდარმა მოვლენებმა შებღალა. სატანის ურჩობამ ღვთის რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. სატანა ევას ისე დაელაპარაკა, თითქოს ღვთის აზრებს გადასცემდა, სინამდვილეში კი ეჭვქვეშ დააყენა სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხესთან დაკავშირებით ადამისთვის მიცემული ღვთის ბრძანების მართებულობა (დბ. 3:1—5). დედამიწაზე იეჰოვას წარმომადგენელი ადამი იყო, რადგან დედამიწის განმგებლად ღმერთს ის ჰყავდა დანიშნული. მას სხვა ადამიანებისთვისაც უნდა გადაეცა ღვთის მითითებები (დბ. 1:26, 28; 2:15—17; 1კრ. 11:3). მათ შესახებ, ვისაც მსგავსი პასუხისმგებლობა ეკისრა, ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „იეჰოვას სახელით“ მსახურობდნენ და მისი სახელით ლაპარაკობდნენ (კნ. 18:5, 18, 19; იაკ. 5:10). მართალია, იეჰოვას სახელი პირველად ევამ შებღალა თავისი ურჩობით, მაგრამ ადამის ურჩობამ უფრო დიდად შეურაცხყო ღვთის სახელი, რომლითაც ის მოქმედებდა (შდრ. 1სმ. 15:22, 23).
საკამათო საკითხი ძირითადად მორალურ უფლებას ეხებოდა. სულიერმა ძემ, რომელიც სატანა გახდა, იცოდა, რომ იეჰოვა იყო ზნეობრივი ნორმებით მოქმედი და არა ახირებული ან არასტაბილური ღმერთი. იეჰოვა რომ გაუწონასწორებელი და ფიცხი ღმერთი ყოფილიყო, სატანა უეჭველად ივარაუდებდა, რომ ჩადენილი საქციელის გამო ღმერთი მას ადგილზევე გაანადგურებდა. აქედან გამომდინარე, სატანამ ედემის ბაღში იეჰოვას გამანადგურებელი ძალა კი არ დააყენა ეჭვქვეშ, არამედ მისი უფლება, ყოფილიყო უზენაესი ხელისუფალი და თავისი მიწიერი თუ ზეციერი ქმნილებისგან მორჩილება და ერთგულება მოეთხოვა. ეს კარგად გამოჩნდა იქიდან, რაც სატანამ ევას უთხრა (დბ. 3:1—6). როგორც იობის წიგნიდან ჩანს, იეჰოვამ ყველა ანგელოზის წინაშე გამოააშკარავა სატანის მიერ წამოჭრილი საკამათო საკითხის მასშტაბურობა. სატანის მტკიცებით, იეჰოვასადმი იობის ერთგულება (და, მაშასადამე, ღვთის ყველა მოაზროვნე ქმნილების ერთგულება) წრფელი გულითა და სიყვარულით ნაკარნახევი არ იყო (იობ. 1:6—22; 2:1—8).
ღვთის მოაზროვნე ქმნილებების ერთგულება მეორეხარისხოვანი საკითხია, რომელიც ზემოთ განხილული მთავარი საკითხიდან გამომდინარეობს. ამ საკამათო საკითხების გადაწყვეტას დრო სჭირდებოდა, რათა დამტკიცებულიყო არა მარტო წაყენებული ბრალდებების სისწორე ან სიცრუე, არამედ ისიც, თუ რა გულით ემსახურებოდნენ ღმერთს მისი ქმნილებები და, ამგვარად, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილიყო (შდრ. იობ. 23:10; 31:5, 6; ეკ. 8:11—13; ებ. 5:7—9; იხ. უმწიკვლობა; ბოროტება). ამიტომაც იეჰოვამ მაშინვე არ გაანადგურა არც ადამიანთა პირველი წყვილი და არც ის სულიერი ძე, რომელმაც საკამათო საკითხი წამოჭრა. ამგვარად, საკამათო საკითხში ჩაბმულ ორივე მხარეს საშუალება მიეცა, რომ შთამომავლობა წარმოეშვა (დბ. 3:15).
ამ საკითხს დედამიწაზე იესო ქრისტეს მოსვლის შემდეგაც არ დაუკარგავს აქტუალურობა. ეს კარგად გამოჩნდა უდაბნოში იესოს ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ მასა და სატანას შორის შემდგარი საუბრიდან. იეჰოვას მოწინააღმდეგის მიერ ღვთის ძის შესაცდენად გამოყენებული მზაკვრული მეთოდები ძალიან ჰგავდა ედემის ბაღში 4 000 წლით ადრე ნაცად მეთოდებს. და როდესაც სატანამ იესოს მაშინდელი მსოფლიო შესთავაზა, აშკარად გამოჩნდა, რომ უზენაესობის საკითხი კვლავაც აქტუალური რჩებოდა (მთ. 4:1—10). წიგნ „გამოცხადებიდან“ ჩანს, რომ ეს საკითხი ღიად დარჩება იმ დრომდე, ვიდრე იეჰოვა მას დახურულად არ გამოაცხადებს (შდრ. ფს. 74:10, 22, 23), სამართლიან განაჩენს აღასრულებს თავისი მტრების წინააღმდეგ, თავისი სამეფოს სამართლიანი მმართველობით დაამტკიცებს უზენაესობას და განწმენდს თავის წმინდა სახელს (გმც. 11:17, 18; 12:17; 14:6, 7; 15:3, 4; 19:1—3, 11—21; 20:1—10, 14).
რატომ ენიჭება ღვთის სახელის განწმენდას უდიდესი მნიშვნელობა?
იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება წითელი ზოლივით გასდევს მთელ ბიბლიას, საიდანაც ნათლად ჩანს იეჰოვა ღმერთის უმთავრესი მიზანი, კერძოდ, თავისი სახელის განწმენდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის სახელი ყოველგვარი შეურაცხყოფისგან უნდა განიწმინდოს. უფრო მეტიც, ყველა მოაზროვნე ქმნილებამ, ზეცაში თუ დედამიწაზე, მისი სახელი უნდა წმინდაჰყოს, რაც გულისხმობს, სიყვარულიდან გამომდინარე, მისი უზენაესობის ნებაყოფლობით აღიარებას, მისადმი მსახურების სურვილსა და მისი ნების სიხარულით შესრულებას. ფსალმუნის 40:5—10-ში ჩაწერილი დავითის ლოცვა კარგად გადმოსცემს ამგვარ განწყობას და იმას, თუ სინამდვილეში როგორ განიწმინდება იეჰოვას სახელი (ყურადღება მიაქციეთ, როგორ უკავშირებს პავლე მოციქული ამ ფსალმუნში მოცემულ აზრებს იესო ქრისტეს ებრაელების 10:5—10-ში).
სწორედ იეჰოვას სახელის განწმენდაზეა დამოკიდებული მთელ სამყაროში წესრიგისა და მშვიდობის დამყარება და მის მკვიდრთა კეთილდღეობა. ღვთის ძემ ხაზი გაუსვა ამას, როდესაც თავის მოწაფეებს ლოცვას ასწავლიდა. ამავდროულად მან მიანიშნა, თუ როგორ შეასრულებდა იეჰოვა თავის განზრახვას: „განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება, როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მთ. 6:9, 10). იეჰოვას ამ უმთავრესი განზრახვით აიხსნება მისი ქმედებები და ის, თუ რატომ ეპყრობოდა თავის ქმნილებებს ისე, როგორც ეს ბიბლიაშია აღწერილი.
ისრაელი ერი, რომლის ისტორიასაც ბიბლიის დიდი ნაწილი ეთმობა, იეჰოვამ თავისი სახელის მატარებელ ხალხად აირჩია (კნ. 28:9, 10; 2მტ. 7:14; ეს. 43:1, 3, 6, 7). ისრაელთან დადებული კანონის შეთანხმების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულება და მისი სახელის ღირსეულად ტარება იყო, რადგან „დაუსჯელს არ დატოვებს იეჰოვა მას, ვინც უღირსად ახსენებს ღვთის სახელს“ (გმ. 20:1—7; შდრ. ლვ. 19:12; 24:10—23). იეჰოვას სახელი „მთელ დედამიწას“ ეუწყა, როცა ეგვიპტიდან ისრაელის გათავისუფლებისას თავისი გამანადგურებელი და მხსნელი ძალა აჩვენა. აღთქმული მიწისკენ მიმავალ გზაზეც მათ სწორედ მისი დიდებული სახელი მიუძღვოდა (გმ. 9:15, 16; 15:1—3, 11—17; 2სმ. 7:23; იერ. 32:20, 21). ესაია წინასწარმეტყველმა დაწერა: „მიუძღოდი შენს ხალხს, რომ საუცხოო სახელი შეგექმნა შენთვის“ (ეს. 63:11—14). იეჰოვამ შეიწყალა და უდაბნოში არ მიატოვა ურჩი ისრაელი, მოგვიანებით კი ახსნა ამგვარი მოქმედების მიზეზი: „ჩემი სახელის გულისთვის ვიმოქმედე, რათა არ შებღალულიყო ის იმ ხალხების თვალში, რომელთა შორისაც იყვნენ ისინი“ (ეზკ. 20:8—10).
იეჰოვა ისრაელს ყოველთვის უმახვილებდა ყურადღებას თავისი წმინდა სახელის მნიშვნელობაზე. ისრაელის დედაქალაქი, იერუსალიმი, და სიონის მთა მან „თავისი სახელის დასავანებლად და დასამკვიდრებლად“ აირჩია (კნ. 12:5, 11; 14:24, 25; ეს. 18:7; იერ. 3:17). ამ ქალაქში არსებულ ტაძარსაც იეჰოვას სახელზე აშენებული სახლი ეწოდებოდა (1მტ. 29:13—16; 1მფ. 8:15—21, 41—43). ყველაფერი, რაც ამ ქალაქსა და ტაძარში ხდებოდა, იეჰოვას სახელს ან განადიდებდა ან შეურაცხყოფდა; და ღმერთს ეს მხედველობიდან არ რჩებოდა (1მფ. 8:29; 9:3; 2მფ. 21:4—7). თუ იეჰოვას სახელს შებღალავდნენ, იგი გაანადგურებდა ქალაქს და ტაძარსაც უარყოფდა (1მფ. 9:6—8; იერ. 25:29; 7:8—15; შდრ. მთ. 21:12, 13-სა და 23:38-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებსა და საქმეებს). ამიტომაც ევედრებოდნენ იეჰოვას იერემია და დანიელი თავიანთი ხალხისა და ქალაქის გამო და სთხოვდნენ, თავისი სახელის გულისთვის წყალობა გამოევლინა და დახმარებოდა (იერ. 14:9; დნ. 9:15—19).
თავისი სახელით წოდებული ხალხის სამშობლოში დაბრუნებისა და მათი განწმენდის შესახებ წინასწარმეტყველებისას იეჰოვამ კიდევ ერთხელ გაუმახვილა მათ ყურადღება თავის უმთავრეს მიზანზე: „მე შევიბრალებ ჩემს წმინდა სახელს ... თქვენი გულისთვის კი არ ვაკეთებ ამას, ისრაელის სახლო, არამედ ჩემი წმინდა სახელის გულისთვის, თქვენ რომ შებღალეთ ხალხებში, რომლებთანაც მიხვედით ... განვწმენდ ხალხებში შებღალულ ჩემს დიდებულ სახელს ... გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — როცა განვიწმინდები თქვენ შორის მათ თვალწინ“ (ეზკ. 36:20—27, 32).
ეს თუ სხვა მუხლები ცხადყოფს, რომ იეჰოვა არ აზვიადებს ადამიანების მნიშვნელობას. ყველა ადამიანი ცოდვილია და სიკვდილს იმსახურებს; მარადიული სიცოცხლის მიღება მხოლოდ ღვთის გულმოწყალებით არის შესაძლებელი (რმ. 5:12, 21; 1ინ. 4:9, 10). იეჰოვა კაცობრიობისგან არაფრით არის დავალებული, ამიტომ მარადიული სიცოცხლე ძღვენია და არა ვინმეს პირადი დამსახურება (რმ. 5:15; 6:23; ტიტ. 3:4, 5). ეჭვგარეშეა, რომ იეჰოვამ კაცობრიობის მიმართ უსაზღვრო სიყვარული გამოავლინა (ინ. 3:16; რმ. 5:7, 8), მაგრამ ბიბლიურად არათუ გამართლებული, არამედ მცდარი იქნებოდა, თუ ადამიანთა ხსნას ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ჩავთვლიდით და დავასკვნიდით, რომ ამით განისაზღვრება ღვთის სიმართლე, სამართლიანობა და სიწმინდე. ფსალმუნმომღერლის თავმდაბლურად ნათქვამი სიტყვებიდან გამოჩნდა, როგორია სწორი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით: „ო, იეჰოვა, ჩვენო უფალო, რა დიდებულია შენი სახელი მთელ დედამიწაზე! შენს ღირსებას აუწყებენ ცის ზემოთ ... როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი, ვფიქრობ: რა არის მოკვდავი კაცი, რომ გახსოვს, ანდა ადამიანის ძე, რომ ზრუნავ მასზე?“ (ფს. 8:1, 3, 4; 144:3; შდრ. ეს. 45:9; 64:8). იეჰოვა ღმერთის სახელის განწმენდა სამართლიანად არის ყველა ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი. როგორც ღვთის ძემ აღნიშნა, ადამიანს მოყვასი საკუთარი თავივით, ღმერთი კი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულითა და მთელი ძალით უნდა უყვარდეს (მრ. 12:29—31). ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვა ჩვენი ოჯახის წევრებზე, ნათესავებსა და თვით სიცოცხლეზე მეტად გვიყვარდეს (კნ. 13:6—10; გმც. 12:11; შდრ. დნ. 3:16—18-ს, სადაც აღწერილია სამი ებრაელის განწყობა; იხ. მოშურნე, მოშურნეობა).
ბიბლიის ამ თვალსაზრისმა ადამიანები ჭეშმარიტ ღმერთს კი არ უნდა დააშოროს, არამედ უნდა აღძრას, მეტად დააფასონ იგი. იეჰოვას სრულიად სამართლიანად შეეძლო ცოდვილი ადამიანების განადგურება. აქედან გამომდინარე, რამდენად დიდია მისი წყალობა და გულმოწყალება, რომ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას აძლევს (ინ. 3:36). მას არ ახარებს ბოროტი ადამიანების სიკვდილი (ეზკ. 18:23, 32; 33:11), თუმცა მათთვის გამოტანილი განაჩენის აღსრულებისგან თავს არ შეიკავებს (ამ. 9:2—4; რმ. 2:2—9). იგი მომთმენი და სულგრძელია, რათა მორჩილი ადამიანები გადაარჩინოს (2პტ. 3:8—10), თუმცა თავისი დიდებული სახელის შეურაცხყოფას სამუდამოდ არ შეიწყნარებს (ფს. 74:10, 22, 23; ეს. 65:6, 7; 2პტ. 2:3). იგი თანამგრძნობია, ესმის ადამიანთა სისუსტეები და „მრავლის მიმტევებელია“ მომნანიებელთა მიმართ (ფს. 103:10—14; 130:3, 4; ეს. 55:6, 7), თუმცა მათ არ ათავისუფლებს ჩადენილი საქციელის შედეგებისგან, რომელიც გავლენას ახდენს მათზე ან მათი ოჯახის წევრებზე. ისინი იმკიან იმას, რასაც თესავენ (კნ. 30:19, 20; გლ. 6:5, 7, 8). ამგვარად, იეჰოვა სამართლიანობასა და გულმოწყალებას სრულყოფილად ავლენს. ვინც იზიარებს ზემოთ განხილულ ბიბლიურ თვალსაზრისს (ეს. 55:8, 9; ეზკ. 18:25, 29—31), ზერელედ არ მოეკიდება ღვთის წყალობას, ანუ მხედველობიდან არ გამორჩება მისი მიზანი, რადგან იცის, რომ ეს სერიოზული შეცდომა იქნება (2კრ. 6:1; ებ. 10:26—31; 12:29).
უცვლელი თვისებები და ნორმები. იეჰოვამ თავის ხალხს, ისრაელს უთხრა: „მე ვარ იეჰოვა, მე არ შევცვლილვარ“ (მლ. 3:6). ეს სიტყვები იეჰოვამ კაცობრიობის შექმნიდან 3 500 წლის, ხოლო აბრაამთან შეთანხმების დადებიდან 1 500 წლის შემდეგ წარმოთქვა. ზოგი ამტკიცებს, რომ ღმერთი, რომელსაც ჩვენ ებრაული წერილებიდან ვიცნობთ, განსხვავდება ღმერთისგან, რომელიც იესო ქრისტემ და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებმა გაგვაცნეს, თუმცა გამოკვლევა ამ შეხედულების უსაფუძვლობაზე მეტყველებს. მოწაფე იაკობი ღვთის შესახებ მართებულად აღნიშნავს, რომ ის „ცვალებად ჩრდილს არ ჰგავს“ (იაკ. 1:17). საუკუნეების განმავლობაში იეჰოვა ღმერთის თვისებები არ შეცვლილა, რადგან ამის აუცილებლობა არც ყოფილა. ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან ჩანს, რომ იეჰოვა ისეთივე მკაცრია, როგორიც მანამდე იყო და ისეთივე მოსიყვარულე, როგორიც ადამიანებთან ურთიერთობის დასაწყისში.
ერთი შეხედვით არსებული ეს სხვაობები, სინამდვილეში, ერთი და იმავე უცვლელი პიროვნების განსხვავებული მხარეებია. იეჰოვა ყოველთვის სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებდა და ყველა ადამიანს ინდივიდუალურად ეპყრობოდა, სწორედ ამით არის განპირობებული მისი განსხვავებული მიდგომა (შდრ. ეს. 59:1—4). იეჰოვა კი არა, ადამი და ევა შეიცვალნენ. მათ თავად ჩაიგდეს საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ იეჰოვას უცვლელი სამართლიანი ნორმების გამო ვეღარ იქნებოდნენ მისი ძვირფასი ოჯახის წევრები. როგორც სრულყოფილებს, მათ სრული პასუხისმგებლობა დაეკისრათ განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის (რმ. 5:14), რის გამოც ღვთის გულმოწყალება აღარ გავრცელდა მათზე. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ მათდამი წყალობა გამოავლინა — შემოსა ისინი და საუკუნეების განმავლობაში ედემის გარეთ ცხოვრებისა და შთამომავლობის ყოლის ნება დართო, ვიდრე დაიხოცებოდნენ თავიანთი ცოდვილი მდგომარეობის გამო (დბ. 3:8—24). ედემის ბაღიდან გაძევების შემდეგ, როგორც ჩანს, ღმერთმა ადამსა და ევასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა.
რატომ აქვს ურთიერთობა არასრულყოფილ ადამიანებთან. თავისი სამართლიანი ნორმებიდან გამომდინარე, იეჰოვა ადამისა და ევას შთამომავლობას სხვანაირად ეპყრობოდა, ვიდრე თავად მათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ადამის მოდგმას ცოდვა შთამომავლობით გადაეცა და არასრულყოფილება და ბოროტებისკენ მიდრეკილება დაბადებიდან დაჰყვა (ფს. 51:5; რმ. 5:12). აქედან გამომდინარე, ღმერთს ჰქონდა მათდამი გულმოწყალების გამოვლენის საფუძველი. ედემის ბაღში განაჩენის გამოტანისას იეჰოვას მიერ წარმოთქმული პირველი წინასწარმეტყველებიდან გამოჩნდა (დბ. 3:15), რომ მისი პირველი მიწიერი შვილების (აგრეთვე ერთ-ერთი სულიერი ძის) ურჩობის გამო ის არც გაბოროტებულა და არც სიყვარული განელებია. ამ წინასწარმეტყველებაში, რომელსაც ნათელი სრულად ათასწლეულების შემდეგ მოეფინა, ღმერთმა სიმბოლური ენით ახსნა, თუ როგორ გამოასწორებდა ურჩობით გამოწვეულ მდგომარეობას და როგორ აღადგენდა სრულყოფილ პირობებს (შდრ. ერთმანეთს „გველის“, „ქალისა“ და „შთამომავლის“ სიმბოლური მნიშვნელობები შემდეგ მუხლებში: გმც. 12:9, 17; გლ. 3:16, 29; 4:26, 27).
იეჰოვამ დაუშვა, რომ ადამის შთამომავლობას დედამიწაზე ათასობით წელი ეარსება, მაგრამ ისინი არასრულყოფილები იყვნენ და თავს ვერ დააღწევდნენ ცოდვის მომაკვდინებელ მარწუხებს. მოციქულმა პავლემ ახსნა, თუ რატომ მიიღო იეჰოვამ ეს გადაწყვეტილება: „ვინაიდან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის [იეჰოვა ღმერთის] ნებით იმ იმედის საფუძველზე, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას. ვიცით, რომ მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რმ. 8:20—22). როგორც ახსნილია სტატიაში წინასწარგანჭვრეტა, წინასწარგანწესება, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იეჰოვამ წინასწარ იცოდა, გადაუხვევდნენ თუ არა პირველი ადამიანები სწორი გზიდან. თუმცა ამის შემდეგ, იეჰოვამ უკვე წინასწარ განსაზღვრა, როგორ გამოასწორებდა ამ ვითარებას (ეფ. 1:9—11). ედემში წარმოთქმულ სიმბოლურ წინასწარმეტყველებაში დაფარული წმინდა საიდუმლო საბოლოოდ გაცხადდა იეჰოვას მხოლოდშობილი ძის მეშვეობით, რომელიც დედამიწას იმიტომ მოევლინა, რომ „ჭეშმარიტების შესახებ“ დაემოწმებინა და „ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით სიკვდილი ეგემა ყველას გულისთვის“ (ინ. 18:37; ებ. 2:9; იხ. გამოსასყიდი).
მართალია, ღმერთს ურთიერთობა ჰქონდა ცოდვილი ადამის ზოგიერთ შთამომავალთან, რომლებსაც აკურთხებდა კიდეც, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ იეჰოვას სრულყოფილი სამართლიანი ნორმები შეიცვალა. ეს არც იმას ნიშნავდა, რომ იგი იწონებდა მათ ცოდვილ მდგომარეობას. ვინაიდან მისი განზრახვების შესრულებას წინ ვერაფერი დაუდგება, იეჰოვა ისე „მიმართავს არარსებულს, თითქოს არსებობდეს“ (მან აბრამს მაშინ დაარქვა „აბრაამი“ ანუ „მამა სიმრავლისა“, როდესაც ის ჯერ კიდევ უშვილო იყო) (რმ. 4:17). იეჰოვა თავის დროზე (გლ. 4:4) გაიღებდა გამოსასყიდს, რის საფუძველზეც კანონიერად აპატიებდა ხალხს ცოდვებს და აღმოფხვრიდა არასრულყოფილებას (ეს. 53:11, 12; მთ. 20:28; 1პტ. 2:24). ამიტომაც არ გაწყვიტა იეჰოვამ ცოდვის შვილებთან, არასრულყოფილ ადამიანებთან, ურთიერთობა და მათ იმის საშუალება მისცა, რომ მისთვის ემსახურათ. მას სამართლიანად შეეძლო, ისინი მართლებად ჩაეთვალა, რადგან მათ ირწმუნეს იეჰოვას დაპირებები და ისიც, რომ ეს დაპირებები შესრულდებოდა იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელიც ცოდვების გამოსასყიდად სრულყოფილ მსხვერპლს გაიღებდა (იაკ. 2:23; რმ. 4:20—25). იეჰოვას მიერ გაღებული გამოსასყიდი და ამ გამოსასყიდით მიღებული კურთხევები აშკარად მოწმობს იეჰოვას სიყვარულსა და გულმოწყალებაზე. უფრო მეტიც, ეს იმის მაჩვენებელიცაა, რომ ის თავისი აღმატებული სამართლიანი ნორმების ერთგულია. გამოსასყიდით მან აჩვენა „თავისი სიმართლე ჩვენს დროში, რათა ის მართალი იყოს, როცა მართლებად აღიარებს მათ [თუმცა არასრულყოფილებს], ვისაც იესო სწამს“ (რმ. 3:21—26; შდრ. ეს. 42:21; იხ. მართლად აღიარება).
რატომ იბრძვის „მშვიდობის ღმერთი“. იეჰოვას წინასწარმეტყველება, რომ მტრობას ჩამოაგდებდა თავისი მოწინააღმდეგის შთამომავლობასა და „ქალის“ შთამომავლობას შორის, არ ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ ის „მშვიდობის ღმერთია“ (დბ. 3:15; რმ. 16:20; 1კრ. 14:33). ეს სიტყვები იესო ქრისტეს დედამიწაზე ყოფნისას კვლავაც აქტუალური იყო. იესომ თქვა: „არ იფიქროთ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი, მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი“ (მთ. 10:32—40). იესო იცავდა ღვთის სამართლიან ნორმებსა და ჭეშმარიტებას და საუბრობდა მათ შესახებ. მისი მსახურება ოჯახებშიც იწვევდა განხეთქილებას (ლკ. 12:51—53), რადგან ზოგი გულს იქვავებდა და არ იღებდა ჭეშმარიტებას, ზოგი კი პირიქით (ინ. 8:40, 44—47; 15:22—25; 17:14). ღვთის პრინციპების დამცველთათვის განხეთქილება გარდაუვალი იყო, თუმცა ამის მიზეზი ისინი კი არა, ჭეშმარიტების უარმყოფელნი იყვნენ.
ნაწინასწარმეტყველები მტრობა იმის გამოც ჩამოვარდებოდა, რომ იეჰოვა, თავისი სრულყოფილი ნორმებიდან გამომდინარე, ვერ შეიწყნარებდა სატანის „შთამომავლობის“ ურჩობას. განხეთქილების მიზეზი ისიც გახდებოდა, რომ ღმერთი ურჩებს არ შეიწყალებდა, სიმართლის დამცველებს კი აკურთხებდა (ინ. 15:18—21; იაკ. 4:4), რაზეც კაენისა და აბელის შემთხვევაც მოწმობს (დბ. 4:2—8; ებ. 11:4; 1ინ. 3:12; იუდ. 10, 11; იხ. კაენი).
ადამიანებისა და ბოროტი ანგელოზების ურჩობამ ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას კანონიერი უფლება, ყოფილიყო უზენაესი ხელისუფალი, და საფრთხე შეუქმნა ჰარმონიას სამყაროში. ამ იერიშის მოსაგერიებლად იეჰოვა „მამაც მეომრად“ უნდა ქცეულიყო (გმ. 15:3—7), დაეცვა თავისი რეპუტაცია და სამართლიანი ნორმები, ებრძოლა თავის ერთგულ მსახურთა სასარგებლოდ და აღესრულებინა განაჩენი მათზე, ვინც განადგურებას იმსახურებდა (1სმ. 17:45; 2მტ. 14:11; ეს. 30:27—31; 42:13). იგი თავს არ იკავებს თავისი უსაზღვრო, და ზოგჯერ გამანადგურებელი, ძალის გამოყენებისგან, როგორც ეს წარღვნის, სოდომისა და გომორის განადგურებისა და ეგვიპტის მონობიდან ისრაელის გათავისუფლების დროს მოხდა (კნ. 7:9, 10). მას არც თავისი სამართლიანი საომარი გეგმების გაცხადების ეშინია და არც საბოდიშო აქვს რაიმე (იობ. 34:10—15; 36:22—24; 37:23, 24; 40:1—8; რმ. 3:4). მას მოქმედებისკენ აღძრავს ჯეროვანი პატივისცემა თავისი სახელისა და სიმართლისადმი, რომლის გარანტიასაც მისი სახელი და მის მოყვარულთა სიყვარული იძლევა (ეს. 48:11; 57:21; 59:15—19; გმც. 16:5—7).
იმავე აზრს ვხედავთ ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდანაც. მოციქული პავლე თანაქრისტიანებს შემდეგი სიტყვებით ამხნევებდა: „მშვიდობის მომცემი ღმერთი მალე შემუსრავს სატანას თქვენ ფეხქვეშ“ (რმ. 16:20; შდრ. დბ. 3:15). მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ღვთის მხრიდან სამართლიანია, გასაჭირი მიუზღოს მათ, ვინც მის მსახურებს გასაჭირში აგდებს და სამუდამოდ გაანადგუროს ისინი (2თს. 1:6—9). ამგვარი მოქმედება ეთანხმება ღვთის ძის სწავლებებს. მან ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ მისი მამა არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხევს და ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ბოროტებას (მთ. 13:30, 38—42; 21:42—44; 23:33; ლკ. 17:26—30; 19:27). წიგნ „გამოცხადებაში“ აღწერილია ღვთის ნებით განხორციელებული საომარი მოქმედებები, რომლებიც საბოლოოდ, იეჰოვას სიბრძნის წყალობით, საყოველთაო მარადიულ მშვიდობას მოიტანს, რომელსაც სამართლიანობა და სიმართლე დაედება მყარ საფუძვლად (ეს. 9:6, 7; 2პტ. 3:13).
ურთიერთობა ხორციელ და სულიერ ისრაელთან. შინაარსობრივი სხვაობა, რომელიც ებრაულ და ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს შორის შეინიშნება, უმთავრესად განპირობებულია იმით, რომ ებრაულ წერილებში ძირითადად აღწერილია იეჰოვას ურთიერთობა ხორციელ ისრაელთან, ხოლო ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში — სულიერ ისრაელთან, ქრისტიანულ კრებასთან. როგორც ვხედავთ, გამოიკვეთა ადამიანთა ორი კატეგორია: ერთი წარმომავლობის მილიონობით კარგი თუ ცუდი ადამიანისგან შემდგარი ერი და იესო ქრისტეს მეშვეობით ღმერთთან დაახლოებული ადამიანებისგან შემდგარი სულიერი ერი, რომელსაც ჭეშმარიტება და სიმართლე უყვარს და ღვთის ნების შესრულებას საკუთარი სურვილით უძღვნის თავს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ღმერთს ამ ორ ჯგუფთან განსხვავებული ურთიერთობა ექნებოდა და პირველი ჯგუფი უფრო მეტად დაიმსახურებდა რისხვასა და მკაცრ მოპყრობას, ვიდრე მეორე.
მიუხედავად ამისა, ხორციელ ისრაელთან ღმერთის ურთიერთობაში მისი პიროვნების არაერთი დადებითი მხარე გამოჩნდა, რისი დაუნახაობაც დიდი შეცდომა იქნებოდა. ამ ურთიერთობიდან თვალნათლივ ჩანს, რომ იეჰოვა სწორედ ისეთი პიროვნებაა, როგორადაც მან მოსეს აღუწერა თავი: „იეჰოვა, იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში; ათასებისთვის ინახავს სიკეთეს, პატიობს დანაშაულს, შეცოდებასა და ცოდვას, თუმცა დასასჯელს დაუსჯელად არ ტოვებს, მამათა დანაშაულის გამო სჯის შვილებსა და შვილიშვილებს მესამე და მეოთხე თაობამდე“ (გმ. 34:4—7; შდრ. გმ. 20:5).
ისრაელი ერის (რომლის დიდი ნაწილი „ქედმოუხრელი“ და „გულქვა“ აღმოჩნდა) ისტორიიდან იეჰოვას სრულყოფილი სამართლიანობა, განსაკუთრებით კი მისი სიყვარული, მოთმინება და სულგრძელობა ჩანს (გმ. 34:8, 9; ნემ. 9:16, 17; იერ. 7:21—26; ეზკ. 3:7). იეჰოვამ, თავის წინასწარმეტყველთა პირით, ისრაელი ბევრჯერ მკაცრად გაკიცხა, რაც მის უდიდეს გულმოწყალებასა და სულგრძელობაზე მეტყველებდა. იეჰოვა 1 500 წელზე მეტი ხნის მანძილზე ისრაელისადმი მოთმინებას იჩენდა და მას შემდეგაც, რაც რელიგიური წინამძღოლების წაქეზებით მისი ძე მოკლეს, სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში კვლავაც სწყალობდა მათ, რადგან მხოლოდ მათ აძლევდა სასიხარულო ცნობის მოსმენის საშუალებას. ამგვარად, მან კიდევ ერთხელ მისცა ისრაელებს თავის ძესთან ერთად მეფობის შესაძლებლობა, რაც ათასობით მომნანიებელმა ხელიდან არ გაუშვა (სქ. 2:1—5, 14—41; 10:24—28, 34—48; იხ. სამოცდაათი კვირა).
იესო ქრისტეს, როგორც ჩანს, მხედველობაში ჰქონდა ზემოთ ციტირებული იეჰოვას სიტყვები დამნაშავეთა შთამომავლების დასჯაზე, როდესაც თვალთმაქც მწიგნობრებსა და ფარისევლებს უთხრა: «ამბობთ: „ჩვენი მამა-პაპის დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამონაწილენი წინასწარმეტყველთა სისხლში“. ამით საკუთარი თავის წინააღმდეგ მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძეები ხართ. მაშ, აავსეთ თქვენი მამა-პაპის საწყაო» (მთ. 23:29—32). ღვთის ერთგულებად კი მოჰქონდათ თავი, მაგრამ საქმეებით მამა-პაპის არასწორ საქციელს ამართლებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ თავადაც იეჰოვას მოძულენი იყვნენ (გმ. 20:5; მთ. 23:33—36; ინ. 15:23, 24). ამიტომ იმ იუდეველთაგან განსხვავებით, რომლებმაც მოინანიეს და გაითვალისწინეს ღვთის ძის სიტყვები, მათ ღვთის განაჩენი დაიტეხეს თავს, როდესაც წლების შემდეგ ალყაში მოქცეული იერუსალიმი განადგურდა და მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დაიხოცა. მათ შეეძლოთ, თავი დაეღწიათ სიკვდილისგან, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ისარგებლეს იეჰოვას წყალობით (ლკ. 21:20—24; შდრ. დნ. 9:10, 13—15).
მის თვისებებს მისი ძე ირეკლავდა. იესო ქრისტე ზედმიწევნით ირეკლავდა თავისი მამის, იეჰოვა ღმერთის, შესანიშნავ თვისებებს, რომლის სახელითაც იყო დედამიწაზე მოსული (ინ. 1:18; მთ. 21:9; ინ. 12:12, 13; შდრ. ფს. 118:26). იესომ თქვა: „ძე თავისით არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რასაც ხედავს, რომ მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმავეს აკეთებს“ (ინ. 5:19). როგორც ვხედავთ, იესოს სიკეთე და თანაგრძნობა, სითბო და რბილი ხასიათი, სიმართლის ძლიერი სიყვარული და ბოროტების სიძულვილი (ებ. 1:8, 9) უშუალოდ მამისგან, იეჰოვა ღმერთისგან, ჰქონდა ნასწავლი (მთ. 9:35, 36 შდრ. ფს. 23:1—6-ს და ეს. 40:10, 11-ს; მთ. 11:27—30 შდრ. ეს. 40:28—31-სა და 57:15, 16-ს; ლკ. 15:11—24 შდრ. ფს. 103:8—14-ს; ლკ. 19:41—44 შდრ. ეზკ. 18:31, 32-ს; ეზკ 33:11).
სიმართლისა და ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვის მოყვარულთ, რომლებიც ბოლომდე სწვდებიან იეჰოვას სახელის მნიშვნელობას (ფს. 9:9, 10; 91:14; იერ. 16:21), სრული საფუძველი აქვთ, უყვარდეთ და აკურთხონ ეს სახელი (ფს. 72:18—20; 119:132; ებ. 6:10), განადიდონ და ხოტბა შეასხან მას (ფს. 7:17; ეს. 25:1; ებ. 13:15), ეშინოდეთ მისი და განწმინდონ ის (ნემ. 1:11; მლ. 2:4—6; 3:16—18; მთ. 6:9), ჰქონდეთ მისი იმედი (ფს. 33:21; იგ. 18:10) და გაიზიარონ ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „მთელი სიცოცხლე ვუმღერებ იეჰოვას, ქებას ვუმღერებ ჩემს ღმერთს, სანამ ცოცხალი ვარ. სასიამოვნო იყოს ჩემი ფიქრები მასზე; იეჰოვათი გავიხარებ. ცოდვილებს ბოლო მოეღებათ დედამიწაზე; აღარ იარსებებენ ბოროტები. აკურთხე იეჰოვა, ჩემო სულო. ადიდეთ იაჰი!“ (ფს. 104:33—35).
[სურათი]
იერუსალიმში ნაპოვნი ვერცხლი, რომელზეც ღვთის სახელია ამოტვიფრული; სავარაუდოდ, ძვ. წ. VII-VI სს.
[სურათი]
ნაწყვეტი ფსალმუნებიდან (მკვდარი ზღვის ხელნაწერი). ტეტრაგრამატონი ძველი ებრაული ასოებით არაერთ ადგილას ჩანს
[სურათი]
ზოგიერთი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების იმ თარგმანთაგან, რომლებიც შეიცავს ღვთის სახელს
[სურათი]
Novum Testamentum Domini Nostri Iesu Christi, ელიას ჰატერის თარგმანი (ებრაულ ენაზე); გამოცემულია ნიურნბერგში; 1599; ეფესოელები 5:17
The New Testament of Our Lord and Saviour Jesus Christ, ჯონ ელიოტის თარგმანი (მასაჩუსეტურ ენაზე); გამოცემულია კემბრიჯში, 1661, მათე 21:9
A Literal Translation of the New Testament ... From the Text of the Vatican Manuscript, ჰერმან ჰაინფეტერის თარგმანი (ინგლისურ ენაზე); გამოცემულია ლონდონში; 1863; მარკოზი 12:29, 30
Sämtliche Schriften des Neuen Testaments, იოჰან იაკობ შტოლცის თარგმანი (გერმანულ ენაზე); გამოცემულია ციურიხში; 1781, 1782; რომაელები 15:11