ᲐᲠᲥᲔᲝᲚᲝᲒᲘᲐ
ბიბლიური არქეოლოგია სწავლობს ბიბლიაში მოხსენიებულ ხალხებსა და მოვლენებს ნამარხი მატერიალური კულტურის ძეგლების მიხედვით. არქეოლოგი თხრის და იკვლევს ქვებს, დანგრეულ კედლებს, შენობებსა და ქალაქებს, პოულობს თიხის ჭურჭელსა და ფირფიტებს, წარწერებს, აკლდამებსა და სხვა უძველეს ნაშთებს ანუ არტეფაქტებს, და მათი მეშვეობით აგროვებს ინფორმაციას. ასეთი გამოკვლევების შედეგად მეტს ვიგებთ იმ გარემოებების შესახებ, რომლებშიც ბიბლია დაიწერა და ღვთისმოშიში ადამიანები ცხოვრობდნენ, და იმ ენების შესახებ, რომლებზეც ისინი და მათ გარშემო მცხოვრები ხალხები ლაპარაკობდნენ. მათ გაგვიღრმავეს ცოდნა ბიბლიაში მოხსენიებული ტერიტორიების — პალესტინის, ეგვიპტის, სპარსეთის, ასურეთის, ბაბილონის, მცირე აზიის, საბერძნეთისა და რომის შესახებ.
ბიბლიური არქეოლოგია მეცნიერების შედარებით ახალი დარგია. ეგვიპტური იეროგლიფების წაკითხვა მხოლოდ 1822 წელს გახდა შესაძლებელი, როცა როზეტის ქვა გაშიფრეს, ასურული ლურსმული წარწერის გაშიფვრა კი — 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ. სისტემატური გათხრები ასურეთში 1843 წლიდან დაიწყო, ეგვიპტეში კი — 1850 წლიდან.
მნიშვნელოვანი ადგილები და აღმოჩენები. არქეოლოგიამ დაადასტურა ბიბლიის არაერთი ისტორიული ცნობა, რომლებიც ზემოხსენებულ ქვეყნებს უკავშირდება, და გააბათილა მათთან დაკავშირებული ეჭვები. კრიტიკოსები სკეპტიკურად უყურებდნენ ბაბილონის გოდლის არსებობას, უარყოფდნენ ბაბილონის მეფე ბელშაცარისა და ასურეთის მეფე სარგონის არსებობას (მათი სახელები არაბიბლიურ წყაროებში მხოლოდ მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს) და აკრიტიკებდნენ ამ ქვეყნების შესახებ ბიბლიურ ინფორმაციას. თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ მათი კრიტიკა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყო. უფრო მეტიც, არქეოლოგიური გათხრების შედეგად იპოვეს უამრავი ნივთიერი მტკიცება, რომლებიც სრულად ეთანხმება ბიბლიურ ცნობებს.
ბაბილონის სამეფო. ძველი ქალაქის, ბაბილონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ნანგრევებში აღმოაჩინეს რამდენიმე ზიკურათი, ანუ საფეხურებად აგებული საკულტო კოშკი. აქედან ერთ-ერთი, ეთემენანქის ზიკურათი, ბაბილონის გალავნის შიგნით იყო მოქცეული. ასეთ ტაძრებთან დაკავშირებულ ძველ ჩანაწერებსა თუ წარწერებში ხშირად ვხვდებით სიტყვებს: „მისი წვერი ცას მისწვდეს“. მეფე ნაბუქოდონოსორს ერთხელ უთქვამს: „ეთემენანქში მე აღვმართე საფეხურებიანი კოშკი, რომლის წვერიც ცას ეჯიბრება“. ბაბილონში მარდუქის ტაძრის ჩრდილოეთით აღმოჩენილ თიხის ნატეხზე შესრულებული წარწერა შესაძლოა უკავშირდება ასეთი კოშკის დანგრევასა და ენების არევას (The Chaldean Account of Genesis, ჯორჯ ადამ სმითი, გადამუშავებულია და ჩასწორებულია ა. ჰ. სეისი, 1880, გვ. 164).
ბაბილონში იშთარის კარიბჭესთან ახლოს აღმოაჩინეს დაახლოებით 300 ლურსმულად ნაწერი თიხის ფირფიტა, რომლებიც ნაბუქოდონოსორის მმართველობის პერიოდით თარიღდება. იმ დროს ბაბილონში მცხოვრებ მუშებსა და ტყვეებს შორის, რომლებსაც საკვები ეძლეოდათ, მოხსენიებულია „იაჰუდის მეფე იაუკინი“, ანუ „იუდას მეფე იეჰოიაქინი“, რომელიც ძვ. წ. 617 წელს იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა ბაბილონში. შემდგომმა მეფემ, აველ-მარდუქმა (ევილ-მეროდაქი), გაათავისუფლა ის საპყრობილიდან და ყოველდღიური სარჩო დაუნიშნა (2მფ. 25:27—30). ამ ფირფიტებზე იეჰოიაქინის ხუთი ვაჟიც არის მოხსენიებული (1მტ. 3:17, 18).
უამრავი მტკიცება იქნა აღმოჩენილი ბაბილონის პანთეონის, მათ შორის უზენაესი ღვთაება მარდუქისა (მოგვიანებით უწოდებდნენ ბელს) და ღვთაება ნებოს შესახებ. ორივე ღვთაება მოხსენიებულია ესაიას 46:1, 2-ში. ნაბუქოდონოსორის წარწერები ძირითადად ეხება მის ფართომასშტაბიან სამშენებლო საქმიანობას, რამაც ბაბილონი დიდებულ ქალაქად აქცია (შდრ. დნ. 4:30). მისი მემკვიდრის, აველ-მარდუქის (2მფ. 25:27-ში ევილ-მეროდაქი) სახელი წერია სუსაში (ელამი) ნაპოვნ ვაზაზე.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ბაღდადის სიახლოვეს ჩატარებული გათხრების დროს იპოვეს უამრავი თიხის ფირფიტა და ცილინდრი, მათ შორის ცნობილი „ნაბონიდის ქრონიკა“. დანიელის მე-5 თავში ნათქვამია, რომ ბაბილონის დაცემის დროს იქ ბელშაცარი მეფობდა, რაც ბევრს სიმართლედ არ მიაჩნდა. მაგრამ „ნაბონიდის ქრონიკამ“ დაადასტურა, რომ ბელშაცარი, ნაბონიდის უფროსი ვაჟი, მამის თანამმართველი იყო და ნაბონიდის მმართველობის ბოლო პერიოდში ბაბილონის სრულუფლებიანი მმართველი გახდა.
არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ უძველესი ქალაქი ური, სადაც ერთ დროს აბრაამი ცხოვრობდა (დბ. 11:28—31), მნიშვნელოვანი და კარგად განვითარებული დიდი ქალაქი იყო. ეს შუმერული ქალაქი მდებარეობდა ევფრატის სანაპიროზე სპარსეთის ყურესთან ახლოს. სერ ლენარდ ვულის მიერ ჩატარებულმა გათხრებმა ცხადყო, რომ ური დიდების მწვერვალზე იყო, როცა აბრაამი ქანაანის გზას დაადგა (ძვ. წ. 1943-მდე). მისი ზიკურათი აღმოჩენილთაგან ყველაზე კარგად არის შენახული. ურის სამეფო აკლდამებში იპოვეს დიდი რაოდენობით საუცხოოდ დამუშავებული ოქროს ნივთი და სამკაული, აგრეთვე მუსიკალური ინსტრუმენტები, მაგალითად ქნარი (შდრ. დბ. 4:21). იქ იპოვეს ფოლადის (და არა უბრალოდ რკინის) პატარა ცულიც (შდრ. დბ. 4:22). ათასობით აღმოჩენილი თიხის ფირფიტიდან ბევრს ვიგებთ თითქმის 4 000 წლის წინ მცხოვრები ხალხის ყოფა-ცხოვრებაზე (იხ. ᲣᲠᲘ №5). ბაღდადიდან 32 კილომეტრის მოშორებით ევფრატის სანაპიროზე უძველესი ქალაქის, სიფარის ადგილას იპოვეს თიხის ცილინდრი, რომელიც ბაბილონის დამპყრობლის, მეფე კიროსის შესახებ მოგვითხრობს. ამ ცილინდრიდან ვიგებთ, რომ კიროსმა ადვილად დაიპყრო ქალაქი და მისი პოლიტიკა ბაბილონში გადასახლებული ხალხების თავიანთ სამშობლოში დაბრუნებას ითვალისწინებდა. ეს ადასტურებს ბიბლიაში კიროსზე ჩაწერილს, რომ ის დაიპყრობდა ბაბილონს და მისი მმართველობის დროს იუდეველები პალესტინაში დაბრუნდებოდნენ (ეს. 44:28; 45:1; 2მტ. 36:23).
ასურეთი. ხორსაბადთან ახლოს, რომელიც მდინარე ტიგროსის ჩრდილოეთ შენაკადთან მდებარეობს, 1843 წელს დაახლოებით 10 ჰა ფართობის შემაღლებულ ადგილზე აღმოაჩინეს ასურეთის მეფე სარგონ II-ის სასახლე. ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ესაიას 20:1-ში მოხსენიებული სარგონ, რომელზეც სხვა ისტორიული ცნობები არ მოიპოვებოდა, მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა გახდა (სურათი ტ. 1, გვ. 960). თავის ერთ-ერთ მატიანეში ის სამარიის დაპყრობას იკვეხნის (ძვ. წ. 740). ის აგრეთვე მოიხსენიებს აშდოდის დაპყრობას, რაზეც ესაიას 20:1 საუბრობს. ბევრი გამოჩენილი ისტორიკოსისთვის ერთ დროს უცნობი სარგონ II ახლა ასურეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეფე გახდა.
გათხრების დროს ასურეთის დედაქალაქ ნინევეში აღმოაჩინეს სინახერიბის უზარმაზარი, 70-ოთახიანი სასახლე. სასახლის კედლები მოპირკეთებული იყო ბარელიეფებით, რომელთა საერთო სიგრძე 3 000 მეტრს აღემატებოდა. ერთ-ერთ ბარელიეფზე გამოსახულია იუდეველი პატიმრები, რომლებიც ლაქიშის დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 732) მიჰყავთ ტყვეობაში (2მფ. 18:13—17; 2მტ. 32:9; სურათი, ტ. 1, გვ. 952). უფრო დიდ ინტერესს იწვევს ნინევეში ნაპოვნი სინახერიბის ანალები, რომლებიც პრიზმებზე (თიხის ცილინდრი) იყო შესრულებული. ერთ პრიზმაზე სინახერიბი აღწერს ხიზკიას მმართველობის დროს ასურელთა ლაშქრობას პალესტინაში (ძვ. წ. 732). აღსანიშნავია, რომ ეს მკვეხარა მეფე პრეტენზიას არ აცხადებს იერუსალიმის აღებაზე, რაც ბიბლიაში ჩაწერილს ეთანხმება (იხ. ᲡᲘᲜᲐᲮᲔᲠᲘᲑᲘ). ასარხადონის (სინახერიბის შემდგომი მეფე) წარწერიდან ვიგებთ, რომ სინახერიბი თავისივე ვაჟებმა მოკლეს. მისი მკვლელობა მომდევნო მეფის ერთ წარწერაშიც მოიხსენიება (2მფ. 19:37). სინახერიბის მიერ მეფე ხიზკიას მოხსენიების გარდა, იუდას მეფეები, ახაზი და მენაშე, აგრეთვე ისრაელის მეფეები — ომრი, იეჰუ, იეჰოაში, მენახემი, ჰოშეა და დამასკოს მეფე ხაზაელი, მოხსენიებულნი არიან ასურეთის მეფეების ლურსმულ წარწერებში.
სპარსეთი. ირანში (ძველი სპარსეთი) ბეჰისტუნთან ახლოს მეფე დარიოს I-მა (ძვ. წ. 521—486; ეზრ. 6:1—15) დიდი წარწერა გააკეთებინა კლდეზე, სადაც ის აღწერს, როგორ გააერთიანა სპარსეთის იმპერია და ამას თავის ღვთაება აჰურამაზდას მიაწერს. ეს წარწერა ღირებულია უმთავრესად იმის გამო, რომ შესრულებულია სამ ენაზე — აქადურ (ბაბილონურ), ელამურ და ძველ სპარსულ ენებზე, რამაც შესაძლებელი გახადა აქადური (ასურულ-ბაბილონური) ლურსმული დამწერლობის გაშიფვრა. ამის შემდეგ შეძლეს აქადურ ენაზე შესრულებული ათასობით თიხის ფირფიტისა და წარწერის წაკითხვა.
1880—1890 წლებში ფრანგმა არქეოლოგებმა გათხარეს ქალაქი შუშანი, სადაც ხდებოდა წიგნ „ესთერში“ აღწერილი მოვლენები (ესთ. 1:2). მათ აღმოაჩინეს ქსერქსეს სასახლე, რომელსაც დაახლოებით 1 ჰა ფართობი ეკავა. სასახლე სპარსეთის მეფეების ბრწყინვალებასა და დიდებულებაზე მეტყველებდა. ამ აღმოჩენებმა დაადასტურა წიგნ „ესთერში“ აღწერილი სპარსეთის სამეფოს მართვისა და სასახლის არქიტექტურასთან დაკავშირებული დეტალების სიზუსტე. ი. მ. პრაისი თავის წიგნში აღნიშნავს: „არ არსებობს ძველ აღთქმაში აღწერილი ამბავი, რომლის განვითარების ადგილის წარმოდგენაც ისე ცხადად და ზუსტად შეგვეძლოს გათხრების შემდეგ, როგორც შუშანის სასახლისა“ (The Monuments and the Old Testament, 1946, გვ. 408; იხ. ᲨᲣᲨᲐᲜᲘ).
მარი და ნუზი. 1933 წლიდან გათხრები მიმდინარეობდა უძველეს სამეფო ქალაქ მარიში (თელ-ჰარირი) მდინარე ევფრატთან ახლოს, სამხრ.-აღმ. სირიის ქალაქ აბუ-ქამალიდან ჩრდ. ჩრდ.-დას-ით დაახლოებით 11 კმ-ში. აღმოაჩინეს უზარმაზარი სასახლე, რომელსაც 6 ჰა ეკავა, 300 ოთახი ჰქონდა და საცავებში 20 000-ზე მეტი თიხის ფირფიტა ინახებოდა. სასახლის კომპლექსში შედიოდა მეფის შიდა სასახლეები, ადმინისტრაციული შენობები და გადამწერთა სკოლები. ბევრ კედელს ამშვენებდა უზარმაზარი ფრესკები, აბაზანებში იპოვეს კასრები, სამზარეულოებში კი ნამცხვრის საცხობი ფორმები. როგორც ჩანს, ის ძვ. წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდებული ქალაქი იყო. თიხის ფირფიტები შეიცავდა სამეფო განკარგულებებს, საჯარო ცნობებს, ანგარიშებს და არხების, რაბების (არხში წყლის გადასაკეტი მოწყობილობა), კაშხლებისა და სხვა სარწყავი სისტემების მშენებლობის ბრძანებებს, აგრეთვე იმპორტის, ექსპორტისა და საგარეო საქმეების კორესპონდენციას. გადასახადების აკრეფისა და ჯარში გაწვევის მიზნით ხშირად ტარდებოდა მოსახლეობის აღწერა. რელიგიას გამოჩენილი მდგომარეობა ეკავა, განსაკუთრებით იშთარის, ნაყოფიერების ქალღმერთის თაყვანისცემას, რომლის ტაძარიც გათხრების დროს აღმოაჩინეს. ბაბილონის მსგავსად, აქაც მკითხაობდნენ ღვიძლსა და ვარსკვლავებზე დაკვირვებით და სხვა მსგავსი მეთოდებით. ქალაქის უდიდესი ნაწილი გაანადგურა ბაბილონის მეფე ხამურაბმა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს წარწერებში მოხსენიებული ჩრდ. შუამდინარეთის ქალაქების სახელები — ფელეგი, სერუგი, ნახორი, თერახი და ხარანი, რომლებიც აბრაამის ნათესავებს ერქვათ (დბ. 11:17—32).
ტიგროსის აღმოსავლეთით და ნინევეს სამხრ.-აღმ-ით მდებარე უძველეს ქალაქ ნუზიში 1925—1931 წლებში ჩატარებული გათხრების დროს აღმოაჩინეს უძველესი თიხის რუკა, აგრეთვე მტკიცებები, რომ ჯერ კიდევ ძვ. წ. მე-15 საუკუნეში ყიდვა-გაყიდვა განვადებითაც ხდებოდა. იქვე იპოვეს დაახლოებით 20 000 თიხის ფირფიტა, რომლებიც სავარაუდოდ ხურიტი გადამწერების მიერ იყო დაწერილი აქადურ ენაზე. ისინი დაწვრილებით ინფორმაციას შეიცავს იმდროინდელ სამართალწარმოებაზე, მათ შორის ბავშვის შვილებაზე, საქორწინო გარიგებაზე, მემკვიდრეობის უფლებასა და ანდერძზე. ზოგიერთი ჩვეულება ჰგავს დაბადების წიგნში აღწერილ პატრიარქებისდროინდელ ჩვეულებებს. მაგალითად, უშვილო წყვილი შვილად იყვანდა თავისუფალ ან მონა ბიჭს, რათა მათზე ეზრუნა, დაემარხა ისინი და მათი მემკვიდრე ყოფილიყო. მსგავს ჩვეულებაზე მიანიშნებს აბრაამიც დაბადების 15:2-ში, როცა თავის ერთგულ მონა ელეაზარს მემკვიდრედ მოიხსენიებს. თიხის ფირფიტაზე აღწერილი პირმშოობის გაყიდვა გვახსენებს იაკობისა და ესავის შემთხვევას (დბ. 25:29—34) წარწერებიდან აგრეთვე ვიგებთ, რომ ოჯახის ღმერთების ქონა (ხშირად ეს იყო თიხის პატარა ქანდაკებები) საკუთრების დამადასტურებელ საბუთად ითვლებოდა. ასე რომ, ვისაც ეს ღმერთები ექნებოდა, მთელი ქონების გამოყენების ან მემკვიდრეობით მიღების უფლება ჰქონდა. შესაძლოა, რახელმა ამ მიზნით აიღო მამამისის თერაფიმი და მამამისსაც ამ მიზეზით უნდოდა კერპების უკან დაბრუნება (დბ. 31:14—16, 19, 25—35).
ეგვიპტე. ბიბლიიდან ეგვიპტეზე ყველაზე სრულ წარმოდგენას გვიქმნის იოსების იქ ჩაყვანისა და მოგვიანებით იაკობის მთელი ოჯახის გადასვლისა და ხიზნობის შესახებ მონათხრობი. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს ბიბლიის ამ მონაკვეთის სიზუსტეს, აგრეთვე იმას, რომ შეუძლებელი იყო, დამწერს სხვა, უფრო გვიანდელ ეპოქაში ეცხოვრა (როგორც ამას ამტკიცებდა ზოგი კრიტიკოსი „დაბადების“ ამ მონაკვეთის დამწერზე). ერთ წიგნში იოსების ისტორიის დამწერზე ნათქვამია: „ის იყენებს იმ პერიოდის შესაბამის ზუსტ წოდებებს და ებრაული შესატყვისის არქონის შემთხვევაში, უბრალოდ, ეგვიპტური სიტყვის ტრანსლიტერაციას აკეთებს“ (New Light on Hebrew Origins, ჯ. გ. დანკანი, 1936, გვ. 174). ეგვიპტური სახელები, იოსებისთვის ფოტიფარის „სახლის ზედამხედველის“ მოვალეობის მინიჭება, საპყრობილეების არსებობა, მერიქიფეთა და მცხობელთა უფროსების წოდებები, ეგვიპტელებისთვის სიზმრების დიდმნიშვნელოვნება, ეგვიპტელი მცხობელების მიერ თავზე პურის კალათის ტარება (დბ. 40:1, 2, 16, 17), იოსების სამეფოში მეორე კაცად და საკვების გამნაწილებლად დანიშვნა, თანამდებობაზე დანიშვნის წესი, მეცხვარეების მიმართ ეგვიპტელების ზიზღი, ეგვიპტის სამეფო კარზე გრძნეული ქურუმების ძლიერი გავლენა, გოშენის მიწაზე ისრაელების დასახლება, დაკრძალვის ეგვიპტური წეს-ჩვეულება და ბიბლიაში აღწერილი სხვა უამრავი საკითხი დადასტურდა ეგვიპტეში მოპოვებული არქეოლოგიური მასალით (დბ. 39:1—47:27; 50:1—3).
კარნაკში (ძველი თებე) მდინარე ნილოსის სანაპიროზე არსებული უდიდესი ეგვიპტური ტაძრის სამხრეთ კედელზე გაკეთებული წარწერა ადასტურებს ეგვიპტის მეფე შიშაკის (შეშონქ I) პალესტინაში ლაშქრობას, რაც აღწერილია 1 მეფეების 14:25, 26-სა და 2 მატიანის 12:1—9-ში. ამ უზარმაზარ რელიეფზე ასახულია მისი გამარჯვებები და 156 ბორკილდადებული პალესტინელი ტყვე, რომელთაგან თითოეული იეროგლიფებით აღნიშნულ ქალაქს ან სოფელს წარმოადგენდა. იმ სახელებს შორის, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელი გახდა, არის რაბითი (იეს. 19:20), თაანახი, ბეთ-შეანი, მეგიდო (სადაც აღმოაჩინეს შიშაკის სტელის ანუ ქვის წარწერიანი ბოძის ნაწილი) (იეს. 17:11), შუნემი (იეს. 19:18), რეხობი (იეს. 19:28), ხაფარაიმი (იეს. 19:19), გაბაონი (იეს. 18:25), ბეთ-ხორონი (იეს. 21:22), აიალონი (იეს. 21:24), სოქო (იეს. 15:35) და არადი (იეს. 12:14). შიშაკი დაპყრობილ მიწებს შორის მოიხსენიებს „აბრამის მინდორსაც“, რაც აბრაამის შესახებ პირველი ეგვიპტური ჩანაწერია. იმავე ტერიტორიაზე იპოვეს რამსეს II-ის ვაჟის, მერნეპტაჰის ძეგლი. მასზე ამოტვიფრული ჰიმნი ერთადერთია ძველი ეგვიპტური ტექსტებიდან, რომელშიც ისრაელი მოიხსენიება.
კაიროს სამხრეთით დაახლოებით 270 კმ-ში მდებარე თელ-ელ-ამარნაში ერთმა გლეხის ქალმა შემთხვევით იპოვა თიხის ფირფიტები. შედეგად, აღმოაჩინეს აქადურ ენაზე შესრულებული უამრავი დოკუმენტი, რომლებიც ამენჰოტეპ III-ისა და მისი ვაჟის, ეხნატონის სამეფო არქივების ნაწილი იყო. 379-ვე ფირფიტა სირიისა და პალესტინის უამრავი ქალაქ-სახელმწიფოს ვასალი მთავრებისგან ფარაონისთვის მიწერილი წერილებია. ზოგი მათგანი ურუსალიმის (იერუსალიმი) გამგებლისგან არის გაგზავნილი, რომლებიდანაც ჩანს იმ ტერიტორიაზე არსებული შუღლი და ინტრიგა, რაც სავსებით შეესაბამება იმ პერიოდის ბიბლიისეულ აღწერას. ამ წერილებში უამრავი საჩივარია ხაბირუელებზე, რომლებსაც ზოგი ებრაელებთან აიგივებს, მაგრამ ფაქტები მოწმობს, რომ ისინი მომთაბარე ტომები იყვნენ, რომლებიც იმდროინდელ საზოგადოებაში დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდნენ (იხ. ᲔᲑᲠᲐᲔᲚᲘ [„ხაბირუ“]).
ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დაცემის შემდეგ ეგვიპტის უკიდურეს სამხრეთში (ასუანთან ახლოს) ნილოსის კუნძულ ელეფანტინეზე (ბერძნული სახელი) ჩამოყალიბდა იუდეველთა დიასპორა. 1903 წელს ამ ადგილას აღმოაჩინეს არამეულ ენაზე დაწერილი უამრავი დოკუმენტი, ძირითადად პაპირუსზე შესრულებული, რომლებიც დათარიღებულია ძვ. წ. მეხუთე საუკუნითა და მიდია-სპარსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდით. დოკუმენტებში მოხსენიებულია სამარიის გამგებელი სანბალატი (ნემ. 4:1).
ეგვიპტეში გაკეთებული ყველაზე ღირებული აღმოჩენა არის პაპირუსზე შესრულებული ბიბლიის ებრაული და ბერძნული წერილების ფრაგმენტები და მონაკვეთები, რომელთაგან ყველაზე ძველი ძვ. წ. მეორე საუკუნით თარიღდება. ეგვიპტის მშრალმა კლიმატმა და ქვიშიანმა ნიადაგმა საუკეთესოდ შემოინახა პაპირუსები (იხ. ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘ).
პალესტინა და სირია. ამ ტერიტორიებზე შესაძლებელი გახდა გათხრების შედეგად აღმოჩენილი დაახლოებით 600 ადგილის დათარიღება. მოპოვებული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და ბიბლიაში ჩაწერილ კონკრეტულ დეტალებსა თუ მოვლენებს არ ეხება, თუმცა მთლიანობაში მხარს უჭერს მასში ჩაწერილ ცნობას. მაგალითად, იყო დრო, როცა კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებდნენ ბიბლიის იმ ეპიზოდს, სადაც აღწერილია იუდეველთა ბაბილონში გადასახლების დროს იუდას სრული გაპარტახება. მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრებმა საერთო ჯამში დაადასტურა ბიბლიის სიზუსტე. ამის შესახებ უ. ფ. ოლბრაიტმა აღნიშნა: „არ გაგვაჩნია ინფორმაცია გადასახლების პერიოდში იუდას თუნდაც ერთი ქალაქის შესახებ, რომელიც ბოლომდე დასახლებული დარჩენილიყო. მისგან განსხვავებით ბეთელი, რომელიც გადასახლებამდე იუდას ჩრდილოეთი საზღვრის იქით იყო, იმ დროისთვის არ გაუნადგურებიათ. ხალხი იქ მე-6 საუკუნის მიწურულამდე ცხოვრობდა“ (The Archaeology of Palestine, 1971, გვ. 142).
უძველეს გამაგრებულ ქალაქ ბეთ-შანში (ბეთ-შეანი), რომელიც იზრეელის ველის აღმოსავლეთ მისადგომს იცავდა, მასიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს დასახლების 18 ფენა, რის გამოც 21 მ-ის სიღრმეზე მოუწიათ ჩასვლა (დიაგრამა, ტ. 1, გვ. 959). ბიბლიის მონათხრობის თანახმად, ბეთ-შანი არ იყო იმ ქალაქებს შორის, რომლებშიც ქანაანის მიწაზე შეჭრილი ისრაელები დასახლდნენ; საულის მეფობის დროს იქ ფილისტიმელები ცხოვრობდნენ (იეს. 17:11; მსჯ. 1:27; 1სმ. 31:8—12). მოპოვებული მასალა ზოგადად მხარს უჭერს ბიბლიას და მიუთითებს, რომ ბეთ-შანი ფილისტიმელების მიერ შეთანხმების კიდობნის ხელში ჩაგდების შემდეგ განადგურდა (1სმ. 4:1—11). განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ბეთ-შანში ქანაანური ტაძრების აღმოჩენა. 1 სამუელის 31:10-ში ნათქვამია, რომ ფილისტიმელებმა მეფე საულის „საჭურველი აშთორეთების საკერპოში დადეს, მისი გვამი კი ბეთ-შანის კედელზე ჩამოკიდეს“, 1 მატიანის 10:10-ში კი წერია, რომ „მისი საჭურველი თავიანთი ღვთის სახლში დადეს და მისი თავის ქალა დაგონის სახლში მიაჭედეს“. აღმოჩენილ ტაძართაგან ორი ერთსა და იმავე პერიოდს მიეკუთვნება. მოპოვებული მასალა მიანიშნებს, რომ ერთი აშთორეთის ტაძარი იყო, მეორე კი — სავარაუდოდ, დაგონის. ამგვარად დადასტურდა ზემოხსენებულ მუხლებში ნათქვამი, რომ ბეთ-შანში ორი ტაძარი იყო.
ეციონ-გებერი სოლომონის საპორტო ქალაქი იყო აგაბის ყურეში. შესაძლოა, ეს იყო თანამედროვე თელ-ელ-ხელაიფე, სადაც 1937—1940 წლებში ჩატარებული გათხრების დროს ბორცვის ქვეშ აღმოაჩინეს სპილენძის სადნობი ადგილი, სპილენძის მადანი და წიდა. მაგრამ არქეოლოგმა, ნელსონ გლუკმა, თავიდან გაკეთებული დასკვნა რადიკალურად შეცვალა ერთ არქეოლოგიურ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაში (The Biblical Archaeologist, 1965, გვ. 73). ის ფიქრობდა, რომ აქ იყო ბრძმედი (სადნობი ღუმელი), რადგან მთავარ შენობაში აღმოჩენილი ხვრელები საკვამლეებად მიიჩნია. მაგრამ შემდეგ ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შენობის კედლებში არსებული ხვრელები დარჩა „შენობის შესაკვრელად ან საყრდენად გამოყენებული ჰორიზონტალური ძელების დალპობის და/ან დაწვის შედეგად“. ერთ დროს ბრძმედად მიჩნეული შენობა ახლა მეცნიერებს საწყობად ან ბეღლად მიაჩნიათ. მართალია, ისევ ფიქრობენ, რომ იქ ლითონის დამუშავება ხდებოდა, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც თავიდან ეგონათ. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ არქეოლოგიურ აღმოჩენებზე გაკეთებული დასკვნები უმთავრესად არქეოლოგის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული, რაც ბოლომდე სანდო ვერ იქნება. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი ეციონ-გებერში სპილენძის გადამუშავებაზე. მასში მოხსენიებული ერთადერთი ადგილი, სადაც სპილენძს ყალიბებში ასხამდნენ, იორდანეს ველია (1მფ. 7:45, 46).
გალილეის ხაცორზე ნათქვამია, რომ ის იესო ნავეს ძის დროს იქ არსებული „სამეფოების მთავარი ქალაქი იყო“ (იეს. 11:10). გათხრებმა ცხადყო, რომ ეს ქალაქი ოდესღაც 60 ჰექტარზე იყო გაშენებული და მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავდა, რის გამოც იმ რეგიონში ერთ-ერთ მთავარ ქალაქად ითვლებოდა. სოლომონმა გაამაგრა ქალაქი და იმდროინდელი მასალების საფუძველზე ის, სავარაუდოდ, ეტლების სადგომი ქალაქი იყო (1მფ. 9:15, 19).
იერიხონში სამი ექსპედიციის დროს (1907—1909; 1930—1936; 1952—1958) ჩატარებული გათხრების შემდეგ გაკეთებულმა ინტერპრეტაციებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მეცნიერების სხვა დარგების მსგავსად არქეოლოგიაც ვერ იძლევა აბსოლუტურად ზუსტ ინფორმაციას. თითოეული ექსპედიციის დროს მოპოვებული მასალების საფუძველზე სხვადასხვა დასკვნა გაკეთდა ქალაქის ისტორიაზე, განსაკუთრებით კი ისრაელების მიერ მისი განადგურების თარიღზე. ნებისმიერ შემთხვევაში, შეჯამებული შედეგები ეთანხმება ჯ. ე. რაიტის ნაშრომში მოყვანილ საერთო სურათს: „ძვ. წ. მეორე ათასწლეულში ქალაქი ან რამდენჯერმე დაანგრიეს, ან ერთხელ საბოლოოდ გაასწორეს მიწასთან, და რამდენიმე თაობის მანძილზე დაუსახლებელი იყო“ (Biblical Archaeology, 1962, გვ. 78). მოპოვებული მასალებიდან ჩანს, რომ ნგრევის დროს ძლიერი ხანძარიც მოხდა (შდრ. იეს. 6:20—26).
1867 წელს იერუსალიმში აღმოაჩინეს წყალსადენი, რომელიც გიხონის წყაროდან მის უკან მდებარე გორაკში იჭრებოდა (იხ. ᲒᲘᲮᲝᲜᲘ №2). ამ აღმოჩენის შედეგად შეიძლება ნათელი მოეფინოს დავითის მიერ ქალაქის აღების შესახებ 2 სამუელის 5:6—10-ში ჩაწერილ სიტყვებს. 1909—1911 წლებში გიხონის წყაროსთან შეერთებული წყალსადენების მთელი სისტემა გაწმინდეს. სილოამის გვირაბად ცნობილი ერთ-ერთი წყალსადენის სიმაღლე საშუალოდ 180 სმ-ს აღწევს, გამოკვეთილია კლდეში გიხონიდან დაახლოებით 533 მ-ის სიგრძეზე და უერთდება ტიროპეონის ველზე არსებულ სილოამის აუზს (მდებარეობდა ქალაქში). როგორც ჩანს, ეს იყო მეფე ხიზკიას მიერ გაყვანილი არხი, რომელზეც 2 მეფეების 20:20-სა და 2 მატიანის 32:30-შია საუბარი. დიდ ინტერესს იწვევს არხის გაყვანის პროცესისა და სიგრძის შესახებ კედელზე გაკეთებული ძველებრაული წარწერა. ამ წარწერას სხვა ებრაული წარწერების დასათარიღებლად იყენებენ.
იერუსალიმიდან დას. სამხრ.-დას-ით 44 კმ-ში მდებარე ლაქიში მთავარი გამაგრებული ქალაქი იყო, რომელიც იუდეის მთაგორიან მხარეს იცავდა. იერემიას 34:7-ში წინასწარმეტყველი ამბობს, როგორ ებრძოდა ნაბუქოდონოსორის ჯარი „იერუსალიმსა და იუდას დარჩენილ ქალაქებს, ლაქიშსა და აზეკას, რადგან ეს გამაგრებული ქალაქებიღა დარჩა აუღებელი იუდას ქალაქებს შორის“. ლაქიშის გათხრებმა ცხადყო, რომ ქალაქი სულ რამდენიმე წელიწადში ორჯერ განადგურდა ცეცხლით. მიიჩნევენ, რომ ეს მოხდა ბაბილონელების ორი თავდასხმის დროს (ძვ. წ. 618—617 და 609—607), რის შემდეგაც ქალაქი დიდი ხნის მანძილზე უკაცრიელი იყო.
მეორე ხანძრის ნაცარში იპოვეს 21 ოსტრაკონი (წარწერიანი თიხის ფირფიტა), რომლებიც, სავარაუდოდ, ნაბუქოდონოსორის მიერ ქალაქის საბოლოო განადგურებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერილი წერილებია. ლაქიშის წერილებად ცნობილ ამ წერილებში ჩანს იმ დროს არსებული გაჭირვება და მწუხარება. ისინი, როგორც ჩანს, იუდეაში დარჩენილი ავანპოსტიდან მისწერეს ლაქიშის ჯარის მეთაურ იაოშს (სურათი, ტ. 1, გვ. 325). მაგალითად, №4 წერილში ვკითხულობთ: „დე, ჲჰვჰ-მ [ანუ იეჰოვამ] ინებოს და ჩემმა ბატონმა ახლა მაინც მოისმინოს კარგი ამბები ... ჩვენ ვაკვირდებით ლაქიშის სასიგნალო ცეცხლს იმ ნიშნების შესაბამისად, რომლებსაც ჩემი ბატონი იძლევა ხოლმე, რადგან აზეკას ვეღარ ვხედავთ“. ეს გვახსენებს იერემიას 34:7-ის ზემოთ ციტირებულ სიტყვებს და მიანიშნებს, რომ ამ დროისთვის აზეკა უკვე აღებული იყო ან სასიგნალო ცეცხლის დანთება უკვე შეუძლებელი იყო.
ჰოშაიას წერილში (№3) ვკითხულობთ: „დე, ჲჰვჰ-მ [ანუ იეჰოვამ] ინებოს და ჩემმა ბატონმა მოისმინოს მშვიდობის ცნობა ... შენს მსახურს აუწყეს, რომ ჯარის მეთაური კონია, ელნათანის ვაჟი, ჩამოვიდა, რათა წასულიყო ეგვიპტეში, და ჰოდავიას, ახიას ვაჟს, და მის კაცებს ხალხი გაუგზავნა [მარაგის] სათხოვნელად“. ეს სიტყვები, შესაძლოა, იმ პერიოდში დაიწერა, როცა იუდამ დახმარებისთვის ეგვიპტეს მიმართა, რასაც წინასწარმეტყველები განსჯიდნენ (იერ. 46:25, 26; ეზკ. 17:15, 16). სახელები ელნათანი და ჰოშია, რომლებიც ამ წერილის სრულ ტექსტში გვხვდება, აგრეთვე მოხსენიებულია იერემიას 36:12-სა და 42:1-ში. „იერემიაში“ არის ამ წერილებში მოხსენიებული სხვა სახელებიც: გემარია (36:10), ნერია (32:12) და იააზანია (35:3). დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, ეს სახელები ერთსა და იმავე ადამიანებს ეკუთვნოდა თუ არა. თუმცა ეს დამთხვევა მაინც საყურადღებოა, რადგან იერემია მათი თანამედროვე იყო.
აღსანიშნავია, რომ ამ წერილებში ხშირად გვხვდება ტეტრაგრამატონი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმ პერიოდში ებრაელები არ ერიდებოდნენ ღვთის სახელის გამოყენებას. ინტერესს იწვევს აგრეთვე თიხის ბეჭდის ანაბეჭდი, რომელზეც ეწერა: „გედალია, რომელსაც სახლი აბარია“. გედალია ერქვა იერუსალიმის დაცემის შემდეგ ნაბუქოდონოსორის მიერ იუდაზე დაყენებულ გამგებელს. ბევრის აზრით, ანაბეჭდზე ზუსტად ეს გედალიაა მოხსენიებული (2მფ. 25:22; შდრ. ეს. 22:15; 36:3).
მეგიდო სტრატეგიული მნიშვნელობის გამაგრებული ქალაქი იყო და იზრეელის ველის ერთ-ერთ მთავარ მისადგომს იცავდა. ის სოლომონმა აღადგინა და მისი მეფობის დროს სამარაგო და ეტლების სადგომი ქალაქი იყო (1მფ. 9:15—19). 5,3 ჰა ფართობის ბორცვზე (თელ-ელ-მუთესელიმი) ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ნაგებობები, რომლებიც ზოგიერთი სწავლულის აზრით დაახლოებით 450 ცხენზე გათვლილი საჯინიბო იყო. თავიდან ისინი სოლომონის პერიოდით დაათარიღეს, შემდეგ კი უფრო გვიანდელ, ახაბის პერიოდს მიაკუთვნეს.
მოაბური ქვა იორდანეს აღმოსავლეთით გაკეთებული მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენებიდან ერთ-ერთი უძველესია (სურათი, ტ. 1, გვ. 325). ის აღმოაჩინეს 1868 წელს დიბანში, არნონის ხევის ჩრდილოეთით. მასზე მოაბის მეფე მეშა აღწერს, როგორ აუჯანყდა ისრაელს (შდრ. 2მფ. 1:1; 3:4, 5). ის წერდა: «მე [ვარ] მეშა, ქემოშ-[...]ის ძე, მოაბის მეფე, დიბონელი ... ისრაელის მეფეს, ომრის, მრავალი წლის [სიტყვასიტყვით, „დღის“] მანძილზე დამონებული ჰყავდა მოაბი, რადგან ქემოში [მოაბელთა ღვთაება] განრისხებული იყო თავის ხალხზე. ომრის ვაჟი მამის კვალს მიჰყვებოდა და ამბობდა: „მე დავამცირებ მოაბს“. ის ჩემი მეფობის დროს ამბობდა [ამას], მაგრამ მე გავიმარჯვე მასზე და მის სახლზე და ისრაელი სამუდამოდ განადგურდა!.. ქემოშმა მითხრა: „წადი და წაართვი ისრაელს ნებო!“. მეც წავედი ღამით და ვებრძოდი ალიონიდან შუადღემდე. დავამარცხე ის და ცოცხალი არავინ დავტოვე ... წამოვიღე იაჰვეს [ჭურჭელი] და ქემოშს მივართვი» (Ancient Near Eastern Texts, ჯ. ბ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 320). ამ ქვაზე ისრაელის მეფის, ომრის სახელის გარდა მე-18 ხაზზე წერია ღვთის სახელი ტეტრაგრამატონის სახით.
მოაბურ ქვაზე მოხსენიებულია არაერთი ბიბლიური ადგილის სახელი: ატაროთი და ნებო (რც. 32:34, 38), არნონი, აროერი, მედება და დიბონი (იეს. 13:9), ბამოთ-ბაალი, ბეთ-ბაალ-მეონი, იაჰაცი და კირიათაიმი (იეს. 13:17—19), ბეცერი (იეს. 20:8), ხორონაიმი (ეს. 15:5), ბეთ-დიბლათაიმი და კერიოთი (იერ. 48:22, 24). ასე დადასტურდა ამ ადგილების ისტორიულობა.
სირიის ჩრდილოეთ სანაპიროზე კუნძულ კვიპროსის მოპირდაპირე რას-შამრაში (ძველი უგარითი) აღმოჩენილი მასალებიდან ვიგებთ, რომ იქაური რელიგია, მათ შორის მათი ღმერთები და ქალღმერთები, ტაძრები, ტაძრის მეძავები, რიტუალები, მსხვერპლშეწირვა და ლოცვები ძალიან ჰგავდა ქანაანურს. ბაალის ტაძარსა და დაგონისთვის მიძღვნილ ტაძარს შორის აღმოაჩინეს ბიბლიოთეკა, სადაც ინახებოდა ასობით რელიგიური ტექსტი, რომლებიც სავარაუდოდ, ძვ. წ. მე-15 საუკუნითა და ძვ. წ. მე-14 საუკუნის დასაწყისით თარიღდება. მითოლოგიური პოემებიდან ბევრს ვიგებთ ქანაანური ღვთაებების — ელის, ბაალის და აშერას შესახებ, აგრეთვე მათ კულტთან დაკავშირებული საზარელი კერპთაყვანისმცემლობის შესახებ. მერილ უნგერმა თავის წიგნში აღნიშნა: „უგარითული ეპიკური ლიტერატურა აჩვენებს იმ უკიდურეს გარყვნილებას, რომელიც ქანაანურ რელიგიას ახასიათებდა. ის იყო პოლითეიზმის ყველაზე შემზარავი ფორმა. ქანაანური რიტუალები ბარბაროსული და გახრწნილებით სავსე იყო“ Archaeology and the Old Testament, 1964, გვ. 175). აღმოაჩინეს ბაალისა და სხვა ღვთაებების გამოსახულებებიც (იხ. ᲦᲛᲔᲠᲗᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲥᲐᲚᲦᲛᲔᲠᲗᲔᲑᲘ [ქანაანელთა ღვთაებები]) აქ ნაპოვნი ტექსტები იმით გამოირჩევა, რომ შესრულებულია მანამდე უცნობი ანბანური ლურსმული დამწერლობით (განსხვავდება აქადური ლურსმული დამწერლობისგან). იგი მისდევს ებრაული ანბანის რიგს, დამატებული აქვს რამდენიმე თანხმოვანი და მთლიანობაში 30 ასოსგან შედგება. ურის მსგავსად აქაც აღმოაჩინეს ფოლადის საბრძოლო ცული.
ისრაელის ჩრდილოეთი სამეფოს კარგად გამაგრებული დედაქალაქი სამარია 90 მ სიმაღლის გორაკზე იყო გაშენებული. აღმოჩენილია კარგად ნაშენი ორმაგი გალავნის ნაწილი, რომელსაც შიგადაშიგ 10-მეტრიანი ბასტიონი ჰქონდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, როგორ გაუძლო ქალაქმა სირიის ჯარისა (2მფ. 6:24—30) და ასურეთის ძლევამოსილი ჯარის ხანგრძლივ ალყებს (2მფ. 17:5). ამ ადგილას აღმოჩენილია ოსტატურად შესრულებული ქვის წყობა, რომელიც სავარაუდოდ ომრის, ახაბისა და იეჰუს მეფობის პერიოდს მიეკუთვნება. ფიქრობენ, რომ მეფის სასახლის საძირკველი იყო 90X180 მ. სასახლის ტერიტორიაზე იპოვეს დიდი რაოდენობით სპილოს ძვლის ნატეხები, დეკორატიული და მოსაპირკეთებელი ფილები. ისინი შესაძლოა ახაბის სპილოს ძვლის სასახლის ნარჩენებია, რომელიც მოხსენიებულია 1 მეფეების 22:39-ში (შდრ. ამ. 6:4). გორაკის ჩრდ.-დას. კუთხეში აღმოაჩინეს დიდი ბეტონის ავზი (10X5 მ). შესაძლოა, ის არის იგივე „სამარიის ავზი“, რომელშიც ახაბის სისხლით დასვრილი ეტლი გარეცხეს (1მფ. 22:38).
აღსანიშნავია იქ აღმოჩენილი მელნით ნაწერი 63 ოსტრაკონი, რომლებიც სავარაუდოდ ძვ. წ. მე-8 საუკუნით თარიღდება. ეს იყო სხვადასხვა ქალაქიდან სამარიაში გაგზავნილი ზეთისა და ღვინის ქვითრები, საიდანაც ვიგებთ, რომ ისრაელები ციფრების აღსანიშნავად ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ და დახრილ ხაზებს იყენებდნენ. ჩვეულებრივ ქვითარში ეწერა:
მეათე წელს
გადიაუსთვის [შესაძლოა, საგანძურის მმართველი]
აზადან [შესაძლოა, სოფელი ან მხარე, რომელიც გზავნის ღვინოს ან ზეთს]
აბი-ბაʽალი 2
ახაზი 2
შება 1
მერიბა‛ალი 1
ამ ქვითრებიდან ისიც ჩანს, რომ ბაალი ბევრი სახელის შემადგენელი ნაწილი იყო. ყოველ თერთმეტ სახელზე, რომლებშიც იეჰოვას სახელის რომელიმე ფორმა იყო გამოყენებული, ბაალის შემცველი დაახლოებით შვიდი სახელი მოდიოდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ბაალის თაყვანისცემას ისრაელში ფეხი ჰქონდა მოკიდებული, როგორც ეს ბიბლიიდანაც ჩანს.
ბიბლიაში წერია, რომ სოდომი და გომორა ცეცხლით განადგურდა და იმ მხარეში, სადაც ეს ქალაქები მდებარეობდა, ფისით სავსე ორმოები იყო (დბ. 14:3, 10; 19:12—28). ბევრი სწავლული ფიქრობს, რომ წარსულში მკვდარი ზღვის დონე აიწია და სამხრეთით საკმაოდ დიდი ტერიტორია დაფარა, რის გამოც ეს ორი ქალაქიც, შესაძლოა, წყლის ქვეშ მოექცა. ამ ტერიტორიის გამოკვლევამ ცხადყო, რომ იქ ერთ დროს მოიპოვებოდა ნავთობი და ფისი, მაგრამ საბადოები დაცარიელდა. ამის შესახებ ერთ წიგნში ნათქვამია: «წერილობითი, გეოლოგიური და არქეოლოგიური მასალების გამოკვლევას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ „იმ მხარის“ ცნობილი ქალაქები (დბ. 19:29) ახლა წყლის ქვეშაა ... და ისინი ძლიერი მიწისძვრით განადგურდნენ, რომელსაც, როგორც ჩანს, თან ახლდა აფეთქებები, ელვა, ბუნებრივი გაზების აალება და მასშტაბური ხანძარი» (Light From the Ancient Past, ჯეკ ფინეგანი, 1959, გვ. 147; იხ. აგრეთვე ᲡᲝᲓᲝᲛᲘ).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებთან დაკავშირებული აღმოჩენები. აღმოჩენილ იქნა ახ. წ. 15 წელს მიმოქცევაში შესული ვერცხლის დინარი ტიბერიუსის გამოსახულებით, რაც ადასტურებს, რომ იესოს თავისუფლად შეეძლო, თვალსაჩინოებისთვის ასეთი მონეტა გამოეყენებინა (მრ. 12:15—17; იხ. სურათი, ტ. 2, გვ. 544; შდრ. ლკ. 3:1, 2). კესარეაში ნაპოვნი ქვის ფილა, რომელზეც ლათინურად წერია პონტიუს პილატესა და ტიბერიუსის სახელები, მხარს უჭერს იმ ფაქტს, რომ იესოს მსახურების პერიოდში პონტიუს პილატე იუდეის რომაელი გამგებელი იყო (იხ. ᲞᲘᲚᲐᲢᲔ; ᲡᲣᲠᲐᲗᲘ, ტ. 2, გვ. 741).
მოციქულთა საქმეებში“ (წიგნიდან ჩანს, რომ ის ლუკამ დაწერა) მოხსენიებულია არაერთი ქალაქისა და პროვინციის სახელი და კონკრეტულ პერიოდში მოღვაწე სხვადასხვა თანამდებობის პირის წოდება. გამორიცხული არ არის, რომ დამწერმა ასეთ ტექსტში შეცდომა დაუშვას (იხ. აგრეთვე ლკ. 3:1, 2). მაგრამ აღმოჩენილი მტკიცებები ადასტურებს ლუკას ჩანაწერების საოცარ სიზუსტეს. მაგალითად, საქმეების 14:1—6-ში ლუკა ლისტრასა და დერბეს ლიკაონიის ქალაქებად მოიხსენიებს და მიანიშნებს, რომ იკონიონი ლიკაონიას არ მიეკუთვნებოდა. რომაელი მწერლები (მათ შორის ციცერონი) იკონიონს ლიკაონიის ქალაქად მიიჩნევდნენ. მაგრამ 1910 წელს აღმოჩენილი ძეგლიდან ჩანს, რომ იკონიონი ფრიგიის ქალაქად ითვლებოდა და არა ლიკაონიის.
დელფოში აღმოჩენილი წარწერიდანაც ჩანს, რომ სავარაუდოდ ახ. წ. 51–52 წლებში გალიონი აქაიის პროკონსული იყო (სქ. 18:12). ძვ. წ. II—ახ. წ. III საუკუნით დათარიღებული 19 წარწერა ადასტურებს, რომ ლუკა სწორად მოიხსენიებს თესალონიკელ მოხელეებს ქალაქის გამგებლებად (მხ. რ. პოლიტარქეს) (სქ. 17:6, 8). ამ წარწერებიდან ხუთი უშუალოდ თესალონიკეს ეხება (იხ. ᲥᲐᲚᲐᲥᲘᲡ ᲒᲐᲛᲒᲔᲑᲚᲔᲑᲘ). მალტაზე ნაპოვნი ორი წარწერა (ლათინური და ბერძნული) ცხადყოფს, რომ ლუკამ ზუსტად გამოიყენა მალტაზე მცხოვრებ პუბლიუსთან ბერძნული წოდება პროტოს, რაც გავლენიან კაცად ითარგმნა (სქ. 28:7). ეფესოში აღმოაჩინეს ჯადოქრობასთან დაკავშირებული ტექსტები, არტემიდას ტაძარი (სქ. 19:19, 27), 25 000-ადგილიანი თეატრი და წარწერები, რომლებშიც მოხსენიებულნი არიან ზეიმებისა და თამაშების ორგანიზატორები (ამავე სახელით არიან მოხსენიებულნი ბიბლიაში ის ეფესოელები, რომლებმაც პავლე გააფრთხილეს) და მწერალი (ასე ეწოდებოდა მოხელეს, რომელმაც ეფესოში ბრბო დააშოშმინა) (სქ. 19:29—31, 35, 41).
ამგვარმა აღმოჩენებმა ჩარლზ გორი აღძრა, ლუკას შესახებ დაეწერა: „უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე არქეოლოგიამ წმ. ლუკას კრიტიკოსები აიძულა, ეღიარებინათ, რომ მან საოცარი სიზუსტით აღწერა ყველა ისტორიული ფაქტი და მოვლენა“ (A New Commentary on Holy Scripture, გორის, გოუჯისა და გიიომის რედაქციით, 1929, გვ. 210).
არქეოლოგიის მნიშვნელობა. არქეოლოგიური აღმოჩენები გვეხმარება ბიბლიაში მოხსენიებული ადგილების დადგენაში, თუმცა ეს ადგილები ხშირად სავარაუდოა. მოპოვებული წერილობითი მასალა ბიბლიის დედნისეული ენების უკეთ გაგებაში გვეხმარება და ნათელს ჰფენს ბიბლიაში მოხსენიებული უძველესი ხალხებისა და მმართველების ყოფა-ცხოვრებას. მაგრამ, რაც შეეხება ბიბლიის სარწმუნოობასა და სანდოობას, უშუალოდ ბიბლიის, მისი სწავლებებისა და მასში ჩაწერილი ღვთის განზრახვებისა და დაპირებების მიმართ რწმენის განვითარებას, უნდა აღინიშნოს, რომ არქეოლოგია მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს და ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად არ გვჭირდება. როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა. რწმენით ვხვდებით, რომ ქვეყნიერება ღვთის სიტყვით იქნა მოწყობილი, ესე იგი, ხილული უხილავისგან წარმოიშვა“ (ებ. 11:1, 3). ჩვენ „რწმენით დავდივართ და არა ხილვით“ (2კრ. 5:7).
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანული რწმენა მხოლოდ უხილავს უკავშირდება და შორს არის ხილულისგან. ფაქტია, რომ ნებისმიერ პერიოდსა თუ ეპოქაში ხალხი საკუთარ თავსა და ცხოვრებაში, აგრეთვე გარშემო, ხედავდა იმის არაერთ მტკიცებას, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა და ისეთს არაფერს ამბობს, რისი დამტკიცებაც შეუძლებელია (რმ. 1:18—23). არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად წარსულზე მიღებული ინფორმაცია საინტერესო და დასაფასებელია, მაგრამ არა აუცილებელი. წარსულზე მხოლოდ ბიბლიიდან მიღებული ინფორმაციაა მნიშვნელოვანი და სრულიად სანდო. არქეოლოგიის დახმარებით თუ მის გარეშე ბიბლია გვიმხელს დღევანდელი მოვლენების ნამდვილ მნიშვნელობასა და მომავალს (ფს. 119:105; 2პტ. 1:19—21). სინამდვილეში აგურებისა და ვაზების ნამტვრევები და ჩამონგრეული კედლები მხოლოდ სუსტი რწმენის მქონეთ სჭირდება.
სავარაუდო დასკვნები. მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიამ არაერთხელ გასცა სათანადო პასუხი მათ, ვინც ბიბლიის გარკვეულ მონაკვეთებს აკრიტიკებდა ან ზოგიერთი მოვლენის ისტორიულობას ეჭვქვეშ აყენებდა, და მათ გავლენაში მოქცეულ გულწრფელ ადამიანებს ეჭვები გაუქარწყლა, მან ვერ გააჩუმა კრიტიკოსები და ბიბლიისადმი რწმენის ნამდვილი საფუძველიც ვერ გახდა. გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალაზე დასკვნებს არქეოლოგები უმეტესწილად დედუქციური და ინდუქციური მეთოდით აკეთებენ გამომძიებლების მსგავსად, რომლებიც საქმის გასახსნელად მტკიცებებს აგროვებენ. დღესაც გამომძიებელმა სასამართლოს უამრავი ირიბი თუ ნივთიერი სამხილიც რომ წარუდგინოს, სანდო თვითმხილველების მოწმობის გარეშე ასეთი არგუმენტები ძალიან სუსტად ჩაითვლება. მხოლოდ ასეთ სამხილებზე გამოტანილი განაჩენი ხშირად უსამართლო და მცდარი აღმოჩენილა. შეცდომის ალბათობა გაცილებით დიდია, როცა მეცნიერები 2 000 ან 3 000 წლის წინანდელ მოვლენებს იკვლევენ.
არქეოლოგმა რ. ჯ. კ. ატკინსონმა მსგავსი შედარება გააკეთა: „წარმოიდგინეთ, როგორ გაუჭირდებოდათ მომავალ არქეოლოგებს ყოველგვარი ჩანაწერისა და წარწერის გარეშე ეკლესიების ნანგრევებიდან ქრისტიანული ეკლესიების რიტუალების, დოგმებისა და სწავლებების აღდგენა. პარადოქსია, მაგრამ არქეოლოგია, რომელიც ჩანაწერების უქონლობის შემთხვევაში ადამიანის წარსულის გამოკვლევის ერთადერთი საშუალებაა, ინფორმაციის მიღების არაეფექტური მეთოდი ხდება, განსაკუთრებით როცა საქმე ძალზე ადამიანურ საკითხებს ეხება [მაგ., თაყვანისცემა, მოტივები და ა. შ.]“ (Stonehenge, ლონდონი, 1956, გვ. 167).
მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგები ცდილობენ, ობიექტურად შეაფასონ აღმოჩენილი მასალა, მათ არ შეუძლიათ ზუსტად აღწერონ შორეული წარსული. საქმეს ისიც ართულებს, რომ სხვა მეცნიერების მსგავსად არც ისინი არიან დაზღვეულნი შეცდომებისგან, გააჩნიათ პირადი შეხედულებები და ამბიციები, რის გამოც შეიძლება მცდარი დასკვნები გამოიტანონ. ამ პრობლემის შესახებ პროფესორმა უ. ფ. ოლბრაიტმა აღნიშნა: „არსებობს საფრთხე, რომ ახალი აღმოჩენებისა და დასკვნების გაკეთებისას მოხდეს უფრო ძველი და საფუძვლიანი შრომის უგულებელყოფა. ეს განსაკუთრებით მართლდება ბიბლიურ არქეოლოგიასა და გეოგრაფიაზე, სადაც კვლევის საშუალებებისა და მეთოდების დაუფლება იმდენად რთულია, რომ ყოველთვის არსებობს ცდუნება, უარყო გამოცდილი მეთოდი და ე. წ. ჭკვიანური დასკვნებითა და გონებამახვილური ვარაუდებით ჩაანაცვლო უფრო ნელი და სისტემატური შრომა“ (The Westminster Historical Atlas to the Bible, ჯ. ე. რაიტის რედაქციით, 1956, გვ. 9).
განსხვავებები დათარიღებაში. ზემოთქმულის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, როცა საქმე არქეოლოგების მიერ თავიანთი მონაპოვრების დათარიღებას ეხება. ამას ცხადყოფს მ. ფ. უნგერის სიტყვებიც: „გარსტანგის აზრით, იერიხონი დაახლ. ძვ. წ. 1400 წელს განადგურდა ... ოლბრაიტს მიაჩნია, რომ ეს დაახლ. ძვ. წ. 1290 წელს მოხდა ... ცნობილი პალესტინელი არქეოლოგი, ჰუგო ვენსანი ძვ. წ. 1250 წელს ასახელებს ... მაშინ როცა ჰ. ჰ. როულს მიაჩნია, რომ [ისრაელის] მონობის დროს ფარაონი იყო რამსეს II და ეგვიპტე [ისრაელებმა] მომდევნო ფარაონის, მერნეპტახის დროს დაახლ. ძვ. წ. 1225 წელს დატოვეს“ (Archaeology and the Old Testament, გვ. 164, სქ. 15). პროფესორი ოლბრაიტი თანამედროვე არქეოლოგიური კვლევის მეთოდების სასარგებლოდ საუბრობს, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ „საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის ძალიან რთულია არქეოლოგების ურთიერთსაწინააღმდეგო თარიღებსა და დასკვნებში გარკვევა“ (The Archaeology of Palestine, გვ. 253).
არქეოლოგიური ძეგლების დათარიღებისთვის სხვა თანამედროვე მეთოდებთან ერთად რადიონახშირბადის მეთოდსაც იყენებენ. მაგრამ ამ მეთოდით აბსოლუტური სიზუსტით დათარიღება შეუძლებელია, რასაც ჯ. ე. რაიტის სიტყვებიც ცხადყოფს: „უნდა აღინიშნოს, რომ უძველესი ნაშთების დათარიღებისთვის გამოყენებული რადიოაქტიური ნახშირბადის (С14) ახალი მეთოდი ისეთი ზუსტი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ ... ამ მეთოდით ზოგ შემთხვევაში აშკარად არასწორი პასუხი მიიღეს, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო. დღეისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედეგების სრულად ნდობა, თუ არაერთი ცდის შედეგად თითქმის ერთი და იგივე პასუხი იქნება მიღებული და გამოთვლის სხვა მეთოდებიც დაადასტურებს ამ პასუხს [კურსივი ჩვენია]“ (The Biblical Archaeologist, 1955, გვ. 46). ერთ-ერთ ენციკლოპედიაში აღნიშნული იყო: „რა მიზეზიც უნდა იყოს ... ფაქტია, რომ რადიოაქტიური ნახშირბადის (С14) მეთოდით დათარიღება ისეთი ზუსტი არ არის, როგორსაც ისტორიკოსები ისურვებდნენ“ (The New Encyclopædia Britannica (Macropædia), 1976, ტ. 5, გვ. 508; იხ. ᲥᲠᲝᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ [არქეოლოგიური დათარიღება]).
წერილობითი ძეგლების ღირებულება. მეცნიერები მუშაობენ ათასობით უძველესი ტექსტის გაშიფრვაზე. ოლბრაიტი ამბობს: „არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი მასალიდან ყველაზე ღირებული ტექსტებია. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, სწორი წარმოდგენა გვქონდეს ტექსტების ხასიათსა და მათ გასაშიფრად ჩვენს შესაძლებლობებზე“ (The Westminster Historical Atlas to the Bible, გვ. 11). ტექსტები შეიძლება იყოს თიხის ჭურჭლის ნატეხებზე, თიხის ფირფიტებზე, პაპირუსებზე ან გრანიტის ქვებზე. რაზეც უნდა იყოს დაწერილი, საჭიროა ტექსტის ანალიზი იმის გასარკვევად, არის თუ არა ის სანდო და ღირებული. არასწორი ინფორმაცია და ტყუილი ქვაზეც ბევრი დაწერილა და ქაღალდზეც (იხ. ᲥᲠᲝᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ [ბიბლიური ქრონოლოგია და საერო ისტორია]; ᲡᲐᲠᲒᲝᲜᲘ).
მაგალითად, ბიბლია ამბობს, რომ ასურეთის მეფე სინახერიბი მოკლა მისმა ორმა ვაჟმა, ადრამელექმა და შარეცერმა, და მის ნაცვლად გამეფდა მისი ვაჟი ასარხადონი (2მფ. 19:36, 37). მაგრამ ბაბილონური ქრონიკის თანახმად, 20 ტებეთს სინახერიბი მისმა აჯანყებულმა ვაჟმა მოკლა. ძვ. წ. მესამე საუკუნეში ბაბილონელი ქურუმი ბეროსე და ძვ. წ. მეექვსე საუკუნეში ბაბილონის მეფე ნაბონიდი იმავეს აცხადებდნენ, რომ სინახერიბი მისი ვაჟებიდან ერთმა მოკლა. თუმცა მოგვიანებით აღმოჩენილი ასარხადონის პრიზმის ფრაგმენტზე ასარხადონი, სინახერიბის მემკვიდრე, არაორაზროვნად ამბობს, რომ მისი ძმები აჯანყდნენ, მოკლეს თავიანთი მამა და გაიქცნენ. ამასთან დაკავშირებით ფილიპ ბიბერფელდი წერდა: „ბაბილონურ ქრონიკაში არასწორი ინფორმაცია ეწერა, არასწორს ამბობდნენ ნაბონიდიც და ბეროსეც, მხოლოდ ბიბლია აღმოჩნდა ზუსტი. ასარხადონის წარწერამ დაადასტურა, რომ ბიბლია ამ ბაბილონურ-ასურული ისტორიის მოვლენას უმნიშვნელო დეტალებშიც კი ზუსტად აღწერს, იმაზე ზუსტად, ვიდრე თავად ბაბილონური წყაროები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და გასათვალისწინებელია იმ წყაროების შეფასებისას, რომლებიც იმავე პერიოდს მიეკუთვნება, რომელსაც ბიბლია, თუმცა არ ეთანხმება მას“ (Universal Jewish History, 1948, ტ. I, გვ. 27).
გაშიფვრისა და თარგმნის პრობლემები. ქრისტიანი ბრმად არ უნდა მიენდოს უძველეს ენებზე დაწერილი ტექსტების გაშიფვრასა და თარგმნას. ზოგ შემთხვევაში მშიფრავებს მანამდე უცნობი ენის შესწავლაში დაეხმარა ტექსტის გვერდით ცნობილ ენებზე გაკეთებული თარგმანი, მაგალითად, როზეტის ქვისა და ბეჰისტუნის წარწერის გაშიფვრისას. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა პრობლემა ასე გვარდება და შესაძლებელია ამ მეთოდით ამა თუ იმ ენის ბოლომდე შესწავლა და მისი იდიომებისა თუ ნიუანსების გაგება. იმ ენების შესწავლამაც კი, რომლებზეც ბიბლია დაიწერა (ებრაული, არამეული და ბერძნული), ბოლო დროს განიცადა დიდი პროგრესი, თუმცა მათი შესწავლა დღესაც გრძელდება. რაც შეეხება ღვთის შთაგონებულ სიტყვას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბიბლიის ავტორი სწორად გაგვაგებინებს თავის ცნობას დღეს არსებული თარგმანების მეშვეობით, რასაც ვერ ვიტყვით წარმართი ერების არაღვთივშთაგონებულ ტექსტებზე.
კურტ ვილჰელმ კერამის წიგნში ხაზგასმულია სიფრთხილის აუცილებლობა და დანახვებულია, რომ მეცნიერები უძველესი ტექსტების გაშიფვრას ყოველთვის ობიექტურად არ უდგებიან, თუმცა ბევრი საპირისპიროს ფიქრობს. წიგნში ის წერს ერთ წამყვან ასირიოლოგზე, რომელიც ხეთური ენის გაშიფვრაზე მუშაობდა: „მისი ნაშრომი ფენომენალურია. ის არის უხეში შეცდომებისა და ბრწყინვალე დასკვნების სინთეზი ... ზოგი შეცდომა იმდენად არგუმენტირებული იყო, რომ მათ გაბათილებას კვლევა-ძიების ათეულობით წელი დასჭირდა. მისი ფილოლოგიური ცოდნა, რომელიც საზრიან მსჯელობაში გამოვლინდა, იმდენად მდიდარი იყო, რომ ღვარძლისგან ხორბლის გამორჩევა რთულ ამოცანას წარმოადგენდა“ (The Secret of the Hittites, 1956, გვ. 106—109). კერამი წერს, რომ ეს მეცნიერი ჯიუტად იცავდა თავის ნაშრომს და არაფრის შეცვლა არ უნდოდა. მრავალი წლის შემდეგ, როგორც იქნა, ის დათანხმდა ზოგიერთი ცვლილების მოხდენაზე, მაგრამ ისეთი მონაკვეთები შეცვალა, რომლებიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სწორად ეწერა. ამ მეცნიერსა და ხეთური იეროგლიფების სხვა მშიფრავს შორის გაჩაღებული ცხარე კამათისა და პირადი დაპირისპირების შესახებ წიგნში ნათქვამია: „სწორედ ასეთი დავების გამომწვევი ფანატიზმია აუცილებელი მეცნიერული აღმოჩენებისთვის“. მართალია, დრომ და კვლევებმა ძველი წარწერების გაშიფვრის დროს გაკეთებული არაერთი შეცდომა აღმოფხვრა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემდგომმა კვლევებმა შეიძლება კიდევ ბევრი შეცდომა შეასწოროს.
ზემოთ მოყვანილი ფაქტები ცხადყოფს, რომ ბიბლიის მსგავსად ვერც ერთი წიგნი ვერ იქნება საიმედო ინფორმაციის, ჭეშმარიტი ცოდნისა და სარწმუნო ხელმძღვანელობის წყარო. ბიბლია, წერილობითი დოკუმენტების კრებული, ყველაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ადამიანის წარსულზე და მან არქეოლოგიური გათხრების შედეგად კი არ მოაღწია ჩვენამდე, არამედ მისი ავტორის, იეჰოვა ღმერთის წყალობით. ბიბლია ცოცხალი და მოქმედია (ებ. 4:12). ის არის „ცოცხალი და მარადიული ღვთის სიტყვა ... ყოველი ხორციელი მინდვრის ბალახივითაა, ხოლო მთელი მისი დიდება — ბალახის აბიბინებასავით. ბალახი ხმება და ყვავილი სცვივა, იეჰოვას სიტყვა კი მარადიულად რჩება“ (1პტ. 1:23—25).
სტელა, რომელზეც რამსეს II-ის ვაჟი მერნეპტაჰი ისრაელის დამარცხებას იკვეხნის. ძველი ეგვიპტური ტექსტებიდან მხოლოდ მასში მოიხსენიება ისრაელი