ებრაელების მიმართ
11 რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ,+ და უხილავი სინამდვილის აშკარა მტკიცებულებაა. 2 სწორედ რწმენის გამო დაუდასტურა ღმერთმა ჩვენს წინაპრებს, რომ მას ასიამოვნეს.
3 რწმენის წყალობით ვხვდებით, რომ ქვეყნიერება* ღვთის ბრძანებით იქნა მოწყობილი; ამგვარად, ხილული იმისგან წარმოიშვა, რაც უხილავია.
4 რწმენით აბელმა კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი შესწირა ღმერთს+ და სწორედ რწმენის გამო დაუდასტურა ღმერთმა, რომ მართალი იყო; ღმერთმა მოიწონა მისი ძღვენი,+ და, თუმცა ის მოკვდა, კვლავაც გველაპარაკება+ რწმენის მეშვეობით.
5 რწმენით ენოქი+ გადაყვანილ იქნა,+ რათა სიკვდილი არ ენახა, და აღარსად იყო, რადგან ღმერთმა გადაიყვანა; მანამდე კი ღმერთმა დაუდასტურა, რომ ასიამოვნა მას. 6 რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვისაც ღმერთთან დაახლოება სურს, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს.+
7 რწმენით ნოემ,+ როდესაც ღმერთმა გააფრთხილა ჯერაც უხილავის შესახებ,+ ღვთისმოშიშება გამოავლინა და თავისი ოჯახის გადასარჩენად კიდობანი ააგო.+ რწმენით მან მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას+ და მართლად ჩაითვალა რწმენის წყალობით.
8 რწმენით აბრაამმა+ ყურად იღო მოწოდება, წასულიყო იმ ადგილას, რომელიც მემკვიდრეობად უნდა მიეღო, და წავიდა, თუმცა არ იცოდა, სად მიდიოდა.+ 9 რწმენით ის ხიზანივით ცხოვრობდა აღთქმულ ქვეყანაში.+ კარვებში ცხოვრობდა+ ისაკსა და იაკობთან ერთად, რომელთაც იგივე აღუთქვა ღმერთმა,+ 10 რადგან ელოდა მყარსაძირკვლიან ქალაქს, რომლის შემოქმედი და მშენებელიც ღმერთია.+
11 რწმენით სარამ, თუმცა ხანდაზმული იყო,+ ძალა მიიღო შთამომავლის გასაჩენად, რადგან ერთგულად მიიჩნია ის, ვინც ეს აღუთქვა. 12 ამგვარად, ერთი კაცისგან, და ისიც მოხუცებულისგან,+ წარმოიშვა მრავალი+ — ცის ვარსკვლავებივით ურიცხვი და ზღვის ქვიშასავით უთვალავი ხალხი.+
13 მართალია, აღთქმული არ მიუღიათ, მაგრამ სიკვდილამდე მტკიცე იყო მათი რწმენა;+ ისინი შორიდან ხედავდნენ აღთქმულს,+ ხარობდნენ და სახალხოდ აღიარებდნენ, რომ ხიზნები და დროებით მცხოვრებნი იყვნენ იმ ქვეყანაში. 14 ყველა, ვინც ასე ლაპარაკობს, ცხადყოფს, რომ ესწრაფვის სამკვიდროს მიღებას. 15 თუმცაღა, თუკი იმ ადგილზე იფიქრებდნენ, საიდანაც წამოვიდნენ,+ უკან დასაბრუნებლად გზასაც გამონახავდნენ. 16 მაგრამ ისინი უკეთესი ადგილისკენ ისწრაფვიან, რომელიც ზეცას ეკუთვნის. ამიტომ ღმერთს არ რცხვენია, რომ მათ ღმერთად იწოდებოდეს,+ რადგან ქალაქი მოუმზადა მათ.+
17 რწმენით აბრაამი, როცა ღმერთმა გამოსცადა,+ ისაკს სწირავდა. კაცი, რომელმაც გაიხარა აღთქმულით, მხოლოდშობილ ძეს სწირავდა,+ 18 არადა, ღმერთს მისთვის ნათქვამი ჰქონდა, შთამომავლობა, რომელსაც დაგპირდი, ისაკისგან წარმოიშობაო.+ 19 მას სჯეროდა, რომ ღმერთს შეეძლო მკვდრეთითაც კი აღედგინა იგი, და დაიბრუნა კიდეც ცოცხალი, რასაც სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.+
20 რწმენით ისაკმა იაკობი+ და ესავი+ აკურთხა, და აუწყა მომავალი.
21 რწმენით იაკობმა სიკვდილის პირას+ იოსების ვაჟები+ სათითაოდ აკურთხა და ხელჯოხზე დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.+
22 რწმენით იოსებმა სიკვდილის წინ ეგვიპტიდან ისრაელების გამოსვლა ახსენა და დაიბარა, ჩემი ძვლები თან წაიღეთო.+
23 რწმენით მშობლები დაბადებიდან სამი თვე მალავდნენ მოსეს,+ რადგან დაინახეს, რომ ბავშვი ლამაზი იყო,+ და მეფის ბრძანების არ შეშინებიათ.+ 24 რწმენით მოსემ, როცა წამოიზარდა,+ უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო,+ 25 და წარმავალ ხორციელ სიამეს ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა არჩია. 26 ეგვიპტის განძზე დიდ სიმდიდრედ მას ცხებულობის გამო შეურაცხყოფა მიაჩნდა, რადგან მთელი გულით ელოდა ჯილდოს. 27 რწმენით მან ეგვიპტე დატოვა,+ მაგრამ არა იმიტომ, რომ მეფის რისხვას შეუშინდა;+ ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია.+ 28 რწმენით აღნიშნა მან პასექი და სისხლი აპკურა წირთხლებს, რათა შემმუსვრელი ანგელოზი მათ პირმშოებს არ შეხებოდა.+
29 რწმენით მათ წითელ ზღვაში ისე გაიარეს, როგორც ხმელეთზე;+ ეგვიპტელებმაც დააპირეს ეს, მაგრამ წყალში შთაინთქნენ.+
30 რწმენით იერიხონის გალავანი შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ დაინგრა.+ 31 რწმენით მეძავი რახაბი არ განადგურდა ურჩებთან ერთად, რადგან მზვერავები შეიფარა.+
32 მეტი რაღა ვთქვა?! დრო არ მეყოფა, რომ მოვყვე გედეონზე,+ ბარაკზე,+ სამსონზე,+ იფთახზე,+ დავითზე,+ სამუელსა+ თუ სხვა წინასწარმეტყველებზე. 33 ისინი რწმენით ამხობდნენ სამეფოებს,+ სიმართლეს იქმოდნენ,+ ღვთისგან დანაპირებს იღებდნენ, ლომებს პირს უკრავდნენ;+ 34 მათ ცეცხლი ვერაფერს აკლებდა,+ ისინი მახვილს თავს აღწევდნენ,+ უძლურები ძლიერდებოდნენ,+ ომში მედგრად იბრძოდნენ+ და იგერიებდნენ შემოსეულ ჯარებს.+ 35 ქალებს თავიანთი მკვდრები ცოცხლები უბრუნდებოდნენ.+ ღვთის ზოგ მსახურს აწამებდნენ, რადგან თავის გადასარჩენად დათმობაზე არ მიდიოდნენ, რათა, შედეგად, უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ. 36 ზოგიც დაცინვითა და გაშოლტვით, უფრო მეტიც, ბორკილებითა+ და საპყრობილეებით+ გამოიცადა. 37 მათ ქოლავდნენ,+ სცდიდნენ, ხერხავდნენ, მახვილით ხოცავდნენ.+ ისინი, ცხვრისა და თხის ტყავით შემოსილნი,+ გაჭირვებას, ტანჯვასა+ და სასტიკ მოპყრობას+ იტანდნენ; 38 ისინი, ვისი ღირსიც არ იყო ქვეყნიერება, უკაცრიელ ადგილებს, მთებს, გამოქვაბულებსა+ და ხევებს აფარებდნენ თავს.
39 მართალია, თავიანთი რწმენის გამო დაუდასტურა მათ ღმერთმა, რომ მოიწონა ისინი, მაგრამ არცერთ მათგანს არ მიუღია აღთქმული, 40 რადგან ღმერთმა უკეთესი გაითვალისწინა ჩვენთვის,+ რათა ისინი უჩვენოდ არ გასრულყოფილებულიყვნენ.