მღვდელი
ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებამდე იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს შორის მღვდლები ღვთის წარმომადგენლები იყვნენ და ხალხს ღვთისა და მისი კანონების შესახებ ასწავლიდნენ. ამასთან, ისინი ხალხის წარმომადგენლებიც იყვნენ ღვთის წინაშე — ასრულებდნენ მსხვერპლშეწირვას, შუამავლობდნენ და ღმერთს წყალობას სთხოვდნენ მათ გამო. ებრაელების 5:1-ში ნათქვამია: „ადამიანთაგან ამორჩეული ყოველი მღვდელმთავარი ადამიანთა გულისთვის არის ღვთის საკუთრებაზე დანიშნული, რათა ძღვენი და მსხვერპლი შესწიროს ცოდვებისთვის“. მღვდლად ითარგმნება ებრაული სიტყვა ქოჰენ და ბერძნული სიტყვა ჰიერევს.
უძველეს დროში. პატრიარქალურ ეპოქაში ოჯახისთავები მღვდლის მოვალეობას ასრულებდნენ ოჯახში, რაც მამის სიკვდილის შემდეგ პირმშოს მოვალეობა ხდებოდა. ბიბლიიდან ჩანს, რომ უძველეს დროში ამ მოვალეობას თავის ოჯახში ნოე ასრულებდა (დბ. 8:20, 21). ოჯახისთავი აბრაამი თავის დიდ სახლეულობასთან ერთად ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა და, სადაც ბანაკდებოდა, იეჰოვას სამსხვერპლოს უგებდა და მსხვერპლს სწირავდა (დბ. 14:14; 12:7, 8; 13:4). ღმერთმა აბრაამის შესახებ თქვა: „დავუახლოვდი მას, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და სახლეულობას, რომელიც მის შემდეგ იქნება, დაიცვან იეჰოვას გზა სიმართლის საკეთებლად და სამართლის აღსასრულებლად“ (დბ. 18:19). აბრაამის მსგავსად მღვდლის მოვალეობას ასრულებდნენ ისაკიცა და იაკობიც (დბ. 26:25; 31:54; 35:1—7, 14). არაისრაელი იობი, რომელიც სავარაუდოდ აბრაამის შორეული ნათესავი იყო, ყოველთვის სწირავდა მსხვერპლს იეჰოვას თავისი შვილების გამო და ამბობდა: „იქნებ შესცოდეს ჩემმა ვაჟებმა და დაგმეს ღმერთი თავიანთ გულში“ (იობ. 1:4, 5; იხ. აგრეთვე 42:8). აღსანიშნავია, რომ ბიბლიაში ეს მამაკაცები არ მოიხსენიებიან სიტყვებით ქოჰენ და ჰიერევს. თუმცა მოსეს სიმამრს, პატრიარქ ითროს ეწოდებოდა „მიდიანის მღვდელი [ქოჰენ]“ (გმ. 2:16; 3:1; 18:1).
სალემის მეფე მელქისედეკი განსაკუთრებული მღვდელი (ქოჰენ) იყო. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი მის წარმოშობაზე, დაბადებასა თუ სიკვდილზე. მას მემკვიდრეობით არ მიუღია მღვდლობა, არც წინამორბედი ჰყოლია და არც საქმის გამგრძელებელი. მელქისედეკი მეფეც იყო და მღვდელიც. მისი მღვდლობა ლევიანების მღვდლობას აღემატებოდა, რადგან ლევიმ, ჯერ კიდევ აბრაამის საზარდულში მყოფმა, ფაქტობრივად, მეათედი გადაუხადა, როცა აბრაამმა მეათედი მისცა მელქისედეკს, და კურთხევა მიიღო მისგან (დბ. 14:18—20; ებ. 7:4—10). მელქისედეკი განასახიერებდა იესო ქრისტეს, რომელიც არის „მღვდელი მარადიულად მელქისედეკის წესით“ (ებ. 7:17).
როგორც ჩანს, იაკობის (ისრაელი) შთამომავლებს შორის ოჯახისთავები მღვდლის მოვალეობას ასრულებდნენ, ვიდრე ღმერთი არ დანიშნავდა ლევიანებს მღვდლებად. ამიტომ ღმერთმა სინას მთასთან შეკრებილ ხალხს უბრძანა: „განიწმინდონ მღვდლებიც, რომლებიც იეჰოვას უახლოვდებიან, რათა არ დაატყდეთ იეჰოვას რისხვა“ (გმ. 19:22). ეს სიტყვები ლევიანი მღვდლების დანიშვნამდე იყო წარმოთქმული. თუმცა აარონს, რომელიც ჯერ არ იყო მღვდლად დანიშნული, უფლება მიეცა, გარკვეულ მანძილზე აჰყოლოდა მოსეს სინას მთაზე. ამაში გასაკვირი არაფერი იყო, რადგან აარონი და მისი შთამომავლები მოგვიანებით დაინიშნებოდნენ მღვდლებად (გმ. 19:24). ეს ერთ-ერთი მინიშნება იყო იმისა, რომ ღმერთს განზრახული ჰქონდა ძველი ღონისძიება (ოჯახისთავის მღვდლობა) აარონის საგვარეულოს სამღვდელოებით ჩაენაცვლებინა.
კანონის შეთანხმების დროს. როცა ისრაელი ეგვიპტის მონობაში იყო, იეჰოვამ ისრაელის პირმშოები განწმინდა თავისთვის, ეგვიპტელთა პირმშოები კი მეათე სასჯელის დროს დახოცა (გმ. 12:29; რც. 3:13). ამიტომ ეს პირმშოები იეჰოვასი გახდნენ მისთვის განსაკუთრებული მსახურების შესასრულებლად. ღმერთს შეეძლო ისრაელის პირმშოები მღვდლებად და საწმინდრის მეთვალყურეებად დაენიშნა. მაგრამ თავისი განზრახვის შესასრულებლად მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ეს მსახურება ლევის ტომის მამაკაცებს შეესრულებინათ. ამიტომ მან ერს უფლება მისცა, ლევის ტომის მამაკაცებით ჩაენაცვლებინათ პირმშოები 12-ვე ტომიდან (იოსების ვაჟების, ეფრემისა და მენაშეს შთამომავლები ორ ტომს ქმნიდნენ). აღრიცხვამ ცხადყო, რომ არალევიანი პირმშოები ერთი თვიდან ზემოთ 273-ით აღემატებოდნენ ლევიან მამაკაცებს, ამიტომ ღმერთმა თითოეულის გამოსასყიდად 5 შეკელი ($11) დააწესა. ეს თანხა აარონისა და მისი ვაჟებისთვის უნდა მიეცათ (რც. 3:11—16, 40—51). მანამდე იეჰოვას ლევისტომელი აარონის საგვარეულოს მამაკაცები უკვე გამოყოფილი ჰყავდა ისრაელის სამღვდელოებად (რც. 1:1; 3:6—10).
დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ისრაელს ჰქონდა შესაძლებლობა, შთამომავლებისგან „მღვდლების სამეფო და წმინდა ერი“ წარმოეშვა (გმ. 19:6). მაგრამ ისრაელმა ეს განსაკუთრებული შესაძლებლობა დაკარგა, რადგან, როგორც ერმა, ღვთის ძე უარყო (შდრ. მთ. 21:43; 1პტ. 2:7—10).
თავიდან ისრაელის მეფე იეჰოვა იყო. მოგვიანებით იეჰოვას მითითებით მეფობა დავითის საგვარეულოს მიეცა. იეჰოვა მათ უხილავ მეფედ რჩებოდა, თუმცა დავითის შთამომავლებს, როგორც თავის წარმომადგენლებს, ერის სამართავად იყენებდა. ამიტომ ამ მეფეებზე ნათქვამია, რომ ისინი „იეჰოვას ტახტზე“ ისხდნენ (1მტ. 29:23). აარონის შთამომავლებისგან შემდგარი სამღვდელოება კი კვლავაც გამოყოფილი რჩებოდა. ამგვარად, მხოლოდ ისრაელს ერს მიეცა იეჰოვა ღმერთის სამეფო და სამღვდელოება „წმინდა მსახურებასთან“ ერთად (რმ. 9:3, 4).
მღვდლების დანიშვნა. მღვდლად დანიშვნა ღვთისგან უნდა მომდინარეობდეს. საკუთარი სურვილით არავის შეუძლია გახდეს მღვდელი (ებ. 5:4). ამიტომ იეჰოვამ კეჰათელთა საგვარეულოდან (ლევის ტომის სამი დიდი საგვარეულოდან ერთ-ერთი) აარონი და მისი საგვარეულო გამოყო მღვდლებად, რათა სამარადისოდ ემსახურათ (გმ. 6:16; 28:43). ვიდრე ისინი მსახურებას შეუდგებოდნენ, ლევიანმა მოსემ, როგორც კანონის შეთანხმების შუამავალმა და ღვთის წარმომადგენელმა, აარონი და მისი ვაჟები განწმინდა და ხელები აუვსო ძალაუფლებით მღვდლებად მსახურებისთვის. მათი დანიშვნის რიტუალი აღწერილია გამოსვლის 29-ე თავსა და ლევიანების მე-8 თავში. როგორც ჩანს, მათი დანიშვნა შვიდ დღეს გაგრძელდა, ძვ. წ. 1512 წლის 1—7 ნისანამდე (იხ. მღვდლად დანიშვნა). ახლად დანიშნულმა სამღვდელოებამ მსახურება მეორე დღეს, 8 ნისანს დაიწყო.
მოთხოვნები. იეჰოვამ დაადგინა მოთხოვნები აარონის შთამომავლებისთვის, რომლებიც ღვთის სამსხვერპლოსთან იმსახურებდნენ. მღვდელი ჯანმრთელი და ფიზიკურად უნაკლო უნდა ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ შეეძლო სამსხვერპლოზე შესაწირავის მიტანა და წმინდისა და წმინდათაწმინდის გამყოფ ფარდასთან მისვლა. თუმცა მასაც შეეძლო მეათედიდან წილის მიღება და მღვდლებისთვის განკუთვნილი წმინდა საკვების ჭამა (ლვ. 21:16—23).
ბიბლიაში დაკონკრეტებული არ არის, რა ასაკიდან იწყებდნენ მღვდლები მსახურებას. თუმცა სინას მთასთან კეჰათელთაგან 30—50 წლამდე მამაკაცები აღრიცხეს (რც. 4:3). ლევიანები საწმინდარში მსახურებას 25 წლის ასაკში იწყებდნენ (მეფე დავითის დროს ეს ასაკი 20 წლამდე შემცირდა) (რც. 8:24; 1მტ. 23:24). ლევიანები, რომლებიც სამღვდელო საგვარეულოს არ მიეკუთვნებოდნენ, საწმინდარში სავალდებულო მსახურებას 50 წლის ასაკში წყვეტდნენ, მღვდლები კი სიცოცხლის ბოლომდე მსახურობდნენ (რც. 8:25, 26; იხ. მსახურების შეწყვეტა).
საარსებო წყარო. ლევის ტომს არ მიეცა მიწა სამკვიდროდ. ისინი ისრაელში იყვნენ გაფანტულნი — მათ ერგოთ 48 ქალაქი, სადაც ოჯახებითა და ცხვარ-ძროხით უნდა დაბინავებულიყვნენ. აქედან 13 ქალაქი მღვდლებს მიეცა (დბ. 49:5, 7; იეს. 21:1—11). თავშესაფარი ქალაქებიდან ერთ-ერთი, ხებრონი, მღვდლების ქალაქი იყო (იეს. 21:13). ტომებს შორის ლევიანებს არ მიეცათ სამკვიდრო, რადგან იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა: „მე ვარ შენი წილი და სამკვიდრო ისრაელის ძეებს შორის“ (რც. 18:20). ლევიანები ასრულებდნენ თავიანთ მსახურებას და მათთვის გამოყოფილ ქალაქებში ზრუნავდნენ თავიანთ სახლებსა თუ საძოვრებზე. მათ აგრეთვე ევალებოდათ სხვა ისრაელების მიერ საწმინდრისთვის მიძღვნილ მიწებზე ზრუნვა (ლვ. 27:21, 28). იეჰოვამ დააწესა, რომ 12 ტომს მოწეული მოსავლიდან მეათედი მიეცა ლევიანებისთვის საარსებოდ (რც. 18:21—24). ლევიანებს ამ მეათედიდან საუკეთესო მეათედი უნდა მიეტანათ მღვდლებისთვის (რც. 18:25—29; ნემ. 10:38, 39). ამგვარად, სამღვდელოება ერის მოსავლის 1 პროცენტს იღებდა, რის წყალობითაც მათ შეეძლოთ მთელი დრო ღვთის მსახურებისთვის მიეძღვნათ.
ასეთი უხვი შემოსავლის მიუხედავად, ისრაელში მღვდლების მდგომარეობა სრულიად განსხვავდებოდა წარმართი ერების ქურუმთა მდგომარეობისგან, რომლებიც ფუფუნებაში ცხოვრობდნენ და ფინანსური ძალაუფლება ჰქონდათ. მაგალითად, ეგვიპტეში ქურუმები მიწათმფლობელები იყვნენ (დბ. 47:22, 26) და თავიანთი ხრიკებით ეგვიპტის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანები გახდნენ. ჯეიმზ ბრესტიდი თავის წიგნში წერს, რომ ე. წ. მეოცე დინასტიის დროს ფარაონი უბრალო მარიონეტი იყო (A History of the Ancient Egyptians, 1908, გვ. 355, 356, 431, 432). ქურუმების საკუთრებაში შედიოდა ოქროს საბადოებით ცნობილი ნუბიის მხარე და ზემო ნილოსის ვრცელი რეგიონი. მთავარი ხაზინადარის შემდეგ ფინანსურ საკითხებში მეორე კაცი მთავარი ქურუმი იყო. ის ხელმძღვანელობდა ჯარს და განაგებდა ხაზინას. შემორჩენილ ძეგლებზე ის უფრო ხშირად ფიგურირებს, ვიდრე ფარაონი.
თაყვანისმცემლობისადმი ისრაელების უგულო დამოკიდებულება უარყოფითად აისახა მეათედების გადახდაზეც, რის გამოც მღვდლები და ლევიანები იძულებულები გახდნენ, საკუთარი თავისა და ოჯახების სარჩენად სხვა საქმისთვის მოეკიდათ ხელი. თავის მხრივ, საწმინდრისა და მასზე ზრუნვისადმი ზერელე დამოკიდებულება უარყოფითად აისახა ისრაელთა სულიერობასა და იეჰოვას შემეცნებაზე (ნემ. 13:10—13; იხ. აგრეთვე მლ. 3:8—10).
მღვდლებს ეძლეოდათ: 1) მეათედები; 2) ადამიანის პირმშოსა თუ ცხოველის პირველმოგებულის გამოსასყიდი; მამალი ხბოს, ბატკნის ან თიკნის შემთხვევაში — ხორცი (რც. 18:14—19); 3) განწმენდილი ადამიანებისა თუ ქონების, აგრეთვე იეჰოვასთვის მიძღვნილის გამოსასყიდი (ლვ. 27); 4) ხალხის მიტანილი შესაწირავების გარკვეული ნაწილი და წარსადგენი პური (ლვ. 6:25, 26, 29; 7:6—10; რც. 18:8—14); 5) შესაწირავად მიტანილი პირველმოწეული საუკეთესო მარცვლეულის, ღვინისა და ზეთის ნაწილი (გმ. 23:19; ლვ. 2:14—16; 22:10 [„სხვაში“ იგულისხმება ის, ვინც მღვდელი არ იყო]; კნ. 14:22—27; 26:1—10). იმ განსაკუთრებული ნაწილების გარდა, რომელთა ჭამის უფლებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ (ლვ. 6:29), ამ შესაწირავებიდან შეეძლოთ ეჭამათ მღვდლის ვაჟებსა და ასულებს, ზოგ შემთხვევაში მის სახლეულობას და თვით მონებსაც კი (ლვ. 10:14; 22:10—13); 6) წილი ყოველ მესამე წელს ლევიანებისა და გაჭირვებულებისთვის გაღებული მეათედიდან (კნ. 14:28, 29; 26:12); 7) წილი ომში აღებული ნადავლიდან (რც. 31:26—30).
ტანსაცმელი. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მღვდლებს ფეხზე არაფერი არ ეცვათ, რადგან საწმინდარი წმინდა მიწად ითვლებოდა (შდრ. გმ. 3:5). მღვდლების ტანსაცმლის დამზადებასთან დაკავშირებულ მითითებებში სანდლები არ არის მოხსენიებული (გმ. 28:1—43). „შიშველი სხეულის დასაფარავად“ მათ ეცვათ სელის ქვედა საცვლები, რომლებიც თეძოებიდან ბარძაყებამდე ეშვებოდა, რათა დანაშაული არ დაკისრებოდათ და არ დახოცილიყვნენ (გმ. 28:42, 43). ზემოდან მათ ძვირფასი სელისგან დამზადებული გრძელი სამოსელი ეცვათ, რომელსაც სარტყელი ჰქონდა, და თავზე შემოხვეული ჰქონდათ ჩალმები (ლვ. 8:13; გმ. 28:40; 39:27—29). როგორც ჩანს, მათი ჩალმები განსხვავდებოდა მღვდელმთავრის თავსაბურავისგან, რომელიც შემოხვეული იყო და, სავარაუდოდ, შეკერილი, რათა მღვდელმთავარს დაეხურა თავზე (ლვ. 8:9). როგორც ჩანს, მოგვიანებით სხვა მღვდლებიც იმოსებოდნენ სელის ეფოდით, თუმცა ისინი მღვდელმთავრის ეფოდივით მდიდრულად არ იყო მოქარგული (შდრ. 1სმ. 2:18).
მითითებები და მოვალეობები. მღვდლებს მოეთხოვებოდათ პირადი ჰიგიენისა და მაღალი ზნეობრივი ნორმების დაცვა. შეხვედრის კარავში შესვლამდე და სამსხვერპლოზე შესაწირავის მიტანამდე მათ ხელ-ფეხი უნდა დაებანათ ეზოში მდგარ აუზში, რათა არ დახოცილიყვნენ (გმ. 30:17—21; 40:30—32). აგრეთვე საწმინდარში მსახურების დროს მათ ეკრძალებოდათ ღვინის ან მათრობელი სასმლის დალევა (ლვ. 10:8—11). ისინი არ უნდა გაუწმინდურებულიყვნენ მკვდართან შეხებით ან მიცვალებულის გლოვით. ამის გამო მსახურებისთვის დროებით უწმინდურები გახდებოდნენ. მღვდლებს, ოღონდ არა მღვდელმთავარს, შეეძლოთ გაუწმინდურებულიყვნენ სისხლით ნათესავის — დედის, მამის, ვაჟის, ასულის, ძმის ან მის სახლში ან ახლოს მცხოვრები ქალწული დის გამო. როგორც ჩანს, ახლობელში ცოლიც იგულისხმებოდა (ლვ. 21:1—4). მღვდელს, რომელიც გაუწმინდურდებოდა კეთრით, გამონადენით, მკვდართან შეხებით ან სხვა უწმინდურებით, არ უნდა ეჭამა ის, რაც წმინდა იყო, და განწმენდამდე არ უნდა ემსახურა საწმინდარში, რომ არ მომკვდარიყო (ლვ. 22:1—9).
მღვდლებს არ უნდა გადაეპარსათ თავი, მოეკრიჭათ წვერის ბოლოები და დაესერათ სხეული, როგორც ეს წარმართ ქურუმებს ჰქონდათ ჩვევად (ლვ. 21:5, 6; 19:28; 1მფ. 18:28). მღვდელმთავარს შეეძლო მხოლოდ ქალწულზე დაქორწინება, სხვა მღვდლებს კი ქვრივის ცოლად მოყვანაც შეეძლოთ, თუმცა მათაც ეკრძალებოდათ ქმარს გაცილებულზე ან მეძავზე დაქორწინება (ლვ. 21:7, 8; შდრ. ლვ. 21:10, 13, 14). მღვდელმთავრის ოჯახის ყველა წევრს უნდა დაეცვა მაღალზნეობრივი ნორმები და მღვდელმსახურების შესაფერისი ღირსება. ამიტომ მღვდლის ასული, რომელიც გამეძავდებოდა, უნდა მოეკლათ და ცეცხლში დაეწვათ, რადგან ის საძულველი იყო იეჰოვას თვალში (ლვ. 21:9).
უდაბნოში ბანაკის დაძვრამდე აარონსა და მის ვაჟებს ევალებოდათ, შეხვედრის კარვის წმინდა მოწყობილობებისთვის მანამდე გადაეფარებინათ, სანამ სხვა კეჰათელები შევიდოდნენ კარავში და აიღებდნენ მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კეჰათელები დაიხოცებოდნენ. ახალ ადგილზეც მათ უნდა მოეხსნათ გადასაფარებლები და კარავში ყველაფერი თავის ადგილზე დაედგათ (რც. 4:5—15). მსვლელობის დროს შეთანხმების კიდობნის ტარება მღვდლების მოვალეობა იყო (იეს. 3:3, 13, 15, 17; 1მფ. 8:3—6).
მღვდლებს ევალებოდათ წმინდა საყვირებისთვის ჩაბერვა ხალხისთვის ნათელი მითითებების მისაცემად, იქნებოდა ეს დაბანაკება, ბანაკის აშლა, შეკრება, ბრძოლისთვის მომზადება ან იეჰოვას რომელიმე დღესასწაულის აღნიშვნა (რც. 10:1—10). მღვდლები და ლევიანები სამხედრო სამსახურისგან თავისუფლები იყვნენ, თუმცა ლაშქრის წინაშე საყვირებისთვის უნდა ჩაებერათ და ემღერათ (რც. 1:47—49; 2:33; იეს. 6:4; 2მტ. 13:12).
საწმინდარში მათ ევალებოდათ ხალხის მიერ შესაწირავად გაღებული ცხოველების დაკვლა, სამსხვერპლოზე სისხლის მოსხურება, მსხვერპლის ნაჭრებად დაჭრა, სამსხვერპლოს ცეცხლისთვის შეკეთება, ხორცის მოხარშვა და სხვა შესაწირავების, მათ შორის მარცვლეული შესაწირავის დაბინავება. ისინი აგრეთვე აგვარებდნენ საკითხებს, რომლებიც ეხებოდა ვინმეს გაუწმინდურებას, განსაკუთრებულ აღთქმას და ა. შ. (ლვ. თ-ები 1—7; 12:6; თ-ები 13—15; რც. 6:1—21; ლკ. 2:22—24). მათ ევალებოდათ ყოველ დილა-საღამოს დასაწვავი შესაწირავისა და ყველა მუდმივი შესაწირავის მიტანა, გარდა იმ შესაწირავებისა, რომელთა მიტანაც მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო. ისინი აგრეთვე საკმეველს აკმევდნენ ოქროს სამსხვერპლოზე (გმ. 29:38—42; რც. 28:1—10; 2მტ. 13:10, 11). მათ უნდა გაემართათ ლამპრები, მოემარაგებინათ მათთვის ზეთი (გმ. 27:20, 21), ეზრუნათ წმინდა საცხებ ზეთსა და საკმეველზე (რც. 4:16). საზეიმო შეკრებებზე ისინი აკურთხებდნენ ხალხს რიცხვების 6:22—27-ში ჩაწერილი სიტყვებით. არც ერთ სხვა მღვდელს არ შეეძლო საწმინდარში ყოფნა, როცა მღვდელმთავარი წმინდათაწმინდაში იყო შესული გამოსყიდვის წესის შესასრულებლად (ლვ. 16:17).
ხალხისთვის ღვთის კანონის სწავლების პატივი უპირველესად მღვდლებს ჰქონდათ. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ისრაელისთვის სამართლის გაჩენაში. თავიანთ ქალაქებში მღვდლები ეხმარებოდნენ მსაჯულებს და მათთან ერთად განსჯიდნენ, როცა საქმე ადგილობრივი სასამართლოსთვის მეტისმეტად რთული აღმოჩნდებოდა (კნ. 17:8, 9). გაურკვეველი მკვლელობის გამო ქალაქს ბრალი რომ არ დასდებოდა სისხლის ღვრაში, მღვდლებს ქალაქის უხუცესებთან ერთად სათანადო ზომები უნდა მიეღოთ (კნ. 21:1, 2, 5). თუ ქმარი იეჭვიანებდა, რომ ცოლმა უღალატა, მას უნდა მიეყვანა ცოლი საწმინდარში, სადაც მღვდელი დადგენილი წესისამებრ იეჰოვას სიმართლის გამჟღავნებასა და განაჩენის გამოტანას სთხოვდა (რც. 5:11—31). მღვდლებისა და დანიშნული მსაჯულების მიერ გამოტანილი ნებისმიერი განაჩენი უნდა აღსრულებულიყო. სიკვდილით ისჯებოდა ყველა, ვინც განზრახ უგულებელყოფდა ან ეურჩებოდა მათ გადაწყვეტილებებს (რც. 15:30; კნ. 17:10—13).
მღვდლები ხალხს ასწავლიდნენ ღვთის კანონს — მას უკითხავდნენ და განუმარტავდნენ საწმინდარში იეჰოვას თაყვანსაცემად მისულთ. აგრეთვე, როცა საწმინდარში მორიგეობა არ უწევდათ, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, საწმინდრის ტერიტორიაზე თუ ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ხალხისთვის ესწავლებინათ (კნ. 33:10; 2მტ. 15:3; 17:7—9; მლ. 2:7). ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ მღვდელმა ეზრამ სხვა მღვდლებისა და ლევიანების დახმარებით შეკრიბა ხალხი, რომლებსაც არაერთი საათის განმავლობაში უკითხავდა და განუმარტავდა კანონს (ნემ. 8:1—15).
სამღვდელოება ერის სულიერი სიწმინდისა და ფიზიკური სიჯანსაღის სადარაჯოზე იდგა. მღვდელს უნდა დაედგინა, უწმინდური იყო თუ არა ადამიანზე, ტანსაცმელსა და სახლზე გაჩენილი კეთრი. მას უნდა ეზრუნა კანონით გათვალისწინებული კარანტინის პირობების დაცვაზე. ის აგრეთვე ასრულებდა განწმენდის წესს მკვდართან შეხების, პათოლოგიური გამონადენის ან სხვა მიზეზის გამო გაუწმინდურებულთათვის (ლვ. 13—15).
როგორ გაუნაწილდათ ტაძარში მომსახურე მღვდლებს მოვალეობები?
მღვდელთა 24 ჯგუფიდან, რომელთაც მეფე დავითმა გაუწია ორგანიზება, 16 ჯგუფი ელეაზარის ძეთაგან ჩამოყალიბდა, 8 კი — ითამარის ძეთაგან (1მტ. 24:1—19). მაგრამ ბაბილონის გადასახლებიდან მღვდლების მხოლოდ 4 ჯგუფი დაბრუნდა, ყოველ შემთხვევაში თავიდან მაინც (ეზრ. 2:36—39). ზოგის აზრით, დაბრუნებული ოთხი საგვარეულო 24 ჯგუფად დაყვეს, რათა მსახურება უწინდებური წესრიგის მიხედვით გაგრძელებულიყო. თავის წიგნში ალფრედ ედერშაიმი გამოთქვამს ვარაუდს, რომ თითოეული საგვარეულო კენჭისყრით ხუთ წილს იღებდა იმ ჯგუფების ნაცვლად, რომლებიც სამშობლოში არ დაბრუნებულან. ამგვარად, ისინი თავიანთი რიგებიდან კიდევ 20 ჯგუფს ქმნიდნენ და მათ პირვანდელ სახელებს არქმევდნენ (The Temple, 1874, გვ. 63). იოანე ნათლისმცემლის მამა, მღვდელი ზაქარია, აბიას ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელიც რიგით მერვე იყო. მაგრამ, თუ ზემოთქმული სიმართლეს შეესაბამება, შესაძლებელია, ის არც იყო აბიას შთამომავალი, უბრალოდ მისი სახელით წოდებულ ჯგუფს მიეკუთვნებოდა (1მტ. 24:10; ლკ. 1:5). სრული ინფორმაციის ნაკლებობის გამო შეუძლებელია დანამდვილებით რაიმეს თქმა.
ტაძარში მღვდლები თავიანთ მოვალეობებს სხვადასხვა ზედამხედველის ხელმძღვანელობით ასრულებდნენ. ზოგიერთი მოვალეობის განაწილება წილისყრით ხდებოდა. 24 ჯგუფიდან თითოეული წელიწადში ორჯერ თითო კვირას მსახურობდა. დღესასწაულების დროს, როგორც ჩანს, ყველა მღვდელი მსახურობდა, რადგან ამ დროს ხალხს ათასობით შესაწირავი მიჰქონდა, როგორც ეს ტაძრის მიძღვნისას მოხდა (1მტ. 24:1—18, 31; 2მტ. 5:11; შდრ. 2მტ. 29:31—35; 30:23—25; 35:10—19). მღვდელს სხვა დროსაც შეეძლო იქ მსახურება, ოღონდ ხელი არ უნდა შეეშალა მორიგე მღვდლისთვის მოვალეობების შესრულებაში. რაბინთა ტრადიციის თანახმად, დედამიწაზე იესოს ცხოვრების დროს ძალიან ბევრი მღვდელი იყო. ამიტომ კვირის განმავლობაში შესასრულებელი მსახურება ისე იყო განაწილებული მორიგე ჯგუფში შემავალ საგვარეულოებს შორის, რომ თითოეული საგვარეულო თავისი სიდიდიდან გამომდინარე ერთ ან მეტ დღეს მსახურობდა.
ყოველდღიური მოვალეობებიდან ყველაზე საპატიოდ, შესაძლოა, ოქროს სამსხვერპლოზე საკმევლის კმევა მიიჩნეოდა. საკმეველს მსხვერპლის შეწირვის შემდეგ აკმევდნენ. მისი კმევის დროს ხალხი საწმინდრის გარეთ იკრიბებოდა და ლოცულობდა. რაბინთა ტრადიციის თანახმად, ამ მსახურების შემსრულებლის არჩევა კენჭისყრით ხდებოდა. ვიდრე ჯგუფში შემავალ თითოეულ მღვდელს არ მიეცემოდა საკმევლის კმევის შესაძლებლობა, სხვას ამის ხელმეორედ გაკეთების ნებას არ რთავდნენ (The Temple, გვ. 135, 137, 138). თუ ეს მართლა ასე იყო, მღვდელს ეს პატივი სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ერგებოდა. ზაქარია სწორედ ამ მოვალეობას ასრულებდა, როცა ანგელოზი გაბრიელი ეჩვენა და გაუცხადა, რომ მას და ელისაბედს ვაჟი შეეძინებოდათ. ზაქარიას გამომეტყველებამ და დამუნჯებამ საწმინდართან შეკრებილი ხალხი მიახვედრა, რომ მას ზებუნებრივი ხილვა ჰქონდა. ასე გაცხადდა ეს ამბავი საქვეყნოდ (ლკ. 1:8—23).
შაბათობით მღვდლებს, როგორც ჩანს, წარსადგენი პურის ახლით შეცვლის პატივიც ჰქონდათ. მორიგე ჯგუფი შაბათობით ამთავრებდა მსახურებას და მეორე ჯგუფი იწყებდა ერთკვირიან მორიგეობას. მიუხედავად იმისა, რომ მღვდლები ამ და სხვა საჭირო საქმეებს ასრულებდნენ, ეს მათ შაბათის დარღვევაში არ ეთვლებოდათ (მთ. 12:2—5; შდრ. 1სმ. 21:6; 2მფ. 11:5—7; 2მტ. 23:8).
ერთგულება. როცა ათი ტომი განუდგა რობოამის სამეფოს, ჩრდილოეთი სამეფო ჩამოაყალიბა და იერობოამი გაამეფა, ლევის ტომი იუდასა და ბენიამინის ორტომიანი სამეფოს ერთგული დარჩა. იერობოამმა არალევიანებიდან დააყენა მღვდლები ოქროს ხბოებისთვის თაყვანისცემის შესასრულებლად, იეჰოვას მღვდლები, აარონის ვაჟები კი ქვეყნიდან გააძევა (1მფ. 12:31, 32; 13:33; 2მტ. 11:14; 13:9). მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით იუდაშიც მრავალმა მღვდელმა აქცია ზურგი ღმერთს, დროდადრო სამღვდელოების წყალობით ისრაელი იეჰოვასადმი ერთგულებას ინარჩუნებდა (2მტ. 23:1, 16; 24:2, 16; 26:17—20; 34:14, 15; ზქ. 3:1; 6:11). იესოსა და მისი მოციქულების მსახურების პერიოდში უფროსი მღვდლები ძალიან უპატიოსნოდ იქცეოდნენ. თუმცა მრავლად იყვნენ ისეთი მღვდლებიც, რომელთაც წრფელი გულით უყვარდათ იეჰოვა. ამაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ იესოს სიკვდილიდან მალევე „რწმენას უამრავი მღვდელიც იღებდა“ (სქ. 6:7).
სიტყვა „მღვდლის“ სხვა მნიშვნელობით გამოყენების მაგალითები. ფსალმუნის 99:6-ში მოსეს მღვდელი ეწოდება, რადგან შუამავალი იყო და ღვთის დავალებით აარონისა და მისი ვაჟების მღვდლებად დანიშვნის დროს საწმინდარში განწმენდის წესი შეასრულა. მოსე ისრაელის შუამდგომელი იყო და მათ გამო იეჰოვას სახელს უხმობდა (რც. 14:13—20). სიტყვა „მღვდელი“ ზოგჯერ მთავრის ან უფროსი მოხელის მნიშვნელობითაც გამოიყენება. მეფე დავითის მთავართა ჩამონათვალის ბოლოში ნათქვამია, რომ „დავითის ვაჟები მღვდლები გახდნენ“ (2სმ. 8:18; შდრ. 2სმ. 20:26; 1მფ. 4:5; 1მტ. 18:17).
ქრისტე და მისი სამღვდელოება. იეჰოვა დაჰპირდა ისრაელს, რომ მისი შეთანხმების შესრულების შემთხვევაში ისინი „მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად“ იქცეოდნენ მისთვის (გმ. 19:6). მაგრამ აარონის საგვარეულო, რომელიც უფრო დიდებულ სამღვდელოებას განასახიერებდა, მხოლოდ ამ სამღვდელოების გამოჩენამდე შეასრულებდა მღვდელმსახურებას (ებ. 8:4, 5). ეს მაშინ მოხდებოდა, როცა კანონის შეთანხმება გაუქმდებოდა და ძალაში ახალი შეთანხმება შევიდოდა (ებ. 7:11—14; 8:6, 7, 13). ღვთის აღთქმულ სამეფოში მღვდლებად მსახურების შესაძლებლობა თავიდან მხოლოდ ებრაელებს მიეცათ, მოგვიანებით კი — უცხოტომელებსაც (სქ. 10:34, 35; 15:14; რმ. 10:21).
ებრაელების მხოლოდ მცირე ნაწილმა ირწმუნა ქრისტე, ამიტომ ისრაელები აღთქმული მღვდლების სამეფოსა და წმინდა ერის ერთადერთი წარმომადგენლები ვერ გახდებოდნენ (რმ. 11:7, 20). საუკუნეებით ადრე ღმერთმა ისრაელს ორგულობის გამო ოსიას პირით უწინასწარმეტყველა: „რაკი ცოდნა უარყავი, მეც უარგყოფ, რათა მღვდლად აღარ მემსახურო; შენი ღვთის კანონი რომ დაივიწყე, მეც დავივიწყებ შენს ძეებს“ (ოს. 4:6). იესომაც უთხრა იუდეველ წინამძღოლებს: „წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს“ (მთ. 21:43). მიუხედავად ამისა, დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტე ექვემდებარებოდა მოსეს კანონს და აღიარებდა, რომ აარონის საგვარეულოს მღვდლობა ჯერ არ ჰქონდა წართმეული. სწორედ ამიტომ ეუბნებოდა კეთრისგან განკურნებულებს, რომ მღვდელთან მისულიყვნენ და შესაბამისი შესაწირავი მიეტანათ (მთ. 8:4; მრ. 1:44; ლკ. 17:14).
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე გაუქმდა კანონის შეთანხმება და ძალაში შევიდა ახალი, „უკეთესი შეთანხმება“ (ებ. 8:6—9). ამის ნიშნად ქრისტიანებმა ღვთისგან წმინდა სული მიიღეს. იმ დღეს მრავალი ქვეყნიდან იერუსალიმში ჩასულ იუდეველებს მოციქულმა პეტრემ აუხსნა, რომ მათი გადარჩენა მონანიებასა და იესო ქრისტეს აღიარებაზე იყო დამოკიდებული (სქ. 2; ებ. 2:1—4). მოგვიანებით პეტრემ ქრისტიანებს მისწერა, რომ იუდეველმა „მშენებლებმა“ დაიწუნეს ქვაკუთხედი ანუ იესო ქრისტე, შემდეგ კი დასძინა: «თქვენ კი „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება“» (1პტ. 2:7—9).
პეტრემ ისიც ახსნა, რომ ეს ახალი სამღვდელოება „სულიერი სახლი“ და „წმინდა სამღვდელოებაა“ , რომელიც „იესო ქრისტეს მეშვეობით ღვთისთვის მოსაწონ სულიერ მსხვერპლს“ სწირავს (1პტ. 2:5). იესო ქრისტე მათი დიდი მღვდელმთავარია, ისინი კი აარონის ვაჟების მსგავსად მის დამხმარე მღვდლებად მსახურობენ (ებ. 3:1; 8:1). მაგრამ აარონის შთამომავლებისგან განსხვავებით, რომლებსაც მეფობის უფლება არ ჰქონდათ, „სამეფო სამღვდელოების“ წარმომადგენლები — ქრისტე და მისი თანამემკვიდრეები — მღვდლებიც იქნებიან და მეფეებიც. წიგნ „გამოცხადებაში“ მოციქულმა იოანემ იესო ქრისტეს მიმდევრებზე თქვა, რომ ქრისტემ ისინი საკუთარი სისხლით გაათავისუფლა ცოდვებისგან და „თავისი ღვთისა და მამის სამეფოდ და მღვდლებად“ აქცია (გმც. 1:5, 6).
ბიბლიის ბოლო წიგნიდან აგრეთვე ვიგებთ, რამდენი მღვდელი იმსახურებს იესოსთან ერთად. ისინი, ვინც იესო ქრისტემ „ჩვენი ღვთის სამეფოდ და მღვდლებად“ აქცია, ახალ სიმღერას მღერიან და ამბობენ, რომ ქრისტეს სისხლით არიან ნაყიდნი (გმც. 5:9, 10). მოგვიანებით ვიგებთ, რომ ამ სიმღერის მომღერალთა რიცხვი 144 000-ს შეადგენს. ისინი „ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“ (გმც. 14:1—5). ბოლოს ამ მღვდლებზე ნათქვამია, რომ ისინი მკვდრეთით აღდგებიან და ზეცაში იესო ქრისტეს შეუერთდებიან, რათა „ღვთისა და ქრისტეს მღვდლები“ გახდნენ და ქრისტესთან ერთად იმეფონ ათას წელს (გმც. 20:4, 6).
ისრაელის სამღვდელოება, მათი მოვალეობები და ის სასიკეთო შედეგები, რაც მათ მსახურებას მოჰქონდა ხალხისთვის (ებ. 8:5), წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა კურთხევებს მოუტანს კაცობრიობას იესო ქრისტესა და მისი დამხმარე მღვდლებისგან შემდგარი სრულყოფილი და მარადიული სამღვდელოება ათასწლიანი მმართველობის დროს. ეს სამღვდელოება ასწავლის ხალხს ღვთის კანონს (მლ. 2:7), იზრუნებს, რომ დიდი მღვდელმთავრის მიერ გაღებული გამოსასყიდის საფუძველზე ადამიანებს საბოლოოდ მიეტევოთ ცოდვები, ნებისმიერი დაავადებისგან განკურნავს მათ (მლ. 2:7; მრ. 2:9—12; ებ. 9:12—14; 10:1—4, 10), ღვთის ნორმებით გაარჩევს წმინდას უწმინდურისგან და აღმოფხვრის ყოველგვარ უწმინდურებას (ლვ. 13—15), სიმართლით გაასამართლებს ხალხს და მთელ დედამიწაზე ღვთის სამართლიან კანონს აღასრულებს (კნ. 17:8—13).
უდაბნოში აგებული შეხვედრის კარავი იმის სიმბოლო იყო, რომ ღმერთი ადამიანებს შორის მკვიდრობდა. ეს იყო საწმინდარი, სადაც ისინი უახლოვდებოდნენ ღმერთს. ათასი წლის განმავლობაში ღვთის კარავი კვლავ ადამიანებთან იქნება, მაგრამ ამჯერად ის უფრო დიდ და ხანგრძლივ კურთხევებს მოუტანს ადამიანებს იეჰოვას წარმომადგენლების, დიდი მღვდელმთავრის იესო ქრისტესა და 144 000 მღვდლის მეშვეობით. ისინი დიდებულ სულიერ ტაძარში მსახურობენ, რომელსაც ერთ დროს წმინდა კარავი განასახიერებდა (გმ. 25:8; ებ. 4:14; გმც. 1:6; 21:3). ამ სამეფო სამღვდელოების წყალობით ხალხი ბედნიერი იქნება, როგორც მაშინ, როცა ისრაელის მეფეები და მღვდლები ღვთის ერთგულები იყვნენ. მაშინ „იუდა და ისრაელი ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანნი იყვნენ; ჭამდნენ, სვამდნენ და მხიარულობდნენ“, „უსაფრთხოდ ცხოვრობდა... ყველა თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ“ (1მფ. 4:20, 25).
წარმართი ხალხების ქურუმები. ძველ ხალხებს თავიანთ ღმერთებთან დასაახლოებლად ქურუმები ჰყავდათ. ეს ხალხისგან პატივდებული და გავლენიანი კაცები, ძირითადად, მმართველ კლასს მიეკუთვნებოდნენ ან მათი პირადი მრჩევლები იყვნენ. ქურუმები ყველაზე განათლებულები იყვნენ და ხალხს უმეცრებაში ამყოფებდნენ. ისინი სარგებლობდნენ ხალხის ცრურწმენითა და უცნობისადმი შიშით. მაგალითად, ეგვიპტეში ისინი უბიძგებდნენ ხალხს, მდინარე ნილოსი ღმერთად მიეჩნიათ და თაყვანი ეცათ მისთვის. ხალხს ეგონა, რომ ქურუმებს ღვთაებრივი ძალის დახმარებით შეეძლოთ ეკონტროლებინათ მისი სეზონური ადიდება, რაზეც მათი მოსავალი იყო დამოკიდებული.
ქურუმების მხრიდან ცრურწმენისა და უმეცრებისთვის ხელის შეწყობა რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ისრაელი მღვდლები აკეთებდნენ — ისინი სისტემატურად უკითხავდნენ და ასწავლიდნენ კანონს მთელ ერს. თითოეულს უნდა ჰქონოდა ღვთისა და მისი კანონების შესახებ ცოდნა (კნ. 6:1—3). ხალხმა იცოდა წერა-კითხვა და იეჰოვას ბრძანების თანახმად, შვილებისთვის უნდა წაეკითხათ და ესწავლებინათ ღვთის კანონი (კნ. 6:4—9).
ისრაელის სამღვდელოება მათგან არ იღებდა დასაბამს. ზემოთ მოყვანილი ფაქტების მიუხედავად, ზოგი ამტკიცებს, რომ ისრაელის სამღვდელოება და მათთვის მიცემული მრავალი მითითება ეგვიპტიდან იღებს სათავეს. მათი აზრით, კანონის შეთანხმების შუამავალ მოსეზე უდიდესი გავლენა მოახდინა ეგვიპტეში ცხოვრებამ, ფარაონის კარზე მიღებულმა განათლებამ და „ეგვიპტელთა მთელმა სიბრძნემ“ (სქ. 7:22). მაგრამ მათ მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ მართალია მოსემ ისრაელს კანონი გადასცა, ის არ ყოფილა კანონმდებელი. ისრაელის კანონმდებელი იეჰოვა ღმერთი იყო (ეს. 33:22), რომელმაც ანგელოზების მეშვეობით შუამავალი მოსეს ხელით მისცა მათ კანონი (გლ. 3:19).
თაყვანისმცემლობის თითოეული წვრილმანი ისრაელებს ღმერთმა დაუდგინა. მან გადასცა მოსეს შეხვედრის კარვის გეგმა (გმ. 26:30) და უბრძანა: „ყველაფერი იმ ნიმუშის მიხედვით გააკეთე, რაც მთაზე იხილე“ (ებ. 8:5; გმ. 25:40). საწმინდარში შესასრულებელი მსახურება იეჰოვასგან მომდინარეობდა და ყველაფერი მისი მითითებით სრულდებოდა. ბიბლიაში არაერთხელ არის ნათქვამი მოსესა და ისრაელის ძეებზე, რომ მათ „ყველაფერი ისე გააკეთეს ... როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები; ზუსტად ისე გააკეთეს“. „ყველა საქმე ისე შეასრულეს ისრაელის ძეებმა, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. ნახა მოსემ ყველა საქმე და, აი, ზუსტად ისე გაეკეთებინათ, როგორც იეჰოვამ ბრძანა. ასე გააკეთეს მათ“. „მოსემ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც იეჰოვამ უბრძანა; ზუსტად ისე გააკეთა“ (გმ. 39:32, 42, 43; 40:16).
ეგვიპტოლოგები ამბობენ, რომ გარკვეული მსგავსება არსებობდა ეგვიპტელი ქურუმების ტანსაცმელსა და ისრაელი მღვდლების ტანსაცმელს შორის. მაგალითად, მათ ტანსაცმელს სელისგან ამზადებდნენ. ეგვიპტელი ქურუმების მსგავსად ლევიანებსაც (თუმცა არა ისრაელ მღვდლებს; რც. 8:7) უნდა გაეპარსათ მთელი ტანი. აგრეთვე მოეთხოვებოდათ ბანაობა. მაგრამ ადასტურებს ეს რამდენიმე მსგავსება მათ საერთო წარმოშობას ან იმას, რომ ისინი ეგვიპტელებისგან იყო გადაღებული? მთელ მსოფლიოში მსგავს მასალებსა და მეთოდებს იყენებენ ტანსაცმლის დასამზადებლად, სახლებისა თუ სხვა შენობების ასაგებად და სხვადასხვა ყოველდღიური საქმის შესასრულებლად (მაგ. ბანაობა), თუმცა სტილსა და მეთოდებში საკმაოდ დიდ მრავალფეროვნებას ვხვდებით. მიუხედავად ამისა, არავინ ამტკიცებს, რომ ერთმა მეორისგან გადაიღო ეს და ტანსაცმელს ან ჩვეულებას ერთი და იგივე რელიგიური თუ სიმბოლური დატვირთვა აქვს.
ისრაელი მღვდლებისა და ეგვიპტელი ქურუმების ტანსაცმელსა და მოვალეობებს შორის, ფაქტობრივად, არანაირი მსგავსება არ იყო. მაგალითად, ისრაელი მღვდლები ფეხშიშველები მსახურობდნენ, ეგვიპტელ ქურუმებს კი სანდლები ეცვათ. ეგვიპტელი ქურუმების ტანსაცმელი სრულიად განსხვავებული იყო. მათ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ცრუღმერთების თაყვანისმცემლობის სიმბოლოები იყო გამოსახული. ისრაელი მღვდლებისგან განსხვავებით ისინი თავს იპარსავდნენ (ლვ. 21:5) და, როგორც ეგვიპტეში აღმოჩენილი წარწერებიდან ჩანს, პარიკს ან ისრაელი მღვდლებისგან სრულიად განსხვავებულ თავსაბურავს ატარებდნენ. გარდა ამისა, იეჰოვამ არაორაზროვნად უთხრა ისრაელს, არ შემოეღოთ არც ეგვიპტელთა და არც სხვა ხალხთა თაყვანისმცემლობის წეს-ჩვეულებები თუ სამართალი (ლვ. 18:1—4; კნ. 6:14; 7:1—6).
ამგვარად, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ ისრაელის სამღვდელოება ეგვიპტიდან იღებდა დასაბამს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსხვერპლშეწირვა და სამღვდელოება ღვთის ჩანაფიქრი იყო და პირველად ამ ჩანაფიქრის შესაბამისად ღვთის ერთგული მამაკაცები, მაგალითად, აბელი და ნოე მოქმედებდნენ. პატრიარქალური წყობის დროს აბრაამი და სხვები ამ ჩვეულების გამგრძელებლები იყვნენ. ასე რომ, თანდათანობით ყველა ხალხისთვის გახდა ეს ცნობილი, თუმცა ჭეშმარიტი ღმერთისა და წმინდა თაყვანისმცემლობისგან განდგომის გამო დამახინჯებული შეხედულებები ჩამოუყალიბდათ. მართალია, წარმართ ხალხებსაც თაყვანისმცემლობის თანდაყოლილი მოთხოვნილება ჰქონდათ, მაგრამ იეჰოვას ხელმძღვანელობის გარეშე მათ ბევრი უკუღმართი და უზნეო რიტუალი შემოიღეს, რითაც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას დაუპირისპირდნენ.
ქურუმების საზიზღარი რიტუალები. ეგვიპტელი ქურუმები ფარაონის წინაშე ეწინააღმდეგებოდნენ მოსეს და ჯადოქრობით ცდილობდნენ მოსესა და მისი ღვთისთვის, იეჰოვასთვის ჩრდილის მიყენებას (გმ. 7:11—13, 22; 8:7; 2ტმ. 3:8). მაგრამ მათ მოუწიათ მარცხისა და დამცირების აღიარება (გმ. 8:18, 19; 9:11). მოლექის თაყვანისმცემელი ამონელები მსხვერპლად სწირავდნენ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს და ცეცხლში წვავდნენ მათ (1მფ. 11:5; 2მფ. 23:10; ლვ. 18:21; 20:2—5). ამ საზიზღარი რიტუალის გარდა, ბაალის თაყვანისმცემელი ქანაანელები ისერავდნენ სხეულს და ავხორცულ, საძულველ და უზნეო ჩვეულებებს ასრულებდნენ (რც. 25:1—3; 1მფ. 18:25—28; იერ. 19:5). ფილისტიმელთა ღვთაება დაგონის ქურუმები, აგრეთვე მარდუქის, ბელისა და იშთარის ბაბილონელი ქურუმები ჯადოქრობდნენ და მკითხაობდნენ (1სმ. 6:2—9; ეზკ. 21:21; დნ. 2:2, 27; 4:7, 9). ისინი ხის, ქვისა და ლითონის ქანდაკებებს სცემდნენ თაყვანს. ისრაელის ათტომიანი სამეფოს მეფე იერობოამმაც დააყენა ქურუმები, რომ ხალხს ოქროს ხბოებისა და თხისმაგვარი დემონებისთვის ეცა თაყვანი და მონაწილეობა არ მიეღო იერუსალიმში ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში (2მტ. 11:15; 13:9; იხ. აგრეთვე მიქა №1).
ღმერთი გმობს თვითმარქვია მღვდლებს. იეჰოვა მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა თაყვანისმცემლობის ასეთ ფორმებსა და ჩვეულებებს, რომლებიც სინამდვილეში დემონების თაყვანისცემა იყო (1კრ. 10:20; კნ. 18:9—13; ეს. 8:19; გმც. 22:15). როცა ეს ღმერთები და მათი წარმომადგენელი ქურუმები აშკარად უპირისპირდებოდნენ იეჰოვას, ისინი ყოველთვის მცირდებოდნენ (1სმ. 5:1—5; დნ. 2:2, 7—12, 29, 30; 5:15). ხშირ შემთხვევაში ეს ქურუმებისა და წინასწარმეტყველებისთვის სიკვდილს ნიშნავდა (1მფ. 18:40; 2მფ. 10:19, 25—28; 11:18; 2მტ. 23:17). ვინაიდან იეჰოვა კანონის შეთანხმების ძალაში ყოფნისას აარონის საგვარეულოს მღვდლების გარდა სხვა სამღვდელოებას არ აღიარებდა, გამოდის, რომ მელქისედეკის წესით დანიშნული დიდებული მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს მღვდელმსახურება, რომელსაც აარონის მღვდელმსახურება განასახიერებდა, ერთადერთი საშუალებაა იეჰოვასთან დასაახლოებლად (სქ. 4:12; ებ. 4:14; 1ინ. 2:1, 2). ღვთის ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა თავი შორს უნდა დაიჭირონ ნებისმიერი სამღვდელოებისგან, რომელიც ღვთის დანიშნულ მეფე-მღვდელსა და მის დამხმარე მღვდლებს ეწინააღმდეგება (კნ. 18:18, 19; სქ. 3:22, 23; გმც. 18:4, 24).
იხ. მღვდელმთავარი.