მოსე
[ამოყვანილი [წყლიდან გადარჩენილი]]
ჭეშმარიტი ღვთის კაცი, ისრაელი ერის წინამძღოლი, კანონის შეთანხმების შუამავალი, წინასწარმეტყველი, მსაჯული, მხედართმთავარი, ისტორიკოსი და მწერალი (ეზრ. 3:2); მოსე დაიბადა ძვ. წ. 1593 წელს ეგვიპტეში. ის იყო ამრამის ვაჟი, კეჰათის შვილიშვილი და ლევის შვილთაშვილი. დედამისი იოქებედი კეჰათის და იყო (იხ. იოქებედი). მოსე თავის ძმა აარონზე სამი წლით უმცროსი იყო, მათი და მირიამი კი — მათზე რამდენიმე წლით უფროსი (გმ. 6:16, 18, 20; 2:7).
ადრეული წლები ეგვიპტეში. მოსე, „არაჩვეულებრივად ლამაზი ბავშვი“, სიკვდილს გადაურჩა, როცა ფარაონმა ახალშობილი ებრაელი ბიჭუნების მოკვლა გადაწყვიტა. დედამისი სამ თვეს მალავდა ბავშვს, შემდეგ პაპირუსის კალათაში ჩააწვინა და მდინარე ნილოსის პირას ლერწმებში ჩადო. ბავშვი ფარაონის ასულმა იპოვა. დედამისისა და მისი დის გონიერების წყალობით ფარაონის ასულმა დედამისი ძიძად და აღმზრდელად დაიქირავა, შემდეგ კი იშვილა მოსე. როგორც ფარაონის ოჯახის წევრმა, მოსემ ისწავლა „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნე“ და ძლიერი გახდა „სიტყვასა და საქმეში“, ანუ ჭკვიანი და ფიზიკურად განვითარებული იყო (გმ. 2:1—10; სქ. 7:20—22).
ეგვიპტეში არსებული ხელსაყრელი მდგომარეობისა და შესაძლებლობების მიუხედავად, მოსეს გული ღვთის ხალხთან იყო, რომლებიც ეგვიპტელებს ჰყავდათ დამონებული. მას იმედი ჰქონდა, რომ ღმერთი მისი მეშვეობით გაათავისუფლებდა თავის ხალხს. მას თითქმის ორმოცი წელი უსრულდებოდა, როცა თავისი ებრაელი ძმების მძიმე შრომის სანახავად გავიდა და ნახა, რომ ეგვიპტელი ებრაელს სცემდა. მოსე გამოესარჩლა თანამემამულეს, მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩამარხა. იმ დროისთვის მას უკვე მიღებული ჰქონდა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: „რწმენით მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, და არჩია, ღვთის ხალხთან ერთად მასაც სასტიკად მოპყრობოდნენ, ვიდრე დროებითი ცოდვიანი განცხრომა ჰქონოდა“. ამგვარად, მოსემ უარი თქვა იმ დიდებასა და სიმდიდრეზე, რომელიც მას, როგორც ძლევამოსილი ფარაონის ოჯახის წევრს შეიძლებოდა ჰქონოდა (ებ. 11:24, 25).
სინამდვილეში მოსეს ეგონა, რომ დადგა დრო, ეხსნა ებრაელები. მაგრამ მათ არ დააფასეს მისი მცდელობა. როცა ფარაონმა გაიგო, რომ მან ეგვიპტელი მოკლა, მოსე იძულებული გახდა, ეგვიპტიდან გაქცეულიყო (გმ. 2:11—15; სქ. 7:23—29).
ორმოცი წელი მიდიანში. მოსემ დიდი გზა განვლო უდაბნოში მიდიანამდე, სადაც თავი შეაფარა. იქ, ჭასთან, მოსემ კვლავ გამოიჩინა სიმამაცე და უსამართლობის მსხვერპლთ უყოყმანოდ დაეხმარა. როცა მწყემსებმა გაყარეს ითროს შვიდი ასული და მათი ფარა, მოსე გამოესარჩლა ქალებს და მათი ფარა დაარწყულა. ამის გამო ის ითროს სახლში მიიწვიეს. ითრომ ის მწყემსად დაიქირავა და ერთ-ერთი ქალიშვილი, ციფორა მიათხოვა, რომელმაც მოსეს ორი ვაჟი — გერშომი და ელიეზერი გაუჩინა (გმ. 2:16—22; 18:2—4).
მომზადება მომავალი მსახურებისთვის. თუმცა ღმერთს განზრახული ჰქონდა, მოსეს ხელით ეხსნა ებრაელები, ამის დრო ჯერ არ იყო დამდგარი და მოსეც არ იყო ღვთის ხალხის ხელმძღვანელობისთვის სათანადოდ მომზადებული. მას კიდევ 40-წლიანი მომზადება სჭირდებოდა; უფრო მეტად უნდა გამოემუშავებინა მოთმინება, თვინიერება, თავმდაბლობა, სულგრძელობა, რბილი ხასიათი, თავშეკავება და იეჰოვასადმი ნდობა, რათა ღვთის ხალხის წინამძღოლად გამომდგარიყო; უნდა ესწავლა გულგატეხილობასთან, იმედგაცრუებასა და სირთულეებთან გამკლავება და სიკეთით, სიმშვიდითა და სიმტკიცით უნდა მოეგვარებინა უამრავი პრობლემა, რომლებიც ამ დიდ ერს წამოეჭრებოდა. ის ძალიან განათლებული იყო. ფარაონის ოჯახში მიღებულმა აღზრდამ, უეჭველია, მას ღირსება, თავდაჯერებულობა და თავდაჭერილობა შესძინა და გაუუმჯობესა ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის უნარი. მაგრამ მიდიანში მწყემსის მოკრძალებულმა საქმიანობამ მას ის შესანიშნავი თვისებები გამოამუშავებინა, რომლებიც უფრო მეტად დასჭირდებოდა მომავალი დავალების შესასრულებლად. მსგავსად, დავითმა სამუელის მიერ მეფედ ცხების შემდეგაც კი საკმაოდ რთული გზა გაიარა და ბევრი ისწავლა, ხოლო იესო ქრისტე ყოველმხრივ გამოიცადა, რათა მარადიულად სრულყოფილი მეფე და მღვდელმთავარი ყოფილიყო. ქრისტემ „მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა, და მას შემდეგ, რაც სრულყოფილი გახდა, თავის მორჩილთა სამუდამო ხსნაზე გახდა პასუხისმგებელი“ (ებ. 5:8, 9).
გამათავისუფლებლად დანიშვნა. მიდიანში 40-წლიანი ხიზნობის მიწურულს მთა ხორებთან ახლოს მოსე ითროს ფარას მწყემსავდა, როცა გასაოცარი რამ იხილა — ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა. ამ უჩვეულო სანახაობის გასარკვევად ბუჩქთან მისულ მოსეს იეჰოვას ანგელოზი დაელაპარაკა ცეცხლის ალიდან და გაუმჟღავნა, რომ დადგა ღვთის მიერ ისრაელის მონობიდან დახსნის დრო და დაავალა, რომ იეჰოვას სახელით წასულიყო ეგვიპტეში (გმ. 3:1—15). ამგვარად, ღმერთმა მოსე თავის წინასწარმეტყველად და წარმომადგენლად დანიშნა. ამიტომ მას მართებულად ეწოდება „ცხებული“ ანუ ქრისტე, იგივე მესია, როგორც ეს ებრაელების 11:26-შია ჩაწერილი (შდრ. აგრეთვე სსგ, კს, აფ). ანგელოზის მეშვეობით იეჰოვამ მოსეს სამი სასწაულის მოხდენის უფლება მისცა, რაც ისრაელ უხუცესებს დაარწმუნებდა, რომ ის ღვთისგან იყო გაგზავნილი. ეს არის ბიბლიაში ჩაწერილი პირველი შემთხვევა, როცა ადამიანის ხელით მოხდა სასწაული (გმ. 4:1—9).
იეჰოვამ არ დაიწუნა საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გამო. მოსე არ იყო საკუთარ თავში დარწმუნებული. ის ღმერთს ეუბნებოდა, რომ თავისუფლად ვერ ლაპარაკობდა. ეს ის მოსე აღარ იყო, რომელმაც 40 წლის წინ ისრაელის გათავისუფლება მოინდომა. ამ საქმისთვის თავის ასარიდებლად მან სხვადასხვა მიზეზი მოიყვანა, ბოლოს კი პირდაპირ სთხოვა იეჰოვას, რომ მისთვის არ დაევალებინა ეს საქმე. ღმერთი განრისხდა, მაგრამ მოსეს გაგზავნა არ გადაუფიქრებია. მან მოსეს ძმას, აარონს დაავალა მის ნაცვლად ლაპარაკი. ამგვარად, მოსე იქნებოდა ღვთის წარმომადგენელი, ანუ „ღმერთი“ აარონისთვის, აარონი კი მის ნაცვლად ილაპარაკებდა. ისრაელ უხუცესებსა და ფარაონთან შეხვედრების დროს, როგორც ჩანს, მოსეს ღმერთი აძლევდა მითითებებსა და რჩევებს, ის კი მათ აარონს გადასცემდა, რომელიც უშუალოდ ფარაონს ელაპარაკებოდა (ეს არ იყო ის ფარაონი, რომელსაც მოსე 40 წლის წინ გაექცა, არამედ მის შემდეგ ტახტზე ასული ფარაონი) (გმ. 2:23; 4:10—17). მოგვიანებით იეჰოვამ აარონს უწოდა მოსეს „წინასწარმეტყველი“, რაც იმას ნიშნავდა, რომ როგორც ღვთის წინასწარმეტყველ მოსეს ხელმძღვანელობდა ღმერთი, ისე მოსე უხელმძღვანელებდა აარონს. ღმერთმა აგრეთვე უთხრა მოსეს, რომ მას „ფარაონის ღმერთად“ დააყენებდა, ანუ მისცემდა ღვთიურ ძალასა და ძალაუფლებას ფარაონზე. ასე რომ, მოსეს აღარ უნდა ჰქონოდა ეგვიპტის მმართველის შიში (გმ. 7:1, 2).
მიუხედავად იმისა, რომ უსაყვედურა მოსეს, რომელსაც არ უნდოდა ისრაელის გათავისუფლების უდიდესი პასუხისმგებლობის აღება, ღმერთს არ გადაუფიქრებია მისი გაგზავნა. მართალია, მოსე 80 წლისა იყო, მაგრამ ეს უარის მიზეზად არ მოუყვანია. 40 წლის შემდეგ, 120 წლის მოსე ჯერ კიდევ ჯან-ღონით სავსე და გონებამახვილი იყო (კნ. 34:7). მიდიანში გატარებული 40 წლის მანძილზე მოსეს ფიქრისთვის ბევრი დრო ჰქონდა. ის მიხვდა, რომ ცდებოდა, როცა საკუთარი ინიციატივით ცდილობდა ებრაელების გათავისუფლებას. ახლა ის უკვე აცნობიერებდა, რომ საკუთარი ძალებით ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. ალბათ, მოსესთვის, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყო საზოგადოებრივ საქმიანობას, თავზარდამცემი იქნებოდა ამ მოულოდნელი დავალების მიღება.
ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოსე უთვინიერესი კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე“ (რც. 12:3). როგორც თვინიერი ადამიანი, ის აღიარებდა, რომ არასრულყოფილი იყო და სისუსტეები ჰქონდა. მას არ ჰქონია პრეტენზია, რომ ისრაელის უძლეველი წინამძღოლი ყოფილიყო. მოსეს არ ეშინოდა ფარაონის, უბრალოდ, საკუთარ შესაძლებლობებს აფასებდა რეალურად.
ფარაონის წინაშე. მოსესა და აარონს „ღმერთების ბრძოლაში“ მთავარი როლი უნდა შეესრულებინათ. ფარაონმა ეგვიპტის ღვთაებების ძალა იეჰოვას ძალას დაუპირისპირა, როცა გრძნეულ ქურუმებს მოუხმო, რომელთა უფროსებიც, როგორც ჩანს, იანე და იამბრე იყვნენ (2ტმ. 3:8). პირველმა სასწაულმა, რომელიც აარონმა მოსეს მითითებით ფარაონის წინაშე მოახდინა, ეგვიპტის ღვთაებებზე იეჰოვას აღმატებულობა დაამტკიცა, თუმცა ფარაონი უფრო გააჯიუტა (გმ. 7:8—13). მოგვიანებით, მესამე სასჯელის დროს, ქურუმები იძულებულები გახდნენ, ეღიარებინათ, რომ ამაში ღვთის ხელი ერია. როცა ხალხს სასჯელად მუწუკები გამოაყარა, ქურუმები იმდენად ცუდ დღეში იყვნენ, რომ ვერ წარდგნენ ფარაონის წინაშე და წინ ვერ აღუდგნენ მოსეს (გმ. 8:16—19; 9:10—12).
სასჯელებმა ზოგს გული მოულბო, ზოგს კი გაუსასტიკა. მოსემ და აარონმა ათივე სასჯელი თვითონ გამოაცხადეს. ეს სასჯელები ზუსტად ისე შესრულდა, როგორც მოსეს ჰქონდა ნათქვამი, რითაც დადასტურდა, რომ ის იეჰოვას წარმომადგენელი იყო. ეგვიპტეში იეჰოვას სახელი ცნობილი გახდა და ყველა მასზე ლაპარაკობდა. შედეგად, ისრაელებსა და ზოგ ეგვიპტელს გული მოულბა, ფარაონს, მის მრჩევლებსა და მომხრეებს კი გული გაუსასტიკდა (გმ. 9:16; 11:10; 12:29—39). ეგვიპტელებმა იცოდნენ, რომ მათი ღმერთები კი არ იყვნენ განაწყენებული, არამედ იეჰოვა სჯიდა მათ ღმერთებს. მეცხრე სასჯელის შემდეგ მოსე „დიდად განდიდებული კაცი იყო ეგვიპტის მიწაზე, ფარაონის მსახურთა და ხალხის თვალში“ (გმ. 11:3).
მოსეს მიმართ ისრაელების დამოკიდებულებაც შეიცვალა. თავიდან ის მათ იეჰოვას წარმომადგენლად აღიარეს, მაგრამ ფარაონის განკარგულებით სამუშაოს დამძიმების შემდეგ მათ მოსეს წინააღმდეგ წუწუნი დაიწყეს. გულგატეხილმა მოსემ იეჰოვას შეღაღადა (გმ. 4:29—31; 5:19—23). მაშინ უზენაესმა გაამაგრა მოსე და გაუმჟღავნა, რომ ახლა შეასრულებდა იმას, რასაც აბრაამი, ისაკი და იაკობი ნატრობდნენ — ბოლომდე გაამჟღავნებდა თავისი სახელის მნიშვნელობას, როცა ისრაელს გაათავისუფლებდა და მათ, როგორც დიდ ერს, აღთქმულ მიწაზე დაამკვიდრებდა (გმ. 6:1—8). ისრაელებმა მაშინაც არ დაუჯერეს მოსეს. მაგრამ ახლა, მეცხრე სასჯელის შემდეგ, ყველანი მოსეს მხარეს იყვნენ და მის მითითებებს ემორჩილებოდნენ, რის წყალობითაც მეათე სასჯელის შემდეგ მოსეს შეეძლო მათი ორგანიზება და ეგვიპტიდან რაზმებად გამოყვანა (გმ. 13:18).
ფარაონის წინაშე წარსადგენად სიმამაცე და რწმენა მოითხოვებოდა. მხოლოდ იეჰოვას ძალამ და სულმა შეაძლებინა მოსესა და აარონს დავალებული საქმის შესრულება. წარმოიდგინე ფარაონის, იმდროინდელი მსოფლიო იმპერიის მმართველის, სამეფო კარი. არნახულ ფუფუნებაში მყოფი ქედმაღალი ფარაონი, რომელსაც ღმერთად მიიჩნევდნენ, გარშემორტყმული იყო მრჩევლებით, მხედართმთავრებით, მცველებითა და მონებით. მასთან იყვნენ რელიგიური წინამძღოლებიც, გრძნეული ქურუმები, მოსეს მთავარი მოწინააღმდეგეები. ფარაონის შემდეგ ისინი ყველაზე გავლენიანები იყვნენ. მთელ ამ შთამბეჭდავ ჯგუფს ფარაონთან მოეყარა თავი, რათა მხარი დაეჭირათ ეგვიპტის ღმერთებისთვის. მოსე და აარონი არაერთხელ წარდგნენ ფარაონის წინაშე, ფარაონი კი უფრო და უფრო იჯიუტებდა გულს, რადგან არ უნდოდა, ებრაელი მონების გაშვებით დაზარალებულიყო. მერვე სასჯელის გამოცხადების შემდეგ ფარაონმა გაყარა მოსე და აარონი, ხოლო მეცხრე სასჯელის შემდეგ დაემუქრა, რომ, თუ კიდევ გაბედავდნენ მის წინაშე მისვლას, სიკვდილი არ ასცდებოდათ (გმ. 10:11, 28).
ზემოხსენებულის გათვალისწინებით სავსებით გასაგებია, რატომ მიმართა მოსემ იეჰოვას არაერთხელ მხარდაჭერისა და ძალისთვის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ის ზედმიწევნით ასრულებდა იეჰოვას მითითებებს. იეჰოვას მიერ ფარაონისთვის ნაბრძანები სიტყვებიდან ერთიც არ გამოუტოვებია. მოსეს კარგ წინამძღოლობაზე ისიც მეტყველებს, რომ მეათე სასჯელის დროს „ისრაელის ძეთაგან ყველამ ზუსტად ისე გააკეთა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსესა და აარონისთვის. მათ ზუსტად ისე გააკეთეს“ (გმ. 12:50). მოსემ ქრისტიანებს რწმენის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. მის შესახებ მოციქულმა პავლემ თქვა: „რწმენით მან ეგვიპტე დატოვა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მეფის რისხვას შეუშინდა; ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (ებ. 11:27).
მეათე სასჯელამდე მოსეს წილად ხვდა პატივი, ისრაელისთვის პასექის დღესასწაული დაეწესებინა (გმ. 12:1—16). წითელ ზღვასთან მოსეს კვლავ მოუწია ხალხის წუწუნის ატანა, რომლებიც თითქოსდა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და სიკვდილს თვალებში უყურებდნენ. მაგრამ მან, როგორც იეჰოვას ძალაში დარწმუნებულმა ჭეშმარიტმა წინამძღოლმა, დაარწმუნა ისრაელი, რომ იეჰოვა მათ დადევნებულ ეგვიპტელთა ჯარს გაანადგურებდა. როგორც ჩანს, ამ რთულ ვითარებაში მან იეჰოვას შეღაღადა, რადგან ღმერთმა მიუგო: „რატომ შემომღაღადებ?“. შემდეგ მან უბრძანა მოსეს, აეღო თავისი ჯოხი, ხელი ზღვისკენ გაეწოდა და ის შუაზე გაეპო (გმ. 14:10—18). საუკუნეების შემდეგ მოციქულმა პავლემ ისრაელის მიერ წითელი ზღვის გადაკვეთის შესახებ აღნიშნა: „ჩვენი წინაპრები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ, ყველამ გადაკვეთა ზღვა და ყველა მოინათლა მოსეში ღრუბლითა და ზღვით“ (1კრ. 10:1, 2). ისინი იეჰოვამ მონათლა. სისხლმოწყურებული მდევრისგან თავის დასაღწევად ებრაელი ერის მამებს მოსე თავიანთ მეთაურად უნდა ეღიარებინათ და ზღვის გადაკვეთისას მის ხელმძღვანელობას მიყოლოდნენ. ამგვარად, ისრაელის მთელი კრებული მოინათლა თავიანთ გამათავისუფლებელსა და წინამძღოლში, მოსეში.
კანონის შეთანხმების შუამავალი. ეგვიპტის დატოვებიდან მესამე თვეს იეჰოვამ მთელ ისრაელს უჩვენა, რამდენად დიდი ძალაუფლება და პასუხისმგებლობა მისცა თავის მსახურ მოსეს და რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან. ხორების მთასთან შეკრებილი მთელი ისრაელის წინაშე იეჰოვამ მოუხმო მოსეს, მთაზე ასულიყო, და ანგელოზის მეშვეობით დაელაპარაკა. ერთხელ მოსეს წილად ხვდა პატივი, ეხილა ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა, რომლის მსგავსიც იესო ქრისტეს დედამიწაზე მოსვლამდე არავის ეხილა. მაღალ მთაზე მარტო მყოფს იეჰოვამ ახილვინა თავისი დიდება, ხელი მიაფარა მოსეს და მან მხოლოდ მისი „ზურგი“, როგორც ჩანს, ღვთის დიდების ანარეკლი დაინახა. შემდეგ ის მოსეს „პირისპირ“ ელაპარაკა (გმ. 19:1—3; 33:18—23; 34:4—6).
იეჰოვამ უთხრა მოსეს: „ვერ იხილავ ჩემს სახეს, რადგან შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს ის და ცოცხალი დარჩეს“ (გმ. 33:20). საუკუნეების შემდეგ იოანე მოციქულმა დაწერა: „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (ინ. 1:18). ქრისტიანმა წამებულმა სტეფანემ იუდეველებს უთხრა: „ეს [მოსე] ის არის, ვინც უდაბნოში კრებულში იყო ანგელოზთან ერთად, რომელიც სინას მთაზე ელაპარაკა მას“ (სქ. 7:38). ასე რომ, მთაზე იეჰოვას წარმოადგენდა ანგელოზი. მიუხედავად ამისა, იეჰოვას დიდება იმდენად ბრწყინვალე იყო, რომ მოსეს სახეზე აირეკლა და ისრაელის ძეები შიშით ვერ უყურებდნენ მის განათებულ სახეს (გმ. 34:29—35; 2კრ. 3:7, 13).
იეჰოვამ მოსე ისრაელთან კანონის შეთანხმების შუამავლად დანიშნა. იესო ქრისტეს, ახალი შეთანხმების შუამავლის გარდა, დედამიწაზე მცხოვრებთაგან არავინ ყოფილა ღმერთთან ასე დაახლოებული. მოსემ ცხოველური შესაწირავის სისხლი შეასხურა შეთანხმების წიგნს, რომლითაც წარმოდგენილი იყო იეჰოვა, როგორც შეთანხმების ერთი მხარე, და ხალხს (ხალხის წარმომადგენელ უხუცესებს), როგორც შეთანხმების მეორე მხარეს. როცა მან შეთანხმების წიგნი ხალხს წაუკითხა, მათ თქვეს: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა, და მორჩილები ვიქნებით“ (გმ. 24:3—8; ებ. 9:19). როგორც შუამავალს, მოსეს წილად ხვდა პატივი, მეთვალყურეობა გაეწია კარვისა და მისი მოწყობილობების დამზადებისთვის, რომელთა ნიმუში იეჰოვამ მისცა, დაენიშნა სამღვდელოება და წმინდა საცხები ზეთით ეცხო კარავი და მღვდელმთავარი აარონი. შემდეგ მან ახალდანიშნული სამღვდელოების პირველ მსახურებას გაუწია ხელმძღვანელობა (გმ. თ-ები 25—29; ლვ. თ-ები 8, 9).
შესაფერისი შუამავალი. მოსე არაერთხელ ავიდა ხორების მთაზე და ორჯერ ორმოცი დღე-ღამე დაჰყო იქ (გმ. 24:18; 34:28). პირველ შემთხვევაში ის „ღვთის თითით ნაწერი“ ორი ქვის ფილით დაბრუნდა, რომლებზეც „ათი მცნება“ ანუ კანონის შეთანხმების ძირითადი კანონები ეწერა (გმ. 31:18; კნ. 4:13). იმ დროს მოსემ ცხადყო, რომ შესაფერისი იყო იეჰოვასა და ისრაელს შორის შუამავლობისა და დიდი ერის წინამძღოლობისთვის (მათი რიცხვი შესაძლოა სამი მილიონი ან მეტი იყო). მოსე ჯერ კიდევ მთაზე იყო, როცა იეჰოვამ შეატყობინა, რომ ხალხი კერპთაყვანისმცემლობაში ჩაება და უთხრა: „მიმიშვი, რომ აენთოს მათზე ჩემი რისხვა და შევმუსრო ისინი, შენ კი დიდ ხალხად გაქციო“ (გმ. 32:7—14). მოსეს მყისიერმა პასუხმა აჩვენა, რომ იეჰოვას სახელის განწმენდა მისთვის უმთავრესი იყო — ის სრულიად უანგარო იყო და საკუთარი თავის განდიდებაზე არ ფიქრობდა. ის არაფერს ითხოვდა; მას ადარდებდა იეჰოვას სახელი (რომელიც არც ისე დიდი ხნით ადრე წითელ ზღვაზე მომხდარი სასწაულის დროს განდიდდა) და აბრაამისთვის, ისაკისა და იაკობისთვის ღვთის მიცემული დაპირების შესრულება. იეჰოვამ შეისმინა მოსეს თხოვნა და ხალხი დაინდო. აქედან გამოჩნდა, რომ იეჰოვას აზრით მოსე კარგად ასრულებდა შუამავლის როლს და თვითონაც აფასებდა თავისივე ღონისძიებას, რომელიც მოსეს შუამავლობას ითვალისწინებდა. ვინაიდან მდგომარეობა შეიცვალა, „შეიწყალა იეჰოვამ თავისი ხალხი და აღარ დაატეხა უბედურება, როგორც ნათქვამი ჰქონდა“ (გმ. 32:7—14).
მთიდან ჩამოსვლისას მოსემ, როგორც ღვთის წარმომადგენელმა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობა გამოავლინა. კერპთაყვანისმცემლობასა და ღრეობაში ჩაბმული ხალხის დანახვაზე მოსემ ფილები ძირს დაანარცხა და მოიხმო ისინი, ვინც იეჰოვას მხარეს იყო. მას ლევის ტომი შეუერთდა. მოსემ უბრძანა მათ, დაეხოცათ ცრუთაყვანისმცემლები. შედეგად, მათ დაახლოებით 3 000 კაცი დასცეს. შემდეგ მოსე იეჰოვასთან დაბრუნდა, ხალხის დიდი ცოდვა აღიარა და შეევედრა: „თუ მიუტევებ ახლა მათ ამ ცოდვას.., თუ არა და, გთხოვ, ამომშალე წიგნიდან, შენ რომ დაწერე“. ღმერთმა მოიწონა მოსეს შუამდგომლობა, მაგრამ უთხრა: „ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან“ (გმ. 32:19—33).
მოსე ბევრჯერ იყო იეჰოვას, როგორც კანონის შეთანხმების ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი. ის ითხოვდა ჭეშმარიტ, წმინდა თაყვანისმცემლობას და დაუმორჩილებლებზე სამართალს აღასრულებდა. ის არაერთხელ ჩამდგარა ერსა თუ მის ცალკეულ წარმომადგენლებსა და იეჰოვას შორის, როცა ის მათ განადგურებას აპირებდა (რც. 12; 14:11—21; 16:20—22, 43—50; 21:7; კნ. 9:18—20).
უანგარო, თავმდაბალი და თვინიერი. მოსესთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იეჰოვას სახელი და მისი ხალხი იყო. შესაბამისად, ის არ ისწრაფოდა დიდებისა და მაღალი მდგომარეობისკენ. როცა იეჰოვამ თავისი სული ბანაკში დარჩენილ ორ მამაკაცს მოჰფინა, მოსეს მსახურ იესო ნავეს ძეს მათი შეჩერება უნდოდა. როგორც ჩანს, ის ფიქრობდა, რომ ისინი მოსეს ავტორიტეტს შეარყევდნენ და მას დაჩრდილავდნენ. მაგრამ მოსემ უთხრა მას: „ჩემდამი მოშურნეობა ხომ არ გალაპარაკებს? ნეტავ იეჰოვას ხალხიდან ყველა წინასწარმეტყველი იყოს, იეჰოვა თავის სულს მოჰფენდა მათ!“ (რც. 11:24—29).
მართალია, მოსე მრავალრიცხოვანი ისრაელი ერის წინამძღოლად იყო დანიშნული, მაგრამ ის მზად იყო, სხვებისგან მიეღო რჩევები, განსაკუთრებით, თუ ისინი ერის კეთილდღეობას ემსახურებოდა. მალევე მას შემდეგ, რაც ისრაელმა ეგვიპტე დატოვა, ითრო მოსესთან მივიდა უდაბნოში და ცოლი და ვაჟები მიუყვანა. ითრომ შენიშნა, რომ მოსე ძალიან იქანცებოდა, რადგან ბევრს შრომობდა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად. მან მოსეს გონივრული რჩევა მისცა, რომ ტვირთის შესამსუბუქებლად პასუხისმგებლობები სხვებისთვის გაენაწილებინა. მოსემ გაითვალისწინა ითროს რჩევა და მისი მითითებისამებრ ხალხი დაყო ათასკაციან, ასკაციან, ორმოცდაათკაციან და ათკაციან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მსაჯული დაუყენა, თავად კი მხოლოდ რთულ საქმეებს განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ ითროსთვის თავისი საქმიანობის აღწერისას მოსემ თქვა: „როცა [ხალხს] რამე საქმე წამოეჭრება, ეს საქმე ჩემთან მოდის; მე უნდა გავუჩინო სამართალი ერთსაც და მეორესაც და ვამცნო ჭეშმარიტი ღვთის გადაწყვეტილებები და მისი კანონები“ . ამგვარად, მოსეს ესმოდა, რომ როგორც მოსამართლეს, საკუთარი შეხედულებებით კი არ უნდა განესაჯა, არამედ იეჰოვას გადაწყვეტილებების შესაბამისად; ის ვალდებულებასაც გრძნობდა, რომ ხალხს ღვთის კანონების გაგებასა და დაფასებაში დახმარებოდა (გმ. 18:5—7, 13—27).
მოსემ არაერთხელ აღნიშნა, რომ ხალხის ნამდვილი წინამძღოლი იეჰოვა იყო და არა თვითონ. როცა ხალხი საკვების გამო წუწუნებდა, მოსემ უთხრა მათ: „თქვენ ჩვენ [მოსესა და აარონის] წინააღმდეგ კი არა, იეჰოვას წინააღმდეგ დრტვინავთ“ (გმ. 16:3, 6—8). შესაძლოა, მირიამი ფიქრობდა, რომ მოსეს ცოლი მას დაჩრდილავდა, ამიტომ მან და აარონმა მოსეს წინააღმდეგ შურითა და უპატივცემულობით დაიწყეს ლაპარაკი. მათი საუბარი განსაკუთრებით გაუმართლებელი იყო, რადგან ბიბლიის ამავე მონაკვეთში ვკითხულობთ, რომ „მოსე უთვინიერესი კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე“. აშკარაა, რომ მოსე არ ცდილობდა თავის დაცვას და თავმდაბლურად იტანდა შეურაცხყოფას. მაგრამ მათმა შეურაცხმყოფელმა სიტყვებმა იეჰოვა განარისხა, რადგან ისინი სინამდვილეში მას უპირისპირდებოდნენ. ის ჩაერია ამ საქმეში და მკაცრად დასაჯა მირიამი. სიყვარულმა აღძრა მოსე, რომ გამოსარჩლებოდა თავის დას: „ღმერთო, გევედრები! გევედრები, განკურნე ის!“ (რც. 12:1—15).
მორჩილი იყო და იეჰოვას ხელმძღვანელობას ელოდებოდა. მოსე იეჰოვას ხელმძღვანელობას ელოდებოდა. მართალია, მას ისრაელის კანონმდებლად მოიხსენიებდნენ, მაგრამ ის აღიარებდა, რომ კანონები მისი დადგენილი არ იყო. მოსე თვითნებურად არ მოქმედებდა და გადაწყვეტილებებს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე არ იღებდა. როცა სამართლებრივი პრეცედენტი არ არსებობდა ან არ იცოდა, ზუსტად როგორ გამოეყენებინა ესა თუ ის კანონი, ის საქმეს იეჰოვას წარუდგენდა (ლვ. 24:10—16, 23; რც. 15:32—36; 27:1—11). მოსე ზედმიწევნით მიჰყვებოდა მითითებებს. ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, რომ კარვის, მისი მოწყობილობებისა და მღვდლების ტანსაცმლის დამზადების რთული საქმე ზუსტად შესრულებულიყო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოსემ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც იეჰოვამ უბრძანა; ზუსტად ისე გააკეთა“ (გმ. 40:16; შდრ. რც. 17:11). ამ საქმესთან დაკავშირებით ბიბლიაში არაერთხელ წერია, რომ ყველაფერი ისე გაკეთდა, „როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს“ (გმ. 39:1, 5, 21, 29, 31, 42; 40:19, 21, 23, 25, 27, 29). ის რომ ასე არ მოქცეულიყო, ქრისტიანები ვერაფერს ისწავლიდნენ, რადგან, როგორც მოციქულმა პავლემ აღნიშნა, ეს ყველაფერი (კარავი, მისი მოწყობილობა და მღვდლების ტანსაცმელი) „ზეციურის სიმბოლო და ჩრდილი“ იყო (ებ. 8:5).
მოსეს შეცდომა. ისრაელი კადეშში იყო დაბანაკებული, როცა მოსემ სერიოზული შეცდომა დაუშვა. როგორც ჩანს, ეს ისრაელის უდაბნოში ხეტიალის მე-40 წელს მოხდა. ამ შემთხვევიდან უფრო თვალნათლივ ვხედავთ, რომ მოსეს არა მხოლოდ განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავა, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც ეკისრა იეჰოვას წინაშე, როგორც ერის წინამძღოლსა და შუამავალს. უწყლოობით გამწარებული ხალხი ედავებოდა მოსეს და საყვედურობდა, თუ რატომ გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან და რატომ მიიყვანა უდაბნოში, სადაც არაფერი ხარობდა. მოსეს უკვე ბევრი რამე ჰქონდა ისრაელისგან გადატანილი — იტანდა მათ სიჯიუტესა და დაუმორჩილებლობას, იზიარებდა მათ გაჭირვებას და შუამავლობდა, როცა სცოდავდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში მან წამიერად დაკარგა თვინიერება და რბილი ხასიათი. გაღიზიანებული და სულგამწარებული მოსე და აარონი ხალხის წინაშე წარდგნენ, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ მთელი ყურადღება იეჰოვაზე, მათ მზრუნველ ღმერთზე გადაეტანათ, უხეშად დაელაპარაკნენ ხალხს და ყურადღება საკუთარ თავზე გაამახვილეს. მოსემ ხალხს მიმართა: „მომისმინეთ, ურჩებო! გადმოგიდინოთ ამ კლდიდან წყალი?“. ეს რომ თქვა, დაჰკრა ჯოხი კლდეს. იეჰოვამ კლდიდან იმდენი წყალი გადმოადინა, რომ მრავალრიცხოვანმა ხალხმაც დალია და მათმა პირუტყვმაც. მაგრამ ღმერთს არ მოეწონა მოსესა და აარონის საქციელი. მათ უგულებელყვეს თავიანთი უმთავრესი პასუხისმგებლობა — იეჰოვას სახელის განდიდება. ისინი ეურჩნენ იეჰოვას. მოსემ „დაუფიქრებლად ილაპარაკა თავისი ბაგეებით“. მოგვიანებით იეჰოვამ ბრძანა: „რადგან არ მერწმუნეთ და არ განმწმინდეთ ისრაელის ძეების თვალში, ვეღარ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყანაში, რომელსაც მათ მივცემ“ (რც. 20:1—13; კნ. 32:50—52; ფს. 106:32, 33).
მწერალი. მოსემ დაწერა ხუთწიგნეული, რომელშიც ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი შედის: „დაბადება“, „გამოსვლა“, „ლევიანები“, „რიცხვები“ და „მეორე კანონი“. ებრაელებს არასდროს დაუყენებიათ ეჭვქვეშ, რომ ეს წიგნები მისი დაწერილი იყო. ბიბლიის ამ ნაწილს ისინი თორას, ანუ კანონს უწოდებენ. იესო და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები მოსეს არაერთხელ მოიხსენიებდნენ კანონის დამწერად. მიიჩნევენ, რომ მან დაწერა წიგნი „იობი“, 90-ე ფსალმუნი და, შესაძლოა, 91-ე ფსალმუნიც (მთ. 8:4; ლკ. 16:29; 24:27; რმ. 10:5; 1კრ. 9:9; 2კრ. 3:15; ებ. 10:28).
სიკვდილი და დაკრძალვა. უდაბნოში ხეტიალის მე-40 წლის მეხუთე თვეს მოკვდა მოსეს ძმა, 123 წლის აარონი. მაშინ ისრაელი ჰორის მთასთან, ედომის საზღვართან იყო დაბანაკებული. მოსემ აარონი მთაზე აიყვანა, გახადა სამღვდელო სამოსი და ის მის უფროს ვაჟსა და საქმის გამგრძელებელს, ელეაზარს ჩააცვა (რც. 20:22—29; 33:37—39). დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ ისრაელი მოაბის ველზე მივიდა. მოსე იქ შეკრებილი ხალხის წინაშე რამდენჯერმე გამოვიდა სიტყვით და კანონი აუხსნა. მან გარკვეული ცვლილებები შეიტანა კანონში, რომლებიც მაშინ გამოადგებოდათ, როცა კარვებში აღარ იცხოვრებდნენ და ყველას თავისი სამკვიდრო ექნებოდა. მე-40 წლის მე-12 თვეს (ძვ. წ. 1473 წლის გაზაფხული) მოსემ ხალხს უთხრა, რომ იეჰოვას გადაწყვეტილებით მისი საქმის გამგრძელებელი იესო ნავეს ძე იქნებოდა. მან ის წინამძღოლად დანიშნა და მოუწოდა, რომ გამბედაობა მოეკრიბა (კნ. 31:1—3, 23). ბოლოს, ხალხისთვის სიმღერის გადაცემისა და მათი კურთხევის შემდეგ, მოსე იეჰოვას მითითებით ნებოს მთაზე ავიდა. ამ შემაღლებული ადგილიდან მან აღთქმულ მიწას გადახედა და მოკვდა (კნ. 32:48—51; 34:1—6).
ჯერ კიდევ ჯან-ღონით სავსე მოსე 120 წლისა მოკვდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მას „თვალთ არ დაჰკლებია და ძალა არ გამოლევია“. ის იეჰოვამ დამარხა და მისი საფლავი დღემდე უცნობია (კნ. 34:5—7). როგორც ჩანს, იეჰოვამ ამით მოსეს საფლავზე საწმინდრის აგება და მისი თაყვანისცემა აღკვეთა. სავარაუდოდ, ეშმაკს უნდოდა, მოსეს ცხედარი ამ მიზნით გამოეყენებინა, რაზეც იესო ქრისტეს ნახევარძმის, ქრისტიანი მოწაფე იუდას სიტყვები მოწმობს: «მიქაელ მთავარანგელოზმა, როცა არ ეთანხმებოდა ეშმაკს და მოსეს სხეულის გამო ეკამათებოდა, ვერ გაბედა მისი შეურაცხმყოფელი სიტყვებით გასამართლება და თქვა: „იეჰოვამ შეგრისხოს“» (იუდ. 9). ვიდრე იესო ნავეს ძის წინამძღოლობით ქანაანში გადავიდოდნენ, ისრაელები 30 დღეს გლოვობდნენ მოსეს (კნ. 34:8).
წინასწარმეტყველი, რომელსაც იეჰოვა „პირისპირ იცნობდა“. როცა მირიამმა და აარონმა მოსეს ძალაუფლება ეჭვქვეშ დააყენეს, იეჰოვამ მათ უთხრა: „იეჰოვას წინასწარმეტყველი რომ გყოლოდათ, ხილვაში გამოვეცხადებოდი მას ან სიზმარში დაველაპარაკებოდი. ჩემს მსახურ მოსეზე კი ამას ვერ ვიტყვი! მას მთელი ჩემი სახლი აბარია. პირისპირ ველაპარაკები და არა გამოცანებით. იეჰოვას სახეს ხედავს. მაშ, რატომ არ შეგეშინდათ, ჩემი მსახური მოსეს წინააღმდეგ რომ ილაპარაკეთ?“ (რც. 12:6—8). იეჰოვას წინაშე მოსეს განსაკუთრებული მდგომარეობა აღწერილია წიგნ „მეორე კანონის“ დასასრულს: „აღარ ყოფილა ისრაელში მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი, რომელსაც პირისპირ იცნობდა იეჰოვა, იმ ნიშნებითა და სასწაულებით, რომელთა მოსახდენადაც იეჰოვამ ეგვიპტის მიწაზე გაგზავნა იგი ფარაონის, მისი მსახურებისა და მთელი მისი მიწის წინააღმდეგ, ძლიერი ხელითა და თავზარდამცემი საქმეებით, რაც მოსემ მოიმოქმედა მთელი ისრაელის თვალწინ“ (კნ. 34:10—12).
იეჰოვას სიტყვების თანახმად, მართალია, მოსეს პირდაპირი გაგებით არ უნახავს იეჰოვა, როგორც ეს ზემოთაც აღვნიშნეთ, მაგრამ მას უფრო უშუალო, უწყვეტი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან, ვიდრე იესო ქრისტემდე მცხოვრებ რომელიმე წინასწარმეტყველს. იეჰოვას სიტყვები, „პირისპირ ველაპარაკები“, ცხადყოფს, რომ მოსეს პირადად შეეძლო, დაახლოებოდა ღმერთს (ანგელოზების მეშვეობით, რომელთაც ღვთის წინაშე წარდგომის უფლება ჰქონდათ; მთ. 18:10) (რც. 12:8). როგორც ისრაელის შუამავალს, მოსეს, ფაქტობრივად, ღმერთთან უწყვეტად ჰქონდა დიალოგი. მას შეეძლო იეჰოვას წინაშე ნებისმიერ დროს წარედგინა ერის პრობლემები და მიეღო მისგან პასუხი. იეჰოვამ მთელი თავისი სახლი მოსეს ჩააბარა. ერისთვის ორგანიზების გასაწევად მოსე მისი უახლოესი წარმომადგენელი იყო (რც. 12:7; ებ. 3:2, 5). სხვა წინასწარმეტყველებმა უბრალოდ განაგრძეს მოსეს ჩაყრილ საძირკველზე შენება.
ჩვეულებრივ, ღმერთი თავის წინასწარმეტყველებს ხილვებით ან სიზმრებით ელაპარაკებოდა, მაგრამ მოსესთან იეჰოვას ურთიერთობა იმდენად შთამბეჭდავი და რეალური იყო, რომ მოსე ისე იქცეოდა, „თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (ებ. 11:27). როგორც ჩანს, მოსე ისევე აღიქვამდა ამ ყველაფერს, როგორც საუკუნეების შემდეგ პეტრე იესოს გარდასახვას. პეტრესთვის ხილვა იმდენად რეალური იყო, რომ თვითონაც ჩაერთო მასში და ლაპარაკი დაიწყო, თუმცა არ ესმოდა, რას ამბობდა (ლკ. 9:28—36). მოციქულ პავლესაც ჰქონდა ხილვა, რომელიც მისთვის იმდენად რეალური იყო, რომ მოგვიანებით დაწერა: „არ ვიცი, სხეულში თუ უსხეულოდ, ღმერთმა იცის“ (2კრ. 12:1—4).
უეჭველია, იესო ნავეს ძის მიერ აღთქმულ მიწაზე ისრაელის წარმატებით დამკვიდრება, გარკვეულწილად, იმის დამსახურება იყო, რომ მოსემ თავისი მაგალითითა და რჩევა-დარიგებებით კარგი თვისებები ჩაუნერგა მას. იესო ნავეს ძე „სიყმაწვილიდან მოსეს მსახური“ იყო (რც. 11:28). როგორც ჩანს, ის მოსეს ხელმძღვანელობით მეთაურობდა ჯარს (გმ. 17:9, 10) და მრავალი შემთხვევის დროს მოსეს ახლდა და ემსახურებოდა (გმ. 24:13; 33:11; კნ. 3:21).
განასახიერებდა იესო ქრისტეს. მოსემ რომ მასზე დაწერა, იესომ ამის შესახებ ერთხელ თავის მოწინააღმდეგეებს უთხრა: „მოსე რომ გერწმუნათ, მეც მირწმუნებდით, რადგან მან დაწერა ჩემზე“ (ინ. 5:46). მოწაფეებთან საუბრისას იესომ „მოსედან დაიწყო და ყველა წინასწარმეტყველის წიგნიდან განუმარტა მათ წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი“ (ლკ. 24:27, 44; იხ. აგრეთვე ინ. 1:45).
მოსემ იესო ქრისტეზე იეჰოვას შემდეგი სიტყვებიც დაწერა: „მოვუვლენ მათ შენნაირ წინასწარმეტყველს თავიანთი ძმებიდან, ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს და იმას ილაპარაკებს, რასაც ვუბრძანებ“ (კნ. 18:18, 19). ამ წინასწარმეტყველების ციტირებისას მოციქულმა პეტრემ ცხადყო, რომ ის იესო ქრისტეს ეხებოდა (სქ. 3:19—23).
პეტრემ, იაკობმა და იოანემ, რომლებსაც ნება მიეცათ, ეხილათ იესოს გარდასახვა, დაინახეს, რომ მოსე და ელია იესოს ელაპარაკებოდნენ. მოსე ამ სამი მოციქულისთვის კანონის შეთანხმების, ისრაელის კრებულის თეოკრატიული წყობის, ერის ხსნისა და აღთქმულ მიწაზე ისრაელის უსაფრთხოდ შეყვანის სიმბოლოს წარმოადგენდა. ხილვიდან ჩანდა, რომ იესო ქრისტე ისეთივე საქმეს შეასრულებდა, როგორსაც მოსე და ელია, თუმცა მისი საქმე უფრო დიდი და მასშტაბური იქნებოდა. აშკარა გახდა, რომ ღვთის ძე მოსეზე დიდი წინასწარმეტყველი იყო და მესიის წოდებას იმსახურებდა. გარდა ამისა, მოსე და ელია წმინდა სულით ცხებულ ქრისტიანებსაც განასახიერებდნენ, რომელთაც ქრისტესთან ერთად განდიდების იმედი აქვთ (მთ. 17:1—3; რმ. 8:17; გმც. 11:1—6; იხ. გარდასახვა).
ამ ორი უდიდესი წინასწარმეტყველის, მოსესა და იესო ქრისტეს ცხოვრებას შორის ბევრი მსგავსება არსებობს. ჩვილობაში ორივე გადაურჩა მმართველთა მოწყობილ გენოციდს (გმ. 1:22; 2:1—10; მთ. 2:13—18). იეჰოვამ ეგვიპტიდან მოუხმო მოსესა და თავის პირმშოს, ისრაელ ერს, რომელსაც მოსე წინამძღოლობდა. იესოც, ღვთის პირმშო, ეგვიპტიდან იყო მოხმობილი (გმ. 4:22, 23; ოს. 11:1; მთ. 2:15, 19—21). ორივემ 40 დღე იმარხულა უდაბნოში (გმ. 34:28; მთ. 4:1, 2). ორივე იეჰოვას სახელით იყო გაგზავნილი (იესოს სახელი ნიშნავს, „იეჰოვაა ხსნა“) (გმ. 3:13—16; მთ. 1:21; ინ. 5:43). მოსეს მსგავსად, იესოც იეჰოვას სახელს აცხადებდა (კნ. 32:3; ინ. 17:6, 26). ორივე გამოირჩეოდა თვინიერებითა და თავმდაბლობით (რც. 12:3; მთ. 11:28—30). ორივემ სარწმუნო მტკიცებულებით ცხადყო, რომ ღვთისგან იყვნენ გამოგზავნილები. ორივე ახდენდა შთამბეჭდავ სასწაულებს; თუმცა იესომ მკვდრეთითაც აღადგინა ხალხი (გმ. 14:21—31; ფს. 78:12—54; მთ. 11:5; მრ. 5:38—43; ლკ. 7:11—15, 18—23).
მოსე იყო ღმერთსა და ისრაელ ერს შორის დადებული შეთანხმების შუამავალი, ხოლო იესო — ღმერთსა და „წმინდა ერს“, „ღვთის ისრაელს“ შორის დადებული ახალი შეთანხმების შუამავალი (1პტ. 2:9; გლ. 6:16; გმ. 19:3—9; ლკ. 22:20; ებ. 8:6; 9:15). ორივე მოსამართლე, კანონმდებელი და წინამძღოლი იყო (გმ. 18:13; 32:34; დნ. 9:25; მლ. 4:4; მთ. 23:10; ინ. 5:22, 23; 13:34; 15:10). მოსემ, როგორც ღვთის სახლზე, ანუ ისრაელ ერზე დაყენებულმა მსახურმა, ერთგულება დაამტკიცა. იესომაც დაამტკიცა, რომ ერთგულად უხელმძღვანელებდა ღვთის სახლს, სულიერ ისრაელს, ანუ კრებას, რომელიც თავად დააფუძნა (რც. 12:7; ებ. 3:2—6). მსგავსება მათ შორის იმაშიც იყო, რომ ღმერთმა მოსესა და იესოს სიკვდილის შემდეგ მათი ცხედრები გააქრო (კნ. 34:5, 6; სქ. 2:31; იუდ. 9).
უდაბნოში მოსეს 40-წლიანი ხიზნობის ბოლოს, როცა ის სიმამრის ფარას მწყემსავდა, ღვთის ანგელოზი ხორების მთის ძირში სასწაულებრივად გამოეცხადა ცეცხლმოკიდებულ ბუჩქში. იქ იეჰოვამ დაავალა მოსეს, ეგვიპტიდან გამოეყვანა ღვთის ხალხი (გმ. 3:1—15). ამგვარად, ღმერთმა დანიშნა ის თავის წინასწარმეტყველად და წარმომადგენლად. ამის შემდეგ ის მართებულად შეიძლებოდა წოდებულიყო ცხებულად, ანუ ქრისტედ. ამ დიდი პატივის მისაღებად მოსეს უარი ჰქონდა ნათქვამი „ეგვიპტის განძზე“ და „არჩია, ღვთის ხალხთან ერთად მასაც სასტიკად მოპყრობოდნენ“ და შეურაცხყოფილი ყოფილიყო. მას „ეგვიპტის განძზე მეტ სიმდიდრედ ცხებულობის გამო შეურაცხყოფა მიაჩნდა“ (ებ. 11:24—26).
მსგავსი რამ მოხდა იესო ქრისტეს შემთხვევაში. ბეთლემში იესოს დაბადებისას ანგელოზმა გამოაცხადა, რომ ის იქნებოდა „მხსნელი, უფალი ქრისტე“. ის მაშინ გახდა ქრისტე, ანუ ცხებული, როცა წინასწარმეტყველმა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა (ლკ. 2:10, 11; 3:21—23; 4:16—21). იმ დღიდან მოყოლებული ის ამბობდა, რომ ქრისტე, იგივე მესია იყო (მთ. 16:16, 17; მრ. 14:61, 62; ინ. 4:25, 26). მოსეს მსგავსად იესო ქრისტესაც თვალი ჯილდოსკენ ჰქონდა მიპყრობილი და არაფრად აგდებდა სირცხვილსა და ხალხისგან დაცინვას (ფლ. 2:8, 9; ებ. 12:2). სწორედ ამ უფრო დიდ მოსეში — იესო ქრისტეში, აღთქმულ წინასწარმეტყველში, გამათავისუფლებელსა და წინამძღოლში — მოინათლა ქრისტიანული კრება (1კრ. 10:1, 2).