ბიბლიის წიგნი 10 — 2 სამუელი
დამწერი: გადი და ნათანი
დაწერის ადგილი: ისრაელი
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 1040
მოიცავს პერიოდს: ძვ. წ. 1077 — დაახლ. ძვ. წ. 1040
1. რა მოვლენების აღწერით იწყება „მეორე სამუელი“ და რის შესახებ მოგვითხრობს ის?
გილბოაზე დამარცხებამ და გამარჯვებული ფილისტიმელების თავდასხმებმა ისრაელები სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. მათი წინამძღოლები და საუკეთესო ვაჟკაცები ბრძოლის ველზე დაეცნენ. ამ მოვლენების ფონზე ისრაელში გამოჩნდა ახალგაზრდა დავითი, იესეს ძე, „იეჰოვას ცხებული“ (2 სამ. 19:21). ასე იწყება წიგნი „მეორე სამუელი“, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ წიგნი იეჰოვასა და დავითის შესახებ. წიგნი მოვლენათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მასში აღწერილია დამარცხების სიმწარე და გამარჯვების სიხარული, ბრძოლებით დაუძლურებული ქვეყანა და აღორძინებული, გაერთიანებული სამეფო, დაპირისპირებულია ახალგაზრდული ძალა და ხანდაზმულობის სიბრძნე. ის აგრეთვე აღწერს დავითის ცხოვრებას, რომელიც ცდილობდა, მთელი გულით მიჰყოლოდა იეჰოვასa. ეს ისტორია ყველა მკითხველს აღძრავს, გამოიკვლიოს საკუთარი გული, რათა განამტკიცოს შემოქმედთან ურთიერთობა და კარგი სახელი მოიპოვოს მის წინაშე.
2. ა) რატომ ეწოდა წიგნს „მეორე სამუელი“? ბ) ვინ იყვნენ მისი დამწერები, რატომ შეძლეს ამ საქმისთვის თავის გართმევა და მხოლოდ რა ინფორმაცია შემოგვინახეს?
2 ამ წიგნში, რომელიც სამუელის სახელს ატარებს, თავად სამუელი საერთოდ არ არის მოხსენიებული, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ თავდაპირველად სამუელის ორივე წიგნი ერთი გრაგნილი იყო. წინასწარმეტყველებმა, ნათანმა და გადმა, რომლებმაც დაასრულეს „პირველი სამუელის“ წერა, „მეორე სამუელიც“ დაწერეს (1 მატ. 29:29). ისინი შესანიშნავად გაართმევდნენ ამ საქმეს თავს. წინასწარმეტყველი გადი დავითთან იყო მაშინ, როცა ის დამნაშავესავით იდევნებოდა ისრაელში. დავითის 40-წლიანი მეფობის დასასრულს, ის კვლავაც აგრძელებდა მასთან ურთიერთობას. სწორედ გადმა გაუცხადა დავითს, რომ იეჰოვა განრისხებული იყო მასზე, რადგან უგუნურად მოიქცა და აღრიცხა ისრაელი (1 სამ. 22:5; 2 სამ. 24:1—25). გადის სიცოცხლეში და მისი სიკვდილის შემდეგ მოღვაწეობდა წინასწარმეტყველი ნათანი, რომელიც ასევე დავითთან დაახლოებული პირი იყო. სწორედ მას ხვდა წილად პატივი, დავითისთვის ეცნობებინა, რომ იეჰოვამ მარადიულ სამეფოზე შეთანხმება დაუდო. ღვთის შთაგონებით ნათანმა გაბედულად ამხილა მეფე ბათ-შებასთან მრუშობაში და უთხრა, როგორ დაისჯებოდა ამისთვის (2 სამ. 7:1—17; 12:1—15). ამგვარად, „მეორე სამუელში“ მოცემული ღვთივშთაგონებული და სასარგებლო ინფორმაცია იეჰოვას ხელმძღვანელობით დაწერეს ნათანმა, რომლის სახელიც ნიშნავს „[ღვთისგან] ბოძებულს“, და გადმა, რომლის სახელიც ნიშნავს „იღბალს“. ამ თავმდაბალ მემატიანეებს არც კი უცდიათ საკუთარი წარმოშობის ან ცხოვრების შესახებ ჩაეწერათ რამე. მათ შემოგვინახეს მხოლოდ ღვთისგან შთაგონებული ინფორმაცია, რომელიც იეჰოვას მომავალ თაყვანისმცემლებს გამოადგებოდათ.
3. რა პერიოდს მოიცავს „მეორე სამუელი“ და როდის დასრულდა მისი წერა?
3 „მეორე სამუელში“ თხრობა იწყება ისრაელის პირველი მეფის, საულის სიკვდილით და გრძელდება დავითის 40-წლიანი მეფობის დასასრულამდე. აქედან გამომდინარე, ის მოიცავს პერიოდს ძვ. წ. 1077 წლიდან დაახლოებით ძვ. წ. 1040 წლამდე. წიგნში არაფერია ნათქვამი დავითის სიკვდილზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის დავითის სიკვდილამდე, დაახლოებით ძვ. წ. 1040 წლამდე დაიწერა.
4. რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მეორე სამუელი“ ბიბლიის კანონის ნაწილია?
4 „მეორე სამუელიც“ იმავე მიზეზების გამო ეკუთვნის ბიბლიის კანონს, რა მიზეზებითაც „პირველი სამუელი“. მისი უტყუარობა ეჭვს არ ბადებს. საოცარი გულწრფელობა, რომლითაც აღწერილია მეფე დავითის ცოდვები და შეცდომები, უკვე თავისთავად მეტყველებს მის უტყუარობაზე.
5. ყველაზე მეტად რა ადასტურებს, რომ „მეორე სამუელი“ ღვთივშთაგონებული წერილების ნაწილია?
5 „მეორე სამუელის“ უტყუარობის ყველაზე ძლიერი მტკიცება იმ წინასწარმეტყველებების შესრულებაა, რომლებიც ეხება დავითთან დადებულ შეთანხმებას სამეფოზე. ღმერთმა დავითს აღუთქვა: „მარადიულად განმტკიცდება შენი სახლი და შენი სამეფო, მარადიულად განმტკიცდება შენი ტახტი“ (7:16). იერემიამ იუდას სამეფოს დაცემის წინა პერიოდშიც კი დაადასტურა, რომ დავითის სახლთან დადებული ეს შეთანხმება არ გაუქმდებოდა: „აი რას ამბობს იეჰოვა: არ მოაკლდება დავითს ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომი კაცი“ (იერ. 33:17). ეს წინასწარმეტყველება ნამდვილად შესრულდა, როცა იეჰოვამ იუდაში მოავლინა ‘იესო ქრისტე, დავითის ძე’, რის შესახებაც ბიბლია მოწმობს (მათ. 1:1).
შინაარსი
6. რა გააკეთა დავითმა, როცა საულისა და იონათანის სიკვდილის ამბავი შეიტყო?
6 დავითის მეფობის ადრეული წლები (1:1—4:12). გილბოას მთაზე საულის სიკვდილის შემდეგ ბრძოლის ველიდან გაქცეული ერთი ამალეკელი ამბის მისატანად მივიდა დავითთან ციკლაგში. მან იცრუა, რომ საული მოკლა, რადგან ფიქრობდა, ამით დავითის გულს მოიგებდა. შექების ნაცვლად, დავითმა მისი მოკვლა ბრძანა, რადგან მან საკუთარი თავის წინააღმდეგ დაამოწმა, როცა თქვა, „იეჰოვას ცხებული“ მოვკალიო (1:16). მეფე დავითმა საულისა და იონათანის დასატირებლად შეთხზა სამგლოვიარო სიმღერა „მშვილდი“. ამ სიმღერის ბოლო სიტყვებიდან კარგად ჩანს დავითის დიდი სიყვარული იონათანისადმი: „ვწუხვარ შენზე, ჩემო ძმაო, იონათან, ძალიან ძვირფასი იყავი ჩემთვის! ჩემდამი შენი სიყვარული ქალის სიყვარულზე მშვენიერი იყო. როგორ დაეცნენ ვაჟკაცები და როგორ განადგურდა საბრძოლო იარაღი!“ (1:17, 18, 26, 27).
7. რა მოხდა დავითის მეფობის ადრეულ წლებში?
7 იეჰოვას მითითებისამებრ დავითი და მისი ხალხი თავ-თავიანთ სახლეულობასთან ერთად იუდაში, ხებრონში დასახლდნენ. დაახლოებით ძვ. წ. 1077 წელს იუდას უხუცესებმა ხებრონში დავითი მეფედ სცხეს. დავითის მხარდამჭერებს შორის მხედართმთავარი იოაბი გამორჩეული იყო. ტახტისთვის ბრძოლა გრძელდებოდა. საულის ვაჟი იშ-ბოშეთი საულის მხედარმთავარმა აბნერმა მეფედ სცხო. დროდადრო მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს აბნერმა იოაბის ძმა მოკლა. საბოლოოდ, ის დავითს მიემხრო. მან დავითს დაუბრუნა საულის ასული მიქალი, რომლის ცოლობისთვისაც მეფეს დიდი ხნის წინათ ურვადი ჰქონდა გადახდილი. იოაბმა ისარგებლა შემთხვევით და მოკლა აბნერი, რითაც შური იძია ძმის მკვლელზე. დავითი ძალიან დაამწუხრა ამან და თქვა, რომ ბრალი არ მიუძღოდა აბნერის სიკვდილში. ცოტა ხანში მძინარე იშ-ბოშეთიც მოკლეს (4:5).
8. როგორ აკურთხა იეჰოვამ დავითის მეფობა მთელ ისრაელზე?
8 დავითის მეფობა იერუსალიმში (5:1—6:23). დავითმა შვიდი წელი და ექვსი თვე იმეფა იუდაზე. ამის შემდეგ ის ისრაელის ერთპიროვნული მმართველი გახდა, რადგან ყველა ტომმა აღიარა ისრაელის მეფედ. ამჯერად დავითი მესამედ სცხეს მეფედ (ძვ. წ. 1070). მან, როგორც გაერთიანებული სამეფოს მეფემ, უპირველესად, სიონის ციხესიმაგრეზე გაილაშქრა იერუსალიმში, სადაც იებუსელები იყვნენ გამაგრებულები. ისრაელებმა წყლის გვირაბით შეაღწიეს ქალაქში. ამის შემდეგ იერუსალიმი დავითის სატახტო ქალაქი გახდა. ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამ აკურთხა დავითი და უფრო და უფრო განადიდა. ტვიროსის მდიდარმა მეფე ხირამმა ძვირფასი კედრის ხეები და მუშახელი გაუგზავნა დავითს სასახლის ასაშენებლად. დავითს შეეძინა შვილები და იეჰოვამ აკურთხა მისი მმართველობა. მას კიდევ ორჯერ მოუწია ფილისტიმელებთან დაპირისპირება. პირველ შემთხვევაში იეჰოვამ გაარღვია მტრის რიგები ბაალ-ფერაციმში და გაამარჯვებინა დავითს. მეორე შემთხვევაში იეჰოვამ სასწაული მოახდინა — „ბაქა-ბუჩქების კენწეროებიდან ლაშქრის სვლის ხმა“ გაისმა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ იეჰოვა წაუძღვა ისრაელს ფილისტიმელთა ბანაკის გასანადგურებლად (5:24). ეს იეჰოვას კიდევ ერთი გამარჯვება იყო!
9. აღწერეთ, რა მოხდა იერუსალიმში კიდობნის გადატანის დროს.
9 დავითმა 30 000 კაცი წაიყვანა ბაალე-იუდადან (კირიათ-იეარიმი) შეთანხმების კიდობნის იერუსალიმში გადმოსატანად. კიდობნის გადმოტანისას მუსიკალურ საკრავებს უკრავდნენ და მხიარულობდნენ. ურემი, რომელზეც კიდობანი იდო, გადაიხარა და მის გვერდით მიმავალმა უზამ ხელი შეაშველა წმინდა კიდობანს. „აენთო უზაზე იეჰოვას რისხვა და იქვე დასცა ის ჭეშმარიტმა ღმერთმა უპატივცემულო საქციელისთვის“ (6:7). კიდობანი ობედ-ედომის სახლში გადაიტანეს. სამი თვის მანძილზე იეჰოვა კურთხევას არ აკლებდა ობედ-ედომის სახლეულობას. სამი თვის შემდეგ დავითმა წესისა და რიგის მიხედვით გადაიტანა კიდობანი. მხიარული ყიჟინით, მუსიკითა და ცეკვით შეიტანეს ის დავითის სატახტო ქალაქში. ცეკვავდა დავითი იეჰოვას წინაშე და ასე გამოხატავდა თავის სიხარულს. თავის ცოლს, მიქალს, რომელსაც არ მოეწონა მისი საქციელი, დავითმა უთხრა: „იეჰოვას წინაშე ვიზეიმე“ (6:21). საულის ასული მიქალი უშვილოდ მოკვდაb.
10. რა შეთანხმება დაუდო იეჰოვამ დავითს და რას დაჰპირდა?
10 დავითთან დადებული შეთანხმება (7:1—29). დავითის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა, რაც პირდაპირ უკავშირდება ბიბლიის მთავარ თემას — იეჰოვას სახელის განწმენდას სამეფოს მეშვეობით, რომელსაც სათავეში აღთქმული შთამომავალი ჩაუდგება. ეს იქიდან დაიწყო, რომ დავითმა ღვთის კიდობნისთვის სახლის აშენება მოინდომა. დავითმა, რომელიც კედრის ლამაზ სახლში ცხოვრობდა, ნათანს გაანდო თავისი სურვილი, რომ იეჰოვას შეთანხმების კიდობნისთვის სახლის აშენება სურდა. ნათანის მეშვეობით იეჰოვამ დაარწმუნა დავითი, რომ სიკეთეს გამოავლენდა ისრაელის მიმართ და დაუდო შეთანხმება, რომელიც არ გაუქმდებოდა. მაგრამ იეჰოვას სახელზე სახლს დავითის ნაცვლად მისი შთამომავალი ააშენებდა. იეჰოვამ აღუთქვა დავითს: „მარადიულად განმტკიცდება შენი სახლი და შენი სამეფო, მარადიულად განმტკიცდება შენი ტახტი“ (7:16).
11. როგორ გამოხატა დავითმა მადლიერება?
11 დავითი მადლიერი იყო იეჰოვასი, რომ სამეფოს შეთანხმება დაუდო და სიკეთე გამოავლინა მის მიმართ. მან შემდეგი სიტყვებით გამოხატა მადლიერება: „რომელი ერია დედამიწაზე შენი ხალხის, ისრაელის მსგავსი, რომელიც ღმერთმა თავისთვის გამოისყიდა, გაითქვა სახელი და მათთვის დიდი და შიშის მომგვრელი საქმეები მოიმოქმედა? . . . შენ გახდი, იეჰოვა, მათი ღმერთი“ (7:23, 24). დავითმა მხურვალედ ილოცა, რომ იეჰოვას სახელი განწმენდილიყო და დავითის სახლი მის წინაშე განმტკიცებულიყო.
12. რა ომები გადაიხადა დავითმა და რა სიკეთე გაუკეთა საულის სახლს?
12 დავითმა გააფართოვა ისრაელის საზღვრები (8:1—10:19). დავითის მეფობის წლები მშვიდობიანი არ ყოფილა. მას ჯერ კიდევ უამრავი ბრძოლა ელოდა წინ. მან დაამარცხა ფილისტიმელები, მოაბელები, ცობელები, სირიელები და ედომელები. ისრაელმა შეძლო, საბოლოოდ დაუფლებოდა აღთქმულ მიწას (2 სამ. 8:1—5, 13—15; კან. 11:24). დავითი დაინტერესდა, ვინ იყო დარჩენილი საულის სახლიდან, რომ იონათანის გულისთვის სიკეთე ეყო მისი შთამომავლებისთვის. საულის მსახურმა ციბამ უთხრა დავითს, რომ იონათანს ჰყავდა კოჭლი ვაჟი, მეფიბოშეთი. დავითმა დაუყოვნებლივ იზრუნა, რომ საულის მთელი ქონება მეფიბოშეთისთვის დაებრუნებინათ, მისი მიწები ციბასა და მის მსახურებს დაემუშავებინათ და საზრდოთი მოემარაგებინათ მეფიბოშეთის სახლი. თავად მეფიბოშეთი დავითის სუფრიდან შეჭამდა.
13. რომელი ბრძოლების დროს დამტკიცდა კიდევ ერთხელ, რომ იეჰოვა მხარს უჭერდა დავითს?
13 ამონის მეფის სიკვდილის შემდეგ დავითმა სიკეთე გამოავლინა და მის ვაჟ ხანუნს სანუგეშებლად მსახურები გაუგზავნა. მაგრამ ხანუნის მრჩევლებმა უთხრეს მას, რომ ეს კაცები დავითის მზვერავები იყვნენ. მათ დავითის მსახურები დაამცირეს და ნახევრად შიშვლები გაუშვეს. შეურაცხყოფით განრისხებულმა დავითმა შურის საძიებლად იოაბი გაგზავნა ჯარით. იოაბმა რამდენიმე ნაწილად დაყო თავისი ჯარი და ადვილად დაამარცხა ამონელები და მათ დასახმარებლად მისული სირიელები. სირიელებმა შეავსეს თავისი ჯარი, მაგრამ ისინი მაინც დამარცხდნენ იეჰოვას ლაშქართან, რომელსაც დავითი მეთაურობდა და დაკარგეს 700 ეტლი და 40 000 მხედარი. ამან კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ იეჰოვას მოსწონდა დავითი და კურთხევას არ აკლებდა მას.
14. რა ცოდვა ჩაიდინა დავითმა?
14 დავითმა შესცოდა იეჰოვას (11:1—12:31). მომდევნო გაზაფხულზე დავითმა ისევ გაგზავნა იოაბი ამონელების წინააღმდეგ საბრძოლველად რაბაში, თვითონ კი იერუსალიმში დარჩა. საღამოხანს სამეფო სახლის ბანიდან მან დაინახა მშვენიერი ბათ-შება, ხეთელი ურიას ცოლი, რომელიც ბანაობდა. მან სასახლეში მიაყვანინა ის, დაწვა მასთან და ქალი დაორსულდა. დავითმა დანაშაულის მისაჩქმალად რაბადან მოიხმო ურია და სახლში გაუშვა, რომ დაესვენა. მაგრამ ურიამ არ მოინდომა სახლში წასვლა და ცოლთან ყოფნა, მაშინ როცა კიდობანი და ჯარი ‘კარვებში იყვნენ’. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა დავითმა ურია ისევ იოაბთან დააბრუნა. ის იოაბს სწერდა: „დააყენეთ ურია ბრძოლის წინა ხაზზე და მიატოვეთ, რათა დაჰკრან და მოკვდეს“ (11:11, 15). ურია მოკვდა. გლოვის დღეებმა რომ ჩაიარა, დავითმა ბათ-შება თავის სახლში მიაყვანინა, გახდა ის მისი ცოლი და ვაჟი გაუჩინა.
15. როგორ გადასცა დავითს ნათანმა იეჰოვას წინასწარმეტყველური განაჩენი?
15 ეს ბოროტება იყო იეჰოვას თვალში. მან დავითს წინასწარმეტყველი ნათანი გაუგზავნა სასჯელის გასაცხადებლად. ნათანმა დავითს მდიდარი და ღარიბი კაცის ამბავი მოუყვა. ერთს უამრავი ცხვარ-ძროხა ჰყავდა, მეორეს კი მხოლოდ ერთი დედალი ბატკანი ებადა, რომელიც მის ოჯახში იზრდებოდა და „ასულივით ჰყავდა“. ერთხელ, როცა მდიდარს სტუმარი ეწვია, თავისი ცხვარ-ძროხიდან ვერაფერი გაიმეტა და ღარიბის ბატკანი დაკლა. ამის მოსმენით განრისხებულმა დავითმა წამოიძახა: „იეჰოვას ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი!“ ნათანმა მიუგო: „შენა ხარ ის კაცი!“ (12:3, 5, 7). შემდეგ უწინასწარმეტყველა დავითს, რომ მის ცოლებს საჯაროდ გააუპატიურებდნენ, შინაომები ექნებოდა და ბათ-შებას ვაჟი მოკვდებოდა.
16. ა) რა მნიშვნელობები აქვს დავითისა და ბათ-შებას მეორე ვაჟის სახელს? ბ) როგორ დამთავრდა რაბაზე თავდასხმა?
16 მომნანიე დავითმა გულწრფელად აღიარა: „შევცოდე იეჰოვას“ (12:13). როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი, მრუშობის შედეგად დაბადებული ბავშვი შვიდი დღის ავადმყოფობის შემდეგ დაიღუპა (მოგვიანებით დავითს სხვა ვაჟიც შეეძინა ბათ-შებასგან. მას სოლომონი დაარქვეს. მისი სახელის ფუძე ნიშნავს „მშვიდობას“. იეჰოვამ ნათანის პირით შეუთვალა დავითს, რომ მისთვის იედიდია დაერქმიათ, რაც ნიშნავს „უყვარს იაჰს“). ამ სამწუხარო ამბების შემდეგ იოაბმა რაბაში მოუხმო დავითს, რათა მისულიყო და აეღო ქალაქი. იოაბმა ხელში ჩაიგდო ქალაქის წყალსაცავი, მაგრამ მეფის პატივისცემის ნიშნად ქალაქის აღება დავითს მიანდო.
17. რა პრობლემებმა იჩინა თავი დავითის ოჯახში?
17 უთანხმოებები დავითის ოჯახში (13:1—18:33). დავითის ოჯახში პრობლემებმა იჩინა თავი. დავითის ვაჟს, ამნონს შეუყვარდა თავისი ნახევარდა, თამარი, რომელიც აბესალომის ღვიძლი და იყო. ამნონმა თავი მოიავადმყოფა და სთხოვა მეფეს, მშვენიერი თამარი გაეგზავნა მასთან მომვლელად. მან ძალა იხმარა თამარზე, შემდეგ კი საშინლად შეიძულა და შეურაცხყოფილი გააგდო. აბესალომმა შურისძიება გადაწყვიტა და ხელსაყრელ მომენტს დაელოდა. ორი წლის შემდეგ მან წვეულება გამართა და მეფის სხვა ვაჟებთან ერთად ამნონიც მიიწვია. აბესალომის ბრძანებით შეზარხოშებული ამნონი მოკლეს.
18. რა ხერხის წყალობით დაბრუნდა აბესალომი გეშურიდან?
18 მეფის შიშით აბესალომი გეშურში გაიხიზნა, სადაც სამი წელი დაჰყო. ამასობაში, დავითის ჯარის მხედართმთავარმა იოაბმა განიზრახა, შეერიგებინა დავითი და აბესალომი. მან ერთი ჭკვიანი თეკოელი ქალი დაარიგა, რომ მეფისთვის მოეთხრო თავის შვილზე გამოგონილი ამბავი შურისძიების, განდევნისა და სასჯელის შესახებ. როცა მეფემ შეიბრალა მისი შვილი, ქალმა მისვლის ნამდვილი მიზეზი გაუმხილა და უთხრა, რომ მეფის ვაჟი აბესალომიც გეშურში იყო განდევნილი. დავითი მიხვდა, რომ ამაში იოაბის ხელი ერია და ბრძანა, აბესალომი იერუსალიმში დაებრუნებინათ. მომდევნო ორი წლის მანძილზე აბესალომს არ უხილავს მეფე.
19. როგორ გამოაშკარავდა აბესალომის შეთქმულება და რა გააკეთა დავითმა?
19 დავითის სიკეთის მიუხედავად, აბესალომმა შეთქმულება მოაწყო და მამის ტახტის მითვისება სცადა. ის გამორჩეული სილამაზის პატრონი იყო, რამაც კიდევ უფრო ამპარტავანი და ამაყი გახადა. ყოველ წელს, როცა თმას იკრეჭდა, შეჭრილი თმა 2,3 კილოგრამს იწონიდა (2 სამ. 14:26). მრავალი უპატიოსნო მეთოდით აბესალომმა ისრაელთა გულების მოგება დაიწყო. ბოლოს შეთქმულება გამოაშკარავდა. მან მეფისგან ხებრონში წასვლის ნებართვა ითხოვა, სადაც თავისი განზრახვა გაამჟღავნა და ისრაელებს მხარდაჭერა სთხოვა. აჯანყებულ აბესალომს დიდძალი ხალხი მიემხრო, ამიტომ დავითი იძულებული გახდა, იერუსალიმიდან გაქცეულიყო ერთგულ ხალხთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთმა, გათელმა ითაიმ ერთგულების ნიშნად უთხრა: „ცოცხალია იეჰოვა და ცოცხალია მეფე, სადაც ჩემი მეფე-ბატონი იქნება, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, იქ იქნება შენი მსახურიც!“ (15:21).
20, 21. ა) რა მოხდა იერუსალიმიდან დავითის გაქცევის შემდეგ და როგორ შესრულდა ნათანის წინასწარმეტყველება? ბ) როგორ დაასრულა სიცოცხლე მოღალატე ახითოფელმა?
20 იერუსალიმიდან გაქცეულმა მეფემ გაიგო, რომ მისმა სანდო მრჩეველმა, ახითოფელმა უღალატა. ის ლოცულობდა: „იეჰოვა, უგუნურებად აქციე ახითოფელის რჩევა“ (15:31). ერთგული მღვდლები, ცადოკი და აბიათარი, აგრეთვე არქიელი ხუშაი დავითმა იერუსალიმში გააბრუნა, რათა მისთვის ეცნობებინათ, რას მოიმოქმედებდა აბესალომი. უდაბნოს გზაზე დავითს შეეგება ციბა, მეფიბოშეთის მსახური, რომელმაც დავითს უთხრა, რომ მისი ბატონი ამბობდა, დღეს დაუბრუნდებაო საულის სახლს სამეფო. გზად დავითს შეხვდა შიმეი, საულის საგვარეულო სახლიდან, რომელიც წყევლიდა და ქვებს ესროდა მეფეს, მაგრამ დავითმა თავის ხალხს არ მისცა მისი დასჯის უფლება.
21 ახითოფელის რჩევით ტახტის მიმტაცებელი აბესალომი დაწვა მამამისის ხარჭებთან „მთელი ისრაელის თვალწინ“. ამგვარად შესრულდა ნათანის წინასწარმეტყველება (16:22; 12:11). ახითოფელმა ისიც ურჩია აბესალომს, რომ 12 000 კაცით დადევნებოდა დავითს უდაბნოში. მაგრამ ხუშაიმ, რომელმაც აბესალომის ნდობა მოიპოვა, სხვაგვარი ტაქტიკა შესთავაზა მას. დავითის ლოცვის პასუხად ახითოფელის რჩევა ჩაიშალა. მოღალატე ახითოფელი იმედგაცრუებული წავიდა სახლში და თავი ჩამოიხრჩო. ხუშაიმ ჩუმად აცნობა აბესალომის გეგმები მღვდლებს, ცადოკსა და აბიათარს, რომლებმაც ეს ამბავი დავითს შეატყობინეს უდაბნოში.
22. გამარჯვების მიუხედავად, რამ დაამწუხრა დავითი?
22 დავითი იორდანის გაღმა გადავიდა და მახანაიმის ტყეში დაბანაკდა. მან დაყო ჯარი და ბრძანა, არაფერი დაეშავებინათ აბესალომისთვის. შეთქმულები სასტიკად დამარცხდნენ. ჯორზე ამხედრებული აბესალომი ტყეში ხის ტოტებში გაიხლართა თმით და ცასა და მიწას შორის გამოეკიდა. იოაბმა ისარგებლა შემთხვევით და მეფის ბრძანების მიუხედავად მოკლა აბესალომი. დავითი ძლიერ დაამწუხრა შვილის სიკვდილმა. ის მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ, შვილო, შვილო, აბესალომ! მე მაინც მოვმკვდარიყავი შენ მაგივრად, აბესალომ, შვილო, შვილო!“ (18:33).
23. რა მოხდა, როცა დავითმა მეფობა დაიბრუნა?
23 დავითის მეფობის ბოლო წლები (19:1—24:25). მგლოვიარე დავითთან მივიდა იოაბი და უთხრა, რომ ტახტს დაბრუნებოდა. დავითმა მხედართმთავრად იოაბის ნაცვლად ამასა დანიშნა. დაბრუნებულ მეფეს ხალხი შეეგება, მათ შორის შიმეი, რომელიც დავითმა დაინდო. მეფიბოშეთიც მივიდა მეფესთან და ყველაფერი აუხსნა. დავითმა მისი ქონება მას და ციბას გაუნაწილა. დავითი კიდევ ერთხელ ჩაუდგა სათავეში იუდასა და ისრაელის გაერთიანებულ სამეფოს.
24. როგორ განვითარდა მოვლენები?
24 თუმცა დავითის პრობლემები ამით არ დამთავრებულა. ბენიამინელმა შებამ თავი მეფედ გამოაცხადა და მრავალი ჩამოაშორა დავითს. მეფის დავალებით აჯანყების ჩასახშობად გაგზავნილი ამასა მუხანათურად მოკლა იოაბმა. შემდეგ თავად გაუძღვა ჯარს შებას წინააღმდეგ, ქალაქ აბელ ბეთ-მააქას მიადგა და ალყაში მოაქცია. ქალაქში მცხოვრები ერთი გონიერი ქალის რჩევით ქალაქის მკვიდრებმა შება სიცოცხლეს გამოასალმეს და იოაბიც გაეცალა ქალაქს. ისრაელში სამი წლის მანძილზე შიმშილობა იყო, რადგან საულმა გაბაონელები დახოცა და მათ გამო შური არავინ იძია. გაბაონელთა სისხლი რომ არ მოჰკითხვოდა ისრაელს, საულის სახლიდან შვიდი კაცი ჩამოკიდეს. მოგვიანებით ფილისტიმელებთან ბრძოლისას დავითი ბეწვზე გადაარჩინა სიკვდილს თავისმა დისშვილმა აბიშაიმ. დააფიცა დავითი მისმა ხალხმა, რომ აღარ გავიდოდა საბრძოლველად, რათა ‘არ ჩამქრალიყო ისრაელის ლამპარი’ (21:17). დავითის ძლიერი ვაჟკაცებიდან სამმა ფილისტიმელ ბუმბერაზებთან ბრძოლაში გამოიჩინა თავი.
25. რაზე ამახვილებს დავითი ყურადღებას თავის სიმღერებში?
25 წიგნის დამწერი თხრობას აგრძელებს დავითის სიმღერით, რომლის წაკითხვა მე-18 ფსალმუნშიც შეიძლება. დავითი მადლობს ღმერთს, რომ „იხსნა ის იეჰოვამ მისი მტრებისა და საულის ხელიდან“. ის სიხარულით ამბობს: „იეჰოვაა ჩემი კლდე, ჩემი ციხესიმაგრე და მხსნელი . . . ვინც დიდებულ საქმეებს აკეთებს თავისი მეფის სახსნელად, სიკეთეს ავლენს თავისი ცხებულის მიმართ, დავითისა და მისი შთამომავლის მიმართ მარადიულად“ (22:1, 2, 51). ამას მოჰყვება დავითის ბოლო სიმღერა, რომელშიც ის ამბობს: „ჩემით ლაპარაკობდა იეჰოვას სული და მისი სიტყვა მქონდა ენაზე“ (23:2).
26. რა არის ნათქვამი წიგნში დავითის ძლიერ ვაჟკაცებზე და როგორ დააფასა დავითმა მათი სიცოცხლე?
26 თხრობა გრძელდება დავითის ძლიერი ვაჟკაცების ჩამონათვალით. ერთხელ სამმა მათგანმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი. ფილისტიმელთა მოწინავე ჯარი დავითის მშობლიურ ქალაქ ბეთლემში იყო დაბანაკებული. დავითმა ინატრა: „ნეტავ დამალევინა წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის“ (23:15). მაშინ იმ სამმა ვაჟკაცმა გაარღვია ფილისტიმელთა ბანაკი. მათ ამოიღეს წყალი ჭიდან და დავითს მიუტანეს. დავითმა უარი თქვა წყლის დალევაზე. მან წყალი იეჰოვას დაუღვარა და თქვა: „იეჰოვა, ვერ ვიზამ ამას. როგორ დავლიო ამ ვაჟკაცთა სისხლი, რომელთაც საფრთხეში ჩაიგდეს სულები!“ (23:17). დავითისთვის ეს წყალი ამ ვაჟკაცების სიცოცხლის ტოლფასი იყო. თხრობა გრძელდება დავითის ლაშქარში მყოფი 30 უძლიერესი ვაჟკაცის სახელებისა და მათი საგმირო საქმეების ჩამონათვალით.
27. კიდევ რა ცოდვა ჩაიდინა დავითმა და როგორ შეჩერდა მოსვრა?
27 დავითმა კიდევ ერთხელ შესცოდა, როცა ხალხი აღრიცხა. მან პატიება სთხოვა იეჰოვას. იეჰოვამ სამი სასჯელი შესთავაზა მას: შვიდწლიანი შიმშილობა, სამი თვე მტრისგან შევიწროება და სამდღიანი ჭირი მთელ მიწაზე. დავითმა თქვა: „იეჰოვას ხელში ჩავარდნა მირჩევნია, რადგან დიდად მწყალობელია იგი; ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩამაგდებ“ (24:14). ისრაელში 70 000 კაცი გაწყდა ჭირით. მოსვრა მხოლოდ მაშინ შეჩერდა, როცა დავითმა გადის მითითებისამებრ შეიძინა არავნას კალო, სადაც მან დასაწვავი შესაწირავი და მშვიდობის მსხვერპლი შესწირა იეჰოვას.
რატომ არის სასარგებლო
28. რის შესახებ გვაფრთხილებს „მეორე სამუელი“?
28 დღევანდელ მკითხველს ბევრი რამის სწავლა შეუძლია წიგნიდან „მეორე სამუელი“. მასში ისეთივე სიმძაფრით არის გადმოცემული ადამიანის თითქმის ყველა გრძნობა, როგორც რეალურ ცხოვრებაში. ის აშკარად გვაფრთხილებს, რა სავალალო შედეგები მოჰყვება პატივმოყვარეობასა და შურისძიებას (3:27—30), სხვისი მეუღლისადმი არასწორი სურვილის გაჩენას (11:2—4, 15—17; 12:9, 10), გაცემას (15:12, 31; 17:23), სიყვარულს, რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ვნება უდევს (13:10—15, 28, 29), ნაჩქარევ გადაწყვეტილებას (16:3, 4; 19:25—30) და ღვთისადმი სხვისი ერთგულების არაფრად ჩაგდებას (6:20—23).
29. სწორად მოქმედების რა შესანიშნავ მაგალითებს ვხვდებით „მეორე სამუელში“?
29 თუმცა ეს წიგნი უფრო იმიტომ არის სასარგებლო, რომ შეიცავს სწორად მოქმედების უამრავ შესანიშნავ მაგალითს. დავითი მრავალმხრივ სამაგალითოა ჩვენთვის. ის ღვთისადმი განსაკუთრებულ ერთგულებასა (7:22) და თავმდაბლობას ავლენდა (7:18), განადიდებდა ღვთის სახელს (7:23, 26), სწორი დამოკიდებულება ჰქონდა პრობლემებისადმი (15:25), გულწრფელად ინანიებდა ცოდვას (12:13), განსაცდელების დროს წონასწორობას ინარჩუნებდა (16:11, 12), ენდობოდა იეჰოვას (5:12, 20) და ღრმა პატივისცემას ავლენდა იეჰოვას ორგანიზაციისა და მისი ცხებულისადმი (1:11, 12). გასაკვირი არ არის, რატომ უწოდა მას იეჰოვამ „გულით სასურველი კაცი“ (1 სამ. 13:14).
30. რომელი პრინციპები გვხვდება „მეორე სამუელში“?
30 „მეორე სამუელში“ მრავალი ბიბლიური პრინციპია დანახვებული. მაგალითად, საზოგადოებაში ყველას აკისრია პასუხისმგებლობა (2 სამ. 3:29; 24:11—15), კარგი მოტივებით ღვთის მოთხოვნების დარღვევა გაუმართლებელია (6:6, 7), მეთაურობის პრინციპი იეჰოვას ღონისძიებაა და დასაფასებელია (12:28), სისხლი წმინდაა (23:17), სისხლის ღვრის შემთხვევაში საჭიროა გამოსყიდვა (21:1—6, 9, 14), ერთ გონიერ ადამიანს შეუძლია მრავალი იხსნას უბედურებისგან (2 სამ. 20:21, 22; ეკლ. 9:15), იეჰოვას ორგანიზაციისა და მისი წარმომადგენლებისადმი ერთგულება ყოველთვის მნიშვნელოვანია (2 სამ. 15:18—22).
31. როგორ მიუთითებს „მეორე სამუელი“ ღვთის მომავალ სამეფოზე და როგორ ადასტურებს ამას ქრისტიანულ-ბერძნული წერილები?
31 ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ „მეორე სამუელი“ ნათლად მიუთითებს ღვთის მომავალ სამეფოზე, რომელსაც ღმერთი აფუძნებს დავითის ძის, იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით (მათ. 1:1). დავითისთვის მიცემული ფიცი, რომ მისი სამეფო არ შეირყეოდა (2 სამ. 7:16), ციტირებულია საქმეების 2:29—36-ში და იესოს უკავშირდება. ებრაელების 1:5-დან ჩანს, რომ წინასწარმეტყველური სიტყვები, „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე“ (2 სამ. 7:14), იესოს ეხებოდა. ეს იეჰოვამ ზეციდან თავადაც დაადასტურა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათ. 3:17; 17:5). დავითთან დადებული სამეფოს შეთანხმება რომ იესოს ეხებოდა, ასევე ჩანს გაბრიელის სიტყვებიდან, რომლებიც მარიამს უთხრა: „ის დიდი იქნება და უზენაესის ძე დაერქმევა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკ. 1:32, 33). რა სასიხარულოა იმის დანახვა, თუ როგორ სრულდება ღვთის თითოეული დაპირება სამეფოს შთამომავალთან დაკავშირებით!
[სქოლიოები]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 745—747 (ინგლ.).
b „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 373, 374 (ინგლ.).