ᲐᲛᲝᲜᲔᲚᲔᲑᲘ
(ამონისგან, ამონის). ამონის (ბენ-ამის) შთამომავლები.
ლოტს ამონი უმცროსი ქალიშვილისგან შეეძინა (დბ. 19:36—38). ისინი მოაბელების ახლო ნათესავები იყვნენ, რომლებიც მოაბის, ლოტის მეორე ვაჟის, შთამომავლები იყვნენ და ხშირად არიან მოხსენიებულნი ბიბლიურ და ძველ საერო წყაროებში მოაბელებთან ერთად. ისინი აგრეთვე შორეულ ნათესაურ კავშირში იმყოფებოდნენ ისრაელებთან და მათი ნათესაობის შესახებ ბიბლიურ ცნობას ისიც ადასტურებს, რომ ამონელთა ენა ებრაულის დიალექტი ან ვარიაცია იყო. თუმცა ამონელებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ ისრაელის მიმართ.
ტერიტორია. როგორც ჩანს, მათი წინაპრის, ერთგული ლოტის, პატივისცემის ნიშნად, იეჰოვა ღმერთმა ნება დართო ამონელებს, დაეპყროთ ტერიტორია, რომელზეც რეფაიმები ცხოვრობდნენ. ამონელები ამ მაღალ ხალხს ზამზუმიმებს ეძახდნენ (კნ. 2:17—21). ეს ტერიტორია მდებარეობდა მდინარე იორდანის უკიდურესი სამხრეთის აღმოსავლეთ ნაწილში და ოდესღაც ესაზღვრებოდა მოაბელების მიწას, რომელიც მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე მთაგორიან ტერიტორიას მოიცავდა. ისრაელების ქანაანში შესვლამდე, ამორეველებმა მიწის ნაწილი წაართვეს ამონელებს და ჩრდილოეთით და დასავლეთით გააძევეს, რის გამოც განხეთქილება ჩამოვარდა მათსა და მოაბელებს შორის (რომელთაც აგრეთვე თავიანთი ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი დაკარგეს) (რც. 21:26; იეს. 12:2; მსჯ. 11:13, 22). ამის შემდეგ ამონის ძეების სამფლობელო გადაჭიმული იყო იაბოკის მიხვეულ-მოხვეული ხევის ზემოწელიდან აღმოსავლეთით უდაბნოსკენ (რც. 21:24; იეს. 12:2), დედაქალაქი რაბა კი (დღევანდელი ამანი) მდებარეობდა მდინარე იაბოკის სათავესთან (კნ. 3:11). არქეოლოგებმა ამ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ამონელთა უძველესი დასახლებები და სასაზღვრო სიმაგრეები.
ღვთის მითითებების თანახმად, ამორეველთა მიწების დაპყრობის დროს ისრაელებს ეკრძალებოდათ ამონელთა მიწაზე შესვლა (კნ. 2:37; იეს. 13:8—10). ამიტომ იესო ნავეს ძის 13:25-ში, სადაც საუბარია, რომ გადის ტომმა სამკვიდროდ მიიღო „ამონელთა მიწის ნახევარი“, როგორც ჩანს, იგულისხმება ის მიწა, რომელიც მანამდე ამორეველებმა წაართვეს ამონელებს და რომელიც მდინარე იორდანესა და ზედა იაბოკს შორის მდებარეობდა.
ბრძოლები ისრაელთან. მოაბელი მეფე ეგლონის მმართველობის დროს ამონელები და ამალეკელები გაერთიანდნენ მოაბელებთან, თავს დაესხნენ ისრაელს და იორდანის დასავლეთით მდებარე იერიხონამდე მივიდნენ (მსჯ. 3:12—14). მას შემდეგ, რაც მსაჯულმა ეჰუდმა გაათავისუფლა ისრაელები (მსჯ. 3:26—30), ამონელები აღარ წარმოადგენდნენ მათთვის დიდ საშიშროებას იფთახის დრომდე. იმის გამო, რომ ისრაელებმა კვლავ დაიწყეს სხვა ხალხის ღმერთების თაყვანისცემა, მათ 18 წელი ჩაგრავდნენ მეზობელი ერები — აღმოსავლეთიდან ამონელები ავიწროებდნენ, დასავლეთიდან კი ფილისტიმელები ემუქრებოდნენ. ამონელები არა მხოლოდ თავს ესხმოდნენ გალაადში მცხოვრებ ისრაელებს, არამედ მდინარე იორდანეს კვეთდნენ და ბენიამინის, იუდასა და ეფრემის ტომებთან ბრძოლებს მართავდნენ (მსჯ. 10:6—10). მას შემდეგ, რაც ცრუ თაყვანისმცემლობისგან განიწმინდნენ, ისრაელები გაერთიანდნენ იფთახის მეთაურობით და ამონელებს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც იფთახმა დაანახვა ამონელებს, რომ მათ მიერ წაყენებული ბრალდება, თითქოს ისრაელმა უკანონოდ მიითვისა მათი ტერიტორიები, უსაფუძვლო იყო (მსჯ. 10:16—11:33; იხ. ᲘᲤᲗᲐᲮᲘ).
ზოგიერთი სწავლული მცდარად მიიჩნევს იფთახის მიერ ამონელებისთვის ნათქვამ სიტყვებს: „შენმა ღმერთმა, ქემოშმა“, რადგან ქემოში მოაბელთა ღმერთი იყო და არა ამონელთა (მსჯ. 11:24; რც. 21:29). თუმცა ამონელთა ღმერთს ბიბლიაში ეწოდება მოლექი, მილქომი ან მალქამი (1მფ. 11:5, 7; იერ. 49:1, 3), ეს სახელწოდებები (ყველა წარმოქმნილია ფუძიდან, რომლის მნიშვნელობაცაა მეფე), ზოგიერთის აზრით, ტიტულები იყო და არა სახელები, ამიტომ მათი გამოყენება თავისუფლად შეიძლებოდა ღმერთ ქემოშთან. ნებისმიერ შემთხვევაში, ამონელთა რელიგია პოლითეისტური იყო (მსჯ. 10:6) და ქემოშის თაყვანისცემა შეიძლება მათ შორისაც ისეთივე გავრცელებული ყოფილიყო, როგორიც მათ ნათესავებს, მოაბელებს შორის იყო.
სეპტუაგინტის თანახმად, ისრაელის მეფედ საულის დანიშვნიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ამონელთა მეფე ნახაშმა გალაადის ქალაქი იაბეში ალყაში მოაქცია და დანებება მოსთხოვა. ეს სასტიკი მეფე ქალაქის მოსახლეობას მხოლოდ იმ პირობით დაუდებდა მშვიდობის შეთანხმებას, თუ ჯერ კაცებს მარჯვენა თვალებს დასთხრიდა (იხ. ᲜᲐᲮᲐᲨᲘ №1). როცა ალყის შესახებ შეიტყო, საულმა დაამტკიცა, რომ მეფობის ღირსი იყო, შეკრიბა ისრაელთა ჯარი და ამოწყვიტა ამონელები (1სმ. 11:1—4, 11—15). სამუელის მიერ მოგვიანებით ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს, რომ ნახაშის მეფობის დროს ამონელების მხრიდან საშიშროების ზრდამ აღძრა ისრაელები, მეფე მოეთხოვათ (1სმ. 12:12).
დავითის მეფობის დროს. ამონელები დავითმაც დაამარცხა და მათგან ან დიდძალი ნადავლი წამოიღო, ან ხარკი დააკისრა (1მტ. 18:11). ეს შემთხვევა, რომელიც ჩაწერილია 2 სამუელის 8:11, 12-ში, დავითის გამარჯვებების მოკლე აღწერის ნაწილია და ეს გამარჯვებები შესაძლოა სრული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ არის ჩამოთვლილი. ამგვარად, 2 სამუელის 10:1, 2-დან ჩანს, რომ დავითის მმართველობის დროს მეფე ნახაშის სიკვდილამდე ამონელებსა და ისრაელებს შორის შედარებით მშვიდობიანი ურთიერთობა იყო. თუმცა ხანუნმა, ნახაშის ვაჟმა და მემკვიდრემ, ძალიან განარისხა დავითი, რადგან დაამცირა დავითის მიერ მის ნუგეშსაცემად გაგზავნილი მსახურები. როცა ამონელები მიხვდნენ თავიანთ დანაშაულს, დაიქირავეს სირიელთა ჯარი და ისრაელის წინააღმდეგ გასალაშქრებლად მოემზადნენ, მაგრამ ისრაელთა მხედართმთავრის, იოაბისა და მისი ძმის, აბიშაის საბრძოლო ტაქტიკის შედეგად დამარცხდნენ (2სმ. 10:1—14; 1მტ. 19:6—15).
მომდევნო გაზაფხულზე დავითის ჯარებმა ალყაში მოაქციეს ამონის დედაქალაქი რაბა. ალყაში მოქცეული ამონელების მხრიდან ერთ-ერთი იერიშის დროს მოკვდა ხეთელი ურია (2სმ. 11:1, 17, 24, 26, 27; იხ. ᲠᲐᲑᲐ №1). რთულია იმის თქმა, რამდენი ხანი იყო რაბა ალყაში. ბიბლიურ მონათხრობს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ბათ-შებას ბავშვის დაბადება, რომელიც მრუშობის შედეგად გაჩნდა, და შემდგომში სოლომონის დაბადება, ალყის პერიოდში მოხდა. თუმცა შესაძლოა მათი დაბადების შესახებ მხოლოდ იმიტომ ჩაიწერა, რომ დასრულებულიყო ბათ-შებასთან დაკავშირებული მონათხრობი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა ერთ-ერთი ან ორივე ბავშვი ალყის მოხსნის შემდეგ დაბადებულიყო. თუმცა 1 მატიანის 20:1, 2-დან არ ჩანს, რომ ალყა ხანგრძლივი პერიოდი გრძელდებოდა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, ის მომდევნო წელსაც გაგრძელებულიყო. საბოლოო ჯამში, დავითმა სრულად დაიპყრო ამონელთა დედაქალაქი (2სმ. 12:26—29).
„მალქამის გვირგვინი“, რომელიც მოხსენიებულია რაბას დაპყრობის დროს, როგორც ჩანს, თავზე ეკეთა ამონელთა ღვთაების კერპს, რომელსაც სხვა მონაკვეთებში მოლექი ან მილქომი ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ თარგმანში ებრაული სიტყვა მალქამ ითარგმნება, როგორც „მათი მეფე“ (სსგ), ალოგიკური ჩანს, რომ საუბარი იყოს ადამიან მეფეზე, რადგან ეს გვირგვინი ერთ ტალანტ ოქროს იწონიდა (დაახლოებით 34 კგ). აგრეთვე გონივრულია დავასკვნათ, რომ დავითის თავზე ამ გვირგვინის დადგმა მომენტალური ქმედება იყო, რომელიც, როგორც ჩანს, ამ ცრუ ღვთაებაზე გამარჯვების სიმბოლო იყო (2სმ. 12:30).
2 სამუელის 12:31-ის ზოგიერთი თარგმანის გამო (სსგ, KJ, AS, Dy), ბევრი ფიქრობს, რომ დავითმა საშინელი სისასტიკე გამოავლინა დამარცხებული ამონელების მიმართ — ზოგი გადახერხა, ზოგი ცულით აჩეხა და ზოგი ცეცხლში დაწვა. თუმცა უფრო თანამედროვე თარგმანები (აქ, RS, AT, JB) აშკარად სწორ აზრს გადმოსცემს, რომ ამონელები იძულებითი მუშები გახდნენ — მათ ამუშავებდნენ ხერხებითა და ცულებით და აგურებს ამზადებინებდნენ. ამას ისიც ადასტურებს, რომ ებრაული სიტყვა, რომელიც ზოგიერთ თარგმანში გადმოტანილია როგორც სააგურე ქურა, დღეს ცნობილია როგორც ხის ყალიბი, რომელშიც თიხას აგურის ფორმას აძლევდნენ.
ყველა ამონელი არ იყო მტრულად განწყობილი ისრაელის მიმართ, რაც იქიდან ჩანს, რომ დავითის ძლიერ მეომრებს შორის იყო ამონელი ცელეკი (2სმ. 23:37). მეფე სოლომონს უცხოელ ცოლებს შორის ამონელი ქალებიც ჰყავდა, მაგალითად, რობოამის დედა ამონელი იყო (1მფ. 11:1; 14:31). თუმცა სწორედ ამან შეუწყო ხელი, რომ სოლომონი განდგომილი გახდა და „სათაყვანო მაღლობები“ აუშენა მილქომსა და სხვა ღვთაებებს. საბოლოოდ, ეს მაღლობები ერთგულმა მეფე იოშიამ დაანგრია (1მფ. 11:5; 2მფ. 23:13).
გაყოფილი სამეფოს დროს. ამონელებმა კვლავ მოიპოვეს დამოუკიდებლობა დავითის ხაზის მეფეებისგან და იეჰოშაფატის მეფობის პერიოდში (ძვ. წ. 936 — დ. 911) მოაბელებსა და სეირის მთიანი რეგიონის მცხოვრებლებთან ერთად თავს დაესხნენ იუდას, მაგრამ ამ მოკავშირეთა ჯარმა გამანადგურებელი მარცხი განიცადა (2მტ. 20:1—4, 10—26). ასურეთის მეფე სალმანასარ III-ის წარწერებში, რომელიც ისრაელის მეფე იეჰუს პერიოდში მეფობდა (დ. ძვ. წ. 904—877), ნათქვამია, რომ „ამონელი რექუბის ძის, ბასას“ მეომრები იყვნენ გაერთიანებული მეფეების ჯარში, რომელიც კარკარში ასურეთის წინააღმდეგ იბრძოდა (Ancient Near Eastern Texts, ჯ. ბ. პრიჩარდის რედაქტირებით, 1974, გვ. 279). შეთქმულთაგან ერთ-ერთი, რომელმაც იუდას მეფე იეჰოაში მოკლა (დ. ძვ. წ. 859), იყო ზაბადი, ამონელი შიმათის ვაჟი (2მტ. 24:22, 26). უზიას ძლევამოსილი მმართველობის დროს (ძვ. წ. 829—778) ამონელებმა ისევ დაიწყეს იუდასთვის ხარკის გადახდა (2მტ. 26:8). უზიას ვაჟმა იოთამმა კი კიდევ ერთხელ განამტკიცა ამონელებზე ბატონობა და აიძულა ისინი, გადაეხადათ 100 ტალანტი ვერცხლი ($660 600), 10 000 ქორი ხორბალი (2 200 000 ლ) და 10 000 ქორი ქერი (2მტ. 27:5). ის, რომ ამონელებს სამი წლის მანძილზე ზედიზედ შეეძლოთ ამხელა ხარკის გადახდა, შეიძლება იმით აიხსნას, რომ მათ მიწებს ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდათ არაბეთიდან დამასკოსკენ მიმავალ მთავარ სავაჭრო გზაზე; ასევე იმით, რომ იაბოკის ხევის მიმდებარე ველები უხვმოსავლიანი იყო, სადაც დღემდე ძირითადად ხორბალი და ქერი მოჰყავთ.
როგორც ჩანს, იოთამის მემკვიდრე ახაზის მმართველობის დროს (ძვ. წ. 761—746) პალესტინაში ასურელების შეჭრამ საშუალება მისცა ამონელებს, გათავისუფლებულიყვნენ იუდეველთა ბატონობისგან, მაგრამ მაშინვე ასურელების უღელქვეშ მოექცნენ. ტიგლათფილესერ III-ის ჩანაწერებში ნათქვამია, რომ იუდას მეფე ახაზსა და მოაბის მეფე სალამანოსთან ერთად ასურეთს ხარკს უხდიდა „სანიპუ ბით-ამონისა [ამონის სახლიდან]“. მსგავსად ამისა, სინახერიბის პრიზმიდან, სადაც ხიზკიას დროს იუდაში მის შეჭრაზეა საუბარი, ჩანს, რომ ამონმა ასურელ დამპყრობს ძღვენი მიართვა. სინახერიბის ვაჟმა, ასარხადონმა, მენაშეს თანამედროვემ, „პუდუილი, ბეთ-ამონის მეფე“ მოიხსენია მათ შორის, ვინც ქალაქ ნინევეს მშენებლობას მასალით ამარაგებდა.
როგორც ჩანს, ტიგლათფილესერ III-ისა და მისი ერთ-ერთი მემკვიდრის მიერ ისრაელის ჩრდილოეთი სამეფოდან ხალხის გადასახლების შემდეგ (2მფ. 15:29; 17:6) ამონელებმა გადის ტომის ტერიტორიის დაკავება დაიწყეს, რომელზეც ისინი ოდესღაც წარუმატებლად შეებრძოლნენ იფთახს (შდრ. ფს. 83:4—8). ამიტომ იერემია წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვამ განსაჯა ამონელები იმის გამო, რომ დაეპატრონენ გადის მემკვიდრეობას და გააფრთხილა იმ უბედურების შესახებ, რომელიც თავს დაატყდებოდა ამონსა და მის ღმერთ მალქამს (მილქომი) (იერ. 49:1—5). მაგრამ ამონელები ამაზე არ გაჩერებულან; მეფე იეჰოიაკიმის მმართველობის დროს, იუდას სამეფოს არსებობის ბოლო წლებში, ისინი მოთარეშე რაზმებს უსევდნენ იუდას მოსახლეობას დასაშინებლად (2მფ. 24:2, 3).
ბაბილონელთა შეჭრა. ბაბილონელთა მიერ იუდას დაპყრობის შემდეგ (ძვ. წ. 607) ზოგი იუდეველი ამონში, მოაბსა და ედომში გაიქცა, მაგრამ უკან დაბრუნდნენ, როცა გაიგეს, რომ მათ მიწაზე ზედამხედველად გედალია იყო დაყენებული (იერ. 40:11, 12). თუმცა ამონის მეფე ბაალისმა იუდეის მხედართმთავარ ისმაელთან ერთად შეთქმულება მოაწყო გედალიას მოსაკლავად (2მფ. 25:23; იერ. 40:14; 41:1—3). გედალიას მოკვლის შემდეგ ისმაელმა თავი შეაფარა ამონს (იერ. 41:10—15).
ამონელებს გაუხარდათ იერუსალიმის დაცემა, მაგრამ დადგა დრო, როცა იეჰოვამ მათაც მოსთხოვა პასუხი, რადგან წინადაცვეთის მიუხედავად, გული წინადაუცვეთელი ჰქონდათ (იერ. 9:25, 26). როგორც იწინასწარმეტყველეს იერემიამ, ეზეკიელმა და ამოსმა, ამონელებმა შესვეს იეჰოვას რისხვის სასმისიდან: მან გაუგზავნა მათ მახვილი, შიმშილი, ჭირი და გააუდაბურა მათი მიწა (იერ. 25:17, 21; 27:1—8; ეზკ. 25:1—10; ამ. 1:13—15).
ამონელები ნებაყოფლობით არ დაემორჩილნენ ბაბილონს, რაზეც მიუთითებს ეზეკიელის სიტყვები, რომ ბაბილონის მეფე (ნაბუქოდონოსორი) გაჩერდა გზის გასაყარზე სამკითხაოდ — ამონელთა ქალაქ რაბას წინააღმდეგ წასულიყო თუ იუდას წინააღმდეგ (ეზკ. 21:19—23, 28—32). თუმცა მკითხაობამ აჩვენა, რომ ჯერ იერუსალიმის წინააღმდეგ გაელაშქრა, იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი წერს, რომ იერუსალიმის განადგურებიდან მე-5 წელს ნაბუქოდონოსორმა გაილაშქრა კელე-სირიის, ამონისა და მოაბის წინააღმდეგ (Jewish Antiquities, X, 181 [ix, 7]). წინასწარმეტყველების თანახმად, ამონი „ფარების მოსასვენებელ ადგილად“, ხოლო რაბა „აქლემების საძოვრად“ იქცეოდა (ეზკ. 25:5). აქლემებზე ამხედრებული აღმოსავლელები დაეპატრონებოდნენ მიწას და იქ გაშლიდნენ კარავს (ეზკ. 25:4).
როგორც ჩანს, ბაბილონის დამპყრობმა კიროსმა გადასახლებულ ამონელებს სხვა ერებთან ერთად სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მისცა, რითაც შესრულდა იერემიას 49:6-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება.
ქორწინებაში ისრაელებთან. იუდეველების გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ (ძვ. წ. 537) ამონელი ტობია სათავეში ჩაუდგა მათ, ვინც იერუსალიმის გალავნის აღდგენის საქმის ჩაშლას ცდილობდა (ნემ. 4:3, 7, 8). მოგვიანებით მან გაბედა და ტაძრის ეზოში ერთ-ერთი სასადილო ოთახი დაიკავა; იქამდე იყენებდა მას, ვიდრე განრისხებულმა ნეემიამ მისი ავეჯი გარეთ არ გამოყარა (ნემ. 13:4—8; იხ. ᲢᲝᲑᲘᲐ №2). გარდა ამისა, გადასახლებიდან დაბრუნებულმა ბევრმა იუდეველმა ამონელი ან სხვა ერის ქალი შეირთო ცოლად, რის გამოც მკაცრი შეგონება მიიღეს და შედეგად, გაუშვეს თავიანთი ცოლები (ეზრ. 9:1, 2; 10:10—19, 44; ნემ. 13:23—27).
ტაძრის ეზოდან ტობიას გაძევების შემდეგ ხმამაღლა იყო წაკითხული კანონის 23:3—6-ში ჩაწერილი ღვთის მითითება, რომლის თანახმად ამონელებსა და მოაბელებს ეკრძალებოდათ ისრაელის კრებულში შესვლა; ხალხმა მაშინვე გაითვალისწინა ეს მითითება (ნემ. 13:1—3). ეს აკრძალვა მათ ამ მოვლენებამდე დაახლოებით 1 000 წლით ადრე მიეცათ, რადგან ამონელებმა და მოაბელებმა უარი თქვეს ისრაელთა დახმარებაზე, როცა ისინი აღთქმულ მიწას უახლოვდებოდნენ. სავარაუდოდ, ეს ნიშნავდა, რომ ამ ხალხების წარმომადგენლებს არ შეეძლოთ, ისრაელი ერის სრულფასოვანი წევრები გამხდარიყვნენ და ესარგებლათ ამ ერის წევრობით გათვალისწინებული უფლებებითა და უპირატესობებით. ეს არ ნიშნავდა, რომ ამონელთაგან ან მოაბელთაგან არავის არ შეეძლო ისრაელებთან ურთიერთობა ან მათ შორის ცხოვრება და იმ კურთხევებით სარგებლობა, რომელთაც ღმერთი აძლევდა თავის ხალხს. მაგალითად, ბიბლიაში საუბარია დავითის მამაც მეომარზე, ამონელ ცელეკზე, რომელიც უკვე მოვიხსენიეთ, და მოაბელ რუთზე (რთ. 1:4, 16—18).
რუთისა და ბოაზის ქორწინება იმაზე მოწმობს, რომ, თუ ამ ერებიდან ქალები იწყებდნენ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემას, მაშინ ისრაელ მამაკაცებს შეეძლოთ მათზე დაქორწინება. ვინაიდან კანონის 23:3—6-ში ჩაწერილი სიტყვები „ამონელი“ და „მოაბელი“ ებრაულ ტექსტში მამრობითი სქესისაა, იუდაურ მიშნაში (იევამოტ 8:3) კეთდება დასკვნა, რომ ამონელთაგან და მოაბელთაგან მხოლოდ მამაკაცებს არ შეეძლოთ ისრაელის წევრობა. მიუხედავად ამისა, ეზრას დაჟინებული მოთხოვნა, რომ იუდეველებს გაეშვათ უცხოელი ცოლები და ნეემიას მსგავსი პოზიციაც ცხადყოფს, რომ ამონელ და მოაბელ ქალებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ ისრაელ ხალხს შორის ყოფნა, თუ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას მიიღებდნენ.
ისტორიული წყაროები (მაგალითად, აპოკრიფული წიგნი, 1 მაკაბელების 5:6) ცხადყოფს, რომ ამონს საკუთარი ტერიტორიები ჰქონდა ძვ. წ. მეორე საუკუნემდე, ხოლო ახ. წ. პირველი საუკუნიდან, როგორც ჩანს, ეს ტერიტორია გახდა ნაბატეველთა სამეფოს ნაწილი და უკვე ახ. წ. მესამე საუკუნისთვის ამონელები, როგორც ხალხი, გაქრნენ ისტორიის ფურცლებიდან და, სავარაუდოდ, არაბულ ტომებს შეერივნენ. და როგორც სოფონიამ იწინასწარმეტყველა, ამონი დაემსგავსა „გომორას … გაუკაცრიელებულ მიწას“ (სფ. 2:8—10).
იქიდან გამომდინარე, რომ ამონელები გაქრნენ ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უკანასკნელი დროის შესახებ დანიელის წინასწარმეტყველებაში ამონის მოხსენიება გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. აშკარაა, ამ წინასწარმეტყველებაში ამონში იგულისხმება გარკვეული ერები ან ორგანიზაციები, რომელთა გაკონტროლებასაც „ჩრდილოეთის მეფე“ ვერ მოახერხებს (დნ. 11:40, 41).